English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
იუნესკოს გენერალური დირექტორის ოდრი აზულის მილოცვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით

დიდი სიამოვნებით მინდა მოგილოცოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა წარმომადგენელს 100 წლის იუბილე.

ეს უნივერსიტეტი, როგორც პირველი ეროვნული უნივერსიტეტი საქართველოში და ასევე პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ამიერკავკასიაში, დაარსდა ისტორიკოსისა და ენათმეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის მიერ 1918 წლის 8 თებერვალს.

მიუხედავად მისი ერთსაუკუნოვანი ისტორიისა, უნივერსიტეტმა ქვეყნის უფრო ადრეული საუკუნეების საგანმანათლებლო ცენტრების ტრადიციები მიიღო მემკვიდრეობად. ათწლეულების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ საქმიანობებში, რაც, გარკვეულწილად, განპირობებულია მისი სტუდენტებისა და მასწავლებლების მულტიკულტურული შემადგენლობით. იგი წარმოადგენს რეგიონული განათლების ჰაბს და რეგიონში უმაღლესი განათლების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან - როგორიცაა თურქეთი, სირია, ჩინეთი, ინდოეთი, ბანგლადეში და ერაყი. გაცვლითი პროგრამების თვალსაზრისით, საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით სტუდენტი ჩამოდის ევროკავშირის ქვეყნებიდან - პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის ჩათვლით. ინტერკულტურული დიალოგი ამ უნივერსიტეტის გენშია ჩადებული. კულტურათა ურთიერთდაახლოების თვალსაზრისით, დღეს მსოფლიოს სწორედ ასეთი თავდადება ესაჭიროება მსოფლიო მოქალაქეთა ახალი თაობის აღსაზრდელად.

იუნესკო სიამაყით უერთდება ამ იუბილეს, როგორც მონაწილე იმ ოფიციალური საზეიმო ღონისძიებებისა, რომელიც ჩვენი გენერალური კონფერენციის მიერაა მხარდაჭერილი. გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ წარმატებულ და უმაღლესი განათლებისადმი თავდადების, სულ მცირე, კიდევ 100 წელიწადს, რითაც ხელს შეუწყობთ გენდერული თანასწორობის, კოლექტიური გონისა და ადამიანური ღირსების იდეალების დანერგვას.