English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ რევაზ გველესიანიირინა გოგორიშვილი
ეკონომიკური დიპლომატია - ეროვნული ეკონომიკური ინტერესების საერთაშორისო დონეზე გამტარებელი

doi.org/10.52340/eab.2025.17.04.01

ჟურნალი N 4. 2025


ნაშრომის მიზანია გააანალიზოს, ეკონომიკური დიპლომატიის თანამედროვე გაგება, მისი როლი სახელმწიფოს საქმიანობაში, კერძოდ, დიპლომატიური მისიების პრაქტიკული ეკონომიკური მიზნები და ამოცანები. პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში საერთაშორისო ურთიერთქმედების დინამიკის გაგება ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულებას. ეკონომიკური დიპლომატია თავისთავად სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტია და ამდენად ის ნორმატიული ეკონომიკის სფეროს მიეკუთვნება. ეკონომიკურ დიპლომატიაში გამოიყენება მრავალი ინსტრუმენტი, კერძოდ:
• კომერციული დიპლომატია, რაც გულისხმობს: პოლიტიკური გავლენისა და ეკონომიკური ურთიერთობების გამოყენებას, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისათვის. ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და/ან ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრას საზღვრისპირა ტრანზაქციების (მათ შორის საკუთრების უფლებების) ხარჯებისა და რისკის შემცირების მიმართულებით;
• სტრუქტურული პოლიტიკით და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებებით ეკონომიკური აქტივებისა და ურთიერთობების გამოყენება კონფლიქტის ღირებულების გაზრდის მიზნით, რაც აძლიერებს თანამშრომლობასა და პოლიტიკურად სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ორმხრივი სარგებლის მიღებას და უზრუნველყოფს ეკონომიკური უსაფრთხოების ზრდას;
• საერთაშორისო ორგანიზაციების გაფართოება და განვითარება, რაც ასახავს სწორი პოლიტიკური კლიმატისა და საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოს კონსოლიდაციის გზებს, ქვეყნების მიერ დასახული მიზნების ხელშეწყობისა და განხორციელებისათვის.
ნაშრომში ხაზგასმულია ეკონომიკური დიპლომატიის ამოცანების, ინსტრუმენტებისა და გამტარებლების ეფექტიანი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი და მისი განხორციელების საზღვრების დადგენა.
სტატიაში განხილულია ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების ტენდენციები და დიპლომატიის ეკონომიკური სისტემების ორგანიზების მოდელები.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური დიპლომატია, ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკური დიპლომატიის ამოცანები და ინსტრუმენტები.

შესავალი

ეკონომიკური დიპლომატია დიპლომატიის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იყენებს სახელმწიფოს ეკონომიკური ინსტრუმენტების სრულ სპექტრს მისი ეროვნული ინტერესების მისაღწევად (Usman W. Chohan 2021). ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლები შეიძლება მოიცავდეს სახელმწიფოს ყველა საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის (მაგრამ არამხოლოდ) პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც შექმნილია ექსპორტის, იმპორტის, ინვესტიციების, სესხების გაცემის, დახმარების, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისა და სხვა საკითხების განხორციელებისთვის (Moons, Selwyn and Van Bergeijk, Peter A. G.,2009).
ეკონომიკური დიპლომატია განუყოფელია ეკონომიკური პოლიტიკისაგან. ეკონომიკური დიპლომატები აკვირდებიან უცხო ქვეყნების ეკონომიკურ პოლიტიკას, აქვეყნებენ ანგარიშებს და აძლევენ რჩევებს ხელისუფლებას, როგორ მოახდინონ მასზე ეფექტიანი გავლენა. ეკონომიკური დიპლომატია კონკრეტული საგარეო პოლიტიკის მიზნის მისაღწევად იყენებს ეკონომიკურ რესურსებს, სტიმულების ან სანქციების სახით, ამას ზოგჯერ „ეკონომიკურ სახელმწიფოებრივ ხელოვნებას“ უწოდებენ. ( R. Saner, L. Yiu, 2006).
„ეკონომიკური დიპლომატია“ ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც გადაწყვეტილების მიღება, პოლიტიკის შემუშავება და გამტარებელი სახელმწიფოს ბიზნესინტერესების დაცვა. ის მოითხოვს ტექნიკური ექსპერტიზის გამოყენებას, რომელიც აანალიზებს ქვეყნის (მიმღები სახელმწიფოს) ეკონომიკური სიტუაციის გავლენას მის პოლიტიკურ კლიმატზე და გამტარებელი სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებზე. გამტარებელი და მიმღები სახელმწიფოები, უცხოელი ბიზნესლიდერები, ასევე მთავრობის გადაწყვეტილების მიმღები პირები, ერთად მუშაობენ საგარეო პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხზე, როგორიცაა: ტექნოლოგიები, გარემო, განსაკუთრებით საშიში დაავადებები, ასევე, ვაჭრობისა და ფინანსების უფრო ტრადიციულ სფეროებში. ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელებისას საჭიროა მრავალფეროვნება, მოქნილობა, საღი აზროვნება და ძლიერი ბიზნესუნარები.
„ეკონომიკური დიპლომატია“ გულისხმობს დიპლომატიური სამსახურის საქმიანობას, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტის გაზრდაზე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში მონაწილეობაზე, ანუ ქმედებებზე, რაც ორიენტირებულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების საერთაშორისო დონეზე დაცვაზე. რამდენად კარგად გვესმის ეკონომიკური დიპლომატიის ნამდვილი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, მისი ფუნქციონირების მეთოდები, ტექნიკა, საშუალებები და, საბოლოო ანგარიშით, მისი შესაძლებლობების მობილიზებით მიღწეული შედეგები? - ამ კითხვაზე პასუხი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თანამედროვე დიპლომატიის ზოგად აღქმაზე, ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებს შორის ეკონომიკური კავშირების როლზე, როგორც სახელმწიფო ხედავს მათ გლობალიზაციის (გაცვლა, წარმოება, ბაზრები, ფინანსური ნაკადები) კონტექსტით. ამ მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში დიპლომატიური სამსახურის ძირითადი მიზნებია - სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მსოფლიო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის საკუთარი პოზიციის გაცნობიერება განსაზღვრავს ეკონომიკური დიპლომატიის შესაბამის განვითარებას და მის როლს სახელმწიფოს საჯარო ადმინისტრირების სტრუქტურაში.
„ეკონომიკური დიპლომატიის“ კონცეფცია ამჟამად ძალიან გაფართოვდა. შედეგად, ეს სფერო კარგავს თავის თანდაყოლილ მახასიათებლებს, მისი საზღვრები ბუნდოვანი ხდება. ის თანდათანობით საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური, სტრატეგიული ან სხვა დისციპლინების საგნად იქცევა. ბოლო დროს ბევრმა უცხოელმა მკვლევარმა სცადა ეკონომიკური დიპლომატიის განსაზღვრა. ზოგიერთი მათგანი მას სამეცნიერო სფეროდ მიიჩნევს, რომელიც სწავლობს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა და დიპლომატიის კომპლექსს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებს და გავლენას ახდენს სახელმწიფოს საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ეკონომიკური დიპლომატია თავისთავად სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტია და ამდენად ის ნორმატიული ეკონომიკის სფეროს მიეკუთვნება.
ეკონომიკური დიპლომატია, ისევე როგორც დიპლომატია ზოგადად, საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფოს საერთაშორისო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ საგარეო პოლიტიკა განსაზღვრავს ეკონომიკური დიპლომატიის მიზნებსა და ამოცანებს, რაც წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად გამოყენებული ზომების, ფორმების, საშუალებებისა და მეთოდების ერთობლიობას.
ეკონომიკურ დიპლომატიაში გამოიყენება მრავალი ინსტრუმენტი, რომელთა დაჯგუფება შესაძლებელია სამი მიმართულებით, კერძოდ:

1. კომერციული დიპლომატია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რაც გულისხმობს: პოლიტიკური გავლენისა და ურთიერთობების გამოყენებას საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისათვის, ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და/ან ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრასა და საზღვრისპირა ტრანზაქციების (მათ შორის საკუთრების უფლებების) ხარჯებისა და რისკის შემცირებას.
2. სტრუქტურული პოლიტიკა და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებები: ეკონომიკური აქტივებისა და ურთიერთობების გამოყენება კონფლიქტის ღირებულების გასაზრდელად და თანამშრომლობისა და პოლიტიკურად სტაბილური ურთიერთობების ორმხრივი სარგებლის გასაძლიერებლად, ანუ ეკონომიკური უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად
3. საერთაშორისო ორგანიზაციები: სწორი პოლიტიკური კლიმატისა და საერთაშორისო პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოს კონსოლიდაციის გზები ამ მიზნების ხელშეწყობისა და განხორციელებისთვის( Van Bergeij, Peter A. G., 2009).
ეკონომიკური დიპლომატიის ამოცანების, ინსტრუმენტებისა და გამტარებლების ეფექტიანი განვითარებისათვის პირველმნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მისი განხორციელების საზღვრების დადგენა.

ეკონომიკური დიპლომატიის საზღვრები

ეკონომიკური დიპლომატიის საზღვრების ზუსტი დადგენა პრინციპში შეუძლებელია. ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევრებს შორის გვხვდება მოსაზრებები, რომლებიც ერთმანეთთან ფაქტობრივად მნიშვნელოვან წინააღმდეგობაში არ მოდის, მაგრამ დღეს უკვე გაჩნდა განსხვავებული მიდგომები. მეცნიერთა - ბეინისა და ვულკოკის (Bayne and Woolcock (2007) წარმოდგენით, არსებობს საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური საკითხები, რომლებიც მოიცავს „სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების წესებს“, მათი უმრავლესობა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღებული. გაზრდილი გლობალიზაციისა და 1990-იან წლებში სახელმწიფოებს შორის ახლადწარმოქმნილი ურთიერთდამოკიდებულების გამო, ეკონომიკური დიპლომატია ავალდებულებს ქვეყნებს, ჩაუღრმავდნენ შიდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესსაც. ეს მოიცავს პოლიტიკას, რომელიც ეხება საქონლის, მომსახურების, ინსტრუმენტების (მათ შორის განვითარების ოფიციალური დახმარების), საფინანსო ინფორმაციის წარმოებას, გადაადგილებას ან გაცვლას და მათ რეგულირებას (Bayne and Woolcock 2007).
სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები - ყველა სამთავრობო უწყება, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ეკონომიკურ მანდატებში, არის ეკონომიკური დიპლომატიის ,,მოთამაშე“. გარდა ამისა, არასახელმწიფო აქტორები, როგორიცაა საერთაშორისო ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მონაწილეობენ ეკონომიკურ დიპლომატიაში (Bayne and Woolcock 2007). ბიზნესმენები და ინვესტორები ჩართული არიან ეკონომიკური დიპლომატიის პროცესებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათსა და მთავრობებს შორის კონტაქტები ინიცირებულია ან ხელშეწყობილი დიპლომატების მიერ.
ბერიჯი და ჯეიმსი (G.R. Berridge, Alan James., 2003) აცხადებენ, რომ ეკონომიკური დიპლომატია ეხება ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის დელეგაციების მუშაობას კონფერენციებზე, რომლებსაც სპონსორობენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა WTO.
კიშან რანა (Kishan S. Rana 2007) ეკონომიკურ დიპლომატიას განსაზღვრავს, როგორც პროცესს, რომლის მეშვეობითაც ქვეყნები ურთიერთობენ გარე სამყაროსთან, რათა მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ეროვნული მოგება საქმიანობის ყველა სფეროში, მათ შორის ვაჭრობაში, ინვესტიციებსა და ეკონომიკურად მომგებიან გაცვლის სხვა ფორმებში (სადაც ისინი სარგებლობენ შედარებითი უპირატესობით); მას აქვს ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი განზომილება, რომელთაგან თითოეული მნიშვნელოვანია.
ამ უკანასკნელი განმარტების ფართო მასშტაბი განსაკუთრებით ეხება ეკონომიკური დიპლომატიის პრაქტიკას, როგორც ეს ვითარდება განვითარებად ეკონომიკებში. ეს ახალი მიდგომა გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ანალიზს, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს, არამედ მის ,,ნაცრისფერ“, ანუ გამოუცხადებელ ეკონომიკურ ფაქტორებსაც.
განვითარებადი ბაზრების მქონე მცირე ღია ეკონომიკებმა ისწავლეს, რომ საზღვარგარეთიდან ბიზნესის შემოსვლა ქვეყნის შიგნით ბიზნესის განთავსების სფეროების არსებობაზეა მეტად დამოკიდებული, ვიდრე ბიზნესგარემოს საფინანსო შეღავათებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერი, რომელსაც სურს ბიზნესის მოზიდვა, უნდა იყოს პროაქტიური და - არა პასიური. მათ უნდა მოძებნონ შესაძლებლობები და ისწავლონ მათი შინ შემოტანა-რეალიზება. გადასახადები და სხვა შეღავათები, სავარაუდოდ, მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან ძვირი დაჯდება. ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შემოქმედებით მხარდაჭერას კი შეუძლია წარმატების დიდი შანსების შექმნა. ამ ტიპის აქტივობა ასევე ეკონომიკური დიპლომატიის ნაწილია.
ეკონომიკური დიპლომატია, რომელიც გამოიყენებს ქვეყნაში უკვე არსებულ დიპლომატიურ კორპუსს მისი პოპულარიზაციისა და ბიზნეს შესაძლებლობების მოსაძებნად, ტრადიციული არ არის, მაგრამ მისი ეფექტიანობა აშკარაა. განვითარებადი ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ მწირი პერსონალისა და ფინანსური რესურსების შენარჩუნებას, დაუყოვნებლივ და აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ მულტიტასკინგით .

ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობა ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის

კომერციული საქმიანობა ყოველთვის დიპლომატიური სამსახურის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენდა, ხოლო მისი მიზნები, საშუალებები და მეთოდები, ყოველთვის ისტორიის ფაქტობრივი მომენტით განისაზღვრებოდა.
რამდენიმე ათწლეულის წინ, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კომერციული საქმიანობა ე.წ. პოლიტიკური დიპლომატიის ნაწილად ითვლებოდა. პოლიტიკური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სფეროში მომუშავე პროფესიონალი დიპლომატები უფრო მაღალი სტატუსითა და პროფესიული რეპუტაციით სარგებლობდნენ, ვიდრე კომერციული ატაშეები. თუმცა, თუ დიპლომატიის საწყისებს ზოგადად განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ვაჭრობა ეროვნული საზღვრების გადაკვეთისა და ერებს შორის ურთიერთქმედების განვითარების ფუნდამენტური სტიმული იყო. ისტორიის მაგალითები ადასტურებს, რომ ინტენსიური ვაჭრობა, რომელიც სავაჭრო ხელშეკრულებებით რეგულირდებოდა, ძველი ეგვიპტისა და დასავლეთ აზიის ცივილიზაციებისთვის იყო დამახასიათებელი. ძველ და ახალ სამყაროს შორის ურთიერთობა აყვავდა აზიის ევროპული კოლონიზაციისა და სამხრეთ ამერიკის მდიდარი სანაპირო ზოლების აღმოჩენის წყალობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაჭრობა იყო საბაბი პირველი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და შეთანხმებების დამყარებისთვის.
ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის გლობალური ეკონომიკის განვითარებაზე და მისი პოლიტიკური ინტერესების დაცვაზე, გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები. ვაშინგტონი განსაზღვრავს მსოფლიოს ბედს და ათობით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა მრავალი ორგანიზაციის, ასევე, ფინანსური დახმარების პროგრამების მეშვეობით. აშშ-ის ეკონომიკურმა დიპლომატიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამერიკული ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და გლობალური ეკონომიკის შექმნაზე. გაზეთ „Washington Post“-ის თანახმად, ამერიკელების დაახლოებით 59%, რომელიც მხარს უჭერდა მის განხორციელებას, დარწმუნებულია, რომ ის რეალურ დივიდენდებს მოიტანს აშშ-ის ეკონომიკისთვის და თავად მათთვის. დღეს აშშ-ის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა სხვაგვარად ფიქრობს. აშშ-ის ეკონომიკურ დიპლომატიას ხელს უწყობს ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სიძლიერე და ვაშინგტონის მიერ შექმნილი საერთაშორისო ეკონომიკური სისტემა, სადაც ამერიკული ვალუტა განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
ამერიკის საგარეო პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვანი მიღწევა მყარ ეკონომიკურ საფუძველს ეყრდნობა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში პოლიტიკური ურთიერთობები წინ უსწრებდა ეკონომიკურ კავშირებს, რაც საფუძველს ქმნიდა ეკონომიკური ინტერესების წინსვლისთვის, აშშ-სთვის, პირიქით, დამახასიათებელი იყო ეკონომიკური ექსპანსიის გადაჭარბება, რომლის შედეგებიც მოგვიანებით შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ურთიერთობების სახით განმტკიცდა. ამიტომ, აშშ-სთვის ეკონომიკური დიპლომატია - ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად - პრიორიტეტულია. მისი განხორციელება არ არის დაკავშირებული აშკარა სამხედრო ჩარევის მნიშვნელოვან ხარჯებთან და მისი გავლენა და ეფექტიანობა უფრო მდგრადი და საიმედოა, ვიდრე პოლიტიკური, მით უმეტეს, სამხედრო ჩარევა. ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ უცხოური ეკონომიკური დახმარება არის მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც დონორი ქვეყნები პირდაპირ გავლენას ახდენს მიმღებ ქვეყნებზე. ეს არის უნივერსალური მექანიზმი მიმღები ქვეყნების „დონორზე“ პირდაპირ დამოკიდებულების უზრუნველსაყოფად. ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მკვლევარის, კენნეტ ს. როგოვის (Kennet S. Rogoff 2025) თქმით, გლობალური სარეზერვო ვალუტების ცვლილებების ნელი და რთული ბუნება, ხაზგასმით მიგვითითებს, რომ ასეთი ცვლილებები იშვიათად არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით განსაზღვრული, არამედ გეოპოლიტიკით, ინოვაციებითა და ნდობით არის განპირობებული. ეკონომიკურ დახმარებას ასევე აქვს პოლიტიკური შედეგები. ეს აშკარად აღიარეს ამერიკელმა ლიდერებმა: ჯერ კიდევ 1943 წელს ავერელ ჰარიმანმა აღნიშნა, რომ დოლარები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღია, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია ევროპის პოლიტიკურ მოვლენებზე გავლენის მოხდენისათვის. მან ასევე დაამატა, რომ ეკონომიკური დახმარების პოლიტიკა სსრკ-ის გავლენის სფეროს აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთში გაფართოების თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა (Mayers, David 2011).
აშშ-ის ეკონომიკური დიპლომატიის სტრატეგიული მიზნები, დაწყებული მარშალის გეგმიდან, არსებითად უცვლელი დარჩა, რადგან ისინი ძირითადად მიმართული იყო ამერიკის ლიდერობის მიღწევასა და შენარჩუნებაზე - ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანზე. ამ მხრივ, ეკონომიკური დიპლომატია ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის შექმნაში.
ბოლო დროს, სახელმწიფოებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება დიპლომატიური ძალისხმევის ცენტრში მოექცა. ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი ინტერესი მისი ისტორიული ეკონომიკური ფესვებით, ეფუძნება შემდეგს:
• განვითარებულ ქვეყნებში, საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების წილი მთლიან სამამულო პროდუქტში, ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით, მუდმივად იზრდება;
• განვითარებული ქვეყნების ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, ასევე ექსპორტის გაძლიერებაზე დაფუძნებული განვითარების სტრატეგია ხელს უწყობს ქვეყნის უფრო სწრაფ ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში;
• ვაჭრობისა და ბიზნესის გლობალიზაცია - წარმოებისა და მომსახურების გაფართოება - ქმნის ქვეყნებს შორის მრავალმხრივი რეგულარული კავშირების გაძლიერების აუცილებლობას.
• საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ბარიერების აღმოსაფხვრელად რეგიონული სავაჭრო შეთანხმებების გაფართოებამ - ევროკავშირმა, CEFTA (ცენტრალური ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება), Mercosur (სამხრეთამერიკული სავაჭრო ბლოკი), NAFTA (ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონა), FTAA (ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის არეალი) და სხვა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თავიანთი წამყვანი როლი.
გლობალიზაციის გარკვეულ წილად ტრანსფორმირებულმა პროცესებმა ჩვენს დროში, რომელიც ხასიათდება სახელმწიფოების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებით, ეკონომიკური დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვან შემადგენლად აქცია. ეს არის „საზომი ინსტრუმენტი“, რომელიც გამოიყენება ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონის დასადგენად. ამიტომ, ეკონომიკამ ცენტრალური როლი შეიძინა დიპლომატიურ ურთიერთობებში, ტრადიციულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დიპლომატიურ ქმედებებს შორის საზღვრები უფრო დახვეწილი ხდება და ეკონომიკური დიპლომატია სულ უფრო ხშირად ინერგება კლასიკური დიპლომატიის გამოყენებაში.
დღეს ეკონომიკური დიპლომატია ხდება დისციპლინა, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში საერთაშორისო ურთიერთქმედებების დინამიკის გაგებას, რაც განსაზღვრავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე მათი ურთიერთობების განვითარებას და მათ ურთიერთდამოკიდებულებას.
ერთიანი დიპლომატიის ფუნქციური შესაძლებლობები მრავალმხრივია, რადგან თითოეული კონკრეტული დიპლომატიური აქტივობა ურთიერთდაკავშირებულია. ეს მიდგომა ორმხრივ და მრავალმხრივ სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ვლინდება.
ეკონომიკური დიპლომატიის მზარდ როლს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების თანამედროვე სისტემაში, ხელს უწყობს მრავალი კონკრეტული ფაქტორი, მათ შორის:
1. გლობალური ეკონომიკური სისტემის ინტერნაციონალიზაციისა და მზარდი ურთიერთდამოკიდებულების პროცესები, რაც ორ დონეზე მიმდინარეობს - გლობალური და რეგიონული ინტეგრაცია;
2. საბაზრო ეკონომიკის სწრაფი გაფართოება, ეროვნული ეკონომიკების ლიბერალიზაცია და მათი ურთიერთქმედება ვაჭრობისა და საერთაშორისო ინვესტიციების საშუალებით. გლობალური ეკონომიკური აქტორების - ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების და საინვესტიციო ჯგუფების - მზარდი რაოდენობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალურ პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე. ახლად წარმოქმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ეკონომიკის ფართომასშტაბიანი და მზარდი დამოკიდებულება გლობალურ ბაზრებზე, ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე აიძულებს მათ შეცვალონ თავიანთი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით;
3. მსოფლიო ეკონომიკაში როგორც გლობალიზაციის, ასევე გლოკალიზაციის პროცესები ამ როლს ახალ რაოდენობრივ და თვისებრივ დონეზე ამაღლებს. ეს პროცესები ერთდროულად და პარალელურად, გარკვეული წინააღმდეგობებით მიმდინარეობს. ისინი აერთიანებს მწარმოებლური ძალების ინტერნაციონალიზაციის გაღრმავებას ტრანსნაციონალური კორპორაციების ერთდროულ სურვილთან, დაუქვემდებარონ ეს პროცესი საკუთარ მიზნებს (გააძლიერონ თავიანთი დომინანტური პოზიცია გლობალურ ბაზარზე). ეს კი აძლიერებს ეკონომიკური დიპლომატიის როლს, რადგან ის ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის განვითარებას ყველა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, ამავდროულად, ეწინააღმდეგება მათ მისწრაფებებს, ვისაც სურს გლობალიზაციის სარგებლის მონოპოლიზაცია;
4. რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომის პერიოდში სწრაფი ტემპით ხორციელდება პროგრესული მართვის მეთოდების, ენერგოდამზოგავი და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ეს კი ამცირებს დახურული ეკონომიკისა და ავტოკრატიის (თვითკმარობისკენ) მიდრეკილებას და გარე გახსნილობა ნაციონალური ინტერესების უპირობო დაცვით ნორმად იქცევა.
ეკონომიკაში, ინოვაციებისა და გარე გახსნილობის სახელმწიფო მხარდაჭერა, ხელს უწყობს ქვეყნის დადებითი ,,იმიჯის“ შექმნას, რაც თავის მხრივ, ღია მცირე ეკონომიკებში იზიდავს უცხოურ ტურიზმს. ბოლო დროს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის.


ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების ტენდენციები

მსოფლიო ბაზრების განვითარების პროცესებს თან ახლავს საერთაშორისო კონკურენციის ზრდა, რაც სასწრაფოდ მოითხოვს სახელმწიფოს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ ბაზარზე ეროვნული ინტერესების ხელშეწყობასა და დაცვაში. სახელმწიფო მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით დღეს გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს ადგილობრივი კომპანიებისა და მთლიანად ქვეყნის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ბაზარზე. ეს არ ნიშნავს ეკონომიკური მართვის საბაზრო პრინციპების შეცვლას, არამედ, გულისხმობს მაღალი კონკურენტუნარიანობის მქონე საბაზრო გარემოში მოქმედი ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ეროვნული კონკურენტუნარიანობის გაძლიერება გულისხმობს ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამაძლიერებელი ზომების ერთობლიობას როგორც შიდა ეკონომიკურ პოლიტიკაში (ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების ხელშეწყობა), ასევე, საგარეო ეკონომიკურ პოლიტიკაში (ექსპორტის ხელშეწყობა, უცხოურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესება, უცხოური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვა). ამიტომ, ეკონომიკური დიპლომატია, რომელიც ქმნის ხელსაყრელ გარე გარემოს კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისათვის, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ამ კონტექსტით.

ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობა

უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელოვანი მიზანია. ამის მისაღწევად ძირითადი საშუალებაა ექსპორტიორებს შორის შეხვედრებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ის აუცილებელია პოტენციური პარტნიორების, პრიორიტეტების განსაზღვრისა და მკაფიოდ ჩამოყალიბებისთვის, ასევე, ექსპორტირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ყველა უპირატესობის წარმოჩენისათვის. თუმცა, აუცილებელია ხაზი გაესვას ექსპორტის სახელმწიფო სტრატეგიის მნიშვნელობას, რომელიც განსაზღვრავს ექსპორტის ძირითად მიმართულებებს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდებში. სწორედ ეს უნდა იყოს სავაჭრო და ეკონომიკური მისიების მთავარი მიზანი. წესრიგის პოლიტიკის ინსტიტუციური და ორგანიზაციული ჩარჩოს გაძლიერება თითქმის ყველგან შეინიშნება, რაც ამაღლებს ეკონომიკური დიპლომატიის სტატუსს სამთავრობო სისტემაში.
ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური მისიების რაოდენობა, ფუნქციები და მუშაობის ხარისხის ზრდა, აფართოვებს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის მხარდასაჭერას. საზღვარგარეთ ნაციონალური კომპანიების ინტერესების ლობირება, სავაჭრო და პოლიტიკური დახმარების გაწევა და განვითარება ხორციელდება გარე რესურსების მობილიზების ეფექტიანობით. სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტული ამოცანაა. საბოლოო ანგარიშით, ნაციონალურ ეკონომიკურ ინტერესთა ჯგუფების დაცვა უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებას, რაშიც სავაჭრო და ეკონომიკური მისიები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ისინი უცხო ქვეყანაში სახელმწიფოს ,,კუნძულის“ როლს ასრულებენ, მასპინძელი ქვეყნის შესახებ ფართო ცოდნას აგროვებენ და სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი ყოფნის წყალობით პირდაპირ პოლიტიკურ და სხვა კონტაქტებს ინარჩუნებენ. მათი მუშაობა მიმართული უნდა იყოს მასპინძელი ქვეყნის ინტერესების დონისა და სერიოზულობის შესახებ ხელმისაწვდომი და სანდო ინფორმაციის მოპოვებისაკენ. პრიორიტეტებს შორის მნიშვნელოვანია: ინვესტიციებისადმი ობიექტური ინტერესის ხარისხი და ორმხრივი სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობები, მაშინაც კი, თუ ეს დათმობებზე წასვლას მოითხოვს, სარგებელი თავად დათმობების საფუძველზე წარმოქმნილ დანახარჯებს უნდა აჭარბებდეს.

ქვეყნის პოპულარიზაცია

საკუთარი ქვეყნისათვის დადებითი ,,იმიჯისა“ და მისი აღქმის შექმნა დიპლომატიური მისიების, საგარეო საქმეთა სამინისტროების და ზოგადად პროფესიონალი დიპლომატების მთავარი ამოცანაა. თუმცა, მათი რეალური შესაძლებლობა, ფუნდამენტურად ან დროებით შეცვალონ საკუთარი ქვეყნის შესახებ არსებული აღქმა საზღვარგარეთ, ხშირად შეზღუდულია მათივე მხოლოდ სუბიექტური ინტერესებით მოტივირებული საქმიანობითა და დაბალი პროფესიონალიზმით. მკვლევრებმა ველსმა და ვინტმა (Wells, Louis T., Jr.; Wint, Alvin G. 2015) გააანალიზეს ქვეყნის აღქმის გავლენა უცხოელი ბიზნესმენების გადაწყვეტილებებზე, დაიწყონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და განაცხადეს, რომ ქვეყნის აღქმა 72%-ით განსაზღვრავს ინვესტირების ან ამ ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა ფორმების შესახებ გადაწყვეტილებებს. მკვლევრები თავის პუბლიკაციაში „ქვეყნის მარკეტინგი: რეკლამა, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ინსტრუმენტი“, აჩვენეს ქვეყნის დადებითი იმიჯის მთავარი როლი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ინტენსიური ეკონომიკური გაცვლა შეიძლება არსებობდეს იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებსაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და სერიოზული პოლიტიკური პრობლემებით არიან დამძიმებულნი. უფრო მეტიც, ეროვნული იდენტობის დადებით აღქმაზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები წარმოადგენს სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების უფრო დინამიკური და შეუფერხებელი განვითარების საფუძველს. ინიციატივა, ინოვაცია და გამომგონებლობა წარმატებული ორგანიზაციული მოქმედების მახასიათებლებია, რომლებსაც დიპლომატიური მისიები იყენებენ. აქ მნიშვნელოვანია დიპლომატიური საქმიანობის ყველა მეთოდი, მათ შორის საკონსულო და კულტურულ-საგანმანათლებლო სამუშაოები. მედიასთან, დიასპორასთან ურთიერთობები და დიპლომატიური მისიების სხვა სფეროებში (გარდა პოლიტიკურ თანამდებობაზე მყოფი სუბიექტები) მომუშავე პირები (რომელთა მთავარი მიზანია მასპინძელ ქვეყანაში მათი ქვეყნის დადებითი და მიმზიდველი, იმიჯის“ შექმნა) გამიჯნული უნდა იყვნენ ვიწრო პარტიული ინტერესებისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზიანდება ქვეყნის ნაციონალური ინტერესები.

ეკონომიკური დიპლომატიის ძირითადი მეთოდები

დიპლომატიური მისია არის ძირითადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავის სამშობლო ქვეყანას აწვდის ინფორმაციას მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპების, სტრუქტურისა და განვითარების ტენდენციების, მისი გეგმებისა და პროგრამების, ფულად-საკრედიტო და ფინანსური მდგომარეობის, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისა და საქონლისა და მომსახურების საბაზრო პირობების, მისი ექსპორტისა და იმპორტის პოტენციალის, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების მოთხოვნების შესახებ, რომლებიც შეგროვებულია ოფიციალური წყაროებიდან, რომლებზეც მისიას პირდაპირი წვდომა აქვს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის შექმნას.

ბაზარზე ყოფნის დირექტივების შექმნა

დიპლომატიური მისიების მთავარი ამოცანებია:
 დაეხმაროს მათი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეებს მასპინძელი ქვეყნის ბაზრებზე მუშაობაში;
 დაიცვას და გააკონტროლოს ქვეყნის ინტერესები მათ საქმიანობაში და კოორდინაცია გაუწიოს ამ საქმიანობას მათ ბიზნეს საქმიანობაში ჩარევის გარეშე;
 წარმოაჩინონ თავიანთი ქვეყანა, როგორც ქვეყანა, რომლის ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა საშუალებას აძლევს მას ჩაითვალოს საიმედო პარტნიორად საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში;
 დაეხმარონ მის მონაწილეებს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში და ორგანიზება გაუწიონ მოლაპარაკებებს, კონგრესებს, სემინარებს, მრგვალ მაგიდებსა და გამოფენებს;
 დაამუშაონ თავიანთი საწარმოებიდან შემოსული წინადადებები საქონლისა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ორგანიზების, საინვესტიციო მოთხოვნებისა და წინადადებების შესახებ;
 უზრუნველყონ მათთვის საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურება, გამოიყენონ ადგილობრივი ექსპერტები ეკონომიკისა და ბაზრის ანალიზისათვის, სადაც საჭიროა სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც პროფესიონალ დიპლომატს შეიძლება არ ჰქონდეს.
როგორც ვხედავთ, მკაფიოდ იკვეთება საუნივერსიტეტო სფეროში მომუშავე მკვლევრების კოგნიტური პოტენციალი, რომელიც სამწუხაროდ ნაკლებად გამოიყენება, რაც დადებითად სულაც არ აისახება დიპლომატიური სამსახურის საქმიანობაზე.
კოოპერირება სამეცნიერო საგანმანათლებლო სფეროსთან დიპლომატიური მისიების გუნდური მუშაობის ორგანიზების მეთოდია. როგორც ამბობენ, დიპლომატები წარმოადგენენ „სპეცრაზმის რაზმს“. მათი სამუშაო მოითხოვს გუნდურ მუშაობას მასპინძელ ქვეყნაში ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად. ეს უნდა მოიცავდეს წამყვანი სპეციალისტების, ანალიტიკოსებისა და ექსპერტების გამოყენებას მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების გასაანალიზებლად. ასეთი გუნდური მუშაობის წარმმართველია დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, რომელიც პოლიტიკური პარტიების ინტერესებისგან დისტანცირებული მაღალი რანგის პროფესიონალია და ასრულებს შემდეგ ძირითად ამოცანებს:
• საკუთარი ქვეყნის დადებითი იმიჯის შექმნა;
• ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;
• ორმხრივი ვაჭრობის სტრუქტურის გაუმჯობესება;
• დიპლომატიური მისიის საქმიანობის ახალი პერსპექტიული სფეროების დანერგვა.

დიპლომატიის ეკონომიკური სისტემების ორგანიზების მოდელები

დღეს, მსოფლიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები იყენებენ რამდენიმე სამუშაო მოდელს, რომლებიც დაკავშირებულია ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ერთიანი მოდელი არის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კომპლექსური განვითარება საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების მთავარი კოორდინატორი საერთაშორისო დონეზე. ის განსაზღვრავს სტრატეგიასა და პრიორიტეტებს მასპინძელი ქვეყნის ყველა სამთავრობო უწყებასთან და რეგიონულ აღმასრულებელ ორგანოსთან თანამშრომლობით.
ნაწილობრივ გაერთიანებული მოდელი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ერთობლივად აწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სამუშაოებს. სავაჭრო-ეკონომიკური მისია დიპლომატიური მისიის ფარგლებში ცალკე დანაყოფია, რომელიც ორმხრივად ექვემდებარება საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს. ის დამოუკიდებელია დიპლომატიური მისიისგან და აქვს საკუთარი ბიუჯეტი. სავაჭრო-ეკონომიკური მისიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან, რომელიც ზედამხედველობს მათ მუშაობას. სავაჭრო-ეკონომიკური მისიის პრიორიტეტებს განსაზღვრავს ეკონომიკის სამინისტრო.
ზოგიერთ პერიოდში, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მართვა დელეგირებულია მესამე მხარისათვის. ეს ხდება მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური მისიის მასპინძელ ქვეყანაში სავაჭრო-ეკონომიკური სიტუაციის კონტროლის უზრუნველყოფის საკითხში პასიურ მხარედ იქცევა. მესამე მხარის მომსახურებას მხოლოდ ასეთი საჭიროების შემთხვევაში იყენებენ. ამ მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო დავალებებს აკისრებს ექსპორტის ხელშეწყობისა და მარკეტინგული კვლევის სააგენტოებს, რომლებსაც ინვესტიციების მოზიდვის ობიექტური ინტერესი აქვთ და რომლებთანაც შესაბამის შეთანხმებებს დებს.

დასკვნა

ეკონომიკური დიპლომატია საგარეო პოლიტიკაში, მისი დაარსების დღიდან არსებობს. ის წარმოადგენს ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე ნაყოფიერი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მიღწევის ძირითად მექანიზმს. ის არის აგრეთვე ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარების მთავარი ინსტრუმენტი საერთაშორისო დონეზე.
ეკონომიკური ინტერესების პრიორიტეტი, რომელიც წარმოიშობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობიდან, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, გამოწვეულია ეკონომიკური განვითარების მრავალი გზით. მისი ეფექტიანად დაძლევა ხელს უწყობს მსოფლიოში უფრო ძლიერი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარებას და ეკონომიკური დიპლომატიის როლი შეუცვლელია ამ პროცესში.
ჩვენ ვცხოვრობთ დაუსრულებელი შესაძლებლობების დროში. მათთვის, ვისაც აქვს საჭირო ცოდნა, კომპიუტერული უნარები და წვდომა გლობალურ საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე, თითქმის არაფერია შეუძლებელი. ყველა ამ ელემენტის დაუფლებით, განვითარებად ქვეყანაში მცირე ბიზნესის ან საკუთარი წარმოების დაწყებაც კი შეიძლება წარმატებული გახდეს გლობალურ ბაზარზე განსაკუთრებით მაშინ, თუ მოვიძიებთ პროფესიონალური და ეფექტიანი ეკონომიკური დიპლომატიის საიმედო მხარდაჭერას.

Keywords: Economic diplomacy, economic policy, international economic relations, tasks and tools of economic diplomacy.
JEL Codes: F5, F13, F02, F42, O19

ლიტერატურა:
• G.R. Berridge, Alan James (2003). A Dictionary of Diplomacy. Polgrave Macmillan, London.
https://kamudiplomasisi.org/pdf/kitaplar/___adictionaryofdiplomacy.pdf
• Kennet S. Rogoff (2025). Our Dollar, Your Problem: An Insider\\\\\\\'s View of Seven Turbulent Decades of Global Finance, and the Road Ahead. https://www.goodreads.com/book/show/220714080-our-dollar-your-problem
• Kishan S Rana (2007). ECONOMIC DIPLOMACY NEGOTIATIONS;
https://mail.cuts-citee.org/pdf/CDS03-Session5-PP02.pdf
• Mayers David (2011). "The Great Patriotic War, FDR\\\\\\\'s Embassy Moscow, and Soviet—US Relations" from The International History Review, Volume 33, No. 2, June 2011; https://www.jstor.org/stable/23032806
• Moons, Selwyn and Van Bergeijk, Peter A. G., (2009). Economic Diplomacy and Economic Security, New Frontiers for Economic Diplomacy, pp. 37-54, Carla Guapo Costa, ed., Instituto Superior de Ciéncias Sociais e Politicas;
https://ssrn.com/abstract=1436584
• Saner R., Yiu L. (2016). International Economic Diplomacy: Mutations in Post-modern Times, Discussion Papers in Diplomacy, Netherlands Institute of International Relations;
https://www.clingendael.org/sites/default/files/2016-02/20030100_cli_paper_dip_issue84.pdf
• Stephen Woolcock, Nicholas Bayne (2007). The New Economic Diplomacy: Decision-Making and Negotiation in International Economic Relations. https://2024.sci-hub.ru/6223/11289c427e9a98723dc934b5e78a5e73/the-new-economic-diplomacy-2016.pdf
• Usman W. Chohan (2021). Economic Diplomacy: A Review.Strategy & Macroeconomic Policy eJournal. Social Science Research Network (SSRN). Economic Diplomacy: A Review.January 2021SSRN Electronic Journal. DOI:10.2139/ssrn.3762042;
https://www.researchgate.net/publication/349076230_Economic_Diplomacy_A_Review
• Van Bergeij, Peter A. G., (2009). "Economic Diplomacy and the Geography of International Trade", Edward Elgar Publishing, North Hampton;
https://ideas.repec.org/b/elg/eebook/13518.html
• Wells, Louis T., Jr.; Wint, Alvin G. 2015). Marketing a country: promotion as a tool for attracting foreign investment (revised edition) (English). Foreign investment advisory service occasional paper ; no. FIAS 13 Washington, D.C.: The World Bank. http://documents.worldbank.org/curated/en/884891468763824660

1.კონფლიქტის ღირებულება არის მისი უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ხარჯები. კონფლიქტის უარყოფითი შედეგები შემდეგია: ის ამცირებს ადამიანკაპიტალს, რაც სიღარიბის გავრცელებას იწვევს. კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში, სიღარიბე ხშირად იზრდება დასაქმების შემცირებისას; დაზიანებული და განადგურებულია ფიზიკური კაპიტალი და მატერიალური ინფრასტრუქტურა; ზარალდება ეკონომიკის ორგანიზაცია და მისი ინსტიტუტები; და რეგიონული სტაბილურობა და მისი გრძელვადიანი განვითარება საფრთხის ქვეშაა ნდობასა და სოციალურ ერთიანობაზე კონფლიქტის ზემოქმედების გამო, საფრთხის ქვეშ ექცევა სტაბილურობა და გრძელვადიანი განვითარება.

 2. მულტიტასკინგი (multitasking) გულისხმობს ადამიანის უნარს, ერთდროულად ან პარალელურად შეასრულოს ორი ან მეტი კოგნიტური დავალება; თუმცა, ადამიანის ტვინის ერთბირთვიანი არქიტექტურის გამო, ეს ხშირად გულისხმობს ამოცანებს შორის სწრაფ გადართვას, ნამდვილად ერთდროული დამუშავების ნაცვლად.