ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘ ვლადიმერ პაპავა ∘ რატომ არ იმართება სახელმწიფო ისე, როგორც კომპანია? (ზოგიერთი მოსაზრება პოლ კრუგმანის სტატიაზე „ქვეყანა არ არის კომპანია“) უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველოში ნელ-ნელა ადგილი დაიმკვიდრა მცდარმა აზრმა, რომ მინისტრი უნდა იყოს კარგი მენეჯერი, ხოლო მის პროფესიულ შესატყვისობას იმ დარგთან, რომელი სამინისტროს ხელმძღვანელიც უნდა გახდეს ეს „კარგი მენეჯერი“, პოლიტიკურ წრეებში, როგორც წესი, საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. სწორედ ამის შედეგია, რომ წლების განმავლობაში ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ფიზიკოსი (რომელიც ამაყობდა კიდეც იმით, რომ კარგი მენეჯერი იყო), ეკონომიკის სამინისტროს - ბიოლოგი და ექიმები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - იურისტი, ენერგეტიკის სამინისტროს - სპორტსმენი, ჯანდაცვის სამინისტროს - ჯერ იურისტი, შემდეგ ფილოსოფოსი, რომელიც ისტორიკოსმა ჩაანაცვლა... იბადება კითხვები, თუ რამდენადაა საჭირო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისას პროფესიული განათლება, ან რამდენადაა საკმარისი, რომ მინისტრი მხოლოდ კარგი მენეჯერი იყოს? უფრო კონკრეტულად კი, ვინ უნდა ხელმძღვანელობდეს ქვეყნის ეკონომიკას - ეკონომისტი თუ მენეჯერი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია იმის გააზრება, თუ რა განსხვავებაა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის. ორ ათეულ წელზე მეტი დრო გავიდა, რაც ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომიკაში, პროფესორმა პოლ კრუგმანმა გამოაქვეყნა სტატია დამაინტრიგებელი სათაურით - „სახელმწიფო არ არის კომპანია“, სადაც დეტალურადაა გამახვილებული ყურადღება იმ პრინციპულ განსხვავებაზე სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც პირველი დახურული სისტემაა, ხოლო მეორე - ღია (Krugman, 1996). ამ სტატიაში განხილულია არაერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა პრინციპული განსხვავებაა ეკონომისტის აზროვნების სტილსა და მენეჯერის აზროვნების სტილს შორის. სახელმწიფოს მმართველთათვის ამოსავალია საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სტაბილური ეკონომიკური განვითარების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. რაც შეეხება კომპანიას, მისთვის განმსაზღვრელია მოგების ან/და თავად კომპანიის ღირებულების ზრდა. სწორედ ესაა სახელმწიფოსა და კომპანიის მიზნებსა და წარმატებულობის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრინციპული განსხვავება (პაპავა, 2018). გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოს და კომპანიას განსხვავებული მიზნები აქვთ, პასუხი დასმულ კითხვებზე მარტივია: რა თქმა უნდა, მთავრობაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე აუცილებელია პროფესიონალი ეკონომისტების დანიშვნა, ხოლო მენეჯერების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესშია. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორ კრუგმანის სტატიის გამოსვლიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მას აქტუალურობა არ დაუკარგავს და ის აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წაკითხული ამა თუ იმ ქვეყნის ხელმძღვანელებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ეკონომისტებს და ეკონომიკური ფაკულტეტების სტუდენტებს. ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქციის დამსახურებით, უკვე ქართულ ენაზე გახდა შესაძლებელი პოლ კრუგმანის ხსენებული სტატიის გაცნობა და დარწმუნებული ვარ, რომ ის მკითხველს საშუალებას მისცემს ეკონომისტის პროფესიის ბევრ საინტერესო ასპექტს მიაქციოს სათანადო ყურადღება. ლიტერატურა:
References:
|