English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლევან საბაური
მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მდგრადი ანგარიშგების მომზადების გამოწვევები საქართველოში (შედარებითი ანალიზი სომხეთსა და აზერბაიჯანთან)

doi.org/10.52340/eab.2025.17.03.10

ჟურნალი N 3. 2025

სტატიაში განხილულია მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მდგრადი განვითარების ანგარიშგების როლი და მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკურ რეალობაში. გაანალიზებულია, თუ როგორ აისახება მდგრადი განვითარების პრინციპები და მათი ანგარიშგების პრაქტიკა მსს-ების საქმიანობასა და სტრატეგიულ განვითარებაზე. ამასთანავე, კვლევის ფარგლებში ჩატარებულია შედარებითი ანალიზი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრაქტიკასა და გამოცდილებასთან, რაც საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიაზროთ რეგიონის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების ტენდენციები, ასევე, დავინახოთ გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც ამ ქვეყნებს შორის ურთიერთშედარებისას გამოვლინდება.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს მსს-ების მდგრადი განვითარების ანგარიშგების მომზადების პროცესის გაუმჯობესებას და მის მნიშვნელოვან როლს რეგიონის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.

საკვანძო სიტყვები: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, ეკონომიკური ეფექტიანობა, კორპორაციული პასუხისმგებლობა, მდგრადი განვითარება, სოციალური პასუხისმგებლობა.

თემის აქტუალურობა: მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) როლი საქართველოს ეკონომიკაში
მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) როლი თანამედროვე ეკონომიკაში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი - განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, სადაც ეკონომიკური სტრუქტურა დივერსიფიკაციას საჭიროებს. საქართველოსთან ერთად თუ განვიხილავთ ამიერკავკასიის ორ მეზობელ ქვეყანასაც (სომხეთი და აზერბაიჯანი), მათ ეკონომიკაშიც მსს-ები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, რადგან ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ინოვაციებს და წარმოადგენენ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსს-ები ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად გვევლინებიან, განსაკუთრებით ისეთი მცირე და საშუალო ეკონომიკის შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა. მსს-ები ქმნიან დამატებულ ღირებულებას და უზრუნველყოფენ ეკონომიკური სტაბილურობის გარკვეულ დონეს, რადგან ისინი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობენ ხელს და ამცირებენ დამოკიდებულებას მხოლოდ მსხვილ კომპანიებზე.
მსს-ების მნიშვნელობა გამოიხატება რამდენიმე საკვანძო ფაქტორით:
1. დასაქმება და სამუშაო ადგილების შექმნა: მსს-ები უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი რაოდენობის სამუშაო ადგილებს, რაც ამცირებს სიღარიბეს და ხელს უწყობს ცხოვრების დონის ზრდას. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსს-ების მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია.
2. ინოვაციებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა: მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად ახორციელებენ ინოვაციებს, რაც ზრდის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ეს ხელს უწყობს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
3. სოფლის და რეგიონული ეკონომიკის განვითარება: მსს-ები ხშირად განლაგებულნი არიან რეგიონებსა და სოფლებში, რითაც ხელს უწყობენ რეგიონული განვითარების ტემპს და იცავენ ეკონომიკურ ბალანსს რეგიონებსა და ქალაქებს შორის.
4. ადგილობრივი ბაზრის გაძლიერება: მსს-ები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, რაც ზრდის მოსახლეობის ცხოვრების დონეს და ამცირებს დამოკიდებულებას იმპორტზე.
გლობალიზაციისა და ბაზრებისთვის საზღვრის გახსნის ფონზე, ამიერკავკასიაში მსს-ებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთაშორისო კონკურენციასთან გამკლავება. ამ რეგიონებში მსს-ები ხშირად განიცდიან ფინანსური რესურსების ნაკლებობას, ტექნოლოგიურ ჩამორჩენას და ახალ ბაზარზე წვდომის პრობლემებს. თუმცა, მათ აქვთ დიდი პოტენციალი, გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა საერთაშორისო ბაზრებზე და მიიღონ სარგებელი გლობალური ვაჭრობის ზრდისგან. ამ რეგიონებში ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის, მსს-ების მხარდაჭერა კრიტიკული მნიშვნელობისაა. სახელმწიფო პოლიტიკა და ინსტიტუციური მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფენ მსს-ების განვითარებას, ფინანსურ მხარდაჭერას და რეგულაციებს, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში.
მდგრადი განვითარების მნიშვნელობა: როგორ აყალიბებს მდგრადი განვითარების პრაქტიკა ბიზნესის წარმატებას
მდგრადი განვითარება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფცია თანამედროვე ბიზნესის მართვაში, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ პასუხისმგებლობას. მისი მთავარი მიზანია, არამხოლოდ კომპანიის მომგებიანობის ზრდა, არამედ გარემოზე, საზოგადოებასა და გრძელვადიან სოციალურ ფაქტორებზე დადებითი ზეგავლენის განხორციელება (Levan Sabauri, 2024). მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით მოქმედება საშუალებას აძლევს ბიზნესს შეინარჩუნოს გრძელვადიანი წარმატება და კონკურენტუნარიანობა სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში.

ეკონომიკური ეფექტიანობა
მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ეკონომიკური ეფექტიანობაა, რაც გულისხმობს რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ხარჯების შემცირებას და გრძელვადიანი ღირებულების შექმნას. კომპანიები, რომლებიც იღებენ მდგრადი განვითარების სტრატეგიებს, ხშირად ახერხებენ ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირებას, რაც საბოლოო ანგარიშით ამცირებს საოპერაციო ხარჯებს. მაგალითად, ენერგიის ეფექტიანი გამოყენება, ნარჩენების მართვა და მწვანე ინოვაციების დანერგვა, კომპანიებს აძლევს არამხოლოდ ხარჯების შემცირების შესაძლებლობას, არამედ ზრდის მათ კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზარზე (Levan Sabauri, 2024).

სოციალური პასუხისმგებლობა
მდგრადი განვითარება ასევე გულისხმობს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების და მისი თანამშრომლების მიმართ. ეს მოიცავს ისეთი ფაქტორების გათვალისწინებას, როგორიცაა:
• თანამშრომლების უფლებების დაცვა, მათი შრომის პირობების გაუმჯობესება;
• თანაბარი შესაძლებლობები და დისკრიმინაციის აღმოფხვრა;
• საზოგადოების მხარდაჭერა: პროექტების განხორციელება, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი საზოგადოების/თემის განვითარებას.
კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე, იზიდავენ და ინარჩუნებენ უფრო კვალიფიციურ კადრებს, ზრდიან თანამშრომელთა მოტივაციას და, შესაბამისად, აუმჯობესებენ თავიანთი პროდუქციის ან მომსახურების ხარისხს.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა მდგრადი განვითარების მთავარი ელემენტია. ბიზნესი, რომელიც იყენებს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებს და იცავს გარემოსდაცვით ნორმებს, ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, რაც არამხოლოდ საზოგადოებას აძლევს სარგებელს, არამედ ზრდის კომპანიის რეპუტაციას. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისა და მომსახურების მოთხოვნა მუდმივად იზრდება. მწვანე ინიციატივები და ეკო-მეგობრული წარმოება კომპანიებს ეხმარება ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, რომლებიც ეძებენ მდგრად პროდუქციას (Levan Sabauri; Nadezhda Kvatashidze, 2023).

კორპორაციული პასუხისმგებლობა (CSR)
კომპანიები, რომლებიც ეფუძნებიან მდგრადი განვითარების პრინციპებს, ხშირად მოიპოვებენ მომხმარებლების ნდობას და ქმნიან დადებით იმიჯს ბაზარზე. მომხმარებლები და ინვესტორები დღესდღეობით უფრო მეტად ინტერესდებიან იმ კომპანიებით, რომლებიც იაზრებენ თავიანთ სოციალურ და გარემოსდაცვით ვალდებულებებს (Levan Sabauri; Nadezhda Kvatashidze, 2023). კორპორაციული პასუხისმგებლობა (CSR) აძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას და ზრდის მისი აღქმის ხარისხს საზოგადოებაში. პოზიტიური რეპუტაცია ხელს უწყობს არამხოლოდ მომხმარებლების შენარჩუნებას, არამედ ახალი ბაზრების ათვისებას და გრძელვადიან ურთიერთობებს პარტნიორებთან (Levan Sabauri, 2024). კომპანიები, რომლებიც დგამენ ნაბიჯებს მდგრადი განვითარების მიმართულებით, ხშირად უფრო მომზადებული არიან გაუმკლავდნენ გარემოსდაცვით, სოციალურ ან ეკონომიკურ კრიზისებს. მდგრადი განვითარების პრაქტიკა კი ეხმარება კომპანიებს, უკეთ გაიაზრონ გრძელვადიანი რისკი და განავითარონ მოქნილი სტრატეგიები კრიზისების მართვისთვის.
დღესდღეობით, საზოგადოება და მთავრობები აქტიურად ზრუნავენ გარემოსა და სოციალურ საკითხებზე. კომპანიებს, რომლებიც არ იცავენ მდგრადი განვითარების პრინციპებს, შესაძლოა შეექმნათ გარკვეული შეზღუდვები ან გამოიწვიონ საჯარო პროტესტები, რაც, საბოლოო ანგარშით, უარყოფითად აისახება მათ ბიზნესზე. მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ბიზნესი უფრო ადვილად ადაპტირდება საერთაშორისო რეგულაციებთან და იღებს სახელმწიფო მხარდაჭერასა და სუბსიდიებს (Levan Sabauri; Nadezhda Kvatashidze, 2023)

I. მცირე და საშუალო საწარმოების როლი და გამოწვევები საქართველოს ეკონომიკაში

მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში
მცირე და საშუალო საწარმოები (მსს) საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, დასაქმებასა და მდგრად განვითარებაში. მსს-ები აძლიერებენ ეკონომიკურ დივერსიფიკაციას და ამცირებენ დამოკიდებულებას მსხვილ საწარმოებზე, რითაც ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და სოციალური კეთილდღეობის ზრდას.
მცირე და საშუალო ბიზნესი (მსბ) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს სექტორი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროა, ხელს უწყობს ინოვაციების ზრდას და ეკონომიკაში მოქნილობას და უზრუნველყოფს შემოსავლების უფრო თანაბარ გადანაწილებას.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მონაცემებით, მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების 45%-ზე მეტს განვითარებულ ქვეყნებში (Angel Gurría, 2020). გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს დაახლოებით 40%. რუსეთის მაგალითზე, 2021 წელს მსბ შეადგენდა ქვეყნის ყველა სამუშაო ადგილის დაახლოებით 20%-ს, რაც ასახავს ამ სექტორის მნიშვნელობას მოსახლეობის დასაქმებისთვის.
უმეტეს ქვეყნებში მსბ-ის წილი მშპ-ში შეადგენს 30%-დან 60%-მდე. მაგალითად, ევროკავშირში მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის მშპ-ის დაახლოებით 56%-ს. მსბ-ს აქვს მაღალი მოქნილობა და სწრაფად ადაპტაციის უნარი ბაზრის ცვლილებებზე, რაც ხელს უწყობს ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. მსოფლიო ბანკის და სხვა ინსტიტუტების კვლევებში აღინიშნება, რომ ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები ლიდერობენ ახალი ტექნოლოგიების და ბიზნეს-მოდელების გამოყენებაში. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, მსბ-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, სიღარიბის შემცირებას და რეგიონების განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოები ჩვეულებრივ უფრო თანაბრად არის განაწილებული ქვეყნის ტერიტორიაზე, ვიდრე მსხვილი კორპორაციები. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სამხრეთ კორეა და გერმანია, მსბ-ის ეფექტურმა სახელმწიფო მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად გაზარდა მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა (Gill, Indermit, 2024).
საქართველოს ეკონომიკა, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა, დიდად არის დამოკიდებული მცირე და საშუალო საწარმოების საქმიანობაზე. ეს საწარმოები წარმოადგენენ პროგრესის მამოძრავებელ ძალას და აქტიურად მონაწილეობენ როგორც შიდა ბაზრის განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში.
საქართველოს ეკონომიკური მონაცემების თანახმად, მსს-ების წილი მშპ-ში 2022 წელს დაახლოებით 60%-ს შეადგენდა. მსს-ები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მრეწველობის, ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. გარდა ამისა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოები უზრუნველყოფენ ქვეყანაში 70%-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას (OECD, 2020), ხოლო მათი წილი მთლიან დამატებულ ღირებულებაში 59%-ს უტოლდება (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 2021). ეს ნიშნავს, რომ მსს-ები ქმნიან მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს და ამცირებენ უმუშევრობას, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მსხვილი კომპანიები ნაკლებად არიან წარმოდგენილი.
ეკონომიკის ის მიმართულებები, სადაც მსს-ები საქართველოში აქტიურად არიან წარმოდგენილი, ძირითადად შემდეგი სექტორებია:
მომსახურება (ტურიზმი, სასტუმროები, რესტორნები);
ვაჭრობა (სავაჭრო ქსელები, საცალო და საბითუმო ვაჭრობა);
სოფლის მეურნეობა;
მრეწველობა (მცირე წარმოებები, კვების მრეწველობა).
ამ სფეროში მსს-ები ქმნიან მნიშვნელოვან დამატებულ ღირებულებას, განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და მომსახურება, რაც მიმდინარე ეტაპზე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.
მსს-ები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სოციალურ განვითარებაზე. მსს-ები ხშირად განლაგებულნი არიან რეგიონებსა და სოფლებში, სადაც ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. მსს-ების არსებობა და განვითარება ეხმარება ადამიანებს პროფესიული მობილობის ზრდაში, რადგან ხშირად დასაქმებულებს აქვთ შესაძლებლობა, განავითარონ საკუთარი უნარები და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი ბაზარზე.
საქართველოს ეკონომიკაში მსს-ების მთავარი გამოწვევაა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა, რაც ხელს უშლის მათ ზრდას და განვითარებას, ტექნოლოგიური ჩამორჩენა კი ართულებს მათი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას საერთაშორისო ბაზრებზე. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსს-ების მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რაც გამოიხატება სახელმწიფო სუბსიდიებისა და მხარდამჭერი პროგრამების შემუშავებით, რაც ეხმარება მცირე საწარმოების განვითარებას და ხელს უწყობს მათ ფინანსურ სტაბილურობას. ასევე, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები (მაგ., მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროკავშირი) ეხმარებიან მსს-ებს ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში

მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) ძირითადი გამოწვევები საქართველოში
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცირე და საშუალო საწარმოები (მსს) მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა, მათ წინაშე დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც აფერხებს მათ სრულყოფილად განვითარებას და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ეს გამოწვევები ძირითადად დაკავშირებულია ბაზრის წვდომასთან, ფინანსური რესურსების ნაკლებობასა და ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან. თითოეული ეს ფაქტორი კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს, რაც მოითხოვს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევას.
ბაზრის წვდომის სირთულე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება საქართველოს მსს-ებისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, თუმცა, სირთულეები არსებობს ადგილობრივ ბაზარზეც.
მსს-ების უმეტესობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და მონაცემები ბაზრის მოთხოვნებზე, რაც ართულებს ახალი პროდუქტებისა და სერვისების ეფექტიან შემოტანას ბაზარზე. ამასთან, საქართველოს მრავალი მსს სტრატეგიულად მზად არ არის საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. ეს გამოწვეულია ექსპორტის ტექნიკური მოთხოვნების, საბაჟო პროცედურებისა და ლოგისტიკის სირთულეებით.
ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული წვდომა წარმოადგენს მეორე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც ართულებს მსს-ების ზრდასა და განვითარებას. კომპანიებს ხშირად არ აქვთ საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა ინვესტიციების განსახორციელებლად, საწარმოო სიმძლავრის გასაზრდელად და ინოვაციების დასანერგად. მსს-ების უმეტესობას უჭირს საბანკო სესხების მიღება მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და საკრედიტო ისტორიების გაუმართაობის გამო. მცირე საწარმოები ხშირად არ ფლობენ საკმარის აქტივებს, რომლის გამოყენებითაც შეეძლებათ სესხის უზრუნველყოფა მათი აღებისას. ინოვაციების დანერგვისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი კაპიტალის ინვესტირება, რასაც მსს-ები ხშირად ვერ ახერხებენ შეზღუდული ფინანსური რესურსის გამო, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელონ მსს-ების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, რაც დაეხმარება მათ ფინანსური რესურსების მოზიდვასა და სტაბილურ განვითარებაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კარგი ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროების შემთხვევაში, მოხდეს მცირე ბიზნესებისთვის უფრო ხელსაყრელი კრედიტებისა და დაფინანსების პირობების შეთავაზება. აღნიშნული მიმართულებით ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობით, რაც გულისხმობს იმას, რომ მსს-ებს, რომლებიც წარადგენენ და გაასაჯაროებენ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, სესხის აღება გამარტივებული პროცედურებით შეეძლებათ.
მსს-ებისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვა. დღევანდელ ბიზნესგარემოში, სადაც ციფრული და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია სწრაფად ვითარდება, მსს-ებს უჭირთ სათანადოდ ადაპტირება და კონკურენციის შენარჩუნება. მათთვის რთულია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა, რაც მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების პარალელურად მოითხოვს სპეციალურ პროფესიონალურ რესურსებს. საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოში მრავალი დასაქმებული ვერ ფლობს საკმარის ტექნოლოგიურ და საინფორმაციო უნარებს, რაც ართულებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ძირითადი საქმიანობის დროს. ამასთან, ციფრული განვითარების დაბალი დონე და შესაბამისი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა რეგიონებში კიდევ უფრო ზრდის კომპანიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის პრობლემებს. აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს ტექნოლოგიური ინკუბატორებისა და ცენტრების შექმნა, რომლებიც დაეხმარება მცირე ბიზნესს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვაში.

მსს - ის მდგრადი განვითარება
მდგრადი განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (მსს) გულისხმობს ისეთი ბიზნესპრაქტიკის დანერგვას, რომელიც მიმართულია არამხოლოდ ეკონომიკური წარმატების მიღწევაზე, არამედ სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზიარებაზე. მდგრადი განვითარების მიზანია, საწარმოებმა შეძლონ გრძელვადიანი ზრდა და სტაბილური განვითარება, თანაც ამ პროცესში მინიმალური უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეთ გარემოზე და დადებითი გავლენა – საზოგადოებაზე.
მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მდგრადი განვითარება მოიცავს არამხოლოდ რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას, არამედ იმ აქტივობის განხორციელებას, რაც ორგანიზაციის გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.
მსს-ებში მდგრადი განვითარების დანერგვისთვის მთავარ სარგებელს წარმოადგენს:
ხარჯების შემცირება: ენერგიისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება საწარმოებს აძლევს საშუალებას შეამცირონ საოპერაციო ხარჯები. მაგალითად, ენერგიის მოხმარების შემცირება და ნარჩენების მენეჯმენტი ზრდის საწარმოს მოგებას და ამცირებს ზედმეტ ხარჯებს.
ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება: გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა ზრდის მომხმარებელთა და პარტნიორთა ნდობას. ამით მსს-ებს შეუძლიათ უკეთ გაუმკლავდნენ კონკურენციას და მოიპოვონ ახალი ბაზრები.
სოციალური იმიჯის გაუმჯობესება: მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივებს, უფრო ადვილად მოიზიდავენ კვალიფიციურ თანამშრომლებს და ამყარებენ მჭიდრო კავშირს საზოგადოებასთან.
მსს-ებისთვის მდგრადი განვითარების ანგარიშგების მომზადება/წარდგენა არის ის პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციები ღიად წარმოადგენენ ინფორმაციას თავიანთი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული/მმართველობითი (ESG ) პრაქტიკის შესახებ. ეს ანგარიშგება ეხმარება კომპანიებს გააუმჯობესონ თავიანთი გამჭვირვალობა და უზრუნველყონ საზოგადოებისა და ინვესტორების ნდობა.
მთავარი ასპექტები, რომლებიც აისახება მდგრადი განვითარების ანგარიშგებაში:
1. გარემოსდაცვითი ზეგავლენის შემცირება: გარემოზე ზემოქმედების მონაცემების (მაგალითად, ელ.ენერგიის გამოყენება, წყლის მოხმარება, ნახშირბადის ემისიები) გაშუქება ანგარიშგებაში, ზრდის კომპანიის ცნობადობას მისი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართ. ეს აუმჯობესებს ურთიერთობების ხარისხს როგორც მომხმარებლებთან, ასევე პარტნიორებთან.
2. სოციალური პასუხისმგებლობა და დასაქმების პირობები: ანგარიშგება, რომელიც მოიცავს თანამშრომლების უფლებების დაცვის, შრომის პირობების გაუმჯობესების და თანაბარი შესაძლებლობების მიწოდების შესახებ ინფორმაციას, აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას და ხელს უწყობს თანამშრომლების მოტივაციას.
3. ეკონომიკური მდგრადობა და მართვის პრაქტიკა: ანგარიშგება, რომელიც ფოკუსირებულია კომპანიის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და მმართველობით პროცესებზე, აძლევს ინვესტორებსა და პარტნიორებს უფრო მკაფიო წარმოდგენას კომპანიის სტაბილურობასა და მის უნარზე გაუმკლავდეს გრძელვადიან გამოწვევებს.
მდგრადი განვითარების ანგარიშგება ეხმარება მსს-ებს, გახდნენ უფრო ღია და გამჭვირვალე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას მათ მომხმარებლებში, პარტნიორებსა და ინვესტორებში. ინვესტორები, როგორც წესი, უფრო მეტად არიან დაინტერესებული იმ კომპანიებში ინვესტირებით, რომლებიც პასუხიმგებლობას იჩენენ გარემოსა და საზოგადოების მიმართ. ინვესტორები უფრო მეტად უპირატესობას ანიჭებენ კომპანიებს, რომლებიც ფლობენ მდგრადი განვითარების მკაფიო სტრატეგიებსა და ანგარიშგების სისტემებს. მდგრადი განვითარების შესახებ ინფორმაციის წარმოჩენა ეხმარება მსს-ებს დაფინანსების მოპოვებაში, რადგან ეს ქმნის ნდობას და ზრდის კაპიტალზე წვდომის შესაძლებლობებს. მდგრადი განვითარების ანგარიშგება ასევე ხელს უწყობს კომპანიის პოზიტიურ რეპუტაციას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. კომპანიები, რომლებიც ღიად წარმოადგენენ ინფორმაციას გარემოზე ზემოქმედების და სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, უფრო ადვილად იკიდებენ ფეხს საერთაშორისო ბაზრებზე და ქმნიან გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
თუმცა, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მდგრადი განვითარების ანგარიშგების დანერგვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მდგრადი განვითარების ანგარიშგება მოითხოვს ინვესტიციებს რესურსებში, რაც მცირე ბიზნესებისთვის სირთულეს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბევრი მსს-ს არ აქვს საკმარისი ცოდნა და უნარები ანგარიშგების სწორად შემუშავებისთვის, რაც ართულებს ანგარიშგების ეფექტიანად მომზადების პროცესს.

ამიერკავკასიის ქვეყნების(საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ეკონომიკური მაჩვენებლების შედარება
საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია სტატისტიკური მონაცემების გაანალიზება. ქვემოთ მოცემულია თითოეული ქვეყნის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელთა შედარებითი ანალიზი დაგვეხმარება დავინახოთ რეგიონული ეკონომიკური ვითარების რეალური სურათი.

1. საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები
• დასაქმების დონე
საქართველოს ეკონომიკაში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო წლებში სტაბილურად იცვლება. 2023 წლის მონაცემებით, დასაქმების დონე საქართველოში დაახლოებით 44.5%-ს შეადგენდა, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მცირედით გაუმჯობესდა. უმუშევრობის დონე, რომელიც ადრე 19%-ზე მეტი იყო, 2023 წელს შემცირდა და შეადგინა 16.4% (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023).
• მშპ-ის ზრდა
საქართველოს მშპ-ის ზრდა პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა შეადგენდა 11%-ს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში. 2023 წელს, მშპ-ის ზრდა მოლოდინით 5%-ს შეადგენდა, თუმცა ფაქტობრივად ზრდამ 7,5% შეადგინა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023). ეს ზრდა გამოწვეულია მომსახურების სექტორის გაფართოებით, მათ შორის ტურიზმით და ექსპორტის ზრდით.
ექსპორტის წილი
2023 წლის მონაცემებით, საქართველოს ექსპორტის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 6 მლრდ აშშ დოლარს (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024). მთავარი საექსპორტო პროდუქტებია მინერალური წყალი, ლითონები და აგრარული პროდუქცია. ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ საქმიანობაში მჭიდროდ არის დაკავშირებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან, მათ შორის, ევროკავშირსა და ჩინეთთან.

სომხეთის ეკონომიკური მაჩვენებლები
დასაქმების დონე
2023 წლის მონაცემებით, სომხეთში დასაქმების დონე დაახლოებით 46%-ს შეადგენდა, თუმცა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 8,59%-ს აღწევს (statista, 2024). უმუშევრობა გამოწვეულია ეკონომიკის აგრარული სექტორის დაქვეითებით და სომხეთში სამუშაო ადგილების შეზღუდულობით.
მშპ-ის ზრდა
2022 წელს, სომხეთში მშპ-ს ზრდა იყო 12,6% (Group, 2024), რაც მეტწილად გამოწვეული იყო ინდუსტრიული სექტორის გაფართოებით, ტურიზმის აღდგენით და მომსახურების სექტორის გაძლიერებით. 2023 წლისთვის მშპ-ის ზრდამ კი 8,7%- შეადგინა.
ექსპორტის წილი
სომხეთის ექსპორტის მოცულობა 2023 წელს შეადგენდა 8.3 მლრდ აშშ დოლარს (TrendEconomy, 2024). ძირითადი საექსპორტო საქონელი მოიცავს ლითონებს, მ.შ. სპილენძსა და აგრარულ პროდუქტებს. სომხეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ბაზარი, თუმცა, ის შეზღუდულია კავკასიის რეგიონში გეოგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორების გამო.

აზერბაიჯანის ეკონომიკური მაჩვენებლები

დასაქმების დონე
აზერბაიჯანში დასაქმების დონე შედარებით მაღალია და 2023 წლისთვის შეადგენდა დაახლოებით 56%-ს. უმუშევრობის დონე კი შედარებით დაბალია და დაახლოებით 5.6%-ს შეადგენს (tradingeconomics, 2024). ეს ასახავს ქვეყნის ძლიერი ენერგეტიკული სექტორის პოზიციას, რაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ აქტივობას ქმნის.
მშპ-ის ზრდა
აზერბაიჯანის მშპ-ის ზრდა 2022 წელს შეადგენდა 4.7%-ს, თუმცა 2023 წელს ზრდა უფრო კონსერვატიული იყო და 1.1%-ს შეადგენდა (World Bank Group, 2023), რაც გამოწვეულია ენერგორესურსების ფასების ცვლილებებით და ნავთობისა და გაზის სექტორზე დამოკიდებულებით. ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ენერგორესურსებზე.
ექსპორტის წილი
აზერბაიჯანი რეგიონში ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე. 2023 წელს ქვეყნის ექსპორტის მოცულობა შეადგენდა დაახლოებით 33.9 მლრდ აშშ დოლარს (TrendEconomy, 2024), რისი დიდი ნაწილი მოდის ნავთობსა და გაზზე. ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს აზერბაიჯანის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას.

შედარებითი ანალიზი
დასაქმების დონე
აზერბაიჯანი გამორჩეულია დასაქმების მაღალი მაჩვენებლით (56%), რაც მეტწილად დაკავშირებულია ენერგეტიკულ სექტორზე.
საქართველო და სომხეთი კი 44,5% და 46%-ით, შესაბამისად, შედარებით დაბალი დასაქმების დონით ხასიათდებიან, განსაკუთრებით სომხეთი, სადაც უმუშევრობის დონე მაღალია.
• მშპ-ის ზრდა
სომხეთი 2023 წელს ყველაზე მაღალი მშპ-ის ზრდის ტემპით გამოირჩეოდა (12.6%), რაც დაკავშირებულია ინდუსტრიისა და მომსახურების სექტორების გაფართოებასთან.
საქართველო გამოირჩევა მდგრადი და სტაბილური ზრდით (7,5% 2023 წელს), რაც მეტწილად ტურიზმისა და ექსპორტის ზრდასთანაა დაკავშირებული.
აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა შედარებით ნელია (1,1%-იანი ზრდა 2023 წელს), რაც ნავთობის ბაზარზე ზემოქმედების შედეგია.
ექსპორტის წილი
აზერბაიჯანი ექსპორტის მხრივ უდავოდ ლიდერია რეგიონში, რადგან მისი ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე.
საქართველო და სომხეთი უფრო მცირე ეკონომიკის ქვეყნებია და მათი ექსპორტი ძირითადად აგრარულ და სამრეწველო პროდუქტებზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველო უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროკავშირსა და აზიის ბაზრებთან.

II. მდგრადი განვითარების ანგარიშგების მნიშვნელობა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მდგრადი განვითარების ანგარიშგება არის კომპანიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებას ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით. ეს პრაქტიკა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ღიად და გამჭვირვალედ წარმოაჩინონ საკუთარი მოქმედებები მდგრადობის მიზნების მისაღწევად და, იმავდროულად, გააუმჯობესონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში.
მდგრადი განვითარების ანგარიშგება ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას, რომელთაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „მდგრადობის სამფეხას“ (Triple Bottom Line):
1. ეკონომიკური მდგრადობა: კომპანიის ფინანსური სტაბილურობის და გრძელვადიანი წარმატების უზრუნველყოფა, რაც მოიცავს რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური რისკების მართვას.
2. სოციალური პასუხისმგებლობა: კომპანიის გავლენა თანამშრომლებზე, საზოგადოებასა და პარტნიორებზე. სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს შრომის პირობების გაუმჯობესებას, თანაბარ შესაძლებლობებს, ეთიკური ნორმების დაცვას და საზოგადოების მხარდაჭერას.
3. გარემოსდაცვითი მდგრადობა: გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაზიარება. ეს მოიცავს რესურსების გამოყენების ეფექტიანობას, ნარჩენების მართვას, ენერგიის დაზოგვას და გარემოსდაცვითი პოლიტიკის დანერგვას.
მდგრადი განვითარების ანგარიშგება არ არის მხოლოდ ანგარიშგების მომზადების პროცესი; ის წარმოადგენს ბიზნესების შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესონ გრძელვადიანი წარმატება შემდეგი გზებით:
1. რეპუტაციის გაუმჯობესება და მომხმარებელთა ნდობის ზრდა
კომპანიები, რომლებიც ღიად წარადგენენ მდგრადი განვითარების ანგარიშგებას, ზრდიან საზოგადოებისა და მომხმარებელთა ნდობას. ეკოლოგიურად სუფთა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები მოიპოვებენ მომხმარებელთა ერთგულებას, რაც ზრდის გაყიდვებს და აუმჯობესებს ბრენდის რეპუტაციას. მაგალითისთვის, მომხმარებელთა მზარდი ნაწილი ეძებს პროდუქტებსა და შეთავაზებებს, რაც ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებით არის შექმნილი.

2. ფინანსური სარგებელი და ინვესტორების მოზიდვა
მდგრადი განვითარების ანგარიშგება კომპანიას ეხმარება ინვესტორების მოზიდვაში, რადგან ინვესტორები დღეს უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას კომპანიის მდგრადობის სტრატეგიებს. ისინი ეძებენ ბიზნესს, რომელსაც აქვს გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადობის გეგმები. ამას გარდა, მდგრადი ანგარიშგება კომპანიებს ეხმარება ფინანსური რისკის მართვასა და ხარჯების შემცირებაში, მაგალითად, ელ.ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის გზით.

3. რეგულაციებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობა
მსოფლიოში მდგრადი განვითარების საკითხები სულ უფრო მეტად არის გათვალისწინებული საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციების დონეზე. მდგრადი ანგარიშგება ეხმარება კომპანიებს შეასრულონ კანონიერი მოთხოვნები და შეინარჩუნონ შესაბამისობა გარემოსდაცვით და სოციალურ რეგულაციებთან. ამასთან, მდგრადი ანგარიშგების მქონე კომპანიები უფრო ხშირად იღებენ სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიებს.

4. თანამშრომელთა მოტივაცია და ეფექტიანობა
კომპანიები, რომლებიც ზრუნავენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებზე, ხშირად უფრო მეტად ინარჩუნებენ მოტივირებულ და ერთგულ თანამშრომლებს. თანამშრომლები ამაყობენ იმით, რომ მუშაობენ კომპანიაში, რომელიც ხელს უწყობს სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზიარებას. ეს, თავის მხრივ, ამაღლებს შიდა სამუშაო კულტურას და აუმჯობესებს პროდუქტიულობას.

5. გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა
მდგრადი განვითარების ანგარიშგება კომპანიას ეხმარება შექმნას გრძელვადიანი ხედვა. ეს პროცესები ეხმარება ბიზნესს, შეაფასოს გარე და შიდა რისკები და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან. შედეგად, ისინი უკეთესად ამზადებენ საკუთარ ბიზნესს გრძელვადიანი ცვლილებებისა და კრიზისებისათვის.

6. ბაზარზე ლიდერობის მოპოვება
კომპანიები, რომლებიც იღებენ მდგრადი განვითარების ანგარიშგებას და მოქმედებენ მისი პრინციპების მიხედვით, ხშირად ხდებიან ბაზრის ლიდერები. მდგრადი ბიზნესპრაქტიკა შეიძლება გახდეს კონკურენტული უპირატესობა, რადგან ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობა შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი, რომელსაც მომხმარებლები გაითვალისწინებენ პროდუქტის არჩევისას.
მსს-ებისთვის (მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის) რამდენიმე ძირითადი სარგებელი/ბენეფიტი არსებობს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ბიზნესგარემოში. მათ შორის:
1. მეტი გამჭვირვალობა: მოსახლეობისა და ბიზნესის ურთიერთობაში გამჭვირვალობა ქმნის ნდობას და თანამშრომლობის ეფექტიანობას. კომპანიები უკეთესად ხვდებიან მომხმარებლების და პარტნიორების საჭიროებებს.
2. ინვესტორთა ნდობის გაზრდა: ტრანსპარენტული ინფორმაცია და ანგარიში ხელს უწყობს ინვესტორების ნდობის ზრდას. ამან შეიძლება გაზარდოს ინვესტიციების რაოდენობა და მოტივაცია, რაც მნიშვნელოვანია კომპანიის წარმატებისთვის.
3. სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა: კომპანიების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა ხელს უწყობს მათ საზოგადოებაში პოზიტიური იმიჯის ფორმირებას, ამაში ეხმარება პასუხიმგებელი ბიზნესპრაქტიკის გამოყენება, რაც ხელს უწყობს მომხმარებლების, პარტნიორების და მუშაკების ინტერესების დაცვას.
ამ ბენეფიტების გაზრდა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო კომპანიების კონკურენტუნარიანობას და მდგრადობას ბაზარზე. მდგრადი ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ეტაპზე, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების (მსს) მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა და ანგარიშგების დონე საკმაოდ აქტუალური თემაა. გამოვყოფთ რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს:

მდგრადი განვითარების პრინციპები
1. პირდაპირი მმართველობა და რეგულაციები: საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს რეგულაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მხარდაჭერას. ეს მოიცავს გარემოს დაცვის ნორმებს და სოციალური პასუხისმგებლობის კოდექსებს.
2. ბიზნესის ინიციატივები: მრავალი კომპანია ახორციელებს ინიციატივებს, რაც მოიცავს გარემოს დაცვას, ენერგიის ეფექტიან გამოყენებას და რესურსების მდგრად მოხმარებას.
3. განათლება და ცნობიერება: მცირე და საშუალო საწარმოები მუშაობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრენინგებს და სემინარებს მდგრადი განვითარების პრაქტიკებზე.
4. კომპანიის ორგანიზაციული კულტურა: მცირე და საშუალო საწარმოების ხელმძღვანელობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა და გარემოს დაცვის პრინციპები მათი კომპანიის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ანგარიშგების დონე
1. ტრანსპარენტულობა: მცირე და საშუალო კომპანიები ხშირად არ აწვდიან სრულყოფილ ანგარიშგებას მდგრადი განვითარების შესახებ, თუმცა არსებობს ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ტრანსპარენტულობის გაზრდას.
2. შეფასების სისტემები: ზოგიერთი კომპანია იყენებს საერთაშორისო სტანდარტების ანგარიშგების სისტემებს, როგორიცაა GRI (Global Reporting Initiative), რათა შექმნას მდგრადი განვითარების ანგარიშები.
3. სოციალური და გარემოსდაცვითი მონაცემების გაზიარება: მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშგების დონე ჯერ კიდევ დაბალია, გაიზარდა ინტერესი მონაცემების გაზიარების მიმართ, რაც შეიძლება დამხმარე იყოს ინვესტორების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
4.
დასკვნა
1. ძირითადი მიგნებები
მდგრადი განვითარების ანგარიშგება მნიშვნელოვან როლს თამაშობს მცირე და საშუალო ზომის კომპანიების (მსს-ების) ფინანსური წარმატებისა და მდგრადობის უზრუნველყოფაში. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე გამოვლენილი ფაქტები და ანალიზი ხაზს უსვამს რამდენიმე საკვანძო მიგნებას:
ტრანსპარენტობა და ნდობა: მდგრადობის ანგარიშგება ხელს უწყობს კომპანიების გამჭვირვალობის გაზრდას, რაც დადებითად მოქმედებს ინვესტორთა ნდობასა და მომხმარებლების ინტერესებზე.
რეგულაციების შესაბამისად მოქნილობა: მდგრადობის ანგარიშგება ასახავს კომპანიის მზადყოფნას, დაიცვას მიმდინარე რეგულაციებსა და აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვას უწყობს ხელს.
ფინანსური შედეგების გაუმჯობესება: მდგრადი ანგარიშგება საშუალებას იძლევა კომპანიებმა მიიღონ მეტი ინვესტიცია, გრანტი და ხარჯების ეფექტიანი მართვა, რაც საბოლოოდ ზრდის მოგების პოტენციალს.
რისკის მართვა: მდგრადობის მონაცემების ეფექტური მართვა და ანალიზი კომპანიებს საშუალებას აძლევს გამოავლინონ და მართონ პოტენციური სოციალური, გარემოსდაცვითი და ფინანსური რისკები.
ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა: კომპანიები, რომლებიც მდგრადობის პრაქტიკებს იცავენ, უფრო მეტად არიან სარგებლიანები ბაზარზე და მათ მიმართ ინტერესიც გაიზრდება.

2. პრაქტიკული ნაბიჯები
საქართველოს მსს-ებისთვის მდგრადი ანგარიშგების პროცესის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას:
განათლებისა და ტრენინგების ორგანიზება: კომპანიებმა უნდა შეიქმნან ტრენინგპროგრამები და სემინარები, რომლებიც თანამშრომლებს მიაწვდის ცოდნას მდგრადობის საკითხებსა და ანგარიშგების სტანდარტებზე.
სახელმწიფო რეგულაციების და პოლიტიკის განვითარება: აუცილებელია სახელმწიფო უწყებების მიერ მდგრადობის ანგარიშგების სავალდებულო რეგულაციების შემუშავება და მათი რეგულარული მონიტორინგი.
ტექნოლოგიური სისტემების დანერგვა: კომპანიებმა უნდა მოიძიონ და მიიღონ ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც გაამარტივებს მდგრადობის მონაცემების შეგროვებას და გაანალიზებას.
ინფორმაციის გავრცელება: საჭიროა მასმედიისა და საზოგადოებრივი კამპანიების საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება მდგრადობის საკითხებზე და კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ.
საგანმანათლებლო ინსტიტუტების და ბიზნესების თანამშრომლობა: უნივერსიტეტებმა და სასწავლო-სატრენინგო ცენტრებმა უნდა შექმნან პარტნიორული ურთიერთობები კომპანიებთან, რათა სტუდენტები და ახალგაზრდა სპეციალისტები გათვითცნობიერებული იყონ მდგრადობის საკითხებში.
ინვესტორების და საბანკო ინსტიტუტების ჩართულობა: ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი პროექტების დაფინანსებას და კომპანიების მხარდასაჭერად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

 

Keywords: Corporate responsibility, environmental responsibility, economic efficiency, sustainable development, social responsibility.
JEL Codes: L26, M14, O13, Q56, R11

 

References:
•Angel Gurría. (2020, January 28). https://www.oecd-ilibrary.org/docserver/25aa3d56-en.pdf?expires=1731502485&id=id&accname=guest&checksum=58CA610A73189F9CEB45F84A82FC6A84. Retrieved from www.oecd-ilibrary.org.
• Gill, Indermit. (2024). WORLD DEVELOPMENT REPORT. World Bank Group. Washington: World Bank. doi:10.1596/978-1-4648-2078-6; 10.1596/978-1-4648-2097-7
• Group, W. B. (2024). https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG?locations=AM. Retrieved from https://data.worldbank.org.
• Levan Sabauri. (2024, April 16). Internal Audit\\'s Role in Supporting Sustainability Reporting. International Journal of Sustainable Development & Planning, 1981-1988.
• Levan Sabauri; Nadezhda Kvatashidze. (2023, December 31). Sustainability reporting issues. (E. a. Center, Ed.) Entrepreneurship and Sustainability Issues, pages 282-289.
• OECD. (2020, April 29). https://www.oecd.org/content/dam/oecd/ka/publications/reports/2019/12/access-to-green-finance-for-smes-in-georgia_29beb631/943e0535-ka.pdf. doi:10.1787/943e0535-ka
• statista. (2024). https://www.statista.com/statistics/440639/unemployment-rate-in-armenia/. Retrieved from https://www.statista.com.
• tradingeconomics. (2024). https://tradingeconomics.com/azerbaijan/unemployment-rate. Retrieved from https://tradingeconomics.com.
• TrendEconomy. (2024). https://trendeconomy.com/data/h2/Armenia/TOTAL. Retrieved from https://trendeconomy.com.
• TrendEconomy. (2024). https://trendeconomy.com/data/h2/Azerbaijan/TOTAL. Retrieved from https://trendeconomy.com.
• World Bank Group. (2023). https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG?end=2023&locations=AZ&start=1991&view=chart. Retrieved from https://data.worldbank.org.
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. (2021). https://www.economy.ge/uploads/files/2017/ek__politika/sme_strategy/sme_development_strategy_2021_2025_.pdf. Retrieved from www.economy.ge.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023). https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp. Retrieved from https://www.geostat.ge.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2023). https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba. Retrieved from https://www.geostat.ge.
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2024). https://www.geostat.ge/ka/modules/categories/765/sakonlit-sagareo-vachroba. Retrieved from https://www.geostat.ge.

*პროფ. ლევან საბაურის წინამდებარე სტატია განკუთვნილი იყო თსუ-ის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ვლადიმერ (ლადო) პაპავას             70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ წიგნში - „ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა“ - გამოსაქვეყნებლად, რომელიც დასანანი გაუგებრობის გამო ვერ შევიდა კრებულში. სტატია იბეჭდება უცვლელად.

1 Corporate Social Responsibility
2 Organization for Economic Co-operation and Development
3 Environmental, social and governance (ESG)