English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ რევაზ გოგოხია
რეპლიკის მაგიერ - ისევ საქართველოს ეკონომიკის განვითარების გენერალური სტრატეგიის შესახებ (ანუ ვინ ბლოკავს საქართველოს წყლის ინდუსტრიის გრანდიოზული პროექტის განხორციელებას ?! )

მსოფლიო გლობალიზაციის ეპოქალური პროცესები ობიექტურად განაპირობებს ყვე­ლა ქვეყნის ეკონომიკის ღრმა სტრუქტურულ ცლილებებს. ეს განსაკუთრებით შეეხება საქა­რთველოს და ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომლებიც ეპოქალურად ჩამორჩნენ მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურის სრულყოფისა და სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ტემ­პებს. დღეისათვის საქართველო  ასეულს მიღმაა მსოფლიოს  ქვეყნებს შორის მოსახლე­ობის ერთ სულზე მშპ–ის მაჩვენებლის მიხედვით და გვისწრებს როგორც ყველა ევრო­პული, ასევე აზია–აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრი ქვეყანა, რომელთაც თითქმის არავითარი რესურსულ–ეკონომიკური უპირატესობა არ გააჩნიათ. ამასთან, სავალალოა  ისიც, რომ როცა მსჯელობაა საქართველოს ეკონომიკის მომავალ განვითარებაზე, მკვლე­ვართა თუ ექსპერტთა დიდი უმრავლესობა, პირველ რიგში, ანუ წინა პლანზე აყენებს ტურ­იზ­მისა და საკურორტო მეურნეობის განვითარებას. რაც შეეხება თანამედროვე ინდუს­ტრიული ტექნოლოგიის მრავალსახეობიდან, თუნდაც ერთის გამოკვეთილად განვითა­რებას, მასზე მსჯელობა არ არის, ან თითქმის არ არის.

ამასთან დაკავშირებით, უაღრესად აქტუალურია საქართველოს ეკონომიკის განვი­თარების მეცნიერულ დონეზე დამუშავებული გენერალური სტრატეგიის კონცეფ­ციის ხორცშესხმის პრობლემა, რაც არაერთხელ ყოფილა მსჯელობის თუ დისკუსიის საგანი, თუმცა, ის განსაკუთრებულ აქტუალურობას დღეისათვის იძენს, რამდენადაც მკვლევართა თუ პოლიტიკოსთა არც თუ მცირე ნაწილი, თავისი ე.წ. კონცეფციით, ნებსით თუ უნებ­ლიეთ, საქართველოს სამუდამო ჩამორჩენილობისაკენ უბიძგებს. ამათგან, მხოლოდ ერთ სტატიას გამოვარჩევ, რომელიც საქართველოს მართლაცდა გამორჩეულ, ქართული პრესის ფლაგმან  ასწლოვან „საქართველოს რესპუბლიკაში“ (2017 წლის 25 მაისი) დაიბეჭდა სათაურით – „საქარ­თვე­ლოს ეკონომიკური განვითარების გენერალური სტრატეგია“ (ავტორი ცნობილი ქართ­ველი მეცნიერ–ეკონომისტია, რომლის გვარს შეგნებულად აქ არ ვასახელებ). მასში ვკითხულობთ: „მისასალმებელია, რომ ამჟამად საქართველოში ტურიზმი ეროვნული ეკო­ნო­მიკის განვითარების გენერალურ სტარტეგიად არის აღიარებული... რის შესახებ ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, კერძოდ 1999 წელს ვწერდი“.

ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და არა მხოლოდ ჩემი, ცალსახად უარ­ყოფითია, რამდენადაც ასეთი შეხედულებების უმეტესობა (მჯერა, რომ ეს ჩვენ ავტორს არ შეეხება) იმ „დიდი პოლიტიკის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც სამამულო ინდუს­ტრიისა და მყარი ეკონომიკის არსებითად ჩაკვლას ისახავს მიზნად, და საქართველოს, ისიც უკეთეს შემთხვევაში, ნავთობსადენის, გაზსადენის, ევრაზიული დერეფნისა, და საბოლოოდ, ტურისტთა საჯირითო ტერიტორიის, ხოლო ქართველებს – სხვების მომსა­ხურე ერის მიზერულ პერსპექტივას უტოვებს. საქმე ისაა, რომ მომავალი არა აქვს იმ ქვეყა­ნასა და ერს, რომელიც ერთ სეზონში, თუნდაც 2-3–ჯერ მეტ ტურისტს თუ დამსვენებელს მოემსახურება, ვინემ ქვეყნის მუდმივი მოსახლეობაა.

 ამასთან, სავსებით მისაღებია საქართველოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში გამოკ­ვეთილი ადგილი დაიკავოს ტურიზმის თუ საერთოდ მომსახურების სფეროს დაჩქა­რებულმა განვითრებამ, რასაც არავინ უარყოფს, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მრეწველობას,  და საერთოდ,  ეკონომიკის დარგთა ინდუსტრიულ განვითარებას, ინფორ­მაციულ ტენოლოგიებს, და რაც მთავარია, განათლების ფენომენს. ამ  ასპექტით,  მოსაფიქ­რებელია  ქვეყნის, როგორც  როგორც აბსოლუტური, ასევე შეფარდებითი უპირატესობის ამოქმედების ახალი შესაძლებლობები, რისი დიდი პოტენციალიც გააჩნია საქართველოს.

თუმცა, უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა, დაუყოვნებლივ ასამოქმედებელია როგორც აბსოლუტური, ასევე შეფარდებითი უპირატესობის შემცველი, უკვე პროექტის სახით დამუშავებული „ქართული სასმელი წყლის ინდუსტრიალიზაციის“ კონცეფცია, რასაც მისი ავტორ მეცნიერ–პატრიოტთა ძლიერი ჯგუფი, პროფესორ პაატა გიორგაძის ხელმ­ძღვა­ნელობით, „საქართველოს ეკონომიკური აღორძინების დოქტრინას უწოდებს.“

ავტორთა დამაჯერებელი მტკიცებით, ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუქტრიის შექმნით, მოკლე პერიოდში საფუძველი ჩაეყრება საქართველოს ფულადი შემოსავლების – 12 მლრდ დოლარით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის – 3 მლრდ დოლარით ზრდას, სამრეწველო და სატრანსპორტო გადაზიდვებში ათეულობით ათასი ადამიანი დასაქმდება და თითოეული დასაქმებულის თვიური ხელფასი 1500 დოლარი იქნება. დაიწყება დარგობრივი ეკონო­მიკური პროექტების განხორციელება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით. წყლის ინდუსტრიის ამუშავებიდან მეშვიდე წელს დარგობრივ ეკონომიკაში რეინვესტირებული თანხებიდან შემოსავლები სწრაფად გაიზრდება; მეცხრე წელს კი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 51 მლრდ დოლარს მიაღწევს. მეათე წლიდან ეკონომიკურ პროექტებში დასაქ­მებულ პირთა რაოდენობა 300 ათას მიაღწევს, საშუალო ხელფასი კი 4500 დოლარი იქნება;   ამის საფუძველზე დაიწყება დემოგრაფიული მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება და მიგრაციული პროცესები შეჩერდება.

ბუნებრივი სასმელი წყლის უზარმაზარი რესურსული პოტენციალის გამოყენება საქარ­თველოს მსოფლიოს ერთ–ერთ უმდიდრეს ქვეყანად გადააქცევს, მისი გამოუყენებ­ლობა კი ერის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი, საშინელი დანაშაული იქნება. როგორც   პროფ. პაატა გიორგაძე წერს („ასავალ–დასავალი“, 2018 წლის 9-15 ივლისი) ამერიკელი პარტნიორები მზად არიან საქართველოს სასმელი წყლის ინდუსტრიისა და შესაბამისი სატრანსპორტო ინდუსტრიის შესაქმნელად ეტაპობრივად დახარჯონ 5  მლრდ დოლარი. ამ პროექტის განხორციელებას, აღნიშნავს პროფ. პ. გიორგაძე, მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც აქამდე არ გამოვლენილა. და შემდეგ, სტატიაში არის ავტორის მოკრძალებული თხოვნა: „მეცნიერთა დიდი ჯგუფის სახელით ვთხოვ და მივმართავ ბატონ მამუკა ბახ­ტაძეს – დაინტერესდით ქართული სასმელი წყლის ინდუსტრიის პროექტით, ხელი შეუწ­ყვეთ მის განხორციელებას და საქართველოს ისტო­რიაში შეხვალთ სახელმწიფო მოღვაწედ, რომელმაც ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანასა და მოსახლეობის გამდიდრებას დაუდო დასაბამი“.

დიახ! ეს მართლაც გრანდიოზული პროექტია, რომლის განხორციელებაც საქარ­თველოს უამრავ სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემას მოუხსნის, მსოფლიოს „წყალმო­წყურებულ“  ყველა ქვეყანას შვებას მოუტანს, ჩვენ კი  - დიდძალ სასურველ ინვესტიციებსა და მოგებას. რა არის საჭირო ამისთვის! – მძლავრი სახელმწიფო კორპორაციის შექმნა, რომელ­საც სათავეში ჩაუდება პროექტის ავტორი და მის მიერ, ასევე სახელმწიფოს მიერ შეთავა­ზებული ქვეყნის პატრიოტი და დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები. თუმცა, არსებობს სრულიად მიუღებელი ვერსია იმის შესახებ, რომ პროექტის განხორცეილებას ხელს   უშლიან უცხოეთთან საეჭვოდ   დაკავშირებული საქართველოს  ყოვლისშემძლე ბიზნესმენთა თუ საქმოსანთა ცალკეული ჯგუფები, რომლებიც კერძო ანგარებით ინტერესებს ყოველგვარ სხვა ინტერესზე მაღლა აყენებენ და ცდილობენ „მზა პროექტის“ საკუთარ ნებაზე  ამოქმდებით, მილიარდები ჩაიჯიბონ(!). ამასთან დაკავშრებით, მოარული ხმების თანახმად, საინტერესოა აღინიშნოს, რომ ეროვნულად მოაზროვნე პრემიერ–მინისტრის ი. ღარიბაშვილის თანამდებობა,  დიდწილად სწორედ ამ საქმის სახელმწიფოებრივად, ანუ ერის  ინტერესების  შესაბამისად წარმართვის  მცდელობას შეეწირა.

სამწუხაროა, რომ აღნიშნული პროექტი უმოქმედოდ დევს რომელიღაც ბიუროკრატი  მოხელის  უჯრაში და მიუხედავად პროექტის ავტორის არაერთხელ მიმართვისა პრესის მეშვეობით,  დღვანდელი მთავრობაც მისდამი  ინტერესს არ იჩენს(ყოველ შემთხვევაში გარეგნულად ასე ჩანს).

სწორედ ეს ამოვიკითხე პირადად მე, პროფ. პაატა გიორგაძის ბოლო განცხადებიდან, რომელშიც იგი უკვე არამხოლოდ საყვედურს გამოთქვამს, არამედ უიმედობაც ჟღერს: „ქართველები მტკნარი სასმელი წყლის უნიკალური რესურსის წყალობით, მსოფლიოს ერთ–ერთი  უმდიდირესი ქვეყნის შვილები ვართ, მაგრამ უბედურება სწორედ ის არის, რომ ამ რესურსის გამოყენებისა და ცხოვრებაში რეალიზების საშუალება არა გვაქვს“ (გაზ. „ასავალ–დასავალი“,  2018 წლის  30 ივლისი–5 აგვისტო).

რატომ არ გვაქვს ამის რეალიზაციის საშუალება, ვინ და რა გვიშლის ხელს ამ დიდ საქმეში, ვინ ბლოკავს ამ მართლაცდა ჩვენთვის სასიცოცხლო და უფრო ზოგადად – საკაცობრიო მნიშვნელობის პროექტის განხორციელებას? ვინ და როდის გასცემს ჭეშმარიტ პასუხს ამ მრავალმნიშნელოვან კითხვებზე?...

პასუხს მოუთმენლად ელის  ქართველი საზოგადოება, სრულიად  საქართველო!

 P.S. პროფესორ პაატა გიორგაძესთან, ჩემდა სამწუხაროდ, პიროვნულად არაფერი მაკავშირებს, მას ფიზიკურადაც არ ვიცნობ. მე მხოლოდ მომხიბლა (ვინ ჭკუათმყოფელს არ მოხიბლავს) მისმა გრანდიოზულმა პროექტმა. არ მასვენებს კითხვა – რატომ არ ეხმაურება ამ საქმეს ეკონომიკის ან ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა, პარლამენტი, მეცნიერთა დიდი ნაწილი? რა ხდება? – იქნებ პროექტი (მავანთა აზრით) ფანტაზიის ნაყოფია – გვითხარით, დაგვისაბუთეთ, გაგვარკვიეთ, დაგვაჯერეთ... დროა გადაჭრით ბრძანოს მთავრობამ – კი თუ არა? ქართველი საზოგადეობა, მთელი ხალხი ამის  მოლოდინშია!

P.S. წინამდებარე სტატიის პუბლიკაცია გარკვეულწილად შეყოვნდა, რისი მიზეზიც საქართველოში სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ატეხილი აღვირახსნილი „გირჩული გიჟური“ აჟიოტაჟია  ე.წ. „მარიხუანის კულტივაციის ეკონომიკური სარგებლის“ გამო.  გარდა იმისა , რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში სატანისეული კანაფი არალეგალურია, მისი საქართველოში წარმოება -ექპორტით მიღებული შემოსავალი და რაც მთავარია, სარგებელი მრავალჯერ ჩამოუავარდება  ქართული ღვთივკურთხეული  სასმელი წყლის ინდუსტრიალიზაციით მიღებულს, ან კიდევ „ რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს ბავშვებს“(ილიაII-ის ა/წ 16 აგვისტოს საკვირაო ქადაგებიდან).  კიდევ უფრო რომ არ დავშორდეთ უფალს, მოდით ცალსახად  შევთანხმდეთ: ნუ გამოვიყენებთ კანაფს ჩვენი ახალგაზრდობის ( და არამხოლოდ მათი)  „სახრჩობელას  ყულფად!“

ასე,  რომ  ჩვენი კითხვები  „ქართული სასმელი წყლის  ინდუსტრიალიზაციის  კონცეფციის“  ამოქმედების თაობაზე არათუ ძალაში რჩება,   არამედ კიდევ უფრო  დამაჯერებელი,  ურყევი და მტკიცე ხდება.