ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვალერი არღუთაშვილი ∘ ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან დაცვის ახალი სამართლებრივი მექანიზმების გავლენა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზეჟურნალი N 3.2023
ტუროპერატორისა და ტურაგენტის გადახდისუუნარობისას არსებობს ტურისტის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების რეალური რისკი, რადგან გადახდისუუნარობამ შეიძლება გაართულოს ტურისტული პაკეტის განხორციელება და ამავდროულად, საფრთხე შეექმნას ტურისტის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. სამართლის მიზანია, პრევენციული მექანიზმების დადგენის გზით, დააბალანსოს ტურისტის, როგორც „სუსტი მხარის“ ინტერესები, ამ მიზნით ადგენს ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმს. მნიშვნელოვანია, შეფასდეს ამ რეგულაციების სავარაუდო გავლენა ტურიზმის ინდუსტრიაზე. ტურიზმი საქართველოში სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, ტუროპერატორებისთვის მოსალოდნელი ახალი ფინანსური ვალდებულებების დაწესების შედეგად, არსებობს მაღალი რისკი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესსუბიექტები ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, რის გამოც მათი ლიკვიდაციის საფრთხე ჩნდება. წინამდებარე კვლევის ფარგლებში შეფასებულია ტურისტული საწარმოების გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულების უზრუნველყოფის ახალი საშუალებები, რომელიც „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად განისაზღვრება მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი გავლენა საქართველოს ტურიზმის სექტორზე.
საკვანძო სიტყვები: ტურიზმი, ტუროპერატორი, ტურისტი, გადახდისუუნარობა, დაზღვევა, საბანკო გარანტია, ეკონომიკური შეფასება.
შესავალი
მოგზაურობა ტურისტისთვის ახალი თავგადასავლის, დასვენების, განახლებული ემოციების მიღების საშუალებაა, რაც მოგზაურობისადმი ტურისტის განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს. შესაძლებელია მოგზაურობა არ შედგეს ტურისტის ინიციატივით ან ჩაიშალოს მოგზაურობის მომწყობის ბრალეული მოქმედებით ან დაუძლეველი ძალის შედეგად. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფინანსური გარანტიების არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას. ტურისტი მომხმარებელია, სამართლებრივ ლიტერატურაში მას „სუსტ მხარედ“ მოიხსენიებენ, ვინაიდან ტურისტი სათანადო ცოდნისა და გამოცდილების არ ქონის გამო, მიმართავს კვალიფიციურ სუბიექტს მისი მოგზაურობის დასაგეგმად და იხდის შესაბამისი მომსახურების საფასურს. ტურისტი ტურისტულ საწარმოს (ტუროპერატორი, ტურაგენტი, კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი) ანდობს თავის ფინანსურ რესურსს და აქვს მოლოდინი, რომ მოგზაურობა შეთანხმებული პირობების შესაბამისად განხორციელდება.
„ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, დღეს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ურთიერთობების მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტებია. საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა საქართველოს კანონი „ტურიზმის შესახებ“ (კანონპროექტის N 07-3/328/10), რომლის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის ახალი საკანონმდებლო რეალობა დადგება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად ძალადაკარგულად გამოცხადდება ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ მე-11 თავი, რომელიც „ტურისტულ მომსახურებას“ არეგულირებს. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონი იქნება ერთიანი უნიფიცირებული დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ტურიზმთან დაკავშირებულ ყველა სამართლებრივ საკითხს. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მიღება განპირობებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებით - პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებისა და „ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის“.
„სამოგზაურო პაკეტების და მასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეთანხმებების შესახებ“ 2015 წლის 25 ნოემბერს მიღებული 2015/2302 დირექტივა დღეს ტურისტული პაკეტების მარეგულირებელ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს. ახალი დირექტივის მიღებით ტურისტის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია შიგა ბაზრის საჭიროებებთან, აღმოიფხვრა ყველა ის ხარვეზი, რომელიც წინა დირექტივის ფარგლებში არსებობდა (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Recital 2). ზემოაღნიშნული დირექტივით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვას ემსახურება „ტურიზმის შესახებ” საქართველოს კანონის მიღების ინიცირება. აღნიშნული ვალდებულებების შესრულებას ექნება პოზიტიური ეფექტი, კერძოდ ცვლილებები ხელს შეუწყობს უცხოელი ტურისტების მოზიდვას, საქართველო გახდება უფრო მეტად პოპულარული ტურისტული დანიშნულების ქვეყანა, ვინაიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების შედეგად ტურისტი უსაფრთხოდ იგრძნობს თავს საქართველოში, ამასთან, ტურისტულ საქმიანობას, როგორც ბიზნესსაქმიანობას, მეტად მდგრად ინსტიტუტად ჩამოაყალიბებს. თუმცა, ამ პროცესში ჩვენს ქვეყანას გარკვეული სირთულეები შეიძლება შეხვდეს. ახალი საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება და ახალ რეალობაზე გადასვლა ჩვენი ქვეყნის მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, არც თუ ისე უმტკივნეულო და მარტივი პროცესი იქნება, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში, საკითხისადმი ნაკლებ ინფორმირებულობა და მეორე მხრივ, ახალი დამატებითი ფინანსური ვალდებულებები, არასასურველ სიახლეს წარმოადგენს იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომლებიც ტურიზმის სექტორში საქმიანობენ.
წინამდებარე კვლევის მიზანია ტუროპერატორის გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულებების შესრულების ახალი სამართლებრივი მექანიზმების განხილვა, ასევე ზემოაღნიშნული ახალი ფინანსური ვალდებულებების, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი, საქართველოს ტურიზმის სექტორზე, ეკონომიკური გავლენის შეფასება.
მოგზაურობის მომწყობის ფინანსური ვალდებულებების წარმოშობის საფუძვლები
თანამედროვე ტურიზმი მსოფლიოს უდიდეს ინდუსტრიად მიიჩნევა, რაც გასაკვირი არ არის იმ პირობებში, როდესაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი არაერთი ქვეყნისთვის უმთავრესი ფინანსური შემოსავალია. თუ უძველეს დროში ადამიანები საკვების მოსაპოვებლად, მკაცრი კლიმატისგან თავის დასაღწევად ან უსაფრთხო ადგილზე დასასახლებლად მოგზაურობდნენ, დღეს ადამიანთა უმთავრეს მიზანს სიამოვნების მიღების სურვილი წარმოადგენს (Tarlow 2014, 1-2). არსებული რეალობის გათვალისწინებით, სრულიად შეიცვალა ტურისტის მოგზაურობასთან დაკავშირებული ინტერესი და მიზანი, რამაც განაპირობა ტურისტის უფლებების დაცვის სტანდარტებზე ინტენსიური მსჯელობა. მთავარია შეიქმნას სამართლებრივი გარანტიები, რომელიც დაეხმარება ტურისტს მისი უფლებების რეალიზაციაში.
ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, ტურისტი ვალდებულია მომსახურების სანაცვლოდ მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ზოგჯერ შესაძლოა მოგზაურობის მომწყობს ტურისტის მიმართ ფინანსური ვალდებულებაც წარმოეშვას, კერძოდ:
ა) ტურისტის მიერ მოგზაურობის დაწყებამდე მოგზაურობაზე უარის თქმისას;
ბ) მოგზაურობის ხარვეზის გამო ზიანის ანაზღაურებისას;
ბ) რეპატრიაციისას.
საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, ტურისტის ერთ-ერთ უფლებას წარმოადგენს მოგზაურობის დაწყებამდე ხელშეკრულებაზე უარის თქმა, რა დროსაც შეიძლება წარმოიშვას მოგზაურობის მომწყობის ფინანსური ვალდებულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 662). ტურისტული საწარმო ვალდებულია ტურისტს დაუბრუნოს გადახდილი მომსახურების საფასური, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ტურისტულ საწარმოს შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად. მნიშვნელოვანია, ტურისტს გააჩნდეს ფინანსური გარანტია იმისა, რომ მის მიერ გადახდილი თანხა, მისი უფლების რეალიზაციის შედეგად უკან იქნება დაბრუნებული. ამასთან, ტურისტს უფლება აქვს მოგზაურობის ხარვეზის გამო მოითხოვოს მოგზაურობის ღირებულების შემცირება იმ დროის გათვალისწინებით, რა დროის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 660). მოგზაურობის ხარვეზის გამო ტურისტს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება - როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური ზიანის სახით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 662).
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ტურისტის რეპატრიაციის შემთხვევას, კერძოდ, თუ მოგზაურობა არსებითად გაძნელდა ან წარმოიშობა სხვა საფრთხე, ან ტურისტს მიადგება ზიანი დაუძლეველი ძალის გამო, ხელშეკრულების თითოეულ მხარეს, მათ შორის მოგზაურობის მომწყობს, ეკისრება ტურისტის უკან მიყვანის დამატებითი ხარჯების ნახევარი.
ტურიზმის სექტორის განვითარება კუმულაციურად დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორის განვითარებაზე, მათ შორის, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, მომსახურე პერსონალის გადამზადებასა და სათანადო სამართლებრივი გარემოს შექმნაზე იმისათვის, რომ თითოეული ინდივიდის (ტურისტის) უფლება იქნეს სათანადოდ დაცული და რეალიზებული. სათანადო სამართლებრივი გარემოს შექმნა გამომდინარეობს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან. საქართველოს სახელმწიფოს „სამოგზაურო პაკეტების, დასვენებისა და ტურების პაკეტების შესახებ“ 90/314/EEC დირექტივის იმპლემენტაციის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტი ანულირებული იქნა 2015 წლის 25 ნოემბერს მიღებული 2015/2302 დირექტივით „სამოგზაურო პაკეტების და მასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეთანხმებების შესახებ“, რომელიც დღეს ტურისტული პაკეტების მარეგულირებელ მთავარ ევროპულ დოკუმენტს წარმოადგენს. ახალი დირექტივის მიღებით, ტურისტის უფლებების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა, რომელიც სრულად არის შესაბამისობაში შიგა ბაზრის საჭიროებებთან და აღმოიფხვრა ყველა ის ხარვეზი, რომელიც წინა დირექტივის ფარგლებში არსებობდა (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Recital 1 and 2).
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების მიზანია ახლებურად მოაწესრიგოს ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობები, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ევროკავშირის კანონმდებლობა, განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, ტურისტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, ასევე ტურისტის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას და მოგზაურობის მომწყობის გადახდისუუნარობისგან დაცვის საკითხებს („ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებითი ბარათი, 2-3).
ტურისტი - განსაკუთრებული დაცვის სუბიექტი
ტურისტი მომხმარებელია, მისი უფლებების დაცვა არა მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი რეგულაციებით, არამედ სპეციალური ნორმებით ხდება, რაც ტურისტის დაცვის სპეციფიკურობაზე და სპეციალური რეგულაციების დაცვის საჭიროებაზე მიგვანიშნებს. ხშირ შემთხვევაში, ტურისტი ისეთი სუბიექტია, რომელსაც საკმარისი ცოდნა და გამოცდილება არ გააჩნია, თავად დაგეგმოს ტურისტული პაკეტი, ამიტომ ის მიმართავს მოგზაურობის მომწყობ სუბიექტს მის ინტერესებზე მორგებული პაკეტის შესაძენად. აღსანიშნავია, რომ ტურისტული პაკეტი სხვადასხვა სერვისისგან შემდგარი მომსახურებაა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სამართლებრივ შეთანხმებას წარმოადგენს, თუმცა, ტურისტის ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისი სუბიექტის მიერ გაერთიანებულია ერთ ტურისტულ პაკეტში. ამ პაკეტის ორგანიზებისას მოგზაურობის მომწყობი ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ დეტალზე, რომელიც მომხმარებლისთვის შეიძლება შეუმჩნეველი იყოს, ვინაიდან ტურისტის მიზანს საბოლოო შედეგი - მოგზაურობისგან სიამოვნების მიღება წარმოადგენს. შესაბამისად, ტურისტსა და მოგზაურობის მომწყობს შორის ურთიერთობა განსაკუთრებულ ნდობას ეფუძნება, რაც ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ემსახურება, რაც თავის მხრივ, მომსახურების ხარისხს და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს მოიაზრებს. აღნიშნული ურთიერთობა, თავის მხრივ, იმ გარანტიასაც გულისხმობს, რომ ტურისტი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, შეძლებს თავისი უფლების რეალიზაციას და მიიღებს კონტრაჰენტისგან შესაბამის ფინანსურ კომპენსაციას. ამისათვის, ევროპული სამართალი და ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო, მიმართულია კანონმდებლობის დონეზე დაადგინოს მომხმარებლის დაცვის ეფექტიანი მექანიზმი მოგზაურობის მომწყობის გადახდისუუნარობისგან დაცვისათვის. უსაფრთხოების მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში, ტურისტს არ ექნება სამართლებრივი საშუალება თავი დაიცვას მოგზაურობის მომწყობის გადახდისუუნარობისგან (Faure, Weber 2013, 3). სრულიად მართებულად არის მიჩნეული, რომ ტუროპერატორი მზად უნდა იყოს შესაბამისი მოვალეობის შესასრულებლად, რაც მოიაზრებს როგორც საჭირო კვალიფიკაციას, ასევე ფინანსურ პასუხისმგებლობას (Bucholtz v Sirotkin Travel Ltd, 1973).
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური მიღწევების ეპოქაში ტურისტული პაკეტის შესყიდვა აქტიურად ხდება ინტერნეტის დახმარებით, შესაბამისად სუბიექტებს, რომლებიც ამ გზით შეიძენენ ტურისტულ მომსახურებებს “e-consumer”-ს უწოდებენ, რომლებიც იმავე უფლებებით სარგებლობენ, რომლითაც ზოგადად მომხმარებლები (Stevic, 2012).
მოგზაურობის მომწყობის გადახდისუუნარობა პოტენციური საფრთხის წყაროა მომხმარებლისთვის, ვინაიდან შესაძლებელია მის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას საფრთხე შეექმნას, მათ შორის - ტურისტული პაკეტის განხორციელებას. გადახდისუუნარობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მთელ ტურისტულ სექტორზეც, შესაბამისად შემუშავდა ფინანსური გარანტიის სხვადასხვა მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს მომხმარებლის, კერძოდ ტურისტის უფლებების დაცვა (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Recital 39). აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ სამართლებრივ სისტემაში, მომხმარებლის ინტერესების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მთავრობა ჩაერია მომხმარებელთა კომპენსაციის უზრუნველსაყოფად (Faure, Weber 2013, 1).
მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირის ქვეყნების სამომხმარებლო პოლიტიკის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორიც არის მომხმარებლის გაძლიერება პოზიტიური ასპექტით, მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდა რამდენიმე მიმართულებით: ფასი, ხარისხი, უსაფრთხოება და მომხმარებლის დაცვა რისკისა და საფრთხეებისგან, რაც აყალიბებს მომხმარებლის ნდობას (State, Baicu, Popescu 2014, 260).
ტურისტის დაცვის ევროპული სტანდარტები ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან
„მოგზაურობის, არდადეგებისა და ტურების პაკეტების შესახებ“ დირექტივის მე-7 მუხლი ითვალისწინებდა ტუროპერატორისა და ტურაგენტის ვალდებულებას საკმარისი უსაფრთხოების გარანტიების წარმოდგენის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა თანხის უკან დაბრუნების ან რეპატრიაციის საჭიროების შემთხვევაში კომპანიის გადახდისუუნარობის დადგენისას, ტურისტისთვის გარანტიების შექმნას (Directive 90/314/EEC “Package Travel, Holidays and Package Tours” Article 7).
„სამოგზაურო პაკეტებისა და მასთან დაკავშირებული სამოგზაურო შეთანხმებების შესახებ“ დირექტივის მე-17 მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათი ტერიტორიის ფარგლებში რეგისტრირებული ტუროპერატორების მიერ თანხის დაბრუნებისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Article 17). ამასთან, დირექტივა ითვალისწინებს ტუროპერატორის ვალდებულებას შეუსრულებელ მოთხოვნებთან მიმართებით, რომელიც გამომდინარეობს ტურისტული პაკეტიდან, კერძოდ თანხის დაბრუნება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ტურისტის მოთხოვნისთანავე, რაც ტურისტის ინტერესების რაც შეიძლება მცირე დროში დაკმაყოფილებას ემსახურება (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Article 11.5).
ამ პროცესის ეფექტიანობა დამოკიდებულია შესაბამის ქვეყანაში კანონმდებლობით რეგულირებულ სამართლებრივ მექანიზმებზე, მათ შორის იმაზეც, თუ რომელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები იქნება გამოყენებული. მოგზაურობის მომწყობის გადახდისუუნარობისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა დაზღვევა, თუმცა, სხვდასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში ასევე ვხვდებით სხვადასხვა ფონდებს (Faure, Weber 2013, 6).
ეკონომიკურ საქმიანობას თან ახლავს რისკი, ვინაიდან ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარეა მომხმარებელი, რომელიც ტურისტულ საწარმოსთან შედარებით, „სუსტ მხარედ“ მიიჩნევა (Goretti, 2018, 92). ევროპული სტანდარტები მიმართულია სუსტი მხარის ინტერესების დასაცავად შექმნას მაქსიმალურად ეფექტიანი მექანიზმები. ზოგადად, ტერმინი „მორალური რისკი“, რომელიც თან ახლავს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ მეწარმე სუბიექტს, აიძულებს რისკის შემქმნელს წვლილი შეიტანოს კომპენსაციის გადაწყვეტაში, ვინაიდან მას წვლილი აქვს შეტანილი რისკის წარმოშობაში (Faure, Weber 2013, 5). შესაბამისად, ტურისტული საწარმოსთვის, მსგავსად სხვა სუბიექტებისა, საქმიანობის ეტაპზე დამახასიათებელია ადამიანის ინტერესებისთვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი. ევროპული სტანდარტები მიმართულია ეფექტიანი მექანიზმებით მინიმუმამდე შეამციროს შესაბამისი რისკის წარმოშობა (Directive 2015/2302 “Package Travel and Linked Travel Arrangements, Recital 39). აღსანიშნავია, რომ ამგვარი რისკის წარმოშობის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მცირე და საშუალო ტურისტული სააგენტოების შემთხვევაში, როგორც წესი ისინი განიცდიან ფინანსებისა და ადამიანური რესურსების სიმცირეს, რაც მათ მოწყვლად ჯგუფებად აქცევს, შესაბამისად ისინი მუდმივად ფინანსური პრობლემების წარმოშობის საფრთხის ქვეშ არიან (Abdul-Wahab, Hussien, Mohamed 2020, 297).
ფინანსური რისკის ხუთ სახეობას გამოყოფენ - საკრედიტო რისკი, საბაზრო რისკი, ლიკვიდურობის რისკი, ოპერატიული რისკი და საქმიანი რეპუტაციის რისკი (Abdul-Wahab, Hussien, Mohamed 2020, 298-299). საკრედიტო რისკი განისაზღვრება როგორც „ალბათობა იმისა, კანონიერად აღსრულებადი შეთანხმება შეიძლება გახდეს გამოუსადეგარი (ან არსებითად შეიძლება შემცირდეს ღირებულება), თუ კონტრაჰენტი არღვევს ვალდებულებას და წყვეტს საქმიანობას“ (Abdul-Wahab, Hussien, Mohamed 2020, 298-299), შესაბამისად, ტურისტული საწარმოს საქმიანობის შეწყვეტის შედეგებისგან დაზღვევის მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტურისტის დაცვის მექანიზმები განისაზღვრა, მაგალითად, პოლონეთმა ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე განსაზღვრა ტურისტის მოგზაურობის მომწყობი სუბიექტის გადახდისუუნარობისგან დაცვის მექანიზმი. კერძოდ, ტუროპერატორი ვალდებულია ტურისტს წარუდგინოს დაზღვევა, რომელიც მოიცავს მოგზაურობის გაგრძელების ან მისი რეპატრიაციის ხარჯებს (როგორც მგზავრობა, ასევე განთავსება), ასევე ყველა სხვა ხარჯს დაკავშირებულს ტურისტულ მომსახურებასთან (Marak 2023, 29).
ტურიზმი ადამიანებისთვის მათი უფლებების რეალიზების ყველაზე ეფექტიან საშუალებად იქცა (United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD), Manual on Consumer Protection, 2016, 2.). შესაბამისად, ტურიზმის სექტორის პოპულარობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ეთიკური ქცევის სტანდარტების დაცვა. ტურიზმის ინდუსტრიაში ეთიკური ქცევა გულისხმობს შემდეგი კომპონენტების არსებობას: ზრუნვა, პასუხისმგებლობა, ალტრუიზმი, ჰუმანურობა, გრძელვადიან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა, კლიენტებთან მეგობრული ურთიერთობა, დაინტერესებული პირების პატივისცემა და სხვ (Marin-pantelescu, Tachicio, Capusneanu, Topor 2017, 36-48). ყოველივე აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია ტურისტს ჰქონდეს მოლოდინი, რომ მყარი პასუხისმგებლობის ინსტიტუტის ფარგლებში, მას ექნება შესაძლებლობა კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების არსებობისას მიიღოს კუთვნილი თანხა.
სხვადასხვა ქვეყნისთვის მიღებული პრაქტიკაა ფონდების არსებობა ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან ტურისტის დაცვის კუთხით. მაგალითისთვის, ნიდერლანდებში არსებობს „მოგზაურობის საკომპენსაციო ფონდი“. მოვაჭრეები, რომლებიც არიან ANVR-ის (Netherlands Travel Trade Association) წევრნი დაკავშირებულნი არიან ორ ფონდთან „კატასტროფის ფონდი“ და „მოგზაურობის საკომპენსაციო ფონდი“. „მოგზაურობის საკომპენსაციო ფონდი“ ფუნქციონირებს, ტუროპერატორისა და ტურაგენტის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად (Weber 2014, 151).
ევროპული სტანდარტები უცხო არ არის ავსტრალიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრს ქვეყანას არ წარმოადგენს, თუმცა გაზიარებულია ის სტანდარტი, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ფარგლებში არსებობს. ავსტრალიაში მოქმედებს ტურაგენტებისთვის სავალდებულო ლიცენზირების და ასევე, გადახდისუუნარობისგან დაცვის რეჟიმი. ამ ღონისძიებების მიზნია: ა) კომპეტენცია - მომხმარებლის დაცვა ტურაგენტის არაადეკვატური მომსახურებისგან; ბ) კომპენსაცია - კომპენსაციით უზრუნველყოფა ტურისტის მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში. ასევე, მოსალოდნელი გადახდისუუნარობისგან დაცვის მიზნით, ზედამხედველობის განხორციელება; გ) ხელმძღვანელობა - ბიზნესის ქცევის გაუმჯობესება ინდუსტრიაში დისციპლინური უფლებამოსილებების ნაწილში, რაც მინიჭებული აქვს შესაბამის სალიცენზიო ორგანოს (Review of Consumer Protection in the Travel and Travel Related Services Market 2010, V-VI).
ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან ტურისტის დაცვის ქართული სტანდარტი
ევროკავშირის ქვეყნებში, მომხმარებლის ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან დაცვის მიღებული პრაქტიკაა, ტურისტულმა საწარმომ წარმოადგინოს დაცვის ისეთი ეფექტიანი საშუალებები, როგორიც არის დაზღვევა და საბანკო გარანტია (Weber 2014, 151).
საქართველოს სახელმწიფომაც, ევროპული რეგულაციების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება გადაწყვიტა, კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრა, რომ ტუროპერატორის გადახდისუუნარობისგან დაცვის მიზნით შეიძლება გამოყენებული იქნეს დაზღვევა ან საბანკო გარანტია(„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი). ამასთან, ტურისტული პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი ვალდებულია - ტურისტს გადასცეს დაზღვევის ან საბანკო გარანტიის სერტიფიკატი, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სადაზღვევო კომპანია ან ფინანსური ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს ტურისტს თანხა პაკეტის მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ტუროპერატორის გადახდისუუნარობით. თავის მხრივ, უზრუნველყოფაში მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის გამცემი სუბიექტის მონაცემები, მათ შორის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და სხვა მონაცემები, რაც აუცილებელი იქნება უზრუნველყოფის გამოსაყენებლად.
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განსაზღვრავს, რომ გადახდისუუნაროდ მიიჩნევა ტუროპერატორი, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულებას/გადახდას, რაც შეუძლებელს ხდის ტურისტული მომსახურების შესრულებას (საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“, მუხლი 26.4).
საბანკო გარანტია კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაა, სადაც ბანკი, სადაზღვევო კომპანია ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია კისრულობს ვალდებულებას მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაკმაყოფილოს კრედიტორის მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ საბანკო გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, ეფექტიანი და ამავდროულად, ძვირ საშუალებად მიიჩნევა (ლიპარტია 2018, 22). შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების ეკონომიკური ეფექტის შეფასება ტურიზმის სექტორზე, კერძოდ იმ კუთხით, თუ რა რა ფინანსურ რისკებთან იქნება დაკავშირებული ტურისტული საწარმოებისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაწესება, როცა ცვლილებები ემსახურება განსაკუთრებულ მიზანს - მომხმარებლის (ტურისტის) ინტერესების დაკმაყოფილებას.
ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობისგან ტურისტის დაცვის მექანიზმის დადგენის მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი საქართველოს ტურიზმის ბაზარზე
ტურისტული საწარმოს გადახდისუუნარობა იწვევს რისკს, რაც ტურისტის ინტერესების დაკმაყოფილებას საფრთხეს უქმნის. ტურიზმის ინდუსტრია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის შედარებით ახალგაზრდა, თუმცა დინამიკურად მზარდი ინდუსტრიაა (Hedija 2017, 325). ახალი ფინანსური ვალდებულებების დაწესება საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის არაერთ სირთულესთანაა დაკავშირებული, თუმცა, არამხოლოდ მათთვის. ტურიზმი დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიაა და მისი განსაკუთრებული როლი ნათლად წარმოჩინდა კოვიდ პანდემიის პირობებში, ვინაიდან გადაადგილებასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, რამაც გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზე, დიდი ფინანსური დანაკარგი მოუტანა ბევრ ქვეყანას.
შესაბამისად, ახალი ფინანსური რეგულაციების დაწესება თითოეული ქვეყნისთვის მეტ-ნაკლებად გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. პრაქტიკიდან გამომდინარე, სირთულეს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის გაკოტრებამ შეიძლება გამოიწვიოს მასთან დაკავშირებული პარტნიორი, როგორიცაა ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები და გადამყვანი კომპანიების გაკოტრებაც. მაგალითად ცნობილმა ტურისტულმა კომპანიამ Thomas Cook-მა 2019 წელს გამოაცხადა თავი გადახდისუუნაროდ, ორი დღის შემდეგ კომპანიის 100%-ის მფლობელ პოლონურ ფილიალსაც (Neckermann Polska) მოუწია კომპანიის გადახდისუუნარობის გამოცხადება. მიუხედავად დამოუკიდებელი ფინანსებისა, კომპანიამ ვერ შეძლო სათაო კომპანიის გარეშე ფუნქციონირება. ასევე, ბრიტანეთის პრაქტიკის საფუძველზე არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება, როდესაც ტურისტული კომპანიის გადახდისუუნარობამ სხვა, მასთან დაკავშირებული სუბიექტების გაკოტრებაც გამოიწვია, მათ შორის საფრთხე სასტუმროს ინდუსტრიასაც შეეხო (Marak 2023, 27).
„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მიზანია განსაზღვროს ტურისტის დაცვის გარანტიები, კერძოდ, კანონპროექტში ჩადებული მექანიზმები მიმართულია თავიდან აიცილოს ტურისტული საწარმოების გადახდისუუნარობის შედეგად მომხმარებლის ინტერესების დაზიანება (საქართველოს კანონის პროექტის „ტურიზმის შესახებ“ განმარტებითი ბარათი, 2-3). ზოგადად, ტურისტული საწარმოების გადახდისუუნარობას ახასიათებს არსებითი ეკონომიკური რისკი ქვეყნის მასშტაბით, რაც გავლენას ახდენს სხვადასხვა სექტორსა და დაინტერესებულ მხარეებზე. მნიშვნელოვანია შეფასდეს რა რისკს შეიცავს კანონპროექტით შემოთავაზებული აღნიშნული მექანიზმები. ქვემოთ დახასიათებულია რამდენიმე პოტენციური ეკონომიკური რისკი:
ა) ეკონომიკური გავლენა ტურიზმის სექტორზე - ტურისტული საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტურიზმის ინდუსტრიაში და მათი გადახდის უუნარობის ფართო გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს ტურისტული აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც გავლენას მოახდენს სასტუმროებზე, ტურისტულ სააგენტოებზე, ტუროპერატორებსა და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტურისტების ჩამოსვლის შემცირება, და ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლის შემცირება.
ბ) უმუშევრობის ზრდა და შემოსავლების შემცირება - ტურისტული საწარმოების გადახდისუუნარობამ შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილების დაკარგვა დაზარალებულ საწარმოებსა და მათთან დაკავშირებულ სექტორებში. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს უმუშევრობის მაჩვენებლების ზრდას და შემოსავლის დაკარგვას იმ პირებისა და ოჯახებისთვის, რომელთა საარსებო წყაროს ტურიზმის ინდუსტრია წარმოადგენს.
გ) გავლენა მცირე ბიზნესსა და მომწოდებლებზე - ტურისტულ საწარმოებს ხშირად აქვთ კავშირები სხვადასხვა ადგილობრივ მომწოდებლებთან, რესტორნებთან, ტრანსპორტის პროვაიდერებსა და მცირე ბიზნესთან. მათმა გადახდისუუნარობამ შეიძლება გამოიწვიოს გადასახადების გადაუხდელობა ან დაგვიანება, რაც გავლენას მოახდენს ამ მცირე ერთეულების ფინანსურ სტაბილურობაზე.
დ) საბიუჯეტო შემოსავლების დაკარგვა - გადახდისუუნარობის გამო ტურიზმის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ტურიზმიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირება, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე.
ე) სავალუტო ზარალი - ტურიზმი არის საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო. თუ ტურისტული კომპანიები გადახდისუუნარობის წინაშე დადგებიან, ამან შეიძლება გამოიწვიოს უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირება, რაც გავლენას მოახდენს სავალუტო გაცვლით კურსზე (ლარი გაუფასურდება).
ვ) კრედიტორებისა და ფინანსური ინსტიტუტების რისკი - ფინანსური ინსტიტუტებს, რომლებმაც გასცეს სესხები ან კრედიტი ტურისტულ საწარმოებზე, გაეზრდებათ დეფოლტის რისკი და ზარალი, თუ ეს საწარმოები გადახდისუუნაროები გახდებიან, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფინანსური სექტორის მთლიან სტაბილურობაზე.
ზ) ნეგატიური წარმოდგენები და მომავალი ინვესტიციები - ტურიზმის სექტორში გადახდისუუნარობამ შეიძლება დააზიანოს ქვეყნის, როგორც ტურისტული ადგილის რეპუტაცია. პოტენციურმა ტურისტებმა შეიძლება აღიქვან ქვეყანა არასტაბილურად ან სარისკოდ, რაც გამოიწვევს სამომავლო ჯავშნებისა და ტურისტული ინვესტიციების შემცირებას.
გადახდისუუნარობისგან დაცვის მექანიზმების დადგენის მოსალოდნელი დადებითი გავლენის შეფასება
ევროპული სტანდარტების იმპლემენტაციას, რომელიც ტურისტულ საწარმოებს ავალდებულებს გააჩნდეთ ფინანსური უზრუნველყოფა (დეპოზიტი) გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ეკონომიკური ზემოქმედება. მოსალოდნელ დადებით ეფექტებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
ა) გაუმჯობესებული ფინანსური სტაბილურობა - ტურისტული საწარმოებისადმი ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნამ შეიძლება გააძლიეროს მათი ფინანსური სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს საწარმოების გაუთვალისწინებელი გარემოებების სამართავად სახსრების ხელმისაწვდომობას, ამცირებს გადახდისუუნარობის ალბათობას.
ბ) შემცირებული გადახდისუუნარობის რისკი - ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნამ შეიძლება გამოიწვიოს ტურიზმის სექტორში გადახდისუუნარობის შემცირება. საწარმოები, რომლებსაც აქვთ გამოყოფილი ადეკვატური სახსრები, უკეთეს მდგომარეობაში არიან თავიანთი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად, ასევე უკეთ შეუძლიათ გაუძლონ ეკონომიკურ ვარდნას ან შეფერხებებს, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები ან პანდემიები.
გ) მომხმარებელთა გაძლიერებული ნდობა - სავალდებულო ფინანსური უზრუნველყოფის არსებობას შეუძლია ტურისტებისა და მომხმარებლების ნდობა განამტკიცოს. იმის ცოდნამ, რომ მათი სახსრები ნაწილობრივ უზრუნველყოფილია დეპოზიტის საშუალებით, შეიძლება წაახალისოს ისინი დაჯავშნონ სერვისები უფრო მშვიდად, რაც პოტენციურად გაზრდის ჯავშნებს და მთლიან შემოსავალს.
დ) ინვესტიციების წახალისება - ტურიზმის ინდუსტრიაში გაზრდილი ფინანსური სტაბილურობის აღქმას შეუძლია მეტი ინვესტორის მოზიდვა. ინვესტორებმა შესაძლოა სექტორი ნაკლებად სარისკოდ მიიჩნიონ და, შესაბამისად, გაზარდოს მათი საინვესტიციო მზაობა/სურვილი, რაც გამოიწვევს ტურისტული კომპანიების ზრდას და გაფართოებას.
ე) კონკურენტული უპირატესობა შესაბამისი კომპანიებისთვის - ტურისტულმა კომპანიებმა, რომლებიც ინარჩუნებენ საჭირო დეპოზიტს, შეიძლება მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე, არაფორმალური სერვისების მიმწოდებლებთან შედარებით. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს უპირატესობა, რათა მოიზიდონ მომხმარებლები, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ ფინანსურ უსაფრთხოებას ტურისტული სერვისების არჩევისას.
გადახდისუუნარობისგან დაცვის მექანიზმების დადგენის მოსალოდნელი უარყოფითი გავლენის შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ინიციატივას აქვს განსაკუთრებული მიზანი, კერძოდ „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვისთვის დამცავი მექანიზმების შექმნა, ვინაიდან ტურისტი მასთან შედარებით ძლიერ მხარესთან აფორმებს ხელშეკრულებას, მნიშვნელოვანია შეფასდეს ის ეკონომიკური რისკი, რაც მოსალოდნელია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შედეგად.
ა) გამოწვევები მცირე ბიზნესისთვის - მცირე და განვითარებად ტურისტულ საწარმოებს შეიძლება შეექმნათ გამოწვევები საჭირო დეპოზიტის დაგროვებასა და შენარჩუნებაში. ამან შეიძლება შექმნას ახალი ბიზნესების ბაზარზე შესვლის ბარიერი, რაც პოტენციურად გამოიწვევს ბაზრის კონსოლიდაციას. ამ პროცესმა გრძელვადიან პერიოდში, თავის მხრივ, შეიძლება ხელი შეუშალოს ტურიზმის სფეროში ინოვაციებისა და ახალი იდეების განხორციელებას. ასევე, ხელს შეუშლის მცირე ზომის ტუროპერატორების მუშაობას ბაზარზე, რაც თავის მხრივ შემცირებს კონკურენციას და მეტ საბაზრო წილს დაუთმობს მსხვილ ტურისტულ კომპანიებს. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება უმუშევრობის დონეზე და ტურიზმის ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს ნაკლებ შესაძლებლობას შესთავაზებს.
ბ) ფულადი ნაკადების და ლიკვიდობის პრობლემები - დეპოზიტის მოთხოვნა აკავშირებს კომპანიის სახსრების ნაწილს, რაც პოტენციურად იმოქმედებს ფულადი სახსრების მოძრაობასა და ლიკვიდობაზე. კერძოდ, მცირე ბიზნესს შეიძლება გაუჭირდეს ლიკვიდობის საჭიროების დაბალანსება სავალდებულო დეპოზიტის მოთხოვნასთან.
გ) სამომხმარებლო ფასების პოტენციური ზრდა - სავალდებულო დეპოზიტის დასაკმაყოფილებლად ტურისტულმა კომპანიებმა შესაძლოა გაზარდონ ფასები მოგების მარჟის შესანარჩუნებლად. ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მაღალი ხარჯები მომხმარებლებისთვის, რაც პოტენციურად იმოქმედებს ტურისტულ მოთხოვნასა და კონკურენტუნარიანობაზე. ასევე შეამცირებს ამ კონკრეტული მიმართულებით ინვესტიციების მოცულობას, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის განვითარებაში უნდა აისახოს.
დ) რეგულაციებთან შესაბამისობის გამოწვევები - ტურისტულ საწარმოებს შეიძლება გაუჭირდეთ დეპოზიტის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოთხოვნების გაგება და ნავიგაცია, რაც პოტენციურად საჭიროებს დამატებით რესურსებს შესაბამისობისთვის. დეპოზიტის შექმნისა და მართვის პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს კომპანიების ადმინისტრაციული და შესაბამისობის ხარჯები. ამან შეიძლება მოითხოვოს ინვესტიციები ფინანსური მართვის სისტემებში და პოტენციურად იმოქმედოს მთლიან მომგებიანობაზე. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ამ კანონის აღსრულების კონტროლმა შესაძლოა გაზარდოს სახელმწიფო დანახარჯები, თანაც კონტროლის ეფეტქიანობაც ჯერჯერობით ბუნდოვანია.
ე) ჩრდილოვანი ტურიზმი - პროცესში შესაძლოა დამკვიდრდეს არალეგალური
პრაქტიკა, რომელიც კანონისთვის გვერდის ავლას შეეცდება, რაც თავის მხრივ, დააზარალებს ზოგადად ტურიზმის ინდუსტრიასა და ტუროპერატორებს.
ვ) უმუშევრობის გაზრდა - შესაძლოა გაზარდოს უმუშევრობის დონე, რადგან ახალმა და მცირე ზომის ტუროპერატორებმა ვერ გაუძლონ დიდი კომპანიების ზეწოლასა და კონკურენციას. ამას, თავის მხრივ, გავლენა ექნება იმ კომპანიებზე, რომლებიც ტუროპერატორებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებას სთავაზობენ.
დასკვნა
შიგა ბაზრის საჭიროებები განაპირობებს სამართლებრივი გარემოს განვითარებას. სწორედ ტურისტის, როგორც განსაკუთრებული დაცვის საჭიროების მქონე სუბიექტის საერთაშორისო დონეზე აღიარებამ, განაპირობა ტურისტული პაკეტთან დაკავშირებული სტანდარტების საერთაშორისო სპეციალური აქტებით განსაზღვრა. საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე არსებითია იმ ღირებულებების გაზიარება, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. შესაბამისად, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია შეუერთდეს საერთაშორისო რეგულაციებს და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტები შიგასახელმწიფოებრივ აქტებში ასახოს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი რეგულაციების, ასევე მათი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დადგენა.
ტურისტული საწარმოს (ტურაგენტი, ტუროპერატორი) გადახდისუუნარობისგან დაცვის ახალი სამართლებრივი რეგულაციები სწორედ ტურისტის დაცვის ინტერესს ემსახურება. საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვამ ცხადყო, რომ დაზღვევა, საბანკო გარანტია და ფონდების არსებობა, ტურისტის ფინანსური ინტერესების დაცვის ყველაზე ეფექტიანი საშუალებებია. საქართველოს სახელმწიფოს არჩევანიც სწორედ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების შედეგია, რათა გამოყენებულ იქნეს გადახდისუუნარობის დაცვის ფინანსურ გარანტიად დაზღვევა ან საბანკო გარანტია. წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილების სავარაუდო თანმდევი შედეგები (დადებითი და უარყოფითი), რომელიც გადახდისუუნარობის შედეგად დამდგარი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რეგულაციების დადგენის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის არის მოსალოდნელი. მიუხედავად, იმისა, რომ კვლევაში წარმოდგენილი რამდენიმე გარემოება უარყოფითად შეფასდა, როგორც მოსალოდნელი ეფექტი, სრულად უნდა იქნეს გაზიარებული ზემოაღნიშნული რეგულაციების მიღების მიზნის პრიორიტეტულობა - დაცულ იქნეს, ტურისტი, როგორც „სუსტი მხარე“ ფინანსური ზიანისგან.
ლიტერატურა:
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
• “ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/
• საქართველოს კანონი “ტურიზმის შესახებ“ (პროექტი) განმარტებითი ბარათი, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/
• ლიპარტია ნ. (2018). საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნის მართვა და მისი სამართლებრივი შედეგები.
• „On Package Travel and Linked Travel Arrangements” Directive (EU) 2015/2302 of 25 November 2015.
• “Package Travel, Holidays and Package Tours” Directive (EU) 90/314/EEC of June 13, 1990.
• Tarlow E. P. (2014). Tourism Security: Strategies for Effectively Managing Travel Risk and Safety. Elsevier.
• Faure M., Weber F. (2013). Security Mechanisms for Insolvencies in the Package travel Sector: An Economic Analysis, Journal of Consumer Policy.
• Marak K. (2023). Financial Securities for Tour Operators in Case of Insolvency Resulting from the Directive 2015/2302 of the European Parliament and of the Council Which are in Force in Poland. Eurasian Journal of Social Sciences, 11(1).
• Marin-pantelescu A. Tachicio L. Capusneanu S. and Topor D. I. (2019). Role of Tour Operators and Travel Agencies in Promoting Sustainable Tourism, Amfiteatru Economic, 21 (52).
• Abdul-Wahab EI-sisi S. Hussien Abdelkafy J. and Mohamed Soliman D. (2020). Study the Financial Risks Facing Small and Medium-Sized Travel Agencies in Egypt: An Exploratory Study. Vol. 9. Issue N 2. IAJFTH.
• Weber F. (2014). The Law and Economics of Enforcing European Consumer Law (A Comparative Analysis of Package Travel and Misleading Advertising, Markets and The Law.
• State o. Baicu Gabriela C. Popescu D. (2014) The Responsibility of Organisations Towards Customers. Case Study – Romanian Travel Agencies. The Amfiteatru Economic Journal. Vol. 16. Issue 35.
• Hedija V. (2017). Financial Health of Travel Agencies and Tour Operators in the Czech Republic: Evidence from Bankruptcy Models. Conference: 4th International Multidisciplinary Scientific Conference on Social Sciences & Arts SGEM 2017, Vol 4.
• Goretti M. Lima S. (2018) Traveller Vulnerability in the Context of Travel and Tourism Contracts (A Comparison of Brazilian and EU Law), Springer, Brazil.
• Review of Consumer Protection in the Travel and Travel Related Services Market, Prepared for the Department of the Treasure, on Behalf of the Standing Committee of Officials of Consumer Affairs, November 2010.
• Stevic I. Stevic R. S. (2012). Challenges for the Survival of Travel Agencies Due to New Tendencies on the Tourism Market, Conference Paper – 6th World Conference for Graduate Research in Tourism, Hospitality and Leisure. https://www.researchgate.net/publication/283318319_Challenges_for_the_survival_of_travel_agencies_due_to_new_tendencies_on_the_tourism_market#:~:text=Travel%20agencies%20are%20being%20increasingly,for%20users%20of%20tourism%20services. / ბოლო ნახვა 5 სექტემბერი, 2023/
• Bucholtz v. Sirotkin Travel Ltd., 74 Misc. 2d 180, 343 N.Y.S.2d 438 (N.Y. Dist. Ct. 1973).
• United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD), Manual on Consumer Protection (2016).
References:
• sakartvelos samokalako kodeksi. [Civil Code of Georgia.] in Georgian
• sakartvelos kanoni „turizmis shesakheb“ (proekt’i). [Law of Georgia "On Tourism" (draft).] in Georgian
• Lipartia n. (2018). sabanko garantiis sapudzvelze benepitsiaris motkhovnis martva da misi samartlebrivi shedegebi. [Management of the beneficiary's claim based on the bank guarantee and its legal consequences.] in Georgian
• „On Package Travel and Linked Travel Arrangements” Directive (EU) 2015/2302 of 25 November 2015.
• “Package Travel, Holidays and Package Tours” Directive (EU) 90/314/EEC of June 13, 1990.
• Tarlow E. P. (2014). Tourism Security: Strategies for Effectively Managing Travel Risk and Safety. Elsevier.
• Faure M., Weber F. (2013). Security Mechanisms for Insolvencies in the Package travel Sector: An Economic Analysis, Journal of Consumer Policy.
• Marak K. (2023). Financial Securities for Tour Operators in Case of Insolvency Resulting from the Directive 2015/2302 of the European Parliament and of the Council Which are in Force in Poland. Eurasian Journal of Social Sciences, 11(1).
• Marin-pantelescu A. Tachicio L. Capusneanu S. and Topor D. I. (2019). Role of Tour Operators and Travel Agencies in Promoting Sustainable Tourism, Amfiteatru Economic, 21 (52).
• Abdul-Wahab EI-sisi S. Hussien Abdelkafy J. and Mohamed Soliman D. (2020). Study the Financial Risks Facing Small and Medium-Sized Travel Agencies in Egypt: An Exploratory Study. Vol. 9. Issue N 2. IAJFTH.
• Weber F. (2014). The Law and Economics of Enforcing European Consumer Law (A Comparative Analysis of Package Travel and Misleading Advertising, Markets and The Law.
• State o. Baicu Gabriela C. Popescu D. (2014) The Responsibility of Organisations Towards Customers. Case Study – Romanian Travel Agencies. The Amfiteatru Economic Journal. Vol. 16. Issue 35.
• Hedija V. (2017). Financial Health of Travel Agencies and Tour Operators in the Czech Republic: Evidence from Bankruptcy Models. Conference: 4th International Multidisciplinary Scientific Conference on Social Sciences & Arts SGEM 2017, Vol 4.
• Review of Consumer Protection in the Travel and Travel Related Services Market, Prepared for the Department of the Treasure, on Behalf of the Standing Committee of Officials of Consumer Affairs, November 2010.
• Stevic I. Stevic R. S. (2012). Challenges for the Survival of Travel Agencies Due to New Tendencies on the Tourism Market, Conference Paper – 6th World Conference for Graduate Research in Tourism, Hospitality and Leisure. https://www.researchgate.net/publication/283318319_Challenges_for_the_survival_of_travel_agencies_due_to_new_tendencies_on_the_tourism_market#:~:text=Travel%20agencies%20are%20being%20increasingly,for%20users%20of%20tourism%20services. / last seen 25 October, 2023/
• Bucholtz v. Sirotkin Travel Ltd., 74 Misc. 2d 180, 343 N.Y.S.2d 438 (N.Y. Dist. Ct. 1973).
Keywords: Tourism, tour operator, tourist, insolvency, insurance, bank guarantee, economic assessment.
JEL Codes: L82, L83, L89