ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი გაწერელია ∘ საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკანონმდებლო რეგულირება და მისი სრულყოფის ზოგიერთი საკითხი მიკროდაფინანსება დაკავშირებულია მცირე ბიზნესის სუბიექტების ფინანსურ მომსახურებასთან და გულისხმობს მათთვის დაფინანსების წყაროებზე მარტივად ხელმისაწვდომობას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობას აკონტროლებს საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ-ი) და საჭიროების შემთხვევაში სახავს ადეკვატურ ღონისძიებებს. ამ ასპექტით აღნიშნული ორგანიზაციების მუშაობა უდავოდ საჭიროებს გარკვეულ კორექტივებს, რომელთა შესახებაც სტატიაში გამოთქმულია ზოგიერთი მოსაზრება. საკვანძო სიტყვები: მიკროდაფინანსება; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; საკრედიტო სისტემა; მიკროკრედიტი; საკანონმდებლო ცვლილება; საბანკო ზედამხედველობა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2006 წელს, რის შემდეგ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაცია და მათი რეგულირება საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა. მანამდე კი, 2003 წელს სამოქალაქო კოდექსში გაჩნდა "სპეციალიზებული მიკროსაფინანსო ფონდის” ცნება, რაც გარდამავალი ფორმა იყო დონორების მიერ დაფინანსებულ სუბსიდირებულ მიკროსაფინანსო ფონდსა და დღევანდელ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის. მაშასადამე, საქართველოში ყველაზე ძველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დონორების მიერ მხარდაჭერილი პროექტებიდან იღებს სათავეს. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფინანსური შუამავლობის სახეობაა, რომელიც კომერციული ბანკების ალტერნატივას წარმოადგენს. საქართველოში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონით – „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ". ამავე კანონის მუხლი 3-ის შესაბამისად, „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით [1]. საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება; ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში; ფულადი გზავნილების განხორციელება; სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება; მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს; აგრეთვე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები: ვალუტის გადაცვლა, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და ამ ფინანსურ მომსახურებებსა და ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები. ეროვნული ბანკი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციას, რომლის სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის სახეობა და საფირმო სახელწოდება შეესაბამება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს [2]. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომლის მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თაობაზე „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესები. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას საქმიანობა გარკვეულწილად შეზღუდული აქვს, ასე მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკრო- კრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50 ათას ლარს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალში ფულადი შესატანი არ უნდა იყოს 250 000 ლარზე ნაკლები. ამ თანხის ზემოთ წესდებით დადგენილი საწესდებო კაპიტალის სრული ოდენობის ფულადი ან/და არაფულადი ფორმით შევსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების გამკაცრებას გეგმავს. კანონ- პროექტის მიხედვით, ახლადდარეგისტრირების შემთხვევაში განაღდების კაპიტალის მოცულობა 1 მლნ ლარამდე იზრდება, ბაზარზე უკვე მოქმედ ორგანიზაციები კი ვალდებული არიან, რომ განაღდების კაპიტალი 1 მლნ ლარამდე ეტაპობრივად 2019 წლამდე გაზარდონ. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგისტრაციას, რა დროსაც გარკვეულ სტანდარტებს უწესებს კანდიდატ ორგანიზაციებს, მათ დამფუძნებლებსა და დირექტორებს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სებ-ს რეგულარულად აბარებენ ანგარიშს, ხოლო ცენტრალური ბანკის საზედამხედველო ჩარჩო მიმართულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისკენ. ეროვნული ბანკი არ ახდენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სიღრმისეულ რეგულირებას, რასაც ადგილი აქვს კომერციული ბანკების საქმიანობის შემთხვევაში. სესხების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მომხმარებლებს მიკრო- დაზღვევას, ფულადი გზავნილების, საგადასახადო და ვალუტის გადაცვლის მომსახურებას სთავაზობს. მიკროსესხების დიდი ნაწილი მიემართება ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის დაკრედიტებისკენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ მოსახლეობისგან დეპოზიტების მოზიდვა. ისინი ასევე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის რეფინანსირების აუქციონში, ამიტომ დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს უცხოური სპეციალიზებული ფონდებიდან მიღებული სასესხო კაპიტალი და საბანკო კრედიტი. საქართველოში აქტიურია 20-მდე საინვესტიციო ფონდი ან კომპანია შემდეგი ქვეყნებიდან: როგორიცაა აშშ, გერმანია,შვეიცარია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ბელგია. მიკროსაფინანსო ინდუსტრიის მნიშვნელოვან მხარდამჭერებს შორისაა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი (EBRD), გერმანული KFW და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). ბოლო წლებში გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპიდან და ისრაელიდან კერძო ინვესტორების მიერ სექტორის დაფინანსება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ დეპოზიტების მოზიდვა, მაგრამ მათ შეუძლიათ თამასუქების გამოშვება, რითაც ისისნი ხელს უწყობენ ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე ამ გზით კაპიტალის გადაადგილებას, თუმცა მათ არა აქვთ ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების უფლება. თუ აღნიშნული ორგანიზაციების დამფინანსებელთა რაოდენობა გადაა- ჭარბებს დაწესებულ ზღვარს, სებ-ს უჩნდება ჩარევის უფლებამოსილება, რის შედეგად ის ამკაცრებს მათი რეგულირების ჩარჩოს. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფრთხილოს იგი, დააკისროს ფულადი ჯარიმა ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, პირს, რომელსაც არ აქვს შესაბამისი განათლება ან გამოცდილება,მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დამფუძნებელი ან ადმინისტრატორი ვერ იქნება. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მკაცრდება წესები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დაფუძნებასთან დაკავშირებით. კერძოდ, პირს ეკრძალება, იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორი, თუ: - მონაწილეობდა ოპერაციაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს ან შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ან გამოიწვია კომერციული ბანკის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; - არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ; – ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინის- ტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმები. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს მიკროსესხის წინ- სწრებით დაფარვის დროს საკომისისო დადგენის პირობებს. „მოკროსაფინანსო ორგანიზაციას ეკრძალება მის მიერ გაცემულ მიკროსესხზე მომხმარებელს გადაახდევინოს რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს, რომელიც აღემატება მიკროსესხის გადასახდელი ძირი თანხის 2%-ს" [2]. ამასთან, 2017 წლის მარტიდან კანონში შევიდა ცვლილება, რის შედეგადაც „საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დაუწესოს მის მიერ გაცემული მიკროსესხების რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიოს პირობები და ზღვრული ოდენობა."[3] კანონმდებლობით კიდევ ერთხელ დაზუსტდა ის, რომ ეროვნულ ბანკს უფლება აქვს კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებისგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ეროვნულ ბანკს აღნიშნული უფლებამოსილება, მასზე დაკისრებული ფუნ- ქციების შესრულების მიზნით, ჯერ კიდევ კანონის ცვლილებამდე ჰქონდა ამჯერად, კანონის 48-ე და 50-ე მუხლებს დაემატა პუნქტები, რამაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ დააზუსტა ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება. ვფიქრობთ, ამგვარი დაზუსტებით ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის უფრო მკაცრი კონტროლის უფლებამოსილებას. ცნობისათვის, „ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც საბანკო სფერო უფრო მეტადაა რეგულირებული, ასეთ მკაცრ ზედამხედველობას არ მიმართავენ. საფინანსო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით, პოსტსოციალისტური ევროპის (ჩეხეთი, ესტონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი) და ძველი ევროპის(ფინეთი, გერმანია) ქვეყნებში ეროვნულ ბანკებს არ აქვთ საფინანსო ბაზრის ყველა მოთამაშისა და კერძო პირებისგან ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, ამგვარი უფლებამოსილება არც ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) გააჩნია" [4]. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულმა თითოეულმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების ეროვნული ბანკისათვის წარდგენა კვარტალური პერიოდულობით, საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სებ-ი ახორციელებს ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობას. დასკვნა თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს კომერციული ბანკისა და სხვა არასაბანკო დაწესებულებებზე რეგულირების ნორმებს. საკანონმდებლო ცვლილებები შეეხო მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საწესდებო კაპიტალის სიდიდეს, მიკროსესხების წინსწრებით დაფარვის წესებს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებს და სხვ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ დეპოზიტების მოზიდვის უფლება მნიშვნელოვანია, რადგან ის დაფინანსების დამატებითი წყაროა და ასევე მნიშვნელოვანია სადეპოზიტო ანგარიშების შეთავაზებით დაბალშემოსავლიან მომხმარებლებში დაზოგვის კულტურის სტიმულირება, მაგრამ, ამავე დროს აშკარაა რეგულირების დამატებითი ტვირთი, რომელსაც ის მიიღებს სებ-ისგან დეპოზიტების მოზიდვის უფლების სანაცვლოდ. მაგრამ იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა დადებითად გადაწყვიტოს (პარლამენტის მითითებით) დეპოზიტების მიღების საკითხი, პირველ რიგში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის უნდა დაწესდეს რეგულირების ნორმები (ფინანსური ნორმატივები), რაც უზრუნველყოფს მიკროსაფინანსოების ფინანსურ სტაბილურობას და საფინანსო რისკებთან მიმართებით ადეკვატურ მდგრადობას. მიკროსაფინანსოების რეგულირების ნორმებთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა მიმართოს ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის (და პრიორიტეტულად სოფლის მეურნეობის დარგში) დაფინანსებაზე. ფაქტობრივად, ეს უნდა გახდეს აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი სფერო (როგორც ეს მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა მიღებული). ლიტერატურა: 1. საქართველოს კანონი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ, 2006 წლის 18 ივლისი. 2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, 2012 წლის 7 თებერვალი. 3. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2017 წლის 3 ოქტომბერი. 4. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, 2012 წლის 23 იანვარი. |