English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ნუგზარ პაიჭაძეკახაბერ პაიჭაძე
დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული უმუშევრობის მაჩვენებლები საქართველოში და მისი შემცირების გზები

  სამეცნიერო სტატიაში განხილულია 2012-2021 წლებში საქართველოში მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები, შეფასებულია რა გავლენა იქონია დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ, შესწავლილი და გაანალიზებულია, სადღეისოდ, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები, რათა დასახული იქნეს მისი შემცირების კონკრეტული გზები.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე, სტატია ეხება მოსახლეობის დასაქმებასა და უმუშევრობასთან დაკავშირებული ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის არსი და მისი განსხვავება ანალოგიური ძველი მეთოდოლოგიისაგან, 2012-2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის ზოგადი მდგომარეობა და მისი ანალიზი, სქესობრივი ჭრილით საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, ქალაქ-სოფლის ჭრილით საქართველოში უმუშევრობის დონე და მისი ანალიზი, საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე რეგიონული და ასაკობრივი ჭრილით და მისი ანალიზი, საქართველოში უმუშევრობის ძირითადი მიზეზები და მათი შემცირების გზები და  სხვ.

2020 წლიდან დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლით, საქართველოში საგრნობლად შეიცვალა დასაქმებასთან დაკავშირებული ისეთი მაჩვენებლების გამომხატველი ციფრები, როგორიცაა: სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა), დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, უმუშევრები, დასაქმების დონე, უმუშევრობის დონე. ცხადია, აღნიშნულის გათვალისწინებით, მომავალში მოცემული პრობლემის კვლევისას მიღებული დასკვნები განსხვავებული იქნება, ვიდრე ამას ადგილი ექნებოდა დასაქმების სტატისტიკის  ძველი მეთოდოლოგიით კვლევისას. გარდა ამისა გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსახლეობის უმუშევრობა ხასიათდება დროში მუდმივი ცვალებადობით.  ყოველივე ეს კი მიუთითებს მოცემული სამეცნიერო სტატიის აქტუალურობაზე.

      

საკვანძო სიტყვები:  დასაქმება და უმუშევრობა, სამუშაო ძალა, დასაქმებისა და უმუშევრობის დონე.

 

შესავალი

 

       უმუშევრობა ესაა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის დროსაც მუშაობის მსურველი მოსახლეობის ნაწილს არ შეუძლია იპოვოს სამუშაო, რომლის შესრულება მას ხელეწიფება.

       უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკის საკვანძო პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირება. საქმე ისაა, რომ დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემასთან უშუალოდაა დაკავშირებული ეროვნულ ეკონომიკაში მიმდინარე სრუქტურული ძვრები, დემოგრაფიული, სტრუქტურულ-საგანმანათლებლო და სხვა პროცესები. ამიტომაა, რომ დასაქმების მაღალი დონის მიღწევა სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.

       უმუშევრობის მთავარი ნეგატიური ეკონომიკური შედეგია საზოგადოების ეკონომიკური პოტენციალის არასრული გამოყენება, თავის მხრივ, რისი შედეგიცაა ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის წარმოების შესაძლებლობის შემცირება და სხვა მთელი რიგი ეკონომიკური და სოციალურ-ფსიქოლოგიური ხასიათის ისეთი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა: კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, სოციალური დაძაბულობის გაძლიერება, ადამიანების დაავადებათა ზრდა და ა. შ. ყოველივე აღნიშნული, საბოლოო ანგარიშით, იწვევს მოსახლეობის გაღატაკებას. სწორედ ესაა უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური შედეგი. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობას ახლავს ზოგიერთი დადებითი მომენტიც. ესენია: შრომითი უნარ-ჩვევების განვითარებაში მომუშავეებს შორის კონკურენცია, შრომის ინტენსივობისა და მწარმოებლურობის ზრდის სტიმულირება და ა. შ.

       მოცემულ პრობლემაზე როგორც უცხოელი, ასევე, ქართველი მკვლევრების მიერ მრავალი მნიშვნელოვანი მეცნიერული შრომაა შესრულებული, რომელთა   მოცემულ პრობლემაზე, ჩვენი აზრით, რიგ სწორ დასკვნებსა და მოსაზრებებს ავტორები იზიარებენ და იყენებენ წინამდებარე სამეცნიერო სტატიაში.                        

       დასასრულ, ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, შემოთავაზებულია საქართველოში უმუშევრობის შემცირების კონკრეტული ღონისძიებები.

 

დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ

 

     უმუშევართა მაჩვენებლის გაანგარიშების ძველი საერთაშორისო სტანდარტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2018 წელს შეიცვალა. დასაქმების სტატისტიკის როგორც ძველი, ასევე, ახალი მეთოდოლოგიით, უმუშევრად ითვლება 15 და უფრო მეტი ასაკის პირი, რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა კვირაში ერთი საათითაც კი არ მუშაობდა, იმავდროულად ეძებდა სამუშაოს იმავე თვის განმავლობაში და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მზად იყო მუშაობის დასაწყებად.

       დასაქმების სტატისტიკის ახალ და ძველ მეთოდოლოგიას შორის განსხვავება ისაა, რომ ახალი მეთოდოლოგიით განსხვავებულად ხდება დასაქმებულებისა და უმუშევრების მაჩვენებლების დათვლა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, თვითდასაქმებულებში, რომელთა წილი საკმაოდ მაღალია მთლინად დასაქმებულებში, აღარ ითვლებიან პირები, რომლებიც საკუთარ სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო მეურნეობაში მიღებულ პროდუქციას (50% ზე მეტს) საკუთარი მოხმარებისთვის იყენებენ. აღნიშნული სტატუსის პირები, დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით, გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში ან სამუშაო ძალის გარეთ მყოფ მოსახლეობაში, იმის გათვალისწინებით, ეძებენ თუ არა ისინი სამუშაოს და მზად არიან თუ არა მის დასაწყებად.

       ცხადია, უმუშევართა რაოდენობის გაანგარიშების ახალი სტანდარტების დანერგვა განაპირობებს  უმუშევართა რიცხოვნობის მაჩვენებლის გადიდებას და, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხოვნობის მაჩვენებლის შემცირებას. ყოველივე ეს კი იწვევს მოსახლეობის დასაქმების დონის მაჩვენებლის შემცირებასა და უმუშევრობის დონის მაჩვენებლის გაზრდას. ცხადია, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს უმუშევრობის რეალური დონის არა ზრდასთან, არამედ მის მიახლოებასთან უმუშევრობის სწორედ იმ რეალურ დონესთან, რომელიც სინამდვილეშია და, ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებისას, ხელოვნურად იყო შემცირებული   თვითდასაქმებულთა გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ხარვეზის გამო.

       როგორც უკვე აღინიშნა,საქართველო დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა 2020 წელს. მანამდე დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 1982 წელს შემუშავებული მეთოდოლოგიით ითვლებოდა,  რის გამოც, ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იყო აცდენილი რეალურისგან. ამაზე ნათლად მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სოფლად ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული უმუშევრობის დონის მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ დაბალია, ვიდრე ქალაქად. ფაქტობრივად, ქალაქად და სოფლად უმუშევრობის მაჩვენებლების ასეთი დიდი სხვაობა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მანამდე არსებული დასაქმების სტატისტიკის მეთოდოლოგიით, სოფლად მცხოვრებლები, რომელთაც გააჩნდათ მიწის ნაკვეთი, მიუხედავად იმისა ჰქონდათ თუ არა შემოსავალი, ან მიღებული შემოსავლის უმეტეს ნაწილს იყენებდნენ თუ არა საკუთარი მოხმარებისთვის, დასაქმებულებად ითვლებოდნენ. მათი რაოდენობა კი დაახლოებით        800ათასი       კაცია  (ტყეშელაშვილი, https://search.yahoo.com/search?fr=mcafee&type=E210US91215G91640&p=%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%8 ).

მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უმუშევრობის დონის გაანგარიშების მეთოდოლოგია, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ გააჩნია გარკვეული ნაკლოვანება. მათ შორისაა ის, რომ პიროვნების დასაქმებულად ცნობისას მხედველობაში არ მიიღება შემთხვევები, როცა ადამიანები არ ეძებენ  სამუშაოს იმის გამო,რომ დაკარგეს მისი პოვნის იმედი  და  ხელი ჩაიქნიეს.  ასევე, ამ დროს მხედველობაში არ მიიღება დასაქმებულის შრომის ანაზღაურების სიდიდე როგორ თანაფარდობაშია საარსებო მინიმუმთან. ამის შესახებ მიუთითებდნენ შრომის ეკონომიკის პრობლემების მსოფლიო დონის ისეთი მკვლევრები, როგორიცაა მაიკლ არმსტრონგი (2012), როლანდ დჟ. ერენბერგი და რობერტ ს.სმიტი (1996) და სხვ..

 

2012-2021 წლებში საქართველოს მოსახლეობის დასაქმებისა  და

უმუშევრობის არსებული მდგომარეობა და მისი ანალიზი

 

      ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს  უმუშევრობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-10 ადგილზე იყო. მოცემულ წელს უმუშევრობის დონესაქართველოში 18.5% იყო. აღნიშნულ წელს,  18.5%-ზე მეტი უმუშევრობის დონე მხოლოდ შემდეგ 9 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში იყო: სამხრეთ აფრიკა_28.7%, დასავლეთ სანაპირო და ღაბა_27.4%, ლესოტო_24.6%, ესვატინი_23.4%, გაბონი_20.5%, ნამიბია_20.4%, სენტ-ვინსენტი_20.3%, სომხეთი_20.2%, ლიბია_19.4% (ნამჩავაძე https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/). რაც შეეხება ევროკავშირისა  და მსოფლიოს ეკონომიკურად მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, აქ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის უმუშევრობის დონე 3-4-ჯერ და მეტჯერ უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში.          

საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ 2012-2021 წლების მონაცემები მოცემულია ცხრილში 1.

 

საქართველოში მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის

მაჩვენებლები 2012-2021 წლებში

ცხრილი 1

მაჩვენებლები

2012წ.

2014წ.

2015წ.

2019წ.

2020წ.

2021წ.

სამუშაო ძალა,

ათასი კაცი:

ა)ახალი მეთოდოლოგიით

ბ)ძველიმეთოდოლოგიით

 

 

...

2029.1

 

 

1629.0

1991.0

 

 

1675.6

 

 

1572.8

1911.2

 

 

1523.7

 

 

1533.6

დასაქმებულები სულ, ათასი კაცი:

ა)ახალი მეთოდოლოგიით

ბ)ძველი მეთოდოლოგიით

 

 

...

1724.0

 

 

1255.0

1745.2

 

 

1305.5

...

 

 

1295.9

1690.2

 

 

1241.8

...

 

 

1217.4

...

უმუშევარი, ათასი კაცი:

ა)ახალი მეთოდოლოგიით

ბ)ძველი მეთოდოლოგიით

 

...

305.1

 

374.0

246.0

 

387.2

...

 

276.9

221.0

 

281.9

...

 

316.2

...

უმუშევრობის დონე, %:

ა)ახალი მეთოდოლოგიით

ბ)ძველი მეთოდოლოგიით

 

26.7

15.0

 

23.0

14.2

 

21.9

...

 

17.6

11.6

 

18.5

...

 

20.6

...

     წყარო: საქარველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშები

 

       როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, საქართველოში დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული  სამუშაო ძალა, ანუ, იგივე, ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 46.6 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო მომდევნო წლებში იგი თანდათანობით მცირდებოდა და 2020 წელს შეადგინა 1523.7 ათასი კაცი. 2021 წელს კი იგი  წინა წელთან შედარებით  9900 კაცით გაიზარდა. ამდენად, 2015-2021 წლებში სამუშაო ძალა საქართველოში შემცირდა 142 ათასი კაცით, ანუ დაახლოებით 8%-ით.  დასაქმების სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული საქართველოში სამუშაო ძალის რაოდენობის მაჩვენებლები მეტი იქნებოდა, რაც ძირითადად გამოწვეულია მისი (ძველი  მეთოდოლოგიის) იმ ნაკლოვანებებით, რომლებზედაც ზემოთ იყო მსჯელობა. მაგალითად, როგორც ამავე ცხრილიდან ჩანს 2014 და 2019 წლებში, ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული, სამუშაო ძალის მაჩვენებელი საქართველოში იყო, შესაბამისად, 1991.0 და 1911.2 ათასი კაცი, ხოლო ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული იგივე მაჩვენებლები იგივე წლებში იყო შესაბამისად,1629.0 და 1572.8 ათასი კაცი, ანუ აღნიშნული მიზეზით საქართველოში სამუშაო ძალის მაჩვენებელი   შემცირდა დაახლოებით 18 პროცენტით. ამავე ცხრილიდან ჩანს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა 2014-2021 წლებში, ისე როგორც სამუშაო ძალის მაჩვენებელი, ყველაზე მაღალი იყო 2015 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი 2021 წელს ( შესაბამისად,1305.5 ათასი კაცი და 1217.4 ათასი კაცი). ცხადია, დასაქმებულთა რაოდენობის გამომხატველი მაჩვენებლის სიდიდეზე გავლენას ახდენს დასაქმების სტატისტიკის რომელი მეთოდოლოგიით იქნება იგი  გამოთვლილი. მაგალითად, ამავე 1-ლი ცხრილიდან ჩანს, რომ ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშების შემთხვევაში 2014 და 2019 წლებში დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი არის შესაბამისად, 1745.2 ათასი  და 1690.2 ათასი კაცი, ხოლო იმავე წლებში ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული იგივე მაჩვენებლებია შესაბამისად, 1255.0 და 1295.9 ათასი კაცი, ანუ ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ მაჩვენებლებთან შედარებით   შემცირებულია შესაბამისად, დაახლოებით 29 და 23 პროცენტით. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ, როგორც მოცემულ პრობლემაზე მომუშავე მკვლევრები მ. ტუღუში, მ. ცარციძე და ნ. ლაცაბიძე თავიანთ მეცნიერულ გამოკვლევებში მიუთითებენ, ძველი მეთოდოლოგიით გამოთვლილი დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ობიექტურად ვერ ასახავს არსებულ მდგომარეობას, რომ ხელოვნურადაა გაზრდილი დასაქმების დონე და, შესაბამისად, შემცირებულია უმუშევრობის დონე (ტუღუში მ,,2013; ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ.,2012,; ლაცაბიძე ნ.,ცარციძე მ.,2009).

               რაც შეეხება უმუშევართა რაოდენობას, მის გამომხატველ მაჩვენებელზეც  შესამჩნევი გავლენა იქონია დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ. კერძოდ,  ამ მიზეზით საგრძნობლად გაიზარდა უმუშევართა რაოდენობის ოფიციალური მაჩვენებელი და, შესაბამისად, უმუშევრობის დონის მაჩვენებელი, რამაც, ცხადია, შეამცირა დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებელი და დასაქმებულთა დონე. მაგალითად, როგორც 1-ლი ცხრილიდან ჩანს, 2019 წელს საქართველოში ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული უმუშევარი იყო 276.9 ათასი კაცი, უმუშევარობის დონე კი_17.6%. ამავე წელს, ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული იგივე მაჩვენებლები იყო 221.0  ათასი კაცი და და 11.6%. ამავე ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოში დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული უმუშევრობის დონე 2012 წლიდან მოყოლებული 2019 წლამდე თანდათანობით მცირდებოდა     (იგივე ტენდენციაა დაცული მოცემული მაჩვენებლის ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშების შემთხვევაშიც). იგი 2012 წლის 26.7%-დან 2019 წელს 17.6%-მდე შემცირდა. მომდევნო 2020 წელს კი ის წინა წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, მომდევნო 2021 წელს მისმა ზრდამ  2019 წელთან შედარებით 3 პროცენტული  პუნქტი შეადგინა, ანუ  გაიზარდა  დაახლოებით 17 %-ით. ამის ძირითადი მიზეზი დაკავშირებულია ქვეყანაში კოვიდ-19 ინფექციის მასობრივად გავრცელებასთან, რომლის გამო ბევრმა დასაქმებულმა დაკარგა თავისი სამუშაო ადგილი. პანდემიამ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში რამდენიმე თვით თითქმის მთლიანად გააჩერა ეკონომიკა და შეცვალა ადამიანების ცხოვრების რიტმი. მოცემულ წლებში მეტი აქტუალურობა შეიძინა უმუშევართა სოციალური დაცვის თანამედროვე სისტემის სრულყოფის საკითხებმა (ცარციძე მ,, ლაცაბიძე ნ., 2021).

       საქართველოში სქესობრივ და ქალაქ-სოფლის ჭრილით უმუშევრობის დონის შესახებ მონაცემები მოცემულია ცხრილში 2.

 

საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე სქესობრივ და

ქალაქ-სოფლის ჭრილით

     ცხრილი 2       

მაჩვენებლები

2012წ.

2016წ.

2019წ.

2020წ.

2021წ.

საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე, %

 

26.7

 

21.7

 

17.6

 

18.5

 

20.6

მათ შორის:

ა)მამაკაცების

ბ)ქალების

გ)ქალაქებში

დ)სოფლებში    

 

27.5

25.8

29.7

22.4

 

24.9

17.6

24.8

16.9

 

18.9

16.0

18.2

16.7

 

20.2

16.2

20.2

15.8

 

22.7

17.8

22.2

18.2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშები

 

              როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, 2012-2021 წლებში უმუშევრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში. აღნიშნული იმაზე კი არ მიუთითებს, რომ საქართველოში ზოგადად მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი, არამედ იგი  დასაქმების სტატისტიკის მეთოდოლოგიის იმ თავისებურების შედეგია,  რომლის მიხედვითაც პიროვნება, რომელიც მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობის შესწავლის მიზნით გამოკითხვისას არ გამოთქვამს მუშაობის სურვილს, და ურჩევნია დაკავდეს სხვა ისეთი საქმიანობით, როგორიცაა შვილების აღზრდა და სხვა მსგავსი საქმიანობა, ან საერთოდ არ სურს მუშაობა,_არ ითვლება უმუშევრად. ასეთები კი ჩვენში, ზოგადად, ტრადიციიდან თუ სხვა გარემოებიდან გამომდინარე, ქალებში გაცილებით მეტია, ვიდრე მამაკაცებში. ზემოაღნიშნულ 2012-2021 წლებში მამაკაცებსა და ქალებს შორის უმუშევრობის დონეში დაცილება ყველაზე მაღალია 2016 წელს (7.3 პროცენტული პუნქტი), ხოლო ყველაზე დაბალი_2012 წელს (1.7 პროცენტული პუნქტი).

       იმავე მე-2 ცხრილიდან ჩანს, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში უფრო მაღალია ქალაქებში, ვიდრე სოფლებში. 2012-2021 წლებში ქალაქებსა და სოფლებში უმუშევრობის დონეში დაცილება ყველაზე მაღალი იყო 2016 წელს (7.9 პროცენტული პუნქტი, ხოლო ყველაზე დაბალი_2019 წელს (1.5 პროცენტული პუნქტი). ქალაქებსა და სოფლებში უმუშევრობის მაჩვენებლებში გაცილებით უფრო მეტი დაცილება იყო აღნიშნული მაჩვენებლების დასაქმების სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიით გამოთვლისას. მაგალითად, ქალაქად ძველი მეთოდოლოგიით გამოთვლილი აღნიშნული მაჩვენებელი   სოფლად შესაბამის მაჩვენებელს   აღემატებოდა: 2006 წელს_5.8-ჯერ; 2010 წელ_3.4-ჯერ; 2012 წელს_3.6-ჯერ და 2014 წელს-4-ჯერ (პაიჭაძე ნ.,2016). ყოველივე ეს კი გამოწვეული იყო დასაქმების სტატისტიკის ძველი მეთოდოლოგიის ნაკლოვანებით.

       საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე რეგიონული და ასაკობრივი ჭრილით მოცემულია ცხრილში 3.

 

საქართველოს მოსახლეობის უმუშევრობის დონე რეგიონული და ასაკობივი 

ჭრილით 2021 წელს 

ცხრილი 3.        

რეგიონები

უმუშევრობის     დონე, %

ასაკობრივი ინტერვალი

უმუშევრობის დონე,%

საქართველო

კახეთი

ქ. თბილისი

შიგა ქართლი

ქვემო ქართლი

აჭარა

სამეგრელო-ზემო სვანეთი

იმერეთი

სამცხე-ჯავახეთი

გურია

მცხეთა-მთიანეთი

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

 20,6

 8.7

 23.8

 22.3

25.2

19.2

15.7

 23.1

14.9

17.1

14.7

        

 30.0

15-19

20-24

25-29

30-34

35-39

40-44

45-49

50-54

55-59

60-64

65 და მეტი

   52.2

   41.0

   27.8

   24.5

   20.0

   20.4

   17.0

   17.8

   16..

   13.0

    6.0

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშები

      

როგორც მე-3 ცხრილიდან ჩანს, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე შედარებით მაღალი იყო რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში (30.0%), ქვემო ქართლში (25.2%) და ქ. თბილისში (23.8%), ხოლო ყველაზე დაბალი_კახეთში (8.7%), მცხეთა-მთიანეთში (14.7%), და სამცხე-ჯავახეთში (14.9%).

       რაც  შეეხება უმუშევრობის დონეს ასაკობრივი ინტერვალის მიხედვით, როგორც ამავე მე-3-ე ცხრილიდან ჩანს, იგი ყველაზე მაღალია 15-19; 20-24 და 25-29  ასაკობრივი ინტერვალის აქტიურ მოსახლეობაში (შესაბამისად, 52.2%, 41.0% და 27.8%), ხოლო ყველაზე დაბალი 60-64 და 65 და მეტი ასაკის აქტიურ მოსახლეობაში (შესაბამისად, 13.0% და 6 %). მოცემულ პრობლემაზე მომუშავე სპეციალისტთა აზრით, ახალგაზრდა ასაკში  მყოფ აქტიურ მოსახლეობაში უმუშევრობის შედარებით მაღალი დონის მიზეზია ის, რომ მათი დიდი  ნაწილი არ ფლობს რაიმე მნიშვნელოვან სპეციალობას და უჭირს მუშაობის დაწყება (მ. ცარციძე, 2019,) ხოლო 60-64 და 65 და მეტი ასაკის აქტიურ მოსახლეობაში უმუშევრობის დაბალი დონის მიზეზია ის ეაქტი, რომ მათთვის დამდგარია ან მოახლოებულია საპენსიო ასაკი და მათი უმრავლესობა არ ეძებს სამუშაოს.

 

 

უმუშევრობის  ძირითადი მიზეზები და მისი შემცირების

გზები საქართველოში

 

        საქართველოში უმუშევრობის მთავარ მიზეზად მიიჩნევენ ეკონომიკაში ინვენსტიციების სიმცირეს და მისგან გამომდინარე მცირე ეკონომიკას, რის გამოც ქვეყანაში არ არსებობს იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენიც სამუშაოს მსურველია. ამასთან ერთად, არსებობს უმუშევრობის ისეთი მიზეზები,როგორიცაა: სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია, როცა მათი პროფესიულ-საკვალიფიკაციო დონე არ შეესაბამება ეკონომიკის ახალ მოთხოვნებს, არასტაბილური პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარემო. წარმოების დაბალი ტექნიკურ-ტექნოლოგიური დონე,  წარმოების სეზონური ხასიათი, წარმოების საშუალებების (ნედლეულის, ენერგიის და ა. შ.) ნაკლებობა და სხვ.

უმუშევრობასთან ბრძოლის ერთიანი მეთოდი არ არსებობს. ნებისმიერი ქვეყანა უმუშევრობის შემცირების მიზნით სხვადასხვა მეთოდს იყენებს. მათ შორისაა: დასაქმების სამსახურების შექმნა, ფრიქციულ (ბუნებრივ) უმუშევრობასთან საბრძოლველად შრომის ბაზრის ინფორმაციული უზრუნველყოფის გაუმჯობესება, სამუშაო ძალის კვალიფიციური დონის ამაღლება, ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება და ა. შ. ცხადია, უმუშევრობის შემცირების ჩამოთვლილი გზებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში სოციალურ- პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, რამდენადაც ძირითადად მასზეა დამოკიდებული უმუშევრობის შემცირების  ზემოჩამოთვლილი გზების გამოყენების შესაძლებლობა და მათი ეფექტიანობა. საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სათანადო ყურადღება არ ექცევა მოსახლეობის უმუშევრობის დონის შემცირების  ღონისძიებათა შემუშავებასა და მათ ცხოვრებაში გატარებას. პირიქით, ზოგჯერ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ტარდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც არათუ ხელს უწყობენ მოსახლეობის  უმუშევრობის დონის შემცირებას, არამედ, პირიქით, იწვევენ მის გადიდებას. მაგალითად, 2006 წელს  გაუქმდა   კანონი „დასაქმების შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროფესიული მომზადება-გადამზადებასთან, უმუშევრებისათვის შემწეობის დანიშვნასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტები. ამავე წელს გაუქმდა დასაქმების სახელმწიფო სამსახური,, რომელიც ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და რომლის ფუნქციები იყო უმუშევართა აღრიცხვა და მათი პროფესიული მომზადება-გადამზადება, დასაქმებაზე შუამდგომლობა, უმუშევრებისათვის შემწეობის დანიშვნა და ა. შ. (პაიჭაძე ნ, 2016).

       ხელისუფლების ზემოაღნიშნული ქმედებით მთლიანად მოიშალა ქვეყანაში მანამდე არსებული    დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად არეგულირებდა შრომის ბაზრის ფუნქციონირებას. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური ხელისუფლების მიერ მიღებული ზემოაღნიშნული კანონის გაუქმებიდან დიდი დრო გავიდა, მისი უარყოფითი შედეგების გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ცოტაა გაკეთებული,  რაც, ჩვენი აზრით, უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყანაში შრომის ბაზრის ნორმალურ რეგულირებაზე. მაგალითად, ჩვენში ფრიქციული (ბუნებრივი) უმუშევრობა უმეტესად გამოწვეულია სამუშაო ადგილების ვაკანსიების არსებობის შესახებ მუშაობის მსურველთათვის სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლობით. სწორედ ამ ტიპის და, კერძოდ, მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლასა და გადაწყვეტასთან იყო დაკავშირებული საქართველოში 2006 წლამდე ფუნქციონირებადი დასაქმების მართვასთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული სამსახურები, რომლებიც, როგორც უკვე აღინიშნა, ნაციონალურმა ხელისუფლებამ, სრულიად უსაფუძვლოდ, ერთი ხელის მოსმით გააუქმა.                            

იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ 2020 წლის ივლისში ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ (საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის  შესახებ“, 2020).მისი მიზანია_ მოაწესრიგოს დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფოს საქმიანობა. იგი განსაზღვრავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. მოგვიანებით, 2021 წლის მარტში,, ამ კანონში შეტანილ იქნა გარკვეული ცვლილებები (საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, 2021).

       საქართველოში მოსახლეობის უმუშევრობის დონის შესამცირებლად საჭიროდ მიგვაჩნია განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  1. მომავალშიაც გაგრძელდეს მუშაობა დასაქმების სტატისტიკის მეთოდოლოგიის სრულყოფის მიმართულებით;
  2. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ქვეყნის ეკონომიკის და, უპირველეს ყოვლისა, მისი რეალური სექტორის, პირველ რიგში კი, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. დაიხვეწოს ინვენსტიციების მხარდაჭერისა და ხელშეწყობის სისტემა.ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე მდგომი ორი მთავარი ამოცანის გადაწყვეტას:პირველი, ქვეყანამ აწარმოოს საკმარისი ოდენობის პროდუქცია, რომელზეც დიდი მოთხოვნაა როგორც შიგა ბაზარზე, ასევე, გარე ბაზარზე და მეორე, დიდი რაოდენობით შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, რაც, ცხადია, გამოიწვევს ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებას;
  3. დასაქმების სფეროში სახელმწიფომ განახორციელოს ისეთი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის ზრდისათვის პირობების შექმნას,რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სამუშაო ძალაზე მოთხოვნის გადიდებას და, შესაბამისად, უმუშევრობისშემცირებას;
  4. ამაღლდეს სახელმწიფოს როგორც კანონმდებლისა და ერთ-ერთი მსხვილი დამქირავებლის როლი უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტაში. როგორც დამქირავებელმა მან მაგალითი უნდა მისცეს სხვა დამქირავებლებს ახალი სამუშაო ადგილებისა და მუშაობის ჯანსაღი პირობების შექმნაში, ხოლო როგორც კანონმდებელმა ჩამოაყალიბოს ისეთი ინსტიტუტები და შექმნას ისეთი კანონები, რომლებიც ეფექტიანად იმუშავებს ადგილობრივი და უცხოელი მეწარმეებისა და მომუშავეთათვის მიმზიდველი და სანდო გარემოს შესაქმნელად;
  5. უფრო მეტი ყურადღება გამახვილდეს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის სრლყოფის საკითხებზე.ქვეყნის დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონისა და ტენდენციების გათვალისწინებით, დაიხვეწოს და სრულყოფილ იქნეს იგი.  ახალი რეალობების გათვალისწინებით, აღდგეს დასაქმების მართვასთან დაკავშირებული 2005-2006 წლებში გაუქმებული და ჯერ არაღდგენილი დასაქმების სამსახურები;
  6. კიდევ უფრო გაფართოვდეს მაღალკვალიფიციური მუშებისა და   საშუალო-ტექნიკური განათლებით სპეციალისტების  მომზადება,განსაკუთრებით   ეკონომიკის ისეთი დარგებისთვის, როგორიცაა: მანქანათმშენებლობა, ელექტრონიკა, რადიოტექნიკა, გამოთვლითი ტექნიკა, ინფორმატიკა და ა. შ., რომლებიც,  ჯერ კიდევ განიცდიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დაეფიციტს და ხშირად იძულებული არიან შესაბამისი კადრები მოიწვიონ საზღვარგარეთიდან, რაც, ცხადია, გარკვეულ ზედმეტ დანახარჯებთანაა დაკავშირებული;
  7. მართვის როგორც მაღალი, ასევე, დაბალი და საშუალო რგოლის სპეციალისტებისა და  მუშათა კადრების მომზადებისას, მათი მობილურობის ამაღლების მიზნით, უპირატესობა მიენიჭოს მრავალპროფილურ სწავლებას,შეიქმნას კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების გამართული სისტემა;
  8. დაინერგოს ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული მუშაობის ისეთი ფორმები,როგორიცაა: არასრული სამუშაო დღით ან არასრული სამუშაო კვირით დასაქმება, ონლაინ რეჟიმში მუშაობა და სხვ.;
  9. მეტი ყურადღება დაეთმოს ისეთი სამუშაო ადგილების შექმნას, რომლებიც არაა ორიენტირებული მოგების მიღებაზე.მაგალითად, მუშაობა გარემოს დაცვაზე და ა. შ.

სადღეისოდ,საქართველოში უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი გზაა ქვეყნის მთავრობის მიერ შემუშავებული ე. წ. „სოციალურად დაუცველ პირთა სოციალური პროგრამა“, რომელიც 2022 წლის 2 მარტს ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის მიზანი ისაა, რომ დღეისთვის საქართველოში 600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირებიდან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანი პირი დასაქმდეს სათანადო ორგანოს მიერ შეთავაზებულ ისეთ სამუშაოებზე, რომელთა შესრულება ნებისმიერ კვალიფიკაციის პირს შეუძლია. თავდაპირველად იგეგმება 100 ათას ადამიანზე მეტის დასაქმება. ის ბენეფიციარები, რომლებიც მოისურვებენ მოცემულ პროგრამაში მონაწილეობას, სოციალური დახმარებისა და ანაზღაურების გარდა მიიღებენ თვეში 300 ლარს. ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ შეღავათს, რომელიც მანამდე ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მქონე შრომისუნარიანი პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე , ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება.

* * *

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია თვითდასაქმებულთა რაოდენობის გამომხატველი მაჩვენებლის შემცირება. შესაბამისად, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობის მაჩვენებელიც, რისი ლოგიკური შედეგიცაა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის გადიდება. მაგალითად, თუ 2012 წელს ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული საქართველოში უმუშევრობის დონის მაჩვენებელი 15% იყო, იგივე წელს იგივე მაჩვენებელი, დასაქმების სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული, 26,7 %-ია, ანუ 11.7 პროცენტული პუნქტით მეტი, ვიდრე ძველი მეთოდოლოგიით გაანგარიშებისას იყო. დასაქმების სტატისტიკის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლამ გამოიწვია, აგრეთვე, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის უმუშევრობის დონის გამომხატველი მაჩვენებლების დაახლოება.

       ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოში უმუშევრობის დონე თანდათანობით მცირდებოდა, ხოლო 2020 და 2021 წლებში იგი გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რისი ძირითადი მიზეზია კოვიდ--19 პანდემიის გავრცელება.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის დასკვნით ნაწილში შემოთავაზებულია, ავტორის აზრით, საქართველოში მოსახლეობის უმუშევრობის დონის შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებები.

 

 ლიტერატურა:

 

  • ტყეშელაშვილი შ. (2020) როგორ გაზრდის ახალი მეთოდოლოგია უმუშევრობის დონეს, BUSINESS MEDIA GEORGIA_https://search. yahoo.com/search?fr=mcafee&type=E210US91215G91640&p=%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%;
  • ნამჩავაძე ბ. (2021). უმუშევრობით მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა. -Forbes: https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წლიური ანგარიშები.
  • ტუღუში მ. (2013).  დასაქმების ეფექტიანი სახელმწიფოებრივი რეგულირებისათვის.  „ეკონომიკა და ბიზნესი“, #2.
  •  ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ. (2012). შრომის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში, „ეკონომიკა და ბიზნესი“, #1.
  • ლაცაბიძე ნ., ცარციძე მ. (2009). უმუშევრობის ეკონომიკური და სოციალური შედეგები საქართველოში.“ეკონომიკა და ბიზნესი“, #2.
  • ცარციძე მ.,  ლაცაბიძე ნ. (2021). სოციალური დაზღვევის სისტემის ფორმირების ეტაპები და განვითარების პერსპექტივები საქართველოში, „ეკონომიკა და ბიზნესი“, #2.
  • ცარციძე მ. (2019). შრომის აქტიური პოლიტიკა და ახალგაზრდების დასაქმების თავისებურებები საქართველოში,  „ეკონომიკა და ბიზნესი“, #2.
  • პაიჭაძე ნ. (2016). უმუშევრობის პრობლემა საქართველოში და მისი დაძლევის გზები,  „ეკონომიკა და ბიზნესი“, #1.
  • საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“, თბ., 14 ივლისი, 2020, #6819_რს.
  • საქართველოს კანონი „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, თბ., 16 მარტი, 2021, #362_IVმს_Xმპ.
  • Маикл Армстронг (2012). Практика управления человеческими ресурсами. Перевод с анлийского.
  • Рональд Дж. Еренберг, Роберт С. Смит (1996). Современная экономика труда. Перевод с английского. М.

 

 

 

References:

 

  • Tkeshelashvili S. (2020). rogor gazrdis akhali metodologia umushevrobis dones. [How the New Methodology will Increase the Unemployment Rate.]

BUSINESS MEDIA GEORGIA  https://search. yahoo.com/search?fr= mcafee&type= E210US91215G91640&p=%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%97%E1%8 (in Georgian)

  • Namchavadze B. A (2021). umushevrobit msoplioshi gamorcheuli kveqana. [Country Distinguished by Unemployment in the World.] Forbs :https://forbes.ge/umushevrobith-msophlioshi-gamorcheuli-qveqhana/ (in Georgian)
  • sakartvelos statistikis erovnuli samsakhuris ts’liuri angarishebi. [Annual Reports of the National Statistics Office of Georgia.] (in Georgian)
  • Tugushi M. (2013). dasakmebis epektiani sakhelmtsipoebrivi regulirebisatvis. For Effective State Regulation of Employment. "Economics and Business", # 2. (in Georgian)
  • Tsartsidze M., Latsabidze N. (2012). shromis bazris ganvitarebis perspektivebi sakartveloshi. [Labor Market Development Perspectives in Georgia, "Economics and Business", # 1.] (in Georgian)
  • Latsabidze N., Tsartsidze M. (2009). umushevrobis ekonomikuri da sotsialuri shedegebi sakartveloshi.“ [Economic and Social Consequences of Unemployment in Georgia, “Economics and Business”, # 2.] (in Georgian)
  • Tsartsidze M., Latsabidze N. (2021). sotsialuri dazghvevis sistemis pormirebis etapebi da ganvitarebis pespek’ivebi sakartveloshi. [Stages of Formation of Social Insurance System and Development Perspectives in Georgia, "Economcs and Business", # 2.] (in Georgian)
  • Tsartsidze M. (2019). shromis aktiuri politika da akhalgazrdebis dasakmebis taviseburebebi sakartveloshi. [Active Labor Policy and Peculiarities of Youth Employment in Georgia, "Economics and Business", # 2.] (in Georgian)
  • Paichadze N. (2016). umushevrobis problema sakartveloshi da misi dadzlevis gzebi. [The Problem of Unemployment in Georgia and Ways to Overcome it. "Economics and Business", # 1.] (in Georgian)
  • saqartvelos kanoni „dasakmebis khelshetsqobis shesaxeb“ sakartvelos kanonshi tsvlilebis shetanis shesakheb, tbilisi, 16.Marti,  2021. # 362_IV ms_X deputati. [Law of Georgia on Amendments to the Law of Georgia on Employment Promotion, Tbilisi, March 16, 2021, # 362_IV MS_X MP.] (in Georgian).
  • Armstrong M. (2012). Praktika upravleniya chelovecheskimi resursami [The Practice of Human Resource Management. Translation from English. Moscow.] (In Russian)
  • Ronald J. Erenberg., Robert S. Smith (1996). Sovremennaya ekonomika truda. [Modern Labor Economics. Translation from English. Moscow.] (In Russian).