English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘
პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია


“მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“
2023 წლის 7 ოქტომბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
კონფერენცია გახსნა პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ აბესაძემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, საქართველოს ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, თეიმურაზ დოჭვირი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სულიკო პავლიაშვილი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი მიხეილ ჯიბუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე.
გამომსვლელებმა ისაუბრეს ქართული ეკონომიკური მეცნიერების განვითარებაში პროფ. გიორგი პაპავას მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველოს ეკონომიკის წინაშე თანამედროვე პირობებში არსებული პრობლემის გადაჭრაში ქართველი სწავლული ეკონომისტების მონაწილეობაზე.
მოგონებებით გამოვიდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი, პროფესორი ნოდარ ჭითანავა, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან კვარაცხელია, რომლებმაც თბილად გაიხსენეს პროფ. გ. პაპავასთან მათი პირადი და კოლეგიალური ურთიერთობის ეპიზოდები, რითაც ნათლად წარმოაჩინეს მისი, როგორც ნოვატორი მეცნიერის, გულისხმიერი და კეთილშობილი პიროვნების ბუნება-ხასიათი.
პროფ. გიორგი პაპავას ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა რ. აბესაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ბატონი გიორგის განვლილი რთულ ცხოვრება, ასევე ნაყოფიერი სამეცნიერო თუ პედაგოგიური მუშაობა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მის ნიჭიერებას, გამორჩეულ მეცნიერულ აზროვნებასა და მის სამეცნიერო ნაშრომების მნიშვნელობას. გიორგი პაპავა - ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, კვლევის საოცარი ალღოთი გამორჩეული პიროვნება იყო.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი - „პროფესორ გიორგი პაპავას თეორიულ-ეკონომიკური მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“;
აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა - „საბანკო კრიზისის, ეკონომიკის ზომბირების ახალი ტალღის და ოლივერ-ტანცის ეფექტის შესახებ“;
პროფესორი თამარა ოვაკიმიანი - ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი) -„მიმდინარე პროცესები და გამოწვევები სამეცნიერო და ეკონომიკურ ურთიერთობებში“.
პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა განახლდა სექციებში, სადაც განხილული იქნა ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის; მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარების, ფინანსებისა და საბანკო საქმის; სექტორული და რეგიონული ეკონომიკის; საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და გლობალიზაციის; დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და შრომის ეკონომიკის დარგების სხვადასხვა აქტუალური პრობლემა.
სამუშაო დღის ბოლოს ჩატარდა კონფერენციის შემაჯამებელი სხდომა. ანგარიში და შეფასებები წარადგინეს კონფერენციის სექციის ხელმძღვანელებმა.
პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - “მსოფლიო და ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრობლემები პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით“ ჩატარდა საინტერესო და საქმიან ვითარებაში.

ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“
მთავარი სპეციალისტი მარი უკლება