English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ რევაზ გველესიანი
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩოპირობების ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებთან შესაბამისობის პრობლემა

ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემების არსებითი შემადგენელი ნაწილია რეალობის დაშორება სასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან. იმისათვის, რომ ეს პრობლემა დავძლიოთ, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობებთან (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, პროგრესი) ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებისა და მათ განსახორციელებლად მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა. სწორედ ეს განსაზღვრავს როგორც ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებული გადაწყვეტილებების რაციონალურობას, ასევე მათ პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანობას. 

საკვანძო სიტყვები: ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობები,  ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა, ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობები, ეკონომიკური ინტერესები, ინტერესთა კონფლიქტები .

შესავალი

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის შესახებ არსებული გამოკვლევები ცხადყოფს, რომ კეთილდღეობის თეორია არ იძლევა სრულყოფილ საფუძველს პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის ორიენტაციისათვის. რაც შეეხება სრულყოფილი კონკურენციის თეორიულ ანალიზს, მას ის  უპირატესობა გააჩნია, რომ კონკურენციული ეკონომიკისათვის რეკომენდაციების ნათელი ჩარჩო-პირობები მოგვცეს. საინტერესოა ვიცოდეთ (ამავე დროს მნიშვნელოვანიც), თუ რამდენად მისაღებია პოზიტიური ეკონომიკის დებულებები სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობის „ოპტიმალური“ სიდიდის დასადგენად.

ისტორიული განვითარების პროცესში სახელმწიფოს წვლილი  პოზიტიურ ეკონომიკაზე დაყრდნობით და სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე უნდა შევაფასოთ. სხვადასხვა ეკონომიკური წესრიგის გამოკვლევის პროცესში ეს საკითხი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უმეტესი ცენტრალიზებულად მართვადი ეკონომიკური სისტემების  მსხვრევის შემდეგ განსხვავებულ სისტემათა შედარების შესაძლებლობა მეტნაკლებად გაქრა. ამავე დროს საბაზრო ეკონომიკური წესრიგის უპირატესობის დასამტკიცებლად რეკომენდაციათა ჩარჩოები აღარ არსებობს. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეკონომიკური ლიბერა­ლიზმი და ეკონომიკურ წესრიგში  ინდივიდუალურ ეკონომიკურ ინტერესებზე ორიენტაცია, როგორც საყოველთაო პარადიგმა, ისე დამკვიდრდა. 

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის მიზანი

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის, როგორც ეკონომიკაში თვისებრივი ცვლილებების განმსაზღვრელის მიზანია დაადგინოს ჩარჩო-პირობები კერძო და  სახელმწიფოს ეკონომიკური აქტივობისათვის და შეუსაბამოს ის სოციალურ-ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს [Streit, 2005, გვ.26-30; 49-53]. ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის განხილვა მოითხოვს უფრო მეტ დიფერენცირებას, რომელიც შეესაბამება ეკონომიკური საზოგადოების კერძო ჯგუფებად დაყოფას, მის სტრუქტურას (კერძო საოჯახო მეურნეობები, დარგები, ინტერესთა წარმომადგენლობები, სოციალური დაწესებულებები და ა.შ.) და ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებს იმისათვის, რომ ჩარჩო-პირობების სპეციფიკური მნიშვნელობის გაგება შევძლოთ. ვისაც სურს გაატაროს წესრიგის ეფექტიანი პოლიტიკა, ის უნდა იცნობდეს ეკონომიკური სუბიექტების შესაბამისი კატეგორიებისათვის  დამახასი­ათებელ სპეციფიკურ ჩარჩოპირობებს.  

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა შინაგანად წინააღმდეგობრივია, რომელიც არსებობს კონკურენციულ და სოციალურ წეს­რიგს შორის. კონკურენციული წესრიგი ორიენტირებულია წარმატების მიღწევის პრინციპზე, სოციალური წესრიგი კი - მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების კრიტერიუმებზე (რაც, ნაწილობრივ მაინც, წარმატების პრინციპს ეწინააღმდეგება). ასე, რომ ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში, ერთი მხრივ, სახელმწიფო ცდილობს სოციალური წესრიგის ფორმირებას და მისი საზღვრების გაფართოებას, ხოლო მეორე მხრივ, ბაზარი მოწოდებულია დაამკვიდროს ფუნქციონირებისუნარიანი კონკურენციული წესრიგი და უზრუნველყოს მისი განხორციელება. სწორედ სახელმწიფო (სოციალური წესრიგი) და კერძო (კონკურენციული წესრიგი) ეკონომიკური აქტივო­ბი­სათვის შესაბამისი სივრცეების დადგენას და მათ შორის რაციონალური საზღვრის „დაწესებას“, მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის თვალსაზრი­სით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. იმ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული სივრცეები და საზღვრები სწორადაა „დადგენილი“, ეკონომიკური სუბიექტები (მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოები) დიდ წარმატებებს აღწევენ ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე შესაბამისი სეგმენტების ,,დაპყრობით“ და ლიდერი საწარმოების პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნებით (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018, 12).     

ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობები ზოგჯერ ეკონომიკური აქტივობისათვის თავისუფალ სივრცეს წარმოშობს, ასეთ შემთხვევაში არსებული ჩარჩო-პირობები არასასურველად აღიქმება, ანუ, თუ სახელმწიფო კერძო ეკონომიკურ აქტივობას საკანონმდებლო ველისაგან თავისუფალ სივრცეს უტოვებს, მაშინ შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოიქმნას. წესრიგის ჩარჩო-პირობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი  უცხოური ინვესტი­ციებისთვის, რომლის მიზანია გრძელვადიანი ეკონომიკური კავშირების დამყარება საზღვარგარეთულ ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფებთან, რაც ხანგრძლივი დროით ამკვიდრებს უცხოელთა ეკონომიკურ ინტერესებს მოცემულ ქვეყანაში. ასეთი ვითარება ხშირად წარმოშობს ეკონომიკურ ინტერესთა კონფლიქტს (ადგილობრივ და უცხოელ ინტერესთა ჯგუფებს შორის). კონფლიქტების სათავე ყოველთვის არაეფექტიანი წესრიგის პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ, რომელიც, სამწუხაროდ, ყალიბდება მოკლევადიან პერიოდებში მისაღებ სარგებელზე ორიენტირებით.    

ეკონომიკური წესრიგი და სამართლებრივ-საკანონმდებლო სისტემა ყოველთვის ორიენტირებული უნდა იყოს ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მიზნებზე. სწორედ ამიტომ ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა მიისწრაფვის მიაღწიოს შესაბამისო­ბას საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემასა და ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირებას შორის. ამით ნათელი ხდება, რომ წესრიგის პოლიტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ზემიზნების მიღწევასთან დაკავშირებით ინსტრუმენტულ ხასიათს ატარებს და  სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში იგი არსებითად განსხვავებულია (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018, 11).  

ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს რაც უფრო მეტად არის გათვალიწინებული საბაზრო კოორდინაციის თვითრეგულირების უნარი, მით უფრო მცირდება შემთხვევითი ინტერვენციების საფრთხე. უპირატესობა ენიჭება თანმიმდევრულ, გრძელვადიანსა და ფრთხილ ეკონომიკურ პოლიტიკას. განსაკუთრებულ სიფრთხილეს უნდა ვიჩენდეთ, როდესაც  ვცდილობთ ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების დადგენას  საბაზრო კოორდინაციის თვითრეგულირების გაუმჯობესების მიზნით.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ჩარჩოპირობების ფორმირების საფუძველი

ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება, პროგრესი) რა გამოწვევების წინაშე დგას ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა? ძირითადი საზოგადოებრივი ფასეულობების რა მოთხოვნები უნდა გაითვალისწინოს მან ეკონომიკური წესრიგის ჩარჩო-პირობების ფორმირების დროს? 

თავისუფლება. მიზანშეწონილია ეკონომიკურ პოლიტიკასთან მიმართებით თავისუფლების ორი ასპექტი გამოვყოთ. ინდივიდუალური ასპექტის შემთხვევაში აუცილებელია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ნების თავისუფლება და მოქმედების თავისუფლება. საზოგადოებრივი ასპექტი კი მოითხოვს კონფლიქტის, ძალაუფლებისა და სამართლის  ფენომენთა ნათელყოფას.

მოქმედების თავისუფლებას, ნების თავისუფლებისაგან განსხვავებით,  თავისი საზღვრები გააჩნია. კერძოდ: შესაძლებლობა ყოველთვის მოქცეულია ბუნების მიერ დადგენილ ობიექტურ და გარე საზღვრებში, რომელთა დარღვევა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მათი გონივრული გამოყენება; სუბიექტური საზღვრები ბუნებრივ საზღვრებზე უფრო ვიწროა და მას  ბუნებრივი (ფიზიკური და ფსიქიკური) შესაძლებლობები  და ინდივიდის მიერ თავისთვის დაწესებული ზნეობრივი ნორმები ადგენს; საზოგადოებრივი საზღვრები ინდივიდებს შორის ურთიერთობას ეხება და მას ძალაუფლება, ზნეობა და კონვენციები - უპირველეს ყოვლისა კი - სამართალი ადგენს. ისინი განსაზღვრავენ ადამიანებს შორის ურთიერთობის თავისუფლებას და საზოგადოებაში მათი მოქმედების შესაძლებლობებს (გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. 2018.  43-44). 

სწო­რედ ამ საზ­ღვრებ­ში წარ­მო­ი­შო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის თავისუფლე­ბა, რო­გორც უამ­რა­ვი წერ­ტი­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბა, სა­დაც ერ­თმა­ნეთს კვეთენ ში­და და გა­რე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობების ფორმირების დროს. 

მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმი­ტო­მაც არის პრობ­ლე­მუ­რი, რომ ამა თუ იმ ინ­დი­ვი­დის მოქ­მე­დე­ბა თუ უმოქ­მე­დო­ბა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა ინ­დი­ვი­დებ­ზე.  ერ­თი ინ­დი­ვი­დის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სხვა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზ­ღუდ­ვად გვევ­ლი­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას საფ­რთხე ემუქ­რე­ბა, რო­ცა ინდივი­დე­ბი მოქ­მე­დე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეს­წრაფ­ვი­ან. ამი­ტო­მაც, საზოგა­დო­ებ­რი­ვი ას­პექ­ტით აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის გარკვეულწილად შეზ­ღუდ­ვა. ჯონ სტი­უ­არტ მი­ლი (Mill, 1859,75) აღ­ნიშ­ნავ­და: ,,ერ­თა­დერ­თი თავისუფლე­ბა იმ­სა­ხუ­რებს ჭეშ­მა­რი­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხელს, რო­ცა ჩვენ ისე ვეძიებთ სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბას, რომ ამით სხვებს არ ვარ­თმევთ იმის შესაძლებლო­ბას, რა­თა მა­თაც ეძი­ონ თა­ვი­ან­თი კე­თილ­დღე­ო­ბა".

ინდივიდუალურ თავისუფლებასთან დაკავშირებით აუცი­ლებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა გააცნო­ბიეროს და გაითვალისწინოს, რომ მათი ინტერესების განხორციელება ყოველთვის იწვევს სხვა ინდივიდების ინტერესთა შეზღუდვას. ეს მოთხოვნა უკავშირდება ინტერესთა კონფლიქტს და მისი მართვის, ან დაძლევის პრობლემას. კონფლიქტები მაშინ წარმოიშობა, როდესაც ერთმანეთს კვეთენ თავისუფლად მოქმედ ინდივიდთა ინტერესების სფეროები. შეიძლება გამოვყოთ კონფლიქტის მართვის ორი ზოგადი შესაძლებლობა (Boulding, 1958/64, 117):

  • პრევენციის გზით შევამციროთ მოსალოდნელი კონფლიქტის საფრთხე. იგულისხმება ზეგავლენის სფეროების გამიჯვნა ექსკლუზიური უფლებების (ან შესაძლებლობების) გაუქმების (ან განეიტრალების) შედეგად;
  • წარმოშობილი კონფლიქტები კი ვმართოთ კომპრომისის, ზნე-ჩვეულებათა, კონვენციის თუ პოზიტიური სამართლის ინსტრუმენტების გამოყენებით.  

როგორც უკვე ითქვა, საზოგადოებრივი ურთიერთობა უნდა გავიგოთ, როგორც თავისუფლების გარკვეულწილად შეზღუდვა. მაგრამ მეორე მხრივ, ბუნდოვანია ის, თუ რა ზომითაა შესაძლებელი საკუთარი ნების განხორციელება; ამის გასარკვევად საჭიროა ძალაუფლების მაქს ვებერისეულ განსაზღვრებაში (Weber, 1921/2002. 28) ჩაწვდომა: „ძალაუფლება სხვა არაფერია, თუ არა ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობის მიუხედავად განახორციელო საკუთარი ნება და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რას ეფუძნება ასეთი შესაძლებლობა“ .  

ამ ასპექტით ძალაუფლება უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც კონტინუუმი, ანუ მთლიანობა (მაგ. Dahl, 1963, 62), რომლის ერთ მხარეს უნდა მოვიაზროთ ავტონომიური ინდივიდი მოქმედების მთელი თავისი შეუზღუდავი თავისუფლებით, მეორე მხარეს კი - სრული ჰეტერონომია, ანდა ბატონობა, რომელსაც სხვები ახორციელებენ. 

საზოგადოებრივ ურთიერთობებში ჩართული ინდივიდი შეიძლება სხვისი ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდეს; სწორედ ამგვარი შესაძლებლობა რეალიზდება ძალადობად, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების უკიდურესი ფორმა. ძალადობა წარმოიშობა მაშინ, როცა ინდივიდი ცდილობს თავისი შესაძლებლობა იმისათვის გამოიყენოს, რომ სხვა ინდივიდს განსაზღვრული ქმედება ჩაადენინოს; თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას მოძალადე აღწევს იმით, რომ ძალადობის პოტენციურ მსხვერპლს არწმუნებს, თითქოს ამით თავს დააღწევს სხვა სახიფათო და საზიანო მოქმედების შესაძლებლობებს (Hayek, 1960, 134). 

ჯონ სტი­უ­არტ მი­ლის გან­საზ­ღვრე­ბი­დან ცხა­დია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურთიერ­თო­ბებ­ში ერ­თმა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია კერ­ძო ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი და მოქმე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­მარ­თლის ფუნ­ქცია მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზრუნ­ველ­ყო­ფა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. კან­ტის სიტ­ყვე­ბით (Kant, 1790/1993, 390), ,,სამართა­ლი არის იმ პი­რო­ბე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს ხდი­ს იმას, რომ ერ­თი ინ­დი­ვი­დის თვით­ნე­ბო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ყო­ველ­თაო კა­ნო­ნის თა­ნახ­მად,  თავსებადი იყოს სხვა ინ­დი­ვი­დების თვით­ნე­ბო­ბას­თან." ამ გან­საზ­ღვრე­ბიდან გამომდინარე, რა თვი­სე­ბე­ბი უნ­და ჰქონ­დეს სა­მარ­თალს, რომ ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზრუნველყოფის გარანტად (წე­სად) გა­მოდ­გეს? უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აუცილებელია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ინ­დი­ვი­დის თვით­ნე­ბო­ბა (ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, ვის მი­მარ­თაც ის ხორ­ცი­ელ­დე­ბა) საზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურთიერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში თა­ნა­ბარ­მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იყოს მიჩნეული.

         სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ას­პექ­ტით ის­მის კით­ხვა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­იქ­მნას ასეთი, პიროვნული გარემოებებისა და სპეციფიკური სიტუაციებისაგან დამოუკიდებელი, ანუ ფორმალური სა­მარ­თა­ლი, რო­გორც კო­ლექტი­უ­რი სიმ­დიდ­რე. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია  სახელმწი­ფო­სა  და მის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ზე. სა­ხელ­მწი­ფო აყა­ლი­ბებს, აღი­ა­რებს და ახორ­ცი­ე­ლებს იმ წე­სებს, თა­ნაბ­რად რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ყვე­ლა ინ­დი­ვი­დის  მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი,  ცი­ცე­რო­ნის სიტყვებით რომ ვთქვათ - კა­ნო­ნებს უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, თუ­კი მათ თა­ვი­სუ­ფალ არ­სე­ბე­ბად ყოფ­ნა სურთ. თანაბარი პირობების შექმნა სოციალური სახელმწიფოებრიობის პრინციპი და ის მექანიზმია, რითაც სახელმწიფო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ წესრიგს აკონტროლებს.   

სამართლიანობა. „სამართლიანობა იდეალის პროტესტია (Sartori, 1987/97, 337). იდეალის წვდომა ადვილია, რადგან იგი რეალობისგან აშკარად განსხვავდება,  მაგრამ ის „ხელიდან გვისხლტება“ როგორც კი შევეცდებით პროტესტი  კონსტრუქტივულ (ოპერაციონალურ) ძირითად ფასეულობებთან თავსებად და რეალიზებად მოვლენად ვაქციოთ, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ფორმირებისათვის“.    

სამართლიანობის შესახებ შეხედულებები შეიძლება სხვადასხვა  მიმართულებად დაიყოს იმის მიხედვით, თუ როგორია მათი ორიენტაცია, კერძოდ:

  • სამართლიანობა, როგორც ნორმა, რომლითაც ფასდება სხვა ინდივიდებისადმი დამოკიდებულება (მოპყრობა). ამ შემთხვევაში სამართლიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თავსებადია სამართლიანობის ნორმების  შესახებ ინდივიდების წარმოდგენები და შეხედულებები საზოგადოებრივ ურთიერთობებთან (ქცევის სამართლიანობა).
  • სამართლიანობა, როგორც ნორმა, რომლითაც ფასდება ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის ურთიერთქმედების შედეგები და მათი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ამ შემთხვევაში სამართლიანობა დამოკიდებულია ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის პოზიციებისა და მოქმედების შედეგების განაწილებაზე (განაწილების სამართლიანობა) [გველესიანი, გოგორიშვილი, 2018, გვ.52]. როგორც ქცევის, ასევე განაწილების სამართლიანობამ ასახვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობებში.

საზოგადოების რეგულირების პრობლემა ერთი ინსტრუმენტის –სამართლის/კანონის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამ შემთხვევაში სამართლიანობის მიზანი ორ  განზომილებაში (მახასიათებლით) - ქცევისა და განაწილების სამართლიანობის სახით - წარმოგვიდგება. ეს საკითხი ადვილად მოგვარდებოდა, თუ ამოსავალ პუნქტად მიზანდამოკიდებულებათა ემპირიულ ანალიზს მივიჩნევდით. ამ შემთხვევაში ეს განზომილებები ერთმანეთს შეავსებდნენ (ჰარმონია); თუ ინსტრუმენტს (კანონს) ერთ მახასიათებელს (მაგ., ინდივიდებისადმი მოპყრობას) მივუყენებდით, ის - სამართლიანობის კრიტერიუმის თანახმად - მეორე მახასიათებელსაც  წაადგებოდა. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა ერთ მახასიათებელზე  ორიენტირება მეორეს დაგვათმობინებს და აუცილებელი გახდება კომპრომისის დაშვება. საქმეს გააადვილებდა ემპირიული ანალიზის შედეგების გამოყენება, რომელიც გვიჩვენებს, რომ კომპრომისი ვერ იქნება გრძელვადიანი და ამიტომაც საბოლოოდ მოგვიწევს სამართლიანობის ერთი მახასიათებლის  დათმობა. ამ შემთხვევაში დილემად გვექცეოდა კომპრომისის გზით მოსაგვარებელი კონფლიქტი. სამივე შესაძლებლობა – ჰარმონია, კომპრომისის გზით მოსაგვარებელი კონფლიქტი და დილემა – ყოველთვის წარმოადგენს ხოლმე საზოგადოებრივი დისკუსიების საგანს, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, თავისუფლებისა და სამართლიანობის ურთიერთმდამოკიდებულებაზე დაიყვანება.  

სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას გან­საზ­ღვრუ­ლი ში­ნა­არ­სი გააჩნია, იდე­ალს გამო­ხა­ტავს და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის იმ ნაკ­ლზე მი­უ­თი­თებს, გადა­უ­დე­ბელ გამოსწორებას რომ სა­ჭი­რო­ებს (Hayek, 2003, 217). აქედან გამომდინარე, სა­სურ­ვე­ლია იმ ჯგუ­ფუ­რი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი­ს ­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, კონკურენ­ცი­ის შეზ­ღუდ­ვებს რომ ემ­ყა­რე­ბა. სწორედ ამის გამოა, რომ ასეთმა მოთხოვ­ნამ მყა­რად და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი ინ­ტე­რეს­თა ჯგუ­ფე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში და რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობების ფორმირების დროს. 

აშ­კა­რაა,  რომ რო­ცა საქ­მე ეხე­ბა  თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, როგორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თა­დი ფასეულობების სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ანო­ბის კრი­ტე­რი­უ­მად  გა­მო­ყე­ნე­ბას, კა­ნო­ნი არ არის საკ­მა­რი­სი ინ­სტრუ­მენ­ტი მათ შო­რის წარ­მო­შობ­ილი კონ­ფლიქ­ტის მო­საგ­ვა­რებ­ლად (გველესიანი რ. 2017, 15). სახელმწიფო ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ხით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა არ­სობ­რივ საფრთხეს უქ­მნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ა. ჰა­მილ­ტონ­მა ყოველივე ეს მოკ­ლედ ასე გამოხა­ტა: „ვის ხელ­შიც არის ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნის ნე­ბა­ზეც იგი ბატონობს“ (Hamilton, 1961, 472).

და­სავ­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო მიზ­ნად ისა­ხავს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას შო­რის კომ­პრო­მისს, მაგ­რამ, ერთი მხრივ, პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ქმნა­დო­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბი არ იძ­ლე­ვ­ა ამ­გვა­რი კომ­პრო­მი­სის  მყა­რი ვარა­უ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. პი­რი­ქით, პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში სოციალურად და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა საფ­რთხეს უქ­მნის როგორც მა­ტე­რი­ა­ლურ, ისე ფორ­მა­ლურ სა­მარ­თალს (გველესიანი რ. 2017, 17).     

რო­გორც ჩანს, ერთი მხრივ, ეკონომიკურ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ სამარ­თლი­ა­ნო­ბას შო­რის კომ­პრო­მი­სი მყი­ფეა. ამას­თან, გა­მო­რიც­ხუ­ლი არ არის, რომ საქ­მე დი­ლე­მას­თან გვქონ­დეს. მე­ო­რე მხრივ, უნ­და შე­მოწ­მდეს - შე­იძ­ლე­ბა თუ არა ისე  შე­იც­ვა­ლოს ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის ქმნადო­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რომ  შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი კომპრო­მი­სი. ამ­გვა­რი შე­მოწ­მე­ბის სა­გა­ნი კი სხვა არა­ფე­რია, თუ არა პო­ლი­ტი­კუ­რი  სის­ტე­მა. მთავარი ვა­რა­უ­დი ის იქ­ნე­ბო­და, რომ შე­უზ­ღუ­და­ვი დე­მოკ­რა­ტი­ის პირობებ­ში შეუძლებე­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა (Hayek, 1979, 128). სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრაქტი­კა გვიჩვენებს, რომ ეს ვა­რა­უ­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ სამართლიანო­ბას შო­რის კომ­პრო­მის­ზეც ვრცელ­დე­ბა.

უსაფრთხოება. უსაფრთხოება შეიძლება განისაზღვროს, როგორც ,,თავისუფლების გამო შიშის არქონა“ (Giersch, 1961/90, 83). უსაფ­რთხო­ე­ბას ყვე­ლა­ზე დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის როგორც ეკონომიკურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას შორის არსებული, ასევე ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რ ცხოვრებაში მიმდინა­რე კონ­ფლიქ­ტე­ბი. მათი მი­ზე­ზი ისაა, რომ

  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში თვითრეალიზება, რო­გორც წე­სი,  ზღუ­დავს სხვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას;
  • ინ­დი­ვი­დე­ბის მიერ გაკეთებული შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­გორც მოვლენათა ში­ნა­არ­სის, ისე მათი იე­რარ­ქი­ის შესახებ, არ­ღვევს აქამდე არსებულ ცალ­კე­ულ ნორ­მას;
  • ის­ტო­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში ინდივიდების შე­ფა­სე­ბე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბელ მიზ­ნე­ბად გვევ­ლი­ნე­ბ­ა და მოქ­მე­დე­ბის სტი­მულს იძ­ლე­ვ­ა, რაც ყო­ველ­თვის შე­ი­ცავს კონ­ფლიქ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას (Streit, 2005, 256]. 

        კონ­ფლიქ­ტის იძუ­ლე­ბი­თი მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცე­დუ­რა არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ქმე­დე­ბაა. კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით  მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია: მშვიდობიანი დარ­წმუ­ნე­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს ინ­ტე­რეს­თა კო­ლი­ზი­ა­ში  ერ­თი ან მეორე პო­ზი­ცი­ი­სათ­ვის სა­სარ­გებ­ლო გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას; კომ­პრო­მი­სი იმ შემთხვევაში, რო­ცა ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი ად­ვი­ლად მი­საღ­წევ და ძნე­ლად მი­საღ­წევ მიზ­ნე­ბად იყო­ფა და კომ­პენ­სა­ცი­ე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ  საქ­მე გვაქვს გა­ნუ­ყო­ფელ მიზ­ნებ­თან, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბის სწრა­ფი, ან­ თან­და­თა­ნო­ბი­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა (Tuchtfeldt, 1971a, 32).

ზოგ­ჯერ საკ­მა­რი­სია კონ­ფლიქ­ტე­ბის დე­პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბა, რომ მათ სიმ­წვა­ვე და­კარ­გონ და უსაფრ­თხო­ე­ბას სა­შიშ­რო­ე­ბა აღარ შე­უქ­მნნს. ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში ასეთი დე­პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კის ან/­და კონკურენციის მეშ­ვე­ო­ბით. ამით ვლინ­დე­ბა მი­სი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცია. კონფლიქ­ტე­ბის დე­პერ­სო­ნა­ლი­ზე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, თუ კონკურენცია, რო­გორც წეს­რი­გის პრინ­ცი­პი, მი­სი შე­დე­გე­ბით სა­ზო­გა­დოდ მი­სა­ღე­ბია ცალ­კე­უ­ლი ინ­დი­ვი­დი­სათ­ვის და რო­გორც  კონ­კუ­რენ­ტე­ბი (კარ­ტე­ლი­სა­კენ სწრაფ­ვა), ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო (მოქ­მე­დე­ბის შეზ­ღუდ­ვა) ცდი­ლო­ბენ გა­მოკ­ვე­თონ  თა­ვი­ან­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ფუნ­ქცი­ე­ბი (Streit, 2005, 257). კონფლიქტებისადმი ასეთმა მიდგომამ ასახვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობებში.

პროგრესი. რამდენად შესაძლებელია ეკონომიკურ თავისუფლებას, სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას შორის არსებული კონფლიქტების აღმოფხვრა, ან თუნდაც მინიმუმამდე დაყვანა ეკონომიკური პროგრესის მეშვეობით? 

 პროგ­რე­სი ორი თვალ­საზ­რი­სით არის ყვე­ლა­სთ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ის წარ­მო­ად­გენს შე­მეც­ნე­ბი­თი მიღ­წე­ვე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შეფა­სე­ბას და ამა­ვე დროს გვიჩ­ვე­ნებს დრო­ის მსვლე­ლო­ბა­ში რამ­დე­ნად ახ­ლოს ვიმ­ყო­ფე­ბით  წი­ნას­წარ დასახულ მი­ზან­თან.

მაინც რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს პროგ­რეს­სა და მოქ­მე­დე­ბის თავისუფ­ლე­ბას შო­რის? შე­უძ­ლე­ბე­ლია ბუ­ნე­ბის კა­ნო­ნე­ბის დარღვე­ვა, რაც შესაძლებე­ლი მოვ­ლე­ნის ობი­ექ­ტურ საზ­ღვრებს წარ­მო­ა­დგე­ნს, მაგ­რამ მა­თი მეცნიერუ­ლი ძიება აფარ­თო­ებს ადამიანის მოქ­მე­დე­ბის თავისუფლების მა­ნამ­დე არსე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით პროგ­რე­სი დაკავშირებუ­ლია ინო­ვა­ცი­ის ფე­ნო­მენ­თან. ბა­ზა­რი ღი­აა ინო­ვა­ცი­ი­სათ­ვის (სამეწარმეო ინო­ვა­ცი­ე­ბი), რად­გან მა­თი მეშ­ვე­ო­ბით ბაზრის მდგო­მა­რე­ო­ბა უმჯობესდე­ბა (ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი). მოთ­ხოვ­ნის კუთ­ხით რო­გორც ერ­თი, ისე მეო­რე უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ნიშ­ნავს (გველესიანი რ. 2017, 20).

ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რეს­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბის წარ­მოშ­ო­ბის სა­თა­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს კონ­კუ­რენ­ცი­ის არას­წო­რი გა­გე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვე­ბის საფუველ­ზე მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი კორექ­ტივებს სა­ჭი­რო­ე­ბს. მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ასე­თი კორექტივი შე­ა­სუს­ტებ­და,  ან გა­ა­უქ­მებ­და ყო­ველ­გვა­რი ინო­ვა­ცი­ის სტი­მულს.  ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმა­ზე ღა­რი­ბი იქნებოდა, ვიდ­რე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მეც­ნი­ე­რუ­ლი  პროგ­რე­სის  შე­დე­გე­ბის ამ­გვარ  „სო­ცი­ა­ლი­ზე­ბას” მხედ­ვე­ლო­ბი­დან რჩე­ბა ის, რომ  მა­თი მიღ­წე­ვის პრო­ცესს სწო­რედ კონ­კუ­რენ­ცია აღ­ძრავს და აძ­ლი­ე­რებს (გველესიანი რ. 2017, 20).

პროგრესის შედეგად გამოწვეული ცვლი­ლე­ბე­ბი რე­ო­რი­ენ­ტა­ცი­ი­სა და ახალ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის მოთ­ხოვ­ნაა. ამ­გვა­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბის და­ყოვ­ნე­ბა კი კონფლიქ­ტებს წარ­მო­შობს. ეკო­ნო­მი­კა­ში არ­სე­ბობს კო­ლი­ზი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა: უსაფრთხო­ე­ბის მი­ზან­თან მი­მარ­თე­ბით და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მი­ზან­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რად­გან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ტვირ­თი არა­თა­ნაბ­რა­დაა გადანაწილებუ­ლი და სრუ­ლი­ად არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მეცნიერული პროგრე­სის სა­სარ­გებ­ლო შე­დე­გე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა (Streit, 2005, 262). ყოველივე ეს კი მხოლოდ აფერხებს ეკონომიკური წესრიგის მრავალმხრივი და სრულყოფილი ჩარჩო-პირობების ფორმირებას გრძელვადიანი პერიოდისათვის. ამიტომ, საჭიროა მისი გათვალისწინება ეკონომიკური წესრიგის ჩარჩოპირობების ფორმირების დროს.

დასკვნა

მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდა განვითარებად ქვეყნებში ძალიან ძნელია ეფექტიანი წესრიგის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ეს განპირობებულია სწორედ სახელმწიფოებრიობის არსებობასთან დაკავშირებული ცოდნის, გამოცდილებისა და მართვის მეთოდების დეფიციტით. 

წესრიგის პოლიტიკაში განსაკუთრებული პრობლემები იქმნება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აქვს მიზანთა დაქსაქსულობას. საბაზრო ეკონომიკური წესრიგის ფარგლებში წინა საფეხურზე ყოველთვის რესურსების ოპტიმალური ალოკაცია დგას,მაგრამ მხოლოდ მასზე დაყრდნობით საზოგადოებრივ განვითარებას ვერ უზრუნველვყოფთ. თუკი საბაზრო ეკონომიკური წესრიგი ნამდვილად შეესაბამება თავისუფლების, სამარ­თლი­ანობისა და უსაფრთხოების მიზნებს, მაშინ სახელმწიფომ განაწილებისა და გადანაწილების პოლიტიკა ცალკე არ უნდა გამოყოს. და თუ ეს მაინც ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მიზანთა კონფლიქტების გადაჭრა ორიენტირებული იქნება არამხოლოდ წესრიგის პოლიტიკის კონცეფციაზე, არამედ კვლავინდებურად ინტერესთა პოლი­ტიკური გავლენითა და ძალაუფლების  შენარჩუნების პოლიტიკით მოხდება.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი კონკურენციულ წესრიგს უკავია. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი მზარდი გლობალიზაციით კონკუ­რენციის ეროვნულ პოლიტიკას ართულებს. ლიბერალიზაციით საერთაშორისო აღიარების მქონე საწარმოებს გაუადვილდათ ეროვნული ზედამხედველობის ორგანოების ჩარევისაგან თავის დაღწევა. თუმცა  საწარმოთა სულ უფრო მზარდ გლობალურ აქტივობას დღემდე აკლია წესრიგის მრავალმხრივი ჩარჩო-პირობები, რადგან ბაზარზე შეღწევა კონკურენციის შემზღუდავი მოქმედებით ისევე შეიძლება გაძნელდეს, როგორც პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკით, ან კარტელთა ორგანოების გაძლიერებული საერთაშორისო თანამშრომლობით. ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი პერიოდისათვის ეკონომიკური და, მაშასადამე, კონკურენციული წესრიგის მრავალმხრივი და სრულყოფილი ჩარჩო-პირობების შემუშავება. 

ლიტერატურა:

  • Boulding, K.E. (1958), Principles of Economic Policy, 4th printing, Englewood Cliffs,           1964, p.117.
  • Giersch, H. (1961), Allgemeine Wirtschaftspolitik (Erster Band: Grundlagen), unveraenderter Nachdr., Wiesbaden, 1990, S.83.
  • Gvelesiani R. (2016), Individuals and Economic Groups Interests and Behaviour in the Economic and Political Decision-Making Process, European Journal of Business Research (EJBR), IABE, Volume 16, №1,. ISSN: 1945-2977, University of Pisa, Italy, Editor: Johannes Kepler University Linz, Austria, p. 97-103.
  • Gvelesiani R. (2017), The Problem of Considering Possible Consequences of the Consistent Reforms in the Economic-Political Decisions, Review of Business Research (RBR), Volume 17, №2, , ISSN: 1546-2609, University of Sassari, Italy, Editor: University of Osijek, Croatia, p.19-24.
  • Gvelesiani R. (2017), Possibilities of Implementing the Practical Economical Politics Rationally, European Journal of Business Researchtm (EJBR), Volume 17, №2, ISSN: 1945-2977, dx.doi.org/10.18374/EJBR-17-2.3, New York Institute of Technology, USA, editor-in-chief: Professor Christine Duller, Johannes Kepler University Linz, Austria, p.25-30.
  • გველესიანი რ., გოგორიშვილი ი. (2018), გადაწყვეტილებების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში, თბილისი, გვ. 11; 12; 43-44; 52.
  • გველესიანი რ., (2017), ძირითად საზოგადოებრივ ფასეულობათა შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი დაძლევის პრობლემა, ,,ეკონომიკა და ბიზნესი,“ ტომი X, №1, თბილისი, გვ. 14-24.
  • გველესიანი რ. (2018), სოციალური საბაზრო ეკონომიკის კონცეფციის დამოკიდებულება ძირითად საზოგადოებრივ ღირებულებებთან, ,,ეკონომისტი,“ №3, ტომი XIV, ISSN: 1987-6890, თბილისი, გვ.26-34.  
  • გველესიანი რ. (2016), ეკონომიკური წესრიგის სპეციფიკური ჩარჩო-პირობების ფორმირების პრობლემა, I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ მასალები,  გამომცემლობა ,,უნივერსალი,“ თბილისი,  გვ.163–166.  
  • Hamilton, A., J. Madison und J. Jay (1787-1788), The Federalist Papers, hrsg. v. C. Rossiter, New York 1961, p.472.
  • Hayek F.A. (1979), Law, Legislation and Liberty, Volume III – The Political Order of a Free People, Chicago, London, Wiederabdruck in: Vanberg, V. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. B4, Recht, Gesetzgebung und Freiheit, Tuebingen 2003, S.128.
  • Hayek F.A. (2003), Rechtsordnung und Handelnsordnung, in: Streit, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. A4, Rechtsordnung und Handelnsordnung, Tuebingen, S. 217. 
  • Kant I. (1781, 1788, 1790), Die drei Kriterien in ihrem Zusammenhang mit dem Gesamtwerk, Jubilaeumsausgabe anlaessl. Des 125-jaehrigen Bestehens d. philosophischen Bibliothek, Hmaburg, 1993, S. 390.
  • Mill J.S. (1859), On Liberty; in ders.: Utilitarism, Liberty, Representative Government, neuausgabe, hrsg. v. H. B. Acton, London 1972, p. 75.
  • Sartori G. (1987), The Theory of Democracy Revisited, 2 Bde., Chatham, N. J., Sonderausgabe Darmstadt 1997, S. 337. 
  • Streit M. E. (2005), Theorie der Wirtschaftspolitik, 6. Auflage, Stuttgart, S.26-30; 49-53; 257; 262.
  • Tuchtfeldt E. (1971a), Moral Suasion in der Wirtschaftspolitik; in E. Hoppmann(Hrsg.): Konzertierte Aktion – Kritische Beitraege zu einem Experiment, Frankfurt am Main, S. 32.

References:

  • Boulding, K.E. (1958), Principles of Economic Policy, 4th printing, Englewood Cliffs,           1964, p.117.
  • Giersch H. (1961), Allgemeine Wirtschaftspolitik (Erster Band: Grundlagen), unveraenderter Nachdr., Wiesbaden, 1990, S.83. (in German)
  • Gvelesiani R. (2016), Individuals and Economic Groups Interests and Behaviour in the Economic and Political Decision-making Process, European Journal of Business Research (EJBR), IABE, Volume 16, №1,. ISSN: 1945-2977, University of Pisa, Italy, Editor: Johannes Kepler University Linz, Austria, p. 97-103.
  • Gvelesiani R. (2017), The Problem of Considering Possible Consequences of the Consistent Reforms in the Economic-Political Decisions. Review of Business research (RBR), Volume 17, №2, ISSN: 1546-2609, University of Sassari, Italy, Editor: University of Osijek, Croatia, p.19-24.
  • Gvelesiani R. (2017), Possibilities of Implementing the Practical Economical Politics Rationally. European Journal of Business Research (EJBR), Volume 17, №2, ISSN: 1945-2977, dx.doi.org/10.18374/EJBR-17-2.3, New York Institute of Technology, USA, editor-in-chief: Professor Christine Duller, Johannes Kepler University Linz, Austria, p.25-30.
  • Gvelesiani R., Gogorishvili I. (2018), gadawyvetilebis mirebis teqnologia ekonomikur politikashi. Tbilisi, gv. 11-12; 43-44. [Decision Making Technology in Economic Policy, Tbilisi, pp. 11-12; 43-44; 52. (in Georgian).
  • Gvelesiani R. (2017), ziritad sazogadoebriv faseulobata shoris arsebuli cinaagmdegobebi da mati dazlevis problema. “ekonomika da biznesi” X, №1, gv. 14-24. [The Contradictions between Core Social Values and the Problem of Overcoming Them, Economics and Business, Volume X, No. 1, Tbilisi, pp. 14-24.] (in Georgian).
  • Gvelesiani R. (2018).  socialuri sabazro ekonomikis koncefciis damokidebuleba ziritad sazogadoebriv girebulebebtan. “ekonomisti”, №3, tomi   XIV, ISSN: 1987-6890, gv.26-34. [The Relationship between the Concept of the Social Market Economy and the Basic Social Values]  Economist, No. 3, Volume XIV, ISSN: 1987-6890, Tbilisi, pp.26-34. (in Georgian).
  • Gvelesiani R. (2016).  ekonomikuri cesrigis specifikuri charcho-pirobebis formirebis problema, I saertashoriso samecniero konferenciis “globalizaciis gamocvevebi ekonomikasa da biznesshi” masalebi; gamomcemloba “univesali,”  Tbilisi, gv. 163-166. [The Problem of Forming Specific Framework Conditions of Economic Order. Proceedings of the 1st International Scientific Conference "Globalization Challenges in Economics and Business", “Universali,” Tbilisi, pp.163–166. (in Georgian).          
  • Hamilton, A., J. Madison und J. Jay (1787-1788), The Federalist Papers, hrsg. v. C. Rossiter, New York 1961, p.472.
  • Hayek F.A. (1979), Law, Legislation and Liberty, Volume III – The Political Order of a Free People, Chicago, London, Wiederabdruck in: Vanberg, V. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. B4, Recht, Gesetzgebung und Freiheit, Tuebingen 2003, S.128.
  • Hayek F.A. (2003), Rechtsordnung und Handelnsordnung, in: Streit, M. E. (Hrsg.), Hayek Gesammelte Schriften Bd. A4, Rechtsordnung und Handelnsordnung, Tuebingen, S. 217.  (in German)
  • Kant I. (1781, 1788, 1790), Die drei Kriterien in ihrem Zusammenhang mit dem Gesamtwerk, Jubilaeumsausgabe anlaessl. Des 125-jaehrigen Bestehens d. philosophischen Bibliothek, Hmaburg, 1993, S. 390. (in German).
  • Mill J.S. (1859), On Liberty; in ders.: Utilitarism, Liberty, Representative Government, neuausgabe, hrsg. v. H. B. Acton, London 1972, p. 75.
  • Sartori G. (1987), The Theory of Democracy Revisited, 2 Bde., Chatham, N. J., Sonderausgabe Darmstadt 1997, S. 337. 
  • Streit M. E. (2005), Theorie der Wirtschaftspolitik, 6. Auflage, Stuttgart, S.26-30; 49-53; 257; 262. (in German).
  • Tuchtfeldt E. (1971a), Moral Suasion in der Wirtschaftspolitik; in E. Hoppmann(Hrsg.): Konzertierte Aktion – Kritische Beitraege zu einem Experiment, Frankfurt am Main, S. 32. (in German).