English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილითეიმურაზ ბერიძე
კ. მარქსის „კაპიტალი“ და გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი („კაპიტალის“ პირველი ტომის გამოსვლის 150-ე წლისთავთან დაკავშირებით)

სტატიაში მიმოხილულია კ. მარქსის თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა, გამოყოფილია მისი იდეოლოგიური და შემეცნებითი ასპექტები, დახასიათებულია „კაპიტალის“  პირველ და მესამე ტომებში ჩამოყალიბებული ეკონომიკური კრიზისის კვლევის მეთოდოლოგია. დასაბუთებულია, რომ გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი ჭარბწარმოების კრიზისის მარქსისეული ლოგიკის ჩარჩოებში წარიმართა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქონლის ჭარბწარმოება ფინანსური გლობალიზაციის ეპოქაში ფინანსური ინსტრუმენტების ჭარბწარმოებამ შეცვალა.

საკვანძო სიტყვები: საქონლის ჭარბწარმოება, გადახდისუნარიანი მოთხოვნა, საკრედიტო ექსპანსია, ფიქტიური კაპიტალი, ფინანსური გლობალიზაცია, ფინანსიზაცია, დერივატივები.

კ. მარქსის თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა თანამედროვე კონტექსტით

"თანამედროვე ეკონომიკა რომ გაიგო, "კაპიტალი" უნდა წაიკითხო"

ალექსანდრე გორგასლიძე 

მოსკოვში მოღვაწე ქართველი ექიმი, თერაპევტ -კარდიოლოგი

კ. მარქსი ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალური მოაზროვნეა კაცობრიობის ისტორიაში. დასავლეთის ქვეყნებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევებში მას ყოველთვის მოწინავე ადგილი უკავია. მეოცე საუკუნის ბოლოს BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კი მარქსი აღიარებული იქნა მეორე ათასწლეულის ყველაზე გამოჩენილ მოაზროვნედ და ისეთ გენიოსებსაც კი გაასწრო, როგორებიცაა ი. ნიუტონი და ა. აინშტაინი [1, გვ. 2]. „ეკონომიკსის“ პირველი სახელმძღვანელოს ნობელიანტი ავტორი პ. სამუელსონი ყველა დროის ყველაზე გამოჩენილ ეკონომისტებს შორის ასახელებს ა. სმიტს, კ .მარქსს და ჯ.მ. კეინზს [2, გვ. 32]. მარქსის მოძღვრებისადმი დამოკიდებულება ათწლეულების მანძილზე რთულ მეტამორფოზას განიცდიდა – ე.წ. „საერო რელიგიად“ აღიარებიდან დაწყებული, მისი „შიშველი’ უარყოფით და მსოფლიოში მომხდარი თითქმის ყველა უბედურების მთავარ მიზეზად ჩათვლით დამთავრებული.

გლობალიზაციის ფონზე მიმდინარე პროცესები მარქსის ეკონომიკური მოძღვრების ახლებური გააზრების აუცილებლობის წინაშე გვაყენებს. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ გლობალური უთანასწორობა იზრდება [3], ცალკეული ქვეყნების მიხედვით კი პიკურ მაჩვენებელს აღწევს [4]; ტოპმენეჯერების ანაზღაურება ათეულჯერ და ასეულჯერაც აჭარბებს საშუალო რგოლის მუშაკთა ანაზღაურებას [5;6]; განვითარებულ ქვეყნებში მუშაკთა რეალური ხელფასი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სისტემატურად მცირდება[7]; კაპიტალის ხვედრითი წილი ეროვნულ შემოსავალში განუხრელად იზრდება, შრომისა კი მცირდება [8;9 გვ. 3-28], მზარდი ეკონომიკური უთანასწორობა საგრძნობლად აფერხებს ეკონომიკურ ზრდას [10;11]; მომავალში უთანასწორობის შემდგომი გაღრმავება შეიცავს მწვავე სოციალური კონფლიქტების აღმოცენების რეალურ საფრთხეს [12] და ა.შ.

მარქსის ეკონომიკური მოძღვრების მიმართ ყურადღება განსაკუთრებით  გაძლიერდა გლობალური ფინანსური კრიზისის დროს და უშუალოდ კრიზისის შემდგომ პერიოდში. 2010 წელს გამოცემული პოპულარული ჟურნალის „The Economist“ ერთ-ერთი ნომრის გარეკანს ამშვენებდა~ საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის ნ.სარკოზის კარიკატურა „კაპიტალით“  ხელში. ამ მოვლენას წინ უძღოდა სარკოზის მიერ თანამედროვე კაპიტალისტური სისტემის მწვავე კრიტიკა. G20-ის ბერლინის სამიტზე (2009 წლის თებერვალი) მან განაცხადა, რომ „საჭიროა კაპიტალიზმის შექმნა თავიდან დავიწყოთ’ [13, გვ.12], ხოლო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (2010 წლის 27 იანვარი) ჩამოაყალიბა კაპიტალისტური ეკონომიკის ახალი მოდელის სამი მთავარი პოსტულატი [14]:

  • „ფინანსური  ოლიგარქია“  უნდა შეიცვალოს „სამეწარმეო  კაპიტალიზმით“;
  • ფინანსურ სფეროზე უნდა დამყარდეს ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი, ზოგადად კი უნდა განხორციელდეს "რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე" საყოველთაო გადასვლა;
  • ეკონომიკამ უნდა იმუშაოს არა ფინანსური კაპიტალისთვის, არამედ ადამიანისთვის.

მსოფლიოში უმსხვილესი ინტერნეტმაღაზია Amazon.com-ის მფლობელი ჯ. ბეზოსი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ 2009 წელს ინტერნეტ-ქსელით გაყიდულ წიგნებს შორის კ.მარქსის „კაპიტალი“ ლიდერობდა [16]. უთანასწორობასთან ერთად გლობალიზებულ სამყაროში მწვავე რჩებოდა სიღარიბის პრობლემა. 2015 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (დღეში 1,90 აშშ დოლარი შემოსავალი) მსოფლიოში 706 მლნი ადამიანი, ანუ მსოფლიო მოსახლეობის 9% ცხოვრობდა [15, გვ.64]. სიღარიბეს უმთავრესად უმუშევრობა განაპირობებს, რომელიც, თავის მხრივ, ბოლო ათწლეულებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპების დაქვეითებამ გამოიწვია. 2015 წელს უმუშევართა რიცხვმა 197,1 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც წინა წლის მონაცემს 1 მლნ-ით, ხოლო გლობალური ფინანსური კრიზისი სწინა პერიოდის მაჩვენებელს 27 მლნ-ით აჭარბებდა [15, გვ.65].

უთანასწორობა და სიღარიბე უმწვავეს პრობლემებს წარმოადგენდა თანამედროვე   საქართველოსთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მიუხედავად, სიღარიბე არ შემცირებულა, უთანასწორობა კი უფრო გაიზარდა და 2016 წელს „საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო სახელმწიფო იყო“ [იგივე წყარო, გვ.74]. მაშასადამე, პრობლემები, რომელთა შესახებაც კ. მარქსი წერდა საუკუნენახევრის წინ, არსად გამქრალა, შეიცვალა მათი გამოვლინების ფორმა იმ თვალსაზრისით, რომ იგი გაცილებით უფრო შენიღბული და დახვეწილი გახდა.

მარქსის თანამოაზრე, თანამოკალმე და მეგობარი  ფ. ენგელსი გამოჰყოფდა ორ ფაქტს, რომლითაც კ. მარქსმა რევოლუციური გადატრიალება მოახდინა საზოგადოებრივ მეცნიერებებში. 

 ისტორიის მატერიალისტური გაგება და ზედმეტი ღირებულების კანონის აღმოჩენა [17, გვ,31]. პირველის თანახმად, ეკონომიკა წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს და ეკონომიკური პროგრესი განსაზღვრავს მთლიანად საზოგადოებრივ პროგრესს. მეორე, კაპიტალისტურ ეკონომიკაში უშუალო მწარმოებელი, ანუ დაქირავებული მუშა ქმნის ზედმეტ ღირებულებას, რომლელსაც უსასყიდლოდ ითვისებს წარმოების ძირითად საშუალებათა მესაკუთრე - კაპიტალისტი. კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ორი მთავარი სუბიექტის ეს ურთიერთობა ვლინდება წინააღმდეგობაში წარმოების საზოგადოებრივ ხასიათსა და მითვისების კერძო ფორმას შორის. ესაა ძირითადი წინააღმდეგობა, რომლის გადაჭრა, მარქსის აზრით, კაპიტალისტური სისტემის ჩარჩოში შეუძლებელია [17, გვ. 956-957].

კ. მარქსის უაღრესად მდიდარ თეორიულ-ეკონომიკურ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უკავია „კაპიტალს“, რომელიც ავტორს თავდაპირველად ჩაფიქრებული ჰქონდა ექვსი წიგნისგან შემდგარი გამოკვლევის ერთ-ერთ ნაწილად. ამასთანავე, „კაპიტალი“ იყო მეცნიერის ხანგრძლივი კვლევა-ძიების ლოგიკური შედეგი, რომელიც როგორც ჩანს, 1840-იანი წლების შუა პერიოდიდან დაიწყო. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს კ. მარქსის 1844 წლის ეკონომიკურ-ფილოსოფიური ხელნაწერები [18]. მარქსმა ამ გრანდიოზული ჩანაფიქრის მხოლოდ მცირე ნაწილის განხორციელება მოასწრო „კაპიტალის“ პირველი ტომის გამოცემის სახით (1867) მისი გარდაცვალების შემდეგ (1883) ფ. ენგელსმა გამოსცა მეორე ტომი (1885), ხოლო ცხრა წლის შემდეგ (1894) მესამე ტომი. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში მეცნიერებს შორის გაიმართა ფართო დისკუსია „კაპიტალის“ პირველ და მესამე ტომებს შორის წინააღმდეგობის შესახებ. „კაპიტალი“ არის ეკონომიკური კანონებისა და კატეგორიების ორგანული სისტემა, რომელიც გვიხსნის კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის ფუნქციონირება-განვითარების სიღრმისეულ კანონზომიერებებს. `კაპიტალის~ კვლევის მეთოდოლოგია ემყარება სოციალურ-კრიტიკული და ლოგიკურ-ისტორიული მიდგომების ერთიანობას. მარქსთან ჩვენ ვხედავთ ჰეგელის დიალექტიკური მეთოდის ბრწყინვალე გამოყენებას როგორც ეკონომიკური, ასევე მთლიანად საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების ანალიზის დროს, რომლის საფუძველზეც კეთდება რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა:

  • კაცობრიობის ისტორია, მარქსის თანახმად, არის საზოგადოებრივი ადა მიანის „წარმოება“ - საზოგადოებრივი შრომით, ანუ საზოგადოებრივი თვითწარმოება;
  • პირველი თეზისიდან გამომდინარე, მარქისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ნივთებს ან ცალკეულ ინდივიდებს, არამედ ინდივიდებს შორის ურთიერთობებს ნივთების (მატერიალური დოვლათის) წარმოება -  გაცვლა - განაწილება -  გადანაწილება -  მოხმარების პროცესში, ანუ საზოგადოებრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს;
  • კაპიტალიზმის თავისებურება იმაშია, რომ ეს ურთიერთობები საქონელში, ფულში, კაპიტალში და ა.შ. მატერიალიზდება და საგნებს შორის ურთიერთობის გარდაქმნილ (ირაციონალურ) ფორმას იძენს;
  • კაპიტალისტურ საზოგადოებაში ნივთიერი სიმდიდრე კი არ  ემსახურება ადამიანის განვითარების ინტერესებს, არამედ ადამიანი ემსახურება ნივთიერი სიმდიდრის შექმნის, დაგროვებისა და გაზრდის მიზანს. აღნიშნულ მოვლენას კ. მარქსი საქონლურ ფეტიშიზმს უწოდებს და მიუთითებს, რომ ეს არის ე.წ. „აუცილებლობის სამეფოსთვის“ დამახასიათებელი კანონზომიერება;
  • „აუცილებლობის სამეფოსთან“ ერთად, მარქსის აზრით, შესაძლებელია „თავისუფლების სამეფოს“ არსებობაც. ნამდვილი თავისუფლება ის სივრცეა, რომელშიაც ადამიანს შეუძლია გახდეს საკუთარი თავის და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის ჭეშმარიტი შემოქმედი. ეს სივრცე, მეცნიერის ღრმა რწმენით, საკუთრივ „ეკონომიკური აუცილებლობის მიღმა იწყება“ [18, გვ. 262-263];
  • „ეკონომიკური აუცილებლობის სამეფო“, ანუ კაპიტალიზმი საკუთარი განვითარების ლოგიკით ამზადებს პირობებს (მატერიალურ წანამძღვრებს) „თავისუფლების სამეფოს“ დასამკვიდრებლად, თუმცა უშუალო გადასვლა ხდება სოციალური რევოლუციის გზით.

ამრიგად, კ. მარქსის თეორიულ მემკვიდრეობაში აშკარად ფიგურირებს სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და იდეოლოგიური მხარეები. ამ ფაქტს ჯერ კიდევ ი. შუმპეტერმა მიაქცია ყურადღება, რომელიც თავის ნაშრომში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (1942) კ. მარქსს ახასიათებს ორ იპოსტაზში – როგორც „წინასწარმეტყველს“ და „სწავლულ ეკონომისტს“ [19, გვ.120-121]. ამგვარ დაყოფას, ჩვენი აზრით, პრიციპული მნიშვნელობა აქვს კ. მარქსის თეორიული მემკვიდრეობის ისტორიული შეფასებისათვის. „კაპიტალის“ მეთოდოლოგიას ეკონომიკური ანალიზის პროცესში წარუვალი ფასეულობა გააჩნია, ხოლო მისი იდეოლოგია - პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის დოქტრინული დასაბუთება - დეტერმინირებულია განვითარების გარკვეული ეტაპით და გარდამავალი ხასიათისაა.

ეკონომიკური და ფინანსური კრიზისების

თეორიულ-მეთოდოლიგიურისაფუძვლებისკვლევა „კაპიტალში“

კ. მარქსის მთავარ ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ეკონომიკური კრიზისის ფენომენის კვლევას, რომელიც სხვადასხვა რაკურსით წარმოდგენილია ‘კაპიტალის“  სამივე ტომში. კაპიტალისტური წარმოების წესის ანალიზი იწყება საქონლის, როგორც „კაპიტალისტური საზოგადოების სიმდიდრის ელემენტის“ სახმარი ღირებულებისა და ღირებულების წინააღმდეგობის განხილვით. მთელი შემდგომი კვლევა ნათლად ადასტურებს, რომ სწორედ აქ არის ‘ჩაბუდებული“ კაპიტალისტური სისტემის ძირითადი წინააღმდეგობა, რომელიც მარქსის აზრით, ეკონომიკური კრიზისების წარმოქმნის უპირველესი მიზეზია.

მარქსის თანახმად, ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის ჯერ მიმოქცევის სფეროში ვლინდება, თუმცა მას ღრმა „წარმოებითი“ ფესვები გააჩნია. ამასთანავე, წარმოება-მიმოქცევის სფეროების კრიზისს ჩვეულებრივ წინ უძღვის სერიოზული შეფერხებები ფულად-საკრედიტო სფეროში: საკრედიტო ოპერაციების მოცულობის შემცირება, საფონდო ბირჟებზე აქციების კურსის დაცემა, ცალკეული ბანკების, სადაზღვევო, საინვესტიციო კომპანიების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების გაკოტრება და ა.შ.

ანალიზის პროცესში მარქსი ხაზს უსვამდა ეკონომიკური კრიზისების პერიოდულობას, რომელსაც უკავშირებდა ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების კანონზომიერებებს. კრიზისის პირობებში ძირითადი კაპიტალი სწრაფად ცვდება და სწრაფ აღდგენას საჭიროებს, რაც მხოლოდ ტექნიკური პროგრესის საფუძველზეა შესაძლებელი. ტექნიკური პროგრესის როლი აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც, ჯერ ერთი, ძირითადი კაპიტალის განახლების გზით ეკონომიკა იწყებს კრიზისიდან თანდათანობით გამოსვლას, და მეორე, ტექნიკური პროგრესი ეკონომიკური ზრდის ახალი ეტაპის დაწყების ფაქტორად გვევლინება. ეკონომიკური ზრდის გარკვეულ ეტაპზე საზოგადოებრივ კვლავწარმოებაში ახალი დისპრპორციები წარმოიქმნება, რომლებსაც ახალ კრიზისამდე მივყავართ და ასე ხდება კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ენტროპიული ხასიათის მქონე ციკლური განვითარება.

საკითხისადმი ამგვარი მეთოდოლოგიური მიდგომა შემდგომში არაერთხელ იქნა გამოყენებული მეცნიერების მიერ საბაზრო ეკონომიკის ციკლური რყევების შესწავლისას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კონდრატიევის კონიუნქტურის დიდი ციკლების თეორია [20, გვ. 3-12]; მოკლევადიანი (3-დან 5 წლამდე) ე.წ. კიტჩინის და საშუალოვადიანი (7-დან 10-12 წლამდე) ანუ ჟუგლარის ციკლების [21, გვ. 97-106] ანალიზი.

ეკონომიკური კრიზისების გამომწვევი მთავარი დისპროპორცია წარმოებას (მიწოდებას) და მოხმარებას (გადახდისუნარიან მოთხოვნას) შორის არსებობს. კრიზისების წარმოქმნის ფორმალური შესაძლებლობა მარტივ საქონელწარმოება- შია მოცემული, რომელიც კაპიტალისტურ საქონელწარმოებაში (კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაში) რეალობად იქცევა. საქონელთა ერთმანეთზე უშუალო გაცვლა, ანუ ბარტერი (ს-ს) ფულის წარმოშობის შემდეგ ორ ნაწილად იყოფა: საქონლის გაყიდვა (ს-ფ) და საქონლის ყიდვა (ფ-ს). ამასთანავე, ეს პროცესები შესაძლებელია დროში არ დაემთხვეს ერთმანეთს, რომლისგანაც გამომდინარეობს საქონლის რეალიზაციისას სირთულეების წარმოქმნის შესაძლებლობა. თუკი გამყიდველი თავისი საქონლის გაყიდვის შემდეგ არ იყიდის სხვის საქონელს, ეს უკანასკნელი არ რეალიზდება და ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება შეფერხდება. ეკონომიკური კრიზისის წარმოქმნის მეორე ფორმალური შესაძლებლობა ფულის, როგორც გადახდის საშუალების ფუნქციასთანაა დაკავშირებული. არც ერთი საქონელმწარმოებელი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ გადახდის დადგომის მომენტში ის გადახდისუუნარო აღმოჩნდეს. ვინაიდან სასაქონლო წარმოება-მიმოქცევაში (საბაზრო ეკონომიკაში) მრავალი საქონელმწარმოებელი ერთმანეთთან საკრედიტო ურთიერთობითაა დაკავშირებული, ჯაჭვის ერთი რგოლის გაწყვეტამ შესაძლებელია მთელი ჯაჭვის დარღვევა გამოიწვიოს. მაშასადამე, ფერხდება მთელი მიმოქცევის პროცესი, რომელიც შემდეგ წარმოებაზეც ვრცელდება.

მარტივ სასაქონლო წარმოებაში მოქცეული ეკონომიკური კრიზისის ფორმალური შესაძლებლობა კაპიტალისტურ წარმოებაში რეალობად იქცევა. საზოგადოებრივი წარმოების (მრავალი მუშის ერთობლივი შრომის) შედეგს ითვისებენ კერძო მესაკუთრეები (კაპიტალისტები), რომელთა საქმიანობის წარმმართველია მათი კერძო ინტერესების რეალიზაცია-მოგების მიღება და მაქსიმიზაცია. მოგების მაქსიმიზაციის მიზანი წარმოებას (მიწოდებას) განუწყვეტელი გაფართოებისკენ  უბიძგებს, რაც კ. მარქსის აზრთ, შესაძლებელია მუშების ხელფასის შემცირების გზით, ვინაიდან მოგება და ხელფასი ერთმანეთის საპირისპირო კატეგორიებია. მოგების ზრდა იწვევს სამუშაო ძალის ღირებულების შემცირებას, მაშასადამე, გადახდისუნარიანი მოთხოვნის  შემცირებასაც და საქონლის ჭარბწარმოების აღმოცენებას [17, გვ. 792-807]. კ. მარქსის ზემოაღნიშნული მოსაზრებები კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაში კრიზისების წარმოშობის მთავარ მიზეზთან დაკავშირებით, ძალიან ახლოს დგას აღნიშნულ საკითხზე ს. დე სისმონდის, რ. ლუქსემბურგის, კ. კაუცკის და სხვათა შეხედულებებთან. მაგალითად, სისმონდის აზრით, ფაბრიკანტისთვის მთავარია პროდუქტების წარმოება-რეალიზების შემდეგ მიღებული მოგება. ამ პროდუქტების უმეტეს ნაწილს მოსახლეობის ის კატეგორია ყიდულობს, რომელიც გამუდმებულ პროლეტარიზაციას და პაუპერიზაციას განიცდის. ამის შედეგად პერმანენტულად მცირდება მნიშვნელოვანი ნაწილის მსყიდველობითუნარიანობა, რაც პერიოდულად განაპირობებს ეკონომიკური კრიზისების დაწყებას [22]. ამავე დროს, მაქსიმალური მოგების მიღების სურვილი კაპიტალისტებს წარმოების მუდმივი გაფართოებისკენ უბიძგებს. წარმოების გადადხისუნარიან მოთხოვნაზე გადაჭარბების საპასუხო რეაქცია ბაზარზე საქონელზე ფასების დაცემა და წარმოების შემცირებაა. ეს უკანასკნელი ნიშნავს დაქირავებულ სამუშაო ძალაზე მოთხოვნის შემცირებას, ანუ ასე იკვრება წრე, რომლის გარღვევაც მხოლოდ ეკონომიკური კრიზისითაა შესაძლებელი.

ჭარბწარმოების კრიზისის დაძლევის ყველაზე გავრცელებული მეთოდია საკრედიტო ექსპანსია. მაღალი საბაზრო კონიუნქტურის პირობებში ბანკები და სხვა საკრედიტო ინსტიტუტები ზრდიან კრედიტების გაცემას, რითაც ასტიმულირებენ მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე. მაშასადამე, კრედიტი ის ინსტრუმენტია, რომელიც დროებით არბილებს წინააღმდეგობას წარმოებასა და გადახდისუნარიან მოთხოვნას შორის. თუმცა, ამ გზით შექმნილი მოთხოვნა ფიქტიური ხასიათისაა. იგი, ერთი მხრივ, განაპირობებს ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების დავალიანების გაზრდას, რომელიც `არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. რაღაც ეტაპზე იწყება დავალიანების კრიზისი, რომელიც გადაიზრდება ჯერ ფინანსურ, შემდეგ კი ეკონომიკურ კრიზისებში [23, გვ. 79-80]. მეორე მხრივ, კრედიტი ყველგან ხელს უწყობს სპეკულაციას, ვინაიდან „შესაძლებველია იყიდო და არ გადაიხადო, გაყიდო ისე, რომ არ ფლობდე გასაყიდ საქონელს“ [24, გვ.14]. აღნიშნავს ნობელიანტი ფრანგი ეკონომისტი მ. ალე. სწორედ წრეგადასული სპეკულაცია გახდა, როგორც ამას ქვევით დავინახავთ, გლობალური ფინანსური კრიზისის აღმოცენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი.

ამრიგად, საკრედიტო ექსპანსია ხელოვნური გზით მოთხოვნის შექმნით წარმოებას უბიძგებს რეალური გადახდისუნარიანი მოთხოვნის ჩარჩოებიდან გასვლისაკენ, არნახულად აფართოებს სპეკულაციური ოპერაციების მასშტაბებს და პერსპექტივაში კიდევ უფრო ღრმა და დამანგრეველი კრიზისების წარმოშობის შესაძლებლობას წარმოქმნის. თუმცა, სხვა გზა კაპიტალისტურ საბაზრო მეურნეობას არ გააჩნია. არასაკმარისი მოთხოვნა ნიშნავს წარმოების და მაშასადამე, მოგების შემცირებას. კაპიტალს კი „ისე ეშინია მოგების უქონლობის ან ფრიად მცირე მოგ ბის, როგორც ბუნებას - სიცარიელისა. სათანადო მოგების დროს კაპიტალი მამაცი ხდება“ [17, გვ.954].

გლობალიზაციის ეპოქაში საქონლის ჭარბწარმოების ეკონომიკურიკრიზისებიფინანსურიინსტრუმენტების ჭარბწარმოების, ანუ ფინანსურკრიზისებად ტრანსფორმირდა. კ. მარქსი სამრეწველო კაპიტალზმის ეპოქაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მისი სიცოცხლის მხოლოდ ბოლო პერიოდში იჩინა თავი ფინანსური კაპიტალიზმის პირველმა ნიშნებმა, რომლებიც მისი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მათი ანალიზი გადმოცემულია „კაპიტალის“ მესამე ტომის მეორე ნაწილში. მარქსი მსჯელობს ფიქტიური კაპიტალის შესახებ, რომლის ქვეშ გულისხმობს გარკვეული შემოსავლის მომტან ფასიან ქაღალდებს, რომლებიც საფონდო ბირჟებზე მიმოიქცევა. ფიქტიური კაპიტალის საფუძველი რეალური კაპიტალია, ანუ როგორც მარქსი შენიშნავს: „ფიქტიური კაპიტალი ტიტულებია ნამდვილი კაპიტალის მიმართ“ [25, გვ. 22]. ფიქტიური კაპიტალი საზოგადოებრივი კვლავწაროების პროცესში წყდება თავის საფუძველს (რეალურ ეკონომიკას) და საკუთარ დამოუკიდებელ არსებობას იწყებს. ფიქტიურ კაპიტალში „კაპიტალის ღირებულების ნამდვილი ზრდის პროცესთან კავშირის ყოველი კვალი დაკარგულია და განმტკიცებულია წარმოდგენა კაპიტალზე, როგორც ავტომატურად თვითმზარდ ღირებულებაზე“ [იგივე წყარო, გვ.9]. კ. მარქსი გამოყოფს ფიქტიური კაპიტალის ორ ნიშანს: ილუზორულობას და სპეკულატიურ ხასიათს. ამასთანავე მიუთითებს, რომ ფიქტიურ კაპიტალს კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გაფართოების ტენდენცია ახასიათებს [იგივე წყარო, გვ.25]. იგი გვთავაზობს კაპიტალისა და კაპიტალისტური საზოგადოების სიმდიდრის შემდეგ კლასიფიკაციას:

  •   „საქონლური კაპიტალი“           
  •  „ნივთიერი (ნამდვილი) სიმდიდრე“
  •   „ფულადი კაპიტალი“
  • „ფულადი სიმდიდრე“
  •   “მწარმოებლური კაპიტალი“
  •   „ფაქტიური სიმდიდრე“
  •   „ფიქტიური კაპიტალი“

კ. მარქსისი თანახმად, „ნამდვილი“ კაპიტალი საქონლური კაპიტალისა და მწარმოებლური კაპიტალის ერთობლიობაა, ფულადი კაპიტალი კი გარდამავალი საფეხურია „ნამდვილ კაპიტალსა“ და „ჭეშმარიტად ფიქტიურ კაპიტალს“ – სახელმწიფო ქაღალდებს, ხაზინის მოწმობებს, ყოველგვარ აქციებს, თამასუქებს, ჰიპოთეკებს შორის. ერთადერთი, რასაც მარქსი ამ ჩამონათვალში არ ასახელებს – დერივატივებია, რომლებიც მოგვიანებით, უფრო ზუსტად, 1970-იანი წლების შუა პერიოდში აღმოცენდა. კ. მარქსის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილია რამდენიმე მნიშვნელოვალი მომენტი, რომელსაც, ჩვენი აზრით, გარკვეული ფასეულობა გააჩნია თანამედროვე ფინანსური კრიზისების შესწავლის საქმეში. ეს მომენტებია:

  • ფიქტიური კაპიტალის ფენომენის  გამოყოფა;
  • ფიქტიური კაპიტალის ილუზორულ და სპეკულატიურ ბუნებაზე მინიშნება;
  • ფიქტიური კაპიტალის განუხრელი ზრდის კანონზომიერების დაფიქსირება;
  • ფიქტიური კაპიტალის  ჭარბწარმოების  ეკონომიკურ   კრიზისთან  დაკავშირება.

თანამედროვე ფინანსური კაპიტალის უმეტესი ნაწილი შეიძლება განხილული იქნეს კ. მარქსის პერიოდის ფიქტიური კაპიტალის მემკვიდრედ, თუმცა რიგი ფაქტორების – უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებების, კორპორატიულ-ქსელური ბაზრების და ა.შ. ზემოქმედებით, იგი განსხვავდება  „ძველი“ ფიქტიური კაპიტალისაგან. ძირითადი განსხვავება მდგომარეობს ვირტუალიზაციის გაცილებით მაღალ ხარისხში, რომელიც თანამედროვე ფიქტიურ კაპიტალს ახასიათებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბდა თანამედროვე ვირტუალური კაპიტალი, როგორც ფიქტიური კაპიტალის განსაკუთრებული ფორმა. ვირტუალური კაპიტალი ასევე წარმოდგენილია ვირტუალური ფულით, რომელიც მთლიანად თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტია. ვირტუალურ კაპიტალს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ წარმოებული (მეორეული) ფინანსური ინსტრუმენტი-დერივატივები, რომლის სახეობებია: ოპციონები, სვოპები, ფიუჩერსები, ვარანტები და ა.შ. ვირტუალური ფინანსური კაპიტალის ბაზაზე ყალიბდება ეკონომიკის ფიქტიური (ვირტუალური) სექტორი, როგორც განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური სივრცე, რომელშიც ფუნქციონირებს გარდაქმნილი (ირაციონალური) ფიქტიური აგრეგატების ერთობლიობა. მასში არ იქმნება მატერიალური დოვლათი და კულტურული ფასეულობები. თანამედროვე პირობებში ფიქტიური კაპიტალის და ეკონომიკის ფიქტიური სეგმენტის გადაჭარბებული მოცულობის არსებობა ბევრი ეკონომისტის მიერ XX-XXI საუკუნის ფინან- სური კაპიტალიზმის არასტაბილურობის მნიშვნელოვან მიზეზადაა მიჩნეული [26; 27; 28, გვ.124].

გლობალური ფინანსური კრიზისი მოასწავებდა ვალების დაგროვებასა და ფინანსური ბუშტების გაბერვაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მოდელის კრახს. ვალების  დაგროვებას კი ძირითად ორი გარემოება განაპირობებდა; ერთობლივი მოთხოვნის  საკრედიტო  სტიმულირება და აქტივების  შეძენა  შემდგომში  მათი სარფიანი გაყიდვის, ანუ სპეკულაციის მიზნით. ერთობლივი მოთხოვნის საკრედიტო სტიმულირება კანონზომიერებაში გადაზრდილი იმ ტენდენციის შედეგი იყო, რომელიც აშშ-ში და სხვა წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებში 1970-1980-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი გამოიხატა დაქირავებული მუშაკების ხელფასის ზრდის ტემპის შემცირებით და მოგვიანებით მისი ფაქტობრივი შეწყვეტით [29, გვ.144]. პრაქტიკულად, ყველა მაღალი და საშუალო შემოსავლიან ქვეყანაში ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში     ხელფასის წილი   მშპ-ში   განუხრელად   მცირდებოდა  [30].

როგორც ცნობილია, აშშ-ში მთლიანი შემოსავლების დაახლოებით ¾ დაქირავებული მუშაკების შრომის ანაზღაურებაზე მოდის [31, გვ. 584] და ამ შემთხვევაში ხელფასის 5 პროცენტული პუნქტით შემცირება, რასაც ადგილი ჰქონდა უკანასკნელ პერიოდში, უარყოფითად მოქმედებდა მოხმარებაზე, ამცირებდა რა ერთობლივ მოთხოვნას [32]. იმავე პერიოდში აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად „ტექნოლოგიური შოკის“ ზეგავლენით ადგილი ჰქონდა ერთობლივი მიწოდების საგრძნობ ზრდას, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა წინააღმდეგობას წარმოებასა და მოხმარებას (გადახდისუნარიან მოთხოვნას) შორის. ასეთ პირობებში საკრედიტო ემისიით დამატებითი გადახდისუნარიანი მოთხოვნის შექმნა იყო ერთადერთი გამოსავალი, თუმცა ამ გზით მოხდა არა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება, არამედ მისი დროში გადავადება.

გლობალური ფინანსური კრიზისი უკავშირდება სპეკულაციურ ოპერაციებს, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერდა 1990-იანი წლების ბოლოს 2000-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე ეკონომიკური ბუმის გავლენით და პირველ რიგში გამოვლინდა უძრავი ქონების, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის ბაზარზე. უძრავ ქონებაზე ფასების განუწყვეტელი ზრდის გამო მოქალაქეები ბინებს ძირითადად ყიდულობდნენ არა საკუთარი საჭიროებისთვის, არამედ მომავალში მათი უფრო ძვირად გასაყიდად და ამ გზით წელიწადში დაახლოებით 20%-იან მოგებას იღებდნენ. უძრავ ქონებაში ინვესტირების წყაროს არ წარმოადგენდა მოქალაქეთა დანაზოგები. პირიქით, აშშ-ის მოქალაქეთა 80%-ზე მეტი კი არ  ზოგავდა საკუთარი შემოსავლების ნაწილს, არამედ ვალებით ცხოვრობდა. „დიდი რეცესიის“ (გლობალური ფინანსური კრიზისის) წინ ვალების მომსახურების ჯამური დანახარჯები 10%-ით აღემატებოდა ჯამურ შემოსავლებს [33, გვ.13].  ასეთ პირობებში ინვესტირების თითქმის ერთადერთ წყაროს ნაყიდი სახლების გირაოში ჩადებით აღებული საბანკო კრედიტები წარმოადგენდა, რასაც ხელს უწყობდა აშშ-ის ფულად სფეროში აღმოცნებული ჭარბი ლიკვიდურობა. „იაფი ფული“  ადვილად ტრანსფორმირდა „იაფ კრედიტად“ და უპირატესად გადაედინა უძრავი ქონების (საბინაო) ბაზარზე. ფულის სიიაფის და ადვილი ხელმისაწვდომობის გამო ბანკების მიერ ჰიპოთეკური კრედიტები ხშირად გაიცემოდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლისა და გათვალისწინების გარეშე. აქედან გამომდინარე, საგრძნობლად გაიზარდა დაბალხარისხიანი, ე.წ. subprimes კრედიტების რაოდენობა, რომლის ხვედრითმა წილმა 2002 წლის 6%-დან 2006 წელს 20%-მდე მიაღწია [34, გვ. 21], ხოლო აბსოლუტურ გამოხატულებაში ფანტასტიკური თანხა – 1,3 ტრლნ დოლარი, ანუ აშშ-ს მაშინდელი მშპ-ს ზუსტად 10% შეადგინა [35, გვ. 39]. 2005-2006 წლებში 7,5 მილიონმა ამერიკელმა აიღო იპოთეკური  კრედიტი, რომლის  მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ეს მოგვიანებით გამოჩნდა, არ იყო გადახდისუნარიანი. 2006 წლის შუა პერიოდიდან აშშ-ს საცხოვრებელი ფართის ბაზარმა „გაგრილება“  დაიწყო, რაც იმის მანიშნებელი  იყო, რომ ეკონომიკური აღმავლობის პიკი განვლილი იქნა. ინფლაციის მოლოდინით, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკის ხანგრძლივი (თითქმის 15-წლიანი) ზრდის კანონზომიერ შედეგს წარმოადგენდა, შეშფოთებულმა ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფედ-მა) სადისკონტო განაკვეთი 2004 წლის 1%-დან 2006 წელს 5,2%-მდე გაზარდა. ამან, ერთი მხრივ, გამოიწვია უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება და ფასების საგრძნობი დაცემა, მეორე მხრივ კი მკვეთრად იმატა კრედიტის დაუბრუნებლობის შემთხვევებმა, 2,5 მლნმა მსესხებელმა ვერ შეძლო ვალის დროულად გადახდა და დაიწყო კრედიტებით ნაყიდი სახლების ბაზარზე გატანა, რამაც კიდევ უფრო შეამცირა მათი ფასები და აშშ-ს საცხოვრებელი სახლების ბაზარი დეფოლტის მდგომარეობაში ჩააყენა.

იპოთეკური ბაზრის კრიზისიდან გამომდინარე, ბანკებს, საინვესტიციო, სადაზღვევო კომპანიებს, ჰეჯფონდებს ლიკვიდურობის შემცირების გამო რთული პრობლემები გაუჩნდათ.  ფაქტობრივად,  შეწყდა ეკონომიკის დაფინანსება და  წარმოიშვა  ე.წ. „ფინანსური ტრომბი“, რომელიც მწვავე ფინანსური კრიზისის დაწყების მანიშნებელი იყო. კრიზისი არ შემოფარგლულა მხოლოდ ფინანსური სექტორით და გადავიდა ეკონომიკის რეალურ სექტორში. 2008 წელს აშშ-ს ეკონომიკაში მესამე და მეოთხე კვარტალში, ეკონომიკური ზრდის ტემპის შესაბამისად, 0,5%-ით და 6,2%-ით შემცირება ნიშნავდა ეკონომიკური რეცესიის დაწყებას მისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგებით. 2009 წლის იანვარში უმუშევრობის  დონე  7,6%-მდე   გაიზარდა, როცა წინა ათი წლის განმავლობაში იგი 4-5%-ის ფარგლებში მერყეობდა. მოხდა სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემცირება  (თვეში იგი შეადგენდა1%-ს) და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო აშშ-ში 1949 წლის შემდეგ [36, გვ.17-31]. აშშ-დან ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გადაინაცვლა ევროპაში, მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ სახელმწიფოებში, ბალტიის ქვეყნებში, გამოიწვია ჩინეთის და ინდოეთის ეკონომიკების ზრდის ტემპების შემცირება და, მაშასადამე, გლობალური ხასიათი მიიღო.

* * *

ამრიგად, გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის წარმოშობისა და განვითარების ლოგიკა მთლიანად „ეწერება“  კ. მარქსის მიერ  XIX  საუკუნის  50-იანი და 60-იანი წლების მიჯნაზე შემუშავებულ ჭარბწარმოების ეკონომიკური კრიზისების თეორიაში იმის გათვალისწინებით, რომ სამრეწველო კაპიტალიზმის ეპოქისათვის დამახასიათებელი საქონლის ჭარბწარმოება ფინანსური ინსტრუმენტების ჭარბწარმოებამ შეცვალა. აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს მარქსის თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობის აქტუალურობას და მის მაღალ შემეცნებით-ანალიტიკურ პოტენციალზე მიუთითებს.

ლიტერატურა:

1.    К. Маркс – мыслителъ тысячилетя // Парламентская газета (1999),№93; К.Маркc по прежнему первый // Культура (1999), №36;

2.    სამუელსონი პ. ეკონომიკსი (1994). მთარგმნელთა ჯგუფი პროფ. კ.ღურწკაიას ხელმძღვანელობით;

3. Milanovich B. (2016) Global Inequality. A new Approach for the Age of Globalization. Cambridge, MA: Harward University Press;

4. Atkison A.B., (2015) Inequality: What Can Be Done? Cambridge, MA: Harward University Press;

5. Джомо К., Попов В.В. (2016) Долгосрочные тенденции в распределении доходов // журнал Новой экономической ассоциации. №3;

6. Интервю П.Самуелъсона немецкой газете ″DcWelt″, (2011).Декабр.;

7. Любимов И.Л. (2016) Неравенство и экономический рост : теоретические аспекты зависимости // М.:РАНХ и ГС;

8. Piketty T., (2014) Capital in the Twenty-First Century, Cambridge, MA: Harward University Press;

9. Acemoglu D., Robinson D.A., (2015) The Raise and Decline of General laws of Capitalism || Journal of Economic Perspectives, vol.29, №1;

10. Zucman G. (2016) Global Inequality and Growth: The Interplay Between Inequality and Growth. Unpublished manuscript. http://www.gabriel-zucman. Eu|files|econ133– lecture8.pdf

11. Stiglitz J. (2008) Markets Can’t Rule Themselves // neusweek.2008. 31 december. URL: http:|www.neusweek.com|id|177447Стиглиц Дж. (2016) Глобализация и её новые тревожные резултаты // https:||www. project-syndicate.org; Стиглиц Дж. Цена неравенства. М.,2015;

12. Известия (2010). 28 янв.

13. Мировая экономика (2010), №1;

14. ბერიძე ე. (2017); ინკლუზიურობა - ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უმ- ნიშვნელოვანესი ფაქტორი|| ეკონომიკა და ბიზნესი. ტომი X, №1;

15. ეკონომიკური პალიტრა (2010), 2-8 გვისტო;

16. მარქსი. `კაპიტალი~ (1954). პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკა. ტომი პირველი. ფ. ენგელსი. წინასიტყვაობა მესამე გამოცემისთვის;

17. Маркс К. Энгельс Ф. (1974). Соч-ия. изд. Второе. Т. 42;

18. მექვაბიშვილი ე. (2012) თანამედროვე მაკროეკონომიკური თეორიები;

19. მექვაბიშვილი ე.(2014) დ.კონდრატიევის კონიუნქტურის დიდი ციკლების თეორია თანამედროვე გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის კონტექსტით|| ეკონომიკა და ბიზნესი, №6;

20. კაკულია ნ.(2012). ეკონომიკური რყევების თეორიები ეკონომიკური კრიზისის ასპექტით || ეკონომიკა და ბიზნესი.№1;

21. Сисмонди С. (1937) Новые начала политической экономии или о богатстве в его отнoшении к народонаселению. Т. 1-2;

22. ჩიქობავა მ. (2012). თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი საქმიანი ციკლის თეორიის თვალსაზრისით || ეკონომიკა და ბიზნესი, №4;

23. Белянин А. , Егоров Е. (2011). О творческом наследии выдающегосия экономиста. 100-летию с дня рождения Мориса Алле // Вопросы экономики. №10;

24. მარქსი კ. "კაპიტალი" (1959), ტომი II, ნაწილი 2;

25. Киндлбергер Ч; Алибер Р.,(2010) Мировые финансовые кризисы: мании, паники и крах. СПб.: Питер;

26. Sammers L. (2009), International Financial Crisis: Causes, Prevention and Cures || American Economic Review. Vol.90, №2;

27. ლარუში ლ.(2000) მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური სისტემა და ეკონომიკური ზრდის პრობლემა || წიგნში - მსოფლიო შეთქმულება;

28. Milanovich B. (2014). The Return of ~Partimonal Capitalism~ A Review of Thomas Piketty’s Capital in the Twenty-First Century||joural of Economic Literature. Vol. 52, №2;

29. https:||www.project-syndicate.org|commentary|long-term-global economic-projects-by- kaushik-basu-2017-06;

30. მენქიუ გრ. (2008) ეკონომიკის პრინციპები;

31. Сафронов С. (2012). Неравенство доходов как тормоз экономического роста // Независимая газета, 12 октября;

32. Cecchetti S.G., Keller M., Upper C. (2009). Financial Crisis and Economiс Activity || NBER Working Paper;

33. Супян В. (2009). Кризис в США:Экономический контекст // Вестник института Кенана в России, Выпуск 15;

34. Данилов-Данилъян (2009). Глобальный кризис как следстие структурных сдвигов в экономике // Вопросы экономики. №7.