English / ქართული /








ჩვენი ჟურნალის ავტორებისა და მკითხველების საყურადღებოდ!

ალბატონებო და ბატონებო,

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესმა“ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით: იგი დარეგისტრირებულია „ERIH+“-ის, „EBSCO”-სა და „COPERNICUS“-ის საინფორმაციო ბაზებში. გაფართოვდა ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, მათ შორის მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერების ჩართვის ხარჯზე. ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს „SCOPUS”-ის ბაზაში გაწევრიანებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მე-4 ნომრიდან ავტორებმა იდენტური სტატიები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისურ ენაზე თარგმნილი სტატია ავტორმა თავად უნდა წარმოადგინოს, რომელიც სტილისტურად დაიხვეწება და ერთ ფორმატში მოექცევა ჟურნალის მიერ).. ამასთან ერთად, გაიზრდება მოთხოვნა სტატიების სამეცნიერო დონის მიმართ.

ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება კვლავ უფასოა და სტატიის გაფორმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები უცვლელი რჩება.

„SCOPUS”-ში რეგისტრირებული უცხოურ ჟურნალებში სტატიების განთავსების საკმაოდ მაღალი საფასურის გათვალისწინებით, ჩვენ ჟურნალში სტატიების უფასოდ გამოქვეყნება კარგი შეღავათი იქნება ავტორებისათვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ მოწოდებული ინფორმაცია.

გისურვებთ წარმატებებს!

 ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია


2021-07-03
ჟურნალის შესახებ

რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოდის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე. თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც 1918 წელს დაარსდა, ისტორიულად პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო კავკასიის რეგიონში.

ამჟამად თსუ-ში 7 ფაკულტეტი ფუნქციონირებს (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის, სოციალურ და  პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 218 აკრედიტებულ აკადემიურ პროგრამას (67 - საბაკალავრო, 96 - სამაგისტრო, 3 - ერთსაფეხურიანი (single-level), 50 - სადოქტორო). აგრეთვე 12 ერთობლივ საერთაშორისო პროგრამას და 130 გაცვლით პროგრამას.  სტუდენტთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, პერსონალისა - 5400-ზე მეტი. უნივერსიტეტი ქართულენოვან პროგრამებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს ორენოვან პროგრამებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

კვლევითი უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად, თსუ-სათვის კვლევა და ინოვაციური საქმიანობა პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც იგი ახორციელებს თავისი ფაკულტეტებითა და 16 დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულით.

საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციის ნაწილია სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია ჟურნალს „ეკონომიკა და ბიზნესი“.

ჟურნალის მთავარი ამოცანა (მისია) მდგომარეობს ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ ეკონომიკურ წრეებში და ბიზნესის სფეროში შექმნილი ცოდნისა და დაგროვებული  მოწინავე პრაქტიკული გამოცდილების ფართო საზოგადოებისათვის და ეკონომიკის მართვის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიწოდების გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

ჟურნალის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დოქტორანტების მიერ სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობის პროცესში მიღებული შედეგების ფართო სამეცნიერო აუდიტორიის სამსჯავროზე გამოტანა.

ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პროდუქტების შეთავაზება სასწავლო პროგრამების შექმნა-განახლების, სოციალური ინოვაციებისა და ბიზნესის წარმოების, საზოგადოებაში ეკონომისტების პროფესიული სტნდარტების დანერგვის პროცესში.

ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, ჟურნალში ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების სტატიები თეორიული ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ეკონომიკური პოლიტიკის, მაკრო და მიკრო ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის და ა.შ. აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე რეცენზიები ახალგამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებზე.

მიმდინარე ეტაპზე ჟურნალის რედკოლეგიისა და პერსონალის ძალისხმევით ეტაპობრივად ხორციელდება ჟურნალის ინტერნაციონალიზაცია, კერძოდ - ჟურნალი უკვე ჩართულია საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო საინფორმაციო ბაზებში, როგორებიცაა Google Scholar, ERIHPLUS, EBSCO. განზრახულია ჟურნალში უცხო ენებზე დაწერილი სტატიების ხვედრითი წილის გაზრდა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიურად ჩართვა.

                                       გიწვევთ თანამშრომლობისთვის! 


2018-10-22
ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი

აშშ-ში გამოვიდა პროფესორ ვლადიმერ პაპავას მორიგი წიგნი: "ევროპელად გახდომა: საქართველოს გამოწვევები ოცდამეერთე საუკუნეში". ეს წიგნი ბოლო 15 წლის განმავლობაში გამოცემული ელექტრონული სტატიების კრებულია. ისინი ეძღვნება პოსტკომუნისტური საქართველოს XXI საუკუნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს. საქართველოსთვის, სსრკ-ს დაშლის შემდეგ და განსაკუთრებით მისი არსებობის ბოლო წლებში, პრიორიტეტი იყო ევროატლანტიკური ორიენტაცია. საქართველოს განვითარების ევროპული გზა არ ყოფილა მარტივი. პოსტკომუნისტურ საქართველოში ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებულია მრავალ რთულ ამოცანასთან, რომელთა გადაწყვეტასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნის მომავლისთვის. 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელმაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. ამავდროულად, საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება ბევრი სამუშაოს შესრულება ევროკავშირთან რეალური დაახლოებისთვის და ეს მოითხოვს მრავალი წლის შრომას.

წიგნს  მაღალ შეფასებებს აძლევენ მსოფლიოს ცნობილი ეკონომისტები და პოლიტილოგები:

ჯეფრი საქსი - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი; 

ფრედერიკ სტარი - ვაშინგტონის და სტოკჰოლმის ცენტრალური აზიის და კავკასიის ერთობლივი ინსტიტუტის დირექტორი; 

ანდერს ასლუნდი - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი;   

კეის კრეინი -აშშ-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების პოლიტიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი; 

პოლ გობლი - აშშ-ს მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის პროფესორი; 

- პოლ ჰეა - ედინბურგში ჰერიოტ-ვათ უნივერისტეტის ემერიტუს პროფესორი; 

სტივენ ჯონსი - მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი;   

ნეილ მაკფარლეინი - ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი;   

- თომას საიმონსი - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი;   

ბენ სლეი - გაეროს განვითარების პროგრამის უფროსი ეკონომისტი 

წიგნის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ამაზონის პლატფორმაზე:

 https://www.amazon.com/gp/product/1663207623?ref=em_1p_0_im&ref_=pe_2313400_565753830


2021-01-23
მეცნიერთა აღიარება

ყოველწლიურად, 10 ნოემბერს აღინიშნება იუნესკოს მიერ დაწესებული მეცნიერების მსოფლიო დღე. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ჟურნალ „ეკონომიკის და ბიზნესის“ რედკოლეგიის წევრები, პროფესორები რამაზ აბესაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი და მიხეილ ჯიბუტი. ვულოცავთ მეცნიერებს საპატიო ჯილდოს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს თავიანთ საქმიანობაში.


2020-11-10
გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო მეგობრებო, ავტორებო და მკითხველებო! ჟურნალის რედკოლეგია გილოცავთ ახალ 2021 წელს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და შემოქმედებით წარმატებებს. სიუხვისა და მრავალი სიკეთის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის ხარის წელიწადი, მრავალს დაესწარით! იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება!


2020-12-31
ახალი მონოგრაფია

ახლახან გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ვლადიმერ პაპავას მონოგრაფიული ნაშრომი "არატრადიციული ეკონომიკსი". გამოხმაურება ნაშრომის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

http://www.papava.info/publications/New_Unconventional_Vision_of_Economics-Vladimir-Lado-Papava.pdf

აღნიშნული ნაშრომი ეკონომისტებს განსხვავებული ეკონომიკური რეალობის ადეკვატური აღქმის საფუძველს აძლევს. მომავალ მეცნიერებს, დოქტორანტებს,  მონოგრაფია უდაოდ დაეხმარება ეკონომიკური მეცნიერების სირთულეების ახლებურად გააზრებასა და გამოკვლევაში. გვინდა მივულოცოთ ეკონომიკურ საზოგადოებას  გლობალური სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე მონოგრაფიის გამოჩენა. ვულოცავთ ბატონ ლადოს, ჩვენს კოლეგას და მეგობარს, ვუსურვებთ მას შემდგომ შემოქმედებით წარმატებებს.


2020-09-07
ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილი III ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა ეკონომისტის დღისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება. წლევანდელი კონფერენცია თემაზე: „კორონომიკა: ეკონომიკური მეცნიერებისა და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევები“.პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა და მას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა უმასპინძლა.

კონფერენციის ორგანიზატორებია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა კომისია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტი, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევის ინსტიტუტი, ჟურნალი „გლობალიზაცია და ბიზნესი“. კონფერენციის საორგანიზაციო–სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ–ს პროფესორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

კონფერენციას წინ უძღოდა დოქტორანტთა სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი პროფესორ ნოდარ ხადურის პრემიის მოსაპოვებლად. კომპეტენტური ჟიურის მიერ, კონფიდენციალურობის სრული დაცვით, შეირჩა ერთი გამარჯვებული ნაშრომი.

III ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრები, ასევე პროფესორ ნოდარ ხადურის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები.

მოკლედ კონფერენციის მასალები შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალის ვებგვერდზე, მიმდინარე წლის მე-3 ნომერში.


2020-10-11
შეხვედრა ლ. ბალცეროვიჩთან

რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა შეხვედრა ცნობილ პოლონელ მეცნიერ-ეკონომისტთან ლეშეკ ბალცეროვიჩთან, რომელიც არჩეულ იქნა უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.


2020-03-02
ახალი წევრი

ახლახანს ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივიღეთ აშშ-დან. მსოფლიოში აღიარებულმა ეკონომისტმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგორი მენქიუმ თანხმობა განაცხადა ჩვენი ჟურნალის რედკოლეგიის წევრობაზე.


2020-05-19
ახალი წევრი

გვაქვს საინტერესო სიახლე - ჟურნალის რედკოლეგიის წევრობას დაგვთანხმდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ელიზაბეთ ჩაკო. 


2020-03-19
რედკოლეგიის სხდომა

მიმდინარე წლის 5 მარტს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ოფისში ჩატარდა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" სარედაქციო კოლეგიის მორიგი სხდომა, რომელზეც გაიმართა მსჯელობა ჟურნალში ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის რუბრიკის შემოღებისა და სტატიებში გამოყენებული ლიტერატურის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაფორმების აუცილებლობის შესახებ.

რედკოლეგიის წევრებმა განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს ჟურანლის 2019 წლის პირველი ნომრის შინაარსი. აღინიშნა ჟურნალში ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობის გაზრდისა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიურად მოზიდვის მნიშვნელობა ჟურნალის საერთაშორისო ბაზებში შემდგომი დაფიქსირების თვალსაზრისით.


2019-03-09
კიდევ ერთი აღიარება

კიდევ ერთი ახალი სასიამოვნო ინფორმაცია ჟურნალის გულშემატკივრებისთვის: სულ ახლახანს მივიღეთ დადასტურება, რომ ჟურნალი განთავსებულია მსოფლიო საინფორმაციო ბაზაში EBSCO, რომელიც ასევე წარმოადგენს წიგნების ერთ-ერთ უდიდეს ელექტრონულ ბიბლიოთეკას. ეს ბიბლიოთეკა წელიწადში 2 მილიარდამდე წიგნს ყიდის; მოიცავს სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის, სამედიცინო, სამართლის, სახელმწიფო მართვის და ა.შ. მიმართულებებს. ეს გარემოება ქართველი მეცნიერებისათვის თავიანთი ინტელექტუალური პროდუქციის მსოფლიო ფართო საზოგადოებისათვის მიწოდების კიდევ ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.


2019-04-07
სასიამოვნო სიახლე

ჩვენი ჟურნალის გულშემატკივრებს გვსურს გაგაცნოთ   მიღებული ინფორმაცია ჟურნალ  "ეკონომიკა და   ბიზნესის" საერთაშორისო აღიარებისა და მისი ERIHPLUS-ს ბაზაში     განთავსების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები   საერთაშორისო პუბლიკაციებად ჩაითვლება, რაც, ვფიქრობთ, ქართველი მეცნიერებისთვის   დიდი ხელშეწყობაა.  აქვე უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს  - ახა მღებრიშვილს და ლევან ჯღარკავას, რომელთა დიდი დახმარებით შეიქმნა ჟურნალის ვებგვერდი.


2019-01-30
შეხვედრა ჯეფრი საქსთან

„ყველაზე გავლენიანი ცოცხალი ეკონომისტი“, „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ეკონომისტი“, "მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომისტი“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები ჯეფრი დევიდ საქსს, რომელსაც დღეს, 2019 წლის 12 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ჯეფრი დევიდ საქსი არის მსოფლიოში ცნობილი პროფესორი ეკონომიკის დარგში, ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში. კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობის დაწყებამდე იგი ოც წელზე მეტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. ის გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის დირექტორი, ასევე განვითარების საკითხებში გაეროს ფართო დიაპაზონის კომისიის კომისარი და გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის სპეციალური მრჩეველია. პროფესორი საქსი „ცისფერი პლანეტის“ 2015 წლის ჯილდოს ერთ-ერთი მფლობელია.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა მრჩეველმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.


2019-03-12
რედკოლეგიის სხდომა

6 დეკემბერს, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის ოფისში შედგა ჟურნალ "ეკონომიკა და ბიზნესის" რედკოლეგიის შეხვედრა. რედკოლეგიის წევრებმა ისაუბრეს ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატიების შესახებ, ასევე გამოსაქვეყნებელი პირობების ცვლილებებთან დაკავშირებით. გამოითქვა აზრი, რომ უნდა გაიზარდოს ინგლისური რეზიუმეს ფორმატი, რადგან საერთაშორისო ბაზებში ჟურნალის განსათავსებლად ეს აუცილებელი პირობაა. 


2018-12-14
გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში

26-27 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა  უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-ეკონომისტებმა 11 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში მუშაობდა 14 სექცია, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ : ეკონომეტრიკა (პროფ. ი. ანანიაშვილი), ეკონომიკური პოლიტიკა (ასოც.პროფ. ი. გოგორიშვილი), თეორიული ეკონომიკა (პროფ. ე. მექვაბიშვილი), მაკროეკონომიკა (ასოც. პროფ. ნ. კაკულია), მიკროეკონომიკა და რეგიონული ეკონომიკა (პროფ. ე. ხარაიშვილი), საერთაშორისო ეკონომიკა (აკად. ა. სილაგაძე), სტატისტიკა (პროფ. ს. გელაშვილი), აღრიცხვა, აუდიტი, ანალიზი (პროფ. ლ. საბაური), მარკეტინგი (პროფ. ნ. თოდუა),  ტურიზმი (პროფ. ი. ხელაშვილი), ფინანსები და საბანკო საქმე (ასოც.პროფ. ლ. ღუდუშაური), ინფორმაციული ტექნოლოგიები (პროფ. დ. სიჭინავა).

პლენარულ სხდომაზე, რომელიც გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ღაღანიძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რ. კაკულია, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნ. ოვსიანიკოვა, პროფ. ე. მექვაბიშვილი. მოხსენებებით გამოვიდნენ აკად. ვლადიმერ პაპავა, ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი  ვერონიკა ფლამბარდი, რჟეშჩოვის  (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იაცეკ სტრინი, კიევის ვადიმ ჰეტმანის სახ. ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის პროფესორი ტატიანა სობოლევა (უკრაინა) და თსუ პროფესორი იოსებ ხელაშვილი.

მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას და ისაუბრეს გლობალიზაციის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, აღნიშნეს გლობალიზაციის განსაკუთრებული მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარების უახლეს ეტაპზე ერთმანეთს დაემთხვა ორი ურთულესი პროცესი - ქვეყნის პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია და გლობალიზაციის პროცესში ქვეყნის ეკონომიკის ჩართვა. ამიტომ აუცილებელია ისეთი მექანიზმების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში გლობალიზაციის პროცესის სწორად წარმართვას და დაგვიცავს მისი ნეგატიური ზეგავლენისგან.

მათ ასევე განიხილეს მიმდინარე ეკონომიკური საკითხები, გლობალური ეკონომიკის გამოწვევები, ეკონომიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები. პლენარული სხდომის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა მუშაობა სექციებში განაგრძეს, სადაც 120-მდე ნაშრომი და სტატია იქნა წარმოდგენილი.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა გამოთქვეს კმაყოფილება და დიდი იმედი, რომ ასეთი შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რაც წაადგება ჩვენი ქვეყნების შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.


2018-10-25
ჟურნალის შესახებ

რეფერირებადი და  რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი "ეკონომიკა და ბიზნესი" გამოიცემა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, რომელიც 1918 წელს დაარსდა და ის ისტორიულად პირველი უმაღლესი სასწავლებელია კავკასიის რეგიონში.

ამჟამად თსუ – ში ფუნქციონირებს 7 ფაკულტეტი (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ბიზნესის, მედიცინის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებები). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 218 აკრედიტირებულ აკადემიურ პროგრამას (67 - საბაკალავრო, 96 - სამაგისტრო, 3 - ერთსაფეხურიანი, 50 - სადოქტორო), აგრეთვე 12 ერთობლივ საერთაშორისო და 130 გაცვლით პროგრამსა. სტუდენტების რაოდენობა 20 000-ზე მეტია და 5400-ზე მეტი კი - პერსონალი. ქართულთან ერთად უნივერსიტეტი გთავაზობს ორენოვან პროგრამებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

უნივერსიტეტის მისიის თანახმად, თსუ-ს პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიმართულებას კვლევითი და ინოვაციური საქმიანობა წარმოადგენს, რომელსაც ახორციელებენ მისი ფაკულტეტები და 16 დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეული.

 უნივერსიტეტის სამეცნიერო საქმიანობის განსაკუთრებული ნაწილია სხვადასხვა სფეროში სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა. მათ შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ჟურნალი "ეკონომიკა და ბიზნესი".

ჟურნალის მთავარი ამოცანაა ფართო საზოგადოებისა და ეკონომიკური მენეჯმენტის სახელმწიფო სტრუქტურებს მიაწოდოს დაგროვილი ცოდნა და მოწინავე პრაქტიკული გამოცდილება ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებას.

ჟურნალის ერთ-ერთი პრიორიტეტი სამეცნიერო აუდიტორიის ფართო სპექტრისთვის დოქტორანტების  მიერ სადისერტაციო ნაშრომზე კვლევის შედეგების მიწოდებაა.

ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა, პროფესორ-მასწავლებლებს შევთავაზოთ სამეცნიერო სიახლეები და მიღწევები საგანმანათლებლო პროგრამების, სოციალური ინოვაციების და ბიზნესის შექმნისა და განახლების პროცესში; საზოგადოებაში პროფესიონალური ეკონომიკური სტანდარტების განხორციელების საქმეში..

ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, ჟურნალში ქვეყნდება სტატიები, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ავტორების მიერ ქართულ და ინგლისურ ენებზე თეორიული ეკონომიკისა და ეკონომიკური დოქტრინების ისტორიაში, ეკონომიკურ პოლიტიკაში, მაკრო და მიკროეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში, ასევე აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები, მიმოხილვები ახლადგამოქვეყნებული მონოგრაფიებისა და სახელმძღვანელოების შესახებ.

მიმდინარე ეტაპზე ჟურნალის პერსონალისა და რედაქციის ძირითადი ყურადღება გამახვილებულია მის ინტერნაციონალიზაციაზე, რაც მოიცავს ინგლისურ საიტის სრულ მომზადებას და უცხოელი ავტორების რაოდენობის გაზრდას,  ასევე თანამშრომლობას ისეთ საერთაშორისო ბაზებთან, როგორიცაა EBSCO, ERIH +, Google Scholar და ა.შ.

გიწვევთ თანამშრომლობისთვის!


2018-10-22