ეკონომიკა და ბიზნესი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|
|
ჟურნალი ნომერი 3 ∘ თეიმურაზ ბერიძე ∘ ინსტიტუტების მნიშვნელობა პოსტკომუნისტურ გარდამავალ ეკონომიკაში (ზოგიერთი კომენტარი იანოშ კორნაის სტატიაზე „პატიოსნება და ნდობა გარდამავალ ეკონომიკაში“) ეკონომიკაზე, ზოგადად, არაეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რამეთუ ეკონომიკა, როგორც სოციალური მეცნიერება, ინდივიდების ურთიერთქმედების შედეგა. ამ დროს წინა პლანზე იწევს ისეთი სოციო-ფსიქოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა სიმართლე, ჭეშმარიტება, ადამიანებს შორის ურთიერთობა, პატიოსნება და ნდობა, ანუ ეთიკის კატეგორიები, რომლებიც, ერთი შეხედვით, არ განეკუთვნებიან ეკონომიკის დისციპლინას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისინი იძენენ გარდამავალი პერიოდის ეკონომიკაში. ამდენად, შემთხვევითი არ არის, რომ ცნობილმა ბრიტანელმა სოციოლოგმა, ისტორიკოსმა მაიკლ ბურავოიმ (Michael Burawoy) შემოიღო ტერმინი ტრანზიტოლოგია - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაში გადასვლის პროცესს. უნგრელი ეკონომისტი იანოშ კორნაი არის ტრანზიტოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ჯერ კიდევ 1990 წელს მან გამოაქვეყნა ამ პრობლემებისადმი მიძღვნილი ნაშრომი „გზა თავისუფალი ეკონომიკისკენ“ (Корнай, 1990), რომელიც ეძღვნება პოსტკომუნისტურ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. ამ წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ნაშრომი დაიწერა ცნობილი ავსტრო-ამერიკელი ნობელიანტი ეკონომისტის ფრიდრიხ ა. ფონ ჰაიეკის ზეგავლენით. თავად სათაური ინსპირირებულია ჰაიეკის ცნობილი ნაშრომით „გზა მონობისაკენ“, რომელიც შეეხებოდა საბჭოური ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას. პროფ. ი. კორნაის წინამდებარე სტატიაში ამოსავალ წერტილს (წანამძღვარს) წარმოადგენს პრობლემის მიკროეკონომიკური ასპექტი, რაც შემთხვევითი არ არის, ვინაიდან სწორედ ფირმებს, კომპანიებს შორის ურთიერთობები უნდა ეყრდნობოდნენ ნდობას და საქმიან ეთიკას, რაც, სამწუხაროდ, გასული საუკუნის ბოლო დეკადაში საქართველოში დეფიციტი იყო და დღესაც დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია განხილულია სტატიის ბოლოში, ავტორი სტატიის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოს მოუწოდებენ (იგულისხმება ბიზნესი - თ.ბ.) უზრუნველყოს კერძო კონტრაქტების შესრულება“, ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და, რაც მთავარია, მისი რეალიზება. უცხოელი ინვესტორებისათვის ეს პირობა აუცილებელ კრიტერიუმად მიიჩნევა საინვესტიციო სრულყოფილი გარემოს შექმნისათვის. ამავე დროს, ეკონომიკაში (ბიზნესში) სახელმწიფო არ უნდა იყოს ძალდატანების აპარატი, არამედ სამართლიანი არბიტრი და კონკურენტული გარემოს შემქმნელი. ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ნეიტრალური, მიუკერძეობელი ინსტიტუტების“ მნიშვნელობას (ცენტრალური ბანკი, კონტროლის პალატა (აუდიტი), ანტიმონონოპოლიური სამსახური (კონკურენციის ხელშემწყობი სააგენტო) და სხვა). ნიშანდობლივია ავტორის თეზა - „ნდობა შეუძლებელია კონტროლის გარეშე“. განიხილავს რა რეფერენდუმისმნიშვნელობას და როლს, ავტორი აღნიშნავს მის დადებით (მოსახლეობის თითქმის სრული მოცვა, მთლიანი „პაკეტის განხილვა“-ეკონომიკა, პოლიტიკა, სამართალი) და უარყოფით მხარეებს (ხშირად ვიწრო პარტიული ინტერსების გათვალისწინება). აქ გვინდა მოვიყვანოთ მაგალითი ჩვენი ახლო წარსულიდან: საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის პირას იდგა, როდესაც გამოცხადდა რეფერენდუმი - კითხვა გახლდათ - ხართ თუ არა მომხრე, რომ შენარჩუნდეს ეს კავშირი? გამოკითხულთა 75 პროცენტმა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. შედეგი ცნობილია, ადგილი ჰქონდა მოვლენების საწინააღმდეგო განვითარებას, ანუ რეფერენდუმი პანაცეა არ არის. ავტორი ასევე აქცენტს აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობაზე და როლზე, სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობის გამჭვირვალობაზე და ნდობის აღდგენაზე, რაც ხელს უწყობს „სამოქალაქო საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. აქ უპრიანი იქნება ხაზი გაუსვათ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ იმათ ინტერესებს, ვინც აფინანსებს მათ საქმიანობას. წინასაარჩევნო პერიოდში ეს აქტიურობა ჯერადად იზრდება, ხოლო მათ მიმართ ნდობა - მცირდება. ქვეყნების მთავრობების კონტროლის თვალსაზრისით (საერთაშორისო ასპექტი), მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი - EU, საერთაშორისო სავალუტო ფონდი - IMF, მსოფლიო ბანკი - WB, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - ILO, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია - WTO და სხვ.) მიდგომა „ენდე და აკონტროლე“. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას. „მათი ჩარევა ზოგჯერ მტკივნეულია“, დასძენს ავტორი. სახელმწიფოსადმი ნდობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება მისი ინსტიტუციებისადმი ნდობაში. ინსტიტუციების როლი და ხელმძღვანელის როლი (პირადი მაგალითი) ნდობის არსებობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. სოციალისტური სისტემის დროს ხელმძღვანელების (შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნა ხდებოდა, ხოლო დემოკრატიისა და გარდამავალ პერიოდში ტარდება არჩევნები. სად არის გარანტია, რომ საუკეთესო იქნება არჩეული? - კითხულობს ი. კორნაი და თავადვე პასუხობს - არ არის. მაგრამ რას იზამ, ეს არის დემოკრატია. კაცობრიობას მართვის ამაზე უკეთესი ფორმა ჯერჯერობით არ გამოუგონებია. ეს ეხება ეკონომიკის საბაზრო სისტემასაც. რაც შეეხება ნდობის აღდგენის სტრატეგიას, ავტორი სამართლიანად ანიჭებს უპირატესობას სახელმწიფოს როლს. მისი აზრით, „სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა გახდეს მკაცრი, პროფესიონალური და არაკორუმპირებული“. ბიუროკრატიზმის გადაჭარბებულ კრიტიკას მივყავართ დეზორგანიზაციასთან და საბოლოოდ ოქლოკრატიასთან (მართვის ჯოგური პრინციპი). ნდობასთან და კორუფციასთან „ბრძოლის“ მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო - 2001 წელს საქართველოს მეორე პრეზიდენტი (ე. შევარდნაძე) ხვდებოდა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს (ამ შეხვედრას ესწრებოდა თქვენი მონა-მორჩილი, როგორც სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი). პრეზიდენტმა დასვა რიტორიკული კითხვა - როგორ დავძლიოთ კორუფცია? და თვითონვე უპასუხა - უნდა დავაკავოთ დარბაზში მსხდომი „ძალოვნები“ (იუმორით), რაც იმაზე მიუთითებდა, რომ იმ პერიოდში ძალოვანი სტრუქტურების მიმართ როგორც პრეზიდენტის, ისე მოსახლეობის მხრიდან ნდობის უაღრესად დაბალი დონე იყო. საინტერესოდ ჟღერს ავტორის დებულება, რომ „არ არსებობს „პრიორიტეტები“ და „საკვანძო რგოლები“ და ნურც შეეცდებით მათ გამოვლინებას“, ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ „პოსტსოციალისტურ“ ქვეყნებში და ვართ „წინა ტრაექტორიაზე დამოკიდებული“. ჩვენი აზრით, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისას უნდა შევეჭიდოთ მთავარ რგოლს, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამოვიყვანოთ „მთლიანი ჯაჭვი“ (ცნობილი გამონათქვამი). და ეს რგოლი, ვფიქრობთ, საზოგადოების წევრთა მენტალიტეტია. „რთულია ორიოდე ათწლეულის (სტატია დაიბეჭდა 2003 წელს - თ.ბ.) განმავლობაში ხალხის მენტალიტეტის შეცვლა“, გვაუწყებს ავტორი, მე კი დავამატებდი, რომ უფრო რთულია, ვიდრე ეკონომიკის მაღალი დონის მიღწევა. როგორც აღვნიშნეთ, სტატია თითქმის ორი ათეული წლის წინ დაიწერა, თუმცა მასში განხილული საკითხები საქართველოსათვის დღესაც უაღრესად მწვავე და აქტუალურია. დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების გზაზე წინწასული ქვეყნების (მათ შორის უნგრეთის) გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტების განვითარე4ბის გარეშე ჩვენი საზოგადოების წინაშე მდგარი ფუნდამენტური ამოცანების წარმატებით შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარი ინსტიტუტების ჩამოყალიბება კი რთული, ხანგრძლივი პროცესია. იგი, პირველ რიგში, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებასა და პროცესისადმი საზოგადოების ფართო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელსაც პროფ. ი. კორნაის სტატია „პატიოსნება და ნდობა გარდამავალ ეკონომიკაში“ გვთავაზობს. ლიტერატურა:
References:
|