English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ თენგიზ ვერულავარევაზ ჯორბენაძეგიორგი კურტანიძე
მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მეთოდის შემოღება საქართველოში და მისი გავლენა სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე

doi.org/10.52340/eab.2025.17.03.11

ჟურნალი N 3. 2025

საქართველოში 2022 წელს შემოღებულ იქნა საავადმყოფო მომსახურებების დაფინანსების პროსპექტული სისტემა, რომელიც ეფუძნება მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებულ ჯგუფებს (DRG) და მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის ამაღლებას. კვლევის მიზანია DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს დაფინანსების გავლენის შეფასება ინფარქტიანი პაციენტების სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე. კვლევამ, რომელიც მოიცავს სამი დიდი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებს, აჩვენა, რომ DRG სისტემის დანერგვამ შეამცირა პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, რეადმისიების და ლეტალობის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ნოზოლოგიების ფასები გაიზარდა, პაციენტთა ჯიბიდან გადახდები შემცირდა, რაც ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

საკვანძო სიტყვები: მსგავსი დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფები (DRG), დაფინანსების სისტემა, პაციენტი, მწვავე მიოკარდიული ინფარქტი, საქართველო.

შესავალი
დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (Diagnosis-Related Groups – DRG), ანუ „დიარჯის“ დაფინანსების მეთოდი გულისხმობს საავადმყოფოების დაფინანსებას რესურსების გამოყენებისა და კლინიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომლებიც ერთიანდება მსგავსი დიაგნოზის მიხედვით. მსგავსი დიაგნოზის მქონე დაავადებები გაერთიანებულია ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში და თითოეული ჯგუფისთვის განისაზღვრება საშუალო ხარჯები, აუცილებელი კლინიკური და დიაგნოსტიკური ღონისძიებები, თანმხლები დაავადებები და ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა.
დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების დაფინანსების სისტემა პირველად 1983 წელს შემუშავდა იელის უნივერსიტეტში (აშშ) Medicare პროგრამის ხარჯების შეკავების მიზნით (Stern და Epstein, 1985; Tylus, 1981). ამ ახალმა სისტემამ შეცვალა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბალანსი, რომელიც ადრე უპირატესობას ანიჭებდა პროვაიდერებს (საავადმყოფოებსა და ექიმებს). აღნიშნული მეთოდი ეკონომიკურ პასუხისმგებლობას გადასცემს დამფინანსებლიდან სამედიცინო დაწესებულებებზე, რაც ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და სისტემის ეფექტიანობას (Choi და სხვ., 2019).
საქართველომ DRG დაფინანსების სისტემაზე გადასვლა დაიწყო 2017 წლიდან, ხოლო 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა DRG მეთოდის დანერგვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოს DRG დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია ლატვიურ მოდელზე, რომელიც იყენებს Nord DRG სისტემას. DRG მექანიზმი ლატვიაში დანერგილია 2014 წლიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანახმად, წონების ანალიზით, ლატვიური წონები ყველაზე ახლოა ქართულ რეალობასთან. ამასთან, იმ პერიოდში, ლატვიასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა საქართველოს, რამაც განაპირობა ამ სისტემის გადმოტანა საქართველოში (სასწავლო ვიზიტები, ლატვიელი ექსპერტების ჩართულობა).
2018 წელს შესყიდულ იქნა Nord DRG-ს ჯგუფების გამოყენების უფლება და ლიცენზია. 2022 წელს განხორციელდა ვიზიტი ლატვიაში, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, მომზადდა და მთავრობას წარედგინა შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების ცვლილების პაკეტი, ჩატარდა სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები 80-ზე მეტ სამედიცინო დაწესებუ¬ლებას¬თან.
საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) დაფინანსების ახალი საპილოტე მოდელი ამოქმედდა 2022 წლის პირველი ნოემბრიდან. რეფორმის ძირითადი მიზანი იყო ჯანდაცვის სერვისების ეფექტიანობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების დაფინანსების მოდელის შემოღებამდე, სამედიცინო ორგანიზაციების დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, ანუ კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა ხარჯი, თუ რა ჩარევა დასჭირდა მას. დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) პრინციპი კი გულისხმობს, რომ პაციენტი ფინანსდება დიაგნოზის მიხედვით. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ჩარევა სჭირდება – ოპერაცია, რეანიმაცია თუ სხვა. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო იხდის დიაგნოზის მიხედვით. იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, რომელიც არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის.
თუ მანამდე კლინიკას შეეძლო, საყოველთაოს პრინციპით თანაგადახდის გარდა, პაციენტებისთვის დამატებით უკეთესი სერვისის თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება მოეთხოვა, მას შემდეგ, დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების სისტემა (DRG) ამოქმედდა, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ აქვს. ნებისმიერ დიაგნოზზე არის განსაზღვრული ტარიფი, რისი თანაგადახდის მოცულობაა 10, 20 ან 30%. პაციენტს ეცოდინება განფასება, შესაბამისი პროცენტი და ამ თანხის ზევით არაფერს იხდის. დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში, ერთსა და იმავე მომსახურებას ექნება ერთი ტარიფი, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).
ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის 25 აპრილს დიაგნოზით დაკავშირებული ჯგუფების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებები შეიტანა სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობაში. ცვლილების შეტანის მიზეზი გახდა ზოგიერთ სამეციდინო მომსახურებაზე თანაგადახდის მოცულობის გაზრდილი რაოდენობა და ურგენტულ შემთხვევებზე დამატებითი გასადახადის დაწესება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სამედიცინო მომსახურებაზე პაციენტისათვის დაწესებულ თანაგადახდის წილზე ზედა ზღვარი დაწესდა. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელის ფარგლებში პაციენტებს მოეხსნათ სხვა დამატებითი გადასახადი, ანუ თანაგადახდის ზედა ზღვარზე მეტის გადახდა პაციენტს არ მოუწევს. საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის თანაგადახდის წილი დაწესდა – 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო. 0-5 წლის ბავშვებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის – 20% – არაუმეტეს 1000 ლარისა; მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 20% აღემატება 1000 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო. საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის – 30% – არაუმეტეს 1500 ლარისა. მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 % აღემატება 1500 ლარს, პაციენტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო. შესაბამისად, პაციენტებს აღარ მოეთხოვებათ დამატებითი გადასახადის გადახდა თანაგადახდის ლიმიტის ზევით, რაც აუმჯობესებს ფინანსურ გამჭვირვალობას. კვლევებმა აჩვენა, რომ DRG გადახდის მეთოდი ხელს უწყობს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას ჯანდაცვის სერვისებზე და ზრდის გამჭვირვალობას, რაც დადებითად მოქმედებს პაციენტის კმაყოფილებაზე (Chen და სხვ., 2023).
ყოველივე ზემოთქმული ხაზს უსვამს DRG-ის მეთოდის მნიშვნელობას ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც მოსახლეობის სოციალური ფონი საკმაოდ რთულია (Asatiani და Verulava, 2017). აღსანიშნავია, რომ DRG-ის დაფინანსების პოლიტიკის განხორციელების გავლენა საქართველოში ჯერ არ არის შესწავლილი. წინამდებარე კვლევის მიზანია DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს ანაზღაურების გავლენის შეფასება მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების სამედიცინო მომსახურების ეფექტიანობაზე. კვლევის შედეგები ღირებული იქნება DRG-ზე დაფუძნებული ანაზღაურების მეთოდის დანერგვისას გადაწყვეტილებების მიღების მხარდაჭერისა და გაუმჯობესებული პრაქტიკის გაიდლაინების შემუშავებაში.
მეთოდოლოგია
კვლევისათვის გამოყენებულ იქნა რეტროსპექტული კოჰორტული მეთოდი. კვლევა ეფუძნება თბილისის სამი მსხვილი საავადმყოფოს 2021-2024 წლების მონაცემებს. შესწავლილ იქნა მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტების მონაცემები DRG-ის ამოქმედებამდე და DRG-ის დანერგვის შემდეგ. კვლევაში ჩართული იყვნენ პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ან ჩაიტარეს კორონარული ინტერვენცია. კვლევიდან გამორიცხული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ კორონარული არტერიის შუნტირება, მცირე რაოდენობის შემთხვევების გამო, რაც არ იძლეოდა სტატისტიკური ანალიზის საშუალებას.
კვლევისთვის გამოყენებულ იქნა მიოკარდიუმის ინფარქტით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მონაცემები, სადაც მითითებული იყო პაციენტთა დემოგრაფიული მახასიათებლები, დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის და გაწერის თარიღები, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა, ჩატარებული პროცედურები, გაწერის სტატუსი და ხარჯები. სულ შეირჩა 2655 პაციენტი, მათ შორის 1233 (46.4%) რეფორმამდე და 1422 (53.6%) რეფორმის შემდეგ.
მონაცემთა დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებული იქნა სტატისტიკური პროგრამული უზრუნველყოფა SPSS 22.0 ვერსია.
შედეგები

 

ხრილი გვიჩვენებს შერჩეული პოპულაციის საბაზისო მახასიათებლებს. რეფორმამდე პერიოდში (2021 წლის მაისიდან 2022 წლის ნოემბრამდე) მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რაოდენობა შეადგენდა 1233-ს, ხოლო რეფორმის შემდგომ პერიოდში (2022 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მაისამდე) – 1422-ს. DRG-ის ანაზღაურების შემოღების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 15,3%-ით გაიზარდა. პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 61 წელს.
DRG-ის ანაზღაურების სისტემების დანერგვის შემდეგ პაციენტის საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა შემცირდა 0.6 დღით (P=0.0010), სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა 1,4%-დან 1%-მდე (P=0,0438), ხოლო საავადმყოფოდან გაწერის 30 დღის შემდეგ რეადმისიის მაჩვენებელი შემცირდა 3,2%-დან 2,3%-მდე.
მკურნალობის მეთოდების თვალსაზრისით, რეფორმამდე დომინანტური მეთოდი იყო პერკუტანული კორონარული ჩარევა (n=677; 54.9%). რეფორმის შემდეგ პერკუტანული კორონარული ჩარევის გამოყენება კიდევ უფრო გაიზარდა (n=819; 57.6%) (P<.0001).
კვლევამ აჩვენა, რომ რეფორმის შემდეგ განხორციელებული ტარიფების გადახედვის შედეგად, საავადმყოფოს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2894 ლარიდან 4206 ლარამდე (P<.0001). თუმცა, რეფორმის შემდეგ პაციენტის სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა 804 ლარიდან საშუალოდ 402 ლარამდე შემცირდა.

დისკუსია
კვლევები ადასტურებს, რომ ექიმების კლინიკურ ქცევაზე გავლენას ახდენს სამედიცინო ორგანიზაციების დაფინანსების პოლიტიკა (Barasa და სხვ., 2021; Verulava და სხვ., 2024). როდესაც იცვლება საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდები, იცვლება ექიმების კლინიკური ქცევაც (Liu და Mills, 2005; Verulava, 2024; Verulava, 2023; Verulava და სხვ., 2021).
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოს ანაზღაურების განხორციელება იწვევს დადებით შედეგებს მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებისთვის, განსაკუთრებით საერთო ხარჯების სტაბილიზაციასა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაში, ასევე, სიკვდილიანობის და დაყოვნების ხანგრძლივობის შემცირებაში. თუმცა, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნა გამოვლენილი საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტების 30 დღის განმავლობაში რეადმისიის კუთხით.
კვლევამ აჩვენა, რომ პერკუტანული კორონარული ჩარევა არის მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ძირითადი მეთოდი. რეფორმის შემდეგ, პერკუტანული კორონარული ჩარევის გამოყენება გაიზარდა 677 შემთხვევიდან (54.9%) 819 შემთხვევამდე (57.6%), უპირველეს ყოვლისა, ინტერვენციული კარდიოლოგიის ტექნოლოგიური მიღწევების გამო. კვლევების მიხედვით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პერკუტანული კორონარული ჩარევის გამოყენება სწრაფად გაიზარდა, რაც გამოწვეულია მისი მაღალი კლინიკური ეფექტიანობით (Fazel და სხვ., 2020).
წინამდებარე კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ DRG-ზე დაფუძნებულ გადახდას შეუძლია შეამციროს საავადმყოფოში დაყოვნების ხანგრძლივობა 5.8 დღიდან 5.2 დღემდე. ეს დასკვნა შეესაბამება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს (Jung და სხვ., 2018; Meng და სხვ., 2020; Willems და სხვ., 2023). გადახდის ტრადიციული მოდელის დროს, საავადმყოფოები ცდილობენ გაზარდონ საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობა მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით. თუმცა, DRG-ის გადახდის მოდელის დროს საწოლზე დაყოვნების ხანგრძლივობის გაზრდა, პირიქით, ამცირებს მოგებას. ამრიგად, DRG სისტემების დანერგვა ხელს უწყობს ქცევის ცვლილებებს, რაც იწვევს პაციენტის საავადმყოფოდან გაწერის უფრო ეფექტიან დაგეგმვას. DRG გადახდის სისტემებში დაყოვნების ხანგრძლივობის შემცირება დადებითად აისახება თითო შემთხვევის ღირებულებაზე, ზრდის საავადმყოფოს პროდუქტიულობას, ეფექტიანობასა და მომგებიანობას (Zou და სხვ., 2020).
ზოგიერთი კვლევის მიხედვით, DRG-ზე დაფუძნებულმა ანაზღაურებამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის ნაადრევი გაწერა, რათა შეამციროს ხარჯები და გაზარდოს მოგება, რაც პოტენციურად ამცირებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს (Meng და სხვ., 2020). თუმცა, DRG-ის ანაზღაურების არასასურველი ეფექტების შესახებ, რაც გულისხმობდა საავადმყოფოში ხანმოკლე დაყოვნებასა და სამედიცინო მომსახურების დაბალ ხარისხს, შეინიშნებოდა ადრეულ კვლევებში და დღეისათვის შეიძლება მოძველებული იყოს (Busato და Below, 2010). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო კომპანიებმა უნდა აკონტროლონ მკურნალობის პროცესები და შედეგები, რათა თავიდან აიცილონ საავადმყოფოდან პაციენტების ადრეულ გაწერასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები.
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ 30-დღიანი რეადმისიის მაჩვენებელი ითვლება სტაციონარული მომსახურების ხარისხის ძირითად ინდიკატორად (Dimick და Ghaferi, 2015; Verulava და სხვ., 2021). ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ DRG-ზე დაფუძნებული ანაზღაურების შედეგად რეადმისიის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა (39-დან 32-მდე).
კონკურენტულ გარემოში, საავადმყოფოები ცდილობენ შეამცირონ 30-დღიანი რეადმისიის მაჩვენებელი, რაც ასევე დადებითად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე (Tsai და სხვ., 2013). თუმცა, ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ DRG გადახდის სისტემას შეუძლია გაზარდოს რეადმისიის მაჩვენებლები და ნეგატიურად იმოქმედოს პაციენტის ჯანმრთელობის შედეგებზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში (Ming-Wei და სხვ., 2021). გარდა ამისა, საავადმყოფოდან პაციენტის ნაადრევი გაწერა ზრდის რეადმისიის ალბათობას (Jian და სხვ., 2015). ამ შემთხვევაში, DRG-ის გადახდის სისტემებმა შესაძლოა შეამცირონ მომსახურების ხარისხი ნაადრევი გაწერის შედეგად „დაუმთავრებელი მკურნალობის“ გამო.
DRG-ზე დაფუძნებული საავადმყოფოების ანაზღაურების განხორციელებამ მნიშვნელოვნად გაზარდა საავადმყოფოს საერთო დაფინანსება, უპირველეს ყოვლისა, ნოზოლოგიის უფრო მაღალი დაფინანსების გამო. რეფორმამდე კლინიკები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში იყვნენ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის მიერ დადგენილი ტარიფები მათ ხარჯებს არ ფარავდა. წლების განმავლობაში ტარიფების ინდექსაცია არ მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოზოლოგიების ფასები არ ითვალისწინებდა ინფლაციას (რომელმაც 2018 წლის შემდეგ 24.5%-ს მიაღწია), კომუნალური ხარჯების ზრდას ან სახარჯო მასალების მზარდ ფასებს. აღნიშნული მდგომარეობა უარყოფითად აისახა სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. 2022 წელს, DRG-ზე დაფუძნებული გადახდის შემოღების შემდეგ, დიაგნოზის მიხედვით განსაზღვრული ტარიფებით, გაიზარდა ნოზოლოგიის დაფინანსების მაჩვენებლები.

დასკვნა
DRG-გადახდის სისტემის დანერგვამ არსებითად შეამცირა, როგორც ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა, ასევე ხელახალი ჰოსპიტალიზაციის სიხშირე. მიუხედავად საავადმყოფოების დაფინანსების ზრდისა, ერთ შემთხვევაზე გაწეული საშუალო ხარჯი და პაციენტთა პირადი დანახარჯი შემცირდა, რაც ჰოსპიტალური სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ერთ ჰოსპიტალიზაციაზე საშუალო დანახარჯი წარმოადგენს მნიშვნელოვან მაჩვენებელს, რაც რესურსების ოპტიმალური და რაციონალური გამოყენების ხარისხს ასახავს. შესაბამისად, DRG-გადახდის მოდელი ქმნის ძლიერ სტიმულს სამედიცინო ორგანიზაციებისთვის ხარჯების შემცირების მიმართულებით, რითაც უზრუნველყოფს შემოსავლების ზრდას.
DRG-გადახდის მეთოდის დანერგვამ ასევე განამტკიცა ჯანდაცვის სისტემაში გაზომვადობა, გამჭვირვალობა და ხარჯების პროგნოზი, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია სექტორის მდგრადი განვითარებისათვის.

 

Keywords: Diagnosis-related groups (DRG), financing system, patient, acute myocardial infarction, Georgia.
JEL Codes: I11, I18, H51

 

References:
• Asatiani M., Verulava T. (2017). Georgian Welfare State: Preliminary Study Based on Esping-Andersen’s Typology. Economics and Sociology 10 (4): 21-28. Doi: 10.14254/2071-789X.2017/10-4/2.
• Barasa E., Mathauer E., Kabia N., Ezumah R. (2021). How do healthcare providers respond to multiple funding flows? A conceptual framework and options to align them. Health Policy and Planning 36 (6):861–868. https://doi.org/10.1093/heapol/czab003
• Busato A., Below G. (2010). The implementation of DRG-based hospital reimbursement in Switzerland: A population-based perspective. Health Res Policy Sys 8, 31. https://doi.org/10.1186/1478-4505-8-31
• Cao Z., Liu X., Wang X., Guo M., Guan Z. (2024). Impacts of DRG-Based Prepayment Reform on the Cost and Quality of Patients with Neurologic Disorders: Evidence from a Quasi-Experimental Analysis in Beijing, China. Risk Manag Health Policy 17:1547-1560. https://doi.org/10.2147/RMHP.S458005
• Chen YJ., Zhang XY., Yan JQ, Xue-Tang X., Qian MC., Ying XH. (2023). Impact of Diagnosis-Related Groups on Inpatient Quality of Health Care: A Systematic Review and Meta-Analysis. Inquiry 60:469580231167011. doi: 10.1177/00469580231167011.
• Choi JW., Kim SJ., Park HK. (2019). Effects of a mandatory DRG payment system in South Korea: Analysis of multi-year nationwide hospital claims data. BMC Health Serv Res 19, 776. https://doi.org/10.1186/s12913-019-4650-8
• Dimick JB., Ghaferi AA. (2015). Hospital readmission as a quality measure in surgery. JAMA 313(5):512–3.
• Fazel R., Joseph TI., Sankardas MA., Pinto DS., Yeh RW., Kumbhani DJ., Nallamothu BK. (2020). Comparison of Reperfusion Strategies for ST-Segment-Elevation Myocardial Infarction: A Multivariate Network Meta-analysis. J Am Heart Assoc 16;9(12):e015186. doi: 10.1161/JAHA.119.015186.
• Jung YW., Pak H., Lee I., Kim EH. (2018). The Effect of Diagnosis-Related Group Payment System on Quality of Care in the Field of Obstetrics and Gynecology among Korean Tertiary Hospitals. Yonsei Med J 59(4):539-545.
• Jian W., Lu M., Chan KY., Poon AN., Han W., Hu H., Yip W. (2015). Payment reform pilot in Beijing hospitals reduced expenditures and out-of-pocket payments per admission. Health Affairs 34(10):1745–52.
• Li Q., Fan X., Jian W. (2023). Impact of Diagnosis-Related-Group (DRG) payment on variation in hospitalization expenditure: evidence from China. BMC Health Serv Res 23, 688. https://doi.org/10.1186/s12913-023-09686-z
• Liu Y., Du S., Cao J., Niu H., Jiang F., Gong L. (2024). Effects of a Diagnosis-Related Group Payment Reform on Length and Costs of Hospitalization in Sichuan, China: A Synthetic Control Study. Risk Management and Healthcare Policy 17, 1623–1637. https://doi.org/10.2147/RMHP.S463276
• Liu X., Mills A. (2005). The effect of performance-related pay of hospital doctors on hospital behaviour: a case study from Shandong, China. Hum Resour Health 3, 11. https://doi.org/10.1186/1478-4491-3-11
• Meng Z., Hui W., Cai Y., Liu J., Wu H. (2020). The effects of DRGs-based payment compared with cost-based payment on inpatient healthcare utilization: A systematic review and meta-analysis. Health Policy 124:359-367
• Ming-Wei L., Shi-Wei X., Ming-Yang L. (2021). Characteristics and Related Factors of Length of Stay and Readmission Rates of Inpatients Under a DRG Based Payment System: a Cohort Study. Research Square https://doi.org/10.21203/rs.3.rs-534207/v1.
• Stern RS., Epstein AM. (1985). Institutional responses to prospective payment based on diagnosis-related groups. Hospital Topics 63(3):18–24
• Tsai TC., Joynt KE., Orav EJ., Gawande AA., Jha AK. (2013). Variation in surgical-readmission rates and quality of hospital care. N Engl J Med 369:1134-1142.
• Tylus FK. (1981). A look at DRG reimbursement in New Jersey. Hospital Topics 59(4):25–48.
• Verulava T., Barkalaia T., Chiladze G. (2024). Work Motivation and Job Satisfaction among Primary Healthcare Workers in Georgia. Hospital Topics 1–9. https://doi.org/10.1080/00185868.2024.2383909.
• Verulava T. (2024). Job Satisfaction and Associated Factors among Physicians. Hospital Topics 102 (1). DOI: 10.1080/00185868.2022.2087576.
• Verulava T. (2023). Strategic Management and Planning for Health Care Organizations in Georgia. Asia Pacific Journal of Health Management 18 (3).
• Verulava T., Jorbenadze R., Ghonghadze A., Dangadze B. (2021). Introducing Critical Incident Reporting System as an Indicator of Quality Healthcare in Georgia. Hospital Topics 100(2):77-84
• Verulava TA., Lordkipanidze R., Jorbenadze A., Ghonghadze M., Tsverava M., Donjashvili M. (2021). Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia. Journal of Health Research 35 (3)
• Verulava T., Maglakelidze T., Jorbenadze R. (2017). Hospitalization Timeliness of Patients with Myocardial Infarction. Eastern Journal of Medicine 22 (3): 103-109. DOI: 10.5505/ejm..36854.
• Willems LM., Strzelczyk A., Rosenow F. (2023). Impact of DRG billing on length of hospital stay for patients with epilepsy. Clin Epileptol 36 (Suppl 2), 163–168 https://doi.org/10.1007/s10309-023-00608-x
• Yuan S., Liu W., Wei F. (2019). Impacts of hospital payment based on diagnosis related groups (DRGs) with global budget on resource use and quality of care: a case study in China. Iran J Public Health 48(2):238–246.
• Zhang T., Lu B., Yan Z., Huang X, Lu W. (2022). Impacts of a new episode-based payment scheme on volume, expenditures, and efficiency in public hospitals: a quasi-experimental interrupted time-series study in Jinhua, China. Risk Manag Health Policy.15:1659–1669. doi:10.2147/RMHP.S376516
• Zou K., Li HY., Zhou D. (2020). The effects of diagnosis-related groups payment on hospital healthcare in China: a systematic review. BMC Health Serv Res 20, 112 https://doi.org/10.1186/s12913-020-4957-5