ჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი ∘ თეიმურაზ ბერიძე ∘ ქართული გეოეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი შენაძენი Important Acquisition of Geoeconomic Science in Georgiaჟურნალი N 4. 2024
უაღრესად რთულ, წინააღმდეგობრივ, საინტერესო მოვლენებით აღსავსე დროში გვიხდება ცხოვრება. ჩვენ თვალწინ მაღალი ინტენსიურობით მიმდინარეობს ახალი მსოფლიო წესრიგის მშენებლობა, რომლის განუყოფელი ნაწილი განახლებადი ეკონომიკური წესრიგია. საქართველომ, როგორც მცირერიცხოვანმა, ბუნებრივი რესურსებით არცთუ მდიდარმა ქვეყანამ, გლობალურ ეკონომიკაში ღირსეული ადგილის მოსაპოვებლად, მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ის კონკრეტული უპირატესობა, რომელსაც ქვეყნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის დამაკავშირებელი საკვანძო რგოლის პოზიციონირება განაპირობებს. ამ კომპლექსური და მრავალგანზომილებიანი პრობლემის მეტად აქტუალური ასპექტის კვლევას ეძღვნება მეცნიერების – სოლომონ პავლიაშვილისა და ზურაბ გარაყანიძის სარეცენზიო ნაშრომი.
„შუა დერეფანი“, როგორც კვლევის მთავარი ობიექტი, „ახალი აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია და ლოგიკურია, რომ მისი ანალიზი იწყება „ახალი აბრეშუმის გზის „ინიციატივასთან დაკავშირებული მოკლე ისტორიული ექსკურსით. ხაზგასმულია, რომ მისი, როგორც უძველესი „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეის აღორძინება უკავშირდება ე. შევარდნაძის სახელს, რომელმაც ის გააჟღერა 1990 წელს ვლადივოსტოკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. შემდეგ ეს იდეა გაზიარებული იქნა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის ჰ.ალიევის, ხოლო უფრო მოგვიანებით კი ჩინეთის მეთაურის, პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ კონტექსტით, რომლის ერთ-ერთი მიზანი, როგორც ცნობილია, გლობალური მასშტაბით და განსაკუთრებით აზიაში, აშშ-ის გავლენის შემცირებაა.
„შუა დერეფნის“ გეოსტრატეგიული ფასეულობა ისაა, რომ ერთი მხრივ, იძლევა ჩინეთის, ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის (აზრებაიჯანი, საქართველო) ერთ გეოეკონომიკურ სივრცედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, რაც ჩვენთვისა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აფართოებს საქართველოს, როგორც ამ დერეფნის საკვანძო რგოლის, გეოეკონომიკურ არეალს.
იმის მიუხედავად, რომ ეს არის უმოკლესი მარშრუტი აზიიდან ევროპაში და უკუმიმართულებით მოძრავი ტვირთებისთვის, გარკვეული პროცესების დაწყებამდე ეს მარშრუტი ჩრდილში იყო მოქცეული (გვ.19).
რუსეთ-უკრაინის ომმა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო-პოლიტიკურმა კრიზისმა მძიმე დარტყმა მიაყენა, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე გამავალ „ჩრდილოეთის მარშრუტს“, ასევე, ე.წ. „ტრადიციულ“ საზღვაო მარშრუტს და გაზარდა ცენტრალური (შუა) მარშრუტის როლი. თუმცა, რამდენიმე ფაქტორიც უნდა აღინიშნოს, რასაც უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია „შუა დერეფნის“ პროექტის რეალიზაციის პერსპექტივაზე. კერძოდ:
პირველი, ტრადიციული დაპირისპირება აზიის ორ უდიდეს სახელმწიფოს ჩინეთსა და ინდოეთს შორის;
მეორე, მზარდი დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის. აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩეული დ. ტრამპი, როგორც ცნობილია, ჩინეთთან, რომელსაც იგი მთავარ სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს, მკაცრი პოლიტიკის მომხრეა და სავარაუდოა, რომ შეეცდება გააძლიეროს მასთან კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ სფეროებში. ამ კონტექსტით განიხილავენ წიგნის ავტორები 2023 წლის სექტემბერში ახალი ინფრასტრუქტურული მეგაპროექტის – „ინდოეთი-შუა აღმოსავლეთი - ევროპა ეკონომიკური დერეფნის (IMMEC)“ შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აშშ-ს, ინდოეთს, საუდის არაბეთს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ევროკავშირს შორის, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს არამხოლოდ „შუა დერეფნის“, არამედ ჩინეთის „ინიციატივის“ სამივე მარშრუტს და გადაიქცეს ახალ გლობალურ ჯაჭვებზე დაფუძნებულ გლობალური ვაჭრობის ახალ მარშრუტად (გვ.24). თუმცა, აქვე ისიც უნდა შვენიშნოთ, რომ ახლო აღმოსავლეთის დროში გაწელილი მწვავე კრიზისის გათვალისიწინებით (აღნიშნული მარშრუტის საკვანძო პუნქტი ისრაელის საპორტო ქალაქი ჰაიფაა, საიდანაც ინდოეთიდან მომავალი ტვირთი ევროპის პორტებზე უნდა განაწილდეს), ეს მარშრუტიც ვერ იქნება დაზღვეული რისკისა და საფრთხეებისგან. ამიტომ, ბუნებრივია, რომ „აღმოსავლეთის ეკონომიკური დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა „შუა დერეფანთან“ მიმართებით, საკმაოდ ბუნდოვანია.
მესამე, გასათვალისწინებელია რუსეთის მხრიდან უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება „შუა დერფნის“ პროექტთან, რომელიც პირდაპირი და უშუალო კონკურენტია რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის დერფენის“. ამიტომ სავარაუდოა, რომ მისთვის ხელსაყრელი ვითარების შექმნის შემთხვევაში, ის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს „შუა დერეფანის“ პროექტის ჩასაშლელად, ტრანსკონტინენტურ ვაჭრობაში „ჩრდილოეთის დერფენის“ დასაცავად და რეგიონში საკუთარი გავლენის შესანარჩუბნებლად (გვ.14).
მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ გარემოებას, რომ წიგნის ავტორების მიერ „შუა დერეფანი“ წარმოდგენილია კომპლექსური ქსელის სახით, რაც აერთიანებს სარკინიგზო, საგზაო, სანაოსნო მარშრუტებს, ანუ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კომპონენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ „შუა დერეფანი“, ფაქტობრივად, ეკონომიკური დერეფანია და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის კვლევა ეკონომისტთა პრეროგატივაა.
როგორც აღვნიშნეთ, წიგნის ავტორები - ს. პავლიაშვილი და ზ.გარაყანიძე იკვლევენ „შუა დერეფანის“ ენერგეტიკულ მდგენელს. მდიდარი ციფრობრივი და ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ისინი კარგად წარმოაჩენენ საქართველოს როლს და პერსპექტივას ამ მეგაპროექტში, ასაბუთებენ, რომ „სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC)“ პროექტში აქტიური ჩართვით და „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის“ პროექტის განხორციელებით, საქართველოს ეძლევა ენერგეტიკულ ჰაბად გადაქცევის შანსი, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
წიგნის წაკითხვისას ჩვენი ყურადღება იმ გარემოებამაც მიიპყრო, რომ რიგ შემთხვევაში ავტორები თამამად აფიქსირებენ „მეინსტრიმული“ მოსაზრებებისგან განსხვავებულ საკუთარ შეხედულებებს. ასე, მაგალითად, გამოთქმულია „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენისა“ და „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის“ საქართველოს ტერიტორიის კონკრეტულ ლოკაციაზე ურთიერთდაკავშირების გზით ე.წ. „ქართული ჰაბის“ შექმნის იდეა. ის გულისხმობს საქართველოზე რუსული, აზერბაიჯანული (პერსპექტივაში შესაძლებელია, ყაზახური და თურქმენული) გაზის გატარებას, რაც, ჩვენი აზრით, ჩვენთვის სასარგებლოდ, დაინტერესებულ აქტორთა ინტერესების დაბალანსების საფუძვლად შეიძლება მოგვევლინოს. მეორე მაგალითია, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის იდეა და აქედან გამომდინარე ლეგიტიმურად შეიძლება ჩაითვალოს დასმული კითხვა – ხომ არ შეიძლება რუსეთის დაინტერესება ამ საკითხის მიმართ გახდეს აფხაზეთის პრობლემის ჩვენ სასარგებლოდ გადაჭრის გასაღები?
დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ აკად. სოლომონ პავლიაშვილის და პროფ. ზურაბ გარაყანიძის მონოგრაფია „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“, არის კომპლექსური და სიღრმისეული გამოკვლევა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში მეტად აქტუალური სამეცნიერო მიმართულების – გეოეკონომიკის განვითარებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სარეცენზიო ნაშრომში საკითხთა ფართო სპექტრია წარმოდგენილი, რაც კავკასია-ცენტრალური აზიის სუბრეგიონის ეკონომიკური განვითარების ბევრ საჭირბოროტო ასპექტს მოიცავს, ჩვენი აზრით, სასურველი იქნებოდა მისი ინგლისურ ენაზე გამოცემა, რათა არაქართულენოვან მკითხველსაც მიეცეს ამ საინტერესო წიგნის გაცნობის შესაძლებლობა.
ელგუჯა მექვაბიშვილი
პროფესორი
თეიმურაზ ბერიძე
პროფესორი