English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ ლალი ხიხაძე ∘
XXI საუკუნის გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები: მწვანე ბიზნესის განვითარების აუცილებლობა და პერსპექტივები

doi.org/10.52340/eab.2025.17.04.05 

ჟურნალი N 4. 2025

ნაშრომში განხილულია თანამედროვეობის აქტუალური საკითხი გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები და მწვანე ბიზნესის განვითარების პერსპექტივები. გამოკვეთილია ბუნებრივი გარემოს ეკოლოგიურ პრობლემათა რთული ჯაჭვი და კატეგორიები, მისი გამოწვევები და მასშტაბები. კერძოდ, წყლის დაბინძურება და დეფიციტი, ნიდაგის დეგრადაცია, ურბანიზაციის ზრდა, ტყეების განადგურება და ეროზია, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და ბუნებრივი ლანდშაფტებისათვის საფრთხეების შექმნა, ოზონის შრის დაზიანება და შემცირება, ატმოსფეროს ტოქსიკური დაბინძურება და კლიმატის რადიკალური ცვლილებები, გლობალური დათბობა და სხვა ანომალიური პრობლემები.
XXI საუკუნემ მოიტანა კარდინალური გლობალური ცვლილებების აუცილებლობა ბუნებრივ გარემოში. ცივილიზებულმა საზოგადოებამ დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ ვერანაირი ეკონომიკური ზრდა და აღმავლობა ვერ მოუტანს კაცობრიობას პროგრესს, თუ უგულებელყოფილი იქნება ადამიანი და არ იქნება შენარჩუნებული ბალანსი ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებასა და ბუნებრივ გარემოში არსებულ კანონზომიერებას შორის.
თანამედროვე ეტაპზე გლობალური ეკოლოგიური პრობლემებია: ბუნებრივი გარემოს კატასტროფული დაბინძურება, ბიომრავალფეროვნების შემცირება; კაცობრიობის საარსებო რესურსებით უზრუნველყოფის დეფიციტი, ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ხე-ტყის, ფერადი ლითონების ამოწურვა, წყლის რესურსების ნაკლებობა და დაბინძურების მაღალი ხარისხი, გლობალური დათბობა, ოზონის ხვრელები, სათბურის ეფექტი, რაც გულიხმობს გლობალური ტემპერატურის ზრდას 1,5-2°C-ზე მეტით. განვითარებული ქვეყნები კლიმატის ცვლილებებში წონასწორობის მიღწევას 2030-2040 წლისთვის მზის, ქარის, ბიომასის და სხვა „მწვანე ბიზნესის“ წყაროებზე გადასვლით გეგმავენ.
გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მიმართ ცალმხრივი იდეოლოგიური მიდგომები უნდა გამოირიცხოს. რთული ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა კომპლექსურ, სისტემურ მიდგომას მოითხოვს, რაც გულისხმობს, რომ ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა (ლ.ხიხაძე, 2024).
ეკოლოგიური სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებად ასევე აღიარებულია ,,მწვანე ბიზნესის’’ განვითარებაზე გადასვლა. ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების განვითარებისათვის ეკოლოგიური უსაფრთხოების შექმნას, ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მის გამდიდრებას.
თანამედროვე ,,მწვანე ბიზნესის’’ განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს განახლებადი ენერგეტიკულ რესურსების გამოყენებაზე გადასვლა. დღეისათვის მსოფლიოს ენერგეტიკული ბალანსი ასეა განაწილებული: ნავთობზე მოდის მოხმარების 36%, ბუნებრივ აირზე-28%, ქვანახშირზე-18%, ჰიდრორესურსებზე-14%, ატომურ ენერგეტიკაზე-3%, ალტერნატიულ განახლებად ენერგორესურსებზე - კი 1%. სწორედ ორგანული სათბობი რესურსების ინტენსიური გამოყენება იწვევს დედამიწაზე სითბური ეფექტის ზრდას და გლობალური დათბობის პროვოცირებას, ამასთან, ეს წყაროები ამოწურვად და არაგანახლებად კატეგორიას განეკუთვნება, ამდენად, ადრე თუ გვიან, კაცობრიობას მოუწევს მათი ჩანაცვლება ალტერნატიული განახლებადი რესურსებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ყოველწლიური ნავთობის მოპოვება მსოფლიოში შეადგენს 3,4 მლრდ ტონას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნავთობის მსოფლიო მარაგი შეფასებულია 140 მლრდ ტონად, გრძელვადიან პერსპექტივაში მკვეთრად გაიზრდება ფასები ნავთობზე და ნავთობის მარაგის ამოწურვის საშიშროება იქმნება, რადგანაც თანამედროვე მოპოვების თვალსაზრისით, ნავთობის მარაგის მოხმარება საკმარისი იქნება 40-50 წლის განმავლობაში.
ბუნებრივი აირის მოპოვება 2-3 ტრლნ მ3 შეადგენს, საპროგნოზო მაჩვენებლებით ნავარაუდევია, რომ ბუნებრივი აირის მოხმარების ხვედრითი წილი 2030 წლისათვის მაქსიმუმს მიაღწევს, რაც მიგვანიშნებს ფასების ზრდასა და ბუნებრივი აირის მარაგების შემცირებაზე (ლ. ხიხაძე, 2023).
თანამედროვე მსოფლიოში, სათბობ-ენერგეტიკული სისტემის განვითარების დინამიკა და ზემოთაღნიშნული ტენდენციები, მიუთითებს ახალი ეტაპის დასაწყისზე, რომელიც ხასიათდება ნაწილობრივი გადასვლით ტრადიციული ორგანული წარმოშობის სათბობი (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა) ენერგორესურსების მოხმარებიდან, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე. კერძოდ, ენერგორესურსებზე მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით, გარკვეული როლი ეკისრება განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა წყაროებს: ჰიდრორესურსებს, გეოთერმული წყლებს, მზის, ქარის, ბიომასისა და ზღვის ტალღების ენერგიას. აღნიშნული არატრადიციული განახლებადი რესურსების ათვისება და მათი რაციონალური გამოყენება ახლო მომავალში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნებისმიერი ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკის კომპლექსს. ალტერნატიული რესურსები, ორგანული წარმოშობის რესურსებისაგან, განსხვავდება ორი მნიშვნელოვანი თვისებით: ის პრაქტიკულად ამოუწურავია(განახლებადია), მისი გამოყენება ეკოლოგიურ წონასწორობას არ არღვევს და გლობალურ გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს ( ლ. ხიხაძე, 2023).
გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები და მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მდგომარეობა ისეა ერთმანეთთან ურთიერთდაკავშირებული, რომ მიზანშეწონილია გლობალური, რეგიონული და ეროვნული ეკონომიკების თავისებურების გათვალისწინება, რადგანაც ის არის ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზა, დაფუძნებული ბუნებრივი გარემოს სტაბილურ და უსაფრთხო მდგომარეობაზე, რაც მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს, როგორც თანამედროვე ცივილიზებული კაცობრიობის ინტერესებს ასევე, მომავალი თაობების მდგრადი განვითარების პერსპექტივებს.

საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკოლოგიური გამოწვევები, მწვანე ბიზნესი, მდგრადი განვითარება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნება.

 

Keywords: Global environmental challenges; green business; sustainable development; global warming; biodiversity
JEL Codes: Q01, Q54, Q56, Q42, Q32

 

ლიტერატურა:
• დვალიშვილი ლ. (2017). გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები. სამეცნიერო კონფერენცია - „ეკონომიკური განვითარების სტრუქტურული და ინოვაციური პრობლემები“. პ.გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი, სამეცნიერო შრომების კრებული. თბ. TSU, E ISSN 2587-4691
• დვალიშვილი ლ. (2019). გარემოს დაცვის ეკოლოგიური პრობლემები, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე ეკონომიკის“ ჩამოყალიბების თანამედროვე პრობლემები - მასალების კრებული, თბილისი.
• ხიხაძე ლ. (2023). განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენება, როგორც მდგრადი ეკონომიკის განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორი. VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, სამეცნიერო ნაშრომების კრებული, თბილისი, 3-4 ნოემბერი.
• ხიხაძე ლ. (2024). ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის ეკოლოგიური პრობლემები მსოფლიოში და მათი დაძლევის გზები. თსუ-ის 106-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „მსოფლიო ეკონომიკა პანდემიის შემდგომ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები“, სამეცნიერო ნაშრომების კრებული, თბილისი, 7 თებერვალი.
• შენგელია თ. (2020). გლობალური ბიზნესი (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი,
• www.wikipedia.org.ge.
• http://www. Unece.org/env/epr/
• www.rec.org

References:
• Dvalishvili L. (2017). garemos dacvis ekonomikuri problemebi [Economic Problems of Environmental Protection. TSU, Paata Gugushvili Institute of Economics, Int. Scientific. Conference “Structural and Innovative Problems of Economic Development” in the Collection of Papers. Tb., TSU, E ISSN 2587-4691], in Georgian.
• Dvalishvili L. (2019). Garemos dacvis ekologiuri problemebi [Ecological Problems of Environmental Protection. Collection of Materials of the International Scientific Conference Dedicated to the 75th Anniversary of the Paata Gugushvili Institute and the 10th Anniversary of the Journal “Economist”, Modern Problems of the Formation of “Green Economy”, Tbilisi]; in Georgian.
• Khikhadze L. (2023). Ganaxlebadi energetikuli resursebis efeqtiani gamoyeneba mdgradi ekonomikis ganvitarebis ganmsazrvreli faqtori [Effective use of Renewable Energy Resources as a Determining Factor for the Development of a Sustainable Economy. VIII International Scientific Conference “Challenges of Globalization in Economics and Business” in Collection of Scientific Papers, Tbilisi, November 3-4.] in Georgian
• Khikhadze L. (2024). msoflioshi bunebrivi garemos degradaciis ekologiuri problemebi da misi dazlevis gzebi [Ecological Problems of Natural Environment Degradation in the World and Ways to Overcome it. In the Collection of Scientific Papers of the National Scientific Conference Dedicated to the 106th Anniversary of TSU, “World Economy in the Post-Pandemic Period: Results and Challenges,” Tbilisi, February 7.] in Georgian.
• Shengelia T. (2020). Globaluri Biznesi [Global Business (Handbook), Publishing House ,, Universal’’, Tbilisi.] in Georgian
• www.wikipedia.org.ge.
• http://www. Unece.org/env/epr/
• www.rec.org