ჟურნალი ნომერი 2 ∘ ეთერ ხარაიშვილი ∘ ინეზა გაგნიძე ∘ ია ნაცვლიშვილი ∘ ნინო დამენია ∘ თამარ ათანელიშვილი ∘ თამარ ლაზარიაშვილი ∘ ნინო ლობჟანიძე ∘ ლელა ადუაშვილი ∘ გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის საქართველოშიdoi.org/10.52340/eab.2025.17.02.05
ჟურნალი N 2. 2025
სტატიაში გაანალიზებულია დეგლობალიზაციის პროცესი, შეფასებულია დეგლობალიზაციით გამოწვეული გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ტენდენციები. დასაბუთებულია, რომ გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის.
ბიბლიოგრაფიული კვლევით გამოვლენილია საკვლევი პრობლემის თეორიული და ემპირიული საფუძვლები, შეფასებულია დეგლობალიზაციის პროცესის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, ნაჩვენებია ამ პროცესის გავლენის შედეგები საქართველოს მსგავს მცირე და ღია ეკონომიკებზე.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ფენომენის ასახსნელად შეფასებულია ევოლუციის პროცესი და მოცემულია მისი განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზი. გაანალიზებულია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევები და შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ამ პროცესების გავლენის შესაფასებლად ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა, გამოკითხულია 385 რესპონდენტი 16 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, არგენტინა, თურქეთი, პოლონეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, მალტა, ტაივანი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ავსტრალია, სომხეთი). გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩატარებულია დესკრიპტული ანალიზი.
გამოკითხვით დადგენილია გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევები და გლობალური ვაჭრობის საფრთხეები, შეფასებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მაგ., WTO, IMF და სხვ.) ბიზნესის თანამშრომლობის ფორმები, გამოვლენილია მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები და მულტილატერალიზმის პრიორიტეტული მიმართულებები.
შემუშავებულია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის სამომავლო სცენარები და შემოთავაზებულია გამოწვევების გადაჭრის რეკომენდაციები.
საკვანძო სიტყვები: დეგლობალიზაცია, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, გლობალური ბიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესი, მულტილატერალიზმი.
შესავალი
გლობალიზაციის ეპოქამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკურ ზრდას და განაპირობა სიღარიბის დონის შემცირება, შექმნა უფრო ინტეგრირებული ეკონომიკური ბლოკები და, ზოგადად, სამყარო ურთიერთდამოკიდებული გახდა. თუმცა, 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ დაიწყო გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის ტრაექტორიის ცვლილება დეგლობალიზაციის სახით.
დეგლობალიზაციის პროცესმა გამოიწვია გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, რაც ინტეგრირებული გლობალური ეკონომიკური სისტემების დაშლას ნიშნავს და განაპირობებს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების არსებით ტრანსფორმაციას. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და განსხვავებული ეროვნული სტრატეგიული ინტერესების გამო, მიმდინარე ეტაპზე კიდევ უფრო ღრმავდება.
გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ, პროტექციონისტულმა პოლიტიკამ, რეგიონული ახალი სავაჭრო ბლოკების ფორმირებამ და სახელმწიფოებში ეროვნული განწყობების ცვლილებამ, დააჩქარა გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პროცესი და მთელი რიგი გამოწვევები შეიქმნა გლობალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო საკითხებთან დაკავშირებით. ქვეყნებისა და რეგიონების უმეტესობა შეზღუდული ან იზოლირებული აღმოჩნდა ვაჭრობისა და ინვესტიციების განხორციელების, ასევე, სტრატეგიულ ალიანსებში გაწევრიანების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული მოვლენების გამო, გაბატონებულ კონსენსუსს გლობალიზაციის სარგებლის შესახებ დაუპირისპირდა საწინააღმდეგო შეხედულებები და არგუმენტები. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია ამწვავებს რა გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს გლობალური ბიზნესის, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამ ფონზე საჭირო ხდება ეროვნული ეკონომიკური პრიორიტეტების ხელახალი შეფასება და გეოეკონომიკური ფრაგმენტაციით გამოწვეულ ახალ ეკონომიკურ წესრიგთან ადაპტაცია.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცირე და საშუალო ბიზნესი. აღნიშნულის მიზეზებია: რესურსების შეზღუდულობა, გლობალურ ბაზრებზე წვდომის გართულება, დივერსიფიკაციის დაბალი დონე, გაზრდილი კონკურენცია საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე, ფინანსური, მარკეტინგული, საინფორმაციო და სხვა სახეობის ბარიერები.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოკვლევა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ამ პროცესის გავლენის შეფასება, წარმოქმნილი პრობლემების დაძლევისა და პოტენციური შესაძლებლობების გამოყენებაზე, მხარდამჭერი პოლიტიკისა და სავაჭრო შეთანხმებების მიმართულებებზე რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის მიზანია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის მხარდამჭერ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება.
კვლევის მეთოდოლოგია: ჩატარებულია ბიბლიოგრაფიული კვლევა, კერძოდ, გაანალიზებულია სამეცნიერო სტატიები გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის თეორიულ და ემპირიულ ასპექტებზე, გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის მცირე და საშუალო ბიზნესზე გავლენის შედეგებსა და მულტილატერალიზმის პრობლემებზე. შესწავლილია სხვადასხვა ორგანიზაციის ანგარიშები, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეკონომიკური პროფილის სამინისტროების მონაცემები. სამეცნიერო სტატიები მოძიებულია Scopus-ის, Web of Science-ის, Science Direct-ის, Google Scholar-ისა და ResearchGate-ის ბაზებიდან.
კვლევის პროცესში გამოყენებულია შედარების, ფაქტორული ანალიზის, დედუქციისა და სხვა მეთოდები.
ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა ონლაინ კითხვარის საშუალებით. გამოკითხულია 385 რესპონდენტი Google Form 16 ქვეყნიდან. რაოდენობრივი კვლევის მონაცემები დამუშავებულია Canva-სა და Datawrapper-ის პროგრამებით.
კვლევის კითხვები:
RQ1: როგორია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის კვლევის ევოლუცია და მიმდინარე ტენდენციები?
RQ2: რომელი ფაქტორები განაპირობებს გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციას?
RQ3: რა მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის?
RQ4: რა გამოწვევებს უქმნის გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას?
RQ5: რა შესაძლებლობებს სთავაზობს გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებისათვის?
RQ6: როგორია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი საქმიანობის სცენარები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმები?
RQ7: რა გამოწვევები გააჩნია მულტილატერალიზმს მიმდინარე ეტაპზე და რა შესაძლებლობებია მისი სამომავლო განვითარებისათვის?
ლიტერატურის მიმოხილვა
მცირე და საშუალო ბიზნესი, დიდ კორპორაციებთან შედარებით, განსაკუთრებით დაუცველია დეგლობალიზაციის პროცესით გამოწვეული რისკისგან, ასევე, გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის მიმართ შეზღუდული რესურსებისა და ნაკლებად დივერსიფიცირებული საქმიანობის შედეგად. ამიტომ, მეცნიერები განსაკუთრებულ აქცენტებს აკეთებენ დეგლობალიზაციით გამოწვეული გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პრობლემებზე, იკვლევენ მცირე და საშუალო ბიზნესზე გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გავლენის შედეგებს. ავტორებს გაანალიზებული აქვთ გლობალიზაციისა და დეგლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას შესწავლილი აქვს გლობალიზაციით განსაზღვრული ახალი მსოფლიო წესრიგის თავისებურებები (პაპავა, 2024), გამოკვლეული აქვს კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები (პაპავა, 2023).
პროფესორ ე. მექვაბიშვილს შეფასებული აქვს გლობალიზაციისთვის დამახასიათებელი წინააღმდეგობები და მეტამორფოზები (მექვაბიშვილი, 2018; მექვაბიშვილი, 2023). ამასთან, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალიზაციის მთლიანად დასრულება შეუძლებელია (პაპავა, 2022), თუმცა, უახლოეს პერსპექტივაში დეგლობალიზაციის პროცესი გაღრმავდება და არსებით გავლენას მოახდენს რეალურ ეკონომიკაზე. მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციის პროცესში განსაკუთრებულ როლს შეასრულებს მცირე და საშუალო საწარმოები (Kharaishvili & Lobzhanidze, 2024), მათი წვლილი მნიშვნელოვანია ახალი საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებასა და წარმოების მდგრად განვითარებაში (Kharaishvili & Lobzhanidze, 2023).
ფელბერმაიერი (Felbermayr, 2022) ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად გაგრძელდება სავაჭრო ხარჯების შემცირება, ძირითადად, მომსახურების სფეროში. როდესაც გეოპოლიტიკური გარემო კვლავ უფრო კეთილსაიმედო გახდება, შესაძლოა გლობალიზაციის ახალი ეტაპი დაიწყოს.
სევინქმა და სხვებმა (Sevinç et al., 2023) სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვლიეს დეგლობალიზაციის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 34 ქვეყანაში 2000-2019 წლებში. შედეგები მიუთითებს, რომ ვაჭრობა და სოციალური დეგლობალიზაცია უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, მაშინ როცა, ფინანსური დეგლობალიზაცია და სოციალური დეგლობალიზაციის ქვემიმართულებები დადებით გავლენას ახდენს მასზე.
ბერგეიქი (Bergeijk, 2024) განსაზღვრავს სტრუქტურული დეგლობალიზაციის ხელშემწყობ ორ მექანიზმს: ხარჯების ესკალაცია და სარგებლის შემცირება ეროვნულ დონეზე. ეს აფერხებს გადანაწილებისა და გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტით უზრუნველყოფას, ეკონომიკური ჰეგემონიის შემცირების გამო. მერლევედი და მიშელი (Merlevede & Michel, 2024) ამტკიცებენ, რომ საგარეო ექსპანსია, უფრო დიდ პოტენციურ მოგებას იწვევს შიდა ეკონომიკისთვის, ვიდრე საგარეო შეკუმშვა, როგორც შიდა ექსტენსიური, ასევე, ინტენსიური საზღვრების გასწვრივ.
ბოლდუინის და სხვების (Baldwin et al., 2024) მოსაზრებით, დეგლობალიზაციის ხედვაში გამორჩენილია ძირითადი ფაქტები, რაც მიუთითებს, რომ გლობალიზაცია განვითარდა და არა – დასრულდა. გლობალური საქონლით ვაჭრობის თანაფარდობამ მშპ-სთან პიკს მიაღწია 15 წლის წინ, მაგრამ სერვისებით ვაჭრობა განაგრძობდა ზრდას და ამჟამად საერთაშორისო ვაჭრობის მეხუთედს შეადგენს.
ბალსა-ბარერო და სხვები (Balsa-Barreiro et al., 2020) აღნიშნავენ, რომ ვიდრე საჯარო დებატები მიმდინარეობს, უნდა მოხდეს თუ არა საჯარო და კერძო სექტორების რეგულირება, რეფორმირება ან გაძლიერება, ამ სექტორების დამოკიდებულების როლი მათ გლობალურ ანალოგებთან არის გადამწყვეტი განზომილება სისტემის ქცევაში, მაგრამ ამას ხშირად უგულებელყოფენ. ზედმეტად ცენტრალიზებამ ან პირიქით, ცუდმა დიზაინმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი სისტემის კოლაფსი.
ლინსის და გრისტვუდის (Linsi & Gristwood, 2024) მიხედვით, საკმარისი არ არის არც სახელმწიფოების, არც ფირმების გეოეკონომიკური სტრატეგიების იზოლირებულად შესწავლა. სწორედ მათ შორის ურთიერთქმედებაა საკვანძო, გლობალური პოლიტიკური ეკონომიკის არსებული მდგომარეობისა და შესაძლო მომავლის შესახებ ჩვენი გაგების გასაუმჯობესებლად.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში მეცნიერები ასაბუთებენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში ჩართულობის მაღალი დონე (Makhlouf, 2023). გლობალიზაციამ მრავალი გამოწვევა შეუქმნა მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ წინაშე მდგარი სხვადასხვა სახის გლობალური გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა გადარჩენის სტრატეგიების შემუშავება (Naradda Gamage et al., 2020).
ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარებასთან ერთად, ქვეყნები სულ უფრო მეტად არიან დაინტერესებული ციფრული სუვერენიტეტის მოპოვებით. მონაცემთა ლოკალიზაციის კანონებმა, 5G ინფრასტრუქტურის შეზღუდვებმა (როგორიცაა Huawei-ის შეზღუდვა) და კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია ეკონომიკური ფრაგმენტაცია ტექნოლოგიური ხაზით. ასეთ პირობებში პრობლემების მოგვარება შეუძლებელია ციფრული სუვერენიტეტის გარეშე, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ინდუსტრიულ რევოლუციასთან (Vesperi et al., 2024). ცხადია, აღნიშნული საკითხი აქტუალურია ბიზნესის დონეზეც. გლობალური ციფრული ბაზარი ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ციფრული ტრანსფორმაცია საწარმოების მოდერნიზაციისა და პროგრესის ძირითადი ელემენტია (Kharaishvili et al., 2024). ი. გაგნიძის მოსაზრებით, სწორედ ციფრული ტექნოლოგიების დეფიციტი იწვევს რყევებს შრომის ბაზარზე (Gagnidze, 2024).
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესი ხელს უწყობს ინკლუზიურ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ამცირებს უთანასწორობას (Fonseca & Carvalho, 2019). თუმცა, მსხვილ ფირმებთან შედარებით, მცირე და საშუალო საწარმოებს უფრო მეტი სირთულეები ექმნებათ უცხოურ ბაზრებზე შესვლისას, რადგან ისინი მეტ პრობლემებს აწყდებიან საექსპორტო რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომისას (Xie & Suh, 2014).
კვლევები, ასევე მიუთითებს, რომ ევროპის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იღებს სარგებელს გლობალური ბაზრიდან და ეს მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში (Bratilo et al., 2021).
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის პროცესში ჩართულობა. არაერთი მკვლევარი ასაბუთებს, რომ ინტერნაციონალიზაცია უპირატესობებს აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან ის აფართოებს ბაზრის საზღვრებს. თუმცა, მას, ასევე შეუძლია გაზარდოს წარუმატებლობის რისკი დაუცველი კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ შევიდნენ უცნობ და მაღალ კონკურენტულ ბაზრებზე (Mudambi & Zahra, 2007). მიუხედავად ამისა, ემპირიული მტკიცებულება აჩვენებს, რომ ინტერნაციონალიზაციას შეუძლია დაეხმაროს მცირე და საშუალო საწარმოებს, გასცდნენ შიდა ბაზრების საზღვრებს, გამოიყენონ სხვა ქვეყნების ბაზრის არასრულყოფილება და მიაღწიონ წარმოების უფრო დიდ მოცულობას (Lu & Beamish, 2001).
ინტერნაციონალიზაციის ბარიერები გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესზე (Bratilo et al., 2021). შესაბამისად, მეცნიერები იკვლევენ ინტერნაციონალიზაციის ბარიერებს მისი სტადიის მიხედვით (Alvarez, 2004). კვლევით დასაბუთებულია, რომ ინფორმაციულმა ბარიერებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაში (OECD, 2009).
მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ეხება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სირთულეებს (Mendy & Rahman, 2019). არაექსპორტიორი მცირე და საშუალო ბიზნესის ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ ექსპორტიორად გახდომისთვის საჭირო ფინანსური ინვესტიციები ძალიან დიდია და ეს ხელს უშლის მათ ინტერნაციონალიზაციას (European Commission, 2015).
მარკეტინგულმა ბარიერებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მცირე და საშუალო საწარმოებს ოპერაციების ინტერნაციონალიზაციაში, მათ შორის - კომპანიის პროდუქტის, ფასების, დისტრიბუციის, ლოჯისტიკისა და პრომოუშენის საზღვარგარეთ აქტივობას (Leonidou, 2004). ბიზნესის განვითარებისა და ინოვაციების დაჩქარების მიზნით, მეცნიერები აუცილებლად მიიჩნევენ სამთავრობო ბარიერების დაძლევას (OECD, 2018).
დღევანდელ მუდმივად განვითარებად სამყაროში, მდგრადი და ინკლუზიური მულტილატერალიზმი გადამწყვეტია საერთო გამოწვევების გადასაჭრელად, მდგრადი ზრდის ხელშეწყობისთვის, გარემოს გასაუმჯობესებლად საწარმოებისთვის – განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ციფრული პოტენციალის ათვისებისა და მომავალი თაობებისთვის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად (United Nations et al., n.d.).
მრავალმხრივი შეთანხმება გაეროსა და მასთან დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით უზრუნველყოფს წვდომას უფრო ფართო ბაზრებზე სავაჭრო ბარიერების შემცირებით, რეგულაციების ჰარმონიზებით და პრაქტიკის სტანდარტიზებით. ეს შეთანხმებები ხელს უწყობს სამართლიან კონკურენციას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას. კერძო სექტორი მზადაა უზრუნველყოს საჭირო ინსტრუმენტები და ექსპერტიზა მათი განხორციელების დასაჩქარებლად (United Nations et al., n.d.).
ლავალეს მიხედვით, მულტილატერალიზმი არ არის იდეოლოგიური მისწრაფება, ის არის პრაგმატული მეთოდები ურთიერთდამოკიდებულებისა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და უსაფრთხო თანაარსებობის საკითხების გადასაჭრელად (Lavalle, 2020).
ამრიგად, სამეცნიერო ნაშრომებში შესწავლილია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამომწვევი ფაქტორები, ნაწილობრივ დასაბუთებულია მათი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებსა და ბიზნესზე. კვლევებით ნაჩვენებია, რომ გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია მთელ რიგ რისკს განაპირობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. შესაბამისად, გეოპოლიტიკური კონკურენცია და სტრატეგიული სავაჭრო პოლიტიკა გადამწყვეტ როლს შეასრულებს ეროვნული ეკონომიკური სტრატეგიების ჩამოყალიბებაში. სამეცნიერო სტატიების ანალიზით იკვეთება, რომ გეოეკონომიკურ ფრაგმენტაცია ნეგატიურ გავლენას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებაზე. თუმცა, აღნიშნულ პროცესს ბიზნესზე პოზიტიური გავლენის შესაძლებლობებიც გააჩნია. მიმოხილვებში ხაზგასმულია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გლობალურ ტენდენციებთან შესაბამისობის მნიშვნელობა.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ევოლუცია და გამომწვევი ფაქტორები
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე უფრო მკვეთრი ხდება. ამ ფენომენის სრულყოფილად ასახსნელად საჭიროა შეფასდეს თუ როგორია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ევოლუცია, რა ფაქტორები იწვევს ამ პროცესს, რა გამოწვევები გააჩნია ბიზნესს ამ თვალსაზრისით და რა შესაძლებლობები იკვეთება სამომავლოდ მისი განვითარებისთვის.
უპირველესად, მნიშვნელოვანია გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ევოლუციის პროცესის შეფასება და მისი გამომწვევი ფაქტორების ანალიზი. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, როგორც პროცესის ევოლუცია, უკავშირდება არამხოლოდ ეკონომიკურ გამოწვევებს, არამედ – ტექნოლოგიური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორების ცვლილებებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეიქმნა ინსტიტუციური სტრუქტურები (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა), რამაც ხელი შეუწყო ღია ბაზრებისა და თავისუფალი ვაჭრობის ფორმირებას და დაიწყო გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების ეპოქა. ცივი ომის დასრულების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, გლობალიზაცია დაჩქარდა. ქვეყნების უმეტესობამ გახსნა ბაზრები და ჩამოყალიბდა ახალი გლობალური მიწოდების ჯაჭვები. აღნიშნული პერიოდი ხასიათდებოდა შემცირებული ბარიერებით ვაჭრობის, ინვესტიციებისა და კომუნიკაციისთვის.
გლობალიზაციის პროცესში 2008 წლის ფინანსური კრიზისი მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი იყო, კერძოდ, დაიწყო გლობალიზაციის უპირატესობების გადაფასება. ბევრმა ქვეყანამ შეიმუშავა უფრო ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკა და ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი ეკონომიკის აღდგენა-განვითარებაზე და დაიწყო დეგლობალიზაციის პროცესი.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთის გავლენა გლობალურ ვაჭრობასა და ფინანსებში. დასავლურმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით აშშ-მა, დაიწყო ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეზღუდვა ტარიფების, სანქციებისა და მიწოდების ჯაჭვების გზით. COVID-19 პანდემიამ კი გამოავლინა მოწყვლადობა გლობალურ მიწოდების ჯაჭვებში და ქვეყნებმა შეაფასეს უცხოელ მომწოდებლებზე ზედმეტად დაყრდნობის რისკი.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია გლობალური ეკონომიკის განაწილების პროცესია და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკურ სტაბილურობასა და ერთიანობაზე. ამ პროცესში იცვლება ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ბაზრებისა და პოლიტიკური გავლენების გადანაწილება. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, როგორც ფენომენი, გამოირჩევა ქვეყნებს შორის არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების შეუთავსებლობის გამო კონფლიქტებით, რაც საბოლოოდ იწვევს გლობალური ურთიერთობების არსებით რეორგანიზაციას.
მიმდინარე ეტაპზე გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია სულ უფრო მეტად არის განპირობებული სტრატეგიული მოსაზრებებით. ქვეყნები გლობალური ინტეგრაციიდან უფრო რეგიონულ ან ბლოკზე დაფუძნებულ ეკონომიკურ სტრატეგიებზე გადადიან.
გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი იწვევს, მათგან აღსანიშნავია: ა) პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა - ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები აღრმავებს გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციას. ქვეყნები, რომლებიც ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის გარემოში იმყოფებიან, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც იწვევს ეკონომიკურ იზოლაციას და საერთაშორისო ურთიერთობებზე სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს; ბ) გლობალური ძალაუფლების გადანაწილება - მსოფლიოში არსებული ძალაუფლების განაწილება მუდმივად ცვალებადი პროცესია და ეს ცვლილებები, განსაკუთრებით ეკონომიკური ზრდა ჩინეთსა და ინდოეთში, მთელ რიგ გამოწვევებს ქმნის სხვა ქვეყნებისთვის. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა სხვადასხვა რეგიონის დამოუკიდებლად მოქმედება გლობალური მასშტაბით; გ) გლობალიზაციის პროცესის შეფერხება - გლობალიზაციის შეზღუდვამ გამოიწვია პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობა, რაც განაპირობებს ქვეყნების გულგრილ დამოკიდებულებას საერთო საკითხებისადმი და იწვევს იზოლაციისკენ მიდრეკილებას; დ) შესუსტებული საერთაშორისო ინსტიტუტები - თავიანთი ფუნქციების სრულად შესრულებაში მსოფლიო ორგანიზაციების დასუსტება, კიდევ უფრო ხელს უწყობს ქვეყნებს შორის, თუნდაც ბილატერალური შეთანხმებების გამყარებას.
ამრიგად, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია არის გლობალური ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ტენდენცია, რომელიც ევოლუციის პროცესშია, რასაც სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცესები ქვეყნების ეკონომიკურ ინტერესებსა და სტრატეგიულ გათვლებს ეფუძნება, გლობალური ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მსოფლიო დღის წესრიგის მთავარი საკითხია და ნებისმიერი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ევოლუციური განვითარების გზების ძიება და ფაქტორული ანალიზი მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევები და შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის
გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთელ რიგ გამოწვევას ქმნის, მათგან მნიშვნელოვანია:
ა) გლობალურ ბაზრებზე წვდომის შეზღუდვა. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია იწვევს ახალი სავაჭრო ბარიერების დაწესებას, როგორიცაა ტარიფები, კვოტები და შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებზე. ცხადია, ამ ღონისძიებებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეზღუდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. მცირე ბიზნესის დიდი ნაწილი ორიენტირებულია პროდუქტის ექსპორტის ზრდის სტრატეგიაზე, მაგრამ ახალი სავაჭრო პოლიტიკა და პროტექციონისტული ზომები ართულებს მათ საერთაშორისო ბაზრებზე შესვლას მაღალი კონკურენციის გამო;
ბ) შეფერხებები მიწოდების ჯაჭვში. მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გლობალურ მიწოდების ჯაჭვებზე. გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ შეიძლება დაარღვიოს მიწოდების ჯაჭვები და გამოიწვიოს შეფერხებები წარმოებაში, გაზარდოს დანახარჯები, გაართულოს ნედლეულისა და მასალების მიღება საერთაშორისო მომწოდებლებიდან. ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესი, ფრაგმენტაციის გამო, უფრო მგრძნობიარე ხდება კრიტიკული საშუალებების მიწოდების ცვლილებებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძირითადი მიმწოდებლები განლაგებულია პოლიტიკურად არასტაბილურ რეგიონებში;
გ) გაურკვევლობა და რისკი. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა, სავაჭრო ომები და არაპროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკა, ზოგადად, გაურკვევლობას ქმნის. მცირე და საშუალო ბიზნესი ნაკლებად არის მზად ასეთი ცვლილებისათვის, უჭირს ადაპტაცია რეგულაციების სწრაფ ცვლილებებზე, ვალუტის რყევებსა და მომხმარებელთა მოთხოვნის ცვლილებებზე. საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბაზრის წვდომის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა ართულებს მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტიან ფუნქციონირებას;
დ) გაზრდილი კონკურენცია ადგილობრივ ბაზრებზე. გლობალური ბაზრები უფრო ფრაგმენტული ხდება. რის გამოც უცხოურმა კომპანიებმა შესაძლოა მეტი ყურადღება გაამახვილონ ლოკალურ ბაზრებზე შესასვლელად და ამით გაზარდონ კონკურენცია შიდა ბაზრებზე. მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვილ ფირმებთან ან საერთაშორისო კომპანიებთან მაღალკონკურენტულ გარემოში ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება დარჩეს მხოლოდ ინოვაციების შექმნით ან - დანახარჯების შემცირებით, ასევე, ადვილად მოერგოს ადგილობრივ მარეგულირებელ გარემოს ან მიიღოს ადგილობრივ რესურსებზე ხელსაყრელი წვდომა.
მიუხედავად გამოწვევებისა, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, ასევე, წარმოადგენს გარკვეულ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. გლობალური ბაზარი უფრო დაყოფილი ხდება, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია იპოვოს ახალი ნიშა ან გზები ცვალებადი ლანდშაფტის გამოსაყენებლად. ამ თვალსაზრისით გამოვყოთ რამდენიმე შესაძლებლობა:
ა) ახალ რეგიონულ სავაჭრო ბლოკებში გაერთიანება. გლობალური ვაჭრობა უფრო ფრაგმენტირებული ხდება, ამიტომ რეგიონული ახალი ეკონომიკური ბლოკების ფორმირება და რეგიონული სავაჭრო ხელშეკრულებების (RTAs) გაფორმება პოპულარობას იძენს. მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია ადაპტირება მოახდინოს რეგიონულ პარტნიორობებთან, ისარგებლოს უფრო ხელსაყრელი სავაჭრო პირობებით და შემცირებული ბარიერებით, მაგალითად, ახალი შესაძლებლობები იპოვოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ბაზრები შედარებით ნაკლებადაა დამოკიდებული გლობალურ სისტემებზე;
ბ) ფოკუსირების გაძლიერება შიდა ბაზრებზე. გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ შესაძლებელია უბიძგოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფოკუსირება განახორციელოს შიდა და არა - გლობალურ ბაზრებზე. ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი ბიზნესის იმ პროდუქტებსა და სერვისებზე მოთხოვნის ზრდა, რომელიც დაჩრდილული იყო საერთაშორისო კონკურენციის გამო;
გ) გაციფრულება და ელექტრონული ვაჭრობის განვითარება. ციფრული ტექნოლოგიებისა და ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმების ზრდა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, გადალახონ ზოგიერთი გეოეკონომიკური ფრაგმენტაციით გამოწვეული ფიზიკური ბარიერი. ბიზნესს საშუალება მიეცემა უფრო მეტად ჩაერთოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაში ციფრული პლატფორმების საშუალებით, დაუკავშირდეს საერთაშორისო პარტნიორებს უცხოურ ბაზრებზე ფიზიკური ყოფნის გარეშეც კი. ელექტრონული ვაჭრობა, ასევე, საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს, შეამციროს ტრადიციულ მიწოდების ჯაჭვებზე დამოკიდებულება;
დ) ინოვაციებისა და ბიზნესმოდელების ოპერატიულად კორექტირება. მცირე ბიზნესის საწარმოები ხშირად უფრო მოქნილია ინოვაციების გამოყენებაში მსხვილი ბიზნესის საწარმოებთან შედარებით. გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია აიძულებს ყველა სახეობის ბიზნესს, შეცვალოს განვითარების სტრატეგიები და ბიზნესმოდელები, ასევე, სწრაფად მოერგოს ცვალებად გარემოს. ამ პროცესის კორექტირებას კი უფრო სწრაფად ახერხებს მცირე და საშუალო ბიზნესი და ეფექტიანად შეუძლია აღმოფხვრას გეოეკონომიკური ფრაგმენტაციით შექმნილი ხარვეზები.
3. მთავრობისა და ინსტიტუტების მხარდამჭერი ღონისძიებების გამოყენების პოტენციალი. მთავრობებს და ინსტიტუტებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ მცირე და საშუალო ბიზნესის გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის ნეგატიური შედეგების შერბილებაში. პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ შექმნან ხელსაყრელი გარემო, კერძოდ განახორციელონ: სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის ფინანსური მხარდაჭერა, სუბსიდიების, გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების შეთავაზება, მომარაგების ჯაჭვების დივერსიფიკაციაში თანადგომა, ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტირება, ძლიერი ურთიერთობების დახმარება რეგიონულ პარტნიორებთან კონკრეტული სავაჭრო ზონებისა ან ბლოკების მიხედვით და სხვ.
მაშასადამე, გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია წარმოადგენს როგორც გამოწვევას, ასევე, შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების ჯაჭვის შეფერხებასთან, ბაზრის იზოლაციასთან და პოლიტიკურ გაურკვევლობასთან დაკავშირებული რისკი რეალურია, ასევე, არსებობს ზრდის ახალი შესაძლებლობები რეგიონულ ბაზრებზე ნიშის მოსაპოვებლად ძირითადად ციფრული პლატფორმებისა და ინოვაციების გამოყენების გზით. იმისათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა მიაღწიოს წარმატებას ფრაგმენტულ გლობალურ ლანდშაფტში, ყურადღება უნდა გამახვილდეს საქმიანობის ოპერატიულობაზე, დივერსიფიკაციასა და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებაზე. მთავრობებს და ინსტიტუტებს გადამწყვეტი როლი აქვთ ბიზნესის მხარდაჭერაში ხელსაყრელი პოლიტიკისა და სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით. მცირე და საშუალო ბიზნესის ადაპტაცია და განვითარება დამოკიდებული იქნება მათი ნავიგაციის უნარზე რთული და მრავალწახნაგოვანი გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში.
რაოდენობრივი კვლევის შედეგები და დისკუსია
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ამ პროცესების გავლენის შესაფასებლად, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა. კვლევა მიმდინარეობდა 2025 წლის თებერვალ-მარტის განმავლობაში. გამოიკითხა 385 რესპონდენტი Google Form ონლაინ კითხვარის საშუალებით. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ რესპონდენტები 16 ქვეყნიდან (საქართველო, იტალია, არგენტინა, თურქეთი, პოლონეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, მალტა, ტაივანი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ავსტრალია, სომხეთი) (იხ. რუკა 1).

გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩატარდა დესკრიპტული ანალიზი. რესპონდენტებისთვის შეთავაზებული იყო მრავალვარიანტული, ალტერნატიული და სკალაზე დაფუძნებული კითხვები, გამოყენებული იყო სახელობითი ანუ ნომინალური და ზომითი სკალები; კითხვარი მოიცავდა შემდეგ სექციებს: მაიდენტიფიცირებელი, კომპეტენციების, პრაქტიკული და შეფასებითი (გლობალურ და ფირმის დონეზე). ამასთან, რესპონდენტებისთვის შეთავაზებული იყო დამაზუსტებელი ღია და სადისკუსიო კითხვებიც.
მაიდენტიფიცირებელი სექციის მიხედვით გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა შორის 53.5% ქალი იყო, ხოლო 46.5% მამაკაცი. ასაკობრივი ჭრილის მიხედვით რესპონდენტები შემდეგნაირად განაწილდა: 51.9%-ის ასაკი მერყეობდა 18-დან 29 წლამდე. რესპოდენტთა 18.7% იყო 50 წელზე უფროსი ასაკის, 15.1% – 40-49 წლის, 14.3% კი – 30-39 წლის. განათლების მიხედვით გამოკითხულთა შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდა უმაღლესი განათლების მქონე პირებს (55.1%), 30.1%-ს საშუალო და 14,8%-ს - პროფესიული განათლება (იხ. დიაგრამა 1).

ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მიხედვით გამოკითხვაში მონაწილეთა აბსოლუტურ უმეტესობას ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი გააჩნდა (73.2%), 20% – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ იყო წარმოდგენილი, დანარჩენი სხვადასხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა (კოოპერატივები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება).
კომპეტენციის სექციაში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მიხედვით შეფასდა რესპონდენტთა სამუშაო გამოცდილება (იხ. დიაგრამა 2).

გამოკითხულთა 33.5%-ს ჰქონდა 1 წლამდე მუშაობის გამოცდილება, 30.4%-ს - 1-დან 5 წლამდე გამოცდილება, 20%-ს - 10 წლამდე, ხოლო 17.1%-ს – 5-დან 10 წლამდე მუშაობის სტაჟი. რაც შეეხება ბიზნესის კატეგორიების მიხედვით რესპონდენტთა განაწილებას, ის მოცემულია დიაგრამაზე 3.

შეფასებითი სექციის კითხვარით გამოვლინდა გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ბიზნესის გამოწვევები, როგორც გლობალურ, ასევე, ფირმის დონეზე. დიაგრამა 5-ის მიხედვით ჩანს, რომ რესპონდენტების მოსაზრებით 2025 წელს გლობალურ დონეზე ეკონომიკის მთავარი გამოწვევები იქნება: გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა (43.6%), ინფლაცია (24.7%), მსხვილ ბაზრებზე შეღწევა (11,2%), მიწოდების ჯაჭვის პრობლემები (8.6%), პროტექციონიზმი და არასაკმარისი წვდომა უცხოურ ბაზრებზე (4.6%) და ა. შ.

გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ზოგადად ბიზნესისათვის მთავარი გამოწვევაა გლობალური ვაჭრობის პრობლემები. ამ თვალსაზრისით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ ყველაზე დიდ საფრთხედ დასახელდა მიწოდების ჯაჭვის გამოწვევები და სახელმწიფოს გავლენის ზრდა ეკონომიკაზე (23.9%). რესპონდენტთა 22.9%-თვის გლობალური ვაჭრობის საფრთხეს წარმოადგენს განსხვავებულ ეკონომიკურ ბლოკებს შორის წინააღმდეგობა, 18.4%-თვის - მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემები, 14.0%-თვის ასეთ საფრთხედ მიჩნეულია ცალმხრივი ეკონომიკური სანქციებით გამოწვეული შედეგები. საფრთხეებად, ასევე, დასახელდა მარეგულირებელი სფეროების ფრაგმენტაცია, პროტექციონიზმის ზრდა და სხვა.
გამოვლენილი გამოწვევების დაძლევა შეუძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მაგ., მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვ.) თანამშრომლობის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეფასებით სექციაში, ასევე, შევისწავლეთ ამ ორგანიზაციებთან ბიზნესის თანამშრომლობის ფორმები (იხ. დიაგრამა 7).

გამოკითხვებმა დაასაბუთა ჩვენი ვარაუდი, რომ ბიზნესის წარმომადგენელთა მხოლოდ მესამედი თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამასთან, თანამშრომლობის ფორმები ზოგადად სუსტია. 65.2%-თვის არ იკვეთება საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
გამოკითხვით დადგინდა, მოახდინა თუ არა გავლენა მათ ბიზნესზე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ან საერთაშორისო კონფლიქტებმა. რესპონდენტთა 64.9% თვლის, რომ ამ პროცესებს მათ ბიზნესზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია, დანარჩენის აზრით გავლენა ნეგატიური იყო.
ღია კითხვების მეშვეობით ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს პასუხი უნდა გაეცათ კითხვაზე: როგორ იმოქმედა თქვენს ბიზნესზე გლობალურ დონეზე დაწესებულმა სანქციებმა (მაგ., რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და სხვ.)? კვლევით, განსხვავებული პასუხები მივიღეთ ბიზნესის სფეროების მიხედვით, კერძოდ, გამოვლინდა როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი შედეგები. მაგალითად, დადებითი გავლენის კონტექსტით დასახელდა, რომ სამშენებლო სექტორში სანქციებით გამოწვეულმა მიგრაციამ ბინათმშენებლობის ბაზარზე მოთხოვნა გაზარდა, ასევე, ეროვნულ ბაზარზე ოპერირებად ბიზნესში გაყიდვების მიმართულებით შესამჩნევი ნეგატიური ცვლილებები არ მომხდარა. ნეგატიური გავლენის შემდეგი შედეგები გამოვლინდა: შემცირდა მარაგები და გაყიდვები, შეიზღუდა ადგილობრივი პროდუქტების ექსპორტის მოცულობა საერთაშორისო ბაზრებზე, გაიზარდა ფასები ნედლეულსა და მასალებზე, კონფლიქტების შედეგად გამოწვეულმა ინფლაციამ გავლენა იქონია დანახარჯების ზრდაზე, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გაართულა პროდუქტების მიწოდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, შემცირდა ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა, საქართველოში ნედლეულის დეფიციტის გამო კვლავ შენარჩუნდა მაღალი იმპორტდამოკიდებულება და, შესაბამისად, გეოეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ ნეგატიური გავლენა მოახდინა ბიზნესზე და სხვა.
კვლევის პროცესში მნიშვნელოვანი იყო გეოეკონომიკური ფრაგმენტაციისა და მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პირობებში მთავრობის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გამოვლენა (იხ. დიაგრამა 8).

გამოკითხულთა უმეტესობა (34.3%) ფიქრობს, რომ მათი ბიზნესისთვის გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ყველაზე მეტ საჭიროებას წარმოადგენს მხარდაჭერა კრიტიკული ნედლეულის დივერსიფიკაციისა და მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართულებით, 30.1%-თვის ასეთი საჭიროებაა სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში, 26.8%-თვის – საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და სტრატეგიული მმართველობა ეროვნულ დონეზე, 24.9%-თვის – ვაჭრობის ხელშემწყობი ღონისძიებები ციფრული ვაჭრობის ჩათვლით (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული და ა.შ.), 21.3% თვლის, რომ ასეთ საჭიროებას რეგულაციების გაუმჯობესება წარმოადგენს. რესპონდენტებმა, ასევე, დაასახელეს სხვა საჭიროებებიც, მათგან აღსანიშნავია: პოლიტიკის ფოკუსირება მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციაზე, მოსალოდნელი რისკის შეფასება (მაგ., კონფრონტაციები, პანდემიები და სხვა).
ამრიგად, გამოკითხვებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე ეტაპზე გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ახალი ეკონომიკური კავშირების ფორმირების პროცესში. შესაბამისად, კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო ამ საკითხზე ბიზნესის წარმომადგენელთა ხედვის შეფასება და მულტილატერალიზმის პროცესის პრიორიტეტული მიმართულებების გამოვლენა. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მულტილატერალიზმის საკითხებზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს არ აქვთ ნათელი და გამოკვეთილი წარმოდგენა, თუმცა, ამ პროცესის პრიორიტეტულ მიმართულებებად დაასახელეს გლობალური ციფრული ვაჭრობის წესების ფორმირების აუცილებლობა (30.4%), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი დღის წესრიგის ფორმირება (26.5%), დახმარების მოცულობის გაზრდა განვითარებადი ქვეყნებისთვის მულტილატერალიზმის საკითხებზე (24.9%), სააპელაციო ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესება და დავების მოგვარების ვადების შემცირება (17.4%; იხ. დიაგრამა 9).

კითხვაზე – „ოპტიმისტურად აფასებთ თუ არა თქვენი ბიზნესის მომავალ პერსპექტივებს გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში?“ რესპონდენტთა 71.4%-მა უპასუხა, რომ თავისი ბიზნესის პერსპექტივებს ოპტიმისტურად აფასებს, ხოლო 28.6%-მა მიუთითა, რომ პესიმისტურად არის განწყობილი მომავლისადმი.
აღსანიშნავია, რომ ღია კითხვებზე პასუხი დააფიქსირა 275 რესპონდენტმა. მათი მოსაზრებით ოპტიმიზმის გამომწვევი ფაქტორებია: მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფოს ინიციატივები ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებაში, სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ახალი ბაზრების ათვისების მეტი შესაძლებლობა, ბაზრებისა და პროდუქტების დივერსიფიკაციის პოტენციალი და სხვა. პესიმისტურ ფაქტორებს შორის დასახელდა: მაღალი კონკურენცია ბაზარზე, გეოეკონომიკური ფრაგმენტაციით გამოწვეული ახალი ეკონომიკური ბლოკების შექმნა, მიმდინარე გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო, შემზღუდავი კანონები, საერთაშორისო კონფლიქტები და კრიზისები, არაპროგნოზირებადობა და გაურკვევლობა, გლობალური ვაჭრობის ბარიერების ზრდა, საგარეო ურთიერთობათა კურსის ცვლილება, ცუდი მარკეტინგი და სხვ.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის სამომავლო სცენარები და გამოწვევების გადაჭრის რეკომენდაციები
ბიბლიოგრაფიული და რაოდენობრივი კვლევის შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელია განვიხილოთ გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი საქმიანობის სცენარები და განვსაზღვროთ ბიზნესისათვის გამოწვევების გადაჭრისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშემწყობი რეკომენდაციები.
კვლევამ გვიჩვენა, რომ გლობალური ეკონომიკური ლანდშაფტი ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის, რაც ძირითადად მზარდ გეოეკონომიკურ ფრაგმენტაციაში გამოიხატება. ალტერნატიულ ეკონომიკურ ბლოკებში გადანაწილების პროცესი კვლავ შეუქცევადი ფრაგმენტაციის ფონზე მიმდინარეობს. შესაბამისად, გაიზრდება პროტექციონიზმი და კონკურენცია ბლოკებს შორის, ხოლო გაურკვევლობა და რისკი პროცესს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს. აღნიშნულის გათვალისწინებით გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის რამდენიმე შესაძლო სცენარი შეიძლება განვიხილოთ:
• ბლოკური და მრავალპოლარული ეკონომიკური ფრაგმენტაცია. ბლოკურ ფრაგმენტაციაში განიხილება ორი ბლოკი: 1. ლიბერალურ დემოკრატიაზე დამყარებული ქვეყნები: აშშ, ევროკავშირი, იაპონია; 2. ავტორიტარული ქვეყნები: ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვ. მრავალპოლარული ეკონომიკური ფრაგმენტაციის თანახმად კი სამყარო რამდენიმე დამოუკიდებელ ეკონომიკურ ბლოკად იყოფა: ჩრდილოეთ ამერიკა (აშშ, კანადა, მექსიკა), ევროკავშირის ქვეყნები, რეგიონული ყოვლისმომცველი პარტნიორობის (RCEP) წევრი ქვეყნები, გლობალური სამხრეთის ქვეყნები (ბრაზილია, ინდოეთი, აფრიკა და სხვ.). ბლოკებთან თანამშრომლობის სცენარის მიხედვით მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონკურენტულ ეკონომიკურ ბლოკებთან თანამშრომლობის ფორმები. მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს რამდენიმე ეკონომიკურ ბლოკთან. საჭიროა შეფასდეს ბლოკებში არსებული რისკი და შემუშავდეს მისი მართვის მექანიზმები.
• ტექნოლოგიური ფრაგმენტაცია – გლობალური ეკონომიკის დანაწევრება ტექნოლოგიურ სფეროში. ბოლო პერიოდში ქვეყნები ქმნიან საკუთარ ინტერნეტ სისტემებს, მონაცემთა შესახებ კანონმდებლობას და ტექნოლოგიურ პლატფორმებს. საქართველო ტექნოლოგიურად დამოკიდებულია უცხოურ ინფრასტრუქტურასა და პლატფორმებზე, განსაკუთრებით დასავლურ და ჩინურ ტექნოლოგიებზე. ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო გახდება ეროვნული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება, მნიშვნელოვანია უცხოურ ტექნოლოგიურ პლატფორმებთან ინტეგრაცია, ტექნოლოგიური ინოვაციების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება.
• ნედლეულის გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია. რესურსებზე დამოკიდებული ქვეყნები საკუთარი ინტერესების გარშემო ქმნიან ეკონომიკურ ბლოკებს. აღნიშნული ფრაგმენტაცია იწვევს მიწოდების ჯაჭვების არასტაბილურობას და მწარმოებელი და მომხმარებელი ქვეყნების დაპირისპირებას. ამ ფონზე ბიზნესის მიერ შესაბამისი სტრატეგიებისა და ეფექტიანი ბიზნესმოდელების შექმნა მნიშვნელოვანი საკითხი იქნება პრობლემების გადასაჭრელად. მოცემული კონტექსტით, ასევე, აუცილებელია სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია, ინვესტირება შიდა ინოვაციებში და სტრატეგიული ალიანსების შექმნა თანამოაზრე ქვეყნებთან. საქართველო არ არის მსხვილი ნედლეულის მიმწოდებელი, თუმცა, არის მნიშვნელოვანი სატრანზიტო კორიდორი. ბიზნესისთვის კიდევ უფრო გაიზრდება შუა დერეფნის მნიშვნელობა რესურსების გადაზიდვისათვის.
• კლიმატური გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია. ქვეყნები იყოფიან კლიმატური პოლიტიკის საფუძველზე: ნაწილი მკაცრ რეგულაციებს იყენებს, ნაწილი ნაკლებად არის დაინტერესებული ამ საკითხებით. ფრაგმენტაციის პირობებში მწვანე და არამწვანე ეკონომიკებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო მკაცრი ხდება. მნიშვნელოვანია ფინანსური ნაკადების გადამისამართება მდგრადი ეკონომიკის ფორმირებაზე. საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები მწვანე განვითარების მიმართულებით, თუმცა, ეკონომიკურად ჯერ არ არის მზად მკაცრი რეგულაციებისათვის. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ შესაძლებელია მწვანე ინვესტიციების მოზიდვა და ევროკავშირის ქვეყნებთან კლიმატური ინტეგრაციის გაძლიერება.
• განვითარებადი ეკონომიკის ინტერესების დაცვისა და გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად ერთ-ერთ სცენარად უნდა განვიხილოთ მულტილატერალიზმისადმი განახლებული ვალდებულება. ეს სცენარი მოითხოვს რეფორმების გატარებას ახალ ეკონომიკურ ბლოკებთან და ინსტიტუტებთან საქმიანობის ჰარმონიზების მიზნით, კომპრომისების მიღწევას საერთო მიზნების შესაბამისად და გლობალურ ეკონომიკურ ბლოკებთან სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიების შემუშავებას.
კომპლექსურ გეოეკონომიკურ ლანდშაფტში ჩამოთვლილი სცენარების მიხედვით ფრაგმენტაციის რთული გამოწვევების გადასაჭრელად საჭიროა დიპლომატიური და ეკონომიკური პოლიტიკის ინოვაციების გათვალისწინება.
დასკვნა
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. თუმცა, აქტიური და მიზნობრივი თანამშრომლობით შესაძლებელია ამ რისკის შემცირება. წარმატებული გეოეკონომიკური სტრატეგიები და მოქმედების სცენარების შემუშავება ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას ახალ ეკონომიკურ ბლოკებში, ტექნოლოგიურ პროგრესსა და მდგრად განვითარებას, რაც უზრუნველყოფს სტაბილური გარემოს შექმნას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია წარმოადგენს როგორც გამოწვევებს, ასევე, შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. მიუხედავად გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის რეალური გამოწვევებისა, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე, არსებობს ზრდის ახალი შესაძლებლობები რეგიონულ ბაზრებზე, ციფრულ პლატფორმებსა და ინოვაციების სფეროში. მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ ფრაგმენტულ გლობალურ ლანდშაფტში წარმატების მისაღწევად აუცილებელია საქმიანობის დივერსიფიკაცია და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება. მულტილატერალიზმის პროცესში ბიზნესისთვის გადამწყვეტია მთავრობის მხარდაჭერა ხელსაყრელი პოლიტიკისა და სავაჭრო შეთანხმებების მეშვეობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მულტილატერალიზმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პლატფორმებთან აქტიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება საერთო შეთანხმებების მიღწევა და რისკის გაზიარება. მდგრადი ეკონომიკის შექმნა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი სახეობის რესურსებსა და ერთ ეკონომიკურ ბლოკზე, მნიშვნელოვნად შეამცირებს გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის რისკს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სტიმულირება, ვაჭრობის სისტემის მოდერნიზება, ახალ ეკონომიკურ ალიანსებში გაწევრიანებისა და ხელშეკრულებების ფორმირებაში ხელშეწყობა, გააძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას და განავითარებს მულტილატერალიზმის პროცესს.
გეოეკონომიკური ფრაგმენტაციის გამოწვევების ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესის ასეთ გარემოსთან ადაპტაცია და შემდგომი განვითარება დამოკიდებული იქნება რთულ და კონფრონტაციულ გარემოში ბიზნესის ნავიგაციის უნარზე.
ლიტერატურა:
• მექვაბიშვილი ე. (2018). „გლობალიზაციის ეპოქის ფინანსური კრიზისები და საქართველოს ეკონომიკა“. ISBN: 9789941476297.
• მექვაბიშვილი ე. (2023). გლობალიზაციის მეტამორფოზები: პოლიტეკონომიური ასპექტი. ეკონომიკა და ბიზნესი, XV(3):9-24.
• პაპავა ვ. (2024). მსოფლიო ეკონომიკური წესრიგის შესაძლო ცვლილებები გლობალიზაციის ტრანსფორმაციის პირობებშიდა „შუა დერეფანი“. VI ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და ეკონომიკური უსაფრთხოება: საქართველოს ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები“.
• პაპავა ვ. (2023). საქართველოს ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკის პოზიციონირება კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში“.
• პაპავა ვ. (2022). დეგლობალიზაციის პრობლემა და განახლებული გლობალიზაციის პირობებში ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევები. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, 15, 28-55.
• Alvarez R. (2004). Sources of export success in small- and medium-sized enterprises: the impact of public programs. International Business Review, 13(3), 383-400. https://doi.org/10.1016/j.ibusrev.2004.01.002
• Baldwin R., Freeman R., & Theodorakopoulos A. (2024). Deconstructing deglobalization: The future of trade is in intermediate services. Asian Economic Policy Review, 19(1), 18-37. https://doi.org/10.1111/aepr.12440
• Balsa-Barreiro J., Vié A., Morales A. J. et al. (2020). Deglobalization in a hyper-connected world. Palgrave Commun, 6(28). https://doi.org/10.1057/s41599-020-0403-x
• Bergeijk P. A. V. G. (2024). Deglobalization and resilience: A historical perspective. Critical Sociology. https://doi.org/10.1177/08969205241246915
• Bratilo N., Ceccanti D., & Huynh-olesen D. (2021). Challenges and concerns for small and medium-sized enterprises (SMEs) doing business in third countries. DOI: 10.2861/19217.
• European Commission (2015). Internationalisation of European SMEs. file:///C:/Users/user/Downloads/internationalisation_of_european_smes_final_en.pdf
• Felbermayr G. (2023). Deglobalization: Reasons and Effects. The Economists’ Voice, 20(2), 249-253. https://doi.org/10.1515/ev-2023-0064
• Fonseca L., & Carvalho F. (2019). The Reporting of SDGs by Quality, Environmental, and Occupational Health and Safety-Certified Organizations. Sustainability, 11(20), 5797. https://doi.org/10.3390/su11205797
• Gagnidze I. (2024). Labor Market Challenges and the Role of the University in the Digital Era. A Systemic Approach. In: Vătămănescu, EM., Dominici, G. (eds) Great Reset—Opportunity or Threat? Springer Proceedings in Business and Economics, 171–185. https://doi.org/10.1007/978-3-031-76406-6_9
• Kharaishvili E., Koguashvili P., & Shengelia N. (2024). From Traditional to “Smart” Agriculture: Advantages, Challenges and Prospects of Digitalization. International Scientific Journal Innovative Economics and Management, 11(1), 6-16. https://doi.org/10.46361/2449-2604.11.1.2024.6-16
• Kharaishvili E., & Lobzhanidze N. (2023). Challenges and Opportunities for Promoting Sustainable Development in Small and Medium-Sized Enterprises (Case of Georgia). Medicon Agriculture & Environmental Sciences, 4(5). DOI: 10.55162/MCAES.04.110.
• Kharaishvili E., & Lobzhanidze N. (2024). Transformation of World Order and Evaluation of State Enterprise Reform in Georgia: A Pillar Analysis. International Scientific-Analytical Journal “ekonomisti”, 20(4).
• Lavalle K. C. (2020). The Challenges of Multilateralism. Yale University Press. https://doi.org/10.2307/j.ctvxkn79b
• Leonidou L. C. (2004). An Analysis of the Barriers Hindering Small Business Export Development. Small Business Management, 42(3), 279-302. https://doi.org/10.1111/j.1540-627X.2004.00112.x
• Linsi L., & Gristwood E. (2024). The myth of Deglobalization: Multinational Corporations in an Era of Growing Geopolitical Rivalries. Politics and Governance, 12. https://doi.org/10.17645/pag.8092
• Lu J. W., & Beamish P. W. (2001). The Internationalization and Performance of SMEs. Strategic Management Journal, 22(6-7), 565-586. https://doi.org/10.1002/smj.184
• Makhlouf G. (2023). Geoeconomic Fragmentation from a Small Open Economy Perspective. Makhlouf to the Global Interdependence Centre Conference.
• Mendy J., & Rahman M. (2019). Application of Human Resource Management’s Universal Model: An Examination of People Versus Institutions as Barriers of Internationalisation for SMEs in a Small Developing Country. Thunderbird International Business Review, 61(1), 363–374. https://doi.org/10.1002/tie.21985
• Merlevede B. & Bernhard M. (2024). Home Country Effects of Multinational Network Restructuring in Times of Deglobalization: Evidence from European MNEs. NBB Working Paper, 465, National Bank of Belgium, Brussels. https://hdl.handle.net/10419/310347
• Mudambi R. & Zahra S.A. (2007). The Survival of International New Ventures. Journal of International Business Studies, 38, 333-352.
• Naradda Gamage S. K., Ekanayake E., Abeyrathne G., Prasanna R., Jayasundara J., & Rajapakshe P. (2020). A Review of Global Challenges and Survival Strategies of Small and Medium Enterprises (SMEs). Economies, 8(4), 79. https://doi.org/10.3390/economies8040079
• OECD (2009). Top Barriers and Drivers to SME Internationalisation, Report by the OECD Working Party on SMEs and Entrepreneurship.
• OECD (2018). Fostering Greater SME Participation in a Globally Integrated Economy, OECD 2018 Ministerial Conference on SMEs.
• Vesperi W., Gagnidze I., & Sobolieva T. (2024). Industrial Revolutions and Human Capital for the New Normal: a Cross-Country Analysis of the University System. International Journal of Organizational Analysis, 32(10), 2402-2417. https://doi.org/10.1108/IJOA-07-2023-3838
• Sevinç D., Polat A., Sevil T., & Sevil G. (2023). How Does Deglobalization Affect Economic Growth? Ekonomi Politika Ve Finans Araştırmaları Dergisi, 8(1), 1-19. https://doi.org/10.30784/epfad.1255549
• United Nations et al. (n.d.). Global Business Statement on the Need for a Strong, Inclusive, and Effective Multilateralism.
• Xie Y. H. & Suh T. (2014). Perceived Resource Deficiency and Internationalization of Small- and Medium-Sized Firms.
Journal of International Entrepreneurship, 12, 207–229. https://doi.org/10.1007/s10843-014-0121-9
References:
• Mekvabishvili E. (2018). „Globalizaciis epoqis finansuri krizisebi da saqartvelos ekonomika“. [The Financial Crisis of the Globalizationera and the Economy of Georgia ISBN: 9789941476297.] in Georgian
• Mekvabishvili E. (2023). globalizaciis metamorfozebi: politekonomiuri aspeqti. [Metamorphoses of Globalization: A Political Economic Aspect. Economics and Business, XV (3):9-24.] in Georgian
• Papava V. (2024). msoflio ekonomikuri wesrigis shesadzlo cvlilebebi globalizaciis transformaciis pirobebshi da „shua derefani“. [Possible Changes in the World Economic Order with the Transformation of Globalization and the “Middle Corridor”. 6th National Scientific Conference “Transformation of the World Order and Economic Security: Key Challenges and Opportunities for Georgia”.] in Georgian
• Papava V. (2023). saqartvelos ekonomikis dziritadi gamowvevebi konfrontaciuli globalizaciis pirobebshi. [The Main Challenges of the Georgian Economy Under Confrontational Globalization. 5th National Scientific Conference “Positioning the Georgian Economy in the Face of Confrontational Globalization”.] in Georgian
• Papava V. (2022). deglobalizaciis problema da ganaxlebuli globalizaciis pirobebshi erovnuli ekonomikuri usafrtxoebis dziritadi gamowvevebi. [The Problem of Deglobalization and the Main Challenges to National Economic Security in the Context of Renewed Globalization. Proceedings of Scientific Works of Paata Gugushvili Institute of Economics, 15, 28-55.] in Georgian
• Alvarez R. (2004). Sources of export success in small- and medium-sized enterprises: the impact of public programs. International Business Review, 13(3), 383-400. https://doi.org/10.1016/j.ibusrev.2004.01.002
• Baldwin R., Freeman R., & Theodorakopoulos A. (2024). Deconstructing deglobalization: The future of trade is in intermediate services. Asian Economic Policy Review, 19(1), 18-37. https://doi.org/10.1111/aepr.12440
• Balsa-Barreiro J., Vié A., Morales A. J. et al. (2020). Deglobalization in a hyper-connected world. Palgrave Commun, 6(28). https://doi.org/10.1057/s41599-020-0403-x
• Bergeijk P. A. V. G. (2024). Deglobalization and resilience: A historical perspective. Critical Sociology. https://doi.org/10.1177/08969205241246915
• Bratilo N., Ceccanti D., & Huynh-olesen D. (2021). Challenges and concerns for small and medium-sized enterprises (SMEs) doing business in third countries. DOI: 10.2861/19217.
• European Commission (2015). Internationalisation of European SMEs. file:///C:/Users/user/Downloads/internationalisation_of_european_smes_final_en.pdf
• Felbermayr G. (2023). Deglobalization: Reasons and Effects. The Economists’ Voice, 20(2), 249-253. https://doi.org/10.1515/ev-2023-0064
• Fonseca L., & Carvalho F. (2019). The Reporting of SDGs by Quality, Environmental, and Occupational Health and Safety-Certified Organizations. Sustainability, 11(20), 5797. https://doi.org/10.3390/su11205797
• Gagnidze I. (2024). Labor Market Challenges and the Role of the University in the Digital Era. A Systemic Approach. In: Vătămănescu, EM., Dominici, G. (eds) Great Reset—Opportunity or Threat? Springer Proceedings in Business and Economics, 171–185. https://doi.org/10.1007/978-3-031-76406-6_9
• Kharaishvili E., Koguashvili P., & Shengelia N. (2024). From Traditional to “Smart” Agriculture: Advantages, Challenges and Prospects of Digitalization. International Scientific Journal Innovative Economics and Management, 11(1), 6-16. https://doi.org/10.46361/2449-2604.11.1.2024.6-16
• Kharaishvili E., & Lobzhanidze N. (2023). Challenges and Opportunities for Promoting Sustainable Development in Small and Medium-Sized Enterprises (Case of Georgia). Medicon Agriculture & Environmental Sciences, 4(5). DOI: 10.55162/MCAES.04.110.
• Kharaishvili E., & Lobzhanidze N. (2024). Transformation of World Order and Evaluation of State Enterprise Reform in Georgia: A Pillar Analysis. International Scientific-Analytical Journal “ekonomisti”, 20(4).
• Lavalle K. C. (2020). The Challenges of Multilateralism. Yale University Press. https://doi.org/10.2307/j.ctvxkn79b
• Leonidou L. C. (2004). An Analysis of the Barriers Hindering Small Business Export Development. Small Business Management, 42(3), 279-302. https://doi.org/10.1111/j.1540-627X.2004.00112.x
• Linsi L., & Gristwood E. (2024). The myth of Deglobalization: Multinational Corporations in an Era of Growing Geopolitical Rivalries. Politics and Governance, 12. https://doi.org/10.17645/pag.8092
• Lu J. W., & Beamish P. W. (2001). The Internationalization and Performance of SMEs. Strategic Management Journal, 22(6-7), 565-586. https://doi.org/10.1002/smj.184
• Makhlouf G. (2023). Geoeconomic Fragmentation from a Small Open Economy Perspective. Makhlouf to the Global Interdependence Centre Conference.
• Mendy J., & Rahman M. (2019). Application of Human Resource Management’s Universal Model: An Examination of People Versus Institutions as Barriers of Internationalisation for SMEs in a Small Developing Country. Thunderbird International Business Review, 61(1), 363–374. https://doi.org/10.1002/tie.21985
• Merlevede B. & Bernhard M. (2024). Home Country Effects of Multinational Network Restructuring in Times of Deglobalization: Evidence from European MNEs. NBB Working Paper, 465, National Bank of Belgium, Brussels. https://hdl.handle.net/10419/310347
• Mudambi R. & Zahra S.A. (2007). The Survival of International New Ventures. Journal of International Business Studies, 38, 333-352.
• Naradda Gamage S. K., Ekanayake E., Abeyrathne G., Prasanna R., Jayasundara J., & Rajapakshe P. (2020). A Review of Global Challenges and Survival Strategies of Small and Medium Enterprises (SMEs). Economies, 8(4), 79. https://doi.org/10.3390/economies8040079
• OECD (2009). Top Barriers and Drivers to SME Internationalisation, Report by the OECD Working Party on SMEs and Entrepreneurship.
• OECD (2018). Fostering Greater SME Participation in a Globally Integrated Economy, OECD 2018 Ministerial Conference on SMEs.
• Vesperi W., Gagnidze I., & Sobolieva T. (2024). Industrial Revolutions and Human Capital for the New Normal: a Cross-Country Analysis of the University System. International Journal of Organizational Analysis, 32(10), 2402-2417. https://doi.org/10.1108/IJOA-07-2023-3838
• Sevinç D., Polat A., Sevil T., & Sevil G. (2023). How Does Deglobalization Affect Economic Growth? Ekonomi Politika Ve Finans Araştırmaları Dergisi, 8(1), 1-19. https://doi.org/10.30784/epfad.1255549
• United Nations et al. (n.d.). Global Business Statement on the Need for a Strong, Inclusive, and Effective Multilateralism.
• Xie Y. H. & Suh T. (2014). Perceived Resource Deficiency and Internationalization of Small- and Medium-Sized Firms. Journal of International Entrepreneurship, 12, 207–229. https://doi.org/10.1007/s10843-014-0121-9
Keywords: Deglobalization, geoeconomic fragmentation, global business, small and medium-sized businesses, multilateralism.
JEL Codes: F02, F13, L26, O19, R21, D22