English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლია კილაძე
ბიზნესის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და სოციალურ მეწარმეობას შორის მსგავსება-განსხვავების ანალიზი

 

 წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია  სოციალურ მეწარმეობასა და ბიზნესის კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას შორის არსებული განსხვავებები და მსგავსებები. სტატია, სამეწარმეო საქმიანობის ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმის (ტრადიციული და სოციალური მეწარმეობა)მაგალითზე,აღწერს ბიზნესსექტორის პრაქტიკას სოციალური საკითხების გადაჭრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დაწვრილებით მიმოიხილავს იმ თავისებურებებს, რაც სოციალურ საწარმოებსა და პასუხისმგებლიან ბიზნესებს ახასიათებს და აანალიზებს სოციალური საკითხების გადაჭრაში ბიზნესის მონაწილეობის მნიშვნელობას. კვლევისათვის გამოყენებულია შედარების მეთოდი. საკვლევ ობიექტებს წარმოადგენს სოციალური წარმოებისა და კომპანიების მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები. შედარებისთვის შეირჩა ერთმანეთის მსგავსი მიზნების მქონე, ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში მოქმედი სოციალური საწარმოები და კომპანიების მიერ განხორციელებული სოციალური პროექტები. კვლევა ასაბუთებს, რომ სრულიად შესაძლებელია კომპანიამ თანაბარი წარმატებით ერთდროულად მიაღწიოს  კომერციულ და სოციალურ მიზანს და ამით, ფინანსური სტაბილურობის პარალელურად, წვლილი შეიტანოს, ისეთი სოციალური საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა: გარემოს დაცვა, შრომის ბაზარზე მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმება, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება და ა.შ. კვლევა, ასევე, ადასტურებს, რომ თავისი ბუნების, მოტივაციისა და მიზნების გათვალისწინებით პასუხისმგებლიან ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეობას ბაზარზე დამოუკიდებლად არსებობისა და განვითარების სრული პოტენციალი გააჩნია.

 

საკვანძო სიტყვები: სოციალური საწარმო,  სოციალურიმეწარმეობა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლიანი ბიზნესი.

 

შესავალი

 

თითოეული ქვეყნისთვის, მიუხედავად მისი ეკონომიკური განვითარებისა, წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, სოციალური სტაბილურობაა. თავის მხრივ, სოციალურ საკითხებს ერთ–ერთი მთავარი ადგილი უკავია ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებაში, რაზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბიზნესის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტად იზრდება ბიზნესის როლი სოციალური საკითხების გადაჭრაში, რისი ნათელი მაგალითია გაეროს ,,2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“. აღნიშნული მიზნები ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობისაა და წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევის ყველაზე მაღალ დონეს იმისთვის, რომ ჩვენ და მომავალმა თაობებმა ვიცხოვროთ უფრო მდგრად, უსაფრთხო და დაცულ პლანეტაზე. ბიზნესსექტორი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში ერთ–ერთი მთავარი მონაწილე მხარეა, რომელმაც წვლილი უნდა შეტანოს ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაში.

ამასთანავე, საქართველოში თვალსაჩინოა სოციალური საწამოების მზარდი ტენდენციაც. პირველი სოციალური საწარმოების გამოჩენიდან (2009 წელი) დღემდე, იმ საწარმოების რაოდენობამ, რომლებიც საკუთარ თავს სოციალურ საწარმოებს მიაკუთვნებენ, 66–ს მიაღწია (საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მონაცემები). სოციალური საწარმოები სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის დასაყრდენ პარტნიორებს წარმოადგენენ, ვინაიდან მათ საქმიანობა ემსახურება კონკრეტულ თემსა თუ საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარებას, მათ შორის: სიღარიბის დაძლევას, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ჯანდაცვას, განათლებას და სხვას. სწორედ ამიტომ, სოციალურმა მეწარმეობამ, როგორც სოციალურ-ეკონომიკურმა და ორგანიზაციულმა ფენომენმა, ბოლო წლების განმავლობაში, სულ უფრო მეტად მიიპყრო ბიზნესის, მეცნიერების და მთავრობის წარმომადგენლების ყურადღება.

სამეწარმეო საქმიანობის აღნიშნულ ფორმას ქართული კანონმდებლობა არ არეგულირებს, რაც ქმნის სოციალური საწარმოების სტატისტიკური აღრიცხვის პრობლემას. საწარმოები საკუთარი სტატუსის იდენტიფიცირებას სოციალური მეწარმეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კვლევითი ქსელის  (EMES) მიერ შემუშავებული სოციალური საწარმოს განმსაზღვრელი ცხრა კრიტერიუმის საფუძველზე ახდენენ. სოციალური მეწარმეობა, თავისი შინაარსით განსხვავდება ტრადიციული მეწარმეობისაგან. სიღრმისეული ცოდნის გარეშე რთულია ზღვარის გავლება სოციალურსა და იმ საწარმოს შორის, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალურ პროექტებს ახორციელებს. სოციალური მეწარმეობის არარეგულირებადი სამართლებრივი ჩარჩო ამ პროცესს კიდევ უფრო  ართულებს. 

ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, ჩატარებული კვლევის მიზანს ერთი მხრივ, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობების შესახებ ინფორმაციის მოძიება წარმოადგენდა, ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესკომპანიების მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შესწავლა. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა მსგავსებები და განსხვავებები ბიზნესის სოციალურ საკითხებში მონაწილეობის მოცემულ ორ ფორმას შორის. ასევე, შეფასდა სოციალური მეწარმეობის განვითარების პერსპექტივა საქართველოში.

გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად სოციალური მეწარმეობა და მისი განვითარების პოტენციალი აკადემიურ დონეზე კომპლექსურად და ფართოდ არ არის შესწავლილი, კვლევას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი. მომდევნო ნაშრომებში, კიდევ უფრო დაწვრილებით გაანალიზდება სოციალური მეწარმეობის როლი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში, შეფასდება მოდელის ეფექტიანობა, განსაკუთრებით - მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დასაქმების მიმართულებით.

 

სოციალური მეწარმეობა

 

მსოფლიოს ქვეყნებში სოციალური მეწარმეობის სხვადასხვა პრაქტიკაა დამკვიდრებული. შესაბამისად, არ არსებობს უნივერსალური განმარტება ან კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც სოციალური საწარმოს ორგანიზაციული სტატუსი განისაზღვრება. თავად ტერმინი - ,,სოციალური მეწარმეობა“, ტრადიციულ მეწარმეობასთან შედარებით ახალია სამეწარმეო საქმიანობაში. მსოფლიოში, ის XX საუკუნის 70-იან წლებში იკიდებს ფეხს, ხოლო მისი დინამიკური განვითარება 90-იანი წლებიდან იწყება (მურღულია, მოდებაძე, მხეიძე, დათუაშვილი 2017, 3). ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მაგალითები, როდესაც მეწარმეები თავიანთ სამეწარმეო საქმიანობას სოციალური მეწარმეობის პრინციპებზე დაფუძნებით ახორციელებდნენ,  XIX  საუკუნის დასაწყისშიც გვხვდება, მათ შორისაა: ვინობა ბჰავე, რომელმაც ინდოეთში, ‘“მიწის ჩუქების მოძრაობა“ ჩამოაყალიბა, რობერტ ოუენი კოოპერატიული მოძრაობის დამფუძნებელი და ფლორენცია ნაიტინგეილი, პირველი მედდის სკოლის დამფუძნებელი (სოციალური მეწარმეობის კონცეფცია). ამ ადამიანებმა სამეწარმეო საქმიანობა სოციალური პრობლემების აღმოფხვრის და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების  მიზნით წამოიწყეს.

დღეს, სოციალური მეწარმეობა მთელ მსოფლიოში მზარდი პოტენციალის მქონე სამეწარმეო სექტორს წარმოადგენს. ის ქმნის შესაძლებლობებს იმ მეწარმეებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ინტერესი სამეწარმეო საქმიანობით მიღებული სარგებელი მიმართონ თავიანთ თემში არსებული სოციალური პრობლემების გადაჭრისაკენ.

საქართველოში დღეისათვის მოქმედი 70–მდე საწარმოდან 64%–ის სოციალურ მიზანს შრომის ღია ბაზარზე ე.წ. ნაკლებადკონკურენტუნარიანი კადრების დასაქმება წარმოადგენს. აღნიშნული საწარმოების 57% ქმნის პროდუქციას, 33% – მომხმარებლებს აწვდის სოციალურ სერვისს, 10% – ეწევა სხვადასხვა ტიპის სერვისებს, როგორიცაა: ლანდშაფტური დიზაინი, ეზოს გამწვანება და დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და რეციკლირება; არაფორმალური განათლების სერვისები ეთნიკური უმცირესობებისთვის  და სხვა. 

საქართველოს კანონმდებლობა არ განმარტავს ტერმინებს ,,სოციალური მეწარმეობა“ და ,,სოციალური მეწარმე“, რაც სირთულეებს ქმნის არსებულ სოციალურ საწარმოთა აღრიცხვიანობის მიმართულებით, თუმცა, ამავე დროს მიანიშნებს სფეროს პოტენციალის ათვისების შესაძლებლობაზე. 

            სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევად შეიძლება განვიხილოთ დაფინანსების შეზღუდული წყაროებიც, რაც პირდაპირ კავშირშია სათანადო საკანონმდებლო ჩარჩოს არასებობასთან. ასევე დაბალია სოციალური მეწარმეობის შესახებ ცნობადობა საზოგადოებაში და სუსტია მხარდაჭერა აკადემიურ წრეებში.

 

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა

 

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა დასავლეთში, 1992 წლიდან გახდა პოპულარული, ვინადაინ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ კომპანიებმა საკუთარი ინიციატივით წვლილი უნდა შეიტანონ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხების გადაჭრაში. კერძოდ - კომპანიებმა ბიზნესი უნდა აწარმოონ დაინტერესებულ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით ხელი უნდა შეუწყონ ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას. კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას (Corporate Social Responsibility/CSR) სამეცნიერო წრეებში სხვადასხვანაირად განმარტავენ, რომლის თანახმადაც: ,,CSR არის კომპანიების მიერ დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მოხალისეობრივად განხორციელებული საქმიანობა, რითაც  ისინი სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებს თავიანთ ბიზნესსაქმიანობასთან აკავშირებენ’’ (Crowther 2008, 12).

ქართული ტერმინი - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“, ზუსტად ვერ გადმოსცემს ინგლისური ტერმინის - ,,Corporate Social Responsibility“_ს მნიშვნელობას. ქართულ ენაზე „სოციალური პასუხისმგებლობა“, შესაძლოა უფრო სოციალური პრობლემების გადაჭრისკენ მიმართულ ინიციატივებად იყოს აღქმული და შესაბამისად, ძალზე დავიწროვდეს ცნების მნიშვნელობა (ხოფერია 2012, 16). ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა კი არის ბიზნესის სურვილზე დაფუძნებული აქტივობა, რომელიც მიმართულია თემის ან საზოგადოების განსაზღვრული ჯგუფებისთვის აქტიუალური პრობლემების გადაჭრისკენ.

კვლევები ადასტურებს, რომ პასუხისმგებლიანი კომპანიების მიმართ სენსიტიურ დამოკიდებულებას განსაკუთრებით ათასწლეულის თაობის წარმომადგენლები ამჟღავნებენ. მილენიალთა (1980-2000 წწ. დაბადებულები) 61% პირადად გრძნობს პასუხისმგებლობას მსოფლიო ცვლილებების შეტანაში, ხოლო 79%–ს სურს იმუშაოს კომპანიაში, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნავს. კვლევის მიხედვით, სინამდვილეში, მილენიალთა 69% უარს იტყვის ისეთ კომპანიაში მუშაობაზე, რომელიც არ იქნება სოციალურად პასუხისმგებელი. (დელოიტის გლობალური ათასწლეულის კვლევა, 2019)

ისეთ ეპოქაში, სადაც სოციალური პრობლემები და მათი მოგვარება რიგითი ადამიანების მხრიდან ჩართულობის ასეთ მაღალ ინტერესს იწვევს, მნიშვნელოვან ამოცანებს უსახავს ბიზნესსექტორსაც, აიძულებს მას იყოს უფრო მეტად კონცენტრირებული სოციალურ საკითხებზე და იყოს ანგარიშვალდებული როგორც მომხმარებლების, ასევე, მთელი საზოგადოების წინაშე. შესაბამისად, საზოგადოებაში დამკვიდრებული ტენდენციური შეხედულებების საფუძველზე, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სულ უფრო მეტმა კომპანიამ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ მათაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებში  და ამის პირდაპირპროპორციულად გაზარდონ საკუთარი კომპანიების სანდოობა, იმიჯი და დადებითი დამოკიდებულება მომხმარებელთა მხრიდან.

 

მსგავსებები და განსხვავებები

 

     სოციალური მეწარმეობა სამეწარმეო საქმიანობის ფორმას მიეკუთვნება, ხოლო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), წარმოადგენს ბიზნესის კეთილ ნებას, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა იქონიოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. თუმცა, მათ შორის არსებული მსგავსების და გადამკვეთი წერტილების არსებობის გამო, ბევრ დაინტერესებულ პირს უჭირს გამიჯვნა, საწარმო სოციალურია, თუ ის სოციალურ პროექტებს მის მიერ დეკლარირებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს.

სოციალურ მეწარმეობასა და ბიზნესის კორპორატიულ პასუხისმგებლობას შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესწავლის მიზნით ორგანიზებული კვლევის პროცესში გამოყენებულია სამაგიდე და თვისებრივი კვლევა. პირველ რიგში, შესწავლილ იქნა წარსულში განხორციელებული კვლევები და ლიტერატურა. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ორი ფოკუს ჯგუფ შეხვედრა გაიმართა, აქედან ერთი - ტრადიციული ბიზნესების წარმომადგენლებთან, რომლებიც სოციალურ პროექტებს ახორციელებენ, ხოლო მეორე - საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან.

სოციალური საკითხების გადაჭრაში ბიზნესის ჩართულობის საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხულ იქნა იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიის 92 წარმომადგენელი, რომელთა აზრიც თემასთან მიმართებით მრავალფეროვანია. მაგალითად, 34 მათგანი ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას განიხილავს, როგორც კაპიტალდაბანდებას, რომელსაც თავის მხრივ, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაში. 39 მიიჩნევს, რომ სოციალური პროექტების განხორციელების გარეშე ბიზნესისთვის რთულია მაღალი რეპუტაციისა და იმიჯის მოპოვება და შენარჩუნება, ხოლო 19 თვლის, რომ სოციალურ საკითხებში ბიზნესის მონაწილეობის მაგალითები ემოციური ფაქტორებით არის ნაკარნახევი და სპონტანური გადაწყვეტილებებით მიიღება. მათივე მოსაზრებით, სოციალური საკითხები სცდება ბიზნესსექტორის საქმიანობის სფეროს და არ წარმოადგენს მათი დაინტერესების საგანს.

კვლევის პროცესში გაანალიზდა წარსულში განხორციელებული კვლევები, მათ შორის კომპანია ,,ინოვა“–ს მიერ 2019 წელს ჩატარებული კორპორაციული პასუხიმგებლობის კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, მსხვილი საწარმოების უმრავლესობას ბოლო 3 წლის განმავლობაში განუხორციელებია კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული, თუნდაც ერთი პროექტი. საგულისხმოა, რომ მცირე ზომის კომპანიების 80%-ზე მეტი აცხადებს, რომ არ განუხორციელებიათ ასეთი აქტივობა. კომპანიების უმეტესობას არ აქვს წინასწარ განსაზღვრული ბიუჯეტი კორპორაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის. ცხადია, რომ ბიზნესის სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მაგალითები ძირითადად მსხვილი ზომის საწარმოებში გვხვდება.

მაგალითების შესწავლის პროცესში სოციალური საწარმოსა და ტრადიციული ბიზნესის მიერ განხორციელებული სოციალური ინიციატივები დაჯგუფდა მსგავსი შინაარსისა და სფეროს მიხედვით, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო მათი საქმიანობის ფორმასა და მიღწეულ შედეგებს შორის მსგავსება და განსხვავება.  მაგალითად, ერთმანეთთან შედარებულ იქნა სოციალური საწარმო ,,ცოდნის კაფე“, რომელიც 2016 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქ. წნორში, დაფუძნდა და წარმოადგენს ერთადერთ მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს რეგიონში და ,,ვისოლ ჯგუფის“ მიერ 2014 წელს განხორციელებული პროექტი - ,,წიგნი ყველა სოფელს“, რომელმაც 200 რეგიონული ბიბლიოთეკა 50 000-ზე მეტი წიგნით მოამარაგა. 

,,ცოდნის კაფე“ სოციალური საწარმოა, რომლის გაყიდვებიდან შემოსული მოგება მთლიანად ხმარდება რეგიონში არაფორმალური განათლების მიღებასა და ,,ცოდნის ფონდის" შექმნას. „ცოდნის კაფე“ სერვისების სახით მომხმარებელს სთავაზობს: თანამედროვე ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, კაფეს, არაფორმალური განათლების სივრცეს. ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსით მოქმედი საწარმოა და მისი მისიაა, ყველა ქიზიყელ ახალგაზრდას და ზრდასრულს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო ცოდნაზე და შეძლონ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება. ,,ცოდნის კაფესთვის“ ფასიანი სერვისები,  შემოსავლების გამომუშავების და კომერციული მიზნების მიღწევის საშუალებაა. მიღებული მოგება სრულად რეინვესტირდება ორგანიზაციაში, განვითარებასთან დაკავშირებული იდეების განხორციელებისა და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სერვისების უსასყიდლოდ მიწოდებისთვის.

რაც შეეხება ,,ვისოლ ჯგუფს“, ის დღეს საქართველოში მოქმედი ერთ–ერთი უმსხვილესი ბიზნესჯგუფია, რომელმაც არამხოლოდ ენერგეტიკის, არამედ თითქმის ყველა სფერო მოიცვა და სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ანვითარებს. „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, ავტომომსახურების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“, უძრავი ქონების კომპანია                            MP Development-ი, სარეკლამო კომპანია „ალმა“, სუპერმარკეტების ქსელი ,,სმარტი“, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის საქართველო“, ამერიკული რესტორნების ქსელი        „დანკინი“. ,,ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 20 წლის წინ, ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. კომპანიას დეკლარირებული აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და პრიორიტეტულ მიმართულებებად გამოკვეთს გარემოს დაცვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ის ახორციელებს სოციალურ ინვესტიციებს, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას და ახორციელებს სათემო პროექტებს საზოგადოების სოციალური კეთილდღეობისთვის.

,,წიგნი ყველა სოფელს“ - ვისოლ ჯგუფის ერთ–ერთი საქველმოქმედო პროექტია,  რაც რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობაში წიგნის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელებას, ვისოლ ჯგუფის გარდა, სხვადასხვა დაინტერესებულმა პირებმა და კომპანიებმაც შეუწყვეს ხელი. საერთო ძალისხმევის შედეგად შეგროვებული ლიტერატურა სვანეთის, კახეთის, მცხეთა–მთიანეთისა და აჭარის რეგიონების სოფლების ცენტრალურ და სასკოლო ბიბლიოთეკებს გადაეცათ.

როგორც ზემოთ მოცემული მაგალითიდან ჩანს, მსგავსება, ამ ორი კომპანიის მიერ განხორციელებულ საქმიანობებში, ძირითადად, არსში მდგომარეობს. კიდევ ერთი მთავარი მსგავსება პროცესში მონაწილე სუბიექტებთან დაკავშირებით არსებობს. მაგალითად, ორივე შემთხვევაში, ერთდროულად ერთმანეთთან აქტიურ კომუნიკაციაში რამდენიმე მხარეა ჩართული:  ბიზნესი, საზოგადოება და სახელმწიფო.

სოციალური საწარმო ,,ცოდნის კაფესა“ და ,,ვისოლ ჯგუფის“ სოციალური პროექტის - ,,წიგნი ყველა სოფელს“ შედარებით დგინდება, რომ ბიზნესის მიერ ინიცირებული სოციალური პროექტისთვის, ასევე, სოციალური საწარმოსთვის მიმზიდველია ის სფეროები, რომელიც კონკრეტული სამიზნე თემის წინაშე დგას ან აქტუალურია კონკრეტული კულტურული, სოციალური ჯგუფისა და გეოგრაფიული არეალისთვის.

რაც შეეხება განსხვავებას, ის სამეწარმეო საქმიანობის  დაწყებასთან დაკავშირებით დამფუძნებელთა ინტერესების გააზრებით იწყება. სოციალური საწარმო, ტრადიციული ბიზნესისაგან განსხვავებით იქმნება, რომელიმე სოციალური პრობლემის მოგვარებისთვის და ამისთვის, მას გრძელვადიანი ხედვა გააჩნია. ტრადიციული ბიზნესის მთავარი მოტივაცია კი სამეწარმეო საქმიანობიდან მაქსიმალური მოგების მიღებაა, ხოლო საქველმოქმედო თუ სოციალური პროექტების განხორციელება, უმთავრესად საზოგადოებისთვის აქტუალურ მოთხოვნებზე მის რეაქციას წარმოადგენს.

სოციალურ საწარმოებს თავისი მისიით აქვს განსაზღვრული როლები საზოგადოებაში არსებული ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიცაა  შრომის ბაზარზე ნაკლებადკონკურენტუნარიანი კადრების დასაქმება, გარემოს დაცვა, სოციალური სერვისების მიწოდება, ეკონომიკური განვითარებისა და სამართლიანი ვაჭრობის ხელშეწყობა, განათლება და სხვ. და ისინი სამეწარმეო საქმიანობის რისკს საწარმოს ბენეფიციარების სასარგებლოდ ეწევიან, ხოლო ტრადიციული საწარმოების შემთხვევაში, მეწარმეები რისკს კომპანიის მფლობელების, ან ინვესტორების სასარგებლოდ იღებენ და  მათ, დოვლათის შექმნასთან დაკავშირებული ინტერესები ამოძრავებთ.  

კიდევ ერთი ძირეული განსხვავება ტრადიციულ და სოციალურ მეწარმეობას შორის, მოგების განაწილებასთან დაკავშირებული მიდგომაა. ვინაიდან, სოციალური საწარმოს მთავარი მიზანი არ არის მოგების მიღება, მფლობელები ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებენ მიღებული მოგების განაწილების მიზნით. მოგება, უმთავრესად საწარმოში რეინვესტირდება, ხმარდება მის განვითარებას ან მეტი სოციალური სარგებელის შექმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალური მეწარმეობა არ გამორიცხავს საწარმოს მიერ მიღებული მოგების მცირე ნაწილის გადანაწილებასაც,  თუმცა ეს ვერ იქნება საწარმოს შექმნის მთავარი საფუძველი.

 

სოციალური მეწარმეობის მაგალითები

 

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ადვოკატირების შედეგად, სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ასევე, იზრდება სოციალურ საწარმოთა რაოდენობაც. ამ პროცესების კვალდაკვალ, ჩამოყალიბდა სოციალური მეწარმეობის არაფორმალური განმარტების რამდენიმე ვერსიაც. სამოქალაქო სექტორში დამკვიდრებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად: ,,სოციალური საწარმო ბიზნესის პრინციპებით მოქმედი საწარმოა, რომელსაც აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის ინოვაციურ მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ტრადიციული ბიზნესისგან განსხვავებით, მოგებას ისევ სოციალური მიზნებისთვის                                 იყენებს“ (მხეიძე ი. 2017).

მაგალითად, სოციალური საწარმო ,,იალონი“, 2018 წელს, სოფელ საგურამოში დაფუძნებული მცირე ბიზნესია და ის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს ეზოსა და ბაღის მოვლის სერვისს სთავაზობს. დღეისათვის, საწარმოში განვითარების შეფერხების მქონე ექვსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული. თითოეულმა მათგანმა დასაქმებამდე გაიარა მებაღეობის პროფესიული მომზადების ორთვიანი კურსი და სამუშაოზე მიმაგრებული სამთვიანი პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანისთვის სასწავლო და სამუშაოზე მიმაგრებული სწავლების პროგრამაში მონაწილეობა, პირველ გამოცდილებას წარმოადგენდა. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი, გარდა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა, მათთვის  შრომა-თერაპიის როლსაც ასრულებდა. საწარმომ დაარსებიდან მეორე წელს მოგების ნულოვან ზღვარს მიაღწია, დღეისთვის მისი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, რაც საწარმოს სტაბილური ფუნქციონირებით მიიღწევა. მისი სოციალური მიზანი კი, ხელი შეუწყოს თანამედროვე შრომის ღია ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას, მათი და ასევე მათი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, უცვლელია.

მორიგი მაგალითის სახით, შეგვიძლია განვიხილოთ საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2015 წელს დაარსდა ევროკავშირის პროგრამის -  ,,ინვესტირება ხალხში“, მხარდაჭერით. ამჟამად ასოციაციაში 200-მდე  ოსტატია გაერთიანებული. ასოციაციის მიზნებია:  ,,ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება, ტრადიციული რეწვის სექტორის პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება, განათლების სისტემაში ტრადიციული რეწვის დარგების ინტეგრირება, ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა, დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლების ცენტრების შექმნა, სამთავრობო სტრუქტურებთან ტრადიციული რეწვის ოსტატთა ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, სექტორის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე,  ტრადიციული რეწვის სფეროში კვლევების წარმოება, ფონდების მოძიება და ტრადიციული რეწვის სექტორის ტექნიკური მხარდაჭერა“.  ასოციაცია სისტემატურად გეგმავს სხვადასხვა აქტივობას ტრადიციული რეწვის დარგის განვითარებისა და ოსტატების მიერ შექმნილი პროდუქციის სასაქონლო სახის დახვეწასთან დაკავშირებით, მათ შორის აწყობს თემატურ გამოფენა-გაყიდვას და ატარებს ტრენინგებს პროდუქციის ხარისხის და დიზაინის გაუმჯობესების თემაზე.

2016 წელს, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით დააფუძნა სოციალური საწარმო „ეთნოდიზაინი“. ის კონცეპტუალური მაღაზიაა, რომელიც  თავს უყრის  თბილისსა და რეგიონებში 70-მდე  ტრადიციული რეწვის სახელოსნოში  შექმნილ  ხელნაკეთ პროდუქციას.  მაღაზიის ერთიანი კონცეფციის თანახმად, წარმოდგენილი პროდუქცია აერთიანებს ქართულ ტრადიციულ და ამავე დროს, ინოვაციურ ელემენტებს, რომელიც მორგებულია თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. სოციალ"რი საწარმო „ეთნოდიზაინის“ სოციალურ მიზანს რეწვის ოსტატების მიერ წარმოებული პროდუქციის დახვეწა–განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, მაღაზიის მომხმარებლის კატეგორიების გამრავალფეროვნებასა და გაყიდვების ზრდას უწყობს ხელს. „ეთნოდიზაინში“ წარმოდგენილი ტრადიციული რეწვის ოსტატების პროდუქციის რაოდენობა დაარსებიდან დღემდე,  3-ჯერ გაიზარდა. წარმოდგენილი პროდუქციის დიზაინის და ფუნქციის დივერსიფიკაციამ გაზარდა მომხმარებლის ინტერესი ქართული ხელნაკეთი პროდუქციისა და მისი შემქმნელებისადმი. ეთნოდიზაინი რეწვისა და ვაჭრობის სფეროში ერთდროულად  მოქმედი მზარდი პოტენციალის მქონე კონკურენტუნარიანი სოციალური საწარმოა, რომელიც უკვე წლებია, რაც მოგებას იღებს.

საერთაშორისო მაგალითებიდან საინტერესოა 1978  წელს, იტალიაში დაფუძნებული სოციალური საწარმო ,,სან პატრიაგნანო“ (San Patrignano), რომელიც  წამალდამოკიდებული ადამიანების მხარდაჭერისთვის დაფუძნდა. საწარმოს მიზანია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ და ქცევითი ადიქციის მქონე პირების რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და ხანგრძლივი რემისიის პროცესის მიღწევა დასაქმების ხელშეწყობით. საწარმოს მიერ ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული მომსახურებებია: სადღეღამისო თავშესაფარი (ციხის ალტერნატივა), სახელობო სწავლება, არაფორმალური და ფორმალური განათლება, შრომითი და სპორტით თერაპია.საწარმოს მომსახურება ერთდროულად  1300–ზე მეტ მომხმარებელს მიეწოდება.

რაც შეეხება საწარმოს შემოსავლებს, მისი გამომუშავება მომხმარებელთა ფართო ჯგუფებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდებით ხდება: კვების პროდუქტებისა და ღვინის წარმოება და რეალიზაცია, ავეჯის დამზადება, აუდიოვიზუალური და გრაფიკული მომსახურება, ცხენებისა და ძაღლების მოვლა, საცხენოსნო შეჯიბრებების მოწყობა, 20 ჰა-ზე გაშენებულ პლანტაციებში მოყვანილი ყვავილებისა და ბაღის მცენარეების რეალიზაცია. საწარმოს ჰყავს 109 მოხალისე და 313 თანამშრომელი, რომელთაგან 32,5 %–ს თავად აქვს გავლილი რეაბილიტაციის პროცესი.

 

დასკვნა

 

       საქართველოში, სადაც მოსახლეობის ჯგუფებს შორის მაღალია სოციალური უთანასწორობა, უმუშევრობისა და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულება, სახეზეა პრობლემები განათლების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების და სხვა კუთხით, მნიშვნელოვანია სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისთვის ინოვაციური და მდგრადი მოდელების დანერგვა–განვითარება. სოციალური მეწარმეობა ეკონომიკური საქმიანობის ერთ–ერთ საინტერესო, ინოვაციურ და მდგრად მოდელს მიეკუთვნება, რომელიც ერთდროულად კომერციული და სოციალური მიზნების მიღწევის შესაძლებლობას იძლევა და დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც საწარმოს ფუნქციონირების პროცესში ჩართული პირების, ასევე, მისი მომხმარებლებისთვის.

საყურადღებოა ისიც, რომ თანამედროვე სამყაროში, თითქმის წარმოუდგენელია კომპანიის მიერ მაღალი რეპუტაციისა და სანდოობის მოპოვება, სოციალურ სფეროში აქტივობის გარეშე. პასუხისმგებლიანი ბიზნესის იმიჯის შექმნა გახდა კომპანიების დიდი ნაწილის მარკეტინგული ამოცანა, რომელიც დამატებით სოციალურ ღირებულებას სძენს მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას და ეხმარება კონკურენციის პირობებში ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი მაგალითებით დასტურდება, რომ სოციალურ საკითხებში ბიზნესის მონაწილეობის ორივე ფორმა ეფექტიანია და ორივეს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნეს კომპანიისა და სოციალური საწარმოს ერთმანეთისაგან გაიჯვნის უმარტივესი გზა საწარმოს დაფუძნების მიზნის გაანალიზებაა. კერძოდ, სოციალურია საწარმო, თუ მას შექმნის მომენტიდანვე გააჩნია სოციალური მიზანი, რომელიც პასუხობს კონკრეტულ თემსა თუ სამიზნე ჯგუფში არსებულ საჭიროებებს. სოციალური საწარმო ოპერირებს, როგორც სამეწარმეო სუბიექტი, იღებს მოგებას, რომლის ხარჯზეც ზრდის სოციალურ სარგებელს. საწარმოს საქმიანობის ფორმა, სოციალური მიზანი და მოგების სოციალური მიზნებისთვის გამოყენების წესი დარეგულირებულია წესდებით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შემთხვევაში კომპანიას შეუძლია აირჩიოს სოციალური მიმართულებები საკუთარი შეხედულებისა და სურვილის შესაბამისად, მათ შორის შეიმუშავოს ისეთი პროექტები, რომლებიც შესაბამისობაშია ბიზნესკომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან. სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა არის კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე აღებული პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი მექანიზმებით დაკისრებული ვალდებულება.

კვლევამ ასევე გამოკვეთა, რომ, როგორც სოციალური საწარმოებისთვის, ასევე, ტრადიციული ბიზნესებისთვის სოციალური კუთხით, მიმზიდველია კონკრეტულ გეოგრაფიულ ზონებში მცხოვრები თემის, ან კულტურული, ან სოციალური  ჯგუფის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა. შესაბამისად, ერთიდაიმავე გეოგრაფიულ სივრცეში მოქმედ სოციალური საწარმოებისა და კომპანიების სოციალურ პროექტებს იდენტური სამიზნე ჯგუფები ან მიზნები გააჩნიათ.

იმისათვის, რომ ბიზნესსექტორის სოციალური საკითხებში მონაწილეობა იყოს შედეგზე ორიენტირებული და რაც მთავარია, კომპანიას მომხმარებლის თვალში შეუქმნას სანდო და დადებითი რეპუტაცია, ჩართულობის ფორმის შერჩევას, ზემოხსენებული მსგავსებისა და ძირეული განსხვავებების გათვალისწინებით, კარგად გააზრება სჭირდება საწარმოს ფორმირების საწყის ეტაპზევე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ფორმების შესახებ მომხმარებლებისა და საზოგადოების ღიად და გამჭირვალედ ინფორმირება, ვინაიდან მსგავსებისა და გადამკვეთი წერტილების არსებობის გამო, ბევრ მომხმარებელს არ შეუძლია განასხვაოს საწარმო სოციალურია თუ ის მხოლოდ სოციალურ პროექტებს ახორციელებს მის მიერ დასახული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

 

ლიტერატურა:

  • მურღულია შ., მოდებაძე ზ., მხეიძე ი., დათუაშვილი ე. (2017). სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო. თბილისი: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. https://osgf.ge/files/2017/SE_manual_2017-asatvirti1_1.pdf
  • ხოფერია ლ., ნარმანია დ. (2012). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი. თბილისი. https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_Public_sector.pdf
  • Crowther D., Aras G. (2008). Corporate Social Responsibility. Bookboon.com. ISBN 978-87-7681-415-1
  • დათუაშვილი ე. (2020). სოციალური მეწარმეობა საქართველოში.                   თბილისი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი http://www.seageorgia.ge/uploads/files/research_sea_csi_5f0da812d3a20.pdf
  • თაკალანძე ლ. (2016). ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბიზნესში. თბილისი: გამომცემლობა ,,ინტელექტი“
  • დელოიტის გლობალური ათასწლეულის კვლევა (2019). https://www2.deloitte.com/content/dam/Deloitte/global/Documents/About-Deloitte/deloitte-2019-millennial-survey.pdf
  • საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის მონაცემები.  http://www.seageorgia.ge/
  • სოციალური მეწარმეობის კონცეფცია,  Mustansir Ezzi, Concept of Social Entrepreneurship (studylib.net)
  • ირაკლი მხეიძე (2017). სამაგიდე კვლევა საქართველოში სოციალური მეწარმეობის არსებული პრაქტიკები და გამოწვევები.  საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი. https://asb.ge/sites/default/files/sakartveloshi_socialuri_mecarmeobis_arsebuli_praktikebi_da_gamocvevebi.pdf.

 

References:

  • Murghulia Sh., Modebadze Z., Mkheidze I ., Datuashvili E. (2017). socialuri metsarmeobis sakhelmdzgvanelo.   [Handbook of Social Entrepreneurship Tbilisi: Center for Strategic Research and Development of Georgia.]. in Georgian                     https://osgf.ge/files/2017/SE_manual_2017-asatvirti1_1.pdf
  • Khoferia L., Narmania D. (2012). korporatsiuli socualuri pasukhismgebloba da sajaro seqtoris roli. [Corporate Social Responsibility and the Role of the Public Sector. Tbilisi.] in Georgian.                    http://www.seageorgia.ge/uploads/files/research_sea_csi_5f0da812d3a20.pdf
  • Crowther D., Aras G. (2008). Corporate Social Responsibility. Bookboon.com. ISBN 978-87-7681-415-1
  • Datuashvili E. (2020). Sotsialuri mestarmeoba saqartveloshi.  [Social Entrepreneurship In Georgia. Tbilisi: Civil Society Institute.] in Georgian http://www.seageorgia.ge/uploads/files/research_sea_csi_5f0da812d3a20.pdf
  • Takalandze L. (2016). Etikuri da sotsialuri pasukhismgebloba saertashoriso biznesshi.  [Ethics and Social Responsibility in International Business. Tbilisi: "Intellect" publishing house.]  in Georgian.
  • deloitis globaluri atastsleulis kvleva (2019). [Deloitte's Global Millennium Survey (2019).• Data from the Alliance of Social Enterprises of Georgia.]   in Georgian  http://www.seageorgia.ge/
  • sotsialuri metsarmeobis kontseptsia. [Concept of Social Entrepreneurship, Mustansir Ezzi, Concept of Social Entrepreneurship in Georgian  (studylib.net)
  • irakli mkheidze (2017). samagide kvleva sakartveloshi sotsialuri metsarmeobis arsebuli praktikebi da gamotsvevebi. [Desk Research on Current Practices and Challenges of Social Entrepreneurship in Georgia. Strategic Research and Development Center of Georgia.] in Georgian