ჟურნალი ნომერი 2 ∘ ირაკლი კოვზანაძე ∘ მსოფლიო და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკების განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები უკრაინის გეოპოლიტიკური შოკის ფონზე ჟურნალი N 2. 2023
სტატიაში გაანალიზებულია მსოფლიო ეკონომიკის, ცალკეული რეგიონების და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკების განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები სხვადასხვა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური კრიზისის პირობებში. არსებული რიგი ნეგატიური ფაქტორების გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილებულია ფინანსური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.
მსოფლიო ეკონომიკა, რეგიონული და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკები განიცდიან მთელი რიგი ფაქტორების ნეგატიურ გავლენას: რეცესიის საფრთხე, მაღალი ინფლაცია (რაც, პირველ რიგში, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდით არის განპირობებული), COVID-19 პანდემიის შემდეგ ჯერ კიდევ სრულად არ აღმდგარი სამეურნეო კავშირები, სავაჭრო ომები, ეკონომიკური სანქციები და ა.შ. ამასთანავე, 2022 წელს გამოიკვეთა ცენტრალური ბანკების მიერ, ინფლაციის მოთოკვის მიზნით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა - აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2022 წელს აღნიშნული განაკვეთი 0.3%-დან 4.5%-მდე, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი - 0%-დან 2.5%-მდე გაზარდა. წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების ასეთი ზრდა გარკვეულწილად შოკი იყო მსოფლიო ეკონომიკისთვის, ვინაიდან 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისის შემდგომ იგი ადაპტირებული იყო იაფი ფულის პოლიტიკაზე.
2022 წელი კი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას განმსაზღვრელი ნეგატიური ფაქტორი იყო და რჩება უკრაინის ომთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური შოკი.
გეოპოლიტიკური რეალიები რთულ და კომპლექსურ გავლენას ახდენს როგორც მსოფლიო, ასევე ცალკეული რეგიონების და ქვეყნების ეკონომიკაზე; მიმდინარეობს ცალკეული ქვეყნების და ქვეყანათა ჯგუფების ეკონომიკების ფრაგმენტაცია, გლობალური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების რღვევა, ლოჯისტიკური ჯაჭვების წყვეტა და გაძვირება, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, სანქციები და სავაჭრო ომები, დისბალანსის ზრდა სახელმწიფო ფინანსებში, საწარმოო ინფრასტრუქტურების ნგრევა, ლტოლვილთა რაოდენობისადა სოციალური პრობლემების ზრდა და ა.შ.სწორედ ასეთ ვითარებაში უწევს გლობალურ ეკონომიკას და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკას ფუნქციონირება.
მიუხედავად არსებული რეალობების და გამოწვევებისა მსოფლიო ეკონომიკამ თავიდან აიცილა რეცესია, თუმცა რისკები კვლავ რჩება.
2022 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპმა 3.4% შეადგინა (2021 წელს 6% იყო), ამ ეტაპისათვის 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალი იქნება და 2.9%-ს შეადგენს.
მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკების მაჩვენებლები 2022 წელს საკმაოდ განსხვავებული იყო, მთლიანობაში მათ ზრდა აჩვენეს, თუმცა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია ზრდის ტემპების კლება: აშშ - ზრდა 1.4%, ევროზონის ქვეყნები - ზრდა 0.7%, დიდი ბრიტანეთი - კლება 0.6%.
განვითარებადმა ქვეყნებმა გასულ წელს მთლიანობაში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს - 3.9%, მათ შორის აზიის ქვეყნებში - 4,3%, თუმცა ჩინეთის მშპ-ს ზრდის მაჩვებებელი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ - ერთი ყველაზე დაბალი იყო და მხოლოდ 3% შეადგინა (შედარებისთვის - ინდოეთში მშპ-ს ზრდამ 6.8%-ს მიაღწია).
ასეთ ვითარებაში, უკანასკნელი ორი წელია საქართველოს ეკონომიკა მაღალ, ორნიშნა ზრდას აჩვენებს (2021 წ. - 10.5%, 2022 წ. - 10.1%), ასევე გაუმჯობესებულია პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელი: ინფლაცია 12-13 %-დან შემცირებულია 9.4%-მდე, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა და მათ შორის ექსპორტი, შემცირებულია უმუშევრობის დონე (20.6%-დან 17.3%-მდე), შემცირებულია მთავრობის ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელი (2020 წ. – 60.2%, 2021 წ. – 49.7%, 2022 წ. – 39.6%) და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი (2020 წ. 9.3%, 2021 წ. – 6.1% , 2022 წ. – 3.1%), მიმდინარე ანგარიშის სალდო და ა.შ.
პარალელურად, საქართველოს საბანკო სისტემამ შეინარჩუნა მაღალი ლიკვიდობა და მდგრადობა. 2022 წელს საბანკო სისტემის აქტივები გაიზარდა 16%-ით და 70 მლრდ. ლარს მიაღწია, ფიზიკური და იურიდიული პირის დეპოზიტები გაიზარდა 19%-ით და 44.3 მლრდ ლარს გაუტოლდა, კაპიტალიზაცია გაიზარდა 19.5%-ით და 9.2 მლრდ ლარი შეადგინა.
ამგვარად, გლობალური ეკონომიკის, ცალკეული ქვეყნების და სახელმწიფოთა ეკონომიკის 2022 წლის შედეგები არაერთგვაროვან სურათს იძლევა.
ერთის მხრივ, 2022 წელს ძირითადად თავიდან იქნა აცილებული გლობალური რეცესია, მეორე მხრივ კი, 2023 წელს იკვეთება ეკონომიკური ზრდის ტემპის კლების, დანაზოგების და ინვესტიციების შემცირების, შემოსავლების და მოხმარების კლების, სახელმწიფო ხარჯების და ვალის ზრდის, ეროვნული ვალუტების რყევის, ფინანსური სისტემების და ინსტიტუტების ლიკვიდობის დეფიციტის და გადახდისუნარიანობის რისკის ზრდის და ა.შ.ტენდენცია.
მთლიანობაში, მდგომარეობა საკმაოდ მყიფეა და ეკონომიკურ პერსპექტივებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოპოლიტიკური რისკები და რეალობები. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინასური მდგრადობის უზრუნველყოფას.
საკვანძო სიტყვები: მსოფლიო ეკონომიკა, პოსტსაბჭოთა ეკონომიკა, ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინფლაცია, დანაზოგები და ინვესტიციები, ბიუჯეტის დეფიციტი, სახელმწიფო ვალი, საგადასახდელო ბალანსი.
References:
• Kovzanadze I. (2021) World Economy: Economic Implications of the COVID-19 Crisis and Prospects for Recovery. “Economic and Business” Tbilisi,Vol. XIII, N3.
• Kovzanadze I. (2020) Economic Challenges during COVID-19 and Post-Pandemic Era. “Economic and Business” Tbilisi, Vol. XII, N4.
• Kovzanadze I. (2018) “Global Economy: Post-Crisis to Sustainable Development” iUniverrse Inc. New-York, Bloomington.
• Kovzanadze I. (2010) “Systemic and Borderline Banking Crises: Lessons Learned for Future Prevention” iUniverrse Inc. New-York, Bloomington.
• www.geostat.ge
• www.nbg.gov.ge
• www.mof.ge
• www.imf.org
• www.bls.gov
• www.bea.ge
• www.fred.stlouisfed.org
• www.ebrd.com
• www.worldbank.org