English / ქართული /








Journal number 1 ∘ Merab Lominadze
Privatization and Post-Communist Economic Transformation (Critical Analysis of the Experiences of Central, Eastern Europe and the Baltic States)

Privatization is a dividing line between the administrative-command system and the market economy. After the collapse of the Soviet bloc, the process of post-communist transformation began in Central, Eastern European countries and the former "Union Republics", the content and main direction of which was determined by the privatization of state property.

In the post-communist transition period, privatization was characterized by both -general and specific signs. Based on the research, two groups of countries were identified.

Some post-communist countries (Poland, Hungary, Czech Republic) and post-soviet country (Estonia) have successfully privatized and achieved high positive results: increased the efficiency of privatized enterprises, improved corporate governance, modernized technology, attracted foreign technology and Know-How, has been created a highly competitive environment, fiscal discipline has been raised, and so on.

In countries where privatization has been flawed, the desired results have not been achieved. On the contrary, privatization has become a serious source of severe economic crisis and deepening social tensions.

Due to the phenomenon of privatization, one of the "mysterys " of the post-communist transition period can be explained: countries that were in an almost equal starting position at the initial stage of systemic transformation, are today significantly different in terms of economic development and living standards. The main reason for such differentiation is the different effectiveness of privatization in these countries.

Keywords: Post-communist systemic transformation, privatization, voucher, stock market, restitution, restructuring.

JEL Codes: G34, G38, L33

References:

  • Balcerowicz L. (2002). saxelmcipo gardamaval periodshi [State in Transition Period. Tb]. (in Georgian).
  • Basilia T., Silagadze A., Chikvaidze T. (2001). Post-socialuri transformacia: saqartvelos ekonomika XXI saukunis mijnaze [Post-socialist Transformation: Georgian Economy at the Turn of the XXI Century]. (in Georgan).
  • Brada Joseph C. (1996). “Privatization is Transition – or is It?”. Journal of Economic Perspectives 10 (2): 67-86.
  • EBRD, Transition Report, 1995.
  • Frydman Roman, Andrzej Rapaczynski (1994). Privatization in Eastern Europe: Is the State Withering Away. Budapest: Central European University Press.
  • Glinski Dimitri, and Redway Peter. 1999. “The Ravage of Market Bolshevizm”. Jounal of Democracy 10 (2): 19-34.
  • Kaufman Daniel, and Paul Siegelbaum. (1999). “Privatization and Corruption in Transition Economies. Journal of International Affairs 50 (2): 419-458.
  • Kornai J. (1990). The Road to a Free Economy. Shifting from Socialist System: The Example of Hungary. NY: Norton.
  • Lipton David, and Jeffrey D. Sachs (1990). “Privatization in Eastern Europe: The Case of Poland”. Brookings Papers of Economic Activity 20 (2): 293-341.
  • Murrell Petter and Yijiang Wang (1993). “When Privatization should be Delayed: The Effect of Communist Legacies on Organizational and Institutional Reforms”. Journal of Comparative Economics. 17(2): 385-406.
  • Papava V. (2005). Necroeconomics. The Political Economy of Post-communist Capitalism. iUniverse, Inc. New York, Lincoln, Shanghai.
  • Papava V. (2015). Saqartvelos ekonomika, reformebi da psevdoreforebi, Tb.  “Inteleqti” [Georgian Economy, Reforms and Pseudo-Reforms. Tb., "Intellect"]. (in Georgian).
  • Papava V. (2020). Aratradiciuli ekonomiksi. [Unconventional Economics. Tbilisi State University and P. Gugushvili Publishing House of the Institute of Economics]. (in Georgian).
  • Papava V. (2010). Nekroekonomikis zombireba [Zombie Necroeconomics]. (in Georgian).
  • Roland G. (1994). On the Speed and Sequencing of Privatization and Restructuring”. Economic journal 104: 1158-1168.
  • Roland G. (2000). “Corporate Governance Systems and Restructuring. Lessons from the Transition Experience; Washington D. C. World Bank Annual Bank Conference on Development Economics, April, 18-20.
  • Roland Gerard (1993). “Political Economy of Restructuring and Privatization in Eastern Europe”, European Economic Review 37 (2-3): 533-540.
  • Shleifer A., and Treisman D. 2000) Without a Map: Political Tactics and Economic Reform in Russia. Cambridge, Mass: MIT Press.

პრივატიზაცია და პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაცია (ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნების გამოცდილების კრიტიკული ანალიზი)

პრივატიზაცია ასრულებს გამყოფი ხაზის როლს, რომელიც ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკას შორის ზღვარს ავლებს. საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საბჭოთა კავშირის ყოფილ „მოკავშირე რესპუბლიკებში“ დაიწყო პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პროცესი, რომლის შინაარსს და მთავარ მიმართულებას სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია განსაზღვრავდა. პოსტკომუნისტურ გარდამავალ პერიოდში პრივატიზაციას ახასიათებდა როგორც საერთო, ისე სპეციფიკური ნიშნები. ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა ქვეყნების ორი ჯგუფი. ზოგიერთმა პოსტკომუნისტურმა (მაგ. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი) და პოსტსაბჭოთა (მაგ. ესტონეთი) ქვეყანამ შეძლო პრივატიზაციის წარმატებით განხორციელება და მიაღწია მაღალ პოზიტიურ შედეგებს: გაიზარდა პრივატიზებული საწარმოების ეფექტიანობა, გაუმჯობესდა კორპორატიული მართვის ხარისხი, მოზიდული იქნა ფართო მოცულობის უცხოური კაპიტალი, თანამედროვე ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ, შეიქმნა მაღალკონკურენტული გარემო, ამაღლდა ფისკალური დისციპლინა და ა.შ.

იმ ქვეყნებში, სადაც პრივატიზაცია ხარვეზებით ჩატარდა, ვერ იქნა სასურველი შედეგები მიღწეული. პირიქით, პრივატიზაცია მწვავე ეკონომიკური კრიზისის და სოციალური დაძაბულობის გაღრმავების სერიოზულ წყაროდ იქცა.

პრივატიზაციის ფენომენიდან გამომდინარე, შეიძლება აიხსნას პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის ერთი „საიდუმლო“: ქვეყნები, რომლებიც სისტემური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე თითქმის თანაბარ სასტარტო პირობებში იმყოფებოდნენ, დღეს არსებიდათ განსხვავდებიან ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონით. ასეთი დიფერენციაციის მთავარ მიზეზს ცალკეული ქვეყნების მიხედვით ჩატარებული პრივატიზაციის განსხვავებული ეფექტიანობა წარმოადგენს.

საკვანძო სიტყვები: პოსტკომუნისტური სისტემური ტრანსფორმაცია, პრივატიზაცია, ვაუჩერიზაცია, საფონდო ბაზარი, რესტიტუცია, რესტრუქტურიზაცია.

JEL Codes: G34, G38, L33

შესავალი 

პრივატიზაცია არის ის წყალგამყოფი, რომელიც კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკურ სისტემას ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემისგან აშორებს. ამასთან ერთად, პრივატიზაცია ფუნდამენტურ ცვლილებებს იწვევს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - პოლიტიკაში, სოციალურ ურთიერთობებში, სამართალში, მორალში და ა.შ.

პრივატიზაციის ცნება გულისხმობს ქონების (აქტივების) სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო პირების ხელში გადასვლას. პრივატიზაციასთან ახლოს დგას „განსახელმწიფოების“ ცნება, თუმცა მათ შორის არსებობს განსხვავებაც. განსახელმწიფოება პრივატიზაციასთან ერთად ნიშნავს სახელმწიფო ქონების კოლექტიურ საკუთრებაში გადასვლასაც.

პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული პრივატიზაცია მოიცავდა ზოგადი და სპეციფიკური ნიშნების ერთობლიობას, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბევრი ისტორიული პროცესისათვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი გამოვლინდა კერძო საკუთრების ინსტიტუტის დამკვიდრებაში. პრივატიზაციის სპეციფიკა დეტერმინირებული იყო ცალკეული ქვეყნების მიხედვით საწარმოო ძალთა განვითარების დონით, ეკონომიკის ჩამოყალიბებული სტრუქტურით, ეკონომიკური რეფორმების სტრატეგიული და ტაქტიკური მიზნებით, ამოცანებით, საპროგნოზო ორიენტირებით და ა.შ. ყოველივე ეს უნდა აუცილებლად გათვალისწინებულიყო პრაქტიკული ღონისძიებების გატარებისას, ვინაიდან ის, რაც ეფექტიანია ერთ ქვეყანაში, შესაძლოა სრულიად კონპროდუქტიული აღმოჩნდეს სხვა ქვეყანაში. ამასთან ერთად, არსებობდა შესაძლებლობებისა და შემზღუდველების ერთიანი ჩარჩო, რომელიც ყველა ქვეყანას უნდა გაეთვალისწინებინა საპრივატიზაციო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. ეს უკანასკნელი შემდეგ გარემოებაში გამოვლინდა - პრივატიზაციის განხორციელების ღონისძიებათა თანმიმდევრობაში, ანუ პრივატიზაციის ლოგიკაში. ყველა პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყანაში პროცესი დაიწყო მცირე პრივატიზაციით, განკერძოებას დაექვემდებარა ძირითადად ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტები. პრივატიზაცია სწრაფად წარიმართა და ხელი შეუწყო საბაზრო ეკონომიკის ელემენტების ჩამოყალიბებას.

პრივატიზაციის ფორმები, მეთოდები და მექანიზმები

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში გამოყენებუკლ იქნა პრივატიზაციის შემდეგი ფორმები და მეთოდები:

  • მასობრივი პრივატიზაცია ვაუჩერიზაციის გზით;
  • ინსაიდერული პრივატიზაცია;
  • პრივატიზაცია სახელმწიფო ქონების პირდაპირი (ღია) გაყიდვის მეთოდით;
  • რესტიტუცია;
  • გაკოტრება და ლიკვიდაცია;

მასობრივი პრივატიზაცია ვაუჩერიზაციის გზით. სავაუჩერო პრივატიზაციის პიონერი და კლასიკური ქვეყანა ჩეხეთია, ხოლო მისი პრემიერ-მინისტრი ვაცლავ კლაუსი იყო ამ იდეის ავტორი. ჩეხეთის გარდა, ამ ფორმით პრივატიზაცია ნაწილობრივ განხორციელდა სლოვაკეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, ყაზახეთში, მოლდოვაში, სომხეთში და ყირგიზეთში. სავაუჩერო პრივატიზაციის იდეა, რამდენიმე თვალსაზრისით, აღმოჩნდა მიმზიდველი ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის. ჯერ ერთი, იგი შედარებით უფრო შეესაბამებოდა სამართლიანობის პრინციპს, გულისხმობდა რა სახელმწიფო ქონების თანაბარ განაწილებას მთელ მოსახლეობაზე, რათა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თანაბარ სასტარტო პირობებში მყოფი შეხვედროდა პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის დაწყებას. თითოეული მოქალაქის წვლილის განსაზღვრა სახელმწიფო ქონებაში და ამის საფუძველზე ვაუჩერების განაწილება ტექნიკურად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა, თანაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პრივატიზაცია სწრაფად უნდა განხორციელებულიყო; მეორე - პრივატიზაცია ხელს უწყობდა ბაზრის ფორმირების დაჩქარებას. მესამე - არბილებდა საშინაო მოთხოვნის უკმარისობას საკუთრების შეძენაზე. მეოთხე, მისი განხორციელება იყო მარტივი და ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებული, ვინაიდან მნიშვნელოვნად აიოლებდა გასაყიდი ქონების შეფასების პრობლემას. მეხუთე - იგი იძლეოდა მოსახლეობაში საკუთრების საკმაოდ ფართო გაბნევის შესაძლებლობას და აჩქარებდა მესაკუთრეთა ფართო ფენის ჩამოყალიბების პროცესს.

ჩეხეთში სავაუჩერო პრივატიზაცია დაიწყო 1991 წლიდან. ამ ქვეყნის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ მიღო სახელობითი (საკუპონე) წიგნაკი, რომელიც ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარებოდა. მისი საშუალებით კუპონის მფლობელს შეეძლო მიეღო აქციების პაკეტი 70 000 ჩეხური კრონის, ანუ 2800 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულებით (ბასილია, სილაგაძე, ჩიკვაიძე, 2001, გვ. 112). აქციების მიღება ხორციელდებოდა საინვესტიციო ფონდების საშუალებით. სავაუჩერო პრივატიზაციას ჩეხეთში, დადებით მხარეებთან ერთად, ნაკლოვანებებიც გააჩნდა - საკუპონე წიგნაკების უსასყიდლოდ დარიგებას რეალური კაპიტალის დაგროვება არ მოჰყოლია. ამის გამო მსხვილი პრივატიზებული საწარმოების უმრავლესობა საჭირო კაპიტალის არქონის გამო, სანაციისა და მოდერნიზაციის მიღმა აღმოჩნდა. ვაუჩერი არ წარმოადგენდა ფასიან ქაღალდს, ამ ცნების კლასიკური გაგებით, ვინადან საკუთარ თავში არ აერთიანებდა საინვესტიციო და საკუთრებით ფუნქციებს.

ჩეხეთში განხორციელებული პრივატიზაცია მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ბევრი ეკონომისტის მხრიდან. პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პრობლემების მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი, პროფ. ი. კორნაი წერს, რომ პრივატიზაციის მთავარი ამოცანა მდგომარეობს სახელმწიფო საკუთრების არა უბრალოდ დარიგებაში, არამედ საუკეთესო მესაკუთრის ხელში მის გადაცემაში (Kornai J. 1990). მსგავსი შეხედულება აქვს გამოთქმული პროფ. ლ. ბალცეროვიჩს, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო საკუთრება ეკონომკის განვითარების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვის ხელშია იგი მოქცეული, ვინ არის მესაკუთრე. თუკი საკუთრება ადამიანს უსასყიდლოდ ეძლევა, იგი ვერ გამოდგება სტიმულირების და, მაშასადამე, ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების საშუალებად (ბალცეროვიჩი, 2002; გვ. 96). უნდა აღინიშნოს, რომ ეს რთული და აქტუალური პრობლემა შედარებით წარმატებით გადაწყდა პოლონეთში, უნგრეთში და ესტონეთში, რაშიაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პრივატიზაცის პროცესში უცხოელი ინვესტორების ინტენსიურად ჩაბმამ. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, ეფექტიანი მესაკუთრის გამოძებნის პრობლემა დღესაც მეტწილად გადაუჭრელია. ჩეხეთის გამოცდილებას რომ დავუბრუნდეთ, სავაუჩერო პრივატიზაციის დისკრედიტაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკანდალმა, რომელიც დაკავშირებული იყო ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის ბაჰამის კუნძულებზე გაქცევასთან, რომელმაც თან გაიყოლა ინვესტორებისგან მითვისებული უზარმაზარი თანხა. კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ჩეხეთის სავაუჩერო ფონდები მტკიცედ იყო მიბმული ადგილობრივ ბანკებზე, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდა. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად აქვეითებდა ამ ფონდების პოზიტიურ საპრივატიზაციო პოტენციალს. სავაუჩერო პრივატიზაციის ყველაზე მკაცრი კრიტიკით ლიბერალური ეკონომიკის მიმართულების მკვლევრები იყვნენ გამორჩეული. მაგ., დ. გლინსკი და პ. რედვეი (Glinski D., and Redway P. 1999) მას „საბაზრო ბოლშევიზმს“ უწოდებენ.

ზემოაღნიშნული კრიტიკის მიუხედავად, ხაზგასმით შეიძლება აღინიშნოს, რომ სავაუჩერო პრივატიზაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოურ სივრცეში კერძო საკუთრების ინსტიტუტის დამკვიდრებაში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჩეხეთში და ევროპის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კერძო საკუთრებაში გადასულმა საწარმოებმა ეფექტიანი ფუნქციონირება დაიწყეს.

ინსაიდერული პრივატიზაცია. პრივატიზაციის ეს მეთოდი გულისხმობს სახელმწიფო საწარმოების საკუთრების უსასყიდლო გადაცემას ან ხელოვნურად შემცირებულ ფასებში მიყიდვას ამ საწარმოებში დასაქმებულ მენეჯერებსა და მუშაკებზე. მისი განხორციელების მთავარი მექანიზმია არენდა-გამოსყიდვა. ინსაიდერული პრივატიზაცია ძირითადად გამოყენებული იქნა რუსეთში, ნაწილობრივ - უკრაინაში, მოლდოვაში, ყაზახეთში და სომხეთში. იგი განპირობებული იყო რიგი ობიექტური გარემოებებით, რომელთა შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ზოგიერთ ქვეყანაში პრივატიზაციისწინა სიტუაცია, განსაკუთრებით საწარმოზე კონტროლის არსებული წესი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში, საწარმოების დირექტორები, ფაქტობრივად, სახელმწიფო საწარმოებს კვაზიმესაკუთრეებად გადაიქცნენ. აღნიშნულს საგრძნობლად შეუწყო ხელი კანონმა სახელმწიფო საწარმოების შესახებ (1987), რომელმაც პროფილური სამინისტროებიდან საწარმოთა დირექტორების დამოუკიდებლობის სამართლებრივი საფუძველი შექმნა. პოლონეთში საწარმოების შიგნით ძალაუფლება კონცენტრირებული იყო ე.წ. მუშათა საბჭოების ხელში, რითაც არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ გარდაქმნები წარმართულიყო მუშათა თვითმმართველობის ტიპის (ე.წ. „თვითმმართველური იუგოსლავიური სოციალიზმის“) მიმართულებით. თუმცა ასე არ მოხდა, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა პოლონეთში პრივატიზაციის პროცესის წარმატება. უნგრეთში ასევე არსებობდა საწარმოების მუშათა თვითმმართველობები, თუმცა ისინი არ თამაშობდნენ რაიმე მნიშვნელოვან როლს. ჩეხეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში სამრეწველო საწარმოები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოების რეალურ მესაკუთრეს. შესაბამისად, ინსაიდერული პრივატიზაციის საფუძველი ამ ქვეყნებში თითქმის არ არსებობდა.

ინსაიდერული პრივატიზაციის შემთხვევაში მაღალი დონის მენეჯერები, უპირველეს ყოვლისა - დირექტორები და საწარმოთა მუშაკების დანარჩენი სხვა კატეგორია ერთ ჯგუფში მოიაზრებოდა. თუმცა რეალობაში მათი ინტერესები არსებითად განსხვავდებოდა. სარგებლობდნენ რა საკუთარი პრივილეგიური მდგომარეობით, ე.წ. „წითელი დირექტორები“ სახელმწიფო საწარმოების გვერდით, როგორც წესი, ქმნიდნენ საკუთარ კომპანიებს და მათზე ყიდდნენ ხელოვნურად შემცირებულ ფასებში სახელმწიფო საწარმოების მიერ შექმნილ მთელ პროდუქციას, ან მის უმეტეს ნაწილს, ეს კომპანიები კი უკვე რეალური, ანუ მომატებული ფასებით იმავე პროდუქცის ყიდდნენ საბოლოო მომხმარებელზე. ფასთა სხვაობა მოგების სახით დირექტორების ჯიბეში მიდიოდა, სახელმწიფო კი დიდ ზარალს ნახულობდა. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ადგილი ჰქონდა არალეგალურ, სპონტანურ პრივატიზაციას. როდესაც ფორმალური პრივატიზაცია დაიწყო, დირექტორებმა ნათლად აჩვენეს საკუთარი ძალა და გავლენა. ისინი კატეგორიულდ ეწინააღმდეგებოდნენ რენტაბელური საწარმოების ღია წესით გაყიდვას, მოითხოვდნენ, რომ ამ წესით მხოლოდ წამგებიანი საწარმოები გაყიდულიყო. მომგებიანი საწარმოები კი, მათი აზრით, კოლექტივების საკუთრებაში უნდა გადასულიყო. როგორც წესი, კოლექტივებთან ისინი საკუთარ თავს აიგივებდნენ. რუსეთში, მაგალითად, 16 462 დიდი საწარმოს აქციების მხოლოდ 20% გაიცვალა ვაუჩერებზე, დანარჩენი ხელოვნურად შეცირებულ ფასებში გადაეცა საწარმოების დირექტორებს და მუშაკებს (Shleifer A., and Treisman D. 2000). ოდნავ მოგვიანებით ამ აქციების აბსოლუტურად უმეტესი ნაწილი დირექტორების ხელში აღმოჩნდა. რუსეთში აქციების საკონტროლო პაკეტს დაეუფლნენ კომპანიების უმაღლესი რანგის მმართველები ისეთ უმსხვილეს ორგანიზაციებში, როგორიცაა „გაზპრომი“, „ლუკოილი“, „სურგუტნეფთგაზი“ და სხვა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ინსაიდერული პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო საწარმოების საკუთრების უმეტესი ნაწილი გადავიდა არა მათი დირექტორების, არამედ დაქირავებული მუშაკების ხელში, აღმოჩნდა პოლონეთი.

ინსაიდერულ პრივატიზაციას, მომხრეებთან ერთად, ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავდა, რომლებიც მის ნაკლოვან მხარეებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. პროფ. ვ. პაპავა წერს, რომ ეს მეთოდი „ბევრ გაუგებრობასთან და წინააღმდეგობასთან იყო დაკავშირებული. მაგ., გაუგებარი იყო, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაანგარიშებული კოლექტივის თითოეული წევრის მიერ საწარმოს აქტივების შექმნა-დაგროვებაში შეტანილი წვლილი. როგორ უნდა გადაჭრილიყო საკითხი იმ მუშაკთა მიმართებით, რომელიც ადრე, წლების მანძილზე მოცემულ საწარმოში იყო დასაქმებული, პრივატიზაციის დაწყების მომენტში კი წასული იყო საწარმოდან და ა.შ.“(პაპავა ვ. 2020; გვ. 169). პროცესის შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ სოციალური სამართლიანობის საკითხთან მიმართებაშიაც ინსაიდერული პრივატიზაციის როლის პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებული იყო. მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა საპრივატიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფო საკუთრების შეფასების გარშემო. კრიტიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ არ ხდებოდა ქონების ზუსტი შეფასება და მისი „რეალური ფასებით“ გაყიდვა, რაც შეესაბამებოდა სინამდვილეს. თუმცა, სიზუსტისათვის, იმაზეც უნდა მივანიშნოთ, რომ იმ პირობებში რეალური ფასის ცნებას გამოცლილი ჰქონდა შინაარსი, ვინაიდან არ არსებობდა კაპიტალის ბაზარი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების მექანიზმის საფუძველზე ჩამოაყალიბებდა აქტივებზე საბაზრო, ანუ რეალურ ფასს. შესაბამისად, სახელმწიფო ქონება ფასდებოდა ე.წ. საბალანსო ღირებულებით, რომელსაც საფუძვლად ედო რეალობისგან მოწყვეტილი, ისტორიულად ჩამოყალიბებული საწარმოო დანახარჯები.

პრივატიზაცია სახელმწიფო ქონების პირდაპირი (ღია) გაყიდვის მეთოდით.

 ეს მეთოდი ყველაზე აქტიურად იქნა გამოყენებული პოლონეთში, უნგრეთში და ესტონეთში. პოლონეთში იგი განხორციელდა აქციების პირველადი გამოშვებისა და საფონდო ბირჟაზე მათი პირველადი მიწოდების გზით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მეთოდი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოიყენეს 1980-ან წლებში და ადვილად გასაგებია ის ინტერესი, რომელიც, პირველ რიგში, დიდი ბრიტანეთის საინვესტიციო ბანკებმა გამოიჩინეს ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებში ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საფონდო ბაზრების (ბირჟების) მიმართ. სახელმწიფო ქონების პირდაპირ (ღია) გაყიდვას ბევრი პოზიტიური მხარე გააჩნდა. კერძოდ:

  • იგი იძლეოდა პრივატიზაციის გამჭვირვალედ განხორციელების შესაძლებლობას;
  • უზრუნველყოფდა უცხოური კაპიტალის ფართო მასშტაბით ჩართვას პრივატიზაციის პროცესში;
  • ქმნიდა მოწინავე ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ბაზაზე საწარმოთა რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას;
  • განსაზღვრავდა კომპანიების რეალურ ფასებს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ყალიბდებოდა ბაზარზე;
  • განაპირობებდა კომპანიების მენეჯმენტის ხარისხის ამაღლებას უცხოეთიდან გამოცდილი მენეჯერების მოწვევის, მათი ცოდნისა და  უნარ-ჩვევების გამოყენების გზით.

პირდაპირი (ღია) გაყიდვით პრივატიზაციის პროცესში გამოყენებული მეორე ინსტრუმენტი იყო საინვესტიციო ტენდერები, რომლის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ აუტსაიდერებს შეეძლოთ დიდი მოცულობის საკუთრების შეძენა, რაც საწარმოთა რექტრუქტურიზაციის კარგ შესაძლებლობას ქმნიდა. ასევე ადვილი იყო უცხოელი ინვესტორების ჩართვა პრივატიზაციის პროცესში და საინვესტიციო ტენდერების მოწყობიდან სახელმწიფოს შეეძლო სოლიდური შემოსავლების მიღება.

დადებით მხარეებთან ერთად, პრივატიზაციის ამ მეთოდს გარკვეული ნაკლოვანებებიც გააჩნდა. ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ, რასაც გარკვეული ობიექტური საფუძველი ჰქონდა. იმ პერიოდში არსებობდა მოსახლეობის ოთხი კატეგორია: კომუნისტური ნომენკლატურა, ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს წარმომადგენლები, ე.წ. საქმოსნები და უცხოელები, რომელთაც შეეძლოთ საბაზროსთან მიახლოებული ფასებით საკუთრების შეძენა. თანაც, ხშირ შემთხვევაში, მათ განკარგულებაში არსებული თანხები საეჭვო და უკანონო გზით იყო მოპოვებული.

 აღნიშნულთან ერთად, გასათვალისწინებელია წმინდა ეკონომიკური ფაქტორიც - ბაზარზე ქონების დიდი მოცულობით მიწოდება იმ პირობებში, როცა მასზე არასაკმარის მოთხოვნას ჰქონდა ადგილი, აქტივების საგრძნობ გაუფასურებას იწვევდა, რაც, პირველ რიგში, ჩამოთვლილი ოთხი კატეგორიის წარმომადგენელთა ინტერესებში შედიოდა. ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, ლიპტონი და საქსი (Lipton and Sachs, 1990, p. 293-341) შემდეგ პრობლემებზე მიანიშნებს: პრივატიზაციის ამ მეთოდის დანახარჯები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო; სამამულო კაპიტალის სიმცირის პირობებში დიდი ალბათობა არსებობდა, რომ კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელების ხელში გადასულიყო; რიგ შემთხვევებში ღია წესით საწარმოების გაყიდვამდე აუცილებელი ხდებდა მათი რესტრუქტურიზაცია, რომლის განხორციელება პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან რთული იყო.

ბევრი ნაკლოვანება ახასიათებდა საინვესტიციო ტენდერების ორგანიზაციას, რომელთა შორის, პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ პროცესის გაუმჭვირვალეობა. ასევე აღსანიშნავია მრავალრიცხოვანი ადმინისტრაციული პროცედურები და მათგან გამომდინარე გადამეტებული ადმინისტრაციული ჩარევისა და კორუფციის საფრთხე.

პირდაპირი (ღია) გაყიდვის მეთოდი ასევე ფართოდ იქნა გამოყენებული ყოფილ გდრ-ში დასავლეთ გერმანიასთან მისი გაერთიანების შემდეგ. 1990-1994 წლებში გერმანიის მთავრობამ ძალიან სწრაფად, თუმცა კოლოსალური ფინანსური დანახარჯების გზით, მოახერხა 13 000 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვა. შემოსავლების სახით საპრივატიზაციო სააგენტო Treuhand-მა აქედან მიიღო 50 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ღონისძიებაზე დახარჯა არანაკლებ 243 მლრდ აშშ დოლარისა (Brada J. 1996, p. 67-86). საწარმოები ძირითადად გაიყიდა დასავლეთ გერმანიის კომპანიებზე და პროცესი იყო დახურული.

ქონების პირდაპირი გაყიდვა განსაკუთრებით ფართო მასშტაბის კორუფციასთან იყო დაკავშირებული ბულგარეთში. პრივატიზაციის გზით აქ შეიქმნა ისეთი ძლიერი საფინანსო-სამრეწველო კომპანია, როგორიცაა Multigroup, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა 1996-97 წლების კრიზისის დაწყებაში. საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების წარმოშობა და მათი გავლენის მნიშვნელოვანი ზრდა მიანიშნებდა სახელმწიფო მონოპოლიის კერძო მონოპოლიით ჩანაცვლებაზე.        

მთლიანობაში შეიძლება აღინიშნოს, რომ პრივატიზაციამ პირდაპირი გაყიდვის გზით პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში ვერ ჰპოვა ფართო გამოყენება.

რესტიტუცია.ეს არის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების დაბრუნებას ძველი მესაკუთრეებისთვის, ან მათი შთამომავლებისთვის. იგი, უპირველეს ყოვლისა, განიხილებოდა სოციალური სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში. რესტიტუცია ძირითადად გამოყენებული იქნა ბალტიის ქვეყნებში და ყოფილი გდრ-ს ტერიტორიაზე. სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეს მეთოდი გამოიყენეს მხოლოდ სოფლის მეურნეობაში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ მეთოდით საერთოდ არ უსარგებლიათ. ვფიქრობთ, რესტიტუციის ნაკლებად გამოყენების ფაქტი ობიექტური სირთულეებით იყო განპირობებული. მაგალითად, აღმოსავლეთ გერმანიაში რესტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოებმა დაახლოებით 2 მლნ განცხადება მიიღეს მოქალაქეებისაგან საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით. ამან გამოიწვია სასამართლოების საქმიანობის შეფერხება გადატვირთულობის გამო და გადაწყვეტილებების გამოტანის გაჭიანურება, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლიდა საწარმოთა ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ ტექნიკური ხასიათის მიზეზის გარდა, საზოგადოებაში არსებობდა რესტიტუციის მიუღებლობა მორალური პოზიციიდან გამომდინარე. აღინიშნებოდა, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა ყველა ადამიანი დააზარალა და მხოლოდ ადამიანთა ნაწილისათვის ზიანის კომპენსაცია საკუთრების უკან დაბრუნების სახით არ იყო სამართლიანი. 

ლიბერალური მიმართულების ეკონომისტები ასევე უარყოფითად აფასებდნენ რესტიტუციას იმის გამო, რომ, მათი აზრით,  მუქთი საკუთრება იმ შემთხვევაშიაც კი, როცა მემკვიდრეობითაა მიღებული, სათანადოდ ვერ ფასდება და ეფექტიანად ვერ გამოიყენება.

გაკოტრება და ლიკვიდაცია. პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა გარდამავალ ეკონომიკას წინა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემიდან მემკვიდრეობით ერგო მრავალი არარენტაბელური და ზარალიანი საწარმო, რომელთა ერთობლიობას პროფ. ვ. პაპავამ „ნეკროეკონომიკა“ უწოდა (პაპავა ვ. 2010; Papava V. 2005).  მოგვიანებით ამას თან დაერთო სისტემური კრიზისით გამოწვეული ნეკროეკონომიკის სფეროს მნიშვნელოვანი გაფართოება და საწარმოთა გაკოტრება-ლკვიდაციამ ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების ფუნქცია შეიძინა. ამ გზით შესაძლებელი გახდა რამდენიმე მიზნის მიღწევა: 1) საბიუჯეტო და საგადასახადო დისციპლინის ამაღლება; 2) იმ ძველი მესაკუთრეებისაგან გათავისუფლება, ვინც თავი ვერ გაართვა მათ წინაშე მდგომ ამოცანებს; 3) საწარმოთა აქტივების რესტრუქტურიზაციის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა.

გაკოტრების პროცედურის ჩამტარებლები ახორციელებენ საწარმოთა ქონების ობიექტურ ინვენტარიზაციას (აღწერა-შეფასებას). მათ უფლება აქვთ ნაწილებად დაჰყონ წამგებიანი კომპანიის აქტივები და ცალ-ცალკე გაყიდონ ისინი. ამ შემთხვევაში, ახალი მესაკუთრეების ხელში გადადის იურიდიულად „გასუფთავებული“ საწამოები, რომლებიც არ არიან დამძიმებული ფარული ვალებით. გაკოტრებას დაქვემდებარებული საწარმო აუქციონზე გადის და ხდება მათი ძველი ვალების ჩამოწერა. გაკოტრებულ საწარმოებს უკვე აღარ მიეწოდება დოტაციები, რაც გარკვეულად აუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს. ხდება ასევე გამოთავისუფლებული საწარმოო სიმძლავრეების მიყიდვა ეფექტიან მესაკუთრეებზე და მათი ხელახალი გამოყენება. ჩამოთვლილი ნიშნები გაკოტრებას ახასიათებს, როგორც პრივატიზაციის პროგრესულ ფორმას, თუმცა მისი გამოყენება თითქმის არ მომხდარა პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგ., პროფ. ვ. პაპავა შენიშნავს, რომ გაკოტრების კანონი არსად ამოქმედებულა იმ ხარისხით, რომელსაც შეეძლო ხელშესახები შედეგების მოტანა (პაპავა ვ. 2010; გვ. 19). იგივეა აღნიშნული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ: „მხოლოდ ქვეყნების მცირე ჯგუფი, რომელიც ბაზარზე გასვლის უფრო მაღალ სტადიაზე იმყოფება, იყენებს და ისიც მინიმალური ზომით გაკოტრების პროცედურებს“ (EBRD, Transition Report, 1995, p.85). ერთადერთი გამონაკლისი ქვეყანა, რომელმაც ლიკვიდაცია და გაკოტრება პრივატიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან ელემენტად აქცია, იყო ესტონეთი. მკვლევრები ამ ფაქტს პოზიტიურ შეფასებას აძლევენ და ქვეყანაში საბაზრო რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ (Kaufman and Siegelbaum, 1999, p. 428-435).

უდავო უპირატესობის მიუხედავად, რომელიც პრივატიზაციის განხილულ მეთოდს ახასიათებს, მან განსაკუთრებით გავრცელება ვერ ჰპოვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რაც, პირველ რიგში, შეიძლება აიხსნას ამ ქვეყნებში სასამართლო სისტემის განვითარების არასაკმარისი დონით. აღნიშნულ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის მიერ აქტიურად ხდებოდა გაკოტრება-ლიკვიდაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. ამტკიცებდნენ, რომ თუ მოხდებოდა მასობრივი გაკოტრება, უმუშევრობის დონე კატასტროფულად გაიზრდებოდა, საკუთრება კი არაკეთილსინდისიერად და უსამართლოდ გადანაწილდებოდა, კორუფციის მასშტაბები გაიზრდებოდა და ა.შ.

გაკოტრება-ლიკვიდაციის მეთოდის სათანადო შეუფასებლობა და გამოუყენებლობა ბევრი ეკონომისტის მიერ პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის ერთ-ერთ სერიოზულ ნაკლოვანებადაა მიჩნეული.

პრივატიზაციის ზემოაღნიშნულ მეთოდებთან ერთად შედარებით მოგვიანებით გამოითქვა მოსაზრება კიდევ ერთი მეთოდის გამოყენების შესახებ, რომლის შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე განხორციელდა უზარმაზარი მოცულობის ფულის ემისია ფასების ლიბერალიზაციასთან პარალელურ რეჟიმში. ამან გამოიწვია ჰიპერინფლაციის წარმოშობა და მოქალაქეთა დანაზოგების კატასტროფული გაუფასურება. გაჩნდა იდეა, რომ პრივატიზაცია გამოყენებული ყოფილიყო მოსახლეობის ფინანსური დანაკარგების საკომპენსაციოდ. ამ მიზნით მოიაზრებოდა შემნახველ ბანკებში საპრივატიზაციო ანგარიშების გახსნა და მეანაბრეებისთვის საკომპენსაციო სერტიფიკატების დარიგება. სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, რომელთა განხილვა არ წარმოადგენს ჩვენ ამოცანას, ამ იდეის პრაქტიკული რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

ზემოაღნიშნულის კონტექსტში გვსურს კიდევ ერთ სადისკუსიო საკითხზე შევჩერდეთ. პრივატიზაციის საწყის ეტაპზე ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ პრივატიზაციის ტემპებს არა აქვს მნიშვნელობა და მთავარია მისი ხარისხი (Murrell and Wang, 1993, p. 385-406). აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთდებოდა დასკვნა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა პრივატიზაციის სწრაფად დაწყებას და მისი ჩქარი ტემპით ჩატარებას, არამედ ამ პროცესისთვის საფუძვლიან მომზადებას: თავდაპირველად საწარმოების სანაციას და რესტრუქტურიზაციას, პრივატიზაციისთვის ადეკვატური ინფრასტრუქტურის მომზადებას და შემდეგ პროცესის დაწყებას (იხ. Roland, 1993, 1994, 2000).

საკუთარი შეხედულების დასასაბუთებლად მათ ხშირად მოჰყავდათ ანალოგი დასავლეთის ქვეყნებში განხორციელებული პრივატიზაციისა, რომელიც სწორედ გულისხმობდა საწარმოთა რესტრუქტურიზაცია-სანაციას პრივატიზაციის დაწყებამდე. აღნიშნულ მოსაზრებებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, პრივატიზაციის სწრაფად დაწყების აუცილებლობა განპირობებული იყო არა ვინმეს სუბიექტური სურვილით, არამედ ობიექტური გარემოებებით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საბჭოთა სისტემის არსებობის პერიოდში აქტიურად მიმდინარე ფარული, არალეგალური პრივატიზაცია-„პრიხვატიზაციის“ პროცესი. მის შესაჩერებლად აუცილებელი იყო ამ პროცესის ლეგალური პრივატიზაციით ჩანაცვლება; მეორე - არსებობის ბოლო პერიოდში  საბჭოთა კავშირი და საბჭოთა ბლოკში შემავალი ზოგიერთი სხვა ქვეყანა განიცდიდა მწვავე ეკონომიკურ კრიზისს, რომელსაც თან დაერთო პოსტკომუნისტური სისტემური კრიზისი. მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა და ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთ-ერთ ქმედით საშუალებად მიჩნეულ იქნა „რაც შეიძლება სწრაფი მოძრაობა საკუთრების ნამდვილი უფლების რეჟიმის შექმნისკენ“ (Frydman and Rapaczynski 1994; p.13). მესამე, ჩვენი აზრით, არაკორექტულია დასავლეთის ქვეყნებთან ანალოგიაზე აპელირება, სადაც პრივატიზაციას სრულიად განსხვავებული მიზნები და ამოცანები ჰქონდა. მისი მთავარი დანიშნულება იყო სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზაცია, რის გამოც პრივატიზაცია კომერციულ საფუძველზე ხორციელდებოდა, რაც ნიშნავს გასაყიდი საწარმოების გაჯანსაღებისადმი apriori დაქვემდებარებას. ამ გზით მათ ეძლეოდათ მიმზიდევლი სასაქონლო ფორმა უფრო მაღალ ფასში გაყიდვის მიზნით.

 პოსტკომუნისტური პერიოდის პრივატიზაციის მიზანი გაცილებით ღრმა და მასშტაბური იყო - ეკონომიკური სისტემის საფუძვლის შეცვლა. აღნიშნული კონტექსტით, ვფიქრობთ, სრულიად მისაღებია პროფ. ლ. ბალცეროვიჩის შემდეგი მოსაზრება: „პრივატიზაცია ფირმების რესტრუქტურიზაციის უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა. შეხედულება - ჯერ რადიკალური რესტრუქტურიზაცია და შემდგ პრივატიზაცია არის მავნე უაზრობა. პრივატიზაცია არის საწარმოს განვითარების გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, შეუცვლელი გზა, ვიდრე რესტრუქტურიზაცია“ (ბალცეროვიჩი ლ., 2002, გვ. 103).

პრივატიზაციის გადამწყვეტი როლის ყველაზე უტყუარი დადასტურება განვლილი ოცდაათწლიანი გამოცდილებაა, რომელიც მიგვანიშნებს პირდაპირ კავშირზე პრივატიზაციის განხორციელების მაღალ ტემპსა და მის  შედეგებს შორის. ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალტიის ქვეყნებში, სადაც პრივატიზაცია გარდამავალი პერიოდის საწყის ეტაპზე დაიწყო და სწრაფად განხორციელდა, მაღალი შედეგები იქნა მიღწეული. იქ, სადაც პრივატიზაციის დაწყება დაგვიანდა, მაგ., ბელორუსში, უზბეკეთში, თურქმენეთში და ნაწილობრივ აზერბაიჯანში, შედეგები ნაკლებად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და თანაც საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესსაც შეექმნა სერიოზული პრობლემები.

დასკვნა

ამრიგად, 1980-ანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, რომლის ანალოგს არ იცნობს მსოფლიო ისტორია. შედარებისთვის მოვიყვანთ შემდეგ მონაცემებს: 1990-2000 წლებში ამ ქვეყნებში პრივატიზებული იქნა 60 000-ზე მეტი საშუალო და დიდი საწარმო, მაშინ, როცა 1980-1991 წლებში განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში ჯამურად პრივატიზებული იყო ანალოგიური ტიპის დაახლოებით 6 800 საწარმო (John Nellis, 2002, p. 13-22). მხოლოდ 1989 წლიდან 2000-მდე პერიოდში კერძო სექტორის ხვედრითი წილი პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 10%-დან 80%-მდე გაიზარდა, რაც ეპოქალური მნიშვნელობის ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს.

პოსტკომუნისტურ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განხორციელებული პრივატიზაციის შედარებითი ანალიზი, ჩვენი აზრით, რამდენიმე საინტერესო დასკვნის შესაძლებლობას იძლევა:

  1. პრივატიზაცია არის პოსტკომუნისტურ პერიოდში განხორციელებული სისტემური გარდაქმნების არა მიზანი, არამედ მიზნის მიღწევის საშუალება (ინსტრუმენტი);
  2. პრივატიზაცია მხოლოდ მაშინ იძლევა სასურველ შედეგებს, თუკი მას წინ უძღვის სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები;
  3. პრივატიზაცია მიმდინარეობს სწრაფად და მიზნად ისახავს არა ცალკეული ადამიანების ან ინტერეს-ჯგუფების გამდიდრებას, არამედ ორიენტირებულია საზოგადოების ფართო მასების კეთილდღეობაზე და ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე;
  4. პრივატიზაცია   სხვა რეფორმატორული ღონისძიებების - ეკონომიკის ლიბერალიზაციის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის, სერიოზული ინსტიტუციური გარდაქმნების გარეშე ნაკლებად აღწევს დასახულ მიზნებს;
  5. პრივატიზაციის პრობლემიდან გამომდინარე, შესაძლებელია პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის „საიდუმლოს ახსნა“ - ქვეყნები, რომლებიც ტრანსფორმაციის საწყის პერიოდში თითქმის თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ, ამჟამად რატომ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ასე მკვეთრად ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონის თვალსაზრისით.

ლიტერატურა:

  • ბალცეროვიჩი ლ. (2002). სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში, თბ.
  • ბასილია თ., სილაგაძე ა., ჩიკვაიძე თ. (2001). პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე.
  • პაპავა ვ. (2010).  ნეკროეკონომიკის ზომბირება.
  • პაპავა ვ. (2015). საქართველოს ეკონომიკა, რეფორმები და ფსევდორეფორმები. თბ., „ინტელექტი“.
  • პაპავა ვ. (2020). არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა.
  • Brada Joseph C. (1996). “Privatization is Transition – or is It?”. Journal of Economic Perspectives 10 (2): 67-86.
  • EBRD, Transition Report, 1995.
  • Frydman Roman, Andrzej Rapaczynski (1994). Privatization in Eastern Europe: Is the State Withering Away. Budapest: Central European University Press.
  • Glinski Dimitri, and Redway Peter. 1999. “The Ravage of Market Bolshevizm”. Jounal of Democracy 10 (2): 19-34.
  • Kaufman Daniel, and Paul Siegelbaum. (1999). “Privatization and Corruption in Transition Economies. Journal of International Affairs 50 (2): 419-458.
  • Kornai J. (1990). The Road to a Free Economy. Shifting from Socialist System: The Example of Hungary. NY: Norton.
  • Lipton David, and Jeffrey D. Sachs (1990). “Privatization in Eastern Europe: The Case of Poland”. Brookings Papers of Economic Activity 20 (2): 293-341.
  • Murrell Petter and Yijiang Wang (1993). “When Privatization should be Delayed: The Effect of Communist Legacies on Organizational and Institutional Reforms”. Journal of Comparative Economics. 17(2): 385-406.
  • Papava V. (2005). Necroeconomics. The Political Economy of Post-communist Capitalism. iUniverse, Inc. New York, Lincoln, Shanghai.
  • Roland G. (1994). On the Speed and Sequencing of Privatization and Restructuring”. Economic journal 104: 1158-1168.
  • Roland G. (2000). “Corporate Governance Systems and Restructuring. Lessons from the Transition Experience; Washington D. C. World Bank Annual Bank Conference on Development Economics, April, 18-20.
  • Roland Gerard (1993). “Political Economy of Restructuring and Privatization in Eastern Europe”, European Economic Review 37 (2-3): 533-540.
  • Shleifer A., and Treisman D. 2000) Without a Map: Political Tactics and Economic Reform in Russia. Cambridge, Mass: MIT Press.