ჟურნალი ნომერი 2 ∘ სალომე ახვლედიანი ∘ მენეჯერული აღრიცხვა, როგორც ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის შედეგიანობის ინტეგრირებული მართვის სისტემა: თეორიული და კონცეპტუალური ანალიზიDoi.org/10.52340/eab.2026.18.02.10
ჟურნალი N 2. 2026
სტატიაში გაანალიზებულია მენეჯერული აღრიცხვის როლი თანამედროვე ორგანიზაციებში, როგორც ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის შედეგიანობის ინტეგრირებული მართვის სისტემა. ანალიზი დაფუძნებულია თეორიულ და კონცეპტუალურ მიდგომებზე და იყენებს სასტუმრო ინდუსტრიის მაგალითს, ხოლო სასტუმრო ინდუსტრიის ერთიანი აღრიცხვის სისტემა (Uniform System of Accounts for the Lodging Industry – USALI) განიხილება როგორც სექტორული ილუსტრაციული ჩარჩო.
დასაბუთებულია, რომ თანამედროვე ორგანიზაციებში მენეჯერული აღრიცხვა ფუნქციონირებს არამხოლოდ როგორც ხარჯების კონტროლის ინსტრუმენტი, არამედ როგორც შიდა ანალიტიკური სისტემა, რომელიც ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობის მონაცემებს გადაწყვეტილების მიღების პროცესთან აკავშირებს.
დასკვნაში ნაჩვენებია, რომ მენეჯერული აღრიცხვა ქმნის ანალიტიკურ საფუძველს სამგანზომილებიანი შედეგიანობის - ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის ერთიანი მართვისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსინტენსიურ მომსახურების სექტორებში.
საკვანძო სიტყვები: მენეჯერული აღრიცხვა; ფინანსური შედეგიანობა; საოპერაციო შედეგიანობა; მდგრადობის შედეგიანობა; USALI; სასტუმრო ინდუსტრია.
შესავალი
თანამედროვე ეკონომიკური გარემო ხასიათდება რეგულაციური მოთხოვნების ზრდით, ეკონომიკური არასტაბილურობით, კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაციითა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლიანი მმართველობის მიმართ მზარდი მოლოდინებით. ამ პირობებში ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარება სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ისეთ მართვის სისტემებზე, რომლებიც ერთდროულად უზრუნველყოფს ფინანსური შედეგიანობის სტაბილურობას, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციას.
საქართველოს ეკონომიკაში მომსახურების სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხოლო ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას. საქართველოში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მნიშვნელობა დადასტურებულია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, რომლის მიხედვითაც დარგი ქმნის მნიშვნელოვან წილს როგორც მთლიან შიდა პროდუქტში, ასევე დასაქმებაში. ამასთან, სექტორის განვითარება სულ უფრო მეტად უკავშირდება მდგრადობის პრინციპების დანერგვასა და რესურსების ეფექტიან მართვას (საქსტატი, 2023).
საქართველოს სასტუმრო სექტორის კონტექსტით აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან დარგი ერთდროულად ხასიათდება მაღალი საოპერაციო დინამიკით, რესურსების ინტენსიური მოხმარებითა და მომსახურების ხარისხზე დამოკიდებული შემოსავლების მოდელით. ასეთ პირობებში ფინანსური შედეგიანობა, საოპერაციო ეფექტიანობა და მდგრადობასთან დაკავშირებული მაჩვენებლები პრაქტიკაში ერთმანეთისგან გამიჯნულად ვერ განიხილება. შესაბამისად, სექტორში იზრდება მოთხოვნა ისეთი შიდა მართვითი სისტემების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს არამხოლოდ ფინანსური ინფორმაციის დაგროვებას, არამედ საოპერაციო და მდგრადობასთან დაკავშირებული მონაცემების ინტეგრირებულ გამოყენებასაც მენეჯერული გადაწყვეტილებების პროცესში.
ამ კონტექსტით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (Environmental, Social, Governance - ESG) ფაქტორები ყალიბდება ორგანიზაციული შედეგიანობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ეკონომიკურ კომპონენტად. მიუხედავად ამისა, პრაქტიკა და აკადემიური კვლევები მიუთითებს, რომ ESG ინიციატივების განხორციელება თავისთავად არ განაპირობებს ფინანსური ან საოპერაციო შედეგების გაუმჯობესებას. ხშირ შემთხვევაში, ESG რჩება ანგარიშგების ან დეკლარაციული ვალდებულების დონეზე და ვერ გარდაიქმნება გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედ ანალიტიკურ ინსტრუმენტად.
ამ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ESG მონაცემები ხშირად არ არის ინტეგრირებული ორგანიზაციის შიდა მენეჯერულ ანალიტიკაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სწორედ ამ გარემოებას უსვამს ხაზს მენეჯერული აღრიცხვის თანამედროვე როლი.
საქართველოს კონტექსტით ESG საკითხების ინტეგრაცია აქტიურად განიხილება როგორც ფინანსური სექტორის, ასევე რეალური ეკონომიკის დონეზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამჭვირვალობის, რისკის მართვისა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2022).
თანამედროვე ლიტერატურა მენეჯერულ აღრიცხვას განიხილავს როგორც გადაწყვეტილების მხარდამჭერ სისტემას, რომელიც აერთიანებს დაგეგმვას, ბიუჯეტირებას, კონტროლსა და შესრულების შეფასებას (Horngren et al., 2012). ESG ფაქტორებსა და ფინანსურ შედეგიანობას შორის კავშირი ფართოდ არის შესწავლილი აკადემიურ ლიტერატურაში და მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მდგრადობის პრაქტიკა ხშირად დაკავშირებულია უკეთეს ფინანსურ შედეგებთან (Friede et al., 2015; Eccles et al., 2014)
არსებული ლიტერატურა ძირითადად ორი მიმართულებით ვითარდება. ერთი მხრივ, კვლევები განიხილავს მენეჯერული აღრიცხვის გავლენას ფინანსურ და საოპერაციო შედეგიანობაზე; მეორე მხრივ, ფართოდ არის შესწავლილი ESG ფაქტორებისა და ორგანიზაციული შედეგიანობის ურთიერთკავშირი. თუმცა შედარებით ნაკლებად არის განვითარებული ის თეორიული ხედვა, რომლის მიხედვითაც მენეჯერული აღრიცხვა უნდა განიმარტოს როგორც შიდა ანალიტიკური არქიტექტურა, რომელიც ამ ორ კვლევით მიმართულებას ერთიან მართვით ჩარჩოში აერთიანებს. სწორედ ამ თეორიული დეფიციტის შევსებას ისახავს მიზნად წინამდებარე სტატია.
წინამდებარე კვლევის მიზანია თეორიული და კონცეპტუალური ანალიზის საფუძველზე მენეჯერული აღრიცხვის ინტეგრაციული როლის განმარტება სამგანზომილებიანი შედეგიანობის - ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის მართვაში.
კვლევა ორიენტირებულია ორ ძირითად კითხვაზე:
1. როგორ უზრუნველყოფს მენეჯერული აღრიცხვა ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის მონაცემების ინტეგრაციას ორგანიზაციულ გადაწყვეტილებებში?
2. რა თეორიული ლოგიკით უკავშირდება მენეჯერული აღრიცხვა აღნიშნული შედეგობრივი განზომილებების ერთიან ფორმირებას?
კვლევის ძირითადი წვლილი ის არის, რომ მენეჯერული აღრიცხვა განიმარტება, როგორც შიდა ანალიტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს ფინანსურ, საოპერაციო და ESG მონაცემებს და გარდაქმნის მათ ღირებულ ინფორმაციად.
კვლევის მეთოდოლოგია
წინამდებარე ნაშრომი დაფუძნებულია თეორიულ და კონცეპტუალურ ანალიზზე.
ანალიზი ეფუძნება აკადემიური ლიტერატურის მიზანმიმართულ სინთეზს, მენეჯერული აღრიცხვის ევოლუციის თეორიულ გააზრებასა და სექტორული ილუსტრაციის პრინციპს სასტუმრო ინდუსტრიის მაგალითზე.
კვლევის ანალიტიკურ ჩარჩოდ გამოყენებულია USALI, რომელიც წარმოდგენილია არა როგორც ემპირიული ანალიზის ობიექტი, არამედ როგორც სექტორული ილუსტრაციული მოდელი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მენეჯერული აღრიცხვის ფუნქციურ კავშირს ოპერაციულ პროცესებსა და ფინანსურ შედეგებს შორის.
კვლევის ანალიტიკური ლოგიკა ეფუძნება შემდეგ თანმიმდევრობას: პირველ ეტაპზე სისტემატიზებულია მენეჯერული აღრიცხვის ევოლუციასთან, სტრატეგიულ მართვასა და მდგრადობის ინტეგრაციასთან დაკავშირებული თეორიული მიდგომები; მეორე ეტაპზე იდენტიფიცირებულია ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც მენეჯერული აღრიცხვა ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობის მონაცემებს ერთიან ანალიტიკურ სისტემაში აერთიანებს; მესამე ეტაპზე კი შემუშავებულია კონცეპტუალური მოდელი, რომელიც აღნიშნულ ურთიერთკავშირებს სექტორული ილუსტრაციის დახმარებით ასახავს.
კვლევის შეზღუდვები
წინამდებარე ნაშრომის ძირითადი შეზღუდვა უკავშირდება მის თეორიულ და კონცეპტუალურ ხასიათს. სტატია არ ეფუძნება პირველადი მონაცემების ან სტატისტიკური ანალიზის გამოყენებას, რის გამოც წარმოდგენილი მოდელი საჭიროებს შემდგომ ემპირიულ ტესტირებას.
ამასთან, კვლევის ერთ-ერთი შეზღუდვაა ისიც, რომ USALI გამოყენებულია როგორც ილუსტრაციული სექტორული ჩარჩო და არა როგორც კონკრეტული ორგანიზაციების მონაცემებზე დაფუძნებული შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტი. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს მიდგომა ფუნქციურ წინაპირობას ქმნის მომავალში მიზნობრივი ემპირიული კვლევების განხორციელებისთვის.
კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა
კვლევის შედეგები პრაქტიკულ მნიშვნელობისაა ორგანიზაციებისთვის, განსაკუთრებით რესურსინტენსიური მომსახურების სექტორებში. წარმოდგენილი კონცეპტუალური ჩარჩო შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
• მენეჯერული აღრიცხვის სისტემებში ESG ინდიკატორების ინტეგრაციისთვის;
• ბიუჯეტირებისა და შესრულების შეფასების მოდელების გაფართოებისთვის;
• შიდა ანგარიშგების ისეთი არქიტექტურის შექმნისთვის, რომელიც ფინანსურ და არაფინანსურ მონაცემებს ერთიან ანალიტიკურ სისტემაში აერთიანებს.
ასევე კვლევა ქმნის საფუძველს მენეჯერული აღრიცხვისა და მდგრადობის საკითხების ინტეგრირებისთვის ბიზნესის ადმინისტრირების სასწავლო პროგრამებში.
მენეჯერული აღრიცხვის ევოლუცია: ხარჯთაღრიცხვიდან სამგანზომილებიან შედეგიანობამდე
მენეჯერული აღრიცხვის განვითარება ასახავს ორგანიზაციული მართვის პრიორიტესების ცვლილებასა და ეკონომიკური გარემოს ტრანსფორმაციას. საწყის ეტაპზე, ის ძირითადად ხარჯთაღრიცხვაზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა თვითღირებულების განსაზღვრასა და ფინანსურ კონტროლს, რაც შეესაბამებოდა ინდუსტრიული ეკონომიკის ლოგიკას (Horngren et al., 2012). ამ პერიოდში ეფექტიანობა განისაზღვრებოდა ხარჯების შემცირებითა და წარმოების მოცულობის ზრდით.
შემდგომ ეტაპზე მენეჯერული აღრიცხვა გაფართოვდა პასუხისმგებლობის ცენტრებზე დაფუძნებული მართვისა და შესრულების შეფასების მიმართულებით. კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების განვითარებამ შესაძლებელი გახადა არამხოლოდ ხარჯების მონიტორინგი, არამედ მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგების შეფასება პროცესებისა და სტრუქტურული ერთეულების დონეზე (Anthony & Govindarajan, 2007). მიუხედავად ამისა, ანალიზი კვლავ უმეტესად ფინანსურ მაჩვენებლებზე იყო კონცენტრირებული.
გლობალიზაციისა და კონკურენციის გაძლიერების პირობებში, მენეჯერული აღრიცხვის ევოლუციაში გარდამტეხ ეტაპად იქცა სტრატეგიული მენეჯერული აღრიცხვის კონცეფციის ჩამოყალიბება. Johnson და Kaplan (1987) მიუთითებენ, რომ ტრადიციული სისტემები ვერ პასუხობდა მენეჯმენტის სტრატეგიულ საჭიროებებს. შედეგად განვითარდა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა აქტივობაზე დაფუძნებული ხარჯთაღრიცხვა (ABC), ბალანსებული მაჩვენებლების სისტემა (Balanced Scorecard) და სიცოცხლის ციკლის ხარჯების ანალიზი, რამაც შესაძლებელი გახადა პროცესების ეფექტიანობისა და ღირებულების ჯაჭვის ანალიზი ფინანსურ მაჩვენებლებთან ერთად (Kaplan & Norton, 1996; Campos et al., 2022).
ამ ინსტრუმენტებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა მენეჯერული აღრიცხვის ანალიტიკური შესაძლებლობები და საფუძველი ჩაუყარა ორგანიზაციული შედეგიანობის მრავალგანზომილებიან შეფასებას.
თანამედროვე ლიტერატურა ხაზს უსვამს, რომ ESG ფაქტორების ინტეგრაცია არ წარმოადგენს მენეჯერული აღრიცხვისთვის გარე ან ხელოვნურად დამატებულ ელემენტს. გარემოსდაცვითი და სოციალური მაჩვენებლები ბუნებრივად ერგება მის ევოლუციურ ლოგიკას, ვინაიდან უკავშირდება რესურსების გამოყენებას, პროცესების ეფექტიანობასა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას (IFAC, 2023; Harnani, 2022).
თანამედროვე ლიტერატურაში მზარდი ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვითი მენეჯერული აღრიცხვის (Environmental Management Accounting – EMA) განვითარებას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი და რესურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის ინტეგრაციას მენეჯერულ გადაწყვეტილებებში (Burritt & Schaltegger, 2010). აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო აძლიერებს მენეჯერული აღრიცხვის როლს მდგრადობის მონაცემების ინტეგრირებაში, რადგან ეფუძნება ლოგიკას, რომლის მიხედვითაც გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება უნდა გარდაიქმნას ორგანიზაციის შიდა მართვისთვის გამოყენებად რაოდენობრივ ინფორმაციად. სწორედ ამ გზით მენეჯერული აღრიცხვა აძლევს ორგანიზაციას შესაძლებლობას ESG მაჩვენებლები ჩართოს ბიუჯეტირებაში, შესრულების შეფასებასა და საინვესტიციო ანალიზში.
ამდენად, მენეჯერული აღრიცხვის ევოლუცია შეიძლება განიმარტოს როგორც ტრანსფორმაცია ვიწრო ხარჯთაღრიცხვითი ფუნქციიდან ისეთი ინტეგრირებული ანალიტიკური ჩარჩოსკენ, რომელიც ორგანიზაციული შედეგიანობის ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობის განზომილებებს საერთო მართვით ლოგიკაში აერთიანებს.
მენეჯერული აღრიცხვა, როგორც ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის შედეგიანობის ინტეგრირებული მართვის სისტემა
მენეჯერული აღრიცხვა თანამედროვე ორგანიზაციებში სულ უფრო მეტად განიხილება როგორც მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მდგრადობის (ESG) მაჩვენებლების ინტეგრაციას ფინანსურ და საოპერაციო გადაწყვეტილებებში, რითაც შესაძლებელი ხდება გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების რაოდენობრივი დაკავშირება ორგანიზაციის ეკონომიკურ შედეგებთან (Burritt & Schaltegger, 2010; Schaltegger & Burritt, 2017).
ფინანსური შედეგიანობის თვალსაზრისით, მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი როლი დაკავშირებულია ფინანსური შედეგების პროგნოზირებადობისა და რესურსების ოპტიმალური განაწილების უზრუნველყოფასთან. ბიუჯეტირება, გადახრების ანალიზი და საინვესტიციო გადაწყვეტილებების ფინანსური შეფასება ქმნის საფუძველს ორგანიზაციის მოკლე და საშუალოვადიანი ფინანსური მიზნების მართვისთვის (Horngren., 2012). თუმცა, ფინანსური მაჩვენებლების იზოლირებული გამოყენება ვერ ასახავს პროცესების რეალურ ეფექტიანობას და ხშირად ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.
საოპერაციო შედეგიანობა მჭიდროდ უკავშირდება პროცესების სტრუქტურას, რესურსების გამოყენების ინტენსივობასა და მომსახურების ხარისხს. მენეჯერული აღრიცხვის ინსტრუმენტები, როგორიცაა პასუხისმგებლობის ცენტრები, პროცესებზე დაფუძნებული ანალიზი და შესრულების ძირითადი მაჩვენებელების (KPI) სისტემები, საშუალებას იძლევა ფინანსური მონაცემები დაუკავშირდეს საოპერაციო პროცესებს და გამოვლინდეს ეფექტიანობის ძირითადი მამოძრავებლები (Kaplan & Norton, 1996). ამგვარი მიდგომა ქმნის საფუძველს ოპერაციული გადაწყვეტილებების რაოდენობრივი შეფასებისა და პროცესების გაუმჯობესებისთვის.
მდგრადობის შედეგიანობა დაკავშირებულია ორგანიზაციის გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენასთან, რაც თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა გრძელვადიანი ღირებულების შექმნისთვის. მენეჯერული აღრიცხვა ამ კონტექსტით ასრულებს ინტეგრაციულ ფუნქციას, რადგან ფინანსურ და არაფინანსურ მონაცემებს ერთიან ანალიტიკურ სისტემაში აერთიანებს.
ამ პროცესის ანალიტიკური სტრუქტურა შეიძლება განიმარტოს როგორც „მონაცემთა ფორმირება - ანალიტიკური ინტეგრაცია - გადაწყვეტილებითი გამოყენება“ მოდელი:
პირველ ეტაპზე ორგანიზაცია აგროვებს და ასისტემატიზებს ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობასთან დაკავშირებულ მონაცემებს, რომლებიც ასახავს როგორც რესურსების გამოყენებას, ასევე, ოპერაციული პროცესების შედეგიანობას. მეორე ეტაპზე აღნიშნული მონაცემები ექვემდებარება ანალიტიკურ დამუშავებას მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი ინსტრუმენტების მეშვეობით, მათ შორის ბიუჯეტირების, გადახრების ანალიზის, პასუხისმგებლობის ცენტრებზე დაფუძნებული შეფასებისა და შესრულების ძირითადი მაჩვენებლების (KPI) სისტემებში ინტეგრირების გზით. მესამე ეტაპზე კი მიღებული ანალიტიკური ინფორმაცია გარდაიქმნება მართვით ცოდნად, რომელიც გამოიყენება რესურსების განაწილების, შესრულების შეფასებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის. სწორედ აღნიშნული შიდა ანალიტიკური ტრანსფორმაცია განაპირობებს მენეჯერული აღრიცხვის ინტეგრაციულ ფუნქციას თანამედროვე ორგანიზაციულ მართვაში.
აქედან გამომდინარე, მენეჯერული აღრიცხვის მნიშვნელობა მოცემულ ჩარჩოში განისაზღვრება არამხოლოდ ინფორმაციის დაგროვებით, არამედ იმითაც, რომ ის სხვადასხვა ტიპის მაჩვენებლებს აქცევს შედარებად, მართვად და გადაწყვეტილებებისათვის რელევანტურ ანალიტიკურ ერთეულებად.
კონცეპტუალური ჩარჩო: მენეჯერული აღრიცხვა როგორც სამგანზომილებიანი შედეგიანობის ცენტრალური სისტემა
წინამდებარე კვლევის კონცეპტუალური მოდელი ეფუძნება მიდგომას, რომლის მიხედვითაც მენეჯერული აღრიცხვა განიხილება არამხოლოდ როგორც ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების ინსტრუმენტი, არამედ როგორც სტრატეგიული მართვის სისტემა, რომელიც ორგანიზაციას უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ინტეგრირებული ინფორმაციით.
წარმოდგენილი მოდელის მიხედვით, მენეჯერული აღრიცხვა ცენტრალური ინტეგრაციული მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია აანალიზებს ოპერაციულ პროცესებს, რესურსების ეფექტიან განაწილებას და საქმიანობის შედეგების შეფასებას. სწორედ ამ ფუნქციების საშუალებით მენეჯერული აღრიცხვა გავლენას ახდენს ორგანიზაციის შედეგიანობის რამდენიმე საკვანძო მიმართულებაზე.
მენეჯერული აღრიცხვის ინტეგრაციული როლი ამ მოდელში ხორციელდება ისეთი ძირითადი მექანიზმების მეშვეობით, როგორიცაა: ბიუჯეტირება, გადახრების ანალიზი, პასუხისმგებლობის ცენტრებზე დაფუძნებული კონტროლი, KPI სისტემები და საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასება. სწორედ ეს ინსტრუმენტები გარდაქმნის ფინანსურ, საოპერაციო და ESG მონაცემებს ერთიან მენეჯერულ ანალიტიკად.
წინამდებარე კვლევაში მდგრადობის შედეგიანობა განიმარტება, როგორც ორგანიზაციის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი შედეგების ერთობლიობა, რაც შეიძლება გამოიხატოს რესურსების მოხმარების ეფექტიანობაში, ნარჩენების მართვაში, შრომით პრაქტიკებში, უსაფრთხოებაში, შესაბამისობასა და პასუხისმგებლიანი მმართველობის მექანიზმებში.
კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით გამოიყოფა სამი ძირითადი შედეგობრივი მიმართულება:
• ფინანსური შედეგიანობა;
• საოპერაციო შედეგიანობა;
• მდგრადობის შედეგიანობა.
ამგვარად, წარმოდგენილი მოდელი ეფუძნება მიზეზ-შედეგობრივ ლოგიკას, რის მიხედვითაც მონაცემთა ხარისხი, მათი ინტეგრაციის ხარისხი და მენეჯერული ინსტრუმენტების გამოყენების სიღრმე განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტიანად გარდაიქმნება ინფორმაცია მართვით ქმედებად. ამ ჩარჩოში მენეჯერული აღრიცხვა არ არის მხოლოდ შედეგების აღწერის საშუალება; ის შიდა მექანიზმია, რომელიც მონაცემებს ღირებულ გადაწყვეტილებად გარდაქმნის.
ფინანსური შედეგიანობა ასახავს ორგანიზაციის ეკონომიკურ ეფექტიანობას, რაც შეიძლება გამოიხატოს მომგებიანობის, ხარჯების ოპტიმიზაციისა და ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესებით.
საოპერაციო შედეგიანობა დაკავშირებულია ორგანიზაციის ოპერაციული პროცესების ეფექტიანობასთან, მათ შორის რესურსების გამოყენებასთან, მომსახურების ხარისხთან და ოპერაციული გადაწყვეტილებების ეფექტიანობასთან.
მდგრადობის შედეგიანობა კი ასახავს ორგანიზაციის საქმიანობის გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას, რაც თანამედროვე ბიზნესგარემოში მნიშვნელოვანი ხდება, როგორც კონკურენტული უპირატესობის, ასევე გრძელვადიანი ღირებულების შექმნისთვის.
შესაბამისად, კონცეპტუალური მოდელი მენეჯერულ აღრიცხვას განიხილავს როგორც იმ შიდა საინფორმაციო ინფრასტრუქტურას, რომელიც სხვადასხვა შედეგობრივ განზომილებას არამხოლოდ ზომავს, არამედ, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი და ფუნქციური კავშირების ანალიზსაც შესაძლებელს ხდის (იხ. დიაგრამა).

დიაგრამა ასახავს კვლევის ძირითად თეზისს, რომლის მიხედვით მენეჯერული აღრიცხვა წარმოადგენს ცენტრალურ ანალიტიკურ სისტემას, რომელიც აკავშირებს ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობის შედეგიანობას.
სექტორული ილუსტრაცია: სასტუმრო ინდუსტრია და USALI
სასტუმრო ინდუსტრია აკადემიურ ლიტერატურაში განიხილება როგორც რესურსინტენსიური და ოპერაციულად კომპლექსური მომსახურების სექტორი, სადაც ფინანსური შედეგიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სეზონურობასთან, ფიქსირებული ხარჯების მაღალ წილთან, მოთხოვნის ცვალებადობასა და მომსახურების ხარისხზე დამოკიდებულ შემოსავლების დინამიკასთან. აღნიშნული სპეციფიკა მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას ისეთი მენეჯერული ინფორმაციის სისტემების მიმართ, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერაციული პროცესების, რესურსების გამოყენებისა და ფინანსური შედეგების ერთიან ანალიტიკურ ჩარჩოში გააზრებას (Enz, 2011; Campos et al., 2022).
ამ კონტექსტით ფართოდ არის აღიარებული სასტუმრო ინდუსტრიის ერთიანი აღრიცხვის სისტემა (Uniform System of Accounts for the Lodging Industry – USALI), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სექტორულ სტანდარტს და უზრუნველყოფს სასტუმროების შემოსავლებისა და ხარჯების დეპარტამენტულ სტრუქტურირებას, ოპერაციული საქმიანობის ფინანსურ ანალიზს და შესრულების მაჩვენებლების შედარებადობას. USALI ქმნის მენეჯერული აღრიცხვის ისეთ არქიტექტურას, სადაც თითოეული ოპერაციული ერთეული განიხილება როგორც დამოუკიდებელი შედეგიანობის ცენტრი, რაც აძლიერებს კონტროლისა და შესრულების შეფასების მექანიზმებს (Schmidgall, 2016).
წინამდებარე სტატიაში USALI არ გამოიყენება როგორც ემპირიული ანალიზის ობიექტი, არამედ განიხილება როგორც ილუსტრაციული ანალიტიკური ჩარჩო, რომელიც ნათლად წარმოაჩენს მენეჯერული აღრიცხვის პოტენციალს სამგანზომილებიანი შედეგიანობის მართვისთვის. დეპარტამენტული ანგარიშგება, სტანდარტიზებული KPI-ები და ოპერაციული მონაცემების ფინანსურ მაჩვენებლებთან კავშირი წინაპირობას ქმნის ფინანსური და საოპერაციო შედეგიანობის ინტეგრირებული შეფასებისთვის, რაც კრიტიკულია სასტუმრო ინდუსტრიის სტრატეგიული მართვისთვის.
USALI-ის მეთორმეტე გამოცემაში ESG ელემენტების დამატება ასახავს ინდუსტრიის ტრანსფორმაციის ტენდენციას, რომლის მიხედვით გარემოსდაცვითი და სოციალური მაჩვენებლები თანდათან ყალიბდება შიდა მენეჯერული ანალიტიკის ნაწილად (AHLA, 2024). ენერგიისა და წყლის მოხმარება, ნარჩენების მართვა, შრომითი უსაფრთხოება და მომწოდებლების შესაბამისობა განიხილება როგორც ისეთი ფაქტორები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ხარჯების სტრუქტურას, საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ოპერაციულ ეფექტიანობას.
აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ESG მონაცემების არსებობა თავისთავად არ უზრუნველყოფს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის ის ჩაშენებული მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პროცესებში - ბიუჯეტირებაში, გადახრების ანალიზში, შესრულების შეფასებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებში. ამ თვალსაზრისით, USALI წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება სექტორულად სტრუქტურირებულმა მენეჯერული აღრიცხვის სისტემამ უზრუნველყოს ESG ინდიკატორების რაოდენობრივი ინტეგრაცია ფინანსურ და საოპერაციო ანალიტიკაში.
სასტუმრო ინდუსტრიის სპეციფიკა განსაკუთრებით მკაფიოდ წარმოაჩენს მენეჯერული აღრიცხვის ინტეგრაციულ როლს. ოპერაციული გადაწყვეტილებები, როგორიცაა ენერგოეფექტიანობის პროექტები, წყლის მოხმარების შემცირება ან პერსონალის მართვის გაუმჯობესება, ფინანსურ შედეგებზე აისახება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ჩართულია მენეჯერული ანალიზის სისტემაში და ინტეგრირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, USALI-ის ლოგიკა ადასტურებს კვლევის ცენტრალურ თეზისს, რომლის მიხედვით მენეჯერული აღრიცხვა წარმოადგენს სამგანზომილებიანი შედეგიანობის - ფინანსური, საოპერაციო და მდგრადობის - დამაკავშირებელ შიდა სისტემას.
ამასთან, USALI-ის მნიშვნელობა არამხოლოდ ის არის, რომ ის უზრუნველყოფს დეპარტამენტული ანგარიშგების სტანდარტიზაციას, არამედ ისიც, რომ სექტორულ მაგალითზე თვალსაჩინოდ წარმოაჩენს, როგორ შეიძლება ოპერაციული KPI-ების, ხარჯების სტრუქტურისა და მდგრადობის ინდიკატორების საერთო ანალიტიკურ ლოგიკაში მოქცევა.
დასკვნა და რეკომენდაციები
ნაშრომში წარმოდგენილი თეორიული და კონცეპტუალური ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯერული აღრიცხვის თანამედროვე როლი მნიშვნელოვნად სცდება ტრადიციულ ხარჯთაღრიცხვასა და კონტროლს. მისი ფუნქცია თანდათან ფართოვდება და მოიცავს არამხოლოდ ფინანსური ინფორმაციის დამუშავებას, არამედ საოპერაციო და მდგრადობის მაჩვენებლების ინტეგრაციასაც. აღნიშნული მიდგომა თანხვედრაშია თანამედროვე აკადემიურ ლიტერატურასთან, რაც ხაზს უსვამს მენეჯერული აღრიცხვის კავშირს სტრატეგიულ მართვასთან, ორგანიზაციულ შედეგიანობასთან და ESG მონაცემების შიდა გამოყენებასთან.
აღნიშნული ანალიზი ცხადყოფს, რომ ESG-ის ეფექტიანი გამოყენება შეუძლებელია მხოლოდ გარე ანგარიშგების ჩარჩოებზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ გარე მდგრადობის ანგარიშგება ზრდის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, ის თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ოპერაციულ დონეზე გადაწყვეტილებების გაუმჯობესებას. ამისათვის საჭიროა ESG მაჩვენებლების გადატანა შიდა მენეჯერულ ანალიტიკაში, სადაც ის დაუკავშირდება ხარჯებს, შესრულების შეფასებასა და საინვესტიციო პრიორიტეტებს. სწორედ ამ წერტილში იძენს მენეჯერული აღრიცხვა განსაკუთრებულ ფუნქციურ მნიშვნელობას.
ეს გარემოება განსაკუთრებით თვალსაჩინოა რესურსინტენსიური მომსახურების სექტორებში, სადაც ორგანიზაციული შედეგიანობა ყალიბდება არამხოლოდ ფინანსური გადაწყვეტილებებით, არამედ ყოველდღიური ოპერაციული პრაქტიკითაც. სასტუმრო ინდუსტრიაში, მაგალითად, ენერგიის მოხმარება, წყლის გამოყენება, შრომითი პროცესების ორგანიზება და მომსახურების ხარისხი ერთდროულად მოქმედებს როგორც ხარჯების სტრუქტურაზე, ასევე ESG პროფილზე. შესაბამისად, მენეჯერული აღრიცხვის განვითარებული სისტემები ასეთ სექტორებში უნდა განიხილებოდეს არა როგორც ტექნიკური აღრიცხვის ინსტრუმენტები, არამედ როგორც ინტეგრირებული მენეჯერული მართვის ინფრასტრუქტურა.
ნაშრომში წარმოდგენილი არგუმენტაცია თანხვედრაშია იმ კვლევებთან, რომლებიც მენეჯერული აღრიცხვის სისტემებს უკავშირებს, როგორც შესრულების შეფასებას, ასევე მდგრადობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მხარდაჭერას (Maas et al., 2016; Werastuti et al., 2024). ამავე დროს, წინამდებარე სტატია ავითარებს არსებულ დისკურსს იმით, რომ მენეჯერულ აღრიცხვას განიხილავს როგორც ერთიან ანალიტიკურ სისტემას, რაც არამხოლოდ აფიქსირებს შედეგებს, არამედ ფუნქციურად აკავშირებს ფინანსურ, საოპერაციო და მდგრადობის განზომილებებს.
ნაშრომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თეორიულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს მენეჯერული აღრიცხვისა და მდგრადობის აღრიცხვის დისკურსების დაახლოება. ამგვარი ინტეგრირებული ხედვა ადასტურებს, რომ ESG მაჩვენებლები არ უნდა დარჩეს მხოლოდ გარე ანგარიშგების ან შესაბამისობის ინსტრუმენტად, არამედ უნდა გადაიქცეს შიდა მენეჯერული ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების სისტემის ნაწილად (Schaltegger & Burritt, 2017). სწორედ ამ კუთხით მენეჯერული აღრიცხვა იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას თანამედროვე ორგანიზაციებში და ყალიბდება როგორც ფინანსური, საოპერაციო და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირებული მართვის საფუძველი.
სასტუმრო ინდუსტრიის მაგალითი და USALI-ის სტრუქტურული ლოგიკა აჩვენებს, რომ ეფექტიანი მართვა საჭიროებს ფინანსური და ESG მაჩვენებლების ერთიან სისტემაში ინტეგრაციას. დეპარტამენტული ანგარიშგება, პასუხისმგებლობის ცენტრები და KPI სისტემები ქმნის საფუძველს, როგორც ფინანსური კონტროლის, ასევე ESG ინდიკატორების მონიტორინგისთვის.
პრაქტიკულ დონეზე ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციებმა ეტაპობრივად უნდა მოახდინონ მდგრადობის მაჩვენებლების ინტეგრაცია შიდა ანგარიშგების სისტემებში. კერძოდ, მიზანშეწონილია:
• ESG-თან დაკავშირებული ინდიკატორების ჩართვა დეპარტამენტულ ანგარიშგებაში;
• რესურსმოხმარების მონაცემების დაკავშირება ბიუჯეტირებისა და გადახრების ანალიზთან;
• შესრულების შეფასების სისტემებში არაფინანსური მაჩვენებლების ასახვა;
• საინვესტიციო გადაწყვეტილებების შეფასებისას გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტების გათვალისწინება.
ასეთი მიდგომა ზრდის როგორც ინფორმაციის მართვით ღირებულებას, ისე ორგანიზაციის გრძელვადიან მდგრად განვითარებას.
ამდენად, მენეჯერული აღრიცხვის თანამედროვე როლი უნდა განიმარტოს როგორც ორგანიზაციის შიდა ინტეგრაციული ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ფინანსური ეფექტიანობა, საოპერაციო ხარისხი და მდგრადი განვითარების მიზნები ერთიან მართვით სისტემად გარდაიქმნება.
Keywords: management accounting; financial performance; operational performance; sustainability performance; USALI; hotel industry.
JEL Codes: M41, M48, L83, Q56, G38, O16
ლიტერატურა:
• ახვლედიანი ს. (2023). მენეჯერული აღრიცხვის თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები. ახალი ეკონომისტი, 3(70), 57–60.
• Akhvlediani S. (2023). menejmentis aghritskhvis tanamedrove midgomebi da gamotsvevebi. New Economist, 3(70), 57–60 [Modern Approaches and Challenges of Management Accounting. New Economist, 3(70), 57–60.] in georgian
• Geostat (2023). Tourism Statistics. https://www.geostat.ge
• National Bank of Georgia (2022). ESG Guidelines and Sustainable Finance Framework
https://nbg.gov.ge
• American Hotel & Lodging Association (2024). Uniform System of Accounts for the Lodging Industry (12th ed.). AHLA Foundation.
• Anthony R. N., & Govindarajan V. (2007). Management Control Systems. McGraw-Hill.
• Burritt R., & Schaltegger S. (2010). Sustainability Accounting and Reporting: Fad or Trend? Accounting, Auditing & Accountability Journal, 23(7), 829–846. https://doi.org/10.1108/09513571011080144
• Campos P., Quesado P., & Gomes P. (2022). Management Accounting Practices in the Hospitality Industry. Tourism and Hospitality Management, 28(1), 1–18. https://doi.org/10.20867/thm.28.1.1
• Eccles R. G., Ioannou I., & Serafeim G. (2014). The Impact of Corporate Sustainability on Organizational Processes and Performance. Management Science, 60(11), 2835–2857. https://doi.org/10.1287/mnsc.2014.1984
• Enz C. A. (2011). The Cornell School of Hotel Administration on Hospitality: Cuttingedge Thinking and Practice. Wiley.
• Friede G., Busch T., & Bassen A. (2015). ESG and Financial Performance: Aggregated Evidence from More than 2000 Empirical Studies. Journal of Sustainable Finance & Investment, 5(4), 210–233. https://doi.org/10.1080/20430795.2015.1118917
• Harnani S. (2022). Examining the Evolution of Management Accounting: A Qualitative Review. Atestasi: Jurnal Ilmiah Akuntansi, 5(2), 97–108. https://doi.org/10.57178/atestasi.v5i2.386
• Horngren C. T., Datar S. M., & Rajan M. V. (2012). Cost Accounting: A Managerial Emphasis (14th ed.). Pearson.
• Hummel K., & Schlick C. (2016). The Relationship Between Sustainability Performance and Sustainability Disclosure. Journal of Accounting and Public Policy, 35(5), 455–476. https://doi.org/10.1016/j.jaccpubpol.2016.06.002
• International Federation of Accountants. (2023). Integrating Sustainability into Management Accounting. https://www.ifac.org/knowledge-gateway/discussion/sustainability-standards
• Johnson H. T., & Kaplan R. S. (1987). Relevance lost: The Rise and Fall of Management Accounting. Harvard Business School Press.
• Kaplan R. S., & Norton D. P. (1996). The Balanced Scorecard: Translating Strategy into Action. Harvard Business School Press.
• Sabauri L., & Kvatashidze N. (2023). Sustainability Reporting Issues. Entrepreneurship and Sustainability Issues, 11(2), 282–289. https://doi.org/10.9770/jesi.2023.11.2(18)
• Maas K., Schaltegger S., & Crutzen N. (2016). Integrating Corporate Sustainability Assessment, Management Accounting, Control and Reporting. Journal of Cleaner Production, 136, 237–248. https://doi.org/10.1016/j.jclepro.2016.05.008
• Schaltegger S., & Burritt R. (2017). Contemporary Environmental Accounting: Issues, Concepts and Practice. Greenleaf Publishing.
• Schmidgall R. S. (2016). Hospitality Industry Managerial Accounting (8th ed.). Educational Institute of AHLA.
• Werastuti D. N. S., Arsawan I. W. E., Sudana I. P., & Dewi N. P. S. (2024). Management Accounting System as Mediator on Sustainability Performance. Sustainability, 16(7), 2845. https://doi.org/10.3390/su16072845