ჟურნალი ნომერი 4 ∘ მიხეილ ჯიბუტი ∘ წიგნი, რომელიც გეხმარება თანამედროვე საქართველოს კონტექსტის გაგებაში A Book that Helps us Understand the Context of Modern Georgiaჟურნალი N 4. 2024
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ პერიოდს მოიცავს. უკვე გასულია მესამედ საუკუნეზე მეტი. დღეს, მოსახლეობის უმრავლესობა ამ ფაქტს ისე აღიქვამს, თითქოს ეს მოცემულობაა, თითქოს ყველაფერი ასე უნდა იყოს. ასეთი პოზიცია, გამოხატულია არამარტო მოსახლეობის 2/3-ში, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დაიბადა ან, რომელთაც არ ახსოვთ საბჭოთა ემპირიული ცხოვრება, არამედ იმ 1/3 -ის უმრავლესობაში, რომლებსაც შეგნებული ცხოვრების ნაწილი გატარებული აქვთ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში და რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ ე.წ. კომუნიზმის მშენებლობაში, ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ კომუნისტური პარტიისა და კომკავშირის ხელმძღვანელობით წარმართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემაში. ეს გასაკვირია, მაგრამ ფაქტია! ასეთი მოკლე მეხსიერება, უარყოფითად აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობის პროცესზე, ის უმნიშვნელოვანესი მენტალური ბარიერია ქვეყნის დესოვიეტიზაციის, ცენტრალიზებული გეგმური სისტემის, დემოკრატიულ და საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში ტრანსფორმაციისათვის. ამის მიზეზი, შეიძლება, ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტშია. საქართველოს არსებული მასშტაბის დამოუკიდებელი სახელმწიფო ბოლო ხუთასი წლიდან მხოლოდ ერთხელ, ეპიზოდურად და სულ რამოდენიმე წლით, ჰქონდა 1918 -1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახით! საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეკონომიკამ განიცადა კატასტროფული დაცემა და ქვეყანამ უზარმაზარი სირთულეების დაძლევით შეძლო ამ დაცემის შეჩერება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ახალი საქართველოს ეკონომიკის ზრდა მოხდა არა საბჭოთა ეკონომიკის რესტავრაციის გზით, არამედ სრულიად ახალ საფუძველზე, ეკონომიკის სრულიად ახალი სტრუქტურით. ამ ტრანსფორმაციის გზაზე ბევრი რამ ისე არ წარიმართა, რაც იმავე პერიოდში უზრუნველყოფდა საქართველოს ეკონომიკისა და ქართველი ხალხის ცხოვრების არსებულზე უკეთესი დონის მიღწევას. ეს აუცილებლად მოითხოვს შეფასებას და ისტორიის გაკვეთილების სამომავლო განვითარებისათვის გათვალისწინებას. თუმცა, არ არსებობს არცერთი ობიექტური სოციალურ-ეკონომიკური, თუნდაც რელიგიურ-ზნეობრივი არგუმენტი საქართველოს არსებულ რეალობაზე საბჭოთა კავშირის უპირატესობის დასამტკიცებლად, მით უმეტეს, მისი რესტავრაციის სურვილის გასაჩენად. ვერც ერთი „მომზადებული გონება“ სხვა დასკვნას ვერ გააკეთებს. გონების მომზადებისათვის კი საჭიროა ისეთი ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინება, როგორიცაა პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და მისი შრომების შესწავლა.
პროფ. თ. ბერიძე ორ წყობილებაში, ორ ერთმანეთისაგან კატეგორიულად დაპირისპირებულ სისტემაში ნაცხოვრები პიროვნებაა. ორივე სისტემის დროს მან შეძლო წარმატებული სამეცნიერო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა. ეს არ იყო უბრალოდ უწყვეტი და წინააღმდეგობებისაგან თავისუფალი ცხოვრება, რაც ხშირად, არა პირადი ბედ-იღბლის, არამედ ქვეყნის კონტექსტის ტრაგიკული ცვალებადობიდან გამომდინარეობდა. კონტექსტმა დიდი გავლენა მოახდინა პროფ. თ. ბერიძის მეცნიერული კვლევების თემატიკაზე. ეს მომენტი კარგადაა გამოხატული მის განსახილველ ნაშრომში, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა, ძირითადად 2017–2021 წლებში (აგრეთვე, 1996 და 2009 წლების ორი პუბლიკაციაა), გამოქვეყნებული მისი და თანაავტორობით საქართველოსა და უცხოეთში გამოცემული შრომების სამენოვან კრებულს. ეს უკანასკნელი, ავტორის მიერ ენების (მშობლიურის გარდა, რუსულისა და ინგლისურის) სრულყოფილი ცოდნის დემონსტრაციაცაა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის კუთვნილება მხოლოდ ქართულ ენაზე გამოცემული შრომებია. სხვა ენაზე გამოცემული შრომები გამოცემის ენაზე აზროვნებას უწყობს ხელს, თუმცა, თუ ავტორი ეთნიკურად ქართველია, აჩვენებს ამ პიროვნების მეცნიერული მოღვაწეობის შედეგს, რაც აუცილებელი ელემენტია ქართველი მეცნიერის პერსონალური შედეგების და აქედან გამომდინარე, ქართული სამეცნიერო სკოლის დასახასიათებლად და შესაფასებლად. განსახილველ კრებულში პროფ. თ. ბერიძის წარმოდგენილი შრომების თემატიკა ფართოა: დაწყებული კ.მარქსის შემოქმედების ანალიზითა და დამთავრებული ტექნიკური და პროფესიული განათლების სისტემით, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკური აზრის ისტორიის, ეკონომიკური თეორიის, მეთოდოლოგიის, სტატისტიკის, ეკონომიკური ისტორიის და სხვა მეცნიერებებისა და დისციპლინების საგანს. ყველა ეს ნაშრომი თავს იყრის და აკინძულია ერთ გამაერთიანებელ ევრისტიკულ ძაფზე - საქართველოს სინამდვილის კვლევაზე სხვადასხვა კუთხით. ამასთან, საქართველოს სინამდვილე შესწავლილია ისტორიულად განსაზღვრული -ტრანსფორმაციის პერიოდისათვის და გაკეთებულია დასკვნები მისი სამომავლო განვითარებისათვის. პროფ. თ. ბერიძის მიერ მოცემული ანალიზი, მსჯელობა, დასკვნები, დარწმუნებული ვარ გამოადგება, როგორც ეკონომიკის შესწავლის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს, აგრეთვე, ეკონომიკის მასწავლებლებსა და ეკონომიკაში დასაქმებულ, ეკონომიკური პოლიტიკის შემქმნელ პირებს. მით უმეტეს, რომ ყველა ის პროცესი, რასაც ეხება ავტორი, სხვადასხვა ინტენსივობით, ჩვენს ირგვლივ, ამჟამადაც მიმდინარეობს და ყოველდღიურად ვაკვირდებით იმ ემპირიკას, ჩვენ ვართ იმ პროცესების მონაწილე, რომელიც პროფ. თ. ბერიძემ თავის ნაშრომებში განაზოგადა. მათი კითხვა იწვევს ბუნებრივად მიმდინარე პროცესებისადმი საკუთარი რეფლექსიის შედარებას ავტორისეულ დასკვნებთან. ეს ზრდის ნაშრომისადმი ინტერესს და წარმოშობს მასში მოცემულ მსჯელობებში ჩართვის სურვილს.
სწორია ავტორი, როდესაც კარლ მარქსის შემოქმედების განხილვისას თვლის, რომ საჭიროა მისი ანალიზის გაგრძელება ვირტუალური ეკონომიკის, ციფრული ეკონომიკის პირობებისათვის (გვ.22). ეს დებულება კიდევ უფრო გასათვალისწინებელია ხელოვნური ინტელექტის განვითარებისას, როდესაც ადამიანისეული კაპიტალის ფასი მინიმუმამდე დაეცემა, ხოლო ზოგ სფეროში ინტელექტუალური ცოდნა გახდება მთლიანად ტექნოლოგიის ნაწილი. სწორია ავტორი, როდესაც აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის სისტემაში საქართველოს არ ჰქონდა „დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა“ (გვ.34) და დამოუკიდებლობის შემდეგ საჭირო იყო საბაზრო ეკონომიკის, როგორც „ძველი საბჭოთა ადმინისტრაციულ-კომანდური სისტემის“ ანტიპოდის ფორმირება (გვ.39). ვერ დავეთანხმები ავტორის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან შემოტანილი ე.წ. „ესტონური მოდელის“ შესაბამისი საგადასახადო ცვლილების პოზიტიურად წარმოჩენას (გვ.54), რადგან ამ ცვლილების მიხედვით, რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდა მოგების გადასახადისაგან. იმ პერიოდში მე მქონდა საშუალება სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელისათვის, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინისათვის, წმ.ანდრია პირველის სახელობის უნივერსიტეტში შეხვედრისას, დამესვა კითხვა: ასეთი – ბიუჯეტისათვის საზიანო – საგადასახადო ცვლილების მიზანშეწონილობის შესახებ. მან განაცხადა, რომ ეს ცვლილება განხორციელდა სავალუტო ფონდთან შეთანხმების გარეშე. მისი თქმით, ხელისუფლებამ აღუთქვა, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ამ ცვლილებით მიყენებული ზიანის შევსება სხვა წყაროების მოძიებით. ამას მოჰყვა აქციზის გაორმაგება საწვავზე (გვ.54), რამაც გამოიწვია ფასების ზრდა და „მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება“ (გვ.54). იმ დასკვნის მიუღებლობა, რომ ეს „აუცილებლობა გარდაუვალია“ „ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდისათვის“, უკვე ისტორიულადაა დადასტურებული. დღეისათვის, აღნიშნული საგადასახადო რეჟიმი მთლიანად არ გაუქმებულა, თუმცა, გაუქმდა საბანკო სისტემისათვის, რომლის ინტერესების ლობირებითაც, რომელიც, ძირითადად, იმდროინდელი მთავრობის მიერ იქნა მიღებული. ეს პოზიცია შეიძლება აიხსნას იმით, რომ ნაშრომი დაიწერა 2018 წელს და მაშინ იყო პოზიტიური მოლოდინები ამ ცვლილებისაგან. თუ ავტორის/ავტორების ამჟამინდელი პოზიცია შეცვლილია, მაშინ ამის შესახებ უნდა იყოს კომენტარები. სხვანაირად, ეს აქტუალური პოზიციაა. დინამიკურ პროცესებზე დაწერილი შრომების, რამდენიმე წლის შემდეგ, გამოცემა აუცილებლად მოითხოვს კომენტარებს, სხვანაირად, წარმოიშობა გაუგებრობა. მაგალითად, წიგნში სხვადასხვა ადგილას, ზოგჯერ ერთი ნაკვეთის ფარგლებში გამოყენებულია მშპ-მთლიანი შიდა პროდუქტი და მსპ-მთლიანი სამამულო პროდუქტი. საჭიროა გამჭოლად იყოს კორექტირებული მათი გამოყენება.
პროდუქტიულია პროფ. თეიმურაზ ბერიძის მიერ საქართველოში ტრანსფორმაციის პერიოდის, მაიკლ ბარავუას მიერ შემოთავაზებული, „ტრანზიტოლოგიის“ (გვ.128) კონცეფციის ფარგლებში განხილვა. საქართველოს არსებული რეალობის ანალიზისათვის მნიშვნელოვანია ავტორის მსჯელობა ეკონომიკური ზრდისა და ეკონომიკური განვითარების პროცესების ერთმანეთისაგან განსხვავების შესახებ. საქართველოს დღეს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გამოწვეულია შემთხვევით, ძირითადად – რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორით. ავტორი ხაზს უსვამს, რომ „ეკონომიკური ზრდა“ ფასდება მთლიანი სამამულო პროდუქტის (მათ შორის, მოსახლეობის ერთ სულზე) რეალური გამოშვების მაჩვენებლით, ხოლო ეკონომიკური განვითარება ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ეკონომიკური ზრდა. ის აჩვენებს, თუ რა ეფექტი მოაქვს ეკონომიკურ ზრდას უშუალოდ მოსახლეობისათვის, როგორ იზრდება ქვეყანაში ცხოვრების დონე...“(გვ.156-157). ეკონომიკური ზრდა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა ცხოვრების დონის ამაღლებისათვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე პროფ. თ.ბერიძის გაფრთხილება, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მაგრამ არა ყოველთვის. მნიშვნელოვანია არამარტო უცხოელ ინვესტორთა სურვილი, საკუთარი კაპიტალი დააბანდონ ქვეყნის ეკონომიკაში, არამედ ინვესტიციების მიმღები (რეციპიენტის) ქვეყნის შესაბამისი მზაობა, საგადასახადო, საინვესტიციო კლიმატი და საარბიტრაჟო სასამართლო. ავტორი, ხაზს უსვამს, რომ „ქვეყნის ეკონომიკაში გადაჭარბებულმა ინვესტიციებმა შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკის გადახურება, ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოებასა და ეკონომიკაში კორუფციის გაჩენას, რაც შეანელებს ეკონომიკურ ზრდას“ (გვ.184, 207-208 და სხვ.). კარგადაა განხილული საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განხორციელებული ეკონომიკის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური რეფორმები. განხორციელებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების ეტაპიზაცია. ეს ძალიან საინტერესო ანალიზია ქვეყნის ეკონომიკური ისტორიის შესასწავლად. თუმცა, ავტორმა თავიდან ვერ აიცილა პერიოდიზების ის გავრცელებული მიდგომა, როდესაც ეტაპების გამოყოფის კრიტერიუმები არაა ნაჩვენები: ან ეკონომიკური პოლიტიკის საფუძვლად გამოყენებული თეორიების მიხედვით („კონვერგენციის თეორია“, „შოკური თერაპია“ და ა. შ.), ან საგადასახადო სისტემის განვითარების მიხედვით და ა. შ. რაიმე კრიტერიუმით. განსაკუთრებით ყურადღების გამახვილებაა საჭირო ავტორის იმ პოზიციის გასაგებად, რომ გარდამავალი პერიოდის შესწავლისათვის მნიშვნელოვანია კარლ კაუცკისა და ნიკოლაი ბუხარინის ნაშრომები. კარლ კაუცკის ნაშრომი – „სოციალური რევოლუციის მეორე დღეს“ (რუსულად. ნაშრომის სათაურში „სოციალურის“ ნაცვლად „პროლეტარული“ წერია. გვ.128) – 1902 წელსაა დაწერილი, ხოლო ბუხარინის ნაშრომი - „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა“ (რუსულად) 1920 წელს. ორივე მათგანის მსჯელობა ჰიპოთეზურია, არ წარმოადგენს საბჭოთა სოციალიზმის რეალური პრაქტიკის განზოგადებას. საბჭოთა სოციალიზმი დიდად დაშორდა მათ თეორიულ (განსაკუთრებით კაუცკის) მოსაზრებებს და განვითარდა, როგოც კაპიტალიზმის სარკისებრი ალტერნატივა. საბჭოთა სოციალისტური სისტემიდან კაპიტალიზმში გარდამავალი პერიოდი, ეს არაა კაპიტალიზმიდან საბჭოთა სოციალიზმის შექმნის რევერსი. არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ საბჭოთა სოციალიზმის დემონტაჟის შემდეგ რჩება კაპიტალისტური ფუნდამენტი. აქედან ერთი ნაბიჯია იქამდე, რომ საბჭოთა კავშირის კრახი ისტორიის უკუსვლად წარმოჩინდეს. საბჭოთა სისტემიდან კაპიტალიზმზე ტრანსფორმაციის პერიოდი მოიცავს დეკომუნისტიზაცია - დესოვეტიზაციას და საბაზრო ეკონომიკის რესტავრაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნას.
კრებულის ერთ-ერთ სტატიაში გაკეთებულია აქცენტები საკუთრების ეკონომიკურ და იურიდიულ ასპექტებზე, როგორც მედლის ორ მხარეზე. ორიგინალურადაა წარმოდეგენილი საკუთრების ეკონომიკური და იურიდიული დატვირთვა, პირველ შემთხვევაში იგულისხმება წარმოების, საწარმოს რეალური ფუნქციონირება, მატერიალური დოვლათის წარმოება, განაწილება, გაცვლა და მოხმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში - საწარმოს ჩვეულებრივი პირის (პირთა ჯგუფის) კუთვნილება, გაფორმებული სამართლებრივი დოკუმენტით (გვ.276-290). საინტერესოდაა წარმოჩენილი დანაშაულის და სასჯელის ეკონომიკური ასპექტი და სხვ.
ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული, მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს იმ საკითხებიდან, რომელთა გაცნობაც მკითხველს შეუძლია კრებულში. პროფ. თ.ბერიძის ნაშრომთა კრებული სასარგებლო წიგნია, რომელიც წარმოადგენს დასაყრდენს საქართველოს ეკონომიკური სინამდვილის შეცნობისათვის, ამ გარემოში წარმატებული სამეცნიერო, პოლიტიკური, პროფესიული, კომერციული თუ საინვესტიციო საქმიანობისათვის.
მიხეილ ჯიბუტი
აკადემიკოსი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.