კონტაქტი
ISSN 1987-5789
ESSN 2587-5426
doi 10.52340
|
***აღიარება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს- მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა აღიარებულია 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად. გამოკითხვა ჩაატარა სააერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურმა ავტორიტეტულმა პლატფორმამ Scholar GPS-მა, რომელიც აფასებს მეცნიერ-მკვლევართა და აკადემიური დაწესებულებების საქმიანობას პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით. Scholar GPS-ის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 30 მილიონზე მეტი მეცნიერისა და 120 000 ინსტიტუციის პროფილს. შედეგების მიხედვით მას მიეკუთვნა პრესტიჟული ადგილი წამყვან მეცნიერთა ჩამონათვალის 0,5% რაოდე-ნობაში.
ვულოცავთ ბატონ ლადოს ამ წარმატებას!
23.06. 2025 2025-07-21 მონოგრაფია, რომელიც ორგანულად კავშირშია ქვეყნის წარმატებულ განვითარებასთანგამოიცა გივი თალაკვაძის და იოსებ არჩვაძის მონოგრაფია „საქართველოს ინტეგრალური რესურსები“ („საერთაშორისო ინოვაციური ალიანსი“, თბილისი, 2025, 532 გვ.) წინამდებარე ნაშრომი თავისი ფორმატით - სტრუქტურით, ინფორმატიულობით, შინაარსობრივი დატვირთვით მკითხველს უქმნის სრულყოფილ, კომპლექსურ წარმოდგენას საქართველოს ეროვნული სიმდიდრის კომპონენტებზე, რესურსების ყველანაირ სახეობაზე - წიაღისეულიდან დაწყებული და ადამიანისეული კაპიტალით დამთავრებული. აღნიშნული სახელმძღვანელოს დახმარებით მკითხველს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა გაეცნოს სისტემატიზებულ ინფორმაციას საქართველოს მიწის, ტყის, წყლის, სხვადასხვა სახის წიაღისეულის, ენერგეტიკული, ბიოლოგიური, რეკრეაციულისა და სხვა სახის რესურსებზე, შესაბამისად, მათი გამოყენებისა და ათვისების ოპტიმალურ და პერსპექტიულ მიმართულებებს. მონოგრაფია წარმოადგენს ფასდაუდებელ რესურსს მათთვის, ვისაც ინსტიტუციურად ევალება დამოუკიდებელი საქართველოს ყველა სახის რესურსის შესახებ სრულყოფილი და ობიექტური ცოდნა, მათი ოპტიმალური გამოყენება, ურთიერთდაკავშირება და ეფექტიანი ჩართულობა ქვეყნის დინამიური და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ნაშრომის ღირებულებას ზრდის ისიც, რომ ავტორები რესურსების სწორად გამოყენებას ორგანულად უკავშირებენ ქვეყნის წარმატებულ განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის ხარისხს, ქვეყნის რეგიონების, განსაკუთრებით, საქართველოს მთიანეთის, განვითარებას და პოტენციალს. წინამდებარე ნაშრომი მკითხველს, საქართველოს რიგითი მოქალაქიდან დაწყებული აკადემიური სფეროს, ასევე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები უფლების მქონე პირებს, შეუქმნის ოპტიმიზმის საფუძველს და გაუძლიერებს მათ აღნიშნული რესურსების ჩვენი ქვეყნის სამსახურში უფრო სრულად და ეფექტიანად ჩართულობის, გამოყენების ინტერესს, სურვილსა და მოტივაციას.
2025 2025-07-22 წიგნი, რომელიც საქმიანი პოლემიკის სურვილს აღძრავსმეცნიერი ეკონომისტების დამოკიდებულება თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერაბასთან არ არის ერთგვაროვანი. არაერთი ცნობილი ეკონომისტი თვლის, რომ თეორიული ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური მეცნიერების საფუძველი, კრიზისულ მდგომარეობაშია. მისი მთელი რიგი დებულებები პრაქტიკაში არ დასტურდება, რაც იმითაა განპირობებული, რომ ეს დებულებები, როგორც წესი, მკვლევართა სასურველობიდან გამომდინარე ხელოვნურად გამოგონილ პრინციპებზეა დამყარებული. ეკონომისტთა კრიტიკული დამოკიდებულება თეორიული ეკონომიკის მიმართ 2008-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა. აშკარაა, რომ თეორიული ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევა ახალი პარადიგმის შემუშავებაა. თეორიული ეკონომიკის ახალი პარადიგმის ძიების მიმართულებით მსოფლიოს არაერთი წამყვანი ეკონომისტი მუშაობს. ამ პრობლემის გარშემო უკვე დაგროვდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პუბლიკაციები. სწორედ ამ, სადღეისოდ ტრენდული მიმართულებით, არის შესრულებული წინამდებარე ნაშრომი, რომლის ავტორიც ცნობილი ქართველი ეკონომისტი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილია. მის კალამს ეკუთვნის არაერთი მონოგრაფია, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აქტუალურ საკითხებს შეეხება. ასე, რომ ეს ნაშრომი, როგორც ერთიანი ქარგის ქვეშ თავმოყრილი ნარკვევები, პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის წინა გამოკვლევების ლოგიკურ გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს. წიგნში შესული ოცდაათი ნარკვევი ოთხ განყოფილებაზეა გადანაწილებული. პირველი განყოფილება, რომელიც მოცულობით ყველაზე დიდია (შედგება ათი ნარკვევისგან) ეძღვნება თეორიული ეკონომიკის პარადიგმული ცვლილების აუცილებლობის დასაბუთებასა და ამ ცვლილების ზოგიერთი მიმართულების გააზრებას. ამ განყოფილებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკსის, ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკური ეკონომიის ურთიერთმიმართების გარკვევას, ეკონომიკის „უხილავი“ და „ხილული ხელის“ ჰუმანისტურ ხელად ტრანსფორმაციის თავისებურებების შესწავლას, კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკური სისტემის ისტორიულ გააზრებას, ე.წ. „ნეკროეკონომიკის ზომბირების“ პროცესის ახალი ფენომენის გაშუქებას, ეკონომიკური მეცნიერების ზოგიერთი აქტუალური მეთოდოლოგიური პრობლემის გაანალიზებას. პირველი განყოფილების დასკვნითი ნაწილი ეძღვნება ისეთი მწვავე პრობლემების გაანალიზებას, როგორიცაა, თანამედროვე ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში ფინანსების როლი, და ექსპერიმენტული ეკონომიკის თეორიული საფუძვლები. მეორე განყოფილება შედგება ხუთი ნარკვევისგან და ის ეძღვნება ეკონომიკის გლობალიზაციის თეორიული ეკონომიკის ახალ პარადიგმებთან მიმართების შესწავლას. ავტორის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ეკონომიკის გლობალიზაციის ნაკლებად შესწავლილი მხარის - ცივილიზაციურ-კულტურულოგიური განზომილების და გლობალიზაციის მეტამორფოზების პოლიტეკონომიური ასპექტის გამოკვლევა, ანტიგლობალიზმისა და ალტერგლობალიზმის ურთიერთმიმართების შესწავლა, გლობალიზაციის პროცესში სახელმწიფოს ეკონომიკური როლის ტრანსფორმირების გამოწვევებისა და სირთულეების ახლებური გააზრება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ნარკვევი, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეკონომიკისთვის კონფრონტაციული გლობალიზაციის გამოწვევების, საფრთხეების და პერსპექტივების გაანალიზებას. მესამე განყოფილებაში შესწავლილია თეორიული ეკონომიკური მეცნიერების დისფუნქცია გლობალურ ფინანსურ კრიზისთან მიმართებაში. ეს განყოფილება რვა ნარკვევისგან შედგება. ავტორი არ გაურბის ისეთი პრობლემის შესწავლას, როგორიცაა ეკონომიკური კრიზისების თეორიების სიცოცხლისუნარიანობა. მთავარი კითხვა ავტორის წინაშე არის ის, თუ რატომ ვერ ახერხებს თეორიული ეკონომიკა ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების განჭვრეტას. შეუძლებელია არ გაიზიარო ავტორიესული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ფინანსურმა ადამიანმა“ „ეკონომიკური ადამიანი“ ჩაანაცვლა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში (და არა მარტო საქართველოში), სამწუხაროდ, პრაქტიკულად დავიწყებას მიეცა კარლ მარქსის ფუნდამენტური ნაშრომი „კაპიტალი“ და მისი ეკონომიკური კრიზისების თეორია, მისასალმებელია, რომ წიგნში ეს თეორია ჯეროვან დონეზეა განხილული. საინტერესოდაა გაანალიზებული ჰაიმან მინსკის და კონდრატიევის თეორიები, რომლებიც ეძღვნება ეკონომიკური კრიზისების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. მეოთხე განყოფილება წარმოდგენილია შვიდი ნარკვევით. ამ განყოფილებაში განიხილება თეორიული ეკონომიკის პარადიგმული ცვლილების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკის პერსპექტიული განვითარების შესაძლებლობებზე. ავტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს შეისწავლის, როგორიცაა ამ განვითარების კოგნიტურ-ინოვაციური მოდელი, „კაპიტალის თავდაპირველი დაგროვების“ თავისებურებები, და მოდერნიზაციული ავტორიტარიზმის ეკონომიკური შინაარსი. ჩემოყალიბებულია საქართველოს ეკონომიკის დამწევი განვითარების სტრატეგია და, გლობალიზაციის წინააღმდეგობების ფონზე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები. შესწავლილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობები ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის ფორმირების პროცესში. გამოკვლელულია გლობალური ფინანსური და კორონომიკური კრიზისის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. წიგნში თავმოყრილი ნარკვევები სავადასხვა დროსაა დაწერილი, რაც იძლევა იმის გააზრების შესაძლებლობას, თუ როგორ იცვლებოდა ეკონომიკური მეცნიერებისა და საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევები და უმთავრესი პრობლემები, და როგორი იყო მათზე ავტროისეული პოზიცია. ნაშრომი უმთავრესად თეორიული ხასიათისაა, თუმცა მასში საკმაო ყურადღება ეთმობა საქართველოს ეკონომიკის პრობლემებს, რაც ამ წიგნს საინტერესოს ხდის არა მარტო ეკონომისტების, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის. შესაძლოა მკითხველისთვის ავტორისეული ხედვა, მსჯელობა, თუ დასკვნები ყოველთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ეს არა იმდენად ნაკლად, არამედ უფრო ამ ნაშრომის ღირსებად უნდა შეფასდეს, რადგანაც ის მკითხველში ავტორთან საქმიანი პოლემიკის სურვილს აღძრავს. ქართულენოვანი მკითხველისთვის წინამდებარე წიგნი არის „საჩუქარი“, რათა ეკონომიკური მეცნიერების აქტუალური საკითხების განხილვის „მორევში“ გადაეშვას და ამით თანამედროვე ეკონომიკური პრობლემების განხილვის უშუალო მონაწილე გახდეს. წიგნსა და მის ავტორს დიდ წარმატებას ვუსუვებ!
აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა 2025 წელი 2025-07-22 პროფესორ თეიმურაზ ბერიძის მონოგრაფია 
ახლახან გამოვიდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ბერიძის ქართულ-რუსული და ინგლისურენოვანი მონოგრაფია „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“ (გვ.436, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2024წ.). რედაქტორი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი. ნაშრომი მკითხველს აცნობს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე შემდგარი თანამედროვე ქართული ეკონომიკის გარდამავალი პერიოდის თავისებურებებს, განხორციელებული რეფორმების შინაარსსა და სირთულეებს, პრობლემების დაძლევის გზებს და მიღწეულ შედეგებს. მონოგრაფიაში მაღალ აკადემიურ დონეზე განხილულია: ეკონომიკური ზრდის არსი, საინვესტიციო უნარი და შესაძლებლობა და მასზე მოქმედი ფაქტორები, კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების მდგომარეობა და მის დარეგულირებაში პროფტექნიკური განათლების მქონე სპეციალისტების როლი, აგრეთვე, საკუთრების ეკონომიკური და სამართლებრივი ასპექტები გარდამავალი პერიოდის რეჟიმში მყოფ საქართველოში. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საერთო კანონზომიერებებისა და ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით ავტორისეული ხედვები, დასკვნები და რეკომენდაციები გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ეკონომიკის განვითარების მოდელის თაობაზე. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ მონოგრაფიას მკითხველისთვის გააჩნია არამარტო შემეცნებითი, არამედ გამოყენებითი ღირებულებაც - ის ნათელ წარმოდგენას ქმნის, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, მეორე მხრივ კი - „შიგნიდან დანახული“ პრობლემების დაძლევის გზებზე, მათ თეორიული განზოგადებასა და რეკომენდაციებზე. პროფესორ თეიმურაზ ბერიძის უახლესი და მდიდარი სტატისტიკური მასალით გაჯერებული მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ეკონომიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც - როგორც მეცნიერებს, ასევე ბიზნესმენებს და ინვესტორებს, დაეხმარება მათ უკეთ გაიცნონ საქართველოს ეკონომიკა და გადადგან თამამი ნაბიჯები მასთან უფრო მჭიდრო აკადემიური და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად, ისევე როგორც საქართველოს მსგავს გარდამავალი ტიპის ქვეყნებს - წარმოქმნილი პრობლემების შეცნობის, დაძლევისა და განვითარების უზრუნველყოფაში.
იოსებ არჩვაძე, პროფესორი 2024 წლის ივლისი
2024-07-16 აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოვდასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ნაყოფიერი სამეცნიერო და საუნივერსიტეტო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით.
ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია, სარედაქციო კოლეგია ვულოცავთ აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს ამ საპატიო და დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს. 2024-07-17 მონოგრაფია
“მარადიული ქართული სოფელი”.
ახლახან (2024წ.) გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა მონოგრაფია (260 გვ.) „მარადიული ქართული სოფელი“. ავტორები: პაატა კოღუაშვილი - ეკონომიკის მეცნიერებატა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. გივი თალაკვაძე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საერთაშორისო და საქართველოს საინჟინრო აკადემიებისა და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი. რედაქტორები: ვლადიმერ პაპავა - აკადემიკოსი, ნოდარ ჭითანავა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მონოგრაფია ეძღვნება საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს და მისი განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, თანამედროვე ქართული სოფლის ეკონომიკურ, სოციალურ, დემოგრაფიულ და ყოფით პრობლემებს, მათი დაძლევის გზებს, აღნიშნული სექტორის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად ასპექტებს. მონოგრაფია დიდ სამსახურს გაუწევს აგრარული საკითხების, თანამედროვე ქართული სოფლის მდგომარეობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს და პირველ რიგში, განკუთვნილია სახელმწიფო მოხელეების, სპეციალისტებისა და მკვლევარებისთვის - ვისაც ხელეწიფება და ინსტიტუციურად ევალება ქართული სოფლის, აგრარული სექტორის, მთლიანად ეროვნული მეურნეობის გაძღოლისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და ხორცშესხმა.
ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ რედაქცია 08.04.2024 2024-04-08 აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას კიდევ ერთი წარმატება!საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმერ პაპავა, მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის - CORE (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს. ვულოცავთ ბატონ ვლადიმერს მორიგ საერთაშორისო აღიარებას და შემდგომ სამეცნიერო წარმატებებს ვუსურვებთ.
https://www.coreacad.org/Member.aspx?ProId=116
https://www.interpressnews.ge/ka/article/789588-akademikosi-vladimer-papava-sabunebismetqvelo-da-humanitarul-mecnierebata-saertashoriso-core-akademiis-namdvil-cevrad-airchies
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის” რედაქცია, სარედაქციო კოლეგია 2024-03-25 ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი 2021აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: "ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში". ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.
წიგნს მაღალ შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:
ჯეფრი საქსი - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი; ფრედერიკ სტარი - ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი; ანდერს ასლუნდი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი; კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი; პოლ გობლი - აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი; პოლ ჰეა - ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი; სტივენ ჯონსი - მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი; ნეილ მაკფარლეინი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი; თომას საიმონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი; ბენ სლეი - გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:
https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830 2021-01-23 ახალი მონოგრაფია 2020ახლახან გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ვლადიმერ პაპავას მონოგრაფიული ნაშრომი "არატრადიციული ეკონომიკსი". გამოხმაურება ნაშრომის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
აღნიშნული ნაშრომი ეკონომისტებს განსხვავებული ეკონომიკური რეალობის ადეკვატური აღქმის საფუძველს აძლევს. მომავალ მეცნიერებს, დოქტორანტებს, მონოგრაფია უდაოდ დაეხმარება ეკონომიკური მეცნიერების სირთულეების ახლებურად გააზრებასა და გამოკვლევაში. გვინდა მივულოცოთ ეკონომიკურ საზოგადოებას გლობალური სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე მონოგრაფიის გამოჩენა. ვულოცავთ ბატონ ლადოს, ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ვუსურვებთ მას შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.
http://www.papava.info/publications/New_Unconventional_Vision_of_Economics-Vladimir-Lado-Papava.pdf 2020-09-07 მეცნიერთა აღიარება 2020ყოველწლიურად, 10 ნოემბერს აღინიშნება იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღე. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ჟურნალ „ეკონომიკის და ბიზნესის“ რედკოლეგიის წევრები, პროფესორები რამაზ აბესაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი და მიხეილ ჯიბუტი. ვულოცავთ მეცნიერებს საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში.
2020-11-10 რედკოლეგიის სხდომა, 21 მაისი, 20192019 წლის 21 მაისს გაიმართა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც ჟურნალის საბჭომ განიხილა და დაამტკიცა 2019 წლის ჟურნალის N2 შინაარსი. რეცენზენტებმა წარმოადგინეს თავიანთი დასკვნები სტატიებთან დაკავშირებით. ცალკე შენიშვნა გაკეთდა ზოგიერთ ნამუშევართან დაკავშირებით. საერთო ჯამში, ჟურნალში წარმოდგენილი სტატიები მოწონებულია და რეკომენდებულია გამოსაქვეყნებლად. სარედაქციო საბჭომ საორგანიზაციო საკითხზეც იმსჯელა. კერძოდ, საბჭოში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად Silk Road Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ინგლისი), J.Stern&Co-ს საინვესტიციო ოფისის უფროსი მრჩეველი და კონსულტანტი, აკადემიკოსი ირაკლი მანაგაძე. 2019-05-25 რედკოლეგიის სხდომა 3 მარტი, 20192019 წლის წლის 3 მარტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც კოლეგიამ იმსჯელა ჟურნალში ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის რუბრიკის შემოღებისა და სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების აუცილებელი ფორმატის შესახებ. რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს ჟურნალის 2019 წლის #1 ნომრის შინაარსი. სხდომაზე აღინიშნა ჟურნალში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობის გაზრდისა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიური მოზიდვის მნიშვნელობა ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში შემდგომში ჩართვასთან დაკავშირებით. 2019-03-05 ახალი მონოგრაფია 2018გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედაქტორის, ეკონ. მეცნ. დოქტორის, პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილის მონოგრაფია "გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა". რედაქტორი - ეკონ.მეცნ. დოქტორი,პროფ.თეიმურაზ ბერიძე; რეცენზენტები - ეკონ.მეცნ. დოქტორი, პროფ. რევაზ გველესიანი, ეკონ. აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. ინგა ბალარჯიშვილი, ეკონ. აკად.დოქტორი, ასოც.პროფ. თამაზ ზუბიაშვილი, 287 გვ. ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფალკულტეტის თეორიული ეკონომიკის კათედრაზე.
მონოგრაფიაში განხილულია ეკონომიკის გლობალიზაციის წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებები, ნაჩვენებია გლობალიზაციისათვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება რეგიონალური და გლობალური ფინანსური კრიზისებია. დახასიათებულია ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნებში წარმოშობილი ფინანსური კრიზისების მიზეზები და განვითარების ლოგიკა. გაანალიზებულია აღმოსავლეთ აზიის კრიზისის ზემოქმედება საქართველოს ეკონომიკის საბანკო და სავალუტო სფეროებზე.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის კვლევას. შემუშავებულია კრიზისის კვლევის ახალი თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძველი. წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლობალური და საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული განვითარების პერიოდში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზს. შეთავაზებულია მათი პრევენციის ზოგიერთი ღონისძიება. ორიგინალურია ეკონომიკისა უკრიზისო განვითარების მოდელის ავტორისეული ინტერპრეტაცია და გლობალიზებულ ეკონომიკაში საქართველოს ეფექტიანი ინტეგრირების თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტების კვლევა.
ნაშრომი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის. 2018-10-25 რედკოლეგიის სხდომა, 6 დეკემბერი, 20182018 წლის 6 დეკემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედკოლეგიის შეხვედრა. რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს 2018 წლის N4 სტატიების რეცენზიები, შენიშვნები და ერთხმად დაამტკიცა 2018 წლის ჟურნალის N4 შინაარსი. საბჭომ ასევე იმსჯელა გამოსაქვეყნებელი სტატიების ფორმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. გამოითქვა აზრი, რომ უნდა გაიზარდოს ინგლისური მომცველობითი შინაარსის (Summary) მოცულობა, რადგან საერთაშორისო ბაზებში ჟურნალის განსათავსებლად ეს აუცილებელი პირობაა. 2018-12-14 |