English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ელენე ფიცხელაური
მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საზოგადოების დამოკიდებულების ტენდენციები

ევროკავშირის ქვეყნებში, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში პროგრესის მისაღწევად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. კვლევები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე, ევროპის ქვეყნების საზოგადოების შეხედულებების, განწყობისა და დამოკიდებულების შესწავლის მიზნით, ტარდება სისტემატურად.

ნაშრომში გაანალიზებულია აღმოსავლეთ  და ცენტრალური ევროპის  საზოგადოების დამოკიდებულებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებთან მიმართებით ევროკავშირსა და მის ერთიან კვლევით სივრცეში გაერთიანებამდე და შემდგომ პერიოდში. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ  აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოსახლეობა უპირატესად დადებითად არის განწყობილი მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართ, თუმცა, ნათლად გამოკვეთილი ტენდენციები დამოკიდებულების ცვლილებებში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ შესწავლილ წლებში არ აღინიშნება.

საკვანძო სიტყვები:  კვლევა, ინოვაცია, ცოდნის ეკონომიკა, ტექნოლოგიური განვითარება, ევროკავშირი.

ევროკავშირის ქვეყნებში, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისა და ეკონომიკის განვითარებაში პროგრესის მისაღწევად, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა აღიარებულია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად (European Union 2018, 4; OESD 2015, 16). 2000 წელს ევროკავშირისთვის ლისაბონის სტრატეგიის მიზანს წარმოადგენდა ამბიციური კვლევებისა და ინოვაციების ჭრილით ცოდნის ეკონომიკაზე ფოკუსირება და ამ გზით ევროკავშირში 2010 წლისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი და დინამიკურ ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება (Fontaine 2018, 62). ამ პროცესების ძირითად მამოძრავებელ ძალად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების გარდა, მიჩნეული იქნა ინვესტიციები კვლევასა და განვითარებაში. პროგნოზული მაჩვენებლებით, ,,უახლოეს მომავალში ეკონომიკურ განვითარებაში წარმატებისთვის კაპიტალზე მეტად ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანის ნიჭი და უნარი გახდება’’ (Gelashvili 2018, 69).  ლისაბონის სტრატეგია განახლებული იქნა 2005 წელს. კვლევებისა და ინოვაციების ინვესტირება კვლავ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ იქნა მიჩნეული (Edler 2012, 168). ევროკავშირის მიერ პროგრამა ,,Horizon 2020’’ ფარგლებში, კვლევებისა და ინოვაციებისთვის 7 წლის განმავლობაში განისაზღვრა დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის გამოყოფა (EU 2014, 5). 

ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა ევროკავშირის ერთიან კვლევით სივრცეში გაერთიანებამ და მაღალმა ინვესტიციებმა იქონია თუ არა გავლენა  აღმოსავლეთ  და ცენტრალური ევროპის  საზოგადოების განწყობაზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებთან მიმართებით.

კვლევისათვის შევარჩიეთ აღმოსავლეთ  და ცენტრალური ევროპის  10 ქვეყანა, რომელიც ორ ბლოკად დავყავით. პირველ ბლოკში გავაერთიანეთ ქვეყნები, რომლებიც 2004 წელს შევიდნენ ევროკავშირის შემადგენლობაში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), ხოლო მეორე ბლოკში - 2007 წელს გაწევრიანებული ქვეყნები (ბულგარეთი და რუმინეთი). ამასთანავე, პირველ ბლოკში, ცალკე ჯგუფად დაკვირვებისთვის გამოვყავით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი).

კვლევები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე ევროპის ქვეყნების საზოგადოების შეხედულებების, განწყობისა და დამოკიდებულების შესწავლის მიზნით ტარდება სისტემატურად (European Commission 2019, 39). პირველი კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკომისიის მიერ 1977 წელს, მიზნად ისახავდა მოსახლეობის აზრის შესწავლას მეცნიერების მიმართ და საზოგადოების საბაზისო დონის გამოვლენას (European Commission 1977, 18). 1989 წლიდან აქტუალური გახდა დამოკიდებულების შესწავლა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ (European Commission 1989, 20; European Commission 2010, 19), ხოლო 2013 წლიდან  შესწავლის ობიექტებს დაემატა კვლევა და ინოვაცია (European Commission 2013, 39; 8).

1989-2010 წლების განმავლობაში ხუთჯერ ჩატარდა მოსახლეობის დამოკიდებულებების კვლევა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ. აღნიშნულ კვლევებში შესწავლილი იქნა მოქალაქეების ინტერესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ, მათი ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხებზე და მათი ჩართულობა საქმიანობებში, რაც დაკავშირებულია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან. აღნიშნულის გარდა, შესწავლილი იქნა მეცნიერებისა და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხები (European Commission 2005, 12).

ჩვენ მიერ განსაზღვრული კვლევაში ჩართვის კრიტერიუმების შესაბამისად, იდენტიფიცირებული იქნა ევროკომისიის მიერ ჩატარებული სამი კვლევა (European Commission 2010, 31; European Commission 2005, 53; European Commission 2002, 31) და სამივე კვლევაში გამოყენeბული ოთხი დებულება მოსახლეობის აზრის შესასწავლად (იხ. სქემა).

2002-2010 წლებში ჩატარებულ კვლევებში გამოყენებული იდენტური დებულებები, სქემა 1

სამივე კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შევისწავლეთ იდენტიფიცირებული ოთხი დებულების მიმართ აღმოსავლეთ  და ცენტრალური ევროპის 10 ქვეყნის საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ პერიოდში.  2010 წლის მონაცემების მიხედვით, ათივე ქვეყანაში რესპონდენტთა ნახევარზე მეტი, ხოლო ოთხ ქვეყანაში (ბულგარეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია)  რესპონდენტთა უმეტესობა (70% და მეტი)  ეთანხმება დებულებას, რომ მეცნიერება ჩვენი ცხოვრების სტილს ძალიან სწრაფად ცვლის.

საზოგადოების აზრი პირველ დებულებასთან მიმართებაში, დიაგრამა 1

 გამოკითხვის შედეგების თანახმად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით (გარდა რუმინეთის), ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი)   თანხმობა რესპონდენტთა უფრო ნაკლებმა წილმა გამოხატა. სწორედ ამ ოთხ ქვეყანაში დაფიქსირდა ევროკავშირის საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენ ექვს ქვეყანაში - საშუალო მაჩვენებელზე მაღალი.

ცხრილი  1

დამოკიდებულების დინამიკა, გრაფიკი 1

2010 წლის მაჩვენებელი 2005 წელთან შედარებით გაზრდილია ოთხ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი ამავე პერიოდში შემცირებულია, ხოლო 2002 წელთან შედარებით გაზრდილია სამ ქვეყანაში (ბულგარეთი, ესტონია, ლიეტუვა) და უცვლელია ასევე სამ ქვეყანაში (ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი).

მაჩვენებლის ცვლილება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და მკაფიოდ გამოკვეთილი ტენდენცია და კანონზომიერება ბლოკებში შემავალი ქვეყნების მიხედვით არ ფიქსირდება.

2010 წლის მონაცემების მიხედვით, მეცნიერების მიმართ პესიმიზმის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია 6 ქვეყანაში (ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ესტონეთი, უნგრეთი). ამასთან, თანხმობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩეხეთში (43%), თუმცა, დებულებას ამავე ქვეყანაში არ დაეთანხმა რესპონდენტთა თითქმის მეოთხედი-24%.

საზოგადოების აზრი მეორე დებულებასთან მიმართებით, დიაგრამა 2

რესპონდენტთა ნახევარზე მეტში პესიმიზმის დონე აღინიშნა სლოვენიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში, სლოვაკეთში, პოლონეთში (European Commission 2010, 42).

თანხმობის მაჩვენებელი,  ცხრილი 2 

დამოკიდებულების დინამიკა, გრაფიკი 2

 

2010 წელს, 2005 წელთან შედარებით, საზოგადოების პესიმიზმი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ანალოგიურად შემცირდა 5 ქვეყანაში (ბულგარეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი), ხოლო პრაქტიკულად უცვლელი დარჩა ერთ ქვეყანაში  - რუმინეთში. მეორე დებულებასთან მიმართებაშიც მსგავსი ტენდენცია პირველ და მეორე ბლოკში შემავალი ქვეყნებში არ გამოიხატა.

კროსტაბულაციური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2010 წელს პესიმიზმის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა დაბალი განათლების დონის მქონე რეგიონების ხანდაზმული ასაკის  პოპულაციაში (European Commission 2010, 88), ხოლო 2005 წელს - რესპონდენტთა იმ ნაწილში, რომლებმაც აღნიშნეს, რომ დაბალია მათი ინფორმირებულობის დონე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებთან მიმართებით (European Commission 2005, 44).

დებულებას, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ არის საჭირო მეცნიერების შესახებ ცოდნა, ათივე ქვეყანაში დაეთანხმა რესპონდენტების დაახლოებით მესამედი. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 33%. ამ მაჩვენებელზე ნაკლები დაფიქსირდა 4 ქვეყანაში (ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი). რესპონდენტთა თითქმის ნახევარი დაეთანხმა დებულებას მხოლოდ ორ ქვეყანაში (სლოვაკეთი და ესტონეთი).

 საზოგადოების აზრი მესამე დებულებასთან მიმართებაში, დიაგრამა 3

ვინაიდან დებულება უარყოფითი ფორმით იქნა წარმოდგენილი, საინტერესო გახდა უარყოფითი პასუხების ანალიზიც. უარყოფითი პასუხების ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელმა  შეადგინა 48%. დაახლოებით იგივე მაჩვენებელი (47%) გამოვლინდა პოლონეთში, ხოლო კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი სლოვენიაში (49%), ლატვიაში  (52%), ესტონეთში (50%), ლიეტუვაში (62%).

მესამე დებულების მიმართ ასევე განსხვავებული დამოკიდებულებებია ორივე ბლოკში შემავალ ქვეყნებში.

2010 წლის მონაცემები, 2005 წელთან შედარებით ადასტურებს, რომ მეცნიერების ცოდნის საჭიროების გარეშე ყოველდღიური ცხოვრების შესაძლებლობის მაჩვენებელი,  ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ანალოგიურად შემცირდა ბულგარეთში, პოლონეთში, რუმინეთში, სლოვენიაში, უნგრეთში, ჩეხეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

თანხმობის მაჩვენებელი, ცხრილი 3    

 

დამოკიდებულების დინამიკა, გრაფიკი 3

კროსტაბულაციური ანალიზით გამოვლინდა, რომ 2010 წელს მოცემულ დებულებას უპირატესად არ დაეთანხმა მენეჯერთა 69%, რესპონდენტების ის ნაწილი, რომლებიც კარგად არიან ინფორმირებული ახალი სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ (66%)  და ასევე სტუდენტები (62%).

2010 წლის მონაცემების თანახმად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტს რუმინეთსა და ბულგარეთში მიაჩნდა, რომ სწორედ მეცნიერებაზე არიან მეტად დამოკიდებულები, ვიდრე რწმენაზე, თუმცა ეს მაჩვენებელი 2002 წელთან შედარებით ბულგარეთში იგივე დარჩა, ხოლო რუმინეთში - შემცირდა. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე (38%) მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ყველა ქვეყანაში, სლოვენიის გარდა.

საზოგოდოების აზრი მეოთხე დებულებასთან მიმართებით, დიაგრამა 4

 მიუხედავად 2002-2010 წლების პერიოდში მაჩვენებლის შემცირების ტენდენციისა, როგორც 2005 წელს, ასევე 2010 წელს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით,  უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ყველა ქვეყანაში, სლოვენიის გარდა.

თანხმობის მაჩვენებელი, ცხრილი

დამოკიდებულების დინამიკა, გრაფიკი 4

      

კროსტაბულაციური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 2010 წელს მოცემულ დებულებას არ ეთანხმებიან (European Commission 2005, 67; European Commission 2010, 52) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხების შესახებ ინფორმირებულობის და განათლების დაბალი დონის მქონე რესპონდენტები, აგრეთვე, მაღალი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები, რომლებიც ნაკლებად არიან დაინტერესებული მეცნიერებით.

მეოთხე დებულების მიმართ მაჩვენებლის ცვლილება ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და გამოხატული ტენდენცია არ ფიქსირდება.

დასკვნა

ამრიგად, აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოსახლეობა უპირატესად დადებითად არის განწყობილი მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართ, თუმცა, ნათლად გამოკვეთილი ტენდენციები დამოკიდებულებების ცვლილებებში ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, არ აღინიშნება.

კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ პესიმიზმის და მეცნიერების რწმენის ნაკლებობა აღინიშნება რესპონდენტებში, რომლებსაც აქვთ განათლების დაბალი  დონე და ნაკლები ინტერესი გააჩნიათ მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მეცნიერება მხოლოდ  მაშინ იქნება  ფასეული ნებისმიერი საზოგადოებისთვის, თუ ამ პროცესებში უშუალოდ თვით საზოგადოება იქნება ჩართული. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოება აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ლიტერატურა:

  • გელაშვილი ს. (2018). ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გამოყენებისა და გლობალური ტექნოლოგიური პროგრესის ურთიერთკავშირი.  ,,გლობალიზაცია და ბიზნესი'', №6, გვ. 67-72 .
  • Edler J. (2012). Research and Innovation and the Lisbon Strategy. In: Copeland P., Papadimitriou D. (eds) The EU’s Lisbon Strategy. Palgrave Studies in European Union Politics. Palgrave Macmillan, London.
  • European Commission (1977). Science and European Public Opinion. Commission of the European Community. Brussel.
  • European Commission (1989). Les Europeennes, La Science et la Technologie. Commission des Communautes Europeennes, Bruxelle.
  • European Commission (2002). CANDIDATE COUNTRIES EUROBAROMETER PUBLIC OPINION IN THE COUNTRIES APPLYING FOR EUROPEAN UNION MEMBERSHIP. Brussels.
  • European Commission (2010). Special Eurobarometer 340: Science and Technology. European Commission, Brussels.
  • European Commission (2005). Special Eurobarometer 224: Europeans, science and technology. European Commission, Brussels.
  • European Commission (2013). Responsible Research and Innovation, Science and Technology. European Commission, Brussels.
  • European Commission (2018). Science, Research and Innovation Performance of the EU 2018, Directorate-General for Research and Innovation. Luxembourg: Publications Office of the European Union. European Union.
  • European Commission (2019). Eurobarometer. List of surveys A-Z. Luxembourg: Publications Office of the European Union. European Union.
  • EU (2014). HORIZON 2020 in brief The EU Framework Programme for Research & Innovation. Luxembourg: Publications Office of the European Union.
  • Fontaine P. (2014). Europe in 12 Lessons. European Commission, Brussels.
  • Gelashvili S. (2018).  adamianis fizikuri shesadzleblobebis gamoyenebisa da globaluri teqnologiuri progresis urtiertkavshiri “globalizacia da biznesi” №6, gv.67-72 [The Interconnection of the Use of Human Physical Abilities and Global Technological Progress.] “Globalization & Business,” №6 2018, pp. 67-72. (in Georgian.)
  • OECD (2015). The Innovation Imperative Contributing to Productivity, growth and well-being. OECD Publishing, Paris. European Union.