ჟურნალი ნომერი 3 ∘ საქართველოში უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევის პრობლემებისადმი მიძღვნილი საინტერესო მონოგრაფიული გამოკვლევა× პროფესორ მურმან ცარციძის ნაშრომი, მიმდინარე გლობალური კრიზისის პირობებში საქართველოს, მთელი მისი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან საჭირბოროტო პრობლემებს ეხება. თანამედროვე გლობალიზაციის ეპოქაში სიღარიბე, როგორც სოციალური მოვლენა, მსოფლიოს კომპლექსური პრობლემაა როგორც ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და მას დესტაბილიზაციის საკმაოდ მაღალი პოტენციალი გააჩნია. ის პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე, სოციალური სამართლიანობის პრინციპის დაცვის ხარისხზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან ორიენტირს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ფორმირებისას. შეიძლება ითქვას, რომ ის უშუალო გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების დონის ამსახველ ისეთ საბაზო მახასიათებლებზე, როგორიცაა ჯანმრთელობისა და განათლების დონე. უფრო მეტიც, თანამედროვე მსოფლიოში ბევრი მკვლევარის მიერ უმუშევრობა და სიღარიბე განიხილება, როგორც ტერორიზმის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი. საქართველოში აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ცალკეულ მკვლევართა მიერ, არაერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ძალზე საინტერესო ნაშრომია შექმნილი. თუმცა, მათი კომპლექსური, სისტემური შესწავლა განსაკუთრებით ბოლო წლებსა და პანდემიის პერიოდში, ნაკლებადაა წარმოდგენილი. შესაბამისად, უმუშევრობისა და სიღარიბის როგორც განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებული პრობლემების კვლევამ უდიდესი როლი და მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით მიმდინარე გლობალური კრიზისის პირობებში. უდავოა, რომ მისი დაძლევის გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში შრომითი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და საბოლოოდ - მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება.
ზემოაღნიშნული ვითარების ფონზე ავტორის მიზანია უმუშევრობასა და სიღარიბესთან დაკავშირებული მაკროეკონომიკური პრობლემების, მათზე ზემოქმედი ფაქტორების, გამომწვევი მიზეზების კვლევა და უმუშევრობის ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასება. საქართველოში შესაბამისად, კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ნაშრომში ავტორის მიერ დასმულია და მაღალ მეცნიერულ დონეზეა გადაწყვეტილი ძალზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხები. კერძოდ, ნაშრომის პირველ თავში ავტორის მიერ შეფასებულია უმუშევრობა, როგორც მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური კატეგორია, მწვავე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა და ფენომენი. თანამედროვე ეკონომიკური თეორიებისა და კონცეფციების ღრმამეცნიერული ანალიზისა და მიმოხილვის საფუძველზე ავტორი ახლებურად აყალიბებს უმუშევრობის გამომწვევი მიზეზებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების კლასიფიკაციას. მათ შორის გამოყოფილია და განზოგადებულია ხუთი ძირითადი ჯგუფი. კერძოდ:
- სტრუქტურული ძვრები ეკონომიკაში გამოიხატება იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვა იწვევს გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა, ანუ ჭარბი სამუშაო ძალის შემცირებას;
- ეკონომიკური ვარდნა ან დეპრესია, რაც აიძულებს დამსაქმებლებს შეამცირონ მოთხოვნა ყველა რესურსზე, მათ შორის სამუშაო ძალაზე;
- მთავრობისა და პროფკავშირების პოლიტიკა ხელფასების სფეროში: მინიმალური ხელფასის ზრდა ადიდებს წარმოების ხარჯებს და ამით ამცირებს შრომაზე მოთხოვნას, რაც ილუსტრირებულია შრომის ბაზრის კლასიკური მოდელით;
- ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში, დარგებში წარმოების დონის სეზონური ცვლილებები;
- მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებები, კერძოდ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის მატება, რაც ზრდის მიწოდებას შრომაზე, კონკურენციას შრომის ბაზარზე და შესაბამისად, უმუშევრობის ალბათობას.
ნაშრომის მეორე თავში განხილულია სამუშაო ძალის, უმუშევრობის აღრიცხვის მეთოდოლოგიური საფუძვლები და მისი ძირითადი ფორმები საქართველოში. საყურადღებოა, რომ ავტორი დეტალურად აანალიზებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებისა და უმუშევრობის სტატუსის შეფასების ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) ახალი სტანდარტების შესაბამისად 2020 წლის ბოლოს დანერგა ქვეყანაში. აფასებს მის შედეგებს, წარმოადგენს ძველი და ახალი მაჩვენებლების შედარებით ანალიზს და შედეგად აყალიბებს ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვან დასკვნებს. საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებიდან და შრომის ბაზრის ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე, ნაშრომის აღნიშნულ ნაწილში ასევე წარმოდგენილია უმუშევრობის ტიპებისა და ფორმების ახლებური კლასიფიკაცია და მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები. კერძოდ: აღრიცხვის ფორმების მიხედვით გამოყოფილია რეალური (ფაქტიური) და ოფიციალური (რეგისტრირებული) უმუშევრობა; ეკონომიკის მასშტაბების, დონის მიხედვით-საერთო, რეგიონული და დარგობრივი უმუშევრობა; სოციალურ-დემოგრაფიული ნიშნის მიხედვით-ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების, შეზრუდული შესაძლებლობების მქონე პირების (შშმპ), პენსიონერების, ინვალიდების, ასევე უმუშევრობა ცალკეული პროფესიული ჯგუფების მიხედვით; წარმოშობის მიზეზების მიხედვით-ფრიქციული, სტრუქტურული (ტექნოლოგიური), სეზონური უმუშევრობა; გამოვლინების ხასიათის მიხედვით: ღია და ფარული უმუშევრობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის ავტორი განსაკუთრებული მნიშვნელობა ანიჭებს უმუშევრობის დონისა და დინამიკის, როგორც რაოდენობრივ, ისე ხარისხობრივ ასპექტით შეფასებას. კერძოდ, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, უმუშევრობის შეფასებისათვის იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული შემდეგი ძირითადი მაჩვენებლების გამოყენებას: უმუშევართა რიცხოვნობა, უმუშევრობის დონე, უმუშევრობის ხანგრძლივობა, უმუშევართა სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, უმუშევართა პროფესიულ-კვალიფიციური სტრუქტურა, უმუშევართა დარგობრივი და ტერიტორიულ-რეგიონული სტრუქტურა, შრომის ბაზრის დაძაბულობის კოეფიციენტი და სხვა.
ნაშრომის მესამე თავში განხილულია „უმუშევრობის ბუნებრივი დონის“ თანამედროვე კონცეფციები, ქართველი და უცხოელი მეცნიერებების შეხედულებების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია მასზე მოქმედი ფაქტორების კლასიფიკაცია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უმუშევრობის ბუნებრივი დონის შეფასებისა და მისი დონის გაანგარიშების თანამედროვე მეთოდების, მიდგომების მიმოხილვას.
ნაშრომის მეოთხე თავში ავტორის მიერ გაანალიზებული და შეფასებულია უმუშევრობის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში. დამუშავებულია აღნიშნულ სფეროში არსებული ძალზე მდიდარი სტატისტიკური მასალა, როგორც მთლიანად ქვეყნის, ასევე მისი რეგიონების დონეზე. უმუშევრობის დონის მახასიათებელი მაჩვენებლის ანალიზი მოცემულია სხვადასხვა ჭრილით, სამუშაო ძალის აღრიცხვის როგორც ძველი, ასევე ახალი მეთოდოლოგიის გამოყენების პირობებში. განასაკუთრებით საყურადღებოა უმუშევრობის დონის მაჩვენებლის დიფერენციაციის ხარისხის შეფასება, შრომის რეგიონული ბაზრების ტერიტორიული დისბალანსის მასშტაბების გამოვლენა-შესწავლა ზოგიერთი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის კორელაციურ-რეგრესიული ანალიზის საფუძველზე, ავტორი აყალიბებს საინტერესო დასკვნებს საქართველოში უმუშევრობის თავისებურებებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. საყურადღებოა, რომ მისი აზრით საქართველოში უმუშევრობა წარმოადგენს ყველაზე მწვავე სოციალურეკონომიკურ პრობლემასა და აქტუალურ გამოწვევას და სწორედ ის არის ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელ მთავარი ფაქტორი. აქვე ავტორი, საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით, სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე წარმოადგენს უმუშევრობის ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედგების შეფასებას საქართველოში.
ნაშრომის მეხუთე თავში წარმოდგენილია სიღარიბის, სოციალურ-ეკონომიკურ ფენომენთან დაკავშირებული პრობლემების კვლევა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, მოცემულია სიღარიბისა და მისი ძირითადი პარამეტრების ანალიზი და გამოვლენილია მასზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები. ძალზე საყურადღებოა, რომ ავტორის აზრით, თანამედროვე გლობალური კრიზისის პირობებში, სიღარიბე როგორც სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, კვლავ უმწვავეს პრობლემად რჩება ქვეყანაში და პირდაპირ ზემოქმედებს მისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე და საბოლოოდ აისახება მოსახლეობის შრომითი ცხოვრების ხარისხსა და ცხოვრების დონის პარამეტრებზე. უფრო მეტიც, ქვეყანაში არსებული ქრონიკული უმუშევრობა, სიღარიბის მაღალი დონე და მასშტაბები ხელს უწყობს საზოგადოების შიგნით და მის გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის მუხტის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ, სოციალური აფეთქების რისკის მატარებელია.
ნაშრომის მეექვსე თავში შესწავლილია უმუშევრობისა და არაეფექტიანი დასაქმების გავლენა შრომით მიგრაციაზე. შესაბამისად, შეფასებულია შრომითი მიგრაციის მასშტაბები ეროვნული შრომის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების მიმდინარე ეტაპზე. ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესების ეფექტიანი რეგულირების მიზნით, აუცილებელია მისი მართვის მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციებისა და შესაბამისი პროგრამების, აღრიცხვის სათანადო სისტემის, მეთოდოლოგიური ბაზის შექმნა.
მთლიანობაში, ნაშრომი შესრულებულია მაღალ მეცნიერულ დონეზე, მასში ასახული და გათვალისწინებულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ შრომის ბაზრის, დასაქმების, უმუშევრობისა და, საერთოდ, სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით განხორციელებული მნიშვნელოვანი კვლევები, რასაც ადასტურებს თანდართული ლიტერატურის ჩამონათვალიც. შესაბამისად, მონოგრაფია უდავოდ საინტერესოა როგორც ეკონომიკური პროფილის სპეციალისტების, ასევე დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. ნაშრომში წარმოდგენილი შეფასებები, დასკვნები და რეკომენდაციები უდავოდ საყურადღებოა იმ სამთავრობო ორგანოებისათვის, რომლებიც დღეს ქვეყანაში შრომისა და დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციას ახორციელებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის ბაზრის ფუნქციონირების თავისებურებებსა და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების სფეროს აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებულ კვლევებს ავტორი იკვლევს 1990 წლიდან ჯერ კიდევ შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, შემდგომ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზე შესაბამისი სპეციალობისა და პროფილის სპეციალისტებთან ერთად (პროფ. მ. ტუხაშვილი, მ. შელია, ნ. ლაცაბიძე, მ. ლობჟანიძე, ი. ტყემალაძე, მ. თორია, ნ. ჭელიძე). ხოლო ბოლო წლების განმავლობაში კი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში დასაქმებისა და სოციალურ-შრომითი ურთიერთობების რეგულირების მაკროეკონომიკურ პრობლემებზე. ამიტომ ავტორმა პირველ ეტაპზე, როგორც იგი ნაშრომში აღნიშნავს, უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნია შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული მდგომარეობის პრობლემების სიღრმისეულად შესწავლა და მისი შედეგების განზოგადოება. აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღები იქნება მის მიერ დაგეგმილი კვლევის მეორე ეტაპის შედეგების წარმოდგენა, რომელიც მთლიანად დაეთმობა ქვეყანაში ქრონიკული უმუშევრობის, სიღარიბის დაძლევისა და „ღირსეული“, ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფის ძირითადი მიმართულებების, რეკომენდაციების ფორმირებას.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ე. ხარაიშვილი
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: გ. ბედიანაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი