ჟურნალი ნომერი 2 ∘ ხათუნა ბერიშვილი ∘ მარიამ არნაძე ∘ ევროკავშირის მწვანე შეთანხმება და საქართველო: მწვანე ტრანზიციის ეკონომიკური გავლენა და განვითარების პერსპექტივებიDoi.org/10.52340/eab.2026.18.02.03
ჟურნალი N 2. 2026
ნაშრომში განხილულია საქართველოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და გარემოსდაცვითი განვითარების პერსპექტივები ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ კონტექსტით. ყურადღება გამახვილებულია ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე, სათბური გაზების ემისიების შემცირების პოტენციალსა და 2030–2050 წლების პროგნოზებზე.
კვლევა ეყრდნობა მრავალფეროვან საერთაშორისო და ადგილობრივ წყაროებს, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირი კლიმატისთვის (UNDP–EU4Climate) შეფასებებსა და ევროპულ გამოცდილებას.
სტატიაში გაანალიზებულია საქართველოში ეროვნული პოლიტიკის ნაკლოვანებები, ფინანსური და ინსტიტუციური ბარიერები, მათ დასაძლევად კი ჩამოყალიბებულია პრიორიტეტული მიმართულებები. ამასთანავე, ხაზგასმულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა მწვანე ეკონომიკის პრინციპების დასამკვიდრებლად. ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, განახორციელოს ეკონომიკის ტრანსფორმაცია რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზით. აღნიშნული პროცესი განაპირობებს კონკურენტუნარიანობის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მდგრად სოციალურ განვითარებას, ეს ყოველივე კი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მყარ საფუძველს ქმნის. ნაშრომი წარმოადგენს აკადემიურ და პრაქტიკულ გზამკვლევს, რომელიც ემსახურება საქართველოს მწვანე ტრანზიციის პროცესში მდგრადი და ინკლუზიური სტრატეგიის შემუშავებას
საკვანძო სიტყვები: მწვანე ტრანზიცია, ევროკავშირის მწვანე შეთანხმება, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა.
შესავალი
თანამედროვე გლობალური გამოწვევების პირობებში, კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ მდგრადი განვითარების საერთაშორისო დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განიხილება.ამ პროცესში საქართველოს წინაშე ახალ ვალდებულებებთან ერთად ეკონომიკური შესაძლებლობებიც იკვეთება, რაც ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ევროპულ სივრცესთან ინტეგრაციას ითვალისწინებს.
კლიმატის ცვლილება XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გლობალურ გამოწვევად იქცა, რასაც თან ახლავს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური რისკი. გარემოსდაცვითი დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ენერგეტიკული კრიზისები და ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული გამოყენება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და მოსახლეობის კეთილდღეობას. აღნიშნული კონტექსტით ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებული მწვანე შეთანხმება (European Green Deal) წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ევროპის კონტინენტის ეკონომიკის მდგრად კლიმატურ მოდელზე გადასვლას (European Commission, 2019). ეს შეთანხმება ეფუძნება „მწვანე ზრდის“ კონცეფციას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური განვითარება ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და სოციალური თანასწორობის პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს.
ევროკავშირის მწვანე შეთანხმება გულისხმობს გრძელვადიან პოლიტიკას, რომელიც ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიისა და ფინანსების სექტორებში სისტემურ ცვლილებებს განსაზღვრავს. მისი განხორციელება მიზნად ისახავს სათბური გაზების ემისიების 55%-ით შემცირებას 2030 წლისთვის, ენერგოეფექტიანობის ზრდას, განახლებადი ენერგიის წილის გაფართოებას და ნარჩენების მართვის მდგრად სისტემაზე გადასვლას (European Environment Agency, 2023). ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, აღნიშნული შეთანხმება გავლენას ახდენს გაერთიანების მეზობელ ქვეყნებზეც, მათ შორის არის საქართველო, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქტიურად ნერგავს ევროპულ გარემოსდაცვით და ეკონომიკურ სტანდარტებს. საქართველო, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე გეოგრაფიულად მცირე, თუმცა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, სადაც უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული, სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნები გადის. ქვეყნის სამეურნეო სექტორი ისტორიულად მაღალი ენერგოინტენსივობით ხასიათდება, რაც არსებული რესურსების სიმცირის პირობებში ქმნის ენერგოდეფიციტს და ზრდის იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას, ეს კი, თავის მხრივ, გარემოზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. შესაბამისად, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ ინტეგრირება ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის უნიკალური შანსია, რაც მეურნეობის კონკურენტუნარიანობასა და გარემოსდაცვით განვითარებას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ პრინციპების განხორციელება საქართველოში მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიცაა: ენერგიის დაზოგვა (ენერგოეფექტურობა), განახლებადი ენერგიის ათვისება, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის ხელშეწყობა, ნარჩენების მართვის რეფორმა და სოფლის მეურნეობის გარემოსთან ადაპტაცია. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის თანახმად (EU4Climate Green Deal Assessment,2022), საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, რომ დაზოგოს ენერგია და შეამციროს მავნე აირების გამონაბოლქვი. ამასთან, პროცესს აფერხებს არსებული მართვის სისტემის არაეფექტურობა, ფინანსების ნაკლებობა და საჯარო სექტორში არასაკმარისი კოორდინაცია. ამ ბარიერების გადალახვა საჭიროებს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერებას. საერთაშორისო გამოცდილებით, მწვანე ტრანზიცია ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაციის, ინოვაციების ხელშეწყობისა და სოციალური სამართლიანობის კომპლექსურ სტრატეგიას წარმოადგენს. მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დანიასა და შვედეთში, მწვანე ტრანზიცია პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკური ზრდის იმ მოდელს, რომელიც დაბალნახშირბადიან წარმოებას, ციფრულ ინოვაციებსა და ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას ეფუძნება (OECD, 2023). ამ გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოსთვის მწვანე ტრანზიცია, გარემოსდაცვითი ვალდებულების პარალელურად, შეიძლება რეგიონულ ეკონომიკურ სივრცეში კონკურენტული უპირატესობის წყაროდ იქცეს.
საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგეტიკულ პოლიტიკას, რადგან ქვეყნის ენერგოინტენსივობა საგრძნობლად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ენერგოეფექტურობის ამაღლება, განახლებადი წყაროების ათვისება (განსაკუთრებით ჰიდრო, ქარისა და მზის ენერგია) და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა მწვანე შეთანხმების მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის სატრანსპორტო სექტორი კვლავ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შიდა წვის ძრავებზე, რაც მავნე გამონაბოლქვის შემცირების პროცესს აფერხებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროტრანსპორტის ეტაპობრივი დანერგვა და ენერგოეფექტური ავტობუსების ქსელის გაფართოება, რომელიც EBRD-ის მიერ არის დაფინანსებული, წარმოადგენს წარმატებული პრაქტიკის მაგალითს და სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მწვანე ტრანზიციის მიზნებთან (EBRD, 2023).
ენერგეტიკისა და ტრანსპორტის გარდა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის საყრდენ სეგმენტად რჩება. ამ სფეროში მწვანე ტრანზიცია აგროქიმიკატების გამოყენების შემცირებას, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების განვითარებასა და ნიადაგის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის განვითარება გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით, ერთდროულად უზრუნველყოფს ადგილობრივი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასა და ქვეყნის ევროკავშირის ეკოლოგიურ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და საგარეო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, მწვანე ტრანზიციის წარმატება საქართველოში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინსტიტუციურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე. პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება გამართულ სამართლებრივ ჩარჩოს, საინვესტიციო მექანიზმებსა და საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობას მოითხოვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია განათლებისა და ცნობიერების ამაღლება, რაც მწვანე პოლიტიკის რეალიზაციისას მოქალაქეთა ჩართულობასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერას განაპირობებს. შესაბამისად, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ საქართველოსთვის, გარემოსდაცვით ვალდებულებასთან ერთად, განვითარების ახალი მოდელის ფორმირების შესაძლებლობას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი გულისხმობს ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური სისტემების ფუნდამენტურ გარდაქმნას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მდგრადი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
მწვანე ეკონომიკა და ევროკავშირის მწვანე შეთანხმება
მწვანე ეკონომიკა მდგრადი განვითარების პრაქტიკული გამოხატულებაა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ ზრდას გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების გზით. ის ეფუძნება ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ემისიების კლებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას (Pearce, Markandya, & Barbier, 1989). თანამედროვე კვლევების თანახმად, მწვანე ეკონომიკა განიხილება განვითარების ისეთ პრიორიტეტულ სფეროდ, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვას, დასაქმების ზრდასა და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას (Jacobs, 2012).
ევროკავშირის მწვანე შეთანხმება (European Green Deal) არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც 2050 წლისთვის კლიმატზე ზემოქმედების საგრძნობლად შემცირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტი მოიცავს ენერგეტიკული და ინდუსტრიული სექტორების დეკარბონიზაციას, რესურსების ეფექტურ გამოყენებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფას (European Commission, 2019). ამ გეგმის ფარგლებში სხვადასხვა ფინანსური და მარეგულირებელი ინსტრუმენტი მოქმედებს: ევროკავშირის საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი - „მზადყოფნა 55-ისთვის’’ (,,Fit for 55’’) 2030 წლისთვის ემისიების შესამცირებლად, ნახშირბადის სასაზღვრო კორექტირების მექანიზმი (CBAM-Carbon Border Adjustment Mechanism) იმპორტირებულ პროდუქციაზე ნახშირბადის გადასახადის დასაწესებლად და სამართლიანი ტრანზიციის ფონდი (Just Transition Fund) იმ რეგიონების მხარდასაჭერად, რომელთა ეკონომიკა და დასაქმება მაღალი ემისიურ სექტორებზეა ორიენტირებული (EBRD, 2023).
საქართველოში მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, თუმცა, უკვე არსებობს ეროვნული „მწვანე ეკონომიკის სტრატეგია 2030“. აღნიშნული დოკუმენტი ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში მდგრადი პრაქტიკის დანერგვას ითვალისწინებს (მწვანე ეკონომიკის სტრატეგია თბ., 2030. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2022). მწვანე ტრანზიციის ეკონომიკური არსი ქვეყნის გარდაქმნაა დაბალემისიურ, მდგრად და ინკლუზიურ მოდელზე, სადაც გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ამოცანები ერთიანდება. ეს პროცესი მოიცავს ენერგეტიკულ დეცენტრალიზაციას, განახლებადი ენერგიის წილის ზრდას, ნარჩენების მართვას, ცირკულარული ეკონომიკის მექანიზმების დანერგვას, მწვანე ინვესტიციების სტიმულირებასა და შრომის ბაზრის განვითარებას ახალი პროფესიული უნარების შესაბამისად (Stern, 2007).
უცხოელი ავტორები მიიჩნევენ, რომ მწვანე ტრანზიცია გარემოსდაცვითი და ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლიობაა, რაც ხელს უწყობს ინოვაციების, ინვესტიციების და დასაქმების ზრდას (Jacobs, 2012). საქართველოსთვის გამოწვევას წარმოადგენს ფინანსური რესურსების შეზღუდვა, საკანონმდებლო ხარვეზები და მწვანე უნარების ნაკლებობა, რაც აფერხებს მწვანე ინვესტიციების ეფექტურ გამოყენებას (UNDP Georgia, 2022). ევროკავშირის რეკომენდაციები პროცესის წარმატებისთვის ენერგოეფექტურობის გაზრდას, განახლებადი ენერგიის ათვისებასა და სამართლიან სოციალურ პოლიტიკას ეფუძნება. ეს აუცილებელია ქვეყნის მდგრადი და თანაბარი განვითარების უზრუნველსაყოფად (European Commission, 2023).
პრობლემის თეორიული ანალიზი ცხადყოფს, რომ მწვანე ტრანზიციის წარმატება, საერთაშორისო პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან ერთად, ეროვნულ დონეზე ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას, ფინანსური სტიმულების შექმნას, კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეფუძნება (Stern, 2007).
მწვანე ტრანზიციების გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე
ევროკავშირის მწვანე შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ახალი შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების წინაშე დგას. გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირი კლიმატისთვის (UNDP-EU4Climate) კვლევის თანახმად, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის დარგების მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს 2030 წლისთვის ემისიების კლებას, ხოლო 2050 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლას (UNDP Georgia, 2024).
ენერგეტიკის მიმართულება მწვანე ტრანზიციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ძირითად წყაროს ჰიდრორესურსები წარმოადგენს, ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი კვლავ დიდწილად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე. არსებული შეფასებების მიხედვით, სექტორის დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის ათვისებას, ქსელების განახლებასა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დამკვიდრებას გულისხმობს (European Commission, 2023). ეს პროცესი საჭიროებს მასშტაბურ ინვესტიციებსა და ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც მწვანე პროექტებში კერძო სექტორის ჩართულობას შეუწყობს ხელს (EBRD, 2023).
ტრანსპორტის სექტორი მწვანე ტრანზიციის პროცესში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მიმართულებას წარმოადგენს. ავტომობილების მოძველებული პარკი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაბალი ელექტრიფიკაცია მნიშვნელოვნად ზრდის გარემოზე მავნე ზემოქმედებას. არსებული გეგმით, 2030 წლისთვის მთავარი მიზანი ელექტრომობილების პოპულარიზაცია, სატრანსპორტო ქსელის განახლება და მუნიციპალური სერვისების გამართული მუშაობაა, რაც ამ სფეროში ემისიების 15–20%-იან კლებას განაპირობებს (European Environment Agency, 2023). მდგრადი მობილობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საბიუჯეტო პროგრამების ამოქმედება, კერძო ინვესტიციების მოზიდვა და საინფორმაციო კამპანიების წარმოება, რაც ეკოლოგიური ტრანსპორტის სტიმულირებასა და ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობის სექტორს, მწვანე განვითარების პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მისი ძირითადი ამოცანები სათბური გაზების შემცირებას, ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ორგანული სასუქების გამოყენებას გულისხმობს. გარემოსდაცვითი სტანდარტების სრულად დანერგვის შედეგად, 2030 წლისთვის ამ სექტორში ემისიების 10–15%-ით კლებაა მოსალოდნელი. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მეცხოველეობისა და მეფრინველეობის დარგების მდგრადი მართვით, სურსათის წარმოების ეკოლოგიური პრაქტიკის დანერგვითა და ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით (OECD, 2023).
მწვანე ტრანზიციების პროცესში არსებული ძირითადი ეკონომიკურ გამოწვევებია:
• ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა: მწვანე პროექტების განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებას, რისი ნაკლებობაც ადგილობრივ ბაზარზე აფერხებს დაგეგმილ რეფორმებს (EBRD, 2023);
• საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზის სისუსტე: ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს მწვანე ინვესტიციების სრულყოფილ და ეფექტურ რეგულირებას (UNDP Georgia, 2022);
• კვალიფიციური კადრების დეფიციტი: ახალი ტექნოლოგიების დანერგვას აფერხებს ბაზარზე შესაბამისი სპეციალისტების ნაკლებობა, რასაც ემატება საზოგადოების მხრიდან ინოვაციური მიდგომების ათვისების დაბალი ტემპი (მწვანე ეკონომიკის სტრატეგია 2030, 2022).
აღნიშნული ბარიერების მიუხედავად, ევროკავშირის პროგნოზით, საქართველოს 2030 წლისთვის ემისიების 30–35%-ით შემცირების, ხოლო 2050 წლისთვის კლიმატურად ნეიტრალურ ეკონომიკაზე გადასვლის რეალური პოტენციალი აქვს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს თანმიმდევრულ სახელმწიფო პოლიტიკას, კერძო სექტორის აქტიურობას, საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას (European Commission, 2023).
მწვანე ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებებია:
• საკანონმდებლო ბაზისა და სტრატეგიული ჩარჩოს სრულყოფა ევროკავშირის სტანდარტებთანმიმართებით;
• მწვანე ინვესტიციების სტიმულირება ფინანსური მექანიზმებითა და საგადასახადო შეღავათებით;
• კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
• მწვანე ეკონომიკის პრინციპების პოპულარიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;
• მიზნობრივი სექტორული პროგრამების განხორციელება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
შესაბამისად, მწვანე ტრანზიცია უზრუნველყოფს როგორც კლიმატური მიზნების მიღწევას, ასევე, ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველოს განვითარების პერსპექტივები ევროკავშირის მწვანე შეთანხმების კონტექსტით
ევროკავშირის მწვანე შეთანხმება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების გრძელვადიან მიზნებს. ევროპული გამოცდილება ცხადყოფს, რომ მწვანე ტრანზიციის წარმატება, გარემოსდაცვითი სტანდარტების დამკვიდრებასთან ერთად, იმ პოლიტიკის გატარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალურ სტაბილურობას უზრუნველყოფს (European Commission, 2019).
საქართველოს პერსპექტივა (2030–2050 წწ.) ეკონომიკური სტრუქტურის განახლებასა და დაბალემისიური, მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. არსებული მონაცემებით, ენერგეტიკაში ალტერნატიული რესურსების ათვისება და ენერგოდამზოგავი ინიციატივების დანერგვა 2030 წლისთვის მავნე ემისიების 30–35%-ით კლებას უზრუნველყოფს, ხოლო 2050 წლისთვის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურ შემცირებას (UNDP Georgia, 2022).
ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია ითვალისწინებს ელექტროტრანსპორტის მხარდაჭერას, რკინიგზის სრულ ელექტრიფიკაციასა და ქალაქებში ეკომობილობის დანერგვას. თბილისის მაგალითმა აჩვენა, რომ ელექტროავტობუსების პარკის განახლებამ საგრძნობლად გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი და მგზავრობის ეფექტურობა, რაც საგულისხმოა სხვა რეგიონებისთვისაც (UNDP Georgia, 2024).
სოფლის მეურნეობის სექტორში სამომავლო სტრატეგია, ორგანული სასუქების გამოყენებაზე, ნარჩენების მეორად დამუშავებაზე, წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და გარემოსთან ადაპტირებული ტექნოლოგიების ათვისებაზეა ორიენტირებული. გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირი კლიმატისთვის (UNDP–EU4Climate) კვლევის მიხედვით, საქართველოში მოქმედი აგროპროექტების ნაწილი უკვე ამ პრინციპებით ხელმძღვანელობს, რაც ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და ზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზარზე (UNDP Georgia, 2024).
საქართველოში მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესი ეფუძნება კონკრეტულ სტრატეგიულ ნაბიჯებსა და წარმატებულ პრაქტიკულ მაგალითებს, რომელთა საფუძველზეც განსაზღვრულია მომავლის გეგმები 2050 წლამდე.
,,მწვანე’’ განვითარების პრაქტიკული მაგალითები საქართველოში:
• მცირე ჰიდროელექტროსადგურები: საერთაშორისო მხარდაჭერით რეალიზებული პროექტები, რომლებიც ადგილობრივი რესურსების ათვისებასა და ემისიების შემცირებას უწყობს ხელს;
• თბილისის ელექტროტრანსპორტის რეფორმა: წარმატებული ცვლილება, რომელმაც ჩაანაცვლა მოძველებული ავტოპარკი, გააუმჯობესა ჰაერის ხარისხი და საუკეთესო მაგალითი გახდა სხვა რეგიონებისთვის;
• მდგრადი აგროსექტორი: ორგანული სასუქების გამოყენება და ნარჩენების მართვის სისტემები, რაც ზრდის პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო ბაზრებზე.
2030–2050 წლების საქართველოს მწვანე განვითარების პროგნოზები:
• 2030 წელი – სათბური გაზების 30–35%-ით შემცირება, ენერგეტიკულ სექტორში მწვანე ინვესტიციების ათვისება, ელექტრომობილების წილის ზრდა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;
• 2040 წელი – ენერგეტიკული ქსელის დეცენტრალიზაცია, ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოინფრასტრუქტურის მოწყობა და მწვანე ინდუსტრიებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
• 2050 წელი – სრული კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევა, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიისა და მდგრადი აგროსისტემების სრული ინტეგრაცია; საქართველო ყალიბდება მწვანე ეკონომიკის წამყვან რეგიონულ ცენტრად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მწვანე ტრანზიცია საქართველოსთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს. ის, ემისიების შემცირებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის სრულ რეალიზებას უწყობს ხელს. მდგრადი განვითარების მიღწევა მხოლოდ სისტემური მიდგომის, ინოვაციური ხედვისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ერთიანი კონტექსტითაა შესაძლებელი.
დასკვნები და რეკომენდაციები
ევროკავშირის მწვანე შეთანხმება წარმოადგენს მასშტაბურ პოლიტიკურ პლატფორმას, რომელიც 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევასა და ეკონომიკური დარგების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად. საქართველოსთვის ეს პროცესი მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებას არ გულისხმობს, ის ქვეყნის მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. აღნიშნული გზა სიღრმისეულ რეფორმებს, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას მოითხოვს.
კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მწვანე ტრანზიცია საქართველოში ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში აშკარად შეინიშნება პროგრესი: ენერგოეფექტურობის პროექტების განხორციელება, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა, სატრანსპორტო სექტორის გარემოსდაცვითი გარდაქმნა და აგრარული წარმოების მდგრადი მოდელების დანერგვა. მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება მწვანე სექტორებში დაბალი საინვესტიციო აქტივობა, არასაკმარისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და რეგულაციების დარღვევა, რაც აფერხებს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ ინტეგრაციას.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება პოლიტიკის თანმიმდევრულობას, ინკლუზიურობასა და საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერებას მოითხოვს. საქართველოს რეალობაში, მწვანე ტრანზიციის წარმატება სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში ინვესტიციების სტიმულირება, რაც აამაღლებს ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას და შეამცირებს დამოკიდებულებას იმპორტირებულ ენერგორესურსებზე.
საქართველოში უკვე არსებობს წარმატებული გამოცდილების მაგალითები, რაც მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვან პრეცედენტებს ქმნის. მაგალითად, UNDP-ისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამა („EU4Climate“,2022) ხელს უწყობს კლიმატის პოლიტიკის ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებას, ადგილობრივ თვითმმართველობებში ენერგოეფექტიანობის სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესსექტორში მწვანე ინოვაციების მხარდაჭერას. მსგავსი ინიციატივები ქმნის საფუძველს, რომ ქვეყანამ თანდათან დააკმაყოფილოს ევროკავშირის ეკოლოგიური ნორმები და მოახდინოს მწვანე ინვესტიციების მობილიზება. თუმცა, კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, ფინანსური რესურსების დეფიციტი, საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე და ადმინისტრაციული ბარიერები მიზნობრივი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს.
განსაკუთრებით პრიორიტეტულია ,,მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტების’’ დანერგვა, რაც კერძო ინვესტორებისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე პროექტებში მონაწილეობის დამატებით მოტივაციას შექმნის. ამასთანავე, აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაცია, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მწვანე ეკონომიკისთვის საჭირო პროფესიული და ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზე (UNDP Georgia,2024).
ამდენად, საქართველოსთვის მწვანე ტრანზიცია, გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასთან ერთად, ეკონომიკური განვითარების ახალ პერსპექტივას წარმოადგენს. მწვანე პოლიტიკის რეალიზება ხელსაყრელ პირობებს ქმნის თანამედროვე ინდუსტრიების განვითარების, ექსპორტის გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების ზრდისთვის. ამავდროულად, ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ენერგეტიკული პოტენციალი და ევროპული ინტეგრაციის პროცესი იძლევა შესაძლებლობას, საქართველო მწვანე ინოვაციების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
ყოველივე აღფნიშნულთან ერთად კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა მწვანე ტრანზიციის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა რეალიზება მნიშვნელოვანია საქართველოს მწვანე ტრანზიციის პროცესში:
• ეროვნული პოლიტიკის ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან - აუცილებელია „მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ძირითადი დოკუმენტების, მათ შორის, Fit for 55 პაკეტის პრინციპების ეტაპობრივი ინტეგრაცია საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოში;
• საფინანსო მექანიზმების განვითარება: კერძო სექტორის მხარდასაჭერად მიზანშეწონილია დაბალპროცენტიანი „მწვანე“ სესხების, საგარანტიო ფონდებისა და საგადასახადო შეღავათების დანერგვა. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში;
• ინოვაციებისა და კვლევის მხარდაჭერა: საჭიროა მწვანე ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრების დაფინანსება და აკადემიური სექტორის აქტიური ჩართვა ინოვაციურ პროექტებში, განსაკუთრებით, ენერგოეფექტიანურობისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით;
• საჯარო ცნობიერების ამაღლება: საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება ყველა საფეხურზე ხელს შეუწყობს მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ზრდას და საზოგადოებაში ქცევის კულტურის დამკვიდრებას;
• რეგიონული თანამშრომლობა: საქართველომ უნდა გააძლიეროს პარტნიორობა შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საერთო ეკოლოგიური სტანდარტების შესამუშავებლად. ეს გაზრდის ეროვნული ეკონომიკის მდგრადობას გლობალური კლიმატური გამოწვევების ფონზე.
ამრიგად, საქართველოს მიზანი - ევროპული სტანდარტების დანერგვასთან ერთად, მდგრად განვითარებაზე, ინოვაციებსა და სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაა. შესაბამისად, ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო კლიმატურ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრების ერთერთი მთავარი წინაპირობაა.
Keywords: Green transition, European Green Deal, Energy, Sustainable development, Environmental protection.
JEL Codes: Q54, Q58, F15, O13, Q16, Q42, Q43
ლიტერატურა:
References:
• გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (2022). მწვანე ეკონომიკის სტრატეგია 2030., თბ.
• Ministry of Environment Protection and Agriculture (2022). Mwvane Ekonomikis Strategia – 2030. [Green Economy Strategy 2030.] in Georgian
• Berishvili Kh. (2024). ,,Implementation of the Concept of Business Social Responsibility in the Political Systems of Social Democracy’’. World Economy and International Economic Relations, Volume 3, 2020.
• Berishvili Kh. (2024). ,, The Influence of Relativism and Universalism on the Formation of Ethical Standards. Publisher.Agency: Proceedings of the 8th International Scientific Conference «Interdisciplinary Science Studies» (January 23-24, 2025). Dublin, Ireland, 2025. 174p.
• Berishvili Kh. (2025). „Green Economy“ and Sustainable Development Indicators. European Research Materials, (5). Retrieved from https://ojs.scipub.de/index.php/ERM/article/view/2979
• Dai L., &. Clements L, & Meng A. & B. Schuck et al. (2025). Investing in the Green Economy 2025. London Stock Exchange Group (LSEG). https://www.lseg.com/content/dam/lseg/en_us/documents/sustainability/investing-in green economy-2025.pdf.
• European Bank for Reconstruction and Development (EBRD). (2023). Green Economy Transition Approach 2021–2025. London: EBRD Publications.
• European Commission. (2019). The European Green Deal. Brussels: European Commission.
• European Commission. (2021). Fit for 55: Delivering the EU’s 2030 Climate Target on the Way to Climate Neutrality. Brussels: European Commission.
• European Commission. (2023). European Green Deal Progress Report. Brussels: European Commission.
• European Environment Agency. (2023). Trends and Projections in Europe 2023: Tracking Progress Towards Europe’s Climate and Energy Targets. Luxembourg: Publications Office of the European Union.
• Fursman L. (2025). The Climate Paradox: Why We Need to Reset Action on Climate Change. Tony Blair Institute for Global Change. https://institute.global/insights/climate-and-energy/the-climate-paradox-why-we-need-to-reset-actionon-climate-change.
• International Energy Agency (IEA). (2025). Sustainable Transport for Georgia: A Roadmap. Paris: IEA. https://www.iea.org/reports/sustainable-transport-for-georgia-a-roadmap.
• Jacobs Michael. (2012). Green Growth: Economic Theory and Political Discourse. London: LSE Research Online.
• Organisation for Economic Co-operation and Development (OECD). (2023). Green Growth Indicators 2023. Paris: OECD Publishing.
• Pearce D., & Markandya A., & Barbier E. (1989). Blueprint for a Green Economy. London: Earthscan Publications.
• Shengelia T., & Berishvili Kh. (2019). Green Economy and Priorities of Biogeocentrism. 2nd International Conference on Applied Research in Management, Economics and Accounting, 5-7 June, 2019 - Brussels, Belgium.
• Shengelia T., & Berishvili Kh. (2020). Methodology of Social Entrepreneurship Research and its Influence on Countries with Small Economy. International Journal of Social and Humanities Sciences, Volume: 4 Issue: 3, 181 - 190, 31.12.2020.
• Shengelia T., & Berishvili Kh. (2024). ,, World Trends of Small Business Development and the Reality of Georgia’’. Proceedings of the 5th International Scientific Conference «Research Reviews», Prague, Czech Republic.
• Stern N. (2007). The Economics of Climate Change: The Stern Review. Cambridge: Cambridge University Press.
• UNDP Georgia. (2024). EU4Climate: Georgia’s Readiness for the European Green Deal Assessment Report. Tbilisi: United Nations Development Programme.
• World Bank. (2022). Georgia Country Climate and Development Report. Washington, DC: World Bank Publications.