English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ინეზა ვაწაძენანა კაციტაძე
რაჭის სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენისა და ფორმირების მეთოდოლოგიური რეკომენდაციები

სოფლის ტურიზმი თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა სახით.  ეს, რესურსების შეზღუდულობის პრინციპის შესაბამისად, მოითხოვს მისი გამოყენების რაციონალური გზების ძიებას და სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენას. ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიაში  წარმოდგენილია სოფლის ტურიზმის პრიორიტეტების გამოვლენისა და ფორმირების  მეთოდოლოგიური რეკომენდაციები ორი ასპექტით: პირველი გულისხმობს  პოტენციალის  გამოვლენას  სოფლის ტურიზმის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების კომპლექსურ შეფასებას შემოთავაზებული პროგნოზირების ალგორითმის მიხედვით, მეორე კი - სოფლის ტურიზმის პროდუქტის შექმნის პროცესის განხორციელებისათვის ადეკვატური ორგანიზაციული მოდელების შერჩევას  სოფლის ტურიზმის  მოდელების ისტორიული ანალიზის საფუძველზე.

აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებით რაჭის მაგალითზე   გამოვლენილი იქნა სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებები და შეირჩა  ისეთი ფორმები (მოდელები), რაც შეიძლება წარმატებით იქნეს განხორციელებული რაჭის  სინამდვილეში.

საკვანძო სიტყვები: სოფლის ტურიზმი, ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებები, დესტინაციის ფორმირების მეთოდოლოგია, სოფლის ტურიზმის ორგანიზაციული მოდელები.

შესავალი

ევროკავშირის ქვეყნები სოფლად ტურიზმის განვითარებას განიხილავენ როგორც ჩამორჩენილი და დეპრესირებული რეგიონების ეკონომიკური ზრდის უმნიშვნელოვანეს ალტერნატივას (Idziak W. Majewski J. Zmyslony P. 2015. 1341–1362, Kavita E. Saarinen J. 2016. 79–88). ტურიზმის ეს მიმართულება მოიხმარს სოფლად და მის ირგვლივ არსებულ მრავალფეროვან რესურსებს, შესაბამისად შესაძლებელია სოფლის ტურიზმის სხვადასხვა სახით განხორციელება.  ეს  ტურისტული რესურსებით მდიდარ  რეგიონებს საშუალებას აძლევს უფრო მეტად დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები და ამავდროულად   რესურსების  სამეურნეო ბრუნვაში ფართო ჩართვით მიიღოს ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობა.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, სოფლის ტურიზმი მიმზიდველია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რომლის თითქმის ყველა რეგიონი მდიდარია სხვადასხვა სახის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსებით. დღეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე მიმდინარე ტენდეციებმა აჩვენა, რომ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების წარმატებისათვის მნიშვნელოვანი ხდება არა იმდენად ტურისტული რესურსების არსებობა, რამდენადაც   მისი ოპტიმალური გამოყენება ინოვაციური მართვის მეთოდების გამოყენებით (Katsitadze N. 2018). იმისათვის, რომ საქართველო  ტურისტულ ბაზარზე  გახდეს კონკურენტული, მოუწევს ამ გზების მოძიება.  საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თითოეულ მის რეგიონს განსხვავებული ტურისტული რესურსები, განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური ფონი და განსხვავებული ტურიზმის განვითარების სიმწიფის დონე გააჩნიათ. აღნიშნული გარემოება მოითხოვს რეგიონების მიხედვით დიფერენცირებულ და ამავე დროს ყველა დონეზე ლოგიკური კავშირის მქონე ტურიზმის სტრატეგიული განვითარების პროგრამების არსებობას. სამწუხაროდ,  საქართველოს რეგიონებთან მიმართებაში ან არ არსებობს ასეთი პროგრამები, ან არსებული პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი მეცნიერულად დამუშავებულ პროგნოზირების საფუძვლების ნაკლებობაზე მიუთითებს და ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობას ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ ეკონომიკურ მიმართულებად აქვს გამოცხადებული.

საქართველოს დღევანდელი სოფელი განსაკუთრებით ეკონომიკურად ჩამორჩენილი და დეპრესირებული რეგიონია, განიცდის ფინანსური რესურსების მწვავე უკმარისობას. ეს, რესურსების შეზღუდულობის პრინციპის შესაბამისად, გვიბიძგებს მწირი ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენების გზების ძიებისაკენ. ერთ-ერთ ასეთ გზას წარმოადგენს სოფლის ტურიზმის განვითარების საწყის სტადიაზე ორიენტაციის აღება მისი ერთი ან შეზღუდული რაოდენობის მიმართულების განვითარებაზე (ვაწაძე ი. 2018.), რომელიც უნდა შეირჩეს პრიორიტეტულობის და განხორციელების ეტაპობრივი პრინციპის საფუძველზე.

პრიორიტეტულ მიმართულებებად მოიაზრება ტურისტული აქტივობის ის სექტორი, რომელიც, ტურისტული რესურსების რაციონალური გამოყენებით, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის შექმნას და სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის უკეთესად გამოვლენის შესაძლებლობას.

ტურისტული დანიშნულების ადგილებში (დესტინაციებში) პრიორიტეტული ტურისტული მიმართულების შერჩევა და განვითარება მოითხოვს შესაბამის მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას. აღნიშნულიდან გამომდინარე,  სტატიის მიზანია რაჭის მაგალითზე სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენისათვის შესაბამისი გზების ძიება და თეორიულ-მეთოდოლოგიური რეკომენდაციების ჩამოყალიბება. 

 ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიური რეკომენდაციები  შემოსაზღვრულია ორი ფაქტორით - პირველი გულისხმობს  დესტინაციის  განვითარებას საპროგნოზო ალგორითმის საფუძველზე, ხოლო მეორე - სოფლის ტურიზმის ორგანიზაციულ ფორმებს (მოდელებს).

აღნიშნული მეთოდოლოგია ხელს შეუწყობს ტურისტული აქტივობის განხორციელების პროცესის რაციონალიზაციას, კონკურენტული და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილის ჩამოყალიბებას.

კვლევა და მისი შედეგები

სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების   პროგნოზირება

დესტინაციაში სოფლის ტურიზმის  პრიორიტეტული მიმართულების გამოვლენა, უპირველესად, დამოკიდებულია პოტენციალის შეფასებისათვის საჭირო მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების არსებობაზე.  პრობლემა აქტუალურია  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. თეორიული მნიშვნელობა იმით აიხსნება, რომ რესურსული პოტენციალის  შეფასების პრობლემის გადაწყვეტაში მიღწეული წარმატების მიხედვით, შეიძლება ვიმსჯელოთ ტურისტული ინდუსტრიის მეცნიერულ-მეთოდური უზრუნველყოფის ხარისხზე, ხოლო პოტენციალის კომპონენტების რაოდენობრივი  და თვისობრივი მაჩვენებლების შეფასება, ანუ სოფლის ტურისტული რესურსების კადასტრი, აუცილებელია ამ რესურსების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობების  განსაზღვრისათვის.

სოფლის ტურიზმის სფეროში რესურსების პოტენციალის შეფასება გართულებულია იმ გარემოების გამო, რომ სადღეისოდ ტურიზმის ამ სექტორისათვის ადაპტირებული კლასიფიკაცია და ტიპოლოგია არ არსებობს. ამასთან, ამა თუ იმ რესურსის  პრიორიტეტულად აღიარება დამოკიდებულია  ტურისტული აქტივობის თავისებურებებზეც, რაც სოფლის ტურიზმში რესურსების კლასიფიკაციის და პრიორიტეტულობის დადგენას ართულებს. ასე  მაგალითად, ჯომარდობა აქტიურად ვითარდება სოფლის ტურიზმშიც.  ტურიზმის ამ სახეობის საფუძველია  მთის  მდინარე თავისი ჰიდროლოგიური თავისებურებებით და არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მიუხედავად მისი კრიტიკული მნიშვნელობისა სოფლის ტურიზმში.

სოფლის ტურიზმის პრობლემატიკის სფეროში შესრულებული გამოკვლევების უმეტესობა დაფუძნებულია კონცეფციაზე, რომლის მიხედვით სოფლის ტურიზმის განვითარება ემყარება ბუნებრივ რესურსებს (Dimitrovski D.D. 2012., უკლება მ. 2009.) ტურიზმის რესურსების შესწავლის დროს პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ კომპონენტების დაყოფას გეოგრაფიული და დარგობრივი ნიშნის მიხედვით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბუნებრივი რესურსების გეოგრაფია, რომელიც შეისწავლის რეგიონის, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების განაწილებას და სტრუქტურას  (გელდნერი ჩ. რ., რითჩი ჯ.ბ.,2013). ასეთი შესწავლის შედეგების საფუძველზე ხშირად ხდება რეგიონში სოფლის ტურიზმის სტრატეგიული დაგეგმვის, კერძოდ, მისი მიმართულების შერჩევა, რაც არასწორად მიგვაჩნია.

ვიზიარებთ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ტურიზმი,  როგორც მრავალგანზომილებიანი და ტურისტული აქტივობების სხვა აქტივობებთან გადამკვეთი სოციალურ-ეკონომიკური ფენომენი, ეფუძნება სხვადასხვა სახის რესურსის გამოყენებას.   სოფლის ტურიზმი, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სახით განვითარდეს, კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი ბუნებისაა, ვიდრე რომელიმე სხვა ტურისტული მიმართულება. ამიტომ უფრო მწვავედ დგას საკითხი  დესტინაციის სისტემური გამოკვლევის მიმართ. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ტურისტული პროდუქტის ფორმირების კანონზომიერებების გაგებისათვის საჭიროა ტურისტული რესურსების  კომპლექსური შეფასება, რაშიც ვგულისხმობთ როგორც ძირითადი ტურისტულ რესურსების (ატრაქციები, განთავსების ობიექტები და ტრანსპორტი), ასევე იმ ფაქტორების შეფასებას, რომელიც აუცილებელია ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად.

რაჭის  სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად საჭიროდ მიგვაჩნია იმის გამოკვლევა, თუ რა ტურისტული შეთავაზებების პოტენციალი გააჩნია რაჭას, რისთვისაც ტურისტული პროდუქტის შემადგენლების ე.წ. 3A - მისაწვდომობა (Accessibility), განთავსება (Accommodation), სანახაობები ( Attractions) მხოლოდ რაოდენობრივი შეფასება არაასაკმარისია, რამდენადაც ტურისტული პროდუქტის მოხმარების შედეგია ტურისტული პროდუქტებით მიღებული შთაბეჭდილება, რომლის მხოლოდ რაოდენობრივი გაზომვით ვერ შევძლებთ ობიქტური ინფორმაციის მიღებას. მაგალითად, ადგილის ხელმისაწვდომობა შეგვიძლია შევაფასოთ მანძილით,  სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობითა და  სახეებით,  რომლის გამოყენების ალტერნატივა ეძლევა მგზავრს. მიღებული შთაბეჭდილების გაზომვა შესაძლებელია - ატრაქციების  შეფასება  მოითხოვს როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მაჩვენებლებით შეფასებას, რაც  მომხმარებლის ქცევისა და მოთხოვნის ტენდენციების შესწავლის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

       მაშასადამე, სოფლის  ტურისტული შეთავაზებების პროგნოზირებისთვის  უნდა გაკეთდეს ანალიზი შემდეგი მიმათულებით:

  • დანიშნულების ადგილის პროდუქტის  კონცეფციის ძირითადი შემადგენლები (განთავსებისა და კვების ობიექტების მომსახურების პროდუქტები და ატრაქციები, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანის ხელით შექმნილი);
  • ეკონომიკური მიმზიდველობა (ფულისა და დროის (დესტინაციის მისაწვდომობა) დანახარჯები);
  •  მომსახურების მრავალფეროვნება და უნიკალურობა.

ტურიზმის განვითარების პროგნოზირების ალგორითმის კონცეფცია

ნებისმიერი მაღალი ღირებულების ტურისტული რესურსის არსებობის გამოვლენის შემთხვევაშიც კი,  შეუძლებელია დადასტურებულად მსჯელობა რეგიონში ტურიზმის ამა თუ იმ მიმართულების პრიორიტეტულობაზე, რამდენადაც მათი გამოყენების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმ ფაქტორებზეც,  რაც უქმნის წარმატების პირობებს ან ზღუდავს მას. ტურიზმის ძირითადი რესურსული პოტენციალი შეიძლება დროებით უმოქმედოდ იყოს, მაგრამ  „რაღაც პირობების“ დადგომის შემდეგ შეიძლება სამეურნეო ბრუნვაში მოექცეს. სვანეთის მდიდარი ტურისტული რესურსები, როგორც იტყვიან, ,,ჩვენ თვალწინ” ამოქმედდა მას შემდეგ, რაც აქ შეიქმნა შესაბამისი პირობები. ამ პირობებს ტურიზმის მენეჯმენტის ცნობილი სპეციალისტები ჩარლზ გელდნერი და ბრენტ რიჩი ტურიზმის მხარდამჭერ ფაქტორებად და სიტუაციურ  დეტერმინანტებად მოიხსენიებენ (გელდნერი,  რიჩი  2013, 309-310).

ამდენად, სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების გამოსავლენად და ამ მიმართულებების განვითარების სტრატეგიული გეგმის  შემუშავებისათვის  აუცილებელია რეგიონში არსებობდეს ინფორმაცია ყველა იმ კომპონენტის შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს მის განვითარებაზე. აღნიშნული საკითხის დასადგენად ჩამოვაყალიბეთ რაჭის ტურისტული პოტენციალის შეფასების ალგორითმი, რომელშიც  ვითვალისწინებთ   ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) რეკომენდაციით შემოთავაზებულ შეფასების კომპონენტებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე, კერძოდ:  ატრაქციონების ხელმისაწვდომობა, განთავსებისა და მომსახურების ინდუსტრიის განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კვალიფიციური პერსონალის ხელმისაწვდომობა, ტურისტულ საქმიანობაში სახელმწიფოს დახმარება.

რეგიონში ტურიზმის განვითარების პროგნოზირების ალგორითმის კონცეფცია მოიცავს კვლევას შემდეგი მიმართულებით:

1. მოთხოვნის  დადგენა.  სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე ტურისტული ნაკადის პოტენციური მოცულობისა და სტრუქტურის დადგენა, სოფლის მომხმარებელთა  სამიზნე სეგმენტის გამოყოფა;

2. დესტინაციის სოფლის ტურისტული პროდუქტის ფორმირების რესურსული პოტენციალის შეფასება შემდეგი მიმართულებით:

  • ტურისტული პოტენციალის სპეციფიკის დადგენა;
  • ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ანალიზი;
  • მაკრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასება (სატრანსპორტო კომუნიკაციები, საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, ტერიტორიის მოწესრიგება  და ა.შ.);
  • ტურიზმის მიკრო ინფრასტრუქტურის შეფასება (მცირე და საშუალო ზომის დამხმარე საწარმოები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ტურიზმის ორგანიზაციაში - გაქირავების ადგილები, სატრანსპორტო მომსახურება და ა.შ.);
  • ტერიტორიაზე მაქსიმალური დატვირთვის (ან მაქსიმალური დასაშვები ცვლილებების) დადგენა;
  • ორგანიზაციული უზრუნველყოფის სფეროს ანალიზი - სოფლის ტურიზმის მონაწილეთა საქმიანობის ინტეგრაციის შესაძლებლობათა ანალიზი; სოფლის ტურიზმისთვის მაკოორდინირებელი ცენტრების, აგრო-ტურისტულ მეურნეობათა საზოგადოებრივი გაერთიანებების,  რეგიონული საკოორდინაციო ცენტრების და სხვათა საქმიანობის ანალიზი;
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის სფეროს ანალიზი  - ნორმატიული-სამართლებრივი ბაზა და მისი შევსება აუცილებელი აქტებითა და დებულებებით (რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით);
  • ფინანსური უზრუნველყოფის სფეროს ანალიზი - სოფლის მეწარმეების შეღავათიანი დაკრედიტების სისტემის ორგანიზაცია, აუცილებელი პროფესიული მომზადების (გადამზადების) პროგრამების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის დაფინანსება (გზები, ელექტრო და წყალმომარაგება), სახელმწიფო და ადგილობრივი წყაროებიდან სოფლის ტურიზმის  დაფინანსების შესაძლებლობები;
  • ლოჯისტიკისა და საინფორმაციო  სფეროს ანალიზი - რეკლამისა და სტიმულირების სხვადასხვა საშუალების ეფექტიანობის ანალიზი და სხვა.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროგნოზირების ალგორითმის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია მყარ საფუძვლად გამოდგება ნებისმიერი  რეგიონის  ტურიზმის პროგრამის ჩამოსაყალიბებლად.

მაშასადამე, ტურისტული რესურსების ეფექტიანი მენეჯმენტისათვის მიზანშეწონილია, რომ გამოიყოს შეფასების სამი მიმართულება: რესურსების რაოდენობრივი შეფასება, რესურსების თვისობრივი შეფასება, რესურსების გამოყენების შესაძლებლობების ანალიზი.

რაჭის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტურისტული შეთავაზებების  განხორცილების შესაძლებლობების გამოსავლენად ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდოლოგიით  საჭირო ოფიციალური ინფორმაცია  ძალზე მწირი აღმოჩნდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ამ რეგიონის ტურიზმის განვითარების კონცეფცია და  არც  ტურისტული რესურსების კადასტრი.

კვლევისათვის ოფიციალური ინფორმაციიდან გამოყენებული იქნა:  ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის გეგმები, ონის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების  კვლევა (მსგავსი დოკუმენტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტზე არ არსებობს); ონის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განვითარების ხედვა. ტურიზმის განხორციელებისათვის ხელშემწყობი სხვა ფაქტორების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად  შესწავლილი იქნა „რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისათვის“. აღნიშნულ დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს რაჭაში ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსის სიუხვესა და მრავალგვარობას, რომელიც შეიძლება გახდეს სოფლის ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების საფუძველი. ამავე დოკუმენტში წარმოდგენილმა რეგიონის ფაქტორულმა ანალიზმა მოგვცა ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებაც, რომლებიც ხელს უშლიან რაჭის ტურისტულ-რეკრეაციულ რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

აღიშნული ანალიზი მოიცავს რამდენიმე ბლოკს:

  • სოციალური განვითარება, ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი მომსახურებები. ამ ბლოკის სუსტ მხარეებში აღნიშნულია ისეთი სახის  პრობლემები, როგორიცაა: რეგიონის რთული დემოგრაფიული სიტუაცია, მოსახლეობის მწირი შემოსავლები და დანაზოგების მცირე მოცულობა, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილის და საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სხვა.
  • ეკონომიკის ბლოკში აღნიშნულია შემდეგი სუსტი მხარეები: პერიფერიული მდებარეობა და გასაღების ბაზრებთან სიშორე, მოქმედი ბიზნეს სუბიექტების უკიდურესად მცირე რაოდენობა, ძვირი საბანკო კრედიტები და კაპიტალის ალტერნატიული წყაროების არარსებობა,  პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე, შრომითი რესურსების მომზადება-გადამზადების ქმედითი სისტემის არარსებობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ტურისტების მოზიდვისადმი არასისტემური მიდგომა, ტურიზმის ინდუსტრიული ზონების მართვის და ტურიზმის, როგორც ბიზნესის საქმიანობის, არასაკმარისი ცოდნა, ტურისტული დასახლებებისთვის კურორტის სტატუსის არქონა, საკურორტო ზოლში ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების სიმცირე, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორის, ინოვაციების განვითარების დაბალი დონე, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების დაბალი ინტენსივობა, მოძველებული საწარმოო ტექნიკური ბაზა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებლები და რეგიონის დონეზე მათი მოზიდვის ქმედითი მექანიზმების არარსებობა და სხვა.

ამავე  დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ასევე მოიცავს ანალიზს რეგიონული ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების შეზღუდული უფლებამოსილებების, მწირი საბიუჯეტო შემოსავლების, სახელმწიფოს, ბიზნესსა და ადგილობრივ თემს შორის არასაკმარისი ვერტიკალური კავშირების  შესახებ და ა.შ.

ზემოთ აღნიშნული სუსტი მხარეები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რომლებიც ხელს უშლიან ტურიზმის განვითარებას რეგიონში და მიუხედავად  იმისა, რომ რაჭა გამორჩეულია მდიდარი და უნიკალური რესურსებით, ტურიზმის განვითარების დონე დაბალია. არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად,  პირველ რიგში, საჭიროა არსებობდეს სოფლის ტურიზმის განვითარების კონცეფცია, რომელშიც ვგულისხმობთ შეხედულებათა  სისტემას  ტურიზმის განვითარების  პირობების შექმნის და მისი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფის მექანიზმების შესახებ.

მაშასადამე,  რაჭის სოფლის ტურიზმის განვითარების კონცეფცია აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ისეთ ღონისძიებების გატარებას როგორიცაა:

-        სახელმწიფო მხარდამჭერი  მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;

-        სოფლის ტურიზმის სფეროში საინვესტიციოდ მიმზიდველი პირობების შექმნა;

-        რეგიონის ტურისტული რესურსების ერთიანი ბაზის შექმნა;

-        რაჭის ტურისტული ადგილების ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობა;

-        სოფლის ტურისტული კონკურენტუნარიანი პროდუქტების  შექმნისა და რეალიზაციის ხელშეწყობა;

-        სოფლის ტურიზმისათვის დამხმარე  ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება;

-        სოფლის ტურიზმის განვითარებისათვის დაფინანსების მექანიზმის სრულყოფა;

-        სოფლის ტურიზმის სფეროში საკადრო პოტენციალის განვითარება;

-        სოფლის ტურიზმის სფეროში ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის დამუშავება;

-        სოფლის ტურიზმის ინფრასტრუქტურის (გზების და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება) შექმნა;

-        სოფლის ტურიზმის უპირატესობის   პოპულარიზაცია ( ადგილობრივ ბიზნესსა და თემში) და სხვა.

მოთხოვნა რაჭის ტურისტულ პროდუქტებზე

რაჭის ტურისტულ პროდუქტებზე შიდა ბაზრის მომხმარებლის მოთხოვნილების შესახებ ოფიციალური ინფომაციის არარსებობის გამო,   დავეყრდენით  ჩვენ მიერ ჩატარებულ  გამოკვლევის შედეგებს. კვლევისას გამოყენებული იქნა  რესპონდენტთა ანკეტური გამოკითხვის მეთოდი. გამოკვლევის მიზნობრივ რესპონდენტთა ჯგუფის ჩამოყალიბებისათვის გამოყენებული იყო ორი კრიტერიუმი: რესპონდენტის ინფორმირებულობა სოფლის ტურიზმის სფეროში და რესპონდენტის პრეფერენციული დამოკიდებულება საქართველოს ბრენდული კურორტებისა და სოფლად დასვენებისადმი. სულ გამოკითხული იქნა  282 რესპონდენტი.

რესპონდენტთა ჯგუფი, რომლებსაც აქამდე არაფერი გაუგიათ სოფლის ტურიზმის შესახებ, ჩვენი მიზნისათვის ნაკლებად მიმზიდველია. საუკეთესოა ჯგუფი, სადაც შედიან რესპონდენტები, რომელსაც ჰქონდათ ინფორმაცია სოფლის ტურიზმის შესახებ (,,გამიგია და მისარგებლია” - 28%). რეპრეზენტატულობის გაზრდის მიზნით გამოყენებული იყო ის ჯგუფიც, რომლის წევრებს ბუნდოვანი წარმოდგენა  ჰქონდათ სოფლის ტურიზმის შესახებ (53%) და წინასწარი ახსნა-განმარტება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გარკვეულიყვნენ სოფლის ტურიზმის რაობაში.  საქართველოს ბრენდული კურორტებისა და სოფლის ტურიზმისადმი უპირატესი არჩევანის დასადგენად, მათ უპასუხეს კითხვაზე: ,,რომელ ვარიანტს აირჩევდით საქართველოში დასასვენებლად?” ა) რომელიმე ბრენდულ კურორტზე დასვენებას; ბ) სოფელში დასვენებას, სადაც ბუნების წიაღში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი ტურისტული აქტივობის განხორციელება. 237 რესპონდენტიდან  76.3%  (181 კაცი), უპირატესობა მიანიჭა სოფლად დასვენებას და ამ ჯგუფის ბაზაზე გაგრძელდა კვლევა  ჩვენ წინაშე მდგარი ძირითადი ამოცანის გადაწყვეტისათვის სოფლის ტურიზმის სხვადასხვა სახის მიმართ პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებულების გამოკვლევისათვის. (იხ.ცხრილი). 

პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებულება სოფლის ტურიზმის სახეობებისადმი

განსახორციელებელი ტურისტული აქტივობა

დადებითი

% -ით მთლიანის მიმართ

  1.  

ქალაქური ორომტრიალიდან თავის გარიდება და სოფლის იდილიურ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენება

 

91

 

50,2

  1.  

მევენახეობა-მეღვინეობის გაცნობა და ღვინის დეგუსტაცია მარანში

27

14,9

  1.  

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საშუალებებით სარგებლობა

22

12,2

  1.  

ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს გაცნობა

19

10,5

  1.  

ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისგაცნობა და სურვილისამებრ მასში მონაწილეობის მიღება

9

5.0

  1.  

კულტურულ-ისტორიული  და სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვა

8

4,4

  1.  

თევზაობა

3

1,6

  1.  

ნადირობა

2

1,1

9

სულ

181

100

   

როგორც ცხრილიდან ჩანს, რესპონდენტთა უმრავლესობა (50,2%) უპირატესობას ანიჭებს ქალაქური ორომტრიალიდან დროებით თავის დაღწევას და სოფლის იდილიურ, წყნარ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დასვენებას. ამის შესაძლებლობას იძლევა სოფლის რეკრეაციული ტურიზმი.  მეორე ადგილზეა (14,9%) რესპონდენტები, რომლებიც სოფლად გაემგზავრებიან იმ მიზნით, რომ გაეცნონ მევენახეობა-მეღვინეობას და ადგილზე დააჭაშნიკონ ღვინო. ეს ღვინის ტურიზმის პრეროგატივაა. სოფლად გამგზავრების ყველაზე მნიშვნელოვან მოტივად, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიზნით, მიიჩნევს გამოკითხულთა მხოლოდ 12,2 %. გამოკითხულთა 10,5% სოფლად მოგზაურობის დროს  უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს გაცნობას, რაც კულინარიული ტურიზმის ფუნქციაა.  რაჭის სოფლები, ბუნებრივ-კლიმატური პირობებითა და სხვადასხვაგვარი მინერალური შემადგენლობის წყლების სიუხვით, ქმნის უნიკალურ გარემოს ადამიანის განკურნებისათვის. მაგრამ, როგორც ჩვენი დაკვირვებით გამოვლინდა, დღეისათვის ძალიან ცოტას (12,2%) სურს ამ შესაძლებლობის გამოყენება. როგორც ჩანს, ამ მხრივ საჭიროა აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების გატარება.

ტურისტთა უმეტესობა, სოფლად ჩასვლის ძირითად მოტივად თვლის ქალაქიდან თავის დაღწევას და ბუნების წიაღში მშვიდად დასვენებას. ეს შეესაბამება მრავალრიცხოვან დაკვირვებას. ტურისტები, რომლებიც სამოგზაუროდ და დასასვენებლად სოფელს ამჯობინებენ, თავიანთი არჩევანის დასაბუთებისას ძირითადად, პირველ რიგში, ასახელებენ ბუნებაში წყნარად დასვენებისა და სასურველი პეიზაჟის გარემოში შვებულების გატარების შესაძლებლობას (Kurleto M. 2014.). იმის დასადგენად, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას სოფლის ტურიზმის არჩევისას, დასმულ იქნა შეკითხვა - „რა იყო უფრო მნიშვნელოვანი მათთვის  სოფლად დასვენებისათვის გადაწყვეტილების მიღების დროს“. ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე კონცენტრირებისათვის  შეთავაზებული იყო სავარაუდო პასუხები: ა) დაბალი ფასი; ბ) ძირითად საცხოვრებელთან სიახლოვე; გ) იაფი და ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა.

რესპონდენტთა უმეტესობა - 56,9%-ზე მეტი, სოფლად დასვენებას ირჩევს დაბალი ფასის გამო. რესპონდენტთა საკმაოდ დიდ ნაწილს - 29,2%-ზე მეტს, სოფელში დასვენებისკენ უბიძგებს მის ძირითად საცხოვრებელთან სოფლის სიახლოვე. შედარებით მცირე ნაწილი (13,8%), სოფლად ტურისტული აქტივობის განხორციელების დროს, ელოდება იაფი და ნატურალური სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეძენას.

გამოკვლევა ჩატარებული იქნა ასევე  სოფლის ტურისტული პროდუქტის სხვა ძირითადი კომპონენტების განთავსებისა და კვების მომსახურებაზე მოთხოვნის დასადგენად. რაჭის რეგიონში  განთავსების ძირითად ფონდს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

კვებითი მომსახურების პაკეტებიდან, რესპონდენტთა უმრავლესობა (32,6%) ირჩევს სრულ მომსახურებას. მეორე ადგილს იკავებენ რესპონდენტები (24,8%), რომლებიც კმაყოფილდებიან მხოლოდ საუზმით, შეკვეთის შესაბამისად მომსახურება სურს 22,6%-ს, ხოლო მესამე  ჯგუფის რესპონდენტები (19,9%)  ირჩევენ თვითმომსახურებას.

სოფლის ტურიზმის სხვადასხვა სახისადმი  პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებულების გამოკვლევამ  აჩვენა მოთხოვნა რაჭის სოფლის ტურისტულ მიმართულებებზე, და  ამასთან, გამოავლინა სოფლის ტურისტულ პროდუქტებზე  მოთხოვნის პრეფერენციული თანმიმდევრობა:

  • რეკრეაციული სოფლის ტურიზმი;
  • ღვინის ტურიზმი;
  • სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმი;
  • კულინარიული ტურიზმი.

 

რაჭის სოფლის ტურიზმის განხორციელების ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმები

 

რეგიონულ დონეზე დიდი ეფექტიანობა მიიღწევა იქ, სადაც ფორმირდება ტერიტორიული და ფუნქციონალურად ორგანიზებული რეკრეაციული რაიონები.    აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის შემდეგ ეტაპზე რაჭაში ტურიზმის აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული  პრობლემების  გადაჭრის გზების საძიებლად და  მისი ეფექტიანი ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმების (მოდელების) შერჩევისათვის, გამოყენებული იქნა ისტორიული ანალიზის მეთოდი  სოფლის ტურიზმის წარმატებული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე.

სოფლად ტურიზმი წარმატებით ვითარდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. სოფლის ტურიზმი ამ ქვეყნებში წახალისებულია ეროვნულ დონეზე. მკვლევართა დიდი ნაწილი  სოფლის ტურიზმის წარმოშობისა და განვითარების პროცესის მნიშვნელოვან პირობად მიიჩნევს 50-70-იან წლებში  დასავლეთ ევროპის ქვეყნების აგრარულ სექტორში მიმდინარე სამეურნეო-სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგად სერიოზული პრობლემა შეექმნა ზოგიერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებას. მაგალითად, საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა ტრადიციული ღვინისა და ყველის წარმოება, შეიცვალა დემოგრაფიული სურათიც.  ასეთ ვითარებაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ სოფლის ტურიზმში დაინახა სოფლად ,,ახალი ფულის” შეტანის, შრომითი მოწყობის და სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაცემის პროცესის შეჩერების შესაძლებლობა. მათ თავიანთი სამეურნეო-ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად აქციეს სოფლის ტურიზმის განვითარებისათვი ხელშეწყობა. ქვეყნის მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა მოსახლეობისათვის იმის დემონსტრირება, რომ სოფლად ფულის გამომუშავება შეიძლება არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაც. ამისათვის აღდგენილი იქნა რამდენიმე ათეული მიტოვებული კარ-მიდამო, სადაც შესაძლებელი იყო ფერმების გამართვა, ღვინისა და ყველის წარმოება,  მოგვიანებით ეს კარმიდამოები სოფლის ტურიზმის ობიექტებადაც გადაიქცა და მომგებიანი ბიზნესის საფუძველი გახდა (Bock B. 2006).

დღეს ევროპის სახელმწიფოების  მიერ სოფლის ტურიზმის სტიმულირება ხდება არამარტო ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონებში, არამედ იქაც, სადაც ტრადიციულად პოპულარულია მასობრივი დასვენება, მაგალითად, კვიპროსის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს მაღალი რეკრეაციული დატვირთვით გამორჩეული სანაპირო რეგიონებიდან ტურისტთა ნაკადების გადართვას კუნძულის შიგა რეგიონების სოფლებზე, რისთვისაც დამუშავებულია აგროტურიზმის განვითარების  სქემა (Воскресенский В.2013). ვფიქრობთ, განვითარების ამგვარი სქემა ყურადსაღებია რაჭის ტურიზმის დამგეგმავებისთვისაც.

ჩვენ მიერ კვლევისათვის შერჩეული იყო ისეთი ქვეყნები (იტალია, ბულგარეთი), რომელთა მთიანი  რეგიონები მსგავსია რაჭასთან  ტურისტული რესურსებითა და ტურიზმის თემატიკით. ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების სიუხვე, კარგი ღვინოების წარმოების გამოცდილება და მაღლხარისხიანი ტრადიციული სამზარეულო, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს იტალიური სოფლის ტურიზმის ,,წარმატების ფორმულაში“. მაგალითად, იტალიური სოფლის ტურიზმის მოდელი ისეთი თემატური  მიმართულებით, როგორიცაა: .,,ბუნება და ჯანმრთელობა“, ,,რეკრეაციული ტურიზმი“, ,,ტრადიციული გასტრონომია“, ,,სპორტი“ (Bock B. 2006.) მსგავსია რაჭის მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტებისა, როგორიცაა: რაფტინგი (ჯომარდობა), კაიკინგი, ცხენით, კვადროციკლით და ფეხით გასეირნება. ამ მიმართულებებმა რაჭის ტურიზმში უკვე მოიპოვა  პოპულარობა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის განვითრებამ რაჭაში გარკვეულ დონეს მიაღწია, ჯერ კიდევ არსებობს შესაბამისი რესურსული პოტენციალის გამოყენების ფართო პერსპექტივა, რომელთა შორის იგულისხმება დასავლეთ ევროპაში გამოცდილი ღვინის თემატური სოფლების განვითარების შესაძლებლობა რაჭაში, აღიარებული ბრენდის - ,,ხვანჭკარის“ სამშობლოში.

 სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის სოფლები/ქალაქების პრაქტიკა,  რომელიც ტურისტული ადგილის განვითარების კარგი სტრატეგიაა, ჯერ კიდევ არ გამოიყენება საქართველოს არცერთ რეგიონში. ევროპის ქვეყნებში უკვე კარგა ხანია გავრცელებულია თემთა პარტნიორობა ღვინის გარშემო (Katsitadze N., 2017). ის დესტინაციისთვის ტურიზმის განვითარების  ერთიანი ხედვის, სტრატეგიის შემუშავების, ერთობლივი პროდუქტების შექმნისა და გაპიარების კარგი საშუალებაა. ტურისტული სოფელი, რომელიც ფლობს ტურისტულ რესურსებს, კონკურენციას უწევს თავის მეზობლებს, მაგრამ მათი გაერთიანება თავიანთი ტურისტული პოტენციალით, საშუალებას იძლევა გადაიქცეს კიდევ უფრო მიმზიდველ ადგილად ტურისტებისათვის. ამგვარი მიდგომებით ეს დესტინაციები თავიანთ მუნიციპალიტეტში  არა კონკურენტები, არამედ პარტნიორები ხდებიან. ასეთ სოფლებში ჩნდება დაინტერესება კოოპერაციისადმი და მეზობელთა მხარდაჭერით ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, რაც შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს ქვეყნის სხვა სოფლებისთვის (Katsitadze N. 2017).

საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2-3 ჯერ მეტი ღვინო იწარმოება ოჯახებში, ვიდრე ღვინის ქარხნებში. ღვინის ტურიზმი სწორედ ის საშუალებაა, რომელიც ახდენს ექსპორტს  პროდუქტის წარმოების ადგილზე პირდაპირი გაყიდვების გზით. ღვინის ტურიზმს ყოველთვის აქვს ტერიტორიული კომპონენტი, ვინაიდან მომხმარებელში ღვინის ხარისხის აღქმა პირდაპირ კავშირშია   ადგილწარმოშობასთან. საქართველოში ღვინის ტურიზმი შეიძლება გამოყენებული იქნეს  ქართული ღვინის სამსახურში. ღვინო და კულინარია მუდმივი ატრიბუტია ნებისმიერი სახის ტურიზმისთვის. ამდენად, სხვა მოტივაციით (დასვენება, საქმიანი, რეკრეაცია და სხვა) ჩამოსული ვიზიტორისათვის მასპინძელ ქვეყანას შეუძლია შეასრულოს  ღვინის რეკლამირების და დეგუსტაციის ადგილის ფუნქცია.  მაშასადამე ღვინის ტურიზმი პირდაპირი გაყიდვების კიდევ ერთ-ერთი ეფექტიანი არხი და ღვინის მწარმოებელი ქვეყნისათვის ცნობადობის ამაღლების გზაა (Katsitadze N. 2017).

რეკრეაციული ტურიზმის პრაქტიკის თვალსაზრისით, საინტერესოა სოფლის ტურიზმის განვითარების ბულგარული მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მყუდრო გარემოში ოჯახთნ ერთად დასვენებას. ეს მოდელი მიესადაგება რაჭის რეკრეაციულ  რესურსულ პოტენციალს, რეკრეაციული ტურიზმის რაჭულ ტრადიციებს და მცირე ფინანსურ შესაძლებლობებს. ბულგარული მოდელი ხელსაყრელია ისეთი რეგიონებისათვის, რომლებისთვისაც დამახასიათებელია საცხოვრებელი ფონდის კომფორტულობის დაბალი დონე, მაგრამ მდიდარი ბუნებრივი და კულტურულ-ისტორიული რესურსი. ამიტომ ბულგარული მოდელის რეალიზაცია ითვალისწინებს, სოფლად საცხოვრებელი ფონდის გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო მხარდაჭერას. ეს მოდელი  მიღებულია როგორც ნიმუში „მესამე ტალღის“ ქვეყნებისთვის. ბულგარული მოდელი ასევე  გულისხმობს:  მსხვილი და საშუალო  ტურისტული ობიექტების მშენებლობას სპეციალიზებული კერძო სასტუმროებით და სხვა ტურისტული ობიექტებით მაღალი ღირებულების ტურისტულ-რეკრეაციულ ადგილებში (Заричная А. А. 2011.,  Казьмина Э. Б. 2012.)  აღნიშნული მოდელი  მიესადაგება  შაორის წყალსაცავის, შოვისა და უწერის მიმდებარე ტერიტორიებზე რეკრეაციული ტურიზმის განვითარების კონცეფციას. ეს მოდელი მოითხოვს  მნიშვნელოვან ინვესტიციებს, სპეციალური პროექტების დამუშავებას,  სამეცნიერო - კვლევით და მარკეტინგულ სამუშაოებს.

ამასთან, მსოფლიოში სოფლის ტურიზმის განვითარების პრაქტიკამ აჩვენა სოფლად ტურიზმის განვითარების კონცეფციების სიმრავლე, რაც აიხსნება  ამ ქვეყნებში სოფლის ტურიზმისადმი განსხვავებული მიზნების არსებობით და საკითხის გადაწყვეტის არაორდინალური მიდგომებით. სრულიად განსხვავებული რესურსების არსებობის პირობებში, ევროპის მრავალ ქვეყანაში შეძლეს შეექმნათ კონკურენტუნარიანი სოფლის ტურიზმი.

რაჭაში რესურსების მრავალფეროვნება განაპირობებს სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის შექმნის შესაძლებლობას და სოფლის ტურისტული აქტივობის მრავალსახეობრიობას. რაჭის სოფლის ტურიზმის კონცეფცია, ისევე  როგორც ევროპაში,  ორიენტირებული უნდა იქნეს მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებაზე სოფლად და უნდა დაეფუძნოს  საოჯახო მეურნეობის რესურსების გამოყენებას. რაჭის მაგალითზე ძირითადად ეს იქნება განთავსების საშუალებები.

დასკვნა

არსებული ლიტერატურისა და ჩვენი წინამდებარე კვლევიდან გამომდინარე, სოფლის ტურიზმის განვითარების შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები დგინდება:

1. მოთხოვნის შესაბამისი ტურისტული შეთავაზებების პროგნოზირება შემდეგი კომპონენტების საუძველზე: დანიშნულების ადგილის პროდუქტის  კონცეფციის ძირითადი შემადგენლები (ატრაქცია, განთავსება, სატრანსპორტო მომსახურება, ეკონომიკური მიმზიდველობა, მომსახურების მრავალფეროვნება და უნიკალურობა);

2. ტურისტული დანიშნულების ადგილის პოტენციალის გამოვლენა  შემდეგი ალგორითმის მიხედვით: მოთხოვნა, დესტინაციის სოფლის ტურისტული პროდუქტის ფორმირების რესურსული პოტენციალის შეფასება; ფინანსური, სამართლებრივი, ორგანიზაციული, საინფორმაციო და ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სფერო;

3. სოფლად ტურიზმის ორგანიზაციულ-ეკონომიკური ფორმების (მოდელების) შერჩევა და პრობლემების გადაწყვეტის ძიება წარმატებულ ანალოგებთან ისტორიული ანალიზისა და პოტენციალის შეპირისპირების  მეთოდით.

აღნიშნული მეთოდოლოგიით, რაჭის მაგალითზე გამოვლენილია სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულება - რეკრეაციული ტურიზმი, რომლის განხორციელება შესაძლებელია:

 ა) შეზღუდული რესურსების პირობებში გლეხურ მეურნეობებზე დაყრდნობით;

ბ) მაღალი რეკრეაციული ღირებულების ადგილებში  (შოვი, უწერა, შაორის ტბა), რომელიც  გულისხმობს ტურიზმის კომპლექსურ განვითარებას სოფლად, რაც უზრუნველყოფს საკურორტო ცენტრების ჩამოყალიბებას, საშუალო და   მსხვილი სტილიზებული სასტუმროებისა და გასართობი ობიექტების მშენებლობას;

 გ) ღვინის ტურიზმი და ღვინის სოფლები, რაც შექმნის „ადგილობრივი თემის“ კოლექტიურ პროდუქტს.

რაჭის მაგალითმა დაგვანახა, რომ რეგიონებში არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად საჭიროა  სოფლის ტურიზმის განვითარების პირობების შექმნის უზრუნველმყოფი პროგრამები. სოფლის ტურიზმის განვითარების კონცეფცია  უნდა ეყრდნობოდეს  კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს, ასევე რეგიონული და მუნიციპალური სექტორების მჭიდრო კავშირებს,  რომლის აუცილებელი არსებობის საჭიროებას განსაზღვრავს სოფლის ტურიზმის თავისებურებანი.

სტატიაში წარმოდგენილი რაჭის სოფლის ტურიზმის პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და განვითარების  მეთოდოლოგიური რეკომენდაციები შეიძლება გამოყენებული იქნეს რაჭის მინიციპალიტეტში რეგიონის სოფლის ტურიზმის კონცეფციის ჩამოყალიბების საფუძვლად.

ლიტერატურა:

  • Bock B. (2006.) Introduction: Rural Gender Relations: Issues and Case Studies. Wallingford. CARY Publishing. pp.1-15.
  • გელდნერი ჩ.რ.,  რითჩი ჯ.რ. ტურიზმი, საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია. ბსუ-ს თარგმნ. ინგლისურიდან, მე-12 გამოცემა,  გვ. 286-300, 554.
  • Dimitrovski D.D., Todorovic A.T., Valjarevic A.D. (2012.)  Rural Tourism and Regional Development.  Case study in the Region  of Gruta, SERBIA //Procedia Environmental Science,  pp.288-297.
  • ვაწაძე ი. (2018)., “სოფლის ტურისტული ბიზნესის განვითარება, როგორც ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის კონცეფციის რეალიზაციის ფაქტორი“, თსუ, პ. გუგუშვილის  ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, გვ. 464-470 .
  • Воскресенский В.Ю.( 2013.) Международный туризм. учеб. Пособие для вузов, ст. 360-361,  406.
  • Idziak W., Majewski J., Zmyslony P. (2015). Community Participation in Sustainable Rural Tourism Experience Creation: A long-term Appraisal and Lessons From a Thematic Villages Project in Poland. J. Sustain. Tour. pp.23, 1341–1362.
  • Kavita E., Saarinen J.(2016).  Tourism and Rural Community Development in Namibia. Policy Issues Review. pp.194, 79–88.
  • Martin P., Weingarten P. (2004.) Farm Tourism: Myth or Reality. In The Role of Agriculture in Central and Eastern European Rural Development: Engine of Change or Social Buffer? (IAMO): Halle, Germany, pp. 286–304.
  • Казьмина Э. Б. (2012.) Развитие услуг cельского  туризма в Россииских регионах. Диссерт. Уч. Степ. К. Эк. Науки. Москва. с.70-81; 116-122.
  • Katsitadze N. (2017). Ties Between Wine Indusrty and Tourism and Their Possibilities. Foresight Management: Formation and Transformation Adaptive Business  Organizations, International collective monography, Volume 2, Tbilisi-Kherson.
  • Katsitadze N.(2018) სახელმწიფო პოლიტიკა ტურიზმში - საქმიანი (MICE) ტურიზმი საქართველოში.  „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ.XI, #4, გვ.127-145.
  • Kurleto  M. (2014.) The Specificity of Roural Tourism Development From the Perspective  “Management Science and Education”, volume 3, pp.51-57.
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021წწ.  თბილისი, 2013   https://matsne.gov.ge/ka/document/view/2024580

References:

  • Bock B. (2006.) Introduction: Rural Gender Relations: Issues and Case Studies. Wallingford. CARY Publishing. pp.1-15.
  • Geldner Ch., Ritchie Jr. (2013.) turizmi, sapudzvlebi, praktika, teoria. [Tourism, Basics, Practice, Theory.] 12th edition, Translated from English into Georgian by BSU.  pp. 286-300;  309-310, 554.  (in Georgian).
  • Dimitrovski D.D., Todorovic A.T., Valjarevic A.D. Rural Tourism and Regional Development: Case Study in the Region  of Gruta, SERBIA //Procedia Environmental Science, pp.288-297.
  • Vatsadze I. (2018). “soplis turistuli biznesis ganvitareba, rogorts inkluziuri ekonomikis zrdis kontseptsiis realizatsiis paktori“. [Development of Rural Tourism Business as a Factor for the Implementation of the Concept of Inclusive Economic Growth]. P. Gugushvili Institute of Economics, pp. 464-470.
  • Voskresensky V.Yu. (2013.) Mezhdunarodny turism [International Tourism]. Textbook for high schools. pp. 360-361, 406. (in Russian).
  • Idziak W., Majewski J., Zmyslony P. (2015). Community Participation in Sustainable Rural Tourism Experience Creation: A Long-term Appraisal and Lessons from a Thematic Villages Project in Poland. J. Sustain. Tour. 23, 1341–1362.
  • Kavita E. Saarinen J. (2016.) Tourism and Rural Community Development in Namibia. Policy Issues Review. pp.194, 79–88.
  • Martin P. Weingarten P. (2004.) Farm Tourism: Myth or Reality. In The Role of Agriculture in Central and Eastern European Rural Development: Engine of Change or Social Buffer? (IAMO): Halle, Germany, pp. 286–304.
  • Kazmina E. B. (2012.) Razvitiye uslug selskogo turizma v Rossiiskikh regionakh.[Rural Tourism Services Development in the Russian Regions.] Dissert. Uch. Step. K. Ek. Science. Moscow. pp. 70-81, 116-122 (in Russian).
  • Katsitadze N. (2017). Ties Between Wine Indusrty and Tourism and Their Possibilities, Foresight Management: Formation and Transformation Adaptive Business  Organizations, International collective monograph Volume 2, Tbilisi-Kherson.
  • Katsitadze N. (2018) sakhelmtsipo politika turizmshi - sakmiani (MICE) turizmi sakartveloshi.  [State Policy in Tourism – Business (MICE) Tourism in Georgia,  “Economics and Business,” vol. XI, #4, pp.127-145.
  • Kurleto  M. (2014.) The Specificity of Roural Tourism Development From the Perspective  “Management Science and Education”, volume 3, pp.51-57.
  •  Development Strategy for Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Region for 2014-2021. Tbilisi, 2013. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2024580