ჟურნალი ნომერი 3 ∘ მარიამ ვარდიაშვილი ∘ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმოხილვა doi.org/10.52340/eab.2024.16.03.12
ნაშრომი მიზნად ისახავს ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებების მიმოხილვას საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში. საკითხის შესწავლის საფუძველია კონცეპტუალური საფუძვლები და სსბასს 46 - „შეფასება“.
სტატიაში განხილულია ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მნიშვნელობა და მოდელები, კონცეპტუალურ საფუძვლებში შეტანილი ცვლილებები, მიმდინარე საოპერაციო ღირებულების არსი და შეფასების მიდგომები.
საჯარო სექტორის ერთეულების აქტივების უმეტესობა ძირითადად, მომსახურების პოტენციალის მატარებელია. ისინი სპეციალიზებულია და შესაბამისად მათთვის თავისუფალ ბაზარი არ არსებობს. ცვლილებამდე, კონცეპტუალური საფუძვლებით განსაზღვრული შეფასების მოდელები ვერ უზრუნველყოფდა მომსახურების პოტენციალის მქონე აქტივების მიმდინარე ღირებულების შეფასებას, რაც გამოწვევა იყო საჯარო სექტორში.
ამ პრობლემის საპასუხოდ, საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ 2023 წლის მაისში გამოსცა განახლებული კონცეპტუალური საფუძვლები და ახალი სტანდარტი სსბასს 46 - „შეფასება“, რომლითაც შეფასების გამოუყენებელი მეთოდები ჩანაცვლებულია ტრადიციულით, და შემოტანილია შეფასების ახალი მეთოდი - მიმდინარე საოპერაციო ღირებულება.
ამით, ერთგვარად აღმოიფხვრა ის ხარვეზი, რაც არსებობდა სსბასს-ში ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასებასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას, რადგან უფრო ზუსტად ასახავს ერთეულის ფინანსური მდგომარეობის ეკონომიკურ რეალობას.
საკვანძო სიტყვები: შეფასება, მომსახურების პოტენციალი, სამართლიანი ღირებულება, საოპერაციო აქტივები, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება.
შესავალი
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭომ 2021 წელს გამოსცა და განსახილველად გამოიტანა პროექტები ED 76 კონცეპტუალური ჩარჩოს განახლება: თავი 7, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ფინანსურ ანგარიშგებებში და ED 77 – შეფასება. პროექტების მიზანი იყო საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (სსბასს) საყოველთაოდ გამოყენებული შეფასების მეთოდების განხორციელებისა და გარემოებების შესახებ სახელმძღვანელო მითითებების გაუმჯობესება. ამ დოკუმენტების საფუძველზე ცვლილებები შევიდა კონცეპტუალურ საფუძვლებში და გამოცემული იქნა ახალი სტანდარტი სსბასს 46 – „შეფასება“, სადაც ფართოდ გამოყენებულ მეთოდებთან ერთად განხილულია შეფასების ახალი მეთოდი - მიმდინარე საოპერაციო ღირებულება, რომელიც განკუთვნილია მომსახურების პოტენციალის მქონე აქტივების შეფასებისთვის. საკითხი ასახულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მასალებში და დიდი ოთხეულის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებში.
კვლევის მიზანია გაუმჯობესებული კონცეპტუალური საფუძვლებით და სსბასს 46-ით განსაზღვრული შეფასების მეთოდების მიმოხილვა და მათი მნიშვნელობის გაანილიზება, ფინანსურ ანგარიშგებაში, აქტივებისა და ვალდებულებების ასახვისთვის.
კვლევის ამოცანებია შეფასების მეთოდების, მათ შორის მიმდინარე საოპერაციო ღირებულების არსის შესწავლა და იმ გარემოებების გაანალიზება, რაც განაპირობებს აქტივების ამ მეთოდით შეფასებას.
სტატიაში სისტემური სახითაა გამოვლენილი სახელმწიფო სექტორში აქტივების შეფასებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. წარმოდგენილი მასალები, შეფასების ახალი ტენდენციების ხაზგასმით, ხელს შეუწყობს საჯარო სექტორში აქტივების შეფასების სხვადასხვა პრობლემის განვითარების ხარისხის შესწავლას და მათ პრაქტიკულად გამოყენებას.
ნაშრომში, შესაბამისი სტანდარტების, სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო მასალების ანალიზის, სინთეზის და შედარების მეთოდებზე დაყრდნობით გამოკვეთილია საჯარო სექტორში აქტივების შეფასების ძირითადი მიმართულებები.
ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასების მნიშვნელობა
ფინანსური ანგარიშგება საანგარიშგებო თარიღით აღიარებული რესურსებისა და ვალდებულებების ერთობლიობაა, რომელიც მომხმარებლებს უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციით ერთეულის საქმიანობის ეფექტიანობისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ეს მიიღწევა მაშინ, როდესაც ინფორმაცია აკმაყოფილებს ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების კონცეპტუალური საფუძვლებით დადგენილ ხარისხობრივ მახასიათებლებს.
„სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშები დროულად და ზუსტად უნდა ასახავდეს კონკრეტულ პერიოდში მომხდარ მოვლენებს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეულ ადამიანსა თუ ორგანიზაციას აინტერესებს, თუ რა ელის მის ინვესტიციებს და იმ ორგანიზაციებს, რომლებში დაბანდების გადაწყვეტილებაც მიღებულია“(Sabauri, 2018)1.
ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა მოთხოვნები განსხვავებულია. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შედგენისას ძირითადად გათვალისწინებულია არსებული და პოტენციური ინვესტორების, გამსესხებლებისა და სხვა კრედიტორების მოთხოვნები, რაც ნათელს ხდის სტანდარტების მიზანს და მომხმარებებლებს აძლევს დასაბუთებული ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
ფასს-ისგან განსხვავებით, საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგების დაინტერესებული მხარეები უფრო ფართოა. მისი მომხმარებელია ყველა ის, ვინც საჯარო სექტორის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს რესურსებით, აგრეთვე ისინი, ვინც დამოკიდებულია მათ მიერ ამ რესურსების გამოყენებასა და საჭირო მომსახურების გაწევაზე.
ზოგადი დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების ძირითადი მომხმარებლები ასევე არიან საკანონმდებლო ორგანო, პარლამენტის ან მსგავსი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, რომლებიც ინტენსიურად და მუდმივად იყენებენ ფინანსურ ანგარიშგებას, როდესაც ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, როგორც მომსახურების მიმღებთა და რესურსების მომწოდებელთა ინტერესის წარმომადგენლები (Conceptual Framework, 2023).
შეფასება ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან უზრუნველყოფს ზუსტ და სანდო ინფორმაციას ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს ინფორმაცია აკმაყოფილებს მომსხურების მიმღებთა და რესურსების მიმწოდებელთა ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილებების მიღების მიზნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო მოთხოვნებს, ის ასევე სასარგებლოა სხვა მხარეებისთვის და სხვა მიზნებისთვის. მაგალითად, სტატისტიკოსებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, მედიისთვის, ფინანსური მრჩევლებისთვის და სხვა.
გარდა ფინანსური ანგარიშგების მომხმარებელთა ინტერესებისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ხდება ფინანსური ანგარიშგების ელემენტების შეფასება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის აღრიცხვის სტანდარტებისა და რეგულაციების დაცვა. მაგალითად, ფასს-ი და საბუღალტრო აღრიცხვის ზოგადად აღიარებული პრინციპები (GAAP) მოითხოვს, რომ ქონება და ვალდებულებები აღირიცხოს სამართლიანი ღირებულებით, „რაც არის ფასი, რომელიც მიღებული ან გადახდილი იქნებოდა აქტივის გაყიდვიდან ან ვალდებულების გადაცემისას, შეფასების თარიღისთვის ბაზრის მონაწილეებს შორის ნებაყოფლობით” (Maisuradze &Vardiashvili, 2016).
არაფინანსური აქტივის სამართლიანი ღირებულების შეფასებისას გაითვალისწინება ბაზრის მონაწილის უნარი, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი აქტივის მაქსიმალური და ყველაზე ეფექტიანი გამოყენებით ( Vardiashvili, 2018).
ერთეულებმა უნდა მოახდინონ მათი ქონებისა და ვალდებულებების რეგულარული შეფასება, რათა უზრუნველყონ სტანდარტების მოთხოვნების დაცვა (Maisuradze, 2017). აქტივებისა და ვალდებულებების გადაფასების სიხშირე დამოკიდებულია სამართლიანი ღირებულების ცვლილებებზე. აქტივი გადაფასებას ექვემდებარება მაშინ, როდესაც სამართლიანი ღირებულება არსებითად განსხვავდება საბალანსო ღირებულებისაგან. თუ აქტივის სამართლიანი ღირებულება სწრაფ და მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის, გადაფასება რეგულარულად უნდა ტარდებოდეს იმისათვის, რომ საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს, აქტივის საბალანსო ღირებულება არსებითად არ განსხვავდებოდეს სამართლიანი ღირებულებისაგან. შედარებით სტაბილური საბაზრო ფასების მქონე აქტივებისათვის, საკმარისია გადაფასების ჩატარება სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ (IAS 16 & IPSAS 17, 2024). სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი აქტივებისა და ვალდებულებების შეფასებისათვის არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა. „ფინანსურ ანგარიშგებას დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სათანადო საბუღალტრო ინფორმაცია ინვესტიციების დაბანდებისა და სხვა გადაწყვეტილებების მისაღებად“(Sabauri, 2018ა). გარდა ამისა, ქონების შეფასება მნიშვნელოვანია საგადასახადო, სადაზღვევო და სამართლებრივი დავებისთვის. მაგალითად, საგადასახადო ვალდებულების გამოსათვლელად, ასევე სადაზღვევო მიზნით ერთეულებმა უნდა განსაზღვრონ მათი ქონების ღირებულება. სამართლებრივ დავებში, შეფასება ხშირად საჭიროა სასამართლოში მტკიცებულების სახით.
შეფასება, რომელიც ფინანსურ ანგარიშგების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ხშირ შემთხვევაში, ეყრდნობა კომპლექსური მოდელების გამოყენებას და განსჯას, შესაბამისად, ხშირად, სუბიექტურია.
აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების საფუძვლის შერჩევა ხელს უწყობს საჯარო სექტორში ფინანსური ანგარიშგების მიზნების მიღწევას ისეთი ინფორმაციის უზრუნველყოფით, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეაფასოს:
პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება ისტორიული ან მიმდინარე პირობებით;
ერთეულის საოპერაციო შესაძლებლობა, ფიზიკური და სხვა რესურსებით ხელი შეუწყოს მომავალ პერიოდებში მომსახურების უზრუნველყოფას;
ერთეულის ფინანსური შესაძლებლობა, დააფინანსოს თავისი საქმიანობა (Conceptual Framework, 2023).
ამრიგად, შეფასება გადამწყვეტ როლს თამაშობს მაღალი ხარისხის ფინანსური ინფორმაციის წარდგენაში. ფინანსურ ანგარიშგებაში ელემენტების აღიარებისთვის აუცილებელია მათი ფულადი ღირებულების დადგენა. ეს მიიღწევა მხოლოდ შეფასების პროცესით, რომელიც მოითხოვს შეფასების შესაბამისი საფუძვლისა და მეთოდის შერჩევას.
აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების მოდელები
აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების მოდელები, რომელიც ერთეულმა უნდა გამოიყენოს სსბასს-სა და ფასს-ის მიხედვით, იყოფა ისტორიულ და მიმდინარე ღირებულებად.
მოდელის არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მოდელიდან მიღებულ ინფორმაციას თვლიან მომხმარებლები ყველაზე სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, მონაცემებზე ნებისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით.
სსბასს-სა და ფასს-ის მიხედვით გამოყენებულ შფასების საფუძვლებსა და მეთოდებს შორის ბევრი განსხვავება არ არის. მთავარი განსხვავება საჯარო სექტორში სამართლიანი ღირებულების გამოყენებადობაა.
მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი ღირებულება, ძირითადი ბაზრის არ არსებობის შემთხვევაში, იძლევა დანახარჯების მიდგომით შეფასების მეთოდს, ის მაინც მოცემული აქტივის ან ვალდებულების ყველაზე ხელსაყრელ საბაზრო მონაცემებზე დაფუძნებული შეფასებაა ( ფასს 13, 2024).
სამართლიანი ღირებულება შეიძლება რთული გამოსაყენებელი იყოს საჯარო სექტორში შემდეგი მიზეზების გამო:
• ბევრი აქტივი ინახება მიმდინარე საოპერაციო გამოყენებისთვის და გასაყიდი ფასის მიღება პრაქტიკული არ არის;
• თუ აქტივის გაყიდვა შეუძლებელია, აქტივის გადაფასების ხარჯებმა შეიძლება გადაწონოს განახლებული შეფასების სარგებელი;
• ბევრი აქტივი ან სპეციალიზებულია ან შეზღუდული, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ბაზარი, საიდანაც შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება, რაც ართულებს სამართლიანი ღირებულების დადგენას.
მოქმედი კონცეპტუალური საფუძვლებით აქტივების შეფასების მეთოდებად აღიარებულია:
პირვანდელი ღირებულება;
საბაზრო ღირებულება;
ჩანაცვლების ღირებულება;
ნეტო სარეალიზაციო ფასი;
გამოყენების ღირებულება.
ხოლო ვალდებულებების :
პირვანდელი ღირებულება;
შესრულების ღირებულება;
საბაზრო ღირებულება;
გათავისუფლების ღირებულება;
ვალდებულების აღების ფასი (Conceptual Framework, 2023).
პირვანდელი ღირებულების მოდელის მიხედვით, აქტივები თავდაპირველად ფასდება მათ შეძენაზე გაწეული დანახარჯებით, ხოლო ვალდებულებები - აღების ფასით. ღირებულების აღნიშნული მოდელი ფართოდ გამოყენება, როგორც ფასს-ში, ასევე სსბასს-ში. პირვანდელი ღირებულება უზრუნველყოფს ინფორმაციას ერთეულის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების შესაფასებლად.
შეფასების დანარჩენი მოდელები, პირვანდელი ღირებულების გარდა, როგორც აქტივებისათვის, ასევე ვალდებულებებისთვის, ასახავს მათ მიმდინარე ღირებულებას, რაზეც გავლენას ახდენს საანგარიშგებო თარიღით არსებული ეკონომიკური გარემო. შეფასების აღნიშნული მოდელისთვის კონცეპტუალური საფუძვლებით სხვადასხვა მეთოდი განიხილება. შეფასებისას ისეთი მოდელი უნდა იქნეს შერჩეული, „რომელიც ყველაზე სამართლიანად ასახავს მომსახურების ღირებულებასა და ერთეულის საოპერაციო და ფინანსურ შესაძლებლობას, საანგარიშგებო თარიღისათვის არსებული ყველა ხელმისაწვდომი ფაქტისა და ეკონომიკური გარემოების გათვალისწინებით“ (Conceptual Framework 2023).
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი სსბასს-ი მოიცავდა სამართლიან ღირებულებას შეფასების მოთხოვნებში ან ალტერნატივებში, ცვლილებამდე, კონცეპტუალური საფუძვლებით „სამართლიანი ღირებულება არ იყო შეთავაზებული, როგორც შეფასების საფუძველი. სანაცვლოდ, შეთავაზებული იყო საბაზრო ღირებულება, რომელიც ისევე იყო განმარტებული საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (სსბასსს) ლიტერატურაში, როგორც სამართლიანი ღირებულება“ (Conceptual Framework 2023).
სამართლიანი ღირებულება უზრუნველყოფს ფინანსური უკუგების შეფასებას. სსბასსს-მა მსგავსი შეფასება შეუსაბამოდ მიიჩნია, ვინაიდან, საჯარო სექტორის ძირითადი საქმიანობის მიზანი საზოგადოებისათვის მომსახურების გაწევაა და არა ფინანსური უკუგების მიღება. სანაცვლოდ, კონცეპტუალური საფუძვლებით ცვლილებამდე, შემოთავაზებულია საბაზრო ღირებულება, რომელიც სსბასსს-ის ლიტერატურაში განმარტებულია, როგორც ფასი, რომლითაც აქტივი შეიძლება გაიცვალოს საქმის მცოდნე, დაინტერესებულ მხარეებს შორის ნებაყოფილობით განხორციელებული ოპერაციით.
კონცეპტუალური საფუძვლების დასკვნის საფუძვლებში აღნიშნულია, რომ სამართლიანი ღირებულება ფასს-ში ცალსახად საბოლოო ღირებულებაა, სსბასსს-ის ლიტერატურაში მოცემული სამართლიანი ღირებულების განმარტებისგან განსხვავებით. საჯარო სექტორში სამართლიანი ღირებულების შესაბამისობა ძირითადად შემოიფარგლება ინფორმაციის მიწოდებით ფინანსური შესაძლებლობის შესახებ, და არა ინფორმაციით საოპერაციო შესაძლებლობისა და მომსახურების ღირებულების შესახებ. ამასთან, ამ თავში ჩანაცვლების ღირებულება თავად არის შეფასების საფუძველი, და არა სამართლიანი ღირებულების განსაზღვრისთვის საჭირო შეფასების მეთოდი.
სსბასს-ში განხორციელებული ცვლილებები
საჯარო სექტორში აქტივების ფლობის უმთავრესი მიზანი საზოგადოებისათვის მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს სხვადასხვა გარემოება, როდესაც საჯარო სექტორის ერთეულები აქტივების ნაწილს კომერციული საქმიანობიდან შემოსავლის მიღების მიზნით გამოიყენებენ (Vardiashvili,2019ა). შესაბამისად, აქტივთა ნაწილი ფულადი სახსრების წარმომქმნელია, ხოლო ნაწილი - ფულად სახსრებს არ წარმოქმნის. ამიტომ, ძირითადი აქტივების აღიარების კრიტერიუმები მოიცავს ორივე ტერმინს - „ეკონომიკურ სარგებელს“ და „მომსახურების პოტენციალს.“ „აქტივებში განივთებული მომავალი ეკონომიკური სარგებელი არის აქტივების უნარი (შესაძლებლობების პოტენციალი), ხელი შეუწყოს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულადი სახსრებისა და მათი ეკვივალენტების შემოსვლას საწარმოში“ (კვატაშიძე ნ., ხორავა ა., გოგრიჭიანი ზ. 2018).
აქტივები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ერთეულების ძირითადი ფუნქციის შესრულებას, უმეტესად „არ წარმოქმნიან ფულად ნაკადებს, მაგრამ ქმნიან მატერიალურ ბაზას სახელმწიფო ორგანიზაციების ძირითადი ფუნქციების განსახორციელებლად“ (Vardiashvili, 2018).
ასეთ სიტუაციაში აუცილებელია შეფასდეს, რამდენად არსებითია ამ აქტივის მიერ წარმოქმნილი ფულადი ნაკადები. ამის დასადგენად, საჯარო სექტორის ერთეულს შეუძლია დამოუკიდებლად, სტანდარტის მოთხოვნის გათვლისწინებით, შეიმუშავოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდება ფულადი სახსრების წარმომქმნელი და ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გამიჯვნა (Vardiashvili, 2019 ბ), რადგან ეს ფაქტი გავლენას ახდენს ერთეულის საკუთრებაში არსებული აქტივების ტიპებზე.
საჯარო სექტორში ერთეულები, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტულ საოპერაციო მოთხოვნებზე მორგებულ აქტივებს იძენენ, რომლისთვისაც ბაზრის სხვა მონაწილეებს მსგავსი ფასის გადახდის სურვილი არ ექნებათ. ამ აქტივების უმეტესობას აქვს სპეციფიკური მახასიათებლები და მათი შეძენა ან გაყიდვა ღია, აქტიურ და ორგანიზებულ ბაზრებზე თითქმის შეუძლებელია. ამის მაგალითებია, ატომური ელექტროსადგურები, რკინიგზა, სახელმწიფო სავადმყოფოები და სხვა.
ამ სპეციფიკიდან და იქედან გამომდინარე, რომ სხვა ოპერატორების მიერ მათი გამოყენების შესაძლებლობები შეზღუდულია, ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ აქტივებისთვის მოიძებნოს რაიმე სახის აქტიური ბაზარი. ეს განაპირობებს გარკვეულ შეზღუდვებს შეფასების მეთოდის არჩევისას. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, არაფინანსური აქტივების თავდაპირველი, ანუ ისტორიული ღირებულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და არც აქტიური ბაზარი არსებობს, რომლის საშუალებითაც ხდება მათი ღირებულების დადგენა. იმ არაფინანსური აქტივების შეფასებას, რომლებსაც ერთეულები ფლობენ მათი მომსახურების პოტენციალისთვის და არა ფინანსური შემოსავლების მიღების მიზნით, საჯარო სექტორისთვის განსაზღვრული შეფასების მოდელები, კონცეპტუალური საფუძვლების ცვლილებებამდე ვერ უზრუნველყოფდა, რაც გამოწვევა იყო საჯარო სექტორისთვის.
ამ პრობლემის საპასუხოდ, სტანდარტებში შეიტანეს სამართლიანი ღირებულებისა და მიმდინარე საოპერაციო ღირებულების (COV) შეფასების მეთოდები. ეს მეთოდები შემადგენელი ნაწილია სსბასსს-ის მიერ 2021 წელს შემუშავებული საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის პროექტისა, რომლის სახელწოდებაა ED 76 – კონცეპტუალური ჩარჩოს განახლება: თავი 7, აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება ფინანსურ ანგარიშგებებში და პროექტი ED 77 – შეფასება. ეს პროექტები ითვალისწინებდა კონცეპტუალური ჩარჩოს განახლებას, რომლის მიზანი იყო სსბასს-ის ფარგლებში შეფასების სახელმძღვანელო მითითებების გაუმჯობესება და კონცეპტუალურ საფუძვლებსა და სტანდარტებს შორის შეფასების კონცეფციის მაქსიმალური თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა.
ED 76 აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების საფუძვლად განიხილავს შეფასების სამსაფეხურიან იერარქიას, დასახული მიზნის მიღწევისთვის იძლევა მითითებებს აქტივებისა და ვალდებულებების შეფასების საფუძვლის არჩევის შესახებ.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია შეფასების განახლებული ჩარჩო კონცეპტუალურ საფუძვლებზე დაყრდნობით, რომელიც ასახვს შეფასების სამ დონეს და მათ შორის ურთიერთკავშირს (IPSAS 46, 2023):
პროექტით, ძირითადი ცვლილებები შეეხო მიმდინარე ღირებულების განსაზღვრის მეთოდებს. არსებულის ნაცვლად შემოტანილი იქნა: მიმდინარე საოპერაციო ღირებულება - აქტივებისთვის (Current operational Value – Assets); შესრულების ღირებულება - ვალდებულებებისთვის(Cost of Fulfillment-Liabilities ) და სამართლიანი ღირებულება, საბაზრო ღირებულების ნაცვლად - აქტივებისა და ვალდებულებებისთვის ( Fair Value - Assets and liabilities).
აღნიშნული პროექტი აისახა კონცეპტუალურ საფუძვლებში, რომელიც დამტკიცდა 2022 წლის დეკემბერში (გამოქვეყნებულია 2023 წლის მაისში). განახლებული კონცეპტუალური საფუძვლები, შეფასების გამოუყენებელი მეთოდების აღმოფხვრით და ფოკუსირების გაზრდით იმ მეთოდებზე, რომლებიც ფართოდ გამოიყენება საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაში, ამარტივებს შეფასების პრინციპებს.
კონცეპტუალურ საფუძვლებში შეტანილი შეფასებასთან დაკავშირებული ცვლილებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საბჭომ 2023 წლის მაისში გამოსცა სსბასს 46 - „შეფასება“, რომელიც ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი სტანდარტი არის საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგების შეფასების ძირითადი საფუძველი. სსბასს 46 დაიკავებს შუალედურ დონეს „კონცეპტუალურ საფუძვლებსა“ და იმ ინდივიდუალურ სტანდარტებს შორის, რომლებსაც ასევე შეეხო განახლებები. ახალი სსბასს 45 - „ძირითადი აქტივები“, სსბასს 47 - „შემოსავლები“ და სსბასს 48 - „ხარჯები“ არის საჯარო სექტორის ფინანსური ანგარიშგების გასაუმჯობესებლად განხორციელებული ცვლილებების ნაწილი, რომლის მიზანია მკაფიო, თანმიმდევრული და ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის შეფასებისა და აღიარებისთვის. ამით ფაქტობრივად დაიხურა ის ხარვეზი, რომელიც არსებობდა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში მიმდინარე ღირებულებასთან მიმართებით.
საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 46 - „შეფასება“, ახალი სახელმძღვანელოა, რომელიც ერთ სტანდარტში აერთიანებს შეფასების კონცეფციებსა და რეკომენდაციებს, განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული შეფასების მეთოდები პრაქტიკაში.
აქ პირველად აისახა სამართლიანი ღირებულების და მისი ალტერნატივის- მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შეფასების მეთოდების ზოგადი წესები და რეკომენდაციები.
ამ ცვლილებამდე სსბასს-ს ცალკე, ზოგადი სტანდარტი შეფასებისთვის არ ჰქონდა და არც ფასს-ს არ გააჩნია. თუმცა, არსებობს ფასს 13 - „სამართლიანი ღირებულების შეფასება“, რომელიც ერთ სტანდარტში აყალიბებს მხოლოდ სამართლიანი ღირებულების შეფასების საფუძვლებს. სსბასს 46-ით განხორციელდა საჯარო და კომერციული სექტორის აქტივების შეფასების მეთოდოლოგიური მიდგომების რეალური დაახლოება.
სსბასს-დან შემოთავაზებული ყველა განმარტება შეესაბამება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. უფრო მეტიც, თავად ტერმინების სია უმეტესწილად იდენტურია ფასს 13-ის „სამართლიანი ღირებულების შეფასების“ დანართ A-ში ჩამოთვლილი სიისა, თუმცა, არსებობს სსბასს სისტემისთვის უნიკალური ტერმინები, რომლებიც არ შედის ფასს 13-ში (GAAP.RU. 2021).
ფასს 13-ისგან განსხვავებით, სსბასს 46 განიხილავს პირვანდელი ღირებულების და მიმდინარე ღირებულების მოდელებს და მათი განსაზღვრისთვის საჭირო შეფასების მეთოდებს.
პირვანდელი ღირებულება არის საწყისი ღირებულება, რომელიც განისაზღვრება აქტივის შეძენის ან შექმნის ფაქტობრივი ოპერაციების საფუძველზე. პირვანდელი ღირებულების გამოყენება, ხშირ შემთხვევაში მარტივია, რადგან ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია.
მიმდინარე ღირებულების შეფასების მოდელებად სტანდარტი განიხილავს მიმდინარე საოპერაციო ღირებულებას; შესრულების ღირებულებას და სამართლიან ღირებულებას. აღნიშნული მეთოდები, მიმდინარე საოპერაციო ღირებულების გარდა ფართოდაა გამოყენებული სტანდარტებში.
სსბასს 46-ი საჯარო სექტორის ერთეულებში უზრუნველყოფს შეფასების თანმიმდევრულ პრინციპებს, რაც გადამწყვეტია ფინანსური ანგარიშგების შედარებისა და სანდოობისთვის. აყალიბებს ერთიან ჩარჩოს აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების შესაფასებლად, რითაც ამცირებს შეუსაბამობებს და ქმნის პირობებს ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თუმცა, სხვა სსბასს-მა უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი შეფასების საფუძველი და ნებისმიერი კონკრეტული მოთხოვნა უნდა იყოს გამოყენებული, მათ მიერ დაფარული აქტივებისა და ვალდებულებების, შეფასების, გაუფასურების, ასევე ცვეთისა და ამორტიზაციის განსაზღვრისას.
სსბასს 46-მა უნდა უზრუნველყოს კონცეპტუალური საფუძვლებით დადგენილი შეფასების მეთოდების განმარტებები და ზოგადი გამოყენების წესები. მაგალითად, სსბასს 45-ით - „ძირითადი აქტივები“ ნებადართულია ძირითადი საშუალებები, შეფასდეს ისტორიული ღირებულებით, მიმდინარე საოპერაციო ღირებულებით ან სამართლიანი ღირებულებით. შეფასების ამ მეთოდების გამოყენების წესები მოცემულია სსბასს 46-ში, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს მითითებული საზომი ბაზების თანმიმდევრულ გამოყენებას სხვა სსბასს-ში.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება
საჯარო სექტორში აქტივები შეიძლება ინახებოდეს:
• საოპერაციო მიზნებისათვის, მათი მომსახურების პოტენციალის გამო. ისინი წარმოადგენს საოპერაციო აქტივებს, რომლებიც ორგანიზაციის მიერ გამოიყენება პირველი რიგის სერვისების უზრუნველსაყოფად;
• მათი ფინანსური პოტენციალის გამო, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის უნარს დააფინანსოს თავისი საქმიანობა და გააჩნდეს რესურსები სამომავლო ოპერაციებისათვის.
შეფასების საბაზრო მიდგომა ხელს უწყობს ფინანსური და საოპერაციო შესაძლებლობის განსაზღვრას, მაშინ როდესაც საოპერაციო აქტივები სპეციალიზებული არ არის და იყიდება ღია, აქტიურ და ორგანიზებულ ბაზრებზე. თუმცა, გარდა საბაზრო ღირებულებისა, საჭიროა შეფასების ისეთი მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციას იმ აქტივების მომსახურების ღირებულებისა და საოპერაციო შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც სპეციალიზებულია და ბაზარზე დაფუძნებული ინფორმაცია შეზღუდულია.
აქტივების გამოყენების მიზანი განსაზღვრავს მიმდინარე ღირებულების შეფასების საფუძველს. ძირითადი აქტივები, რომლებიც ინახება საოპერაციო მიზნებისათვის, არ აქვთ მოწესრიგებული ბაზარი და მათი გაყიდვა შეუძლებელია, ფასდება მიმდინარე საოპერაციო ღირებულებით. ძირითადი საშუალებები, რაც ინახება ფინანსური რესურსების მობილიზებისႰშესაძლებლობებისთვის, ფასდება სამართლიანი ღირებულებით ( IPSAS 45, 2023).
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება განისაზღვრება თანხით, რომელსაც ერთეული გადაიხდის აქტივის დარჩენილი პოტენციალისთვის, შეფასების თარიღის შემდგომ მოსალოდნელი გამოყენების პერიოდში. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს არაფინანსური აქტივის, როგორც საჯარო ერთეულის ფუნქციონირების განხორციელების საშუალების ღირებულება.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება გვაწვდის ფინანსურ ინფორმაციას აქტივების და მასთან დაკავშირებული ცვეთისა და ამორტიზაციის შესახებ შეფასების თარიღისთვის, განახლებული მონაცემების გამოყენებით. შესაბამისად, ასახავს აქტივების ღირებულების ცვლილებებს წინა შეფასების თარიღიდან. სამართლიანი ღირებულებისა და შესრულების ღირებულების მსგავსად, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება არ არის დამოკიდებული, თუნდაც ნაწილობრივ, იმ ტრანზაქციაზე ან მოვლენაზე, რომელსაც უკავშირდება აქტივის შექმნა.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება ასახავს აქტივის საოპერაციო შესაძლებლობებს, რაც გულისხმობს მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას მიმდინარე დონეზე და არა მის პოტენციურ საბაზრო ღირებულებას. ესაა ფართოდ აღიარებული, პრინციპებზე დაფუძნებული შეფასების მეთოდი, რომელიც სამართლიანი ღირებულებისგან განსხვავებით ასახავს აქტივის ღირებულებას მის მიმდინარე გამოყენებაში და არა მის მაქსიმალურ და ყველაზე ეფექტიან გამოყენებაში.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულებით შეიცვალა აქტივების ჩანაცვლების ღირებულება. ჩანაცვლების ღირებულება ყველაზე ეკონომიური ღირებულებაა, რომელიც განისაზღვრება, როგორც მინიმალური დანახარჯები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ანალოგიური აქტივის შექნა ან არსებული აქტივის რეპროდუქცია (Vardiashvili, 2019 გ).
შეფასების აღნიშნული მეთოდი იძლევა დამატებით ზოგად მითითებებს მიმდინარე ღირებულების შესახებ, რომელიც ადრე სრულყოფილად არ იყო შეტანილი საჯარო სექტორის აღრიცხვის სტანდარტებში. ეს მიდგომა პასუხობს საჯარო სექტორის ერთეულების უნიკალურ საჭიროებებს და მიზნად ისახავს უფრო მეტი თანმიმდევრულობა და სიცხადე შეიტანოს საჯარო სექტორის აქტივების შეფასებაში.
რეალური ღირებულებისგან განსხვავებით, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება:
• არის საწყისი ღირებულება და მოიცავს ყველა ხარჯს, რომელსაც ერთეული გადაიხდიდა აქტივის დარჩენილი მომსახურების პოტენციალისათვის;
• ასახავს აქტივის ღირებულებას მის ოპერირების პერიოდში, და არა აქტივის ყველაზე ეფექტიან გამოყენებაში (მაგალითად, საავადმყოფოდ გამოყენებული შენობა ფასდება როგორც საავადმყოფო);
• ეს არის „სპეციფიკური ერთეულის“ ფასი, და, შესაბამისად, ასახავს ერთეულის ეკონომიკურ მდგომარეობას, ჰიპოთეტიკურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის ნაცვლად (IPSAS 46).
მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შეფასება არ ითვალისწინებს აქტივის ალტერნატიულ გამოყენებას, რამაც შეიძლება გაზარდოს მისი საბაზრო ღირებულება. მაგალითად, თუ შენობა სკოლისაა, ის ფასდება როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა, თეორიულად, მისი ღირებულება შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს საოფისე ფართისთვის გაქირავების შემთხვევაში.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შეფასება
აქტივის ფინანსური შესაძლებლობების შეფასება ხდება თანხით, რომლის მიღება შესაძლებელია მისი მაქსიმალური და ყველაზე ეფექტიანი გამოყენებიდან ან გაყიდვიდან. საოპერაციო შესაძლებლობის შეფასება იძლევა ინფორმაციას იმ ეკონომიკურ სარგებელზე, რაც მიიღება აქტივების გამოყენებიდან საოპერაციო მიზნებისათვის. ის არ შეესაბამება აქტივის ფინანსური შესაძლებლობის შეფასებას, რადგან მსგავსი შეფასება შესაბამისი არ არის აქტივებისათვის, რომელთაც ყველაზე უფრო ღირებული პოტენციალი ექნებათ მომსახურების გაწევაში მათი გამოყენების გაგრძელებით.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შესაფასებლად გამოიყენება საბაზრო და დანახარჯებიითი მიდგომა. მაგალითად, შეიძლება გარკვეული ტიპის აქტივებისთვის არსებობდეს იდენტური აქტივის აქტიური ბაზარი. ამ პირობებში საბაზრო მიდგომის გამოყენება, სავარაუდოდ, პირდაპირი შეფასებაა.
როდესაც იდენტური ან მსგავსი აქტივისთვის არსებობს აქტიური ბაზარი, მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შეფასება ხდება იმ თანხით, რომელსაც ერთეული გადაიხდის:
• აქტიურ ბაზარზე იდენტური ან მსგავსი აქტივის შეძენისას;
• ხარჯებით, რაც გაწეული იქნება იდენტური ან მსგავსი აქტივის წარმოებისთვის (IPSAS 46, 2023).
როდესაც აქტივი უფრო სპეციალიზებული ხდება, აქტიური ბაზრის არსებობა, სავარაუდოდ, მცირდება. ამ პირობებში დანახარჯების მიდგომა უფრო აქტუალურია. მაგალითად, თუ ფასები დაფიქსირდა მხოლოდ ახალ აქტივებზე და დღეს შეფასებული აქტივი უკვე გამოყენებულია, იგივე ან მსგავსი აქტივის მიმდინარე ფასი უნდა დარეგულირდეს მისი სასარგებლო მომსახურების ვადის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით. თუმცა, ორივე შემთხვევაში, მთავარი მიზანი ყოველთვის ერთია: მოცემული აქტივის ღირებულების ასახვა მის გამოყენებაში მომსახურების მიწოდებისას მიმდინარე საბაზრო პირობებში.
თუ აქტიური ბაზარი არ არსებობს და იდენტურ ან მსგავს აქტივებზე ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვების საშუალება არ არის, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება უნდა შეფასდეს აქტივის გაუმჯობესების ან წარმოებისათვის საჭირო დანახარჯების საფუძველზე, ხელმისაწვდომი ფასების ინფორმაციის გამოყენებით. ბევრ სამხედრო აქტივს, მაგალითად, როგორიცაა თვითმფრინავი, ზოგადად, არ აქვს აქტიური ბაზარი. შესაფასებელი თვითმფრინავის იდენტური ან მსგავსი აქტივების შეძენა ხშირად შეუძლებელია, ამ შემთხვევაში თვითმფრინავის მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შესაფასებლად საჭირო იქნება აქტივის თითოეული ნაწილის, როგორიცაა ფიუზელაჟის, ძრავის და ა.შ. ღირებულების შეფასება (IPSAS 46, 2023).
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება შეიცავს შემდეგ მახასიათებლებს:
• ეფუძნება ქონების მიმდინარე გამოყენებას;
• ითვალისწინებს, რომ ქონება გამიზნულია სერვისების მიწოდებისათვის და არა გასაყიდად;
• ორგანიზაციისთვის სპეციფიკურია და ამიტომ ასახავს მის ეკონომიკურ მდგომარეობას და არა ბაზრის მონაწილეების პოზიციას.
რაც შეეხება შემოსავლების საფუძველზე მიდგომას, მისი შეფასების ტექნიკა არ შეესაბამება მიმდინარე საოპერაციო ღირებულებას, რადგან საჯარო სექტორის აქტივები ხშირად წარმოქმნიან მცირე ფულად ნაკადებს ან საერთოდ არ წარმოქმნიან ფულადი სახსრების ნაკადებს და მომავალი შემოსავლების ნაკადების დისკონტირება შეუძლებელი იქნება (Conceptual Framework, 2023).
მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტით, ზოგიერთ შემთხვევაში, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება შეიძლება განისაზღვროს აქტიურ ბაზარზე ფასებზე დაკვირვებით, სხვა შემთხვევებში ის უნდა განისაზღვროს არაპირდაპირ შეფასების სხვა მეთოდით.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულება შეიძლება დამოკიდებული იყოს რამდენიმე ძირითად ასპექტზე, როგორიცაა აქტივის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ღირებულება ორგანიზაციის საქმიანობის კონტექსტით, შეზღუდვები და მომსახურების მიწოდების ყველაზე იაფი გზა.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულების შეფასება მოითხოვს ერთეულმა განიხილოს და გაითვალისწინოს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი:
• თანხა, რომელსაც ერთეული გადაიხდის. ეს მოიცავს ფასს ან დანახარჯს, რომელსაც ერთეული რაციონალურად გადაიხდიდა აქტივის შესაძენად აქტიურ ბაზარზე;
• აქტივის დარჩენილი მომსახურების პოტენციალი, რაც ითვალისწინებს აქტივის ამჟამინდელ მდგომარეობას;
• აქტივი (შესაბამისად, მის საანგარიშო ერთეულთან). ეს მოიცავს აქტივის არსებული გამოყენებისა და ადგილმდებარეობის შეფასებას;
• გაზომვის ტექნიკა, რომელიც შესაფერისია ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების შესაფასებლად, იმ მონაცემების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რაც ჭეშმარიტად წარმოადგენს სუბიექტისთვის დამახასიათებელ დაშვებებს.
მიმდინარე საოპერაციო ღირებულების მეთოდით შეიძლება შეფასებული იქნეს ინფრასტრუქტურის აქტივები: გზები, ხიდები, წყალმომარაგების ქსელები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის აუცილებელ მომსახურებას და არ არის გასაყიდად გამიზნული. სკოლები, საავადმყოფოები, პოლიციის განყოფილებები და სხვა შენობები, რომლებიც გამოიყენება საჯარო სერვისებისთვის.
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, მიმდინარე საოპერაციო ღირებულება ასახავს აქტივის საოპერაციო პოტენციალს ორგანიზაციის თვალსზრისით. ეს არის თანხა მის ბალანსზე, რომელსაც ერთეული გადაიხდიდა შფასების თარიღისათვისი არსებული აქტივის დარჩენილი მომსახურების პოტენციალისთვის, ხოლო ფინანსური შედეგების ანგარიშგებაში ასახავს აქტივის ღირებულების მოხმარებულ ნაწილს მომსახურების სერვისის მიწოდებისას, შეფასების თარიღისათვის. ის განსხვავდება ისტორიული ღირებულების მეთოდისგან, რომელიც ასახავს ქონების მოხმარებას იმ თავდაპირველად აღიარებულ ფასებზე დაფუძნებით, როცა ქონება შეიძინეს, აშენდა ან გაუმჯობესდა.
დასკვნა
ამრიგად, შეფასების მოცემული მეთოდები განხილულია იმ ინფორმაციის თვალსაზრისით, რომელსაც ისინი უზრუნველყოფენ ერთეულის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების, ერთეულის საოპერაციო შესაძლებლობისა და ერთეულის ფინანსური შესაძლებლობის შესახებ, ასევე, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ისინი ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს ხარისხობრივ მახასიათებლებს.
საჯარო სექტორის ერთეულების აქტივების, ვალდებულებების, შემოსავლებისა და ხარჯების ზუსტი და თანმიმდევრული შეფასებით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება:
ხელს შეუწყობს ფინანსური ანგარიშგების გამჭვირვალობას, რადგან უფრო ზუსტად ასახავს ერთეულის ფინანსური მდგომარეობის ეკონომიკურ რეალობას;
გააუმჯობესებს შესადარისობას სხვადასხვა ერთეულებსა და იურისდიქციებში;
ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის აქტივების საინფორმაციო სისტემის მართვის გაუმჯობესებას;
გაზრდის დაინტერესებული მხარეების, ინვესტორების, კრედიტორების და საზოგადოების ნდობას საჯარო სექტორის ერთეულების ფინანსების მართვის მიმართ.
ლიტერატურა:
• კვატაშიძე ნ., ხორავა ა.,& გოგრიჭიანი ზ. (2018). აქტივების გაუფასურების შეფასების საკითხები. III საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ შრომების კრებული. თბილისი, 26-27 ოქტომბერი. თსუ.
• ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 13 - სამართლიანი ღირებულების შეფასება (2024). https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/766 (17.08.2024)
• ინსტრუქცია „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“(2020). https://treasury.ge/ka/page/accounting (17.08.2024)
• “At a Glance IPSAS 46, Measurement and Update of Chapter 7 of the Conceptual Framework”; May 2023; ://mail.caalley.com/intl_cnt/ipsas/IPSAS-46-Ch7-AAG.pdf
• 2023 Updates on Global Public Sector Reporting Standards, (2024) https://ifacweb.blob.core.windows.net/publicfiles/2023-05/IPSAS-46-Ch7-AAG.pdf https (17.08.2024)
• GAAP.RU (2021) Новая иерархия оценки в международных стандартах для общественных организаций. https://gaap.ru/articles/Novaya_ierarkhiya_otsenki_v_mezhdunarodnykh_standartakh_dlya_obshchestvennykh_organizatsiy/
• GAAP.RU (2021). Оценку в IPSAS подвели под общий знаменатель. ttps://gaap.ru/articles/Ocenku_v_IPSAS_podveli_pod_obshchiy_znamenatel/
• IAS 16 Property, Plant and Equipment, (2024), https://www.ifrs.org
• IFRS vs IPSAS in public sector financial reporting part III: Impairment; https://www.icaew.com/technical/public-sector/public-sector-financial-reporting/financial-reporting-insights-listing/ifrs--vs-ipsas-in-public-sector-financial-reporting-iii
• IMPLEMENTING IPSAS: A GUIDE FOR TRAINERS, IFAC 2024. https://ifacweb.blob.core.windows.net/publicfiles/2024-02/2024_01%20-%20Introduction%20to%20IPSASs%20%27Introduction%27.pdf
• International Public Sector Financial Reporting update: March 2023. https://www.icaew.com/technical/public-sector/public-sector-articles-and-press-releases/international-public-sector-financial-reporting-update
• IPSAS 45, PROPERTY, PLANT, AND EQUIPMENT,(2023), https://www.ipsasb.org/publications/ipsas-45-property-plant-and-equipment
• IPSAS 46, Measurement, (2023), https://www.ipsasb.org/publications/ipsas-46-measurement
• Maisuradze M., & Vardiashvili M., (2016) MAIN ASPECTS OF MEASUREMENT OF THE FAIR VALUE OF NONFINANCIAL ASSETS; Economic and Social Development; 15th International Scientific Conference on Economic and Social Development – Human Resources Development’; Book of Proceedings- Varazdin
• Maisuradze, M. (2017). Assets Measuremen related Issues according to IFRS. The 2nd International Scientific Conference - CHALLENGES OF GLOBALIZATION IN ECONOMICS AND BUSINESS. (pp. 302-305). Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University .
• Maisuradze M.,& Vardiashvili M. (2023). Applying Methods for Estimation of the Fair Value of the Nonfinancial Assets . VIII International Scientific Conference - Challenges of Globalization in Economics and Business (pp. pp 240-247). Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University
• Nebavskaya Tatiana V., Barannik Victoria V., & Voropaeva Jana S. (2016) SIMILARITIES AND DIFFERENCES IN ACCOUNTING OF FIXED ASSETS IN ACCORDANCE WITH IFRS AND RAS. https://cyberleninka.ru/article/n/shodstva-i-razlichiya-ucheta-osnovnyh-sredstv-v-sootvetstvii-s-msfo-i-rsbu/viewer
• Polzer T., Grossi G., & Reichard C. (2022). Implementation of the International Public Sector Accounting Standards in Europe. Variations on a Global Theme. Accounting Forum, 46(1), 57 - 82. https://doi.org/10.1080/01559982.2021.1920
• Sabauri L. (2018). Approval and Introduction of the International Financial Reporting Standards (IFRS) in Georgia: Challenges and Perspectives. Journal of Accounting & Marketing Volume 7, 2- 4ttps://gaap.ru/articles/Novaya_ierarkhiya_otsenki_v_mezhdunarodnykh_standartakh_dlya_obshchestvennykh_organizatsiy/
• The Conceptual Framework for General Purpose Financial Reporting, (2023), https://www.ipsasb.org/publications/conceptual-framework-general-purpose-financial-reporting-public-sector-entities-2023
• Vardiashvili, M. (2018). THEORETICAL AND PRACTICAL ASPECTS OF IMPAIRMENT OF NON- CASH-GENERATING ASSETS IN THE PUBLIC SECTOR ENTITIES, ACCORDING TO THE INTERNATIONAL PUBLIC SECTOR ACCOUNTING STANDARD (IPSAS) 21 . Ecoforum, [Volume 7, Issue 3(16),] ttp://ecoforumjournal.ro/index.php/eco/article/viewFile/830/512.
• Vardiashvili M.(2019). Some Issues of Measurement of Impairment of Non-Financial Assets in the Public Sector. Journal of Economics and Management Engineering, Vol:13, No:5 pp. 521-526.
References:
• Kvatashidze N., Khorava A., & Gogrichiani Z. (2018). aktivebis gaupasurebis shepasebis sakitkhebi. [Asset Impairment Measurement Issues. Collection of Works of the III International Scientific Conference “Challenges of Globalization in Economics and Business”. Tbilisi, 26-27 October. Tbilisi State University.] in Georgian
• pinansuri angarishgebis saertashoriso standarti 13 – samartliani ghirebulebis shepaseba (2024). [Intedrnatioonal Financial Reporting Sdtandard 13 – Fair Value Measurement.] in Georgian https://saras.gov.ge/ka/Ifrs/Pdf/766 (17.08.2024)
• instruktsia „sabiujeto organizatsiebis mier sajaro kavshiris bughaltruli aghritskhvis saertasho riso standartebis (ssbass) pinansuri aghritskhva-angarishebis tsarmoebis shesakheb“(2020). [Instruction “On Financial Accounting and Reporting by Budgetary Organizations Based on International Public Sector Accounting Standards (IPSAS)”.] in Georgian https://treasury.ge/ka/page/accounting (17.08.2024)
• “At a Glance IPSAS 46, Measurement and Update of Chapter 7 of the Conceptual Framework”; May 2023; ://mail.caalley.com/intl_cnt/ipsas/IPSAS-46-Ch7-AAG.pdf
• 2023 Updates on Global Public Sector Reporting Standards, (2024) https://ifacweb.blob.core.windows.net/publicfiles/2023-05/IPSAS-46-Ch7-AAG.pdf https (17.08.2024)
• GAAP.RU .(2021)Новая иерархия оценки в международных стандартах для общественных организаций. https://gaap.ru/articles/Novaya_ierarkhiya_otsenki_v_mezhdunarodnykh_standartakh_dlya_obshchestvennykh_organizatsiy/
• GAAP.RU. (2021). Оценку в IPSAS подвели под общий знаменатель. ttps://gaap.ru/articles/Ocenku_v_IPSAS_podveli_pod_obshchiy_znamenatel/
• IAS 16 Property, Plant and Equipment, (2024), https://www.ifrs.org
• IFRS vs IPSAS in public sector financial reporting part III: Impairment; https://www.icaew.com/technical/public-sector/public-sector-financial-reporting/financial-reporting-insights-listing/ifrs--vs-ipsas-in-public-sector-financial-reporting-iii
• IMPLEMENTING IPSAS: A GUIDE FOR TRAINERS, IFAC 2024. https://ifacweb.blob.core.windows.net/publicfiles/2024-02/2024_01%20-%20Introduction%20to%20IPSASs%20%27Introduction%27.pdf
• International Public Sector Financial Reporting update: March 2023. https://www.icaew.com/technical/public-sector/public-sector-articles-and-press-releases/international-public-sector-financial-reporting-update
• IPSAS 45, PROPERTY, PLANT, AND EQUIPMENT,(2023), https://www.ipsasb.org/publications/ipsas-45-property-plant-and-equipment
• IPSAS 46, Measurement, (2023), https://www.ipsasb.org/publications/ipsas-46-measurement
• Maisuradze M., & Vardiashvili M., (2016) MAIN ASPECTS OF MEASUREMENT OF THE FAIR VALUE OF NONFINANCIAL ASSETS; Economic and Social Development; 15th International Scientific Conference on Economic and Social Development – Human Resources Development’; Book of Proceedings- Varazdin
• Maisuradze, M. (2017). Assets Measurement related Issues according to IFRS. The 2nd International Scientific Conference - CHALLENGES OF GLOBALIZATION IN ECONOMICS AND BUSINESS. (pp. 302-305). Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University .
• Maisuradze,M.,& Vardiashvili, M. (2023). Applying Methods for Estimation of the Fair Value of the Nonfinancial Assets . VIII International Scientific Conference - Challenges of Globalization in Economics and Business (pp. pp 240-247). Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University
• Nebavskaya Tatiana V., Barannik Victoria V., & Voropaeva Jana S. (2016) SIMILARITIES AND DIFFERENCES IN ACCOUNTING OF FIXED ASSETS IN ACCORDANCE WITH IFRS AND RAS. https://cyberleninka.ru/article/n/shodstva-i-razlichiya-ucheta-osnovnyh-sredstv-v-sootvetstvii-s-msfo-i-rsbu/viewer
• Polzer, T., Grossi, G., & Reichard, C. (2022). Implementation of the International Public Sector Accounting Standards in Europe. Variations on a Global Theme. Accounting Forum, 46(1), 57 - 82. https://doi.org/10.1080/01559982.2021.1920
• Sabauri, L. (2018). Approval and introduction of the international financial reporting standards (IFRS) in Georgia: challenges and perspectives. Journal of Accounting & Marketing Volume 7, 2- 4ttps://gaap.ru/articles/Novaya_ierarkhiya_otsenki_v_mezhdunarodnykh_standartakh_dlya_obshchestvennykh_organizatsiy/
• The Conceptual Framework for General Purpose Financial Reporting, (2023), https://www.ipsasb.org/publications/conceptual-framework-general-purpose-financial-reporting-public-sector-entities-2023
• Vardiashvili, M. (2018). THEORETICAL AND PRACTICAL ASPECTS OF IMPAIRMENT OF NON- CASH-GENERATING ASSETS IN THE PUBLIC SECTOR ENTITIES, ACCORDING TO THE INTERNATIONAL PUBLIC SECTOR ACCOUNTING STANDARD (IPSAS) 21 . Ecoforum, [Volume 7, Issue 3(16),] ttp://ecoforumjournal.ro/index.php/eco/article/viewFile/830/512.
• Vardiashvili, M.(2019). Some Issues of Measurement of Impairment of Non-Financial Assets in the Public Sector. Journal of Economics and Management Engineering, Vol:13, No:5 pp. 521-526.
Keywords: measurement, service potential; fair value, operating assets, current operational value.
JEL Codes: H83, H89, J45