ჟურნალი ნომერი 4 ∘ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებათა სიაშია
ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო. 1956 წლიდან იუნესკო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ისტორიული მოვლენების აღნიშვნაში, რაც, თავის მხრივ, ამ მოვლენებს მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს.
საქართველოს მიერ წარდგენილი ნომინაცია – „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლისთავი“, სხვა ქვეყნებიდან წარდგენილ ნომინაციებთან ერთად, განიხილებოდა იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბითა და საერთაშორისო დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის შექმნილია სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან მინისტრთა კაბინეტის, პარლამენტის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება და ეს სიმბოლურია, რადგან 1917 წლის დეკემბერში დამტკიცდა თსუ-ს წესდება და ზეიმი მთელი მომდევნო წლის განმავლობაში გაგრძელდება.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ეროვნული ტიპის უმაღლეს სკოლას, 1918 წლის 26 იანვარს, ახალი სტილით, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო-საგრანტო პროექტი ხორციელდება და 22000-მდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2 %-ში შედის.
თსუ-ში დღეისათვის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან ერთად, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვოს ორმაგი აკადემიური ხარისხი.