ჟურნალი ნომერი 2 ∘ ხათუნა ბერიშვილი ∘ საქართველოში მცირე ბიზნესსუბიექტებზე მოქმედი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების ნეგატიური შედეგების გამოვლენა და დაძლევაdoi.org/10.52340/eab.2025.17.02.07
ჟურნალი N 2. 2025
მცირე ბიზნესი წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის საფუძველს და საზოგადოების ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან წყაროს. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს ეკონომიკა დაეფუძნა თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც ეკონომიკური ზრდის ძირითად წყაროსა და სოციალური განვითარების საფუძველს წარმოადგენს ბიზნესსექტორი. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია კერძო სექტორის განვითარებასა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, მცირე და საშუალო საწარმოები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, უმუშევრობის დაძლევისა და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის ძირითად ფაქტორადაა მიჩნეული. მცირე ბიზნესიმნიშვნელოვნად უწყობს ხელს ექსპორტის ზრდას, ინოვაციების დანერგვასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის შემუშავებამ განსაზღვრა ამ სექტორში სამომავლო ხედვები, პრიორიტეტული მიმართულებები, ძირითადი ამოცანები და აქტივობები. მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობის აქტუალურობას აძლიერებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, რომლის კონტექსტშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ქვეყანაში მცირე ბიზნესის სფეროში არსებული პროგრესის მიუხედავად, კვლავაც რჩება ამ სფეროს დამაბრკოლებელი პრობლემები და ფაქტორები, რომელთა შესწავლა და ანალიზი მნიშვნელოვან მეცნიერულ პრობლემას წარმოადგენს.
წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია ის ფაქტორები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცირე ბიზნესისა და შესაბამისად, სოციალური სფეროს განვითარებაზე. ამ ფაქტორების ანალიზი და რანჟირება შესაძლებელს ხდის მათ სტრატეგიულ მართვას და რეგულირებას. მცირე ბიზნესის განვითარებაზე ნეგატიური ფაქტორების გავლენის შესუსტება კი შესაძლებელია მისი სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერების, ამ დარგში არსებული პრობლემების დინამიკური დაძლევის საფუძველზე, რაც შესაბამისად აისახება მცირე ბიზნესის დინამიკურ განვითარებაზე, ამ დარგში დასაქმებული მუშაკებისა და მთლიანად საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის დონის ამაღლებაზე.
საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, განვითარების ფაქტორები, იდენტიფიკაცია, კვლევა, ზეგავლენა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შესავალი
საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე მცირე ბიზნესი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. 2021-2025 წლების საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, რაც უნდა დაეფუძნოს ევროპის მცირე ბიზნესის აქტის ძირითად პრინციპებს და ამ სფეროში არსებულ ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ქვეყნის ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ამრიგად, ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა, მცირე ბიზნესის დარგში ქვეყნის კონკრეტული ინტერესების განსაზღვრა, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინება და იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რაც რეალურად არსებობს მცირე ბიზნესის განვითარების სფეროში. ამ ამოცანის რეალიზაციის მიზნით ქვეყანაში უნდა განისაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა, რამაც სრულად უნდა უპასუხოს საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითად პრიორიტეტებს. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის აქტიური ჩართულობით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე მნიშვნელოვნად შეიცვალა მცირე ბიზნესის განვითარებისა და მისი მხარდაჭერის ვექტორი.
ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური სფეროს განვითარებისადმი ფუნდამენტურად ახალი მიდგომა ის არის, რომ მთავარი ამოცანა არა სოციალური შეღავათების განაწილება, არამედ დასაქმებულთა დინამიკური ზრდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ბაზარზე ინტეგრაცია და ამ საფუძველზე სოციალური სფეროს განვითარებაა. ამ კონტექსტით მცირე ბიზნესი წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ობიექტურად აუცილებელ და მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ელემენტს, რომელიც საშუალებას იძლევა არამხოლოდ გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა: მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლის ზრდა, არამედ ხელს უწყობს ცალკეული სოციალური ფენის შრომის ბაზარზე ინტეგრირებას. მოსახლეობის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებზე ზემოქმედებით ის გახდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, მშპ-ის ზრდის, უმუშევრობის დაძლევის, ბიუჯეტის შევსების სფეროში. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით, მცირე ბიზნესი ქმნის სოციალურად აქტიურ მოქალაქეს, საშუალო ფენას, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას, ხელს უწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული გარდაქმნების შეუქცევადობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მცირე ბიზნესის საქმიანობაზე, აგრეთვე – მისი სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარდაჭერის იმ ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც იწვევს მცირე ბიზნესისა და სოციალური სფეროს განვითარების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას.
პრობლემის შესწავლის დონე
მცირე ბიზნესის როლი სოციალური სფეროს განვითარებაში საკმაოდ კარგად შესწავლილი მეცნიერული პრობლემაა. ამაზე მეტყველებს ცნობილი მეცნიერების: ოდრეჩის, ფელდმანის (Audretsch., Feldman 2003); ბალდვინის, გელატლის (Baldwin., Gellatly 2003); ბანდურას (Bandura 1996); ბელუს, შერმანის (Bellu., Sherman 1995); ფალტინი გ. (2015) ნაშრომები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეწარმეობის სოციალური ფუნქციების კვლევაში. ცხადია ისიც, რომ მცირე ბიზნესი არ საჭიროებს დიდი კაპიტალის ინვესტირებას და მაქსიმალურად აახლოებს მფლობელისა და თანამშრომლების ინტერესებს, ხელს უწყობს ქვეყანაში საშუალო ფენის წარმოქმნას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტაბილიზაციას. საქართველო დიდად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს მცირე ბიზნესის განვითარების ტემპით, რადგან დღევანდელ ეტაპზე ის ჯერ კიდევ არ გამხდარა ეროვნული ეკონომიკის საფუძველი და სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ, კვლავაც აქტუალურია მცირე ბიზნესის განვითარებისა და მოსახლეობის სამეწარმეო ინიციატივის გაფართოების პრობლემის შესწავლა. თუმცა, მცირე ბიზნესისა და სოციალური სფეროს ურთიერთდამოკიდებულების საკითხები ქართველ მეცნიერთა მიერ არასაკმარისად არის შესწავლილი, რაც მნიშვნელოვანს ხდის მასზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს.
თანამედროვე ეტაპზე მცირე ბიზნესის ძირითადი დანიშნულება განისაზღვრება იმით, რომ განავითაროს და მოერგოს თანამედროვე პირობებს, გახდეს ეკონომიკური ზრდის ფაქტორი, შეინარჩუნოს და გააძლიეროს ერის მაღალი ინტელექტუალური პოტენციალი და ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა. მცირე ბიზნესი ახდენს მოსახლეობის ფინანსური და საწარმოო რესურსების მობილიზებას, მოქნილს ხდის საბაზრო ეკონომიკას, არის სტრუქტურული გარდაქმნების ფაქტორი და ეფექტიანად ებრძვის ეკონომიკის მონოპოლიზაციას. მცირე საწარმოების რაციონალური ფუნქციონირება განისაზღვრება იმ უპირატესობებით, რაც მათ აქვთ მსხვილ საწარმოებთან შედარებით: ადგილობრივ ბაზრებთან სიახლოვე და კლიენტების მოთხოვნებთან ადაპტირება, წარმოების მოქნილობა, რაც კონკურენტული უპირატესობის მოპოვების პროცესში წარმოადგენენ მნიშვნელოვან რესურსს. მას ახასიათებს ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება; სპეციალიზაციის მაღალი დონე; რესურსების მობილიზების სწრაფი შესაძლებლობა (Aldrich., Auster 1986). თუმცა, მიუხედავად აშკარა უპირატესობებისა, მცირე ბიზნესში, ბევრად უფრო დიდი ზომით, ვიდრე მსხვილში, იკვეთება მის განვითარებაზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები. საქართველოში შეიმჩნევა პროდუქციისა და მომსახურების მთლიან მოცულობაში მცირე საწარმოების წილის შემცირების ტენდენცია. 2024 წელს საქართველოში 260 მცირე საწარმო ფუნქციონირებდა (2023 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 8-ით შემცირდა). საქართველოში მცირე საწარმოებში დაახლოებით 80 ათასი ადამიანია დასაქმებული, რაც მთლიანად დასაქმებულთა 26,6%-ია (Berishvili, 2024).
მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ საწარმო აღწევს პროდუქტიულობას მაშინ, როდესაც ის სპეციალიზდება გარკვეული ტიპის საქმიანობაზე, რადგანაც ამ პირობებში, თანამშრომლის პროფესიული უნარები უფრო ეფექტიანად გამოიყენება, ეს კი იწვევს მთლიანად წარმოების მოცულობისა და მოგების ზრდას,ეს კი დადებითად აისახება მის ეკონომიკურ მდგომარეობასა თუ ფინანსურ გაჯანსაღებაზე. მეორეს მხრივ, უახლესი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე მცირე საწარმო ხდება მსხვილი კორპორაციებისთვის სერიოზული კონკურენტი (Berishvili, 2017).
წინამდებარე კვლევის მიზანია მოახდინოს იმ ფაქტორების იდენტიფიციერება, კლასიფიკაცია და ანალიზი, რომლებიც ზეგავლენას ახდენს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებაზე.
კვლევის ძირითადი შედეგები
თანამედროვე პირობებში მცირე ბიზნესის განვითარების განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორებია:
• ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაცია;
• მეწარმეობის, როგორც სოციალურად სასარგებლო საქმიანობის სპეციფიკური ფორმის მიმართ დამოკიდებულება;
• სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბება;
• მცირე ბიზნესის სახელმწიფო მხარდაჭერა;
• ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა და სხვა (Baldwin, Gellatly, 2003).
მცირე ბიზნესის საქმიანობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს მის აღმავლობას ან პირიქით, აფერხებს მის განვითარებას. ფაქტორებში იგულისხმება ის პირობები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საწარმოს ფინანსურ და ეკონომიკურ საქმიანობაზე. 69 ქვეყანაში ჩატარებული, მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგად 3600 მეწარმე-სუბიექტი გამოიკითხა, რის საფუძველზე გაკეთდა ზოგადი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ინსტიტუციური ბარიერები არსებობს ყველა სახელმწიფოში, მაგრამ კვლევაში მონაწილე ქვეყნების მიხედვით ინდივიდუალური ფაქტორების გავლენა მცირე ბიზნესზე განსხვავებულია (Acs., Audretsch 1990). ამ ტიპის, ფაქტორების დიდი რაოდენობა, აუცილებელს ხდის მათ კლასიფიკაციას, გავლენის დადგენას და მართვას.
საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები (გავლენის სფეროს მიხედვით) იყოფა გარეგან და შიდა, ხოლო (გავლენის ხასიათის მიხედვით) სოციალურ-ფსიქოლოგიურ, ორგანიზაციულ, სამართლებრივ, ფინანსურ და ეკონომიკურ ფაქტორებად (Baldwin, Gellatly 2003).
სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მეცნიერები Hartarska., Gonzalez-Vega 2006; Lewin., Regine გამოყოფენ იმ ძირითად ფაქტორებს, რაც ხელს უშლის მცირე ბიზნესის განვითარებას. ესენია:
• ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალი დონე;
• ხშირად ცვალებადი საგადასახადო სისტემა;
• საბიუჯეტო დახმარების ნაკლებობა;
• დაბრკოლებები სამეწარმეო პროექტების დაფინანსების სფეროში;
• ფინანსური და საკრედიტო რესურსების მოპოვების სირთულეები და საბანკო ბარიერები;
• არასაკმარისი პროფესიული მომზადება ბიზნესის წარმოებისთვის.
ბიზნესის გარემოზე ზეგავლენის მიხედვით შეგვიძლია გამოვყოთ პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები.
პირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები მოიცავს:
• საბაზრო ურთიერთობების ბუნებასა და მდგომარეობას (ბაზარზე ვაჭრობის პირობები, მომხმარებელთა მოთხოვნა და მიწოდება);
• კომპანიის ეკონომიკურ ურთიერთობებს (ნედლეულის, მასალების, აღჭურვილობის მიმწოდებელთა ქსელი; შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა; ურთიერთობა ფინანსურ ინსტიტუტებთან, კრედიტორებთან, ინვესტორებთან).
არაპირდაპირი ზემოქმედების ფაქტორები მოიცავს:
• ბიზნესსაქმიანობის რეგულირებას;
• ეკონომიკის მდგომარეობას, ბიზნესკლიმატს, სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის შედეგების წარმოებაში დანერგვას;
• პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში (Aldrich, Auster 1986).
მეცნიერი ა.კონორი (Connor,1991) განასხვავებს ბიზნესის მაკრო და მიკროგარემოს. მაკროგარემო მოიცავს საქმიანობის ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ-კულტურულ, ტექნოლოგიურ, ფიზიკურ (გეოგრაფიულ) პირობებს. მიკროგარემო მოიცავს საწარმოს ინსტიტუციურ სისტემას.
მცირე ბიზნესის განვითარების ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორებია:
• მცირე ბიზნესის სფეროში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა;
• სამართლებრივ აქტებში არსებული კოლიზიები;
• გართულებული ადმინისტრაციული ბარიერების არსებობა (ლიცენზირება, სერტიფიცირება, კონტროლის სისტემები და ლიცენზირების პრაქტიკა, საიჯარო ურთიერთობების რეგულირება და ა.შ.);
• გადაჭარბებული საგადასახადო ტვირთი და დამძიმებული ანგარიშგების სისტემა;
• მეწარმეთა გაურკვევლობა ბიზნესის პირობების სტაბილურობასთან დაკავშირებით;
• სახელმწიფო ორგანოების გადაჭარბებული ჩარევა ბიზნესსუბიექტების საქმიანობაში (Cromie., Birley., Callaghan1994).
საქართველოში მცირე ბიზნესის ფორმირების პრობლემები ძირითადად დაკავშირებულია პოლიტიკური სტაბილურობის ეფექტიანი მექანიზმების, სავალუტო, საგადასახადო, საბაჟო პოლიტიკის, ეკონომიკური, სასამართლო რეფორმების, ფართო პრივატიზაციისა და საზოგადოების დემოკრატიზაციის უზრუნველყოფასთან.
ჩვენ ვიზიარებთ მეცნიერთა (Covin., Slevin 1989; Cromie., Birley., Callaghan 1994; Cyert., March 1963) მოსაზრებას, რომლებიც თვლიან, რომ ბიზნესის შიდა ფაქტორები დამოკიდებულია საწარმოს საქმიანობაზე და ისინი ქმნიან კონკრეტული საწარმოს ბიზნესგარემოს და ეკონომიკურ ორგანიზმს (სამეწარმეო შესაძლებლობები, მენეჯერული გამოცდილება, პერსონალის კვალიფიკაცია, აგრეთვე მეწარმეების პროფესიული თვისებები და შესაძლებლობები). ხოლო გარე ფაქტორები პირდაპირ ახდენს ზეგავლენას მცირე ბიზნესზე, პრაქტიკულად არ ექვემდებარება მის კონტროლს და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი განისაზღვრება.
ჩვენ მიერ ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე, სადაც გამოიკითხა 200-მდე მეწარმე სუბიექტი, სისტემატიზებულ და რანჟირებულ იქნა ის ფაქტორები, რომლებიც არსებით ზეგავლენას ახდენს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებაზე (იხ. ცხრილი ).

კვლევის პროცესში შედარებულ იქნა იმ ძირითადი ფაქტორების ცვლის დინამიკა, რომლებმაც ყველაზე არსებითი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მცირე ბიზნესზე 2023-2024 წლებში (იხ. დიაგრამა).

როგორც დიაგრამიდან ჩანს, პოლიტიკური არასტაბილურობა, მცირე ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ანტიმონოპოლიური რეგულირება ხასიათდება მცირე ბიზნესზე ნეგატიური ზეგავლენის მაღალი ხარისხით.
საქართველოში მცირე ბიზნესის სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა, მიმართული უნდა იყოს ხელსაყრელი და სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შექმნაზე, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.
დასკვნა
საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევის მიზნით, ყველა ქვეყნის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს მცირე ბიზნესის მხარდაჭერას და მის განვითარებას. საქართველოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე მცირე ბიზნესი არსებით ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური სფეროს განვითარებისადმი ფუნდამენტურად ახალი მიდგომა ისაა, რომ მთავარი ამოცანა არა სოციალური შეღავათების განაწილება, არამედ დასაქმებულთა დინამიკური ზრდა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, შრომის ბაზარზე ინტეგრაცია და ამ საფუძველზე სოციალური სფეროს განვითარებაა. ამ კონტექსტით მცირე ბიზნესი წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ობიექტურად აუცილებელ და მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ელემენტს, რომელიც საშუალებას იძლევა არამხოლოდ გადაიჭრას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა: მოსახლეობის დასაქმება და მათი შემოსავლის ზრდა, არამედ ხელს უწყობს მოსახლეობის ცალკეული სოციალური ფენების შრომის ბაზარზე ინტეგრირებას. საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესებზე ზემოქმედებით ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, მშპ-ის ზრდის, უმუშევრობის დაძლევის, ბიუჯეტის შევსების სფეროში. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობით, მცირე ბიზნესი ქმნის სოციალურად აქტიურ მოქალაქეს, საშუალო ფენას, რაც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას, ხელს უწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული გარდაქმნების შეუქცევადობას.
2021-2025 წწ. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების ძირითად მიზანს წარმოადგენს მცირე და საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, რომელიც უნდა დაეფუძნოს ევროპის მცირე ბიზნესის აქტის ძირიტად პრინციპებს და ამ სფეროში არსებული ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა. ამრიგად, ამ სტრატეგგიული დოკუმენტის შემუშავების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მზირე ბიზნესის დარგში ქვეყნის კონკურეტული ინტერესების განსაზღვრა, ამ სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისიწინება და ქვეყანაში იმ წინააღმდეგობების დაძლევა, რაც რეალურად არსებობს მცირე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. ამ ამოცანის რეალიზაციის მიზნით, ქვეყანაში უნდა განისაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა, რომელიც უპასუხებს მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს. საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის გან¬ვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირის აქტიური ჩართულობით. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წელს მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე მნიშვნელოვნად შეიცვალა მცირე ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო მხარ¬დაჭერის ვექტორი.
საქართველოში დღეისათვის არსებული პირობები და ინსტიტუციური გარემო არ პასუხობს ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის, თავისუფალი კონკურენციის, უცხოურ ბაზრებზე ორიენტაციის, ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საინვესტიციო ფონდების ეფექტიანი ფინანსური და საკრედიტო მხარდაჭერის, ელასტიკური შრომის ბაზრის და სრულყოფილი შრომით ურთიერთობების მოთხოვნებს, რაც პირდაპირ აისახება მცირე ბიზნესის განვითარებაზე. როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო დონეზე მას ესაჭიროება მარეგულირებელი, ორგანიზაციული, ფინანსური, საკრედიტო, რესურსული, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა. სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის მთავარი მიზანია ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და მენეჯმენტის ქმედებების კოორდინაცია იმ მიზნით, რომ შეიქმნას მცირე ბიზნესის განვითარების ხელსაყრელი პირობები და გაიზარდოს მისი როლი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში. მცირე ბიზნესის სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტიანი სისტემა შესაძლებელს ხდის მის განვითარებას, დასაქმებული მუშაკებისა და მთლიანად საზოგადოების სოციალური კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ასეთი მხარდაჭერის ძირითადი მიმართულებებია: ბიზნეს საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე მცირე ბიზნესის განვითარების პრობლემების ორგანიზაციული გადაწყვეტა; მცირე ბიზნესის ფინანსური, საკრედიტო, საინფორმაციო, საკონსულტაციო, სამეცნიერო და საკადრო მხარდაჭერა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტორების იდენტიფიცირებას და ანალიზს, რაც ზეგავლენას ახდენს მცირე ბიზნესსაქმიანობაზე, აგრეთვე მისი სახელმწიფო და არასახელმწიფო მხარდაჭერის იმ ღონისძიებების შემუშავებას, რაც იწვევს მცირე ბიზნესისა და სოციალური სფეროს განვითარების სახელმწიფო და რეგიონული პროგრამების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებას.
კვლევაში წარმოდგენილია იმ ფაქტორების კლასიფიკაცია და ანალიზი, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებაზე. ამ ფაქტორების შესუსტებისა და მცირე ბიზნესის განვითარებაზე მათი ზემოქმედების დონის შესამცირებლად, ჩვენ არამარტო გამოვავლინეთ ისინი, არამედ მოვახდინეთ მათი კლასიფიკაცია და რანჟირება, რათა ანალიზის საფუძველზე დაგვედგინა მცირე ბიზნესზე მათი ზემოქმედების შემცირების გზები და ძირითადი მიმართულებები.
ლიტერატურა:
• გველესიანი რ. (2020). გლობალური მეწარმეობის პოლიტიკა და კულტურა. გამომცემლობა „უნივერსალი“.
• ფალტინი გ. (2015). „გონება ამარცხებს კაპიტალს“ თბ.2015. (თარგმანი გერმანულიდან)
• საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. HTTPS://WWW.ECONOMY.GE/?PAGE=ECOPOLITIC&S=45
• Aldrich H. E., & Auster E. R. (1986). Even Dwarfs Started Small: Liabilities of Age and Size and their Strategic Implications. Research in Organizational Behavior, 8, 165–198.
• Audretsch D. B., & Feldman M. P. (2003). Small Firm strategic Research Partnerships: The Case of Biotechnology. Technology Analysis & Strategic Management, 15, 273–288.
• Acs Z. J., & Audretsch D. B. (1990). The Determinants of Small Firm Growth in US Manufacturing. Applied Economics, 22, 143–153.
• Baldwin J., & Gellatly G. (2003). Innovation Strategies and Performance in Small Firms. Cheltenham, UK: Edward Elgar.
• Bandura A. (1986). Social Foundations of Thought and Action: A Social Cognitive Theory. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.
• Bandura A. (1991). Social Cognitive Theory of Self-Regulation. Organizational Behavior and Human Decision Processes, 50, 248–287.
• Bellu R. R., & Sherman H. (1995). Predicting Firm Success From Task Motivation and Attributional Style. A longitudinal Study. Entrepreneurship & Regional Development, 7, 349–363.
• Berishvili Kh. (2017) Identification of Integration Processes in Conditions Economic Turbulence and their Use in Development of the Countries with Small Economy. Ecoforum, Issue 2.
• Berishvili Kh. (2024). Methodology of Social Entrepreneurship Research and its Influence on Countries with Small Economy. International Journal Social and Humanities Sciences.Vol 4, Issue 3
• Berishvili Kh. (2013). Globalization and Georgia’s Integration into World Economic Space. Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference (28-29 June).
• Berishvili Kh. The Role of Institutional Reforms in the Improvement of the Georgian Investment Environment. 2020. International Journal of Social Sciences Vol. III (2),
• Birley S., & Westhead P. (1994). A Taxonomy of Business Startup Reasons and their Impact on Firm Growth and Size. Journal of Business Venturing, 9, 7–31.
• Bosna N., Van Praag M., Thurik R., & de Wit G. (2004). The Value of Human and Social Capital Investments for the Business Performance of Startups. Small Business Economics, 23, 227–236.
• Connor K. (1991). A historical Comparison of Resource-Based Theory and Five Schools of Thought within Industrial Organization Economics. Journal of Management, 17, 121–154.
• Covin J. G., & Covin T. J. (1990). Competitive Aggressiveness, Environmental Context, and Small Firm Performance. Entrepreneurship Theory and Practice, 13, 35–50.
• Covin J. G., & Slevin D. P. (1989). Strategic Management of Small Firms in Hostile and Benign Environments. Strategic Management Journal, 10, 75–87.
• Granovetter M. (1985). Economic Action and Social Structure: The Problem of Embeddedness. American Journal of Sociology, 91, 481–510
• Cromie S., Birley S., & Callaghan I. (1994). Community Brokers: Their Role in the Formation and Development of Business Ventures. In: J. M Veciana (Ed.), SMEs: Internationalization, Networks and Strategy. Hampshire, U. K: Avebury.
• Cyert R. M., & March J. G. (1963). A Behavioral Theory of the Firm. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.
• Hartarska V., & Gonzalez-Vega C. (2006). What Affects New and Established Firms’ Expansion? Evidence from Small Firms in Russia. Small Business Economics, 27, 195–206.
• Lewin R., & Regine B. (1999). The Soul at Work: Unleasing the Power of Complexity Science for Business Success. London: Orion Business.
References:
• Gvelesiani R. (2020). globaluri metsarmeobis politika da kultura. [Politics and Culture of Global Entrepreneurship. Universal Publishing House.] in Georgian
• Faltin G. (2015). „goneba amartskhebs kapitals“ [ “Mind Defeats Capital”, Tbilisi, 2015. (Translated from German)] in Georgian
• Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia (2020). sakartveloshi mtsire da sashualo metsarmeobis ganvitarebis 2021-2025 tslebis’. strategia [Strategy for the Development of Small and Medium-Sized Entrepreneurship in Georgia for 2021-2025.] in Georgian
• Aldrich H. E., & Auster E. R. (1986). Even Dwarfs Started Small: Liabilities of Age and Size and their Strategic Implications. Research in Organizational Behavior, 8, 165–198.
• Audretsch D. B., & Feldman M. P. (2003). Small Firm Strategic Research Partnerships: The Case of Biotechnology. Technology Analysis & Strategic Management, 15, 273–288.
• Acs Z. J., & Audretsch D. B. (1990). The Determinants of Small Firm Growth in US Manufacturing. Applied Economics, 22, 143–153.
• Baldwin J., & Gellatly G. (2003). Innovation Strategies and Performance in Small Firms. Cheltenham, UK: Edward Elgar.
• Bandura A. (1986). Social Foundations of Thought and Action: A Social Cognitive Theory. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.
• Bandura A. (1991). Social Cognitive Theory of Self-Regulation. Organizational Behavior and Human Decision Processes, 50, 248–287.
• Bellu R. R., & Sherman H. (1995). Predicting Firm Success From Task Motivation and Attributional Style. A longitudinal Study. Entrepreneurship & Regional Development, 7, 349–363.
• Berishvili Kh. (2017) Identification of Integration Processes in Conditions Economic Turbulence and their Use in Development of the Countries with Small Economy. Ecoforum, Issue 2.
• Berishvili Kh. (2024). Methodology of Social Entrepreneurship Research and its Influence on Countries with Small Economy. International Journal Social and Humanities Sciences.Vol 4, Issue 3
• Berishvili Kh. (2013). Globalization and Georgia’s Integration into World Economic Space. Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference (28-29 June).
• Berishvili Kh. The Role of Institutional Reforms in the Improvement of the Georgian Investment Environment. 2020. International Journal of Social Sciences Vol. III (2),
• Birley S., & Westhead P. (1994). A Taxonomy of Business Startup Reasons and their Impact on Firm Growth and Size. Journal of Business Venturing, 9, 7–31.
• Bosna N., Van Praag M., Thurik R., & de Wit G. (2004). The Value of Human and Social Capital Investments for the Business Performance of Startups. Small Business Economics, 23, 227–236.
• Connor K. (1991). A historical Comparison of Resource-Based Theory and Five Schools of Thought within Industrial Organization Economics. Journal of Management, 17, 121–154.
• Covin J. G., & Covin T. J. (1990). Competitive Aggressiveness, Environmental Context, and Small Firm Performance. Entrepreneurship Theory and Practice, 13, 35–50.
• Covin J. G., & Slevin D. P. (1989). Strategic Management of Small Firms in Hostile and Benign Environments. Strategic Management Journal, 10, 75–87.
• Granovetter M. (1985). Economic Action and Social Structure: The Problem of Embeddedness. American Journal of Sociology, 91, 481–510
• Cromie S., Birley S., & Callaghan I. (1994). Community Brokers: Their Role in the Formation and Development of Business Ventures. In: J. M Veciana (Ed.), SMEs: Internationalization, Networks and Strategy. Hampshire, U. K: Avebury.
• Cyert R. M., & March J. G. (1963). A Behavioral Theory of the Firm. Englewood Cliffs, NJ: Prentice-Hall.
• Hartarska V., & Gonzalez-Vega C. (2006). What Affects New and Established Firms’ Expansion? Evidence from Small Firms in Russia. Small Business Economics, 27, 195–206.
• Lewin R., & Regine B. (1999). The Soul at Work: Unleasing the Power of Complexity Science for Business Success. London: Orion Business.
Keywords: Small business, development factors, identification, research, impact on the country's economic development.
JEL Codes: L26, O12, M13, H70, J24, O10