English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
პროფესორ გიორგი პაპავას თეორიული მემკვიდრეობა და ეკონომიკური მეცნიერების ზოგიერთი აქტუალური მეთოდოლოგიური პრობლემა

https://doi.org/10.52340/eab.2023.04.03

ჟურნალი N 4.2023

ნაშრომში განხილულია ცნობილი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ გიორგი პაპავას წვლილი ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში, მის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიის – „პერიოდანტულ-გენეტიკური, პოლიფონიური და მორფოლოგიური, ეკონომიკური აზროვნების წესის“ სახით. გაანალიზებულია ამ მეთოდოლოგიის შემადგენელი ელემენტები: სისტემურ-გენეტიკური კავშირები, პერიოდანტი, ეკონომიკის მორფოლოგია და ეკონომიკური პოლიფონია. აღნიშნულია, რომ მეცნიერმა ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შეძლო სამი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტა: შემოგვთავაზა თეორიული ეკონომიკის ევრისტიკული პოტენციალის სიღრმისეული დასაბუთება, რითაც აჩვენა მისი წამყვანი როლი ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაში; საფუძვლიანად გააკრიტიკა თანამედროვე „ეკონომიკსის“ ფუნდამენტური ნაკლოვანებები და ჩამოაყალიბა „ტრადიციული“ საბაზრო ეკონომიკის შერეულ ეკონომიკად ტრანსფორმირების პრინციპები და მიმართულებები.
სტატიაში წარმოჩენილია მეცნიერის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიის უნივერსალური ხასიათი, რომლის გამოყენებაც თანაბარი წარმატებითაა შესაძლებელი, როგორც მიკრო ასევე მაკროეკონომიკური ხასიათის კვლევებში.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პარალოგიზმები, პერიოდანტი, ეკონომიკის მორფოლოგია, ეკონომიკური პოლიფონია, სისტემურ-გენეტიკური მიდგომა, მეთოდოლოგიზმები, საბაზრო ეკონომიკა, შერეული ეკონომიკა, ეკონომიკის რეგულირება, ინდიკატური დაგეგმვა.


შესავალი

ეკონომიკური მეცნიერება დღეს ბევრი რთული და გადაუწყვეტელი პრობლემის „ტყვეობაშია“ მოქცეული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ავტორის მიერ დაწერილ „ეკონომიკსის“ სახელმძღვანელოებშიც აისახა. ეს კი, ბუნებრივია, უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის სწავლების პროცესზე.
ეკონომიკური მეცნიერებების სისტემის უმნიშვნელოვანესი ელემენტია თეორიული ეკონომიკა, რომელიც ამჟამად პარადიგმულ კრიზისს განიცდის, რაც უარყოფითად ზემოქმედებს ეკონომიკური მეცნიერებების მთელ სისტემაზე. ამიტომ, მისი ახალი, შექმნილი რეალობისადმი ადეკვატური მეთოდოლოგიის შექმნა პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით.
პროფესორი გიორგი პაპავა თვალსაჩინო ქართველი თეორიტიკოსი ეკონომისტია, რომელმაც შექმნა ეკონომიკური კვლევის ორიგინალური მეთოდოლოგია და მასზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ეკონომიკური მეცნიერების განვითარების რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულება. მის მიერ გაკეთებულ დასკვნებს ასევე აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც.
სტატია ეძღვნება გ. პაპავას მიერ შექმნილი ახალი მეთოდოლოგიის – „პერიოდანტულ-გენეტიკური, პოლიფონიური და მორფოლოგიური, ეკონომიკური აზროვნების წესის“ განხილვას. პირველ ნაწილში დახასიათებულია აღნიშნული მეთოდოლოგიის მთავარი პოსტულატები (ჩვენი ტერმინით – „მეთოდოლოგიზმები“) და პარადიგმები, მეორეში კი მათზე დაყრდნობით გადმოცემულია თანამედროვე ეკონომიკსის ფუნდამენტური ნაკლოვანების კრიტიკა. დასკვნით ნაწილში კი – დასაბუთებულია მეცნიერის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიის უნივერსალური ხასიათი.

1 სტატიას საფუძვლად  დაედო  ავტორის მიერ პროფ. გ.პაპავას დაბადებიდან 100 წლის- თავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული  მოხ- სენება. თსუ,2023,7-8 ოქტომბერი

პროფ. გიორგი პაპავას მეთოდოლოგიზმები და პარადიგმები

თეორიული ეკონომიკის შესწავლის საგანთან დაკავშირებით მეცნიერი გვთავაზობს შემდეგ მოსაზრებას:

  • პირველი მეთოდოლოგიზმი – თეორიული ეკონომიკა არის ეკონომიკური რეალობის კანონზომიერებათა შემსწავლელი მეცნიერება. ეკონომიკური რეალობა არის საგანი, მოვლენა, პროცესი, ოპერაცია, რომელიც არსებობს ან ხდება სინამდვილეში (Папава Г., 2009).
  • მეორე მეთოდოლოგიზმი ეხება ეკონომიკისა და ბიზნესის ურთიერთმიმართებას. ეკონომიკის განვითარება მიზანია, ამიტომ პირველადია ბიზნესთან მიმართებით. ბიზნესი არის მიზნის რეალიზების საშუალება (პაპავა გ., 2012). ამასთანავე, ეკონომიკა მიზანია და არა თვითმიზანი. თვითმიზანი ადამიანთა კეთილდღეობის უზრუნვეყოფაა. მისი მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ეკონომიკა ეფექტიანია, ხოლო ეფექტიანი ეკონომიკა ნიშნავს სოციალურად ჯანსაღ ეკონომიკას. ამასთან დაკავშირებით მეცნიერი იყენებს ცნებას „სოციალურად ჯანსაღი ეფექტიანობა“, რაც საკითხისადმი ორიგინალური მიდგომაა: ეკონომიკის ეფექტიანობისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებული დიქოტომიის ნაცვლად, იგი გვთავაზობს მათ სიმბიოზს, რაც სინერგიული ეფექტის შემცველია.
  • მესამე მეთოდოლოგიზმი. ეკონომიკა თვითორგანიზებადი სისტემაა, რომელიც ობიექტური ეკონომიკური კანონებით იმართება, თუმცა, ეს არ გამორიცხავს „ეკონომიკურ პროცესებში ადამიანის მიერ მაორგანიზებელი ფუნქციის შესრულებას“, რასაც იგი „ეკონომიკის მორფოლოგიას“ უწოდებს და ამ უკანასასკნელს განასხვავებს „ბუნების ქმნილების თვითორგანიზებადი მორფოლოგიისგან“ .
  • მეოთხე მეთოდოლოგიზმი. ეკონომიკის მორფოლოგია „საბაზრო ეკონომიკის ფართო სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კონტექსტით განხილვის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, საბაზრო ეკონომიკა ქვეყანაში დემოკრატიული წყობის ნიადაგის შექმნის და პლუტოკრატიის, ანუ თანამდებობის გამოყენებით, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული მცირე ჯგუფის მიერ სახელმწიფო მართვის პრაქტიკის გამომრიცხავ პირობად იქცევა“ (პაპავა გ., 2012).
  • მეხუთე მეთოდოლოგიზმი. საბაზრო ეკონომიკის სისტემა წარმოადგენს დადებითი და უარყოფითი თვისებების ერთობლიობას. ეკონომიკური მეცნიერების მთავარი ამოცანაა „ეკონომიკის მორფოლოგიის“ გამოყენებით „საბაზრო ეკონომიკის უარყოფითი თვისებების მინიმიზაცია და დადებითი თვისებების დამკვიდრება“ (პაპავა გ., 2012). შესაბამისად, იგი გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრის ორ გზას: პირველი – საბაზრო ეკონომიკის სოციალიზაცია და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის გამოყენებით, შერეულ ეკონომიკურ სისტემად მისი ტრანსფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ მეტ-ნაკლები სიმწვავით ეს პრობლემა დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში დგას. მეორე სახის ნაკლოვანებებს პროფ. გ.პაპავა არასისტემურ „მინარევებს“ უწოდებს, მის განმარტებას იგი არ გვთავაზობს, მაგრამ ანალიზის ლოგიკიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ იგულისხმება პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე საბაზრო ეკონომიკის „სხეულზე მიწებებული“ წინა – ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემისთვის დამახასიათებელი ფორმები, რომლებიც „მიმიკრიით“ ცდილობენ საკუთარი არსებობის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას (პაპავა ვ., 2010).

1 სიტყვა „მორფოლოგია“ ბერძნული წარმოშობისაა და ფართო გაგებით არის მოძ- ღვრება ფორმების შესახებ. მიჩნეულია, რომ ყველა ფორმა ერთი შინაარსის სახე- ცვლილებაა და ერთიანობა გამოიხატება ფორმების მრავალფეროვნებაში. მეცნიერი ამ კატეგორიას ეკონომიკასთან მიმართებით იყენებს.
2 „თვითორგანიზებად მორფოლოგიასა“ და „ეკონომიკის მორფოლოგიას“ შორის კავ- შირი არსებობს, რასაც გააჩნია ფილოსოფიური ასპექტი: „ბუნება თავად ქმნის ადა- მიანს, რომელიც თავისი ქცევით აყალიბებს და ცვლის ეკონომიკის მორფოლოგიურ აღნაგობას“ (პაპავა გ.,2012).

  • მეექვსე მეთოდოლოგიზმი. ორივე ამოცანის წარმატებით გადაწყვეტის აუცილებელი პირობაა ძლიერი ეკონომიკური თეორია, რომელიც შეძლებს „ამა თუ იმ პერიოდში რეალური ეკონომიკური სინამდვილის სწორ შეფასებას“. მისი არარსებობა კი „ბადებს შენიღბულ ეკონომიკურ რისკებს მოცემული ეკონომიკური სუბიექტის პრაქტიკაში“ (Папава Г., 2009).
  • მეშვიდე მეთოდოლოგიზმი. თანამედროვე „ეკონომიკსს“, მეცნიერის აზრით, არ შეუძლია არც ერთი ამ ამოცანის გადაჭრა იმ მიზეზით, რომ, პირველი, ის არ განიხილავს პოსტკომუნისტური გარდამავალი ეკონომიკის პრობლემებს და მეორე, მას ახასიათებს იმანენტური ხარვეზები, რის შესახებაც სტატიის მეორე ნაწილში გვექნება მსჯელობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფ. გ. პაპავას მთავარი მიზანია პრინციპულად განსხვავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობილი ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბება, რომლის ნაწილია, როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკის მორფოლოგია და პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომა. მათი ერთიანობა შესაძლებელს ხდის შემეცნების სისტემურ აღქმას.
  • მერვე მეთოდოლოგიზმი. პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომის აუცილებლობას პრაქტიკის მოთხოვნილებაც განაპირობებს: ეკონომიკური პოლიტიკა და მისგან გამომდინარე მმართველური გადაწყვეტილებები, დროის ყოველ მოცემულ პერიოდში, უნდა ემყარებოდეს წარსულში დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეცნიერის მეთოდოლოგიაში დრო განიხილება, როგორც უმნიშვნელოვანესი რესურსი და ამავე დროს – რესურსწარმომქნელი ფაქტორი.
  • მეცხრე მეთოდოლოგიზმი. დრო, მეცნიერის თეორიულ კონსტრუქციაში, რამდენიმე თვალსაზრისითაა განხილული. ფილოსოფიურად – დრო მატერიის არსებობის ფორმაა სივრცესთან ერთად. ასტრონომიული დრო მონაკვეთებად, ანუ პერიოდებად იყოფა. „პერიოდანტი“, მეცნიერის აზრით, „დროის ეკონომიკური უკუგებაა“, ანუ იგი აფიქსირებს დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში (დროის პერიოდში) განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგს. მაშასადამე, მეტი შედეგი არის ეკონომიკური პერიოდანტის უკუგების მეტი სიდიდე, ანუ, ჩვენი აზრით, პერიოდანტი შეიძლება განხილული იქნეს ეფექტიანობის მთავარ კრიტერიუმად.
  • მეათე მეთოდოლოგიზმი. პროფ. გ. პაპავას მეთოდოლოგიაში დროის პერიოდები უბრალოდ კი არ ცვლიან ერთმანეთს, არამედ გენეტიკურ ურთიერთკავშირში არიან მათში განხორციელებული თუ მიმდინარე პროცესების ურთიერთკავშირისა და ურთიერთგანპირობებულობიდან გამომდინარე. შესაბამისად, თეორიული ეკონომიკა ლოგიკური მიდგომის გამოყენებით, კანონებისა და კატეგორიების სისტემაში ასახავს ისტორიულ პროცესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდანტულ-გენეტიკური მიდგომა ლოგიკურისა და ისტორიულის ერთიანობას გულისხმობს.
  • მეთერთმეტე მეთოდოლოგიზმი. „ეკონომიკური პოლიფონია“ ახალი მეთოდოლოგიის ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია. მეცნიერის მიერ ის განმარტებულია, როგორც დამოუკიდებელი, კონკურენციაში მყოფი და ამავე დროს „მოთანამშრომლე ეკონომიკური სუბიექტების“ ჰარმონიული „მრავალხმიანობა“ („პოლიფონია“).
  • მეთორმეტე მეთოდოლოგიზმი. მრავალხმიანობის მიღწევა, როგორც წესი, დირიჟორის აუცილებლობას გულისხმობს. „დირიჟორი“ ამ შემთხვევაში სახელმწიფოა, „დირიჟორის ჯოხი“ ინდიკატური დაგეგმვაა. სახელმწიფოს „დირიჟორის ჯოხზე“ „ეკონომიკური სუბიექტები იმის მსგავსად რეაგირებენ, როგორც ორკესტრის მუსიკოსები – დირიჟო-რის ჯოხის მოძრაობაზე“ (Папава Г., 2009).
  • მეცამეტე მეთოდოლოგიზმი. ინდიკატური დაგეგმვა ქმნის მაკროეკონომიკურ გარემოს და ინტერესების მართვით, ყოველგვარი დირექტიული ჩარევისა და იძულების გარეშე, უზრუნველყოფს მეურნეობის სუბიექტების „შეკვრას“, ანუ „პოლიფონიას“ (წყარო იგივე). ამგვარად ეხმარება სახელმწიფოს „ხილული ხელი“ ბაზრის „უხილავ ხელს“ და შედეგად „ძლიერდება მოცემული ქვეყნის ფინანსური ენერგია. ხალხის („დემოსის“) და სახელმწიფოს ინტერესები, საბოლოო ანგარიშით, ემთხვევა ერთმანეთს“. ის ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაივლის „ნორმალიზებული“, „პოლიფონიური“ საბაზრო ეკონომიკის შექმნის გზას, მანათობელი შუქურა და ნამდვილი მისაბაძი მაგალითი იქნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის(Папава Г., 2009).

ასეთია პროფ. გ. პაპავას მიერ შექმნილი მეთოდოლოგიის მთავარი პრინციპები (მეთოდოლოგიზმები). აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, შესაძლებელია რამდენიმე ფუნდამენტური თეორიული დებულების (პარადიგმის) ჩამოყალიბება.

  • პარადიგმა პირველი. ეკონომიკურმა მეცნიერებამ უნდა მოახერხოს საბაზრო ეკონომიკის შერეულ ეკონომიკაში ტრანსფორმაციის მიმართულებების და გზების განსაზღვრა. შერეული ეკონომიკა არის „მაღალეფექტიანი, მორფოლოგიურად თავსებადი, სოციალურად ჯანსაღი ეკონომიკური სისტემა“, რომელშიაც თანაარსებობს და კონკურირებს საკუთრების სხვადასხვა ტიპი და ეკონომიკურ სუბიექტთა ინტერესი, რომლის ცენტრში დგას ადამიანის, როგორც მწარმოებლის და მომხმარებლის თავისუფლება, ბატონობს ადამიანის თვითრეალიზაციის თანაბარი შესაძლებლობების რეალობა. ყველა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო ამას საჭიროებს, სოციალურად დაცულია“ (Папава Г., 2009).

მეცნიერის ეს მოსაზრება პირდაპირაა მიმართული „თავისუფალი ბაზრის“ ლიბერალური და ლიბერტარიანული დოქტრინების წინააღმდეგ და უნისონშია ცნობილი სოციოლოგის კ. პოლანის მოსაზრებასთან: „ამ წიგნის (იგულისხმება მისი წიგნი – „დიდი ტრანსფორმაცია – ჩვენი დროის პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისები“, ე.მ.) მთავარი თეზისი ის გახლავთ, რომ თვითრეგულირებადი ბაზრის იდეა ცალსახად უტოპია იყო“ (პოლანი კ. 2021).
სწორედ თავისუფალი ბაზრის დოქტრინა მოგვევლინა პოსტკომუნისტური პერიოდის საქართველოში „ველური კაპიტალიზმის“ დამკვიდრების იდეოლოგიურ საფუძვლად, რასაც პროფ. გ. პაპავა მკაცრად აკრიტიკებს და ალტერნატივას გვთავაზობს საბაზრო ეკონომიკის გენეტიკური მანკიერებებისაგან თავისუფალი შერეული ეკონომიკის სახით.

  • პარადიგმა მეორე. რომელიმე ერთი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელის მეორე ქვეყანაში მექანიკურად გადატანა დაუშვებელია, ვინაიდან სხვა ეკონომიკურ ნიადაგზე შედეგები ხშირ შემთხვევაში შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს და „ზოგადად ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის გამოცდილების ბრმა და მექანიკური გაზიარება სოციალურ-ეკონომიკური რეფორმის განხორციელებაში იწვევს პარალოგიზმებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებისას“ (Папава Г., 2009).
  • პარადიგმა მესამე. ეკონომიკური გარდაქმნები უნდა მიმდინარეობდეს თანდათან, ევოლუციური გზით, მაგრამ თანმიმდევრულად. როგორც ჩანს, პროფ. გ. პაპავა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის გრადუალისტური გზის მომხრეა. იგი პირდაპირ არ მსჯელობს ამის შესახებ, მაგრამ „შოკური თერაპია“ მისთვის მიუღებელი იყო, რასაც ადასტურებს მისი შემდგომი პარადიგმა.

3 მსგავს მოსაზრებას გვთავაზობს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დ. როდრიკი: „ეკონომიკსი საზოგადოებრივი მეცნიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსალური, ყველა ეპოქისა და გარემოებისადმი მოდელის შექმნის მცდელობა უნაყოფო საქმიანობაა. მოდელი, ისევე როგორც თეორია, ვალიდურია მხოლოდ მოცემულ კონტექსტში“ ( Родрик Д. 2017).

  • პარადიგმა მეოთხე  – პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ეკონომიკური რეალობის შეცნობის საფუძველზე და „დაუშვებელია ეკონომიკისთვის პოლიტიკური ნების თავზე მოხვევა ნებისმიერი დიქტატის გზით“ (Папава Г., 2009).
  • პარადიგმა მეხუთე. საბაზრო ეკონომიკის „ნორმალიზება“, ანუ მისი გარკვეულ სოციალურ ჩარჩოში მოქცევა არის ეკონომიკურ ეფექტიანობასა და სოციალურ სამართლიანობას შორის წინააღმდეგობის წარმოქმნის პრევენცია და ეკონომიკური პროგრესის განხორციელების პირობა, არსებული ეკონომიკური სისტემისთვის სოციალური ზიანის მიყენების გარეშე (Папава Г., 2009).

განხილული მეთოდოლოგიზმებისა და პარადიგმების ერთობლიობა, ჩვენი აზრით, ნათლად წარმოაჩენს პროფ. გ.პაპავას მიერ ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის სიახლეს და უნივერსალურ ხასიათს, აჩვენებს თანამედროვე თეორიულ კვლევებში მისი გამოყენების შესაძლებლობას და პერსპექტივას.

თანამედროვე ეკონომიკსის პრობლემები პროფ. გ. პაპავას ახალი მეთოდოლოგიის კუთხით

დღეს ეკონომისტთა დიდი ნაწილი თანხმდება მოსაზრებაში, რომ „ეკონომიკსი“, როგორც მეცნიერება და შესაბამისად, როგორც სასწავლო დიციპლინა, კრიზისში იმყოფება (პაპავა ვ. 2018, რეინერტი ე. 2019, მექვაბიშვილი ე. 2018 და სხვ.). თუმცა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ძირითადად კი – გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებამდე, ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრება არსებობდა.
ბუნებრივია, რომ აღნიშნული გარემოება არ დარჩენილა პროფ. გ. პაპავას ყურადღების მიღმა. ფორმისა და შინაარსის დიალექტიკაზე დაყრდნობით იგი მიიჩნევს, რომ თეორიული ეკონომიკური კვლევა შინაარსზე, ხოლო ემპირიული ანალიზი – ფორმებზე უნდა იყოს კონცენტრირებული. სწორედ ამ გზითაა მიღწევადი ეკონომიკური რეალობის მეცნიერული შემეცნება (Папава Г., 2009). სამწუხაროდ, თანამედროვე ეკონომიკსში ამგვარი მიდგომა მთლიანად იგნორირებულია და მასში ემპირიზმი მძლავრობს ანუ ფორმების ანალიზს ეთმობა მთელი ყურადღება და არა შინაარსისას. ფორმალიზმი, რომელიც ეკონომიკსისთვისაა დამახასიათებელი, განაპირობებს ამ მეცნიერების საკუთარ თავში ჩაკეტვას ანუ პროფ. გ.პაპავას სიტყვებით მის „აუტიზმით დაავადებას“, „კონკრეტული სამოქმედო არეალიდან იზოლირებულ აზროვნებას“ (პაპავა გ. 2012). მაშასადამე, ეკონომიკსი ნებაყოფლობით ამბობს უარს ფუნდმენტურობაზე, იმ დროს, როცა ეკონომიკურ პოლიტიკასა და „საბაზრო ტექნოლოგიას“ სწორედრომ თეორიული ეკონომიკური მეცნიერება სჭირდება.

4 მაგალითად, ნობელიანტ ეკონომისტი რ.ლუკასი წერდა: „დეპრესიის თავიდან აცილების საკვანძო ამოცანა გადაწყვეტილია ყველა შესაძლო შემთხვევისათვის“ (Lucas R. 2003). ფედ-ის ყოფილი თავმჯდომარე ბ. ბერნანკე სიტყვებით: „თანამედროვე თეორია და პოლიტიკა დღის წესრიგიდან ხსნის საქმიანი ციკლის პრობლემებს“ (Bernanke B. 2008) და სხვ.


ეკონომიკსის აღნიშნულ მეთოდოლოგიურ ხარვეზს თავისი ფილოსოფიური და ზოგადი თეორიულ-ეკონომიკური მიზეზი გააჩნია. პირველი, ის არის, რომ პოზიტივიზმის ფილოსოფიას ეფუძნება. ეს უკანასკნელი არა მარტო უარყოფს რეალობის შეცნობის შესაძლებლობას, არამედ საერთოდ მის არსებობას და ამით ის უარყოფს „მიზეზი-შედეგის“ მიმართების კვლევის შესაძლებლობას. რეალურ სინამდვილეში „სისტემა არის მისი შემადგენელი ელემენტების დეტერმინირებული გენეტიკური ჯაჭვი“ (პაპავა გ. 2012), რაც განსაზღვრავს „თვისებრივი შეცნობის მეთოდოლოგიის“ აუცილებლობას. ეს არაერთხელ ხაზგასმითაა მითითებული პროფ. გ. პაპავას ნაშრომებში.
ეკონომიკსის მეორე ფუნდამენტური ხარვეზი, როგორც აღვნიშნეთ, თეორიულ-ეკონომიკური შინაარსისაა: იგი თანმიმდევრულად მიჰყვება ვალრასის წონასწორობის თეორიას და პარეტოს ოპტიმუმის პრინციპს. ეს განაპირობებს ეკონომიკსში რაოდენობრივი ანალიზის პრევალირებას თვისებრივ ანალიზზე. მეცნიერი საფუძვლიანად აკრიტიკებს ასეთ მიდგომას და აღნიშნავს: „ისინი, ვინც ეკონომიკური რეალობის მხოლოდ რაოდენობრივ ასპექტს აქცევენ ყურადღებას და არ ან ვერ წვდებიან ეკონომიკურ არსში, ეკონომიკურ აზროვნებაში უშვებენ პარალოგიზმებს“ (Папава Г., 2012). მისი აზრით, პრინციპულად აუცილებელია, რომ ეკონომიკური რეალობის შეცნობა თვისებრივი ანალიზით დაიწყოს, რომლის გარეშეც რაოდენობრივი ანალიზი აზრს კარგავს: „მახასიათებელი თვისება (ნიშანი) თავისთავად მოკლებულია რაოდენობას... თვისებრიობის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს მისი მატარებლები ანუ რაოდენობა“ (წყარო იგივე). მაშასადამე, კვლევის სწორი მეთოდოლოგია გულისხმობს ეკონომიკური რეალობის ანალიზის დაწყებას თვისებრიობიდან და რაოდენობრივი ანალიზით გაგრძელებას.

5 აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ფრანგმა სტუდენტებმა ხუმრობის თემად აქციეს და „პოსტაუტისტური ეკონომიკსის“ მოძრაობა ჩამოაყალიბეს. ისინი მოითხოვდნენ, რომ უნივერსიტეტებში იდეოლოგიზირებული „ეკონომიკსი“ პლურალისტური ეკონომიკური აზროვნებით შეიცვალოს (რეინერტი, 2019).


ეკონომიკსის კიდევ ერთი ხარვეზი, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიური ნაკლოვანებიდან, მისი გადაჭარბებული მათემატიზაციაა, რომლის კრიტიკულ ანალიზს მეცნიერი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს: „მათემატიკური მეთოდები ეკონომიკაში ხშირად იფარგლება რაოდენობრივი ანალიზით, კმაყოფილდება სტატისტიკური მონაცემებით და არ ითვალისწინებს რაოდენობრიობის თვისებრიობაში გადასვლით განპირობებულ სიღრმისეულ თვისებრივ ძვრებს“ (Папава Г., 2009). და შემდეგ: „ვფიქრობთ შესაძლებელია ქიმიის, ფიზიკის და ა.შ. მათემატიზაცია, მაგრამ ეკონომიკური აზროვნების მათემატიზაცია დაუშვებელია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკონომიკას საქმე აქვს ადამიანებთან, რომლებიც რეაგირებენ არა მათემატიკურ მონაცემებზე, არამედ ხარისხობრივ ეკონომიკურ შედეგებზე. ეს უკანასკნელი ექვემდებარება ხარისხობრივ (თვისებრივ) ანალიზს და არა მათემატიკურ წესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ნორმატიულ ანუ ზედაპირულ დისკრიპციულ იმიტაციურ მოდელირებას, რომლებიც ახდენენ ეკონომიკური რეალობის თვისებების იგნორირებას“ (წყარო იგივე).
ჩვენი აზრით, მოცემული კრიტიკის სისწორეს ადასტურებს მისი სრული თანხვედრა მრავალი ქართველი და უცხოელი მეცნიერის პოზიციასთან. ასე მაგალითად: აკად. ვლ. პაპავა აღნიშნავს, რომ ეკონომიკური სინამდვილის კვლევის „მხოლოდ მათემატიკით შემოფარგვლა ავიწროებს სინამდვილის მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ასახვის შესაძლებლობას“ (პაპავა ვლ. 2018). თანამედროვე ეკონომიკსის საფუძვლიან კრიტიკას გვთავაზობს პროფ. პ. ლეიაშვილი: „მთელი XX საუკუნე აღბეჭდილი იყო მათემატიკური მეთოდების დომინირებით ეკონომიკურ მეცნიერებაში. ისიც ცხადი ხდება, რომ, თუმცა ეკონომიკურ თეორიაში ბევრი საინტერესო რამ იქნა აღმოჩენილი მათემატიკის მეშვეობით (და ალბათ, კიდევ იქნება), მაგრამ, არსებითად, ამ ეტაპზე ამ მიმართულებამ უკვე ამოწურა თავისი შესაძლებლობები, შეიმჩნევა „ადგილზე ტკეპნა“ და ვერ ხერხდება გარღვევა თეორიაში, რისი აუცილებლობაც დიდი ხანია მომწიფდა“ (ლეიაშვილი პ., 2002). მისივე აზრით, „ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება ვერ უზრუნველყოფს „წმინდა“ თეორიისაგან დამოუკიდებლად ჭეშმარიტებასთან მიახლოებას და რეალობის სწორ ასახვას“ (წყარო იგივე). ცნობილი ნორვეგიელი ეკონომისტი ე. რეინერტი ასევე მკაცრად აკრიტიკებს თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების გადაჭარბებულ მათემატიზაციას და წერს: „თანამედროვე „ეკონომიკსი“ ავადაა... ეკონომისტებმა ეს საგანი გადააქციეს ერთგვარ სოციალურ მათემატიკად (ხაზგასმა ჩვენია – ე.მ.), სადაც ანალიტიკური სიზუსტე ყველაფერია, ხოლო ემპირიული რელევანტურობა არაფერი. თუკი საკითხს ფორმალური მოდელირების კუთხით ვერ განიხილავ, მაშინ მისი ინტელექტუალურ ქვესკნელში გადამისამართება მოგიწევს“ (რეინერტი, 2019). დ. როდრიკის აზრით, „ზედმეტი ფორმალიზაცია – მათემატიკა მათემატიკის გულისთვის – ეკონომიკაში ძალიან ხშირად გვხვდება“ და „მათემატიკა ეკონომიკურ მეცნიერებას, მართალია, სიზუსტეს ანიჭებს, მაგრამ, საუბედუროდ, იმავე დროს ის მას უსიცოცხლო წარმონაქმნად აქცევს“ (Родрик Д., 2017). აღნიშნულიდან გამომდინარე, „მოდელები (იგულისხმება ეკონომეტრიკული მოდელები – ე.მ.) ეკონომიკსის ძალაცაა და მისი „აქილევსის ქუსლიც“ (წყარო იგივე). შვედი ეკონომისტი პ. სიოდერბაუმი წერს: „ხშირ შემთხვევაში რაოდენობა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ მცდარია ის იდეა, რომ ანალიზი ოდენ მათემატიკური წარმოდგენებით შეიზღუდოს, ხოლო განსჯისა და გაგების სხვა გზებს მეორეხარისხოვანი ან პერიფერიული როლი მიენიჭოს“(Söderbaum P., 2021).
ეკონომიკური მეცნიერების „მათემატიზაციის“ კრიტიკასთან ერთად, პროფ. გ. პაპავა არ უარყოფს ეკონომიკურ კვლევაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობას. პირიქით, იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გზითაა შესაძლებელი ეკონომიკური მეცნიერების „მკაცრი ლოგიკური სიმწყობრე“ და ზუსტ მეცნიერებებთან მისი დაახლოვება.
აქ მსჯელობა მხოლოდ იმაზეა, რომ მათემატიკა არ გამოდგება, რაიმე თვალსაზრისით, ეკონომიკური მეცნიერების მეთოდოლოგიურ საფუძვლად და ეკონომიკურ კვლევაში მან მხოლოდ ინსტრუმენტალური ფუნქცია უნდა შეასრულოს.

დასკვნა

თვალსაჩინო ქართველმა ეკონომისტ-თეორეტიკოსმა, პროფესორმა გიორგი პაპავამ შექმნა მეცნიერული კვლევის ორიგინალური მეთოდოლოგია – „პერიოდანტულ-გენეტიკური, პოლიფონიური და მორფოლოგიური, ეკონომიკური აზროვნების წესი“, რომელიც ეკონომიკური რეალობის შეცნობის, ანუ ეკონომიკის ფუნქციონირების სისტემური კანონზომიერებების შესწავლის („ანალიტიკური აღქმის“) ქმედუნარიანი ინსტრუმენტია.
აღნიშნულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით:
მან საფუძვლიანად დაასაბუთა თეორიული ეკონომიკის ევრისტიკული პოტენციალი საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე;
არგუმენტირებულად გააკრიტიკა თანამედროვე „ეკონომიკსი“, აჩვენა რა მისი სისტემური ხარვეზები და ზოგადფილოსოფიური პრობლემის – ფორმა-შინაარსის ურთიერთკავშირის ეკონომიკურ მეცნიერებასთან მისადაგებით, ჩამოაყალიბა მათი დაძლევის მიმართულებები;
შეიმუშავა საბაზრო ეკონომიკის შერეულ ეკონომიკად ტრანსფორმირების თეორიული პოსტულატები და დასახა მათი პრაქტიკული რეალიზების გზები „საბაზრო ტექნოლოგიის“ გამოყენების საშუალებით, რითაც შექმნა „ეკონომიკური პარალოგიზმების“, ანუ თეორიულ აზროვნებასა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში, უნებლიე შეცდომების დაშვების თავიდან აცილების შესაძლებლობა.
პროფ. გ.პაპავას მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია უნივერსლურია იმ თვალსაზრისით, რომ, პირველი – შესაძლებელია მისი თანაბრად გამოყენება, როგორც მიკრო, ასევე მაკროეკონომიკურ ანალიზში და მეორე მას შეუძლია წარმატებით ჩააბაროს გამოცდა ყველაზე „მკაცრ და ულმობელ გამომცდელს“ – დროს!


ლიტერატურა:
პაპავა გ. (2012). მორფოლოგიური მიდგომა ეკონომიკური რეალობის მიმართ. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი.
პაპავა ვლ. (2010). ნეკროეკონომიკის ზომბირება. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი.
Папава Г. (2009). методология познания реалий смешанной рыночной экономики и паралогизмы. Стокгольм CA&CC Press.
პაპავა გ. (2011). ეკონომიკის საბაზრო ტექნოლოგია. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა თბილისი.
პოლანი კ. (2021). დიდი ტრანსფორმაცია: ჩვენი დროის პოლიტიკური და ეკონომიკური საწყისები. საქართველოში „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ გამოცემა.
პაპავა ვ. (2018). ეკონომიკური მეცნიერების კრიზისი და ახალი პარადიგმის ძიებისთვის. გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
რეინერტი ე. (2019). როგორ გამდიდრდნენ მდიდარი ქვეყნები და რატომ რჩებიან ქვეყნები ღარიბებად. საზოგადოების კვლევის ცენტრის და „კავკასიური სახლის“ გამოცემა, თბილისი.
მექვაბიშვილი ე. (2018). ეკონომიკური კრიზისების თეორია თუ ეკონომიკური თეორიის კრიზისი? გლობალიზაცია და ბიზნესი, #6.
მექვაბიშვილი ე. (2016). გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი და ეკონომიკური თეორიის „პროგნოსტიკული დისფუნქცია“: მითი თუ რეალობა? ეკონომიკა და ბიზნესი ტ.IX, #2.
მექვაბიშვილი ე. (2020). „რატომ ვერ შეძლეს ეკონომისტებმა გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის პროგნოზირება?“ ეკონომიკა და ბიზნესი ტ.XII, #3.
Кирман А., Коландер Д., Фешмер Г., Хаасс А., Годберг Х. и др. (2010). Финансовый кризис и провалы современной экономической науки. Вопросы Экономики №6.
Колодко Гж. (2010). Неолиберализм и мировой экономический кризис. Вопросы Экономики №3.
Lukas R.E. (2003). Macroekonomic Priorities. American Economic Review. 93, no.1, March.
Bernarke B. (2008). The Great Moderation. Remarks at the Meeting. Newsweek, 2008.
Newsweek.com/id/177447.
ლეიაშვილი პ. (2002). ეკონომიკური თეორია და პტაქტიკა გარდამავალ ეტაპზე. „აზრი“, თბილისი.
Родрик Д. (2017). Экономика решает: сила и слабость «мрачной» науки. Изд-во Инс-та Гайдара.
Söderbaum P. (2021). "The Challenge of Sustainable Development: From Technocracy to Democracy-Oriented Political Economics," Economic Thought, World Economics Association, vol. 10(1), pages 1-13, July.

References:
Papava G. (2012). morpologiuri midgoma ekonomikuri realobis mimart. [Morphological Approach to Economic Reality. TSU Paata Gugushvili Institute of Economics Publishing House, Tbilisi.] in Georgian
Papava V. (2010). nekroekonomikis zombireba. [ZOMBIE-ING OF THE NECROECONOMY. TSU Paata Gugushvili Institute of Economics Publishing House, Tbilisi.] in Georgian
Papava G. (2009). metodologiya ponimaniya realiy smeshannoy rynochnoy ekonomiki i paralogizmov. [Methodology for Understanding the Realities of a Mixed Market Economy and Paralogisms. Stockholm CA&CC Press.] in Russian
Papava G. (2011). ekonomikis sabazro teknologia. [Market Technology of the Economy. TSU Paata Gugushvili Institute of Economics Publishing House, Tbilisi.] in Georgian
Polanyi K. (2021). didi transpormatsia: chveni drois politikuri da ekonomikuri sawyisebi. [The Great Transformation: the Political and Economic Origins of our Time. Published by the Friedrich Ebert Foundation.] in Georgia.
Papava V. (2018). ekonomikuri metsnierebis krizisi da akhali paradigmis dziebistvis. [The Crisis of Economic Science and the Search for a New Paradigm. Globalization and Business, #6.] in Georgian
Reinert E. (2019). rogor gamdidrdnen mdidari kveqnebi…da ratom rchebian gharibi kveqnebi gharibebad. [How Rich Countries Got Rich... and Why Poor Countries Stay Poor. Published by the Society Research Center and "Caucasian House", Tbilisi.] in Georgian
Mekvabishvili E. (2018). ekonomikuri krizisis teoria tu ekonomikuri teoriis krizisi? [Theory of Economic Crises or Crisis of Economic Theory? Globalization and Business, #6.] in Georgian
Mekvabishvili E. (2016). globaluri pinansuri da ekonomikuri krizisi da ekonomikuri teoriis „prognozuli dispunktsia“: miti tu realoba? [The Global Financial and Economic Crisis and the "Prognostic Dysfunction" of Economic Theory: Myth or Reality? Economics and Business, Volume IX, #2.] in Georgian
Mekvabishvili E. (2020). „ratom ver shedzles ekonomistebma globaluri pinansur-ekonomikuri krizisis prognozireba? [“Why Did Economists Fail to Predict the Global Financial Crisis?”, Economics and Business Vol.XII, #3.] in Georgian
Kirman A., Kolander D., Feshmer G., Haass A., Godberg H., et al. (2010). Finansovy krizis i neudachi sovremennoy ekonomicheskoy nauki. [Financial Crisis and Failures of Modern Economic Science. Economic Issues No 6.] in Russian
Kolodko Gj. (2010). Neoliberalizm i globalny ekonomicheskiy krizis. [Neoliberalism and the Global Economic Crisis. Economic Issues No 6.] in Russian
Lukas R.E. (2003). Macroekonomic Priorities. American Economic Review. 93, no.1, March.
Bernarke B. (2008). The Great Moderation. Remarks at the Meeting. Newsweek, 2008. Newsweek.com/id/177447.
Leiashvili P. (2002). ekonomiuri teoria da taktika gardamaval periodshi [Economic Theory and Tactics in Transition Period. "Azri", Tbilisi.] in Georgian
Rodrik D. (2017). Ekonomika reshayet: sila i slabost «mrachnoy» nauki. [Economics Decides: the Strength and Weakness of “Dismal” Science. Gaidar Institute Publishing House.] in Russian
Söderbaum P. (2021). "The Challenge of Sustainable Development: From Technocracy to Democracy-Oriented Political Economics," Economic Thought, World Economics Association, vol. 10(1), pages 1-13, July.

Keywords: Economic paralogisms, Periodontism, Economic morphology, Economic polyphony, Systemic-genetic approach, Methodology, Market economy, Mixed economy, Regulation of economy, Indicative planning.
JEL Codes: B40, B41, H44, L51