English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ელგუჯა მექვაბიშვილი
გლობალური ფინანსური კრიზისის ანტროპოცენტრული კვლევა: „ეკონომიკური ადამიანის“ ტრანსფორმირება „ფინანსურ ადამიანად“

„ეკონომიკური ადამიანის“ ცნების აღმოცენება და გენეზისი. „ეკონომიკური ადამიანის“ ცნების წარმოშობა და მისი მეცნიერული შესწავლა კლასიკური ინგლისური პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი ფუძემდებლის - ადამ სმიტის დამსახურებაა. სმიტის თანახმად, ინდივიდის მთავარი მამოძრავებელი მოტივი პირადი დაინტერესება და პირადი სარგებლობის მიღებაა, რაც ბაზარზე გამყიდველთან მიმართებით კრისტალიზდება მოგების მიღების სურვილში, მყიდველთან კი - მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური სარგებლის მიღებაში. ამასთანავე, ინდივიდის პირადი სარგებლიანობის მიღწევა შეუძლებელია სხვა ინდივიდებთან ურთიერთკავშირისა და ურთიერთზემოქმედების გარეშე, რომელიც რეალიზდება შრომის დანაწილებისა და შრომის პროდუქტების გაცვლის გზით. ა.სმიტი აღნიშნავს: „... ცალკეული პირი ნაკლებად ფიქრობს საზოგადოებრივ ინტერესზე და ... მხოლოდ საკუთარი ინტერესით მოქმედებს, მაგრამ მთლიანობაში მისი მოქმედება საზოგადოებისთვისაც სასარგებლოა, თუმცა, ეს საერთოდ არ შედიოდა თავად ამ პირის მიზნებში. ხშირად ასე გაუცნობიერებლად მოტანილი სარგებლობა უფრო დიდია, ვიდრე ის, რომელსაც ეს პირი საზოგადოებას შეგნებულად მოუტანდა“[1,გვ.17].

სმიტის „ეკონომიკური ადამიანის“ კონცეფცია გვიანდელი ფეოდალური ეპოქის - მერკანტილიზმის ეკონომიკური დოქტრინის იმ იდეის გაგრძელებაა, რომლის თანახმადაც ზღვარგადასული სიხარბე ეკონომიკური პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მერკანტილისტები თვლიდნენ, რომ მომხვეჭელობა და მოგების მიღების დაუოკებელი სურვილი ერთი მიმართულებით წარმართავდა კაცობრიობის მოდგმის მიერ საუკუნეთა მანძილზე შექმნილ იდეურ მრწამსს და მორალურ-ზნეობრივ პრინციპებს. „ეკონომიკური ადამიანის“ ფენომენი ემყარება შოტლანდიური ფილოსოფიური სკოლის წიაღში აღმოცენებულ მეთოდოლოგიურ ინდივიდუალიზმს, ინდივიდის რაციონალური ქცევის პრინციპს და ეგოიზმის ლევიათანურ ეთიკას. ამ ფილოსოფიურ-ეთიკური მიდგომის ეკონომიკური დასაბუთება მოცემულია XVIII საუკუნის ცნობილი მოაზროვნების: ჰოლანდიელი ფილოსოფოსის ბ. მანდევილის, ინგლისელი ფილოსოფოსის ე. ბენტამის და ბრიტანელი (შოტლანდიელი) ეკონომისტის ა. სმიტის ნაშრომებში. მანდევილი მიიჩნევდა, რომ ლევიათანური ეთიკის მთავარ ფასეულობას - ბედნიერებას საფუძვლად ედო სიხარბე და მომხვეჭელობა. ბენტამის აზრით, ადამიანთა ბედნიერება უშუალოდაა დაკავშირებული მის მატერიალურ კეთილდღეობასთან. უფრო მეტიც, იგი, ისე როგორც ა. სმიტი, ბედნიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას სინონიმებად მიიჩნევდა. ბენტამი იმაზეც მიუთითებდა, რომ მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე მოფიქრალი ადამიანი ვერ იქნებოდა კმაყოფილი, თუკი სხვა ადამიანის ბედნიერებაზე არ იფიქრებდა.ბენტამის ამ მოსაზრებაში კიდევ ერთხელ იკვეთება მსგავსება ა. სმიტის შეხედულებასთან, რომლის თანახმადაც ადამიანის პირადი მატერიალური ინტერესის რეალიზება შესაძლებელი იყო მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთკავშირით. ეს არის ე.წ. „ჰედონისტური პარადოქსი“ [2,გვ.21], რომლის ახსნის მცდელობასაც წარმოადგენს „კონსიუმერიზმის“ თანამედროვე კონცეფცია: „ეკონომიკური ადამიანის“ კეთილდღეობა განისაზღვრება მის მიერ ბაზარზე შეძენილი საქონლისა და/ან მომსახურების გამოყენებიდან მიღებული სიამოვნებით. „ეკონომიკური ადამიანის“ კონცეფციაში სამი საყრდენი კატეგორიის გამოყოფაა შესაძლებელი: მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის, ეკონომიკური ეგოიზმის და რაციონალური ქცევის. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული მათგანი.

მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმი გულისმობს „საზოგადოებრივი მოვლენების ახსნას ინდივიდის ქცევის ტერმინებში [3,გვ.138]. იგივე შინაარსის მქონეა ფ. ა. ფონ ჰაიეკის „ინდივიდუალური ქცევის თეორია“, რომელსაც ზოგჯერ პრაქსოლოგიასაც უწოდებენ [4,გვ.9]. აღნიშნული მეთოდოლოგიური მიდგომის თანახმად, ეკონომიკური პროცესების განხორციელებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდებს. სოციალური ინსტიტუტები და სტრუქტურები წარმოიქმნება ადამიანთა მიზანშეწონილი საქმიანობის შედეგად. ამიტომ ისინი ყოველთვის მეორადია ინდივიდებთან შედარებით. აქედან გამომდინარე კეთდება დასკვნა: არავის აქვს უფლება ადამიანს გარედან თავს მოახვიოს რაიმე მიზანი და ინტერესი. ჰაიეკთან ეს მოთხოვნა კრისტალიზდება ე.წ. სპონტანური წესრიგის ცნებაში[5,გვ.15]. უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიეკის ამ მოსაზრებას და ზოგადად მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პრინციპს დღეს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ჯ. სოროსი, მაგალითად, აღნიშნავს: „ცხოვრება გაცილებით საინტერესო იქნებოდა ჰაიეკი სწორი რომ ყოფილიყო და საერთო ინტერესი ყალიბდებოდეს კერძო ინტერესთა ურთიერთზემოქმედების წინასწარ განუსაზღვრელი შედეგის სახით. სინამდვილეში, ვიწრო კერძო ინტერესების შეკრებას საბაზრო მექანიზმის საშუალებით ხშირად არ მივყავართ საზოგადოებრივ ინტერესებამდე“ [6,გვ.12]. ძნელია არ დაეთანხმო სოროსის ამ მოსაზრებას. მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის აბსოლუტიზება, ჩვენი აზრითაც, არასწორი და მიუღებელია. სინამდვილეში ადამიანს ამოძრავებს არა მხოლოდ საკუთარი „მე“, არამედ მის ფარგლებს გარეთ გასული მოტივები. მას პასუხისმგებლობა გააჩნია სხვა ადამიანების, კოლექტივის მიმართ. ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობენ და ზოგჯერ უარს ამბობენ პირად და კერძო ინტერესებზე. როგორც ცნობილი ქართველი ეკონომისტი გრ.თოდუა შენიშნავდა: „ინდივიდუალურისა და საზოგადოებრივის გათიშვა შეუძლებელია. ადამიანის არსებაში გასაიდუმლოებული ეს ორი მხარე არის ერთიანის გაორება“ [7,გვ.56].

 

ეკონომიკური ეგოიზმი. ეკონომიკურ ადამიანს ამოძრავებს მომხვეჭელობა, როგორც ეგოისტურ-ანგარებითი მიზანი. მისთვის ნიშანდობლივია მძაფრ კონკურენციაში სხვისი ინტერესების უგულებელყოფა და ხშირ შემთხვევაში, სხვის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შექმნის სურვილი. ეკონომიკური ეგოიზმი ა.სმიტთან აბსოლუტის რანგშია აყვანილი, რასაც დღეს ბევრი ეკონომისტი არ იზიარებს. თვალსაჩინო ამერიკელი მეცნიერი კ. ეროუ, მაგალითად, წერს: „თუკი ჩვენ საქმე გვაქვს თავისუფალი ბაზრისა და იმ ყაიდის ადამიანთა სიმბიოზთან, რომლებიც ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური წარმოდგენებით, მაშინ არსებობს დიდი და თვით კატასტროფული პრობლემების წარმოქმნის საფრთხე“ [8,გვ.14]. სამოქალაქო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არსებობს ადამიანის პირადი თუ კერძო ინტერესი და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური ეგოიზმი, რომლის მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია მისი მაქსიმალური შეზღუდვა და მორალურ-ეთიკური პრინციპებით დეტერმინებულ ჩარჩოში მოქცევა. ამ თალსაზრისით განსაკუთრებული როლი ენიჭება ადამიანის აღზრდას, განათლებას, კულტურას, მრწამსს და ასევე შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას. მათი ერთობლიობით შესაძლებელია თავდაპირველად გარედან ნაკარნახევი ქცევის ტრანსფორმირება ინდივიდის შინაგანი ფასეულობების ელემენტად, რომელიც შესაბამისობაში მოვა მის სამოქალაქო ვალდებულებებსა და სოციალურ პასუხისმგებლობასთან.

აღნიშნული კონტექსტით უაღრესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საკუთრების პრობლემის ერთი ასპექტი. ყოველ ადამიანს უნდა გააჩნდეს ოპტიმალური ზომის საკუთრება, რომელიც მას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს. რა თქმა უნდა, „საკუთრების ოპტიმალური ზომა“ ყოველთვის განსხვავებულია ეპოქის, ქვეყნის და საზოგადოების მიხედვით, მაგრამ პარადიგმა - საკუთრების დიფერენციაციას აწონაწორებს სამართლიანობა, მორალი და ჰუმანიზმი - ყოველთვის ძალაში უნდა დარჩეს. ასეთ შემთხვევაში საკუთრება და მასთან დაკავშირებული მატერიალური სიმდიდრე ადამიანის თვითმიზნად კი არ გვევლინება, არამედ ღირსეული ადამიანური ცხოვრების მიღწევის საშუალებაა [9, გვ.204]. როგორც ქართველი ერის „მამად“ აღიარებული მოღვაწე ი.ჭავჭავაძე შენიშნავდა: „ადამიანი, თუ მთელი ერი იმისთვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური ჭამოს, არამედ პურს ჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავისი მომავალი“ [9, გვ.204]. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა, ჩვენი აზრით, საშუალებას იძლევა დაძლეული იქნეს „სამომხმარებლო საზოგადოების“ ფენომენი, ანუ როგორც მარქსი აღნიშნავდა, „საქონლური ფეტიშიზმი“, რომელიც ადამიანს ნივთების მონა-მსახურად აქცევს, „სულს აცლის“, სულიერად აღატაკებს. სულიერებას მოკლებული ადამიანი შორდება ღმერთს და მის გულში ღვთის სიყვარულის ადგილს „ვერცხლმოყვარეობა“, ანუ ფულის სიყვარული იკავებს. ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად ბევრი მოიხვეჭოს, რაშიაც ხედავს საკუთარ ბედნიერებას და სიამოვნებას.

შეუძლებელია, რომ საღად მოაზროვნე თანამედროვე ადამიანი იყოს საკუთრების, სიმდიდრის, საზოგადოებრივ-ეკონომიკური პროგრესის წინააღმდეგი. კრიტიკა, ჩვენი აზრით, უნდა ეხებოდეს: სიმდიდრის თვითმიზნად გადაქცევას, პროფ. ნ ჩიხლაძეს მოჰყავს შესანიშნავი შეგონება ბიბლიიდან: „მდიდრები კი არა, სიმდიდრის მსახურნი განისჯებიან“ [10, გვ.276]. ნივთების ფეტიშიზმს. მღვდელი პაისი ათონელი ასე აფრთხილებს ადამიანებს: „ნუ მიეცემით მატერიალურს მთელი არსებით. სხვაგვარად ადამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება“.

დამიანი კერპთაყვანისმცემელი ხდება“. პროფ. გ. მალაშხია წერს: „ადამიანთა განკარგვაში აღებული ნივთები არ უნდა აღემატებოდეს მათ სამომხმარებლო ძალას. სხვანაირად ნივთები ბატონობს ადამიანებზე. ადaმიანები ეფლობიან ნივთებში, ისინი მძიმე ტვირთად აწვება მათ ... ნივთებისა და ნივთობრივ ურთიერთობათა მეტისმეტი გაზრდა საფრთხედ იქცევა ინდივიდებისა და საზოგადოებისთვის“ [11, გვ.29]. ჭეშმარიტი მართლმადიდებლისათვის მიუღებელია სიმდიდრის მოპოვება უშრომელი და უპატიოსნო გზით, ჭარბი სიმდიდირის ქონა ან ამის სურვილი.

ამრიგად, ეკონომიკური ეგოიზმი ის ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ჰუმანური მიზნების მიღწევაში და აუცხოებს მას საკუთარი სუბსტანციური საწყისისგან. ეგოიზმი მისთვის მაქსიმალური სარგებლის მომტანია და ამავე დროს აქცენტი კეთდება ოპტიმალურობაზე, ანუ მაქსიმალური სარგებლის მინიმალური დანახარჯებით მიღებაზე. ბაზარი ამ შემთხვევაში ინდივიდთა მოქმედების ერთადერთი ასპარეზია და უზრუნველყოფს ეკონომიკაში საერთო წონასწორობის მიღწევას.

„ეკონომიკური ადამიანი“ - წინააღმდეგობრივი ფენომენი. ეკონომიკური ადამიანი ორი ფორმით გვევლინება - მომხმარებელი და მწარმოებელი. როგორც მომხმარებელი იგი ცდილობს მეტი მოიხმაროს ნაკლები დანახარჯებით ან მეტი დააგროვოს მომავალში მეტი მოხმარების მიზნით. მწარმოებლის მიზანიც ნაკლები დანახარჯებით მეტის წარმოებაა და ამ თვალსაზრისით მათი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. ყოველი წარმოება თავისი ადეკვატური მოცულობისა და სტრუქტურის მოხმარებას წარმოქმნის. ჟ.ბ.სეის ამ კანონს აკრიტიკებდა ჯ.მ. კეინზი. მას იზიარებდნენ კლასიკოსი და ნეოკლასიკოსი ეკონომისტები. საბაზრო ეკონომიკაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი მომხმარებლის ინტერესებს ემორჩილება, თუმცა, ეს მხოლოდ ილუზიაა. სინამდვილეში, როგორც ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ჯ.კ. გელბრეიტი შენიშნავს: „არც ერთი მწარმოებელი არ დაიწყებს პროდუქტის წარმოებას მასზე მოთხოვნის წინასწარ შექმნამდე, რასაც უზრუნველყოფს რეკლამის-გაყიდვების ამ დიდი ხელოვნების განვითარება და ცხოვრებაში ფართოდ დანერგვა“ [12,გვ.22], რა თქმა უნდა, მომხმარებელს აქვს არჩევანის თავისუფლება, მაგრამ „ეს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მას ბაზრის ზეგავლენისგან“ [იქვე]. საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპია ის, რომ „ვერავინ ვერაფერს გაყიდის, თუ არ მართავს სამომხმარებლო მოთხოვნას და არ აკონტროლებს მას“ [იქვე,გვ.30]. თანამედროვე ეკონომიკაში „კორპორაციები აკონტროლებენ ინდივიდუალურ მოთხოვნას, რასაც ხშირად მანიპულირების ხასიათი აქვს“.

 

 კაპიტალის დაუოკებელი ლტოლვა მოგებისადმი (კაპიტალს ეშინია მოგების უქონლობის ან ფრიად მცირე მოგებისა, როგორც ბუნებას - სიცარიელისა. სათანადო მოგების დროს კაპიტალი მამაცი ხდება. 10 პროცენტის პირობებში კაპიტალის გამოყენება ყველგან შეიძლება; 20 პროცენტის დროს იგი იწყებს გაცხოველებას; 50 პროცენტის დროს კარგავს წონასწორობას; 100 პროცენტის დროს ფეხქვეშ თელავს ყველა ადამიანურ კანონს; 300 პროცენტის დროს არ მოიპოვება ისეთი ბოროტმოქმედება, რომელიც მან არ გაბედოს, თუნდაც ამისთვის თვით სახრჩობელა მოელოდეს, თუ შფოთსა და დავიდარაბას მოგება მოყვება, კაპიტალი ორივეს ხელს შეუწყობს“ [13,გვ.954] ასე აღწერს კ. მარქსი კაპიტალისა და მოგების „საბედისწერო“ დამოკიდებულებას, რომელიც „აშენებს“ და ამავე დროს „ანგრევს“ კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკურ სისტემას) წარმოების უსაზღვრო გაფართოებას გულისხმობს, რომლის რეალიზება ასევე უსაზღვრო მოთხოვნის პირობებშია შესაძლებელი. იქმნება მოჯადოებული წრე, რომელიც მრავალ მწვავე პრობლემას წარმოშობს და საზოგადოებას უბიძგებს მდგომარეობისაკენ, რასაც ეკონომიკურ ლიტერატურაში „ეკონომიკური ზრდის ლიმიტირების პარადიგმას“ უწოდებენ [14;15;16], საბაზრო ეკონომიკისა და ეკონომიკური ადამიანის რაციონალურობას კი საყოვეთაო ირაციონალურობა ცვლის.

„ეკონომიკური ადამიანი“ აბსტრაქტული ფენომენია, ა. სმიტის, სხვა კლასიკოსებისა და ნეოკლასიკოსების მიერ იგი განხილულია კონკრეტული დროის, სივრცის, ისტორიული და სოციო-კულტურული ფასეულობების სისტემისგან მოწყვეტით. იგი ასევე დაცლილია ემოციებისგან და როგორც ე. ფრომი სამართლიანად შენიშნავდა: „საბაზრო ხასიათების მატარებელმა ადამიანებმა არც სიყვარული იციან და არც სიძულვილი“[17,გვ.154]. „ეკონომიკური ადამიანი“ სოციალურადაც ნეიტრალურია და სოციალური იმპერატივების უგულებელყოფით საფრთხეს უქმნის სოციალურ სტაბილურობას და ადამიანის „ჭეშმარიტ“ ბედნიერებას.

ამრიგად, ა. სმიტის „ეკონომიკური ადამიანი“, რომელიც მის მიერ ერთმნიშვნელოვნად იყო მიჩნეული პროგრესულ მოვლენად, როგორც შუასაუკუნეობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლების, პოლიტიკური თანასწორობის დამკვიდრებისათვის მებრძოლი ძალა, მისთვის დამახასიათებელი იმანენტური წინააღნდეგობებიდან გამომდინარე, ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპზე ეგზისტენციური საფრთხის მატარებლად იქცევა[18,გვ.183-184].

„ფინანსური ადამიანი“, როგორც ფინანსური გლობალიზაციის პირმშო. თანამედროვე პირობებში კრიზისის საფრთხეს აძლიერებს ეკონომიკის მიკრო, მაკრო და მეგა დონეებზე განვითარებული პროცესები, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკის საყოვეთაო ფინანსებიზაცია, ფინანსური გლობალიზაცია და ამის საფუძველზე „ეკონომიკური ადამიანის“ ტრანსფორმირება „ფინანსურ ადამიანად“, რასაც ღრმა ისტორიული ფესვები გააჩნია.

რეალური ეკონომიკისა და ფინანსური ეკონომიკის დაპირისპირება ანტიკური ეპოქიდან იწყება. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე ერთმანეთისგან განასხვავებდა „ეკონომიკას“, ანუ მიწათმოქმედებას და „ქრემატისტიკას“, ანუ „ფულის კეთებას“ მსხვილი ვაჭრობისა და მევახშეობის გზით[19,გვ.40-41]. არისტოტელე სვამს კითხვას - „არსებობს თუ არა სიმდიდრის ზღვარი“? და დადებითად პასუხობს მას. სიმდიდრე, მისი აზრით, „საშუალებათა ერთობლიობაა, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისთვის და სასარგებლოა სახელმწიფოსა და ოჯახისთვის“ [20,გვ.384].

კაპიტალიზმის ადრეულ პერიოდში ერთმანეთს დაუპირისპირდა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ-სახელმწიფოების - გენუისა და ვენეციის სავაჭრო-ფინანსური კაპიტალიზმი, რომელიც მთელი იმდროინდელი ევროპის ფინანსურ ოლიგარქიას ემსახურებოდა, მოგვიანებით კი - ინგლისურ-ჰოლანდიური „ანტეპრენიორული“, ანუ სამეწარმეო კაპიტალიზმი, რომელიც სამრეწველო გადატრიალების და „პირველი ინოვაციური ტალღის“ (ი.შუმპეტერი) პროდუქტს წარმოადგენდა. XX საუკუნეში „ეკონომიკური ადამიანი“ რამდენიმე იპოსტაზში ვლინდება: „ნოვატორები“ და „კონსერვატორები“ - ჯ.ი. შუმპეტერთან - „ნოვატორი მეწარმე“ ის ადამიანია, რომელიც ეძებს და პოულობს პროდუქტების (მომსახურების) წარმოების ახალ ხერხებს, ტექნოლოგიურ რესურსებს, ორგანიზაციულ ფორმებს. მისი ანტიპოდია კონსერვატორ-ოპორტუნისტული ფსიქოლოგიის ეკონომიკური აგენტი, რომელიც ნებისმიერი ხერხის გამოყენებით ცდილობს ბაზარზე საკუთარი სეგმენტის შენარჩუნებას. პროფ. ი. ოლსევიჩი გვთავაზობს ბიზნესმენების დაყოფას „ოპორტუნისტებად“, „მტაცებლებად“, „ნოვატორებად“ და „რუტინიორებად“ [21,გვ.5-6].

აღნიშნული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ამერიკული ე.წ. „Self made man“ -ის ფენომენი, რომელიც გულისხმობს ადამიანს, ვინაც ნულიდან იწყებს თავის კარიერას და საკუთარი ძალისხმევით მაღლა მიაბიჯებს იერარქიულ კიბეზე. თუმცა, გზები, მეთოდები, რესურსები, რომელთა გამოყენებითაც ეს ზეასვლა ხდება, ფრიად განსხვავებულია. ამ ადამიანთა შორის ჩვენ ვხედავთ როტშილდებს, დიუპონებს, როკფელერებს, მორგანებს, ვანდებილდებს..., რომლებიც მდიდრდებოდნენ ნებისმიერი ხერხით, მათ შორის არაკანონიერითაც. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ჯონ პირპონტ უფროსს ამერიკაში „კორსარს“, ანუ ყაჩაღს უწოდებდნენ. მეორე მხრივ, ისტორია იცნობს ისეთ ადამიანებს, როგორიც იყვნენ ჰენრი ფორდი, ნიკოლა ტესლა..., რომლებმაც უზარმაზარი საქმიანი იმპერიები შექმნეს თავიანთი გენიალური გამოგონებების, უბადლო საინჟინრო ტალანტის და უნაკლო ორგანიზაციული ნიჭის ხარჯზე. ამჟამადაც ჩვენ ვხედავთ ორი კატეგორიის ბიზნესმენებს: ბილ გეიტსსა და სტივენ ჯობსს - უნიჭიერეს ინჟინრებს და ნოვატორ-მეწარმეებს, ერთი მხრივ, და ჯორჯ სოროსს, რომელმაც მილიარდობით ქონება დააგროვა საფონდო ბირჟებზე სპეკულაციის გზით. ეკონომიკური ადამიანის ტრანსფორმირება ფინანსურ ადამიანად განსაკუთრებული ინტენსიურობით 1970-იან წლებში დაიწყო. ეკონომიკის საყოველთაო ლიბერალიზაციის და დერეგულირების შედეგად მსხვილი კომპანიის სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებსაც ფედ-ის ყოფილი თავმჯდომარის ჯ. ვოლკერის სიტყვებით, ახასიათებდა „სიხარბე, შიში და ქედმაღლობა“. მათ შეძლეს ფინანსური კომპანიების კონტროლის ქვეშ მოექციათ მილიარდობით დოლარი, რაც განხორციელდა შემდეგი ინსტიტუციურ-ორგანიზაციული ღონისძიებებით:

  •  ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვება და მასობრივი ჩართვა საბირჟო სპეკულაციებში; 
  • ფინანსური ბაზრების დერივატიზაცია და მის საფუძველზე გაუმჭვირვალე პირამიდული ფინანსური სტრუქტურების აგება;.
  • სეკურიტიზაცია, ანუ ბაზრებზე სხვადასხვა ტიპის გარიგებათა რისკების დამზღვევი განშტოებული ქსელების არამდგრადი სისტემის შექმნა.

ამ ტიპის ადამიანების საქმიანობის პრიორიტეტული სფერო და სწრაფი გამდიდრების ყველაზე ხელსაყრელი გარემო ფინანსური სისტემა აღმოჩნდა, სადაც გაცილებით ადვილია „დიდი ფულის სწრაფად კეთება“. ფინანსურ ბაზრებზე ფართო მასშტაბის სპეკულაციური ოპერაციები არის „ფინანსური ადამიანის“ გენერირების წყარო. ამჟამინდელ უმსხვილეს მსოფლიო საფონდო ბირჟებზე, რომელთა კაპიტალიზაცია ტრილიონობით აშშ დოლარს აღწევს, მოგება ძირითადად მიიღება სპეკულატიური გარიგებების გზით. ასე, მაგალითად, 2011 წელს დაარსებული გაერთიანებული ტრანსატლანტიკური ბირჟა - NYSE Eukonet/ Deutsh Börse მოგების 37%-ს იღებს კლირინგიდან და დერივატივებით ვაჭრობიდან, რომლებისთვისაც დამახასიათებელია სპეკულაციური ოპერაციების სიჭარბე და რისკის მაღალი დონე [22,გვ.30].

თანამედროვე საფონდო ბირჟებზე იმის რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომ „ნებისმიერი კომპანიის აქციის კურსი შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მათი მდგომარეობის ცვლილებებზე დამოუკიდებლად“ [23,გვ.196]. საფინანსო, სადაზღვევო და უძრავი ქონების ბაზრების უპირატესმა განვითარებამ წარმოშვა ე.წ. „ფინანსური ადამიანი“ - საქმიანი ადამიანის სპეციფიკური ტიპი, რომლის მიზანია მოგების მიღება არა სამეწარმეო საქმიანობით, არამედ წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის გზით, რაც უმეტეს შემთხვევაში, სპეკულაციურ ხასიათს ატარებს და მაღალი ხარისხის რისკებთანაა დაკავშირებული. ეს არის დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის და მორალური სტანდარტების მქონე ინდივიდი, რომელიც „დაუნდობელია, როგორც კონკურენტი და თუნდაც პარტნიორი. ყველა შემთხვევაში იგი ცდილობს მოგებული იყოს, რისთვისაც ნებისმიერ ხერხს მიმართავს“[24,გვ.84].

* * * ამრიგად, ფინანსური გლობალიზაციისა და ეკონომიკის საყოველთაო ფინანსებიზაციის პროცესში თანმიმდევრულად განხორციელდა ადამიანის, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების მთავარი სუბიექტის ტრანსფორმირება. ეკონომიკურ ლიტერატურაში აღწერილი საქმიანი ადამიანის ტიპებს - “homo economicus” („ეკონომიკური ადამიანი“), “homo transformaticus” („ტრანსფორმაციული ადამიანი“), “zombie economicus” - ზომბი-ეკონომიკის რუტინის მატარებელი სუბიექტი [25,გვ.33- 34] - ემატება „homo fi nancecus” (ფინანსური ადამიანი). ეს უკანასკნელი მაღალი რისკის მატარებელ გარემოში მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებული ეკონომიკური აგენტია, რომლის აზროვნება და ქცევა კრიზისების სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდა. გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილება სწორედ აღნიშნული ურთიერთკავშირის აშკარა გამოხატულებაა.

ლიტერატურა:

1. სმიტი ა. გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ. თბ., 1938.

2. Konow J., Earley J. The HedonisƟc Paradox: Is Homo Economicus Happier?//Journal of Public Economics, 1992, N2.

3. Кирдына С. О своевременности современной экономической теории//Вопросы экономики, 2010, №16.

4. თოქმაზიშვილი მ. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ეკონომიკური თეორიის ნარკვევები. თბ., 2003.

5. ჰაიეკი ფ. გზა მონობისკენ. თბ., 2002. 6. Сорос Дж. Кризис мирового капитализма. М., 1999.

7. თოდუა გრ. ეკონომიკური ადამიანი. როგორც ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ მხარეთა დიალექტიკური ერთიანობა // სოციალური ეკონომიკა. 2000, N2.

8. Гринберг Р., Рубинштейн А. Теория, иновации и контуры будущей экономики в диалоге с Кеннетом Эроу//Вопросы экономики, 2010, №10.

9. ჭავჭავაძე ი. თხზ., ტ.4. თბ., 1955.

10. ჩიხლაძე ნ. მართლმადიდებლობის ეკონომიკური პარალელები. ქუთაისი, 2013.

11. მალაშხია გ. უქმი ეკონომიკა. თბ., უნივერსალი. 2014.

12. Гелбрейт Дж. К. Экономика невинного обмана. Правда нашего времени. М., 2009.

13. მარქსი კ. კაპიტალი. ტ.III, ნაწილი 2. თბ., 1959.

14. Медоуз Д., Рандерс И. Пределы роста: 30 лет спустя. М., Академ книга. 2007.

15. Маркузе Г. Эрос и цивилизация. Одномерный человек: исследование развитого индустриального общества. М., 2002.

16. Попов Г. О цивилизации XXI века//Вопросы экономики. 2013, №2.

17. Фром Э. Иметь или быть. М., 1990.

18. მალაშხია გ. კრიზისი და განვითარება. კრებულში ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტ.5. თბ., 2012.

19. სილაგაძე ა. ეკონომიკური დოქტრინები. თბ., 2010.

20. Аристотель. «Политика». Соч., т. 4, М.: «Мысль», 1984.

21. Олсевич Ю. Психологические основы экономического поведения. М., Инфра-М., 2009.

22. Focus World FederaƟon of Exchange. 2011, №2.

23. Бафет М., Кларк Д. Бафетология. Минск: Попурри, 2006.

24. Малашхия Г. Экономика человечная. Санкт-Петербург-Тбилиси, 2009.

25. პაპავა ვ. ნეკროეკონომიკის ზომბირება. თბ., 2010.