English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მურმან მარგველაშვილიირაკლი ურგებაშვილიშორენა ქაშიბაძე
დაკარგული დატვირთვის ღირებულება (Value of Lost Load – VoLL) საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის

PDF ვერსიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

 

წინამდებარე ნაშრომის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და საყოფაცხოვრებო სექტორებში დაკარგული დატვირთვის ღირებულების შეფასება და შედარება სხვა ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. სტატიაში მიმოხილულია არსებული ლიტერატურა და დაკარგული დატვირთვის ღირებულების შეფასების გზები;   ნაშრომში წარმოდგენილია გამოყენებული მეთოდიკა,  მონაცემების მცირე მიმოხილვის შემდეგ კი განხილულია მიღებული შედეგები. სტატიის ბოლოს მოყვანილია რეკომენდაციები შემდგომი   კვლევებისათვის.

ნაშრომში, საწარმოო ფუნქციის მიდგომით, შეფასებულია დაკარგული დატვირთვის ღირებულება (Value of Lost Load – VoLL) საქართველოს ეკონომიკის დარგებისა და შინამეურნეობებისთვის. VoLL არის საერთაშორისოდ მიღებული ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც აფასებს, თუ საშუალოდ რა ჯდება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისთვის 1 კილოვატსაათი (კვტსთ) ელექტროენერგიის მიუწოდებლობა. კვლევა ერთგვარი წინამოსამზადებელი სამუშაოა, რომელიც მაკროეკონომიკურ მონაცემებს ეყრდნობა. 2019 წლის მონაცემებით, 1 კვტსთ მიუწოდებელი ელექტროენერგია, საშუალოდ, 3.6 ლარის ზარალს იწვევს. აქედან ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის ეს მაჩვენებლები მერყეობს 0.32 ლ/კვტსთ-დან („ძირითადი ლითონები და სამთომოპოვებითი საქმიანობები“)  23.19 ლ/კვტსთ-მდე (მშენებლობა) 1 კვტსთ-ზე. რაც შეეხება შინამეურნეობებს, მოსახლეობისათვის 1 კვტსთ ელექტროენერგიის არმიწოდებით მიყენებული ზარალი ფასდება როგორც 5.24 ლ.

საკვანძო სიტყვები: დაკარგული დატვირთვის ღირებულება, Volume of Lost Load, VoLL, მიუწოდებელი ელექტროენერგია, მიწოდების შეზღუდვა, ენერგოინტენსივობა.

JEL Codes: Q40, Q43, Q47, Q4.

 

შესავალი

 

ელექტროენერგიის უწყვეტი და სტაბილური მიწოდება საზოგადოების და ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირების  უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მიწოდების შეწყვეტა აზარალებს როგორც სამრეწველო და კომერციულ მომხმარებლებს, ასევე საყოფაცხოვრებო სექტორსაც, ვინაიდან დასვენების ხარისხი  დიდწილად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. სიმძლავრის დეფიციტის შემთხვევაში და ავარიის შემდეგ, მიწოდების აღდგენისას გადამცემი სისტემის ოპერატორი (გსო) ვალდებულია ხელთ არსებული რესურსები ეფექტიანად გადაანაწილოს ისე, რომ ეკონომიკამ და მოსახლეობამ ჯამურად ნაკლები იზარალოს. ამიტომ, VoLL, როგორც მიუწოდებლობით გამოწვეული შესაძლო ზიანის საზომი, აქტიურად გამოიყენება ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორების მიერ გადამცემი ქსელის ოპტიმიზაციისას, საგანგებო მდგომარეობის სამოქმედო გეგმის შედგენისას. ის ასევე  საფასო სიგნალია ენერგეტიკის სექტორში ინვესტირებისთვის. VoLL შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც საფასო ზედა და ქვედა ზღვარი რეგულირებულ დღიურ და დღითადრე ბაზრებზე. 

ვინაიდან ელექტროენერგია შუალედური საქონელია, მისი მიწოდების შეწყვეტის ეფექტი განსხვავებულია მომხმარებლების კატეგორიების მიხედვით - დანაკლისი მრეწველობის სექტორსა და ჯანდაცვის სექტორში განსხვავებულია. შესაბამისად, სასურველია ამ ზარალის შეფასება მაქსიმალური დეტალიზაციით. 

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრული ქსელის უბნები არ არის მკაცრად დაყოფილი მომხმარებლებთა კატეგორიების მიხედვით, შესაძლებელია მიახლოებით გაანგარიშება, თუ ქსელის რომელი ნაწილის გათიშვა  მომხმარებელს ეკონომიკურად ყველაზე ნაკლებად დააზიანებს. შესაბამისად, წინამდებარე კვლევა შეიძლება დაეხმაროს გსო-ს შესაძლო უბალანსობის ოპტიმალურად დაგეგმვაში, ვინაიდან, მოსალოდნელია როგორც მიწოდების, ასევე, მოთხოვნის ცვალებადობის ზრდა ცვალებადი განახლებადი ენერგიის (Variable Renewable Energy) და ელექტრომანქანების წილის ზრდის ხარჯზე (Georgian State Electrosystem 2021, 20-21; Galt and Taggart 2021, 34). 




ლიტერატურის მიმოხილვა

 

ევროკავშირის  რეგულაცია – 2019/943/EU დაკარგული დატვირთვის ღირებულებას განსაზღვრავს, როგორც ელექტროენერგიის შეწყვეტის თავიდან ასარიდებლად მომხმარებლების გადახდისათვის მზადყოფნის საშუალო მაჩვენებელს, გამოსახულს ფულადი ერთეულით ელექტროენერგიის ერთეულზე. რეგულაციის მიხედვით, VoLL უნდა შეფასდეს სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლების დეტალურ გამოკითხვის მეთოდით. კითხვარი მოიცავს ინფორმაციას მომხმარებლის ტიპის, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის, წარსული გათიშვების შესახებ; ასევე, სხვადასხვა სიტუაციურ კითხვას, რომლის მიზანია არაპირდაპირ შეაფასოს მომხმარებლის გადახდისადმი მზადყოფნა დღის სხვადასხვა მონაკვეთსა და სხვადასხვა სეზონზე. ზუსტი შეფასებების მისაღებად საჭიროა ყველა ტიპის მომხმარებლის სტატისტიკურად წარმომადგენლობითი შერჩევის გამოკითხვა.

ენერგეტიკული ბირჟის არსებობის შემთხვევაში, გადახდისათვის მზადყოფნა, თეორიულად, უნდა ემთხვეოდეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე პიკური ენერგიის ფასს (Leahy 2011, 1), თუმცა, სავაჭრო პლატფორმის არქონის და რეგულირებული ტარიფების პირობებში, მომხმარებლები უშუალოდ ბაზარზე ვერ გამოხატავენ გადახდისათვის მზადყოფნას (Willingness to Pay), შესაბამისად, საჭიროა ამ სიდიდის არაპირდაპირ შეფასება პრაქტიკაში მიღებული რომელიმე მეთოდით.

დაკარგული დატვირთვის ღირებულების შეფასებისთვის რამდენიმე მეთოდი გამოიყენება (Beenstock M., Goldin E., Haitovsky Y. 1998). ეს მეთოდი იკვლევს დაკარგული დატვირთვის ღირებულებას ისრაელის შინამეურნეობებისთვის კითხვარებისა და ინტერვიუების მეთოდით. შერჩევაში მონაწილე შინამეურნეობებმა სპეციალური კითხვარი შეავსეს - ამ შემთხვევაში დაკარგული დატვირთვის ღირებულება არაპირდაპირ ფასდება, რადგანაც საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ნაკლებად ერკვევა ელექტროენერგეტიკაში და საჭიროა საძიებელი ინდიკატორის მათემატიკური მოდელით შეფასება.  ისინი პასუხობენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა -რამდენს გადაიხდიდნენ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად ზაფხულის ცხელ შუადღეს (Willingness to Pay); რა ანაზღაურების ფასად  დათანხმდებოდნენ  ელექტროენერგიის უფრო ხშირი შეწყვეტას (Willingness to Accept) - ერთგვარი კონპენსაციის მიღებას მიწოდების შეწყვეტის სანაცვლოდ. მიღებული მონაცემები ავტორებმა ლოჯისტიკური მოდელების გამოყენებით დაამუშავეს და აჩვენეს, რომ ისრაელის საყოფაცხოვრებო სექტორისთვის 1 კვტსთ მიუწოდებელი ელექტროენერგია 7$-ად ფასობს (1990 წლის ფასებით). ამასთან, მიწოდებელი ენერგიის ფასი სეზონებისა და დღის შუალედების მიხედვით საკმაოდ განსხვავებულია. გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუები ხშირად პრობლემურია, რადგანაც რესპოდენტებს ისეთი თეორიული არჩევნის გაკეთება უწევთ, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში იშვიათად შეხვდებიან (Denooij 2007,4). შესაბამისად, საჭიროა მაქსიმალურად ხარისხიანი კითხვარების შედგენა. თუმცა, ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ კითხვარი საშუალებას იძლევა მომხმარებლისგან სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციაც მივიღოთ: მაგალითად, ირკვევა, რომ მომხმარებლები მზად არიან გათიშვის შესახებ წინასწარი შეტყობინების სანაცვლოდ გარკვეული თანხა გადაიხადონ.

კემბრიჯის ეკონომიკური პოლიტიკის ჯგუფი (CEPA) იკვლევს VoLL-ის მნიშვნელობებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის  საწარმოო ფუნქციის (Production Function) მიდგომით როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ეკონომიკის სექტორებისთვის (Cambridge Economic Policy Associates 2018). ამ მეთოდიკის მიხედვით, შინამეურნეობებში ფასდება თავისუფალი დროის ღირებულება და მიწოდების შეწყვეტის ეფექტი, ხოლო  ეკონომიკის  დარგებისთვის კი გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც მათ მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების და მოხმარებული ელექტროენერგიის  ფარდობაა. კვლევა აჩვენებს, რომ დაკარგული დატვირთვის ღირებულების მაჩვენებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1.5€-დან (ბულგარეთი) 22.94€-მდე (ნიდერლანდების სამეფო) მერყეობს კვტსთ-ზე. VoLL-ის მაღალი მნიშვნელობით ხასიათდებიან ჩრდილოეთ ევროპის მაღალშემოსავლიანი ქვეყნები. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ჩრდილოეთ ევროპაში მოსახლეობის საშუალო შემოსავლების უფრო მაღალი დონე და ნაკლები უმუშევრობაა. 

ეკონომიკაში VoLL  მაჩვენებელი საკმაოდ განსხვავებულია ქვეყნების და სექტორების  მიხედვით. ყველა ქვეყნის და სექტორის ნაერთი მონაცემების მედიანური მაჩვენებელი 1€-ზე ნაკლებია კვტსთ-ზე. თუმცა, არსებობს გამონაკლისი სექტორებიც, როგორიცაა მშენებლობა, რომლისთვისაც მედიანური სიდიდე          17.76 €/კვტსთ-ს შეადგენს.  მშენებლობის სექტორში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც VoLL-ის მნიშვნელობა 113 €/კვტსთ-ს აღწევს  (კვიპროსი). (Kertesz D., Vokony I. 2019). ამავე მეთოდს იყენებენ და ანგარიშობენ VoLL-ს, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე უნგრეთის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.  საყოფაცხოვრებო სექტორში ავტორებმა შეძლეს მაჩვენებლის დათვლა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვისაც.  აღმოჩნდა, რომ VoLL მოსახლეობისთვის უფრო მაღალია ქვეყნის დასავლეთ რეგიონებსა და დედაქალაქში, რაც, ავტორთა აზრით, რეგიონების განვითარების სხვადასხვა დონეზე მიუთითებს. რაც უფრო  შეძლებულია რეგიონი ეკონომიკურად, მის რეზიდენტებს მეტი შემოსავალი აქვთ, შესაბამისად, მეტია ელექტროენერგიის გათიშვისგან მიღებული შეფასებული ზარალი. 

საწარმოო ფუნქციის მეთოდის ნაკლია, რომ ის ვერ ითვალისწინებს დანახარჯს, რომელიც კონკრეტულმა ბიზნესსუბიექტმა უნდა გასწიოს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის შემდეგ წარმოების განახლებისათვის; ასევე, ის ვერ ახდენს მოსახლეობაში ელექტროენერგიის მიუწოდებლობით გამოწვეული სტრესის მონეტარულ შეფასებას (Denooij 2007, 4).

VoLL-ის გამოთვლის კიდევ ერთი მიდგომაა შემთხვევათა შესწავლის მეთოდი, რითაც მკვლევარები სწავლობენ წარსულში ელექტროენერგის შეწყვეტით გამოწვეულ ფაქტობრივ დანაკარგებს. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ ის რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, განსხვავებით ინტერვიუების მეთოდისგან, რომელიც მიწოდების ჰიპოთეტურ შეწყვეტას აფასებს (Serra P., Fierro G. 1997), იკვლევდნენ საწარმოებს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, თუმცა, შესწავლილი სუბიექტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის განზოგადება ვერ მოხერხდა, რაც ამ მეთოდის ნაკლად უნდა ჩაითვალოს (Corwin J., Miles W. 1978). ასევე შემთხვევათა შესწავლის მეთოდს იყენებს, თუმცა, ძირითადად ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზებზე კონცენტრირდება და მათ მონეტიზაციას ცდილობს.

VoLL საყოფაცხოვრებო და საწარმოო სექტორებში

 

წინამდებარე ნაშრომში, ვინაიდან ევროკავშირის რეგულაციის 2019/943 შესაბამისი მომხმარებელთა გამოკითხვის მონაცემები საქართველოში არ არსებობს,  VoLL-ის შესაფასებლად ვირჩევთ საწარმოო ფუნქციის მიდგომას, რომლისთვისაც შესაძლებელია სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება.  

ამ მეთოდიკის თანახმად, საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ერთიანი გასაშუალოებული მაჩვენებელი:

(1)                VoLLr=LVELC;

სადაც LV (Leisure Value) არის თავისუფალი დროის ღირებულება  ლარებში, ხოლო ELC - ქვეყნის შინამეურნეობების მიერ წლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა. თავისუფალი დროის ღირებულება განისაზღვრება შემდეგნაირად: 

(2) თავისუფალი დროის ღირებულება  = საშუალო თავისუფალი დრო დღის განმავლობაში ×

საშუალო საათობრივი ხელფასი × ჩანაცვლების ფაქტორი × დასაქმებულთა რაოდენობა + უმუშევრობის კოეფიციენტი × უმუშევრების რაოდენობა,

სადაც საშუალო საათობრივი ხელფასი გამოითვლება წლიური ხელფასის გაყოფით სამუშაო საათების რაოდენობაზე, ჩანაცვლების ფაქტორი კი არის უშუალოდ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შეფასებითი მაჩვენებელი (თავისუფალი დროის რა ნაწილია ელექტროენერგიაზე დამოკიდებული). უმუშევრობის კოეფიციენტი ასახავს  იმ დაშვებას, რომ უმუშევრები თავისუფალ დროს და დასვენებას უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე დასაქმებულები.  საშუალო თავისუფალი დრო დღის განმავლობაში კი გულისხმობს შემდეგს:

              3         საშუალოთავისუფალიდროდღისგანმავლობაში =დღეშისაათებისრაოდენობა-პირადისაჭიროებისთვისგანკუთვნილიდრო -საშუალოსამუშაოსაათებისრაოდენობასამუშაოდღესსამუშაოდღეებიწელიწადშიდღეებისრაოდენობა+ დღეშისაათებისრაოდენობა-პირადისაჭიროებისთვისგანკუთვნილიდროარასამუშაოდღეებიწელიწადშიდღეებისრაოდენობა

პირადი საჭიროებისთვის განკუთვნილი დრო გულისხმობს ძილის, ჰიგიენისა და კვებისათვის განკუთვნილ დროს, რაც მეთოდიკის მიხედვით, არ შედის თავისუფალ დროში, ანუ წლიური თავისუფალი დრო არის სამუშაოს, ძილის, კვების  და ჰიგიენური თუ სხვა აუცილებელი პირადი საჭიროებების გარდა დარჩენილი თავისუფალი დრო, რომელიც ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს სოციალური თუ პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და დასასვენებლად.    

საბოლოოდ, VoLL გამოითვლება თავისუფალი დროის ღირებულების შეფარდებით  მათ მიერ ელექტროენერგიის მთლიან, წლიურ მოხმარებასთან. ეს არის საშუალო-წლიური ნაერთი მაჩვენებელი, რომელიც წლიურ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებს, თუ რა უღირს საშუალოდ მოსახლეს მიუწოდებელი 1 კვტსთ ელექტროენერგია.

VoLL ეკონომიკის სექტორებისთვის იანგარიშება მათ მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების მიხედვით:

                4                                             VoLLi=GVAiELCi

სადაცGVAiარისiსექტორის მიერ შემქნილი დამატებული ღირებულება, ხოლოELCi– ამავეiსექტორის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია იმავე პერიოდში. შედეგად, ვიღებთ სიდიდეს, რომლის განზომილებაა ლ/კვტსთ.

საწარმოო ფუნქციის მეთოდისთვის აუცილებელი მონაცემების უმრავლესობა ხელმისაწვდომია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე (National Statistics Office of Georgia 2019a, 2019b). თუმცა, რადგანაც ენერგეტიკული ბალანსის სექტორული დაყოფა მხოლოდ ნაწილობრივ ემთხვევა ეკონომიკური საქმიანობის სახეობებს, საჭირო ხდება მონაცემების უმეტესობის გარკვეული დაშვებებით გადაჯგუფება ერთიან ჩარჩოში მოსაქცევად. ასევე, საჭიროა ზოგიერთი დამატებით მაჩვენებლის  ცოდნა,  რაც შესაბამისი კვლევების და მონაცემების არქონის გამო ევროპული ქვეყნების გამოკვლევიდან ავიღეთ (Cambridge Economic Policy Associates 2018). მაგალითად - ჩანაცვლების ფაქტორები საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორებისთვის, რომელიც ავტორებმა კითხვარების მიხედვით შეაფასეს და ევროპულ ემპირიულ ცოდნას ემყარება. 

 

საყოფაცხოვრებო მომხმარებლები

 

ფორმულა (3)-ის მიხედვით საყოფაცხოვრებო სექტორში დაკარგული დატვირთვის ღირებულების გამოსათვლელად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მოსახლეობის საშუალო თავისუფალი დრო დღის განმავლობაში. 2019 წელს ეს სიდიდე 8.5 საათია, ხოლო მისი შეფასებითი ღირებულება, 2019 მონაცებემის და ფორმულა (2)-ის მიხედვით 13 813 მლნ ლარს შეადგენს. ამ ორი სიდიდის დასათვლელად საჭირო მნიშვნელობები მოცემულია  1 ცხრილში. საშუალო თავისუფალი დროის ერთი შეხედვით მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს ის, რომ შეფასებაში, სამუშაო დღეების გარდა, მონაწილეობს დასვენების და სადღესასწაულო დღეები. უმუშევრობის კოეფიციენტისა და ჩანაცვლების ფაქტორის მნიშვნელობები აღებულია CEPA-ს კვლევიდან და წარმოადგენს ევროპულ ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად მიღებულ სიდიდეებს (საქართველოს შემთხვევაში გამოვიყენეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაჩვენებლები).

 

გამოთვლებისას გამოყენებული სიდიდეები.

ცხრილი 1

სამუშაო დღეები

251

არასამუშაო დღეები

114

ოფიციალური დასვენების დღე

17

შაბათ-კვირა

97

ძილი (სთ)

8

სამუშაო დრო (სთ)

8

პირადი ჰიგიენა (სთ)

2

საშუალო ნომინალური ხელფასი**

1129.5

დასაქმებულთა რაოდენობა**

1295900

უმუშევართა რაოდენობა**

276900

ჩანაცვლების ფაქტორი, შინამეურნეობა*

58.9%

ჩანაცვლების ფაქტორი, ინდუსტრია*

80.9%

ჩანაცვლების ფაქტორი, მომსახურება*

68.2%

უმუშევრობის კოეფიციენტი*

0.5

საშემოსავლო გადასახადი

20%

საპენსიო შენატანი

2%

წყარო: CEPA*, Geostat**; ცხრილი შედგენილია ავტორთა მიერ

 

საყოფაცხოვრებო სექტორში ჯამურად მოხმარებული ელექტროენერგია 2019 წელს 2 461 გვტსთ იყო. ფორმულა (4)-ის მიხედვით გამოდის, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის მიუწოდებელი 1 კვტსთ ელექტროენერგიის საშუალო წლიური ღირებულება არის 5.24 ლარი. 

 

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები

 

საქართველოში  ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემები საშუალებას იძლევა დაკარგული დატვირთვის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო სექტორის თითქმის ყველა დარგისთვის დავითვალოთ. სიმარტივისთვის, საქართველოს ეკონომიკა სექტორულად დავყავით ელექტროენერგეტიკული ბალანსის მიხედვით. ამ სექტორების შესაბამისი დამატებული ღირებულებების სტატისტიკა პირდაპირ ხელმისაწვდომი არ არის, შესაბამისად, საჭირო გახდა მათი დაჯგუფება, რისთვისაც გამოვიყენეთ ევროკავშირის რეგულაცია 431/2014-ის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია.

საშუალოწლიური დაკარგული დატვირთვის ღირებულება მოცემულია ცხრილში 2.

 

დამატებული ღირებულება, მოხმარებული ელექტროენერგია და დაკარგული დატვირთვის ღირებულება საქართველოში (2019).

ცხრილი 2

 

დამატებული ღირებულება (მლნ ლარი)

ელენერგიის მოხმარება (გვტსთ)

VoLL (ლ/კვტსთ)

ძირითადი ლითონები და სამთომოპოვებითი საქმიანობები

779

1945

0.32

თუჯი და ფოლადი

 

ფერადი ლითონები

სამთომოპოვებითი

ქიმიური და ნავთობქიმიური

249

342

0.59

არალითონური მინერალური ნაკეთობები

410

296

1.12

სატრანსპორტო მოწყობილობები

29

7

3.44

მანქანა - მოწყობილობები

128

14

7.53

საკვები პროდუქტები, სასმელები 

და თამბაქო

1227

257

3.86

ცელულოზა-ქაღალდი  და ბეჭდვითი საქმიანობა

99

18

4.54

ხე და ხის ნაწარმი

40

6

5.24

მშენებლობა

3561

124

23.19

ტექსტილი და ტყავი

107

12

6.97

მრეწველობის სხვა დარგები

166

232

0.58

სარკინიგზო

   

N/A

მილსადენი ტრანსპორტი

 

 

N/A

კერძო და სახელმწიფო  მომსახურება

14260

3786

2.57

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა

231

81

1.94

ჯამური ეკონომიკა შინამეურნეობების გამოკლებით

21610

7120

3.04

შინამეურნეობები

12899

2461

5.24

ჯამური ეკონომიკა შინამეურნეობების ჩათვლით

34509

9581

3.60

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ცხრილი შედგენილია ავტორთა მიერ 

 

მიღებული შედეგები აჩვენებს დამატებული ღირებულების დანაკარგებს ენერგიის ერთეულის მიუწოდებლობის შემთხვევაში დარგების მიხედვით. როგორც ცხრილიდან ჩანს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორს აქვს, ვინაიდან დამატებითი ღირებულების ერთეულის შესაქმნელად, ამ სექტორში ყველაზე ნაკლები ელექტროენერგიაა საჭირო.  მიუხედავად დაბალი მოხმარებისა, ელექტროენერგიის გრძელვადიანი გათიშვა დარგში მოქმედ ფირმებს სერიოზულად აზარალებს, რადგანაც ელექტროენერგიას ადამიანური რესურსით რთულად ჩანაცვლებადი მოწყობილობები მოიხმარენ (ამწეები, ელექტროშედუღების დანადგარები და ა.შ). უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ელექტროენერგიის შეწყვეტა გახშირდა, სამშენებლო სექტორი სარეზერვო სიმძლავრეებით აღიჭურვება.  

VoLL-ის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 0.32 ლ/კვტსთ, ძირითადი ლითონების და სამთომოპოვებითი საქმიანობების ქვეშ გაერთიანებულ კატეგორიას აქვს, რომელშიც შედის თუჯის, ფოლადის და ფერადი ლითონების წარმოება, ასევე, სამთომოპოვებითი საქმიანობები. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის მოხმარების და დამატებული ღირებულების მონაცემების შეუთავსებლობის გამო, საჭირო გახდა ამ სამი დარგის გაერთიანება, ასევე, მონაცემების არქონის გამო გამოთვლებიდან ვერ გამოვრიცხეთ ეკონომიკური საქმიანობა – „ტორფის ამოღება“. ტექნოლოგიური სპეციფიკაციიდან გამომდინარე, ზოგიერთი საწარმოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ წარმოების რომელ ეტაპზე შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება. მაგალითად, მეტალურგიულ ქარხანაში მიწოდების  ნედლეულის დნობის შუა პროცესში 1 საათით შეწყვეტა მოწყობილობებს და ნაწილობრივ დამუშავებულ ნედლეულს დააზიანებს, ასევე იქნება შრომითი რესურსების დროითი დანაკარგები. შესაბამისად, სამომავლოდ, ნაერთი დაკარგული დატვირთვის ღირებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მიწოდების შეწყვეტის კონკრეტული დროის და მისი ხანგრძლივობის ანალიზი.

რაც შეეხება კერძო და სახელმწიფო მომსახურების სექტორს, აქ VoLL-ის მაჩვენებელი 2.57 ლ/კვტსთ-ია, თუმცა, ამ შედეგში მცირე უზუსტობაა, ვინაიდან მთლიანი დამატებული ღირებულების შესახებ მონაცემები არ არსებობს ან არ გაიცემა შემდეგი საქმიანობებისთვის: საფინანსო და სადაზღვევო საქმე, თავდაცვა და ექსტერიტორიული ორგანიზაციები (NACE Rev.2. 64-66-ე განყოფილებები, სექცია O და სექცია U). შესაბამისად, ჩვენ მიერ ამ კატეგორიისთვის გამოთვლილი მაჩვენებელი რეალურ მაჩვენებელზე ნაკლებია.

მონაცემები სარკინიგზო და მილსადენი ტრანსპორტის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების შესახებ არ საჯაროვდება, შესაბამისად, ამ სექტორებისთვის VoLL-ის მაჩვენებლის დათვლა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.

გამოთვლებში არ მონაწილეობს მონაცემები ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ.

 

დაკარგული დატვირთვის ერთიანი ღირებულება

 

ეკონომიკის დაკარგული დატვირთვის ნაერთი ღირებულების შეფასება მოითხოვს  შეზღუდვის მაღალალბათურ სცენარებში ეკონომიკის სექტორებისთვის შესაბამისი წონების დადგენას, რაც სამომავლო სამუშაოა.  პირველ მიახლოებაში, თუ ეკონომიკის დარგებისათვის თანაბარი წონებს ავიღებთ, შინამეურნეობების გარეშე, VoLL-ის ერთიანი სიდიდე შეადგენს 3.04 ლ/კვტსთ, რაც ნიშნავს, რომ საქართველო 1 კვტსთ ელექტროენერგიით, საშუალოდ, დაახლოებით 3 ლარის დამატებულ ღირებულებას ქმნის.    რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს შინამეურნეობების გათვალისწინებით, დაკარგული დატვირთვის ღირებულება 3.6 ლ/კვტსთ-ია. 2021 წლის ივლისის ლარის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით, ეს დაახლოებით 1€-ს შეესაბამება.  დაკარგული დატვირთვის ნაერთი ღირებულების შედარება ევროკავშირის ქვეყნების მონაცემებთან შესაძლებელია CEPA-ს მონაცემების გამოყენებით. საქართველოსთან მეტ-ნაკლებად შესადარისია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (ბულგარეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი). ქვეყანათა ამ ჯგუფში შინამეურნეობებისთვის დაკარგული  დატვირთვის ღირებულება ყველაზე დაბალი 1.5€ (ბულგარეთი), მედიანური მაჩვენებელი დაახლოებით 4€, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 6.26€-ა   (პოლონეთი) ენერგიის ერთეულზე. იგივე მაჩვენებელი საქართველოში 5.24 ლ-ია, დაახლოებით 1.4€. ამ შედარებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დასვენების დრო, რომელიც, მეთოდოლოგიის  მიხედვით, ხელფასზეა დამოკიდებული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე საქართველოში. რაც შეეხება საწარმოო სექტორს, აქ სექტორული მონაცემების მედიანა მერყეობს 0.31€-დან (ძირითადი ლითონები) 17.76€-მდე (სამშენებლო სექტორი) ენერგიის ერთეულზე. ჩვენი ეკონომიისთვის მედიანური მაჩვენებელი 3.65 ლარია, რაც დაახლოებით 1€-ს შეესაბამება. 

მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის VoLL განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დედაქალაქში იქნება, როგორც ეს უნგრეთის შემთხვევაშია (Kertezs 2019, 3). CEPA-ს ანალიზი აჩვენებს, რომ ევროპის დასავლეთ ქვეყნებში, სადაც ერთ სულზე მსპ მედიანურ მაჩვენებელზე მაღალია, დაკარგული დატვირთვის ღირებულებაც საყოფაცხოვრებო სექტორში სხვა ქვეყნებზე მაღალია. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ დაკარგული დატვირთვის ღირებულება თბილისსა და აჭარის რეგიონში (ბათუმში) უფრო მაღალი იქნება (შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი), ვიდრე რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი). 

სხვა სექტორებთან შედარებით, შინამეურნეობებისთვის VoLL-ის მაღალი ღირებულება, ერთი მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობისთვის ელექტროენერგია დასვენებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომუნალური სერვისია, თუმცა, მეორე მხრივ, ამავე დროს მის მაღალ მნიშვნელობას განაპირობებს მოხმარების დაბალი სიმძლავრე. ენერგოეფექტიანობის ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, VoLL-ის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.  

მიღებული შედეგიდან ჩანს, რომ ენერგოინტენსიურ დარგებს დაკარგული დატვირთვის დაბალი ღირებულება აქვს, ვინაიდან შესადარი დამატებითი ღირებულების ერთეულის მისაღებად აქ მეტი ელექტროენერგია იხარჯება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მათ უმნიშვნელოდ აზარალებს. მართლაც, ზოგიერთი ასეთი საწარმო მოწყობილობების და ნახევრად დამუშავებული ნედლეულის დაზიანების რისკის წინაშე დგას. 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ VoLL არ წარმოადგენს ზარალის გათიშვის ხანგრძლივობის მიხედვით შეფასების მაჩვენებელს, არამედ კრებსითი მაჩვენებელია, რაც დისპეტჩერს აძლევს ორიენტირს კონკრეტულ საგანგებო სიტუაციაში მომხმარებელთა გათიშვით ტვირთვის მოხსნის ნაკლებსაზიანო ვარიანტის არჩევის საშუალებას. ასევე, მიღებული  შედეგები წარმოადგენს საშუალოწლიურ მაჩვენებლებს, რომლის შემდგომი დეტალიზაცია სეზონების და დღის მონაკვეთების მიხედვით, სამომავლო მუშაობის საგანია.

 

დასკვნა

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე შეფასდა დაკარგული დატვირთვის ღირებულება საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყნის ნაერთი დაკარგული დატვირთვის ღირებულება, 2019 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 3.6 ლ/კვტსთ-ია. მიღებული მონაცემები მხოლოდ საორიენტაციო პირველი ნაბიჯია. იმისთვის, რომ მიღებული შედეგები პრაქტიკულად გამოყენებულ იქნეს.

წინამდებარე ნაშრომზე მუშაობისას გამოიკვეთა სამომავლოდ გამოსაკვლევი რამდენიმე საკითხი:

  • ეკონომიკური დისპეტჩირების ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია დაითვალოს დაკარგული დატვირთვის ღირებულება რეგიონების და დიდი ქალაქების მიხედვით როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამრეწველო სექტორისთვის, სეზონების და დღის მონაკვეთის მიხედვით. 

  • ევროკავშირის 2019/43 დირექტივის შესაბამისად, VoLL-ის დასადგენად ინტერვიუების მეთოდით გამოიკითხოს დიდი სამრეწველო ობიექტები, სამაცივრე მეურნეობები, საავადმყოფოები, ასევე, მცირე ფირმები და ოფისები, რომლებსაც სარეზერვო სისტემები არ გააჩნიათ; დაზუსტდეს, თუ რა უჯდებათ სხვადასხვა ფირმებს სამუშაო პროცესის განახლება. 

  • საჭიროა VoLL-ის შეფასებისას ბაზრის სეგმენტის, გათიშვის დროისა და ხანგრძლივობის, სეზონების და წინასწარი შეტყობინებების გათვალისწინება, მომხმარებელთა დატვირთვის ტიპიური გრაფიკების გამოვლენა და გამოყენება კატეგორიების მიხედვით.  საჭიროა დაზუსტება სეზონების და დღე-ღამის პერიოდების მიხედვით. 

  • სამომავლოდ, სასურველია საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო სექტორებისთვის ჩანაცვლების ფაქტორების  ეროვნულ დონეზე შეფასება.. 

 

ლიტერატურა:

 

  • Agency for the Cooperation of Energy Regulators. (2020). Methodology for Calculating the Value of Lost Load, the Cost of New Entry and the Reliability Standard.

  • Beenstock M., Goldin E., Haitovsky Y. (1998). Response Bias in a Conjoint Analysis of Power Outages. Energy Economics, Vol. 20, 135-156.

  • Cambridge Economic Policy Associates. (2018). Study on the Estimation of The Value of Lost Load of Electricity Supply in Europe. 

  • Commission Regulation (EU) No 431/2014. (2014). Annex A, 2.3.  https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2014/431/oj /Last seen on June 24, 2021/

  • Corwin J., Miles W. (1978). Impact Assessment of the 1977 New York City Blackout. 

  • De Nooij M., Koopmans C., Bijvoet C. (2007). The Value of Supply Security: The Costs of Power Interruptions: Economic Input for Damage Reduction and Investment in Networks. Energy Economics, Vol. 29, 277–295

  • Galt & Taggart. (2021). Auto Business in Georgia. https://api.galtandtaggart.com/sites/default/files/2021-05/17373.pdf /Last seen on 24 June, 2021/

  • Georgian State Electro System. (2021).Ten-Year Network Development Plan of Georgia 2021-2031. http://gse.com.ge/sw/static/file/TYNDP_GE-2021-2031_ENG_NEW.pdf/Last seen on June 24, 2021/

  • Kertesz D., Vokony I. (2019). Value of Lost Load Calculation and its Hungarian Aspect. Institute of Electrical and Electronics Engineers.

  • Leahy E., Tol S.J. R. (2011). An Estimate of the Value of Lost Load for Ireland. Energy Policy, Vol. 39, 1514-1520.

  • Regulation (EU) 2019/943 of the European Parliament and of the Council of 5 June 2019 on the internal market for electricity. (2019). Article 2, 23, 25.  https://eur-lex.europa.eu/eli/reg/2019/943 /Last seen on June 24, 2021/.

  • National Statistics Office of Georgia. (2019a). Employment and Wages. https://www.geostat.ge/en/modules/categories/661/employment-and-wages /Last seen on June 24, 2021/.

  • National Statistics Office of Georgia. (2019b). Energy Balance of Georgia. https://www.geostat.ge/en/modules/categories/681/energy-balance-of-georgia-2019 /Last seen on June 24, 2021/.

  • Serra P., Fierro G. (1997). Outage Costs in Chilean Industry. Energy Economics, Vol. 19, 417-434.