ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ბაქრაძე ∘ გეოეკონომიკური პოლიტიკის ისტორიული ტრანსფორმაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების თემური მოდელი XXI საუკუნის გამოწვევების ფონზეdoi.org/10.52340/eab.2025.17.04.04
ჟურნალი N 4. 2025
გლობალური გეოეკონომიკური სისტემის სწრაფი ტრანსფორმაციის ფონზე საქართველოს წინაშე დგას სტრატეგიული ამოცანა - განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური განვითარების დამოუკიდებელი მოდელი, რომელიც მოახდენს შიდა რესურსების ეფექტიან მობილიზებას და შეამცირებს გარე შოკებზე დამოკიდებულებას.
ნაშრომი მიმოიხილავს გეოეკონომიკური პოლიტიკის ისტორიულ განვითარებას შუა საუკუნეებიდან დღემდე და აჩვენებს, რომ ყოველი პოლიტიკური გარდატეხა ეკონომიკური სტრუქტურის ცვლილებით არის წინმსწრები.
ამ კონტექსტით წარმოდგენილია „თემური ეკონომიკური სისტემის მოდელი საქართველოში“ - ინოვაციური მიდგომა, რომელიც ემყარება ეკონომიკური დეცენტრალიზაციისა და მოქალაქეთა თანასწორი მონაწილეობით მართვის პრინციპებს. მოდელი მიზნად ისახავს თემების, ქალაქების, ემიგრანტებისა და სიმბოლურად დარეგისტრირებული ოკუპირებული სოფლების ეკონომიკურ ჩართვას, რაც ქმნის სამართლიანი განაწილების და სოციალური ინტეგრაციის მექანიზმს.
სტატიაში დასაბუთებულია, რომ აღნიშნული მოდელი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ პასუხს გლობალურ გამოწვევებზე და საჭიროებს სახელმწიფოს, მეცნიერებათა აკადემიისა და კერძო სექტორის თანამშრომლობით შექმნილ სამთავრობო კომისიას, რომელიც მის სამართლებრივ, ფინანსურ და სტრატეგიულ განხორციელებას უზრუნველყოფს.
საკვანძო სიტყვები: გეოეკონომიკური პოლიტიკა, ტრანსფორმაცია, თემური მოდელი, ღირებულების ჯაჭვი, კონფრონტაციული გლობალიზაცია, საქართველო.
შესავალი
მსოფლიო ეკონომიკური სისტემის განვითარება ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოთა ურთიერთქმედების ძირითად მამოძრავებელს.
თუ გეოპოლიტიკა ისტორიულად აღწერდა სახელმწიფოების ურთიერთობას სივრცეში - საზღვრების, გავლენის ზონების და სამხედრო ბალანსის ჭრილით -
გეოეკონომიკა შეისწავლის იმავე პროცესს ეკონომიკური რესურსების, ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ფინანსური გავლენის მეშვეობით.
დღეს, XXI საუკუნის გლობალური არასტაბილურობის პირობებში, გეოეკონომიკური მიდგომა გახდა სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი. სწორედ ამიტომ, გეოეკონომიკური პოლიტიკის სწორი ფორმირება მცირე სახელმწიფოებისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს -განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მდებარეობენ გეოპოლიტიკური დაპირისპირების კონტაქტურ ზონაში, როგორიც საქართველოა.
ისტორია ცხადყოფს, რომ გეოეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება ყოველთვის თანხვდებოდა სამყაროს სტრუქტურული გარდაქმნების პერიოდებს. შუა საუკუნეებიდან დღემდე გეოეკონომიკის ტრანსფორმაცია განსაზღვრავდა არამხოლოდ სახელმწიფოთა სიმძლავრეს, არამედ, მათი საზოგადოების ტიპსაც - მონარქიულიდან ინდუსტრიულზე, ინდუსტრიულიდან საინფორმაციოზე, ხოლო დღეს უკვე - ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე.
წინამდებარე სტატია წარმოადგენს თემურ-კორპორაციული ეკონომიკური სისტემის მოდელის კონცეპტუალურ ანალიზს, რაც მომდინარეობს უფრო ფართო კვლევითი პროექტიდან. ის განიხილება როგორც საწყისი ჩარჩო, რომლის შემდგომი განვითარება და საბოლოო ფორმირება დაგეგმილია სამთავრობო, აკადემიური და ფინანსური წრეების ჩრთულობით. სტატიის მიზანია მოდელის ძირითადი ინსტიტუციური და ეკონომიკური ლოგიკის წარმოდგენა აკადემიური დისკუსიისთვის.
გეოეკონომიკური პოლიტიკის ისტორიული ტრანსფორმაცია
შუა საუკუნეები - სავაჭრო იმპერიების ეპოქა
შუა საუკუნეებში გეოეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპი ეფუძნებოდა სავაჭრო გზების კონტროლს. ეკონომიკური ძალაუფლება განისაზღვრებოდა იმით, ვინ ფლობდა ზღვებს, პორტებსა და სახმელეთო დერეფნებს. ვენეცია, გენუა, ოსმალეთი და შემდეგ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში - ესპანეთი და პორტუგალია იყვნენ იმ დროის გეოეკონომიკური ლიდერები. ამ პერიოდში გეოეკონომიკური პოლიტიკა იყო მკვეთრად მერკანტილისტური: სახელმწიფოები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ოქროსა და ვერცხლის რეზერვები, შეეზღუდათ იმპორტი და გაეზარდათ ექსპორტი. სწორედ ამ მოდელის საფუძველზე ჩამოყალიბდა პირველი სახელმწიფოებრივი ეკონომიკური ინტერესების სისტემა, რომელიც სამხედრო ექსპანსიას პირდაპირ აკავშირებდა ეკონომიკურ მიზნებთან.
საქართველო ამ დროს წარმოადგენდა იმავე გეოეკონომიკურ რგოლს, რაც დღეს არის - ევროპასა და აზიას შორის გამტარ დერეფანს. აბასიდების, ბიზანტიისა და სპარსეთის ეკონომიკური დომინაციის პირობებში, საქართველოს გავლით მიმდინარეობდა „აბრეშუმის გზის“ მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რაც ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობის წყარო იყო. თუმცა, ამ ეპოქაში ქვეყნის დაშლა ფეოდალურ სამთავროებად, ხელს უშლიდა ეროვნული ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქა - წარმოების გეოეკონომიკა
XVIII–XIX საუკუნეებში გეოეკონომიკური პოლიტიკა გადავიდა ინდუსტრიულ ფაზაში. ენერგიის ახალი წყაროები, მასობრივი წარმოება და ტრანსპორტის განვითარება (რკინიგზა, ორთქლმავალი) ჩამოყალიბდა როგორც ეკონომიკური ძალაუფლების ახალი საფუძველი. ამ პერიოდში გაჩნდა ეროვნული ინდუსტრიული სახელმწიფოები - ბრიტანეთი, შემდეგ საფრანგეთი, გერმანია, აშშ, რომლებმაც შექმნეს წარმოების გლობალური ცენტრები. გეოეკონომიკური პოლიტიკის მიზანი გახდა არამხოლოდ რესურსების დაგროვება, არამედ მათი გარდაქმნა პროდუქტად - წარმოებისა და შრომის ორგანიზაციის გზით. ეკონომიკური ძლიერება პირველად დაუკავშირდა ტექნოლოგიასა და შრომის პროდუქტიულობას.
საქართველო ამ პროცესში ჩაერთო იმპერიული ჩარჩოს ფარგლებში - რუსული ეკონომიკური სივრცის ნაწილად. ამიტომაც არ მოხდა ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება, თუმცა ქვეყნის გეოეკონომიკური პოტენციალი კვლავ რჩებოდა ტრანსპორტის, ენერგიისა და მეტალურგიის მიმართულებით.
პოსტინდუსტრიული გარდაქმნა - გლობალიზაციის დასაწყისი
XX საუკუნის მეორე ნახევარში გეოეკონომიკური პოლიტიკა გადავიდა ახალ ფაზაში - გლობალიზაციაში. საერთაშორისო კორპორაციებმა შეცვალეს კლასიკური სახელმწიფოებრივი ეკონომიკის ლოგიკა. მოხდა წარმოების გლობალიზაცია, კაპიტალი გახდა მობილური, ხოლო ფინანსური ბაზრები - დომინანტი. უკვე მთავარი მიზანი აღარ იყო მხოლოდ პროდუქტის წარმოება, არამედ, ღირებულების ჯაჭვის კონტროლი - რესურსიდან გაყიდვამდე. ამან შეცვალა მსოფლიო ეკონომიკური ბალანსი: წამყვანი ქვეყნები იქცნენ არამხოლოდ მწარმოებლებად, არამედ, საინფორმაციო და ფინანსურ ცენტრებად.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აღმოჩნდა ახალი გეოეკონომიკური წესრიგის პერიფერიაზე, სადაც ჯერ არ არსებობდა სტაბილური ინსტიტუციური ბაზა და არც გრძელვადიანი ეკონომიკური ხედვა. ქვეყანა, ფაქტობრივად, გადაიქცა „გავლენების სივრცედ“, სადაც გარე ძალები - დასავლეთი და რუსეთი - ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავდნენ.
ეს არის პერიოდი, როდესაც გეოეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში თითქმის არ არსებობდა, იყო მხოლოდ სტიქიური ბაზრის ფორმა და საბიუჯეტო ეკონომიკა.
XXI საუკუნე - კონფრონტაციული გლობალიზაცია
დღეს გლობალიზაცია გადავიდა იმ ფაზაში, რასაც მკვლევრები უწოდებენ „კონფრონტაციულ გლობალიზაციას“ (მექვაბიშვილი, 2025). მსოფლიო ეკონომიკა დაიყო გავლენის ზონებად: ამერიკულ-ევროპული ლიბერალური მოდელი, ჩინურ-აზიური სახელმწიფო-კაპიტალიზმი და ევრაზიული ინტეგრაციული მოდელი ერთმანეთს ეჯიბრებიან. გეოეკონომიკური კონკურენცია მოიცავს:
• ენერგეტიკულ რესურსებზე კონტროლს,
• ტრანსპორტისა და დერეფნების მფლობელობას,
• ტექნოლოგიური ბაზრების მონოპოლიას,
• საინფორმაციო სივრცის დომინირებას.
ამ პირობებში მცირე სახელმწიფოებს, როგორიც საქართველოა, აღარ ძალუძთ მხოლოდ „ნეიტრალიტეტის პოლიტიკა,“ მათ სჭირდებათ ინოვაციური ეკონომიკური მოდელი, რომელიც შიდა განვითარებას და გარე ჩართულობას დააბალანსებს. ეს მოდელი უნდა ეფუძნებოდეს თვითორგანიზებას, ადგილობრივ რესურსებსა და ეკონომიკურ დემოკრატიას -სწორედ ამას წარმოადგენს თემური ეკონომიკური სისტემა.
თანამედროვე გეოეკონომიკური გამოწვევები და საქართველოს განვითარების შესაძლებლობები
გლობალური სისტემური გარდაქმნა
XXI საუკუნის დასაწყისიდან, გლობალური ეკონომიკა გადავიდა ტრანსფორმაციის ისეთ ფაზაში, სადაც ეკონომიკური ბალანსი აღარ განისაზღვრება მხოლოდ ფინანსური სიმძლავრით ან ტექნოლოგიური პროგრესით.
დღეს ფორმირდება ახალი გეოეკონომიკური წესრიგი, რომლის სტრუქტურაც ეფუძნება ენერგეტიკული, ტექნოლოგიური და საინფორმაციო ქსელების კონტროლს. ამ ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი გახდა ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მცირე გლობალურ ბირთვში - განვითარებულ სახელმწიფოებსა და მათ მიერ შექმნილ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში.
ეს ქმნის პარადოქსს: მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტემპი იზრდება, მაგრამ გლობალური უთანასწორობაც იზრდება. სწორედ ამიტომ გაჩნდა ტერმინი - „გლობალური ზრდის პარადოქსი“, როდესაც ეკონომიკური ზრდა არ იწვევს სოციალური თანასწორობის ზრდას. ამ პარადოქსმა ახალი ტიპის საფრთხეები შექმნა, მათ შორის:
• სოციალური პოლარიზაცია
• ეროვნული ეკონომიკის უცხო კაპიტალზე დამოკიდებულება
• ადგილობრივი ინდუსტრიების განადგურება გლობალური კონკურენციის შედეგად.
ეს ტენდენციები განსაკუთრებით მძაფრად აისახება მცირე ეკონომიკებზე, სადაც შიდა ბაზრის მასშტაბი შეზღუდულია და ეროვნული წარმოების სტიმულირება ვერ ახერხებს თვითკმარობის მიღწევას.
გეოეკონომიკური ცენტრების გადანაცვლება
დღეს, მსოფლიო ეკონომიკის მთავარი ღერძი დასავლეთიდან ნაწილობრივ გადადის აღმოსავლეთში. ჩინეთის, ინდოეთის, სამხრეთ კორეისა და ინდონეზიის ეკონომიკებმა დაიკავეს წამყვანი პოზიციები მსოფლიო წარმოებაში. ეს ნიშნავს, რომ გლობალური ღირებულების ჯაჭვი აღარ არის ერთპოლარული. გეოეკონომიკური კონკურენცია ახლა მიმდინარეობს სამ ძირითად მოდელს შორის:
1. ლიბერალური მოდელი, რომელიც ეფუძნება ბაზრის თავისუფლებას, კერძო კაპიტალსა და ღია ვაჭრობას (აშშ, ევროკავშირი).
2. სახელმწიფო-კაპიტალისტური მოდელი, რომელიც ემყარება სახელმწიფო კონტროლს და სტრატეგიულ სექტორებში სახელმწიფო კაპიტალის მონაწილეობას (ჩინეთი, კორეა).
3. ჰიბრიდული მოდელი, რომელიც აერთიანებს ადგილობრივი თემების მონაწილეობას, შიდა რესურსების მართვას და გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია).
4. სწორედ მესამე მოდელი შეიძლება გახდეს მცირე სახელმწიფოების განვითარების მთავარი გზა – მათ შორის, საქართველოსთვისაც.
ეს არის „დეცენტრალიზებული განვითარება“, სადაც თითოეული ტერიტორიული ერთეული საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალს ავითარებს, ხოლო სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ სტრატეგიულ კოორდინაციას.
საქართველო გლობალური ცვლილებების ფონზე
საქართველო, გეოეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ქვეყანაა. ის მდებარეობს ოთხი განსხვავებული ეკონომიკური სივრცის - ევროპის, აზიის, რუსეთისა და შუა აღმოსავლეთის გადაკვეთის წერტილში. ეს გეოგრაფიული პოზიცია, ისტორიულად აძლევდა ქვეყანას გამტარ-დერეფნის ფუნქციას, თუმცა თანამედროვე რეალობაში ეს რესურსი ჯერ ბოლომდე გამოყენებული არ არის. საქართველოს ეკონომიკა დღემდე რჩება მაღალი გარე დამოკიდებულების მქონედ:
• ენერგეტიკული რესურსების 70% იმპორტირებულია;
• ექსპორტის 60%-ზე მეტი დაკავშირებულია დაბალი დამატებითი ღირებულების პროდუქტებთან;
• სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების წილი მშპ-ში კვლავ მცირეა.
გლობალური ეკონომიკური შოკები, პანდემია, რუსეთის აგრესია უკრაინაში და რეგიონული ენერგეტიკული დაძაბულობები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ქვეყანას ესაჭიროება შიდა ეკონომიკური სტრუქტურის გადახედვა და თემზე დაფუძნებული განვითარების ახალი არქიტექტონიკა.
დერეფნების პოლიტიკა და გეოეკონომიკური შანსი
მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, საქართველო ფლობს უნიკალურ სტრატეგიულ აქტივს - ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დერეფნების პოტენციალს. გეოეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა შეიძლება იქცეს არამხოლოდ გამტარ ქვეყნად, არამედ რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად, სადაც ხდება დამატებითი ღირებულების შექმნა. ასეთი მოდელის წარმატება დამოკიდებულია:
• სატრანსპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურის განახლებაზე;
• ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდაზე;
• ადგილობრივი წარმოების სტიმულირებაზე;
• დეცენტრალიზებულ ეკონომიკურ მართვაზე.
მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება საკმარისი არ არის, ასევე საჭიროა სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა თემების დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის პირდაპირ ჩართულობას ეკონომიკაში. ამ გზით შესაძლებელი იქნება არამხოლოდ გეოეკონომიკური პოზიციის გამყარება, არამედ შიდა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
სოციალური გამოწვევა - დემოგრაფია და ემიგრაცია
საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის ყველაზე სუსტი რგოლი დემოგრაფიული და სოციალური კრიზისია. განსაკუთრებით მწვავეა დაცლილი სოფლების პრობლემა და მუდმივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურას თანდათან აცლის შრომით და ინტელექტუალურ რესურსს. გლობალური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეკონომიკური მოდელი ვერ იქნება მდგრადი, თუ მასში მოსახლეობის ფართო მასა არ არის ჩართული. სწორედ ამიტომ, თანამედროვე გეოეკონომიკური პოლიტიკის მთავარი გამოწვევა საქართველოსთვის არის ეკონომიკური ჩართულობის აღდგენა — მოქალაქეების დაბრუნება ეკონომიკურ ციკლში აქციონერების, ინვესტორებისა და შემოქმედი სუბიექტების სახით. ეს მიზანი ვერ მიიღწევა მხოლოდ საბაზრო რეგულაციებით - საჭიროა სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გარდაქმნის საკუთრებისა და მართვის სისტემას. ასეთ მოდელად შეიძლება ჩაითვალოს თემური ეკონომიკური სისტემა, რომელიც ქმნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ფორმას და საშუალებას აძლევს თითოეულ თემს - ეკონომიკურად განვითარდეს და მონაწილეობა მიიღოს ეროვნული სიმდიდრის შექმნაში.
თემური ეკონომიკური სისტემა - სისტემური პასუხი თანამედროვე გეოეკონომიკურ გამოწვევებზე
გეოეკონომიკური ფენომენის შიდა წერტილი - თემიდან სახელმწიფომდე
თანამედროვე ეკონომიკური თეორია თანხმდება, რომ ეკონომიკური მდგრადობა იწყება ქვემოდან ზემოთ, ანუ თემიდან სახელმწიფომდე. კლასიკური მენეჯმენტის მოდელი - ცენტრალიზებული სახელმწიფო კონტროლი და გლობალური ბაზრის დომინაცია, პრაქტიკაში ვერ ახერხებს ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის სრულ გამოყენებას. სწორედ ამ კონტექსტით ჩნდება თემური ეკონომიკური სისტემის მოდელი, როგორც დეცენტრალიზებული ეკონომიკური სტრუქტურის ქართული ვერსია, რომელიც ეფუძნება საკუთრების, პასუხისმგებლობის და სამართლიანი განაწილების პრინციპებს. თემური მოდელი აერთიანებს სამ ფუნდამენტურ პრინციპს:
1. საკუთრების დემოკრატიზაცია: ყოველი მოქალაქე ხდება აქციონერი თავისი თემის სააქციო საზოგადოებაში (სს „სოფელი“, სს „ქალაქი“), რომელებიც ერთიანდებიან ჯერ სს “მუნიციპალიტეტში“ და მერე ერთად სს „საქართველოში“;
2. შემოსავლის სამართლიანი გადანაწილება – მოგება ზემოდან ქვემოთ მიედინება, რაც უზრუნველყოფს სოციალური თანასწორობის ზრდას;
3. ეკონომიკური თვითორგანიზება: თემები თავად ირჩევენ ეკონომიკურ მიმართულებებს, მონაწილეობენ ლიზინგში, წარმოებასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ეს პრინციპები ქმნის ჰიბრიდულ მოდელს, რომელიც აერთიანებს საბაზრო ეკონომიკის მოქნილობას და თემურ სოლიდარობას, ამით ქმნის საქართველოს საკუთარ გეოეკონომიკურ ნიშას.
მოდელის ეკონომიკური არქიტექტონიკა
თემური ეკონომიკური სისტემა აგებულია სამდონიან სტრუქტურაზე, სადაც თითოეული რგოლი ასრულებს კონკრეტულ ეკონომიკურ ფუნქციას:
• სს „სოფელი“, სს „ქალაქი“ - ადგილობრივი საწარმოებისა და მცირე ბიზნესების დონე; აქ ხდება პირველადი ეკონომიკური აქტივობა: წარმოება, ტურიზმი, მომსახურება, სოფლის მეურნეობა. აქციების მფლობელები არიან თემის მაცხოვრებლები.
• სს „მუნიციპალიტეტი“ - კოორდინაციული რგოლი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სს „სოფელს“. ახორციელებს ლიზინგურ ოპერაციებს, ტექნოლოგიურ მხარდაჭერას და ეკონომიკურ დაგეგმვას.
• სს „საქართველო“ - ეროვნული სტრატეგიული ცენტრი, რომელიც ახორციელებს მსხვილ საინვესტიციო და სამრეწველო პროექტებს (მაგალითად, ენერგეტიკა, ტექნოპარკი, ინსტრუმენტალური ქარხანა).
თითოეული რგოლის მოგება ნაწილდება ქვედა სტრუქტურებში, რაც ქმნის შემოსავლის ნაკადის რევერსიულ მოდელს, განსხვავებით გლობალური კორპორაციული მოდელისგან, სადაც მოგება ცენტრში კონცენტრირდება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური მოდელი გარდაიქმნება კლასიკური „ვერტიკალური“ სისტემიდან ჰორიზონტალურ ქსელურ სისტემად, რაც ზრდის მოქნილობას და ამცირებს რეგიონულ უთანასწორობას.
ფინანსური არქიტექტურა და საწყისი ინსტიტუციური მხარდაჭერა
თემურ-კორპორაციული ეკონომიკური სისტემის ამოქმედება საჭიროებს მკაფიოდ განსაზღვრულ ფინანსურ არქიტექტურას, რაც აერთიანებს სახელმწიფო მხარდაჭერის ტრანზიციულ მექანიზმებსა და შიდა კაპიტალის დაგროვების ახალ ინსტრუმენტებს. მოცემული მოდელი არ ეფუძნება მუდმივ საბიუჯეტო სუბსიდირებას, არამედ გულისხმობს საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის უზრუნველყოფას, რის შედეგად სისტემა ეტაპობრივად გადადის თვითმდგრად განვითარებაზე.
საწყის ფაზაში, სახელმწიფოს მონაწილეობა განიხილება, როგორც დროებითი სტაბილიზაციისა და ამოქმედების ინსტრუმენტი. აღნიშნული მხარდაჭერა მიმართულია სამი ძირითადი მიმართულებით:
• სტრატეგიული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
• ტექნოლოგიური და საწარმოო ბაზის შექმნა (მათ შორის ინსტრუმენტალური ქარხნისა და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა);
• სისტემის ადმინისტრაციული და ინსტიტუციური ხარჯების დაფარვა საწყის პერიოდში.
ამ ტრანზიციულ ეტაპზე სახელმწიფოს მხარდაჭერის სავარაუდო მოცულობა შეიძლება შეადგენდეს დაახლოებით 90–100 მლნ აშშ დოლარს წელიწადში, რაც განიხილება, არაროგორც მუდმივი საბიუჯეტო ტვირთი, არამედ როგორც საინვესტიციო ხასიათის ჩარევა, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკური თვითმდგრადობის მიღწევას 5–10 წლიან პერსპექტივაში.
დივიდენდის გადასახადის გადამისამართება, როგორც შიდა კაპიტალის დაგროვების მექანიზმი
მოდელის ერთ-ერთ უმთავრესი ინსტიტუციური ინოვაციაა დივიდენდის გადასახადის გადამისამართების კონცეფცია. ეს მიდგომა არ ზრდის საერთო საგადასახადო ტვირთს ეკონომიკაზე, არამედ ცვლის არსებული ფისკალური ნაკადების განაწილების ლოგიკას.
დივიდენდის გადასახადის ნაწილის თემურ სააქციო საზოგადოებებში გადამისამართება, ქმნის შიდა კაპიტალის დაგროვების ახალ წყაროს სოფლისა და მუნიციპალურ დონეზე. შედეგად, ადგილობრივი თემები აღარ არიან მხოლოდ ბიუჯეტური ტრანსფერების პასიური მიმღებები, არამედ ხდებიან ეროვნული ეკონომიკური საქმიანობის თანამონაწილეები და თანამესაკუთრეები.
ეს მექანიზმი ზრდის ადგილობრივი ეკონომიკური პასუხისმგებლობის დონეს, ამცირებს ცენტრზე დამოკიდებულებას და აყალიბებს კაპიტალის დაგროვების ისეთ მოდელს, რაც ორგანულად უკავშირდება რეალურ ეკონომიკურ აქტივობას. ამგვარად, დივიდენდის გადასახადის გადამისამართება ასრულებს, არამხოლოდ ფინანსურ, არამედ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ ფუნქციას - აძლიერებს ეკონომიკურ დემოკრატიას და თემურ ჩართულობას.
ტექნოპარკისა და აკადემიური ინსტიტუტების ინტეგრირების როლი
თემურ-კორპორაციული ეკონომიკური სისტემის მდგრადობა შეუძლებელია ადამიანკაპიტალის, ცოდნისა და ინოვაციის სისტემური ჩართულობის გარეშე. აღნიშნულ მოდელში ტექნოპარკი და უნივერსიტეტები განიხილება, არაროგორც გარე მხარდამჭერი სტრუქტურები, არამედ როგორც სისტემის ინტეგრირებული კომპონენტები.
ტექნოპარკის ფუნქცია მოიცავს ტექნოლოგიური ადაპტაციის, საწარმოო ინოვაციების, საპილოტე წარმოებებისა და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას თემური და მუნიციპალური საწარმოებისთვის. პარალელურად, უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ კვლევით საქმიანობას, კადრების მომზადებას, ეკონომიკური და ტექნოლოგიური მოდელების შეფასებასა და გაუმჯობესებას.
აკადემიური სივრცისა და წარმოებითი სექტორის ეს სინერგია ქმნის ცოდნის ტრანსფერის მექანიზმს, რითაც ინოვაცია არ რჩება ცენტრალიზებულ კვლევით დაწესებულებებში, არამედ „ჩადის“ თემურ დონეზე და გარდაიქმნება პრაქტიკულ ეკონომიკურ აქტივობად. შედეგად, ტექნოპარკი და უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ არამხოლოდ სისტემის საწყის ამუშავებას, არამედ მის გრძელვადიან განვითარებასა და კონკურენტუნარიანობას.
ინსტიტუციური განსხვავება და თვითმდგრადობის პერსპექტივა
არსებული ეკონომიკური პრაქტიკისგან, მოცემული მოდელის ფუნდამენტური ინსტიტუციური განსხვავება, ისაა, რომ ის ცვლის ბიუჯეტურ დამოკიდებულებას საკუთრებისა და აქციონერული მონაწილეობით. ეკონომიკური სარგებლის „ზემოდან ქვემოთ“ განაწილება აყალიბებს მოტივაციის ახალ სისტემას, სადაც ადგილობრივი თემები დაინტერესებულნი არიან, არამხოლოდ სოციალური დახმარებების მიღებით, არამედ ეროვნული ეკონომიკური პროექტების წარმატებით.
მოდელის მიზანია საშუალოვადიან პერიოდში - დაახლოებით 5–10 წელიწადში, მიაღწიოს ფინანსურ თვითმდგრადობას, როდესაც სახელმწიფო მხარდაჭერა ეტაპობრივად იცვლება თემური, მუნიციპალური და ეროვნული კორპორაციული შემოსავლებით.
სოციალური ფუნქცია – დაცლილი და ოკუპირებული თემების ჩართვა
თემური მოდელი პასუხობს ერთერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევას - დაცლილი და ოკუპირებული თემების რეინტეგრაციას. სხვა სახელმწიფოებში მსგავსი პრაქტიკა იშვიათია, მაგრამ ქართული მოდელი ქმნის უნიკალურ იურიდიულ მექანიზმს. - დაცლილი ან ოკუპირებული სოფლები ინარჩუნებენ სააქციო სტატუსს სიმბოლური ფორმით. ეს საშუალებას იძლევა, რომ ოკუპირებული და მოსახლეობისგან დაცლილი თემები ფორმალურად დარჩნენ ქვეყნის ეკონომიკურ ქსელში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტერიტორიული განადგურების რისკს და ერთდროულად ზრდის ემიგრანტების ეკონომიკურ ჩართულობას. ამით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა იღებს გეოეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ ფუნქციას ერთდროულად - ეკონომიკა ხდება არამხოლოდ ზრდის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინსტრუმენტი.
ქალაქების და წარმოების ეკონომიკა
სს „ქალაქი“ წარმოადგენს სისტემის სპეციფიკურ რგოლს, რომელიც განსხვავდება როგორც კერძო ბიზნესისგან, ისე მუნიციპალური კომპანიებისგან. ის არ არის მერიის ჩანაცვლება, არამედ მისი ეკონომიკური პარტნიორია. სს ქალაქი ახორციელებს იმ პროექტებს, რომლებიც კერძო ბიზნესისთვის არ არის მომგებიანი, მაგრამ ქალაქისთვის აუცილებელია - საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, ტექნოლოგიური სერვისები, გადამუშავების სისტემები და ტურისტული ობიექტები. ამავე დროს, სს ქალაქი არის ბიზნესაქტიური სუბიექტი, რომელსაც შეუძლია შექმნას საწარმოო ზონები, განავითაროს სწრაფი კვებისა და მომსახურების ქსელები, რაც ბალანსს ქმნის კერძო სექტორის ფასებსა და ხარისხთან. ასეთი მოდელი ქალაქებს აქცევს ეკონომიკური ზრდის დამოუკიდებელ ცენტრად, ხოლო სს „საქართველოს” - სტრატეგიულ კოორდინატორად.
სახელმწიფო ჩართულობა და სამთავრობო კომისიის საჭიროება
თემური მოდელის დანერგვა მოითხოვს სახელმწიფოსა და აკადემიური წრეების ერთობლივ ძალისხმევას. მოდელის სამართლებრივი და ეკონომიკური მექანიზმების დასაზუსტებლად საჭიროა შეიქმნას სამთავრობო–აკადემიური კომისია, რომელიც შეისწავლის:
• კანონმდებლობის თავსებადობას თემურ მოდელთან;
• საბიუჯეტო დივიდენდის გადამისამართების მოდელს;
• შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს;
• საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობას (EBRD, IFC, WB).
ასეთი კომისიის შექმნა სახელმწიფოს საშუალებას მისცემს არამხოლოდ განსაზღვროს მოდელის სიძლიერე და რისკი, არამედ შექმნას გრძელვადიანი გეოეკონომიკური ხედვა, რომელიც მოიცავს ადგილობრივი წარმოების აღდგენას, თვითმმართველობის გაძლიერებას და მოსახლეობის ეკონომიკურ ინტეგრაციას.
თემური მოდელის გლობალური მნიშვნელობა
თემური ეკონომიკური სისტემა შეიძლება გახდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი მცდელობა, რომლითაც ქვეყანა ჩამოაყალიბებს ეკონომიკურ დემოკრატიაზე დაფუძნებულ სახელმწიფოებრივ მოდელს. ეს მოდელი პასუხობს დღევანდელ მსოფლიო ტენდენციებს, როდესაც სახელმწიფოები ეძებენ გზებს, როგორ დააბალანსონ გლობალური კაპიტალის გავლენა და სოციალური თანასწორობა. თუ გლობალიზაცია ქმნის ეკონომიკურ ცენტრებს, თემური სისტემა ქმნის ეკონომიკურ ქსელს, სადაც სიმდიდრე ნაწილდება მოსახლეობასა და თემებზე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული მოდელი შეიძლება იქცეს საქართველოს გეოეკონომიკურ ბრენდად, ქვეყნის იდენტობად, რომელიც აერთიანებს დასავლურ ეკონომიკურ ლოგიკას და ქართულ თემურ კულტურას.
სახელმწიფო სტრატეგია, სამთავრობო კომისია და სამოქმედო გეგმა
ახალი განვითარების სტრატეგიის აუცილებლობა
საქართველო დღეს დგას გეოეკონომიკური გარდამტეხი ეტაპის ზღვარზე.
გლობალურ ძალთა გადანაწილება და რეგიონული დაძაბულობები ქვეყნისთვის ქმნის როგორც საფრთხეს, ისე, უნიკალურ შანსსაც. ეკონომიკური განვითარება, რომელიც წლების განმავლობაში ეფუძნებოდა უცხოურ ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღარ არის საკმარისი – აუცილებელია შიდა ეკონომიკური მობილიზაციის ახალი მექანიზმები. სწორედ ამიტომ, საჭიროა სახელმწიფომ ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი თემურეკონომიკური სტრატეგია, რომელიც დააკავშირებს ცენტრალურ პოლიტიკას, აკადემიურ ანალიზს და ადგილობრივ ინიციატივებს. ეს სტრატეგია უნდა ემყარებოდეს სამ ძირითად პრინციპს:
1. დეცენტრალიზებული ეკონომიკური ზრდა – ადგილობრივი თემების ეკონომიკური სუბიექტობიდან ეროვნული განვითარებისკენ;
2. სოციალური თანასწორობის აღდგენა – დივიდენდისა და შემოსავლის სამართლიანი განაწილების მექანიზმით;
3. გლობალურ ქსელებში ინტეგრაცია – საერთაშორისო პარტნიორობის, ფრანშიზებისა და ინოვაციური წარმოების გზით.
სამთავრობო–აკადემიური კომისიის ჩამოყალიბება
თემური ეკონომიკური მოდელის ინსტიტუციონალიზაციის პირველი ნაბიჯი რეკომედებულია გახდეს სამთავრობო – აკადემიური კომისიის შექმნა. ეს კომისია იქნება კოორდინაციული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მეცნიერებს, ეკონომისტებს, ფინანსისტებსა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. კომისიის ძირითადი ამოცანებია:
• შეაფასოს თემური მოდელის სამართლებრივი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;
• განსაზღვროს საბიუჯეტო რესურსების გადანაწილების ახალი ფორმულა (მაგალითად, დივიდენდის გადასახადის პირდაპირი გადამისამართება თემურ ერთეულებში);
• შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც სს „საქართველო“ და მისი ქვედანაყოფები შეძლებენ საერთაშორისო პარტნიორობას EBRD, IFC, WBსა და სხვა ინსტიტუტებთან;
• შეიმუშაოს სტრატეგია დაცლილი თემებისა და ემიგრანტების ეკონომიკური ჩართვისათვის;
• განახორციელოს საპილოტე რეგიონების შერჩევა და შედეგების მონიტორინგი.
ეს კომისია გახდება ერთგვარი ინტელექტუალური არხი, რომელიც აკავშირებს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო ანალიზთან. ამ გზით საქართველო მიიღებს პოლიტიკის ისეთ ფორმატს, რომელიც ემყარება ცოდნას და არამხოლოდ ადმინისტრაციულ ინსტრუქციას.
საპილოტე ფაზა და პრაქტიკული მექანიზმები
თემური მოდელის გამოცდა მიზანშეწონილია განხორციელდეს საპილოტე რეჟიმით, ეტაპობრივად, რამდენიმე რეგიონში: მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის მქონე (რაჭალეჩხუმი, იმერეთი) და აგრარულად აქტიურ რეგიონებში (კახეთი, სამცხეჯავახეთი). საპილოტე ფაზა მოიცავს სამ მთავარ მიმართულებას:
1. მაშტაბური პროექტების მოდელირება – მაგალითად, ჰესების, ტექნოპარკის, ან ინდუსტრიული ქარხნების დაფინანსების ახალი ფორმულა, სადაც სახელმწიფო თავდაპირველად თანამონაწილეა, ხოლო შემდგომ ეტაპზე ფოკუსირდება შემოსავლის განაწილების რეგულაციაზე.
2. მცირე და საშუალო თემების გაძლიერება – ადგილობრივი წარმოების, ტურიზმისა და სასოფლოსამეურნეო სექტორის გაერთიანება ერთიან თემურ კორპორაციებში.
3. ემიგრანტების და ოკუპირებული თემების ჩართვა – მათი სიმბოლური მონაწილეობა აქციების მფლობელობაში და შემოსავლის განაწილების სისტემაში. ეს პროცესი შექმნის ეკონომიკური თვითორგანიზების პრეცედენტს, როდესაც მოქალაქე ხდება ეკონომიკის თანამფლობელი და არამხოლოდ მისი მომხმარებელი.
გლობალური პარტნიორობა და საერთაშორისო ჩართულობა
თემური მოდელის წარმატებისთვის გადამწყვეტია საერთაშორისო პარტნიორობა. გლობალური ინსტიტუტები უკვე აღიარებენ ლოკალური ეკონომიკური დემოკრატიის მნიშვნელობას. მაგალითად, OECDის 2020 წლის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს თემურ ჩართულობასა და ადგილობრივი ინიციატივების ფინანსურ მხარდაჭერას. საქართველოს შეუძლია ამ ტენდენციის ჩარჩოს მოერგოს, როგორც საპილოტე ქვეყანა, სადაც გატარდება თემურკორპორაციული მოდელის ექსპერიმენტი. ასეთი ექსპერიმენტი არამხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობის მატარებელია, არამედ შეუძლია გახდეს პოლიტიკური სტაბილურობის ფაქტორიც, რადგან თემური საკუთრება ქმნის მოსახლეობის ეკონომიკურ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს წინაშე.
„თემურკორპორაციული ეკონომიკური მოდელი თანხვედრაშია ევროკავშირის საერთო სასოფლოსამეურნეო პოლიტიკის (CAP) ძირითად პრინციპებთან, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სოფლის გაძლიერებას, მრავალფუნქციური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას და ადგილობრივი თემების ეკონომიკური როლის ზრდას. CAPის კონცეფცია სწორედ თემურ მონაწილეობაზე, სუბსიდიების ნიშნობრივ გადანაწილებაზე და სოფლის მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებაზე აკეთებს აქცენტს, რაც სრულად თავსებადია საქართველოს თემურკორპორაციულ სტრუქტურასთან და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელვადიან მიზნებთან.“
სტრატეგიული ხედვა 2035 წლამდე
2035 წლისთვის საქართველოს შეუძლია ჩამოაყალიბოს სრულფასოვანი თემურეკონომიკური არქიტექტურა, რომელიც მოიცავს:
• თემების დონეზე ფუნქციონირებად სააქციო საზოგადოებებს (სს „სოფელი“, „ქალაქი“, „მუნიციპალიტეტი“ „საქართველო“);
• ტექნოპარკზე დაფუძნებულ კვლევითინოვაციურ ქსელს;
• სამრეწველო და ენერგეტიკული ჰაბების ინტეგრაციას თემურ სტრუქტურებში;
• დეცენტრალიზებულ ბიუჯეტურ მოდელს, სადაც შემოსავლები ნაწილდება ქვედა რგოლებში;
• ეკონომიკური დემოკრატიის სრულფასოვან დანერგვას.
ეს ხედვა მოითხოვს პოლიტიკური ნების და აკადემიური ჩართულობის სინთეზს. თუ სახელმწიფოს, აკადემიასა და საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდება საერთო ხედვა, საქართველომ XXI საუკუნეში შეძლებს ჩამოაყალიბოს საკუთარი ეკონომიკური იდენტობა - პატარა ქვეყნის დიდი მოდელი, რომელიც პასუხობს გლობალიზაციის გამოწვევებს თემური, დემოკრატიული და ეკონომიკურად თვითკმარი გზით.
დასკვნა
გლობალური გეოეკონომიკური ტენდენციების ფონზე საქართველოს განვითარების შესაძლებლობა
გეოეკონომიკური ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი ეპოქის პოლიტიკური ცვლილება წინ უძღოდა ეკონომიკურ გარდაქმნას. დღეს საქართველო სწორედ ამ გარდამტეხ წერტილშია: მის წინაშეა არჩევანი - დარჩეს გლობალური სისტემის პერიფერიაზე თუ ჩამოაყალიბოს საკუთარი ეკონომიკური გზა, რომელიც შიდა რესურსებს გარდაქმნის განვითარებად ენერგიად. თემური ეკონომიკური სისტემა ამ კონტექსტით წარმოადგენს ინოვაციურ და ეროვნულ პასუხს გლობალურ გამოწვევებზე. ის აერთიანებს ადგილობრივ რესურსებს, მოსახლეობის მონაწილეობას და სახელმწიფოს სტრატეგიულ ხედვას ერთიან ეკონომიკურ ქსელში. ეს არის გზა, სადაც ეკონომიკა და სახელმწიფოებრიობა ერთიანდება, რადგან ქვეყნის განვითარების საფუძველი ხდება მოქალაქე, თემის მეშვეობით – როგორც აქციონერი, როგორც მეწარმე და როგორც თანამონაწილე ეროვნული კეთილდღეობის შექმნაში. ამიტომ, მიზანშეწონილია სახელმწიფომ, სამეცნიერო აკადემიამ და ბიზნეს სექტორმა ერთობლივად განიხილონ აღნიშნული მოდელი, შეიქმნას სამთავრობო კომისია, დაიგეგმოს საპილოტე პროექტები და დაიწყოს მუშაობა თემურეკონომიკური სისტემის სამართლებრივ და პრაქტიკულ ინსტიტუციონალიზაციაზე. ეს იქნება არამხოლოდ, ეკონომიკური ინიციატივა, არამედ გეოეკონომიკური არჩევანი
Keywords: Geoeconomics, communal development, decentralization, regional policy, economic transformation, Georgia.
JEL Codes: F15, F22, O18, Q18, R11
ლიტერატურა:
• დავითაშვილი ზ. (2003). ნაციონალიზმი და გლობალიზაცია თბილისი, Tbilisi: საქართველოს ღია საზოგადოება
• კერესელიძე ნ. (2025). საქართველოს სოფლის მეურნეობის ეროვნული ინტერესები შეესაბამება EU CAP მიზნებს. “ეკონომიკა და ბიზნესი”, #2.
• მექვაბიშვილი ე. (2018). გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა, თბილისი, ინტელექტი
• Papava V. (2022). Pandexit’s Main Economic Challenges. Georgian Foundation for Strategic and International Studies. https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=4083302
• Baker D. (2025). Free Trade Is Very Deep. CEPR, US–EU Report.
• Blenkinsop P. (2025). US–EU Tariff Clash Imperils $9.5 Trillion of Business, AmCham Warns. Reuters. Available at: https://www.reuters.com/business/useutariffclashimperils95trillionbusinessamchamwarns20250317/
• Brzezinski Z. (2005). Interview in Los Angeles Times.
• Bush G. (1991). Address to a Joint Session of Congress and the American People. Available at: https://georgewbushwhitehouse.archives.gov/news/releases/2001/09/200109208.html
• Fukuyama F. (1989). The End of History? The National Interest, 16, pp. 3–18.
• Fukuyama F. (1992). The End of History and the Last Man. New York and London.
• Fukuyama F. (2002). Our Posthuman Future: Consequences of the Biotechnology Revolution.
• Nye J. S. (2023). Is Globalization Over? Project Syndicate. Available at: https://www.projectsyndicate.org/commentary/globalizationnotoverbutchanginginshapeandemphasisbyjosephsnye202303
• Toffler A. (2006). Revolutionary Wealth.
References:
• Mekvabishvili E. (2018). Globalizatsiis Epokis Pinansuri Krizisebi da Sakartvelos Ekonomika. [Financial Crises of the Globalization Era and the Georgian Economy, Tbilisi, “Inteleqti”.] in Georgian
• Davitashvili Z. (2003). Natsionalizmi da Globalizatsia. [Nationalism and Globalization, Tbilisi: Open Society Georgia Foundation.] in Georgian
• Kereselidze N. (2025). Sakartvelos Soplis Ganvitarebis Nacionaluri Interventsiebi Sheesabameba EU CAP Miznebs. [The National Interests of Georgian Agriculture Are Consistent with the Objectives of the EU CAP. Journal “Economics and Business” No. 2.]
• Baker D. (2025). Free Trade Is Very Deep. CEPR, US–EU Report.
• Blenkinsop P. (2025). US–EU Tariff Clash Imperils $9.5 Trillion of Business, AmCham Warns. Reuters. Available at: https://www.reuters.com/business/useutariffclashimperils95trillionbusinessamchamwarns20250317/
• Brzezinski Z. (2005). Interview in Los Angeles Times.
• Bush G. (1991). Address to a Joint Session of Congress and the American People. Available at: https://georgewbushwhitehouse.archives.gov/news/releases/2001/09/200109208.html
• Fukuyama F. (1989). The End of History? The National Interest, 16, pp. 3–18.
• Fukuyama F. (1992). The End of History and the Last Man. New York and London.
• Fukuyama F. (2002). Our Posthuman Future: Consequences of the Biotechnology Revolution.
• Nye J. S. (2023). Is Globalization Over? Project Syndicate. Available at: https://www.projectsyndicate.org/commentary/globalizationnotoverbutchanginginshapeandemphasisbyjosephsnye202303
• Papava V. (2022). Pandexit’s Main Economic Challenges. Georgian Foundation for Strategic and International Studies.
• Toffler A. (2006). Revolutionary Wealth.