ჟურნალი ნომერი 3 ∘ ეკა გეგეშიძე ∘ ქეთევან ლომინეიშვილი ∘ ინოვაციების გენერირებისა და წარმატებული კომერციალიზაციის მიდგომა განვითარებადი ბაზრებისთვის (საქართველოს მაგალითზე)ჟურნალი N 3.2023
თანამედროვე საზოგადოებაში ინოვაციების როლი ყოველდღიურად იზრდება. ინოვაციები, თავის მხრივ, ექსპერიმენტებს, ცდისა და შეცდომის მეთოდის მუდმივ გამოყენებას ეფუძნება. სტატიაში გაანალიზებულია ექსპერიმენტის მნიშვნელობა სხვადასხვა მოდელის საფუძველზე.
ინოვაციების ნამდვილი ღირებულება კომერციალიზაციით იქმნება (Schendel & Hill / 2007). ნაშრომში წარმოდგენილია ინოვაციების კომერციალიზაციის ინსტრუმენტები, მეთოდები და მოდელები.
სტატიაში ასევე დეტალურადაა განხილული ინოვაციების წარმატებული კომერციალიზაციის ინსტრუმენტები აშშ-სა და ჩინეთის მაგალითზე.
ნაშრომში განხილულია ინოვაციების კომერციალიზაციის ოლეფირენკო & შევლიუგას (2017) სამეტაპიანი მოდელი, კალდველის (2019) „რვა საფეხური ინოვაციების კომერციალიზაციისთვის“, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგების სფეროში ინოვაციების კომერციალიზაციის ხუთეტაპიანი მოდელი.
სტატიაში გაანალიზებულია ავტორების მიერ საქართველოს ტყავის ინდუსტრიაში ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის შედეგები, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტყავის ინდუსტრიაში ჩართული მეწარმე-სუბიექტების ინოვაციურ აქტივობაში ჩართულობის მაჩვენებლის დადგენა, მათი მზაობის დონის შეფასება ინოვაციური პოცესების სამართავად; ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის დონის განსაზღვრა, ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების დადგენა, ძირითადი ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორების გამოვლენა.
ნაშრომი სრულდება ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიღებული დასკვნებითა და რეკომენდაციებით.
საკვანძო სიტყვები: ინოვაციები, ინოვაციების გენერირება, ექსპერიმენტები, კომერციალიზაცია, ინოვაციების კომერციალიზაცია.
შესავალი
ინოვაციები ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. ინოვაციების დანერგვა, ფაქტობრივად, ყველა სფეროში სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება; დღესდღეობით კომპანიის არსებობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, თუ ისინი საკმარისად ინოვაციურები არ იქნებიან და ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესს წარმატებით ვერ წარმართავენ.
თანამედროვე საზოგადოება ვითარდება ინოვაციების საფუძველზე, რაც ტექნოლოგიურ რევოლუციებს იწვევს, ხოლო ექსპერიმენტები კრეატიულობისა და ინოვაციების მთავარი ფაქტორია. ექსპერიმენტები ინოვაციების აუცილებელი პირობაა. მზარდი, ევოლუციური ტიპის ინოვაციაც ექსპერიმენტების შედეგად მიიღწევა. უმთავრესი ცდისა და შეცდომის მეთოდის მუდმივი, პერმანენტული გამოყენებაა. სტატიაში წარმოდგენილი მოდელები ექსპერიმენტების მნიშვნელობას გამოკვეთს და ინოვაციური პროცესების წარმატებით სამართავად ცდისა და შეცდომის მეთოდის მუდმივი გამოყენების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
გარემოსთან ადაპტაციისა და ცვლილებების განხორციელების უნარი
გადამწყვეტია ორგანიზაციის არსებობის შენარჩუნებისათვის. თანამედროვე სამყაროში კომერციალიზაცია ორგანიზაციისთვის როგორც გადარჩენის, ასევე ბაზარზე წარმატების მოპოვების საშუალებაა. ინოვაციების კომერციალიზაცია გულისხმობს მეცნიერული აღმოჩენებისა და გამოგონებების საბაზრო პროდუქტებად და სერვისებად გადაქცევის პროცესს (Mohannak & Samtani, 2014). „მეცნიერების კომერციალიზაცია - ეს არის მეცნიერული კვლევის შედეგად მიღებული პროდუქტის ბაზარზე გატანის და მისგან დამატებული ღირებულების ე.წ. add-value-ს მიღების პროცესი“ (გეგეშიძე 2020, 50).
ორგანიზაციები ახალი პროდუქტის - საქონლისა და სერვისის კომერციალიზაციის გზით შემოსავალს, ფინანსურ სარგებელს იღებენ, ინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე და ყველაზე წარმატებული ფირმები კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებასაც ახერხებენ.
ექსპერიმენტები, როგორც ინოვაციების საფუძველი
ინოვაციების საფუძველი ექსპერმინეტები, ცდისა და შეცდომის მეთოდის მუდმივი გამოყენებაა. ექსპერიმენტების შედეგად მიირება ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა; ექსპერიმენტი ამცირებს გაურკვევლობის დონეს; საარელაინენიმ, 2018 წელს, ნაშრომში - „რატომ არ არსებობს ინოვაცია ექსპერიმენტების გარეშე“ (“Why there’s no innovation without experimentation”) შემოგვთავზა ექპერიმენტების და დროის გავლენა ინოვაციაზე, რომლის მიხედვით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ ექსპერიმენტების და დაგეგმვის საფუძველზე გაურკვევლობა მცირდება (Saarelainen / 2018).
ექსპერიმენტის გავლენა
ექსპერიმენტებს მოაქვს ხელშესახები შედეგები ბიზნესპროცესების საწყისი ეტაპიდანვე, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ოპერაციების მიმართულების ცვლილების სწრაფად განხორციელება დიდი დანახარჯების გარეშე. შესაბამისად, რაც უფრო ადრე დაიწყებენ ორგანიზაციები ექსპერიმენტებს და მათ საფუძველზე ინფორმაციის შეგროვებას, მით უფრო სწრაფად შეეძლებათ შეამცირონ გაურკვევლობის დონე და უპასუხონ გამოწვევებს (იხ. დიაგრამა 1).
თანამედროვე ბიზნესგარემო, სადაც ორგანიზაციებს უწევთ მუშაობა, სულ უფრო და უფრო მზარდი სირთულეებითა და გაურკვევლობით ხასიათდება. გამოწვევებისათვის, რომელთა გამკლავებასაც კომპანიები ცდილობენ, არ არსებობს მზა გადაწყვეტილებები. ტრადიციული მიდგომა „დაგეგმვა-მომზადება-განხორციელება“ დღეს აღარ არის საკმარისი, სხვა მეთოდებია საჭირო წარმოქმნილ სირთულეებთან და გაურკვევლობასთან გასამკლავებლად (იხ. დიაგრამა 2).
ორგანიზაციაში ინოვაციების გუნდს არ შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, პროგრესი განიცადოს ექპერიმენტების განხორციელების გარეშე, ცდისა და შეცდომის მეთოდი განვითარების წინაპირობაა. იდეა გარდაიქმნება პროდუქტად სწორედ ექსპერიმენტების შედეგად. ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა კომპიუტერული სიმულაცია, პროდუქტის პროტოტიპის სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა. დღეს ექსპერიმენტები უფრო სწრაფად ხორციელდება და შედარებით ნაკლებდანახარჯიანია. ინოვაციების სასიცოცხლო ციკლში გაურკვევლობის დონის შემცირება სწორედ ექსპერიმენტების განხორციელების, მიღებული ცოდნის საფუძველზე ხდება. ტროტი (2017) თავის წიგნში „ინოვაციების მენეჯმენტი და ახალი პროდუქტის განვითარება“ (“Innovation management and New Product Development” (6th ed.)) გვთავაზობს ერთგვარ მოდელს თუ როგორ მცირდება გაურკვევლობის დონე ინოვაციების სასიცოცხლო ციკლში, რომელიც შედგება სწავლის, ინოვაციის და გავლენის ეტაპებისგან. (იხ.ილუსტრაცია 1).
გაურკვევლობის დონე ინოვაციების სასიცოცხლო ციკლში
1. სწავლის, ათვისების ეტაპი - მაღალი დონის გაურკვევლობა (Learning stage – High uncertainty) - საწყის ეტაპზე განუსაზღვრელობის დონე მაღალია, ხდება იდეისა და სამიზნე ბაზრის ტესტირება.
2. ინოვაციის ეტაპი - საშუალო დონის გაურკვევლობა (Innovation stage – Medium uncertainty) - აღნიშნულ ეტაპზე ახალი იდეები ტესტირებულია და დაწყებულია მათი განხორციელება. განუსაზღვრელობის მაჩვენებელი, დონე თანდათანობით იკლებს, შედეგზე ორიენტირებაც უფრო მარტივდება.
3. გავლენის ეტაპი - გაურკვევლობის დაბალი მაჩვენებელი - (Impact stage – Low uncertainty) - აღნიშნულ ეტაპზე ინოვაციური საქმიანობის შედეგების გაზომვა, შეფასება ხდება, მაგალითად, ბიზნესისა და პროდუქტის შეფასების მეთოდების (Business & Product metrics) გამოყენებით. აღნიშნულ სტადიაზე, რადგან გაურკვევლობის მაჩვენებელი თანდათან მინიმუმამდე მცირდება, შესაძლებელია ინოვაციურ საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების ამონაგების, სარგებლის შეფასება.
ექსპერიმენტები ინოვაციების, ახალი ღირებულებების ძიებაა. იდეების სისტემატური ტესტირება საშუალებას აძლევს კომპანიას შექმნას ახალი და დახვეწოს არსებული პროდუქცია. ბევრი დიდი კომპანია, მსგავსად მრავალი წარმატებული მცირე მეწარმისა, არ ერიდება ექსპერიმენტებს, „გარდაუვალ, აუცილებელ ქაოსს განვითარებისათვის.“ (“essential chaos of development”). ისინი უდიდეს ყურადღებას აქცევენ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებს, არ ერიდებიან დეტალური ტექნიკური თუ მარკეტინგული გეგმების ცვლილებას. ნებისმიერი ინოვაცია ალბათობას უკავშირდება. არცერთ კომპანიას არ აქვს გარანტია წარმატებული ტექნიკური შედეგის და შემდგომ გარანტია იმისა, რომ პროდუქტი ბაზარზე მოთხოვნადი აღმოჩნდება. წარმატებული შედეგის მიღმა ათობით და ასობით წარუმატებელი მცდელობა და ექსპერიმენტი იმალება. „ჩვენი წარმატება ამაზონში დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ექსპერიმენტს ვატარებთ წელიწადში, თვეში, კვირაში, დღეში,“ აღნიშნავს ჯეფ ბეზოსი, ამაზონის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი (Simmons / სიმონსი 2017).
ექსპერიმენტები გარანტირებულ წარმატებას არ გულისხმობს, ის შესაძლოა მარცხით ან წარმატებით დასრულდეს. წარუმატებლობა ხშირად შემდგომი წარმატებების საფუძველი ხდება, მარცხი საუკეთესო მასწავლებელია (Maidique &
Zirger,1985). წარმატებულ ამერიკულ კომპანია 3M-ში მიღებული მანტრაა: „მარცხი კარგია.“ 3M-ში თანამშრომელს არავინ აგდებს სამსახურიდან შეცდომების დაშვების გამო, თუკი აღნიშნული შეცდომები ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების გამოგონების მცდელობას უკავშირდება. როგორც 3M-ში ხშირად აღნიშნავენ, ძალიან ხშირად ახალი პროდუქტის გამოგონება დაკავშირებულია „შემთხვევითობასთან, მარცხთან, შეცდომასთან“ (Farrell, 2003, 119 - 120). კომპანიას, რომელსაც სურს იყოს ინოვაციური, უნდა დაამკვიდროს ორგანიზაციული კულტურა, სადაც ექსპერიმენტების წახალისება ხდება და ექსპერიმენტები კომპანიის ყოველდღიური აქტივობის განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს.
ინოვაცია ზრდის ფირმის მწარმოებლურობას. (Schreyer &Pilat 2001). მწარმოებლურობა ზომავს გამოყენებული წარმოების ფაქტორების შედეგად მიღებულ პროდუქტიულობას. მაღალი მწარმოებლურობა ზრდის ორგანიზაციის რენტაბელობას, მომგებიანობას და აუმჯობესებს ფირმის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესი და მოდელები
ინოვაცია ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელია.
კონკურენტული ინოვაციების შექმნა არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ
და ტექნოლოგიურ პრობლემას წყვეტს. ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება სტრატეგიული მნიშვნელობისაა ფირმებისთვის (Nerkar & Shane, 2007). ინოვაციების კომერციალიზაცია გულისხმობს ყველა იმ აქტივობის განხორციელებას, რაც აუცილებელია ინოვაციების ბაზარზე წარსადგენად (Datta, Reed, & Jessup, 2013). ინოვაციების კომერციალიზაცია უმნიშვნელოვანესია დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც ფართო გაგებით, გულისხმობს პროცესს, რომელიც მოიცავს კვლევისა და განვითარების (R&D) შედეგების პრაქტიკულ გამოყენებას ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტების, სერვისების ან პროცესების ბაზარზე წარდგენასა და კომერციული ეფექტის მიღებას. საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციურ საქმიანობას, დაინტერესებული არიან მათ მიერ შექმნილი ინოვაციების კომერციალიზაციით, თუმცა, ყოველთვის ვერ ხერხდება ბაზარზე წარმატების მიღწევა (Shcherbachenko & Kotenko , 2022).
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის წარმატებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს; ჰამიდისა და რაჰმანის (Hamid & Rahman) მიხედვით, აღნიშნული ფაქტორები შესაძლებელია განზოგადდეს მომდევნო ჩამონათვალის სახით: ორგანიზაციული რესურსები, ცოდნის მართვა (knowledge management), სტრატეგიული ორიენტაცია, ორგანიზაციული მხარდაჭერა (organizational support), კონტექსტური ფაქტორი (contextual factor), დაბოლოს, თანამშრომლობა (2014). ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის წარმატებას ასევე ხელს უწყობს ორგანიზაციის ღიაობა, მზაობა ინოვაციების მიმართ, საბაზრო შესაძლებლობების არსებობა. კულტურულ მრავალფეროვნებასა და ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში, რეგიონში, ასევე შესაძლოა ჰქონდეს ძლიერი გავლენა ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის ეფექტურობაზე. ასევე აქტიურ სახელმწიფო მხარდაჭერას, რომელიც მიზნად ისახავს ახალი პროდუქტებისა და მარკეტინგული ინოვაციების ბაზარზე პრომოციას (წინ წაწევას), შეუძლია დადებითი როლი ითამაშოს ინოვაციების წარმატებულ კომერციალიზაციაში. ამასთან, არაერთი მკვლევარი გამოყოფს ორგანიზაციულ ფაქტორებს, რომლებიც კომერციალიზაციის პროცესს უწყობს ხელს: ცოდნა (ინფორმაცია), კულტურა (ორგანიზაციული კულტურა), ორგანიზაციული სტრატეგია, პორტფოლიო, პროექტების მართვის სისტემა (შჩერბაჩენკო & კოტენკო 2022).
კომერციალიზაციის ინსტრუმენტები, მეთოდები და მიდგომები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ, აშშ-ისა და ჩინეთის მაგალითზე განვიხილავთ ინოვაციების წარმატებული კომერციალიზაციის ინსტრუმენტები, მიდგომებს.
აშშ-ის კომერციალიზაციის ძირითადი ინსტრუმენტები, რაც გამოიყენება ინოვაციური გარემოს შესაქმნელად, შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ სქემაში 1.
ინოვაციების კომერციალიზაციის ინსტრუმენტები აშშ-ში
აშშ-ის კომერციალიზაციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის (CRM -Customer Relationship Management) პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპანიებს მიიღონ და გააანალიზონ დიდი რაოდენობით მომხმარებელთა მონაცემები, რაც ასევე ხელს უწყობს ინოვაციების უფრო წარმატებულ კომერციალიზაციას. ეს ასევე განაპირობებს უფრო ეფექტურ შიდა კონტროლს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიების განვითარებისთვის. ტექნოლოგიების გამოყენება ასევე ზრდის მომხმარებელთა მხრიდან ლოიალურობას და მარკეტინგის უფრო ეფექტურად წარმართვას უწყობს ხელს. მარკეტინგი ეფუძნება ხუთ ძირითად ფაქტორს: პროექტის მენეჯმენტის რესურსები, საკონსულტაციო და სასწავლო მასალები, ზედა რგოლის მენეჯმენტის მხარდაჭერა და მომხმარებლების ჩართულობა. მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის (CRM) სისტემა ქმნის კონკურენტულ უპირატესობას მომხმარებლებზე ორიენტირებული პროცესების მხარდაჭერით, რაც ასევე წარმოადგენს აშშ-ში კომერციალიზაციის განვითარების ერთ-ერთ ფაქტორს.
მეორე ყველაზე გავრცელებული მიდგომაა ე.წ. საკვანძო სიტყვების (Keyword Management) მენეჯმენტი (CMS), რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების ორგანიზების სტრატეგიულ და კორპორატიულ მართვას, რაც აუმჯობესებს კომერციალიზაციის პროცესს. ეს მოიცავს დამატებით ქმედებებს, რაც მიმართულია უშუალოდ ყველაზე რელევანტური მომხმარებლების მოზიდვაზე.
აშშ-ის კომერციალიზაციის სისტემა ეფუძნება ასევე სააქციო კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას ახლადშექმნილი პროდუქტების, სერვისების ან კომპანიებისთვის. კომპანიები სხვადასხვა მასშტაბის ურთიერთთანამშრომლობით ინოვაციების გლობალიზაციას ახდენენ. ორგანიზაციები მიღებული შემოსავლების რეინვესტირებას ახორციელებენ ახალი პროდუქტების, სერვისების შესაქმნელად, ხდება ბაზრების გაფართოება და ფირმების კონკურენტუნარიანობის ამაღლება. ქვეყანაში არსებული ანტიმონოპოლიური რეგულაციები ბიზნესს კიდევ უფრო წაახალისებენ შექმნან ახალი იდეები, ბიზნესმოდელები და გასწიონ გონივრული რისკი კაპიტალის დაბანდებით.
აშშ-ში, 1970-იან და 1980-იანი წლების დიდი კორპორატიული რესტრუქტურიზაციის შემდეგ, მსხვილი კომპანიები ფოკუსირდნენ ძირითად კომპეტენციებზე, რაც ახლადშექმნილ კომპანიებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ინოვაციურ აქტივობაში, კონცენტრაცია მოახდინონ წარმოების კონკრეტულ ეტაპებზე. რამაც განაპირობა დღევანდელი ფრაგმენტირებული ინოვაციების ეკოსისტემის დაფინანსებისა და ქსელური ღონისძიებების შემუშავება.
აშშ-ში ინოვაციური პოლიტიკის ტრადიციული მოდელი სწრაფად გადავიდა სტარტაპებზე, ახალი პროდუქტის ინოვაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეროვნული პოლიტიკის ძლიერი კომპონენტები, კონვენციური მოდელი ფოკუსირებულია ეროვნულ და რეგიონულ ურთიერთქმედებებზე ტექნოლოგიური კლასტერების სახით. განახლებული ინოვაციური პოლიტიკის მოდელის არსებითი ნაწილია ახალი კანონებისა და რეგულაციების ნაკრები, რომელიც ასტიმულირებს ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას, როგორიცაა ვენჩურული კაპიტალი, რაც მოკლევადიანი ფინანსური მოგების საშუალებას იძლევა ახალი ბაზრებისთვის. რეგიონული ტექნოლოგიური კლასტერები ასევე მუშაობენ ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ფირმებისთვის პროფესიონალური მხარდაჭერის სერვისების ეკოსისტემის შემუშავებაზე. რეგიონული ტექნოლოგიური კლასტერები იკვლევენ ახალი პროდუქტის ბაზარზე წარუმატებლობის მიზეზებს, სწავლობენს ახალი პროდუქტის ინოვაციასთან დაკავშირებულ სოციალურ და საინფორმაციო ქსელებში წარმოქმნილ გამოწვევებს. აღნიშნული რეგიონული კლასტერები აფინანსებს საბაზისო და გამოყენებით კვლევებს, კვალიფიციური მკვლვარებისა და ინჟინრების სწავლებას, უზრუნველყოფს ინტელექტუალურ საკუთრების უფლების დაცვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის და ადგენს კონკურენციის წესებს, რომელიც ხსნის ბაზარს ახალი მსურველებისთვის.
აშშ-ს კომერციალიზაციის მოდელის უპირატესობები
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით, აშშ-მა მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების ჩამონათვალში მეორე პოზიცია დაიკავა (იხ. ილუსტრაცია 3)
მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნები 2022 წელს
ილუსტრაცია 3.
ინოვაციების წარმატებული კომერციალიზაციის კიდევ ერთი მაგალითია ჩინეთი, რომლის ინოვაციური პოტენციალი დინამიკურად იზრდებოდა და ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ევროკავშირში 2008-2018 წლებში, რაც მიუთითებს კონვერგენციის პროცესზე.
გლობალური ეკონომიკა ამჟამად განიცდის სტრუქტურულ ცვლილებას, მაღალი და საშუალო დონის ტექნოლოგიების ინდუსტრიების გადატანით განვითარებად ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთში. განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ინოვაციებში, ხოლო დასავლეთ ევროპის ქვეყნები ცოდნის კონკურენტული უპირატესობის დაკარგვის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩინეთის ეკონომიკის განვითარების ძირითადი ფაქტორებია: მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) პოლიტიკა, ახალი ინოვაციური კლასტერების შექმნა, ადამიანკაპიტალის განვითარება მომხმარებლებთან უკეთესი კომუნიკაციის გზით და ტექნოლოგიის საერთაშორისო გავრცელება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალებით
ინოვაციების კომერციალიზაციის ინსტრუმენტები ჩინეთში
ჩინეთის განვითარების, კომერციალიზაციის წარმატების მთვარი განმაპირობებელი ფაქტორი ინოვაციური კლასტერების შექმნაა, რაც წარმოადგენსგეოგრაფიულად ლოკალიზებულ ქსელებს ურთიერთდაკავშირებული კომპანიების, მომწოდებლების, სერვისის პროვაიდერებისა და შესაბამისი ინსტიტუტების (როგორიცაა უნივერსიტეტები, სტანდარტების დამდგენი სააგენტოები და სავაჭრო ასოციაციები), რომლებიც ქმნიან რეგიონული და დარგობრივი ინოვაციების სისტემის საერთო ელემენტს. ჩინეთში, კვლევებში ინოვაციების ძლიერი კონცენტრაცია განსაკუთრებით იგძნობა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, მნიშვნელოვანი რეგიონული ინსტიტუტების მხარდაჭერის გამო, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების დაფინანსებას, ასეთი ინსტიტუტებია ბეიჯინგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისია, შანხაის მუნიციპალური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომისია და გუანგდონგის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ ამ კომისიების მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობა.
კვლევები აჩვენებს, რომ ჩინეთში დახურული ინოვაციური პროცესების მომხრე კომპანიები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რაც ეფუძნება ე.წ. გუანქსის მიდგომას (guanxi approach), რომლის საფუძველია ურთიერთნდობა და ერთგულება. ამგვარი თანამშრომლობის სტილი წარმოადგენს ჩინეთში საქმიანი ურთიერთობების ძირითად მახასიათებელს. ამის საპირისპიროდ, ღია ინოვაციური პროცესების მიმდევარი კომპანიები მუშაობენ შორ მანძილზე და ეყრდნობიან STI (მეცნიერება, ტექნოლოგია და ინოვაცია) სწავლის სტილს.
დახურული ინოვაციური პროცესები ეფუძნება კომპანიის შიდა შესაძლებლობებს და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ბიზნესპარტნიორებსა და მომხმარებლებთან. კომპანიები დამოუკიდებელნი არიან და აქვთ საკმარისი შიდა რესურსები კვლევებისა და განვითარების (R&D) მიმართულებით დასაბანდებლად, ინოვაციური აქტივობის განსახორციელებლად. თავის მხრივ, ამ პროცესში პარტნიორებთან ტერიტორიული სიახლოვე აუცილებელია ცოდნის გადაცემისთვის, გაზიარებისთვის. განვითარებაზე ორიენტირებული მოდელი, რომელიც დაფუძნებულია კეთებით სწავლაზე - (learning by doing), ცოდნის გამოყენებასა და ურთიერთქმედებაზე, ავითარებს შიდა რესურსებს, მომხმარებელთა საჭიროებების შესახებ სიღრმისეულ ცოდნის მოპოვებას უწყობს ხელს და აშენებს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. ამის საპირისპიროდ, ღია ინოვაციური პროცესები ეფუძნება ტექნოლოგიების შეძენას კოლაბორაციების საშუალებით და მოიცავს პარტნიორობას შორ მანძილზე ღია ბიზნესურთიერთობების ფარგლებში. ამგვარ ურთიერთობებში ჩართულ კომპანიებს სჭირდებათ ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს შეძენა ღია ინოვაციური პროცესების განსახორციელებლად. ტერიტორიული სიახლოვე აქ არ არის მნიშვნელოვანი და შესაბამისი ტექნოლოგიური ცოდნის გაერთიანებისთვის, უპირატესობა ენიჭება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას, სადაც უნივერსიტეტები და სხვა კვლევითი ინსტიტუტებია საკვანძო პარტნიორები ინოვაციის პროცესში. განსხვავება ჩინეთის დახურულ და ღია ინოვაციურ პროცესებს შორის ასევე ნაჩვენებია სქემაში 3.
ჩინეთის დახურული და ღია ინოვაციური პროცესების მახასიათებლები
სქემა 3.
ზოგადად ინოვაცია შესაძლებელია არსებობდეს 3 ძირითადი მიმართულებით, ესენია ა. პროდუქცია ან მომსახურება, რომელმაც გადაჭრა პრობლემა, თუმცა მანამდე არ ჰქონდა ახსნა/ამოხსნა; ბ. ცვლილებები ან გაუმჯობესება მიმდინარე საქონელსა და მომსახურებაში; და გ. პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც განვითარდა პირის უნიკალური ცოდნის საფუძველზე.
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესს განზოგადებული სახით სამი რამ სჭირდება: იდეა, ფინანსები და დანერგვა. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, თავდაპირველად ფინანსებია და შემდეგ იდეა.
მაგალითისათვის განვიხილოთ სამეტაპიანი, რვასაფეხურიანი და ხუთეტაპიანი მოდელები. თითოეული მათგანი გულისხმობს ცალკეულ ბიზნესპროცესს, რომელიც კომპონენტების დიდი რაოდენობით და აღნიშნულ კომპონენტებს შორის რთული ურთიერთმიმართებით ხასიათდება.
სამეტაპიან მოდელს გვთავაზობს ოლეფირენკო & შევლიუგა (2017) ნაშრომში „ინოვაციების კომერციალიზაცია: გაყიდვების პოლიტიკის თავისებურებები ინოვაციურად აქტიურ საწარმოში“ (“Commercialization of innovations: peculiarities of sales policy at innovation active enterprise”). იხ. სქემა 4.
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესი
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის აღნიშნული სამეტაპიანი ოლეფირენკო & შევლიუგას მოდელი არის ყველაზე მარტივი და ერგება, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე უკვე ჩამოყალიბებულ კომპანიებს.
რვასაფეხურიან მოდელს საწარმოო ინდუსტრიისთვის გვთავაზობს კალდველი (2019) ნაშრომში „რვა საფეხური ინოვაციების კომერციალიზაციისთვის“ (“The eight steps to commercialize innovation”), სადაც ავტორი ადასტურებს, რომ კომერციალიზაციის მაჩვენებელი საწარმოო ინდუსტრიაში საშუალოდ 5 %-ია, თუმცა არსებობს კომპანიები, რომლებიც ახერხებენ ინოვაციური, ახალი პროდუქტების 95%-ის კომერციალიზაცია მოახდინონ თავიანთი მეთოდოლოგიის წყალობით. ეს მეთოდოლოგია რვა თანმიმდევრულ საფეხურად იყოფა:
• პირველ ეტაპზე ბევრი მწარმოებელი იდეების გენერირების პროცესს იწყებს წინასწარ განსაზღვრული კონცეფციის გარეშე, თუ როგორ, რატომ და სად გამოიყენებს აღნიშნულ იდეას. ამგვარი მიდგომა წარუმატებლობისთვისაა განწირული. სანამ იდეების გენერირების პროცესი დაიწყება, უმნიშვნელოვანესია საჭირო დრო და რესურსები გამოიყოს და დადგინდეს ვისზეა ფოკუსირებული ინოვაცია: მომხმარებლებზე, დილერებზე, დისტრიბუტორებზე, თანამშრომლებზე თუ ყველაზე ერთად? და განისაზღვროს ინოვაცია მათ წინაშე წამოჭრილი კონკრეტულად რა საკითხის, რა პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ამგვარი მიდგომა ინოვაციის პროცესს სწორ მიმართულებას აძლევს;
• ორგანიზაციაში იდეების გენერირების საუკეთესო გზა დაახლოებით ათკაციანი ჯგუფის შექმნაა, რომელშიც გაერთიანდებიან კომპანიის თანამშრომლები სხვადასხვა ფუნქციური ერთეულებიდან: მარკეტინგის, გაყიდვების, დიზაინის, საინჟინრო მიმართულებებიდან. ისინი გააზიარებენ თავიანთ უნიკალურ, განსხვავებულ ხედვას, კონცეფციას ამა თუ იმ განსახილველი საკითხის გარშემო;
• მესამე საფეხური ე.წ. ფილტრაციის ეტაპია. ამ დროს ინოვაციების სესიების შედეგად მიღებული იდეების დეტალური შეფასება ხდება. გამოიყოფა კონცეფციები, რომლებსაც კომერციალიზაციის მაღალი ალბათობა აქვთ;
• მეოთხე საფეხურზე პროტოტიპის შექმნა ხდება. ესთეტიკასა და დიზაინს ამ ეტაპზე ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარი აქცენტი პროდუქტის ფუნქციონალურ მახასიათებელზეა გადატანილი - რეალურად შეძლოს იმ პრობლემის გადაწყვეტა რა მიზნითაც იქმნება;
• მეხუთე საფეხურზე პროდუქტის გარეგნულ იერსახეზე ხდება ყურადღების გამახვილება. ამ ეტაპზე დიზაინერები აქტიურად ერთვებიან პროცესში, მათ მიზანს წარმოადგენს იდეა ვიზუალურად და სტილისტურად ისე შეფუთონ, რომ პროდუქტმა ბაზარზე წარმატებას მიაღწიოს;
• მეექვსე საფეხური მეოთხე და მეხუთე ეტაპების ერთგვარი გაერთიანებაა: პროდუქტის ფუნქციონალური და ვიზუალური მახასიათებლები ერთად იყრის თავს პროტოტიპში. ამ ეტაპზე ფოკუს ჯგუფებისა და სატესტო სესიების ჩატარება ხდება, მათი მიზანია პროტოტიპის შემდგომი დახვეწა და გაუმჯობესება;
• მომდევნო საფეხურზე, როდესაც პროდუქტის პროტოტიპი უკვე შექმნილია და შესწორებები შეტანილი, უნდა მოხდეს პროტოტიპის მახასიათებლების გათვალისწინებით დამატებით 10 -12 ერთეული ახალი პროდუქტის შექმნა, რაც მწარმოებელს შესაძლებლობას მისცემს გააგრძელოს პროდუქტის გამოცდის, ტესტირების ეტაპი, ამასთან კიდევ უფრო ნათლად დაინახავს რა არის საჭირო პროდუქტის დიდი რაოდენობით წარმოებისა და ბაზარზე მასშტაბური მიწოდებისთვის. საბოლოო ანგარიშით, ორგანიზაციის გრძელვადიანი კომერციული წარმატება პროდუქტის სწრაფ და ხარჯთეფექტიან წარმოებაზე, შენახვა-დასაწყობებასა და მიწოდებაზეა დამოკიდებული;
• პროდუქციის ბაზარზე მასშტაბურად მიწოდებამდე, მიზანშეწონილია, ინოვაციური პროდუქტის მიწოდება განხორციელდეს მიზნობრივი სამომხმარებლო სეგმენტისთვის ან კონკრეტულ ლოკაციაზე. ეს არის ის აუცილებელი ნაბიჯი, რაც განსაზღვრავს ინოვაციური პროდუქტის წარმატებული კომერციალიზაციის პროცესს, თუმცა, ბევრი მწარმოებელი მას არ ითვალისწინებს. რეალურად ეს არის საბოლოო შესაძლებლობა პროდუქტის ტესტირების (გაუმჯობესების), ფუნქციონალურობისა და მოხმარების სიმარტივის შეფასების, ფასისა და ეფექტურობის დადგენის, რაც თავიდან აარიდებს მწარმოებელს მასობრივ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის წარუმატებელ გაშვებას და ამის შედეგად დამდგარ ფინანსურ დანაკარგსა და რეპუტაციის შელახვას (Caldwell, 2019).
აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი ძირითადად ესადაგება უკვე არსებულ
საჭიროებას, ანუ მოთხოვნას და ფაქტობრივად ფინანსები უკვე არსებობს, ანუ მზაობა მხარდაჭერის სახეზეა, რადგან ყველაფერი იწყება იმის დადგენა-დეკლარირებით „თუ როგორ, რატომ და სად გამოიყენებს აღნიშნულ იდეას“; ანუ დასაწყისშივე გუნდი შებოჭილია დანიშნულებით და ჯგუფიც ეჯაილ (Agile) პროექტის მსგავსად იმართება. სწორედ ამიტომ გამოირჩევა კალდველის რვასაფეხურიანი მიდგომა წარმატების მაღალი მაჩვენებლით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციების კომერციალიზაციის
პროცესი შესაძლებელია განსხვავებული სახით მიმდინარეობდეს. ინოვაციების კომერციალიზაცია შესაძლოა ხუთ ეტაპად განხორციელდეს (ხუთი ნაბიჯი ინოვაციის წარმატებული კომერციალიზაციისკენ).
აღნიშნული ხუთი ეტაპი მოიცავს:
• ბიზნესის პოტენციალის შეფასება - იმისთვის რომ ინოვაცია ბიზნესად გარდაიქმნას, ის მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული მომხმარებელთა საჭიროებებთან. თუმცა ხშირად მომხმარებელი თავად არ არის გარკვეული საკუთარ საჭიროებებში, ამიტომ შესაძლებლობების აღმოჩენის საუკეთესო საშუალებაა ბაზრის მონიტორინგი, საბაზისო კვლევების ჩატარება და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება. შემდეგ კი მოპოვებული ინფორმაციის შეფასება, ანალიზი და შეჯერება.
• ღირებულების ჯაჭვის ჩართვა - ახალი პროდუქტის ან სერვისის შექმნაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანია განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა. განსხვავებული მოსაზრებებისა და უნარების წარმატებით გაერთიანება შეიძლება მოხდეს, როდესაც პროექტის განხორციელებაში ღირებულებათა ჯაჭვის სრულად ჩართვა ხდება. მაგალითად, ტექნოლოგიური პროექტის განხორციელებაში შეიძლება ჩართული იყოს: გამოყენებითი კვლევები, ტექნოლოგიების დეველოპერები, ნედლეულის ჯაჭვის ექსპერტები, მომხმარებლები, ინვესტორები, მომწოდებლები, სტარტაპ კომპანიები და კლიენტები.
• მკაფიო როლები და პასუხისმგებლობები - ყველა სამუშაოში, წარმატებული თანამშრომლობის გასაღებია. ერთობლივი მუშაობისას საჭიროა ნდობა და ინფორმაციის ღია გაზიარება პარტნიორებს შორის. ნდობა არ შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუ მხარეებს შორის არის კონკურენცია კვლევითი კონსორციუმის ფარგლებში. კვლევებისა და განვითარების (R&D) პროექტებში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სამუშაოს განაწილება, ხარჯები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხი. თუ ეს არ არის შეთანხმებული დასაწყისში, დავა და უთანხმოება აუცილებლად წარმოიქმნება - მიუხედავად იმისა, რამდენად წარმატებულია პროექტი.
• რისკის მართვა - ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისას, ლაბორატორიული მასშტაბის ინოვაციებიდან სრულმასშტაბიან ქარხანაზე გადასვლა ხშირად წარმოშობს ძალიან ბევრ გაურკვევლობას. ამ ტიპის რისკის მართვას ხელს უწყობს საკმაოდ დიდი მასშტაბის, საპილოტე ტესტები - სრულმასშტაბიანი განხორციელების დაწყებამდე.
• კომერციალიზაცია - როდესაც ზემოაღნიშნული საკითხები სწორადაა შესრულებული კომერციალიზაცია მარტივდება. პრაქტიკაში, წარმატებული კომერციალიზაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ კომპანიის ქმედებებზე - კომერციალიზაციის განხორციელების დრო და ბაზარზე არსებული ვითარებაც შესაბამისი უნდა იყოს. გარდა ამისა, ორგანიზაციის ყველა ერთეული შეთანხმებულად უნდა მუშაობდეს. წარმატებული კომერციალიზაცია მოითხოვს უწყვეტ თანამშრომლობას ორგანიზაციის გაყიდვების, მარკეტინგის, წარმოების, შესყიდვებისა და ფინანსების ერთეულებს შორის.
ინოვაციებს ბაზარზე წარდგენის შემდეგ მხოლოდ ტექნოლოგიების მოყვარულები ყიდულობენ ადრეულ ეტაპზე და ასეთი ენთუზიასტები შეადგენენ ბაზრის 3%-ზე ნაკლებს. ბაზარის ძირითადი ნაწილი შედგება ე.წ. პრაგმატისტებისა და კონსერვატორებისგან და, შესაბამისად, წარმატებული კომერციალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც ახალი პროდუქტითა და სერვისით ინტერესდება ბაზრის ძირითადი ნაწილი. (Datta, Reed, & Jessup, 2013, 4).
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის გამოწვევები საქართველოს ტყავის ინდუსტრიის მაგალითზე
ინოვაციები, როგორც აღინიშნა, თანამედროვე სამყაროში ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის მიხედვით საქართველო 63-ე ადგილს იკავებდა 132 ქვეყნიდან, 2022 წლის მონაცემებით კი 74-ე ადგილს იკავებს. გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII - Global Innovation Index) აფასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკას მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით. შეფასება 80 ინდიკაქტორის მიხედვით წარმოებს (გლობალური ინოვაციების ინდექსი, 2021, 2022). ირაკლი ქაშიბაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ყოფილი ხელმძღვანელი და Future Laboratory-ის დამფუძნებელი, აფასებს საქართველოს შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებს ინოვაციის გლობალური ინდექსის მაჩვენებელში:
ერთ-ერთი კომპონენტი, რომელშიც გვაქვს დაბალი მაჩვენებელი ან საერთოდ არ გვაქვს, არის წვდომა ვენჩურულ კაპიტალთან. ზოგადად, ამ მიმართულებით მოქმედებს გადასახადების გადამხდელთა თანხების ინვესტირების საკმაოდ სარისკო სტრუქტურა. 2016 წელს, როდესაც არ არსებობდა არანაირი ე.წ. ბენჩმარკები და მონაცემები, ამ ფორმით ინვესტირება "სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში მიზანშეწონილი იყო, მაგრამ ახლა უკვე არსებობს მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია ტენდენციების შესწავლა და პროცესების მკაფიო ანალიზი. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში სტარტაპების დაფინანსების ხელშეწყობისთვის შესაძლებელია უფრო ეფექტიანი სისტემების ფორმირება. ასევე, გვეძლევა შესაძლებლობა, დავამატოთ კომპონენტები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფს კერძო სექტორის ჩართულობის ზრდას, კერძო სააქსელერაციო პროგრამებში სტარტაპების მიგრაციასა და მათი მეშვეობით დაფინანსების განხორციელებას. შემდგომ კი ვენჩურული კაპიტალის ამოქმედებას ზრდის უზრუნველსაყოფად (ლომსაძე 2022).
ალფრედ მარშალის მოსაზრებით, რომლის იდეებმა და შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დანგრეული ევროპის აღდგენასა და განითარებაზე, ქვეყნის ინოვაციურ შესაძლებლობებზე, ინოვაციების დონეზე, ინოვაციების კომერციალიზაციაზე, ტექნოლოგიების გადაცემაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას: ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობა; მეწარმეებსა და ინვესტორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობები; სიახლეებისადმი საზოგადოების მზაობა და აღქმა; მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წახალისება; სამეცნიერი, აკადემიური საზოგადობებისა და ბიზნეს წრეებს შორის ნეთვორქინგი; განვითარებული ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ. (ტროტი 2017, 50).
ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის შესასწავლად, მეწარმეების წინაშე კომერციალიზაციის პროცესში არსებული დაბრკოლებებისა და გამოწვევების გამოსავლენად შეირჩა საქართველოს ტყავის ინდუსტრია და ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა კითხვარების საშუალებით. შერჩევა მოიცავდა ტყავის ინდუსტრიაში ჩართულ მეწარმე-სუბიექტებს. ჯგუფის შერჩევა იყო არაალბათური, კონკრეტულად კი დანიშნულებითი შერჩევის დიზაინის გამოყენება მოხდა. ჯგუფიდან შერჩევის ერთეულების ამოკრების მიზნით, მოხდა მოხერხებული შერჩევის დიზაინის გამოყენება, ანუ ერთეულების ამოკრება განისაზღვრა მათი ხელმისაწვდომობით (ფრანკფორტ-ნაჩმიასი და ნაჩმიასი 2009, 266-267). კითხვარის მიზანი იყო ტყავის ინდუსტრიაში ჩართული მეწარმე-სუბიექტების ინოვაციურ აქტივობებში ჩართულობის მაჩვენებლის განსაზღვრა და მათი მზაობის დონის შეფასება ინოვაციური პროცესების სამართავად; ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის დონის შეფასება, ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორების დადგენა, სახელმწიფო სერვისებზე მეწარმე-სუბიექტების წვდომის განსაზღვრა. კვლევითი პროექტის ფარგლებში კითხვარის საშუალებით 23 რესპონდენტი - მეწარმე სუბიექტი გამოიკითხა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები საქართველოს ტყავის ინდუსტრიაში, პირველწყაროს წარმოადგენენ; მათ უხდებათ ინოვაციების კომერციალიზაციის გამოწვევებთან პირისპირ შეხვედრა და გამკლავება.
რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები სტატისტიკურად დამუშავდა კომპიუტერული პროგრამა IBM SPSS-ის საშუალებით. კვლევაში მონაწილეთა 87% იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, 13% მამრობითი სქესის წარმომადგენელი.
ნებისმიერი კომპანიის სტაბილურ ზრდასა და წარმატებას ინოვაციების კომერციალიზაცია განაპირობებს. ლაიკერტის 10 - ბალიან სკალაზე, სადაც 1 ძალიან დაბალი მაჩვენებელია, 10 კი საუკეთესო, რესპონდენტების მხრიდან ინოვაციების კომერციალიზაციის უნარის შეფასება შემდეგნაირად გამოიყურება:
ინოვაციების კომერციალიზაციის უნარის შეფასება რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგით.
ინოვაციების წარმატებული კომერციალიზაცია დამოკიდებულია არამხოლოდ
ცოდნაზე, უნარზე, არამედ რესურსების ხელმისაწვდომობაზე, შესაძლებლობაზე, რომელიც ინოვაციების კომერციალიზაციისათვის აუცილებელია.
ინოვაციების კომერციალიზაციის შესაძლებლობის შეფასება რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგით.
ტყავის ინდუსტრიაში არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან მეწარმე სუბიექტები, როგორიცაა კვალიფიკაციის დაბალი დონე, ფინანსების სიმცირე და ა.შ. გამოკითხულმა რესპონდენტებმაც არაერთი პრობლემა დაასახელეს, მათ შორის, უმრავლესობა - 56.5% თვლის, რომ მთავარი გამოწვევა ფინანსების სიმცირეა, 52.2 % კვალიფიკაციის ნაკლებობას ასახელებს, 47.8% მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის არქონა, გასაღების ბაზრის სიმწირე:
ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგები. ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები. რაოდენობრივი და პროცენტული განაწილება
ინოვაციების საფუძველი ექსპერიმენტების ჩატარება, საკვლევ-საკონსტრუქტორო საქმიანობის წარმართვაა. გამოკითხული რესპონდენტების 60.9% აღნიშნავს, რომ კვლევებისა და განვითარების მიმართულებით (R&D) არ აქტიურობენ.
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - აქტივობა კვლევებისა და განვითარების (R&D) მიმართულებით
ქვემოთ მოცემულ ცხრილში კვლევისა და განვითარების (R&D) საქმიანობის მაჩვენებლის გადანაწილება სქესის მიხედვით კროსტაბულაციის - ჯვარედინი ცხრილის საშუალებითაა წარმოდგენილი (მონაცემები დამუშავებულია IBM SPSS-ში):
კვლევისა და განვითარების საქმიანობის განაწილება სქესის მიხედვით, კროსტაბულაცია - ჯვარედინი ცხრილი
გაცემული პატენტების რაოდენობა ინდუსტრიაში ინოვაციების, ინოვაციების კომერციალიზაციის დონის ერთერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა - 69.6% აცხადებს, რომ ინოვაციურ პროდუქტზე პატენტს არ ფლობს.
პატენტი ინოვაციურ პროდუქტზე
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რესპონდენტების - ტყავის ინდუსტრიაში
ჩართული მეწარმეების უმრავლესობას - 43.5%-ს არ აქვს ინფორმაცია ინოვაციების კომერციალიზაციის მეთოდების შესახებ:
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - ინოვაციების კომერციალიზაციის მეთოდოლოგიის გამოყენება ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - ინოვაციების კომერციალიზაციის მეთოდოლოგიის გამოყენება ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში. რაოდენობრივი და პროცენტული განაწილება
მოცემული შედეგის შესაბამისად, გამოკითხული მეწარმე სუბიექტების მხოლოდ 13 % აცხადებს, რომ ინოვაციების კომერციალიზაციის მეთოდოლოგია მათ პრაქტიკაში დახმარებას უწევს.
ინოვაციების კომერციალიზაციის მეთოდოლოგიის ეფექტურობის აღქმა
სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია ინოვაციური აქტივობის წახალისებაში, ინოვაციური პროცესების წარმართვაში, თუმცა, გამოკითხული მეწარმეების 39.1%-მა აღნიშნა, რომ არ სარგებლობს სახელმწიფო პროგრამებით.
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა, რომელთა მიზანიც ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში კომპანიების ხელშეწყობაა
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა. რაოდენობრივი და პროცენტული განაწილება
არაერთხელ აღინიშნა, რომ ინოვაციების კომერციალიზაცია კომპანიის წარმატებული მომავლის გარანტი და ბაზარზე კონკურენტუნარიანობის საფუძველია. გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ, 73.9 %-მა დააფიქსირა, რომ ინოვაციების კომერციალიზაცია ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - ინოვაციების კომერციალიზაციის მნიშვნელობის შეფასება
ინოვაციების კომერციალიზაციის ამერიკულმა მოდელმა, რომელიც ზევით დეტალურად იქნა განხილული, აჩვენა, რომ წარმატება ურთიერთანამშრომლობას მოაქვს: სახელმწიფოს, ბიზნესსექტორს, კვლევით ინსტიტიტებს, უნივერსიტეტებს შორის. ურთეირთთანამშრომლობის დროს მუშაობს სინერგიის ეფექტი და ეკონომიკური დოვლათის შექმნას ხელი მაქსიმალურად ეწყობა. კვლევის ფარგლებში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ - 56.5 %-მა აღნიშნა, რომ კვლევით ცენტრთან, სამეცნიერო წრეებთან არ თანამშრომლობს, რადგან ინფორმირებულები მსგავსი შესაძლებლობის შესახებ არ არიან.
რესპონდენტთა გამოკითხვის შედეგი - თანამშრომლობა კვლევით ცენტრებთან, სამეცნიერო წრეებთან
დასკვნები და რეკომენდაციები
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციების კომერციალიზაციის მაჩვენებლი საქართველოს ტყავის ინდუსტრიაში დაბალია, არასახარბიელოა, რაც არაერთი ფაქტორით არის განპირობებული: დარგში დასაქმებულთა კვალიფიკაციის დაბალი დონე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ხელსაწყო-დანადგარების სიმცირე, ტექნოლოგიების გადაცემის დაბალი მაჩვენებლი სამეცნიერო წრეებს, კვლევით ცენტრებსა და ბიზნესებს შორის. სახელმწიფოს მხრიდან სფეროს განვითარებისათვის განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებების არასაკმარისი მაჩვენებელი. ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშესაწყობად განსახორციელებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები და ღონისძიებები, კერძოდ:
• სამეცნიერო წრეებს, კვლევით ცენტრებსა და ბიზნესს შორის ტექნოლოგიების გადაცემის პროცესი უნდა გააქტიურდეს;
• უნდა ამღლდეს დარგში დასაქმებული მუშახელის კომპეტენციის დონე, მათი გადამზადება და თანამედროვე და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა;
• უნდა მოხდეს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლება, წარმოების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
• ეკო ტყავისა და ეკო ტყავით ნაწარმოები პროდუქციის მიმართ ინტერესი (რაც პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამაც აჩვენა), როგორც ადგილობრივ ასევე გლობალურ ბაზარზე იზრდება. მეწარმეებს, რომლებსაც სურთ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება ტენდენციას ფეხი უნდა აუწყონ და წარმოაებაში აქტიურად დაიწყონ ეკო-ტყავის გამოყენება.
• ფირმები აქტიურად უნდა ჩაერთონ კვლევებისა და განვითარების (R&D) პროცესში, რათა მოახდინონ ინოვაციების კომერციალიზაცია - სიახლეების დანერგვა ბაზარზე.
• სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის განვითარების, ინოვაციური აქტივობის წახალისების თვალსაზრისით: ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიური შესაძლებლობების წახალისება, ადამიანკაპიტალის ფორმირება-განვითარება და ა.შ.
• რეკომენდაციების ნაწილში გასაზიარებელია ქართველი მეცნიერების გიორგი ჭილაძისა (2020) და ეკა გეგეშიძის შეხედულებები:
• მიზანშეწონილი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს რეგიონული ოფისების გაძლიერება, აგრეთვე, ევროპული ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროექტების ქსელის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა. სააგენტომ, ინოვაციური საწარმოების, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიების და ახალი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერისას, მიზანშეწონილია, გასცეს უპროცენტო საშუალოვადიანი სესხები, რომელიც დაექვემდებარება დაბრუნებას პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში და რაც დაფარავს ინოვაციური ან ტექნოლოგიის გადაცემის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული მთლიანი ხარჯების 50%-ს (35).
• „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში შეიქმნას ვენჩურული კაპიტალის ფონდები, როგორც ინტელექტუალური შემოქმედების, ინოვაციების მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტი“.
• აქტიურად მოხდეს ე.წ. ტექნოლოგიური პლატფორმების ფორმირება და გამოყენება. მაგალითად, ევროკავშირმა დაადგინა, რომ ტექნოლოგიური პლატფომა ეს არის მთავარი აქტორი, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციებს, ცოდნის გადაცემას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
• „ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციის ეფექტური სქემის გამოყენების მიზნით მნიშვნელოვანია, გაიზარდოს სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო და ტექნოლოგიურ სამუშაოებში განხორციელებულ ინვესტიციებში კერძო სექტორის მიერ დაფინანსების წილი, რომ იგი მიუახლოვდეს ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელს“.
ადეკვატური განათლების უზრუნველყოფით, ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობითა და სხვა სოციალური აქტივობის განხორციელებით სახელმწიფოს შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება აღმოჩენებს, სიახლეებს და ახდენს ადაპტაციას თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია ადამიანკაპიტალის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს წარმოების ეროვნული კულტურის ფორმირებას, სადაც სიახლეების მიღება, სიახლეებისადმი სწრაფვა სწორედ ეროვნული კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდება.
დაბოლოს, მნიშვნელოვანია მეცნიერებას, ბიზნესს - ტყავის ინდუსტრიასა და სახელმწიფოს შორის მჭიდრო კოორდინაცია, რაც ხელს შეუწყობს ტყავის ინდუსტრიაში ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას.
ლიტერატურა:
• გეგეშიძე ე. (2020). ტექნოლოგიური პლატფორმებისა და მეცნიერების კომერციალიზაციის პროცესის სინქრონიზაციის გამოწვევები საქართველოში. ევროპული ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების ფორმირების პრობლემები და გადაჭრის გზები საქართველოში. https://gawb.ge/wp-content/uploads/2021/11/ (ბოლო ნახვა დეკემბერი, 2022).
• ლომსაძე ე. (2022). ინოვაციების გლობალური ინდექსი და საქართველო - რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ინოვაციები? Entrepreneur Georgia. https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/inovatsiebis/437328
(ბოლო ნახვა მაისი, 2023).
• ფრანკფორტ-ნაჩმიასი ჩავა & ნაჩმიასი დევიდ. (2009). კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი.
• ჭილაძე გ. (2020). საუკეთესო ევროპული პრაქტიკა და ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების მართვის ზოგიერთი ასპექტი საქართველოში. ევროპული ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების ფორმირების პრობლემები და გადაჭრის გზები საქართველოში. https://gawb.ge/wp-content/uploads/2021/11/ (ბოლო ნახვა დეკემბერი, 2022).
• Atvare E., Kudurs E. & Blumberga D. (2022). Differences in Commercialization Policies of Innovations. Customer Perspective. https://www.researchgate.net/publication/365329308_Differences_in_Commercialization_Policies_of_Innovations_Customer_Perspective last seen May, 2023).
• Caldwell L. (2019). The Eight Steps to Commercialize Innovation. Forbes on the Web. https://www.forbes.com/sites/lisacaldwell/2019/11/04/the-eight-steps-to-commercialize-innovation/?sh=758527eb2127 (last seen March, 2022).
• Datta A., Reed R. & Jessup L. (2013). Commercialization of Innovations: an Overarching Framework of Research Agenda. Cleveland State University. https://engagedscholarship.csuohio.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1029&context=bus_facpub (last seen May, 2022).
• Farrell L.C. (2003). Getting Entrepreneurial! Creating and Growing Your Own Business in the 21st Centruy. United States of America: John Wiley & Sons, Inc.
• Five Steps to Successful Commercialization of an Innovation. (n.d.). https://www.valmet.com/media/articles/experts-voice/five-steps-to-successful-commercialization-of-an-innovation/ (last seen May, 2022).
• Hamid N. A. & Rahman A. A. (2014). A Systematic Literature Review on the Success Factor of Innovation Commercialization Performance. Https://www. researchgate.net/publication/287337486_A_systematic_literature_review_on_the_success_factor_of_innovation_commercialization_performance (last seen February, 2023).
• Maidique A. M. & Billie Jo Zirger B. J. (1985). The New Product Learning Cycle, Research Policy, Vol. 14, No. 6, pp. 299, 309.
• Mohannak K. & Samtani L. (2014). A Criteria-based Approach for Evaluating Innovation Commercialization. DRUID Society Conference 2014.
• Nerkar A. & Shane S. (2007). Detenninants of Invention Commercialization: an Empirical Examination of Academically Sourced Inventions. Strategic Management Journal. Vol. 28 No. 11, pp. 1155-1166.
• Olefirenko O. M. & Shevliuga O. (2017). Commercialization of Innovations: Peculiarities of Sales Policy at Innovation Active Enterprise. https://www.researchgate.net/publication/318379894_Commercialization_of_innovations_peculiarities_of_sales_policy_at_innovation_active_enterprise (last seen February, 2023).
• Saarelainen E. (2018). Why There’s No Innovation without Experimentation. UNHCR Innovation. https://www.unhcr.org/innovation/why-theres-no-innovation-without-experimentation/ (last seen April, 2022).
• Schendel D. & Hill M.A. (2007). Comments from Editors: Introduction to Volume 1. Strategic Entrepreneurship Journal, Vol. 1. pp. 1•7.
• Schreyer P. & Pilat D. (2001). Measuring Productivity. OECD Economic Studies No. 33, 2001/II. http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.448.4021&rep=rep1&type=pdf (last seen May, 2022).
• Shcherbachenko V.O. & Kotenko S. I. (2022). Analysis of Obstacles and Success Factors of Innovation Commercialization. https://www.researchgate.net/publication/362998870_ANALYSIS_OF_OBSTACLES_AND_SUCCESS_FACTORS_OF_INNOVATION_COMMERCIALIZATION (last seen February, 2023).
• Simmons M. (2017). Forget 10,000-Hours: Edison, Bezos and Zuckerberg follow the 10,000-Experiment rule. Observer. https://observer.com/2017/11/forget-10000-hours-edison-bezos-zuckerberg-follow-the-10000-experiment-rule/ last seen April, 2022).
• Trott P. (2017). Innovation Management and New Product Development (6th ed.). United Kingdom: Pearson.
Referenses:
• Gegeshidze E. (2020). teknologiuri platpormebis sinkronizatsiisa da metsnierebis komertsializatsiis protsesis gamotsvevebi sakartveloshi. evropuli inovatsiuri da ekonomikuri modelebis pormirebis problemebi da mati gadachris gzebi sakartveloshi. [Challenges of Synchronization of Technology Platforms and Science Commercialization Process in Georgia. The Problems of Formation of European Innovative and Economic Models and Ways to Solve them in Georgia.] in Georgian https://gawb.ge/wp-content/uploads/2021/11/
• Lomsadze E. (2022). globaluri inovatsiebis indeksi da sakartvelo - ra mimartulebit unda ganvitardes inovatsiebi? [Global Innovation Index and Georgia - In which Direction should Innovations be Developed?] in Georgian https://www.entrepreneur.com/ka/siakhleebi-da-tendentsiebi/inovatsiebis/437328 (last seen May, 2023).
• Frankfort-Nachmias Chava & Nachmias David (2009). kvlevis metodebi sotsialur metsnierebebshi. [Research Methods in Social Sciences. Publishing House “Ilia State University”, Tbilisi.] In Georgian
• Chiladze G. (2020). sauketeso evropuli praktika da intelektualuri sakutrebis, inovatsiebis menejmentis zogierti aspekti sakartveloshi. evropuli inovatsiuri da ekonomikuri modelebis pormirebis problemebi da mati gadachris gzebi sakartveloshi. [Best European Practices and some Aspects of Intellectual Property, Innovation Management in Georgia. The Problems of Formation of European Innovative and Economic Models and Ways to Solve them in Georgia.] in Georgian https://gawb.ge/wp-content/uploads/2021/11/ - last seen December, 2022).
• Atvare E., Kudurs E. & Blumberga D. (2022). Differences in Commercialization Policies of Innovations. Customer Perspective. https://www.researchgate.net/publication/365329308_Differences_in_Commercialization_Policies_of_Innovations_Customer_Perspective last seen May, 2023).
• Caldwell L. (2019). The Eight Steps to Commercialize Innovation. Forbes on the Web. https://www.forbes.com/sites/lisacaldwell/2019/11/04/the-eight-steps-to-commercialize-innovation/?sh=758527eb2127 (last seen March, 2022).
• Datta A., Reed R. & Jessup L. (2013). Commercialization of Innovations: an Overarching Framework of Research Agenda. Cleveland State University. https://engagedscholarship.csuohio.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1029&context=bus_facpub (last seen May, 2022).
• Farrell L.C. (2003). Getting Entrepreneurial! Creating and Growing Your Own Business in the 21st Centruy. United States of America: John Wiley & Sons, Inc.
• Five Steps to Successful Commercialization of an Innovation. (n.d.). https://www.valmet.com/media/articles/experts-voice/five-steps-to-successful-commercialization-of-an-innovation/ (last seen May, 2022).
• Hamid N. A. & Rahman A. A. (2014). A Systematic Literature Review on the Success Factor of Innovation Commercialization Performance. Https://www. researchgate.net/publication/287337486_A_systematic_literature_review_on_the_success_factor_of_innovation_commercialization_performance (last seen February, 2023).
• Maidique A. M. & Billie Jo Zirger B. J. (1985). The New Product Learning Cycle, Research Policy, Vol. 14, No. 6, pp. 299, 309.
• Mohannak K. & Samtani L. (2014). A Criteria-based Approach for Evaluating Innovation Commercialization. DRUID Society Conference 2014.
• Nerkar A. & Shane S. (2007). Detenninants of Invention Commercialization: an Empirical Examination of Academically Sourced Inventions. Strategic Management Journal. Vol. 28 No. 11, pp. 1155-1166.
• Olefirenko O. M. & Shevliuga O. (2017). Commercialization of Innovations: Peculiarities of Sales Policy at Innovation Active Enterprise. https://www.researchgate.net/publication/318379894_Commercialization_of_innovations_peculiarities_of_sales_policy_at_innovation_active_enterprise (last seen February, 2023).
• Saarelainen E. (2018). Why There’s No Innovation without Experimentation. UNHCR Innovation. https://www.unhcr.org/innovation/why-theres-no-innovation-without-experimentation/ (last seen April, 2022).
• Schendel D. & Hill M.A. (2007). Comments from Editors: Introduction to Volume 1. Strategic Entrepreneurship Journal, Vol. 1. pp. 1•7.
• Schreyer P. & Pilat D. (2001). Measuring Productivity. OECD Economic Studies No. 33, 2001/II. http://citeseerx.ist.psu.edu/viewdoc/download?doi=10.1.1.448.4021&rep=rep1&type=pdf (last seen May, 2022).
• Shcherbachenko V.O. & Kotenko S. I. (2022). Analysis of Obstacles and Success Factors of Innovation Commercialization. https://www.researchgate.net/publication/362998870_ANALYSIS_OF_OBSTACLES_AND_SUCCESS_FACTORS_OF_INNOVATION_COMMERCIALIZATION (last seen February, 2023).
• Simmons M. (2017). Forget 10,000-Hours: Edison, Bezos and Zuckerberg follow the 10,000-Experiment rule. Observer. https://observer.com/2017/11/forget-10000-hours-edison-bezos-zuckerberg-follow-the-10000-experiment-rule/ last seen April, 2022).
• Trott P. (2017). Innovation Management and New Product Development (6th ed.). United Kingdom: Pearson.
Keywords: Innovations, generation of innovations, experiments, commercialization, commercialization of innovations.
JEL Codes: O30, O31, Q55