ჟურნალი ნომერი 1 ∘ ლევან საბაური ∘ ლია გვაზავა ∘ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების მომსახურებისა და საბოლოო მოხმარების ტარიფების ფორმულირების პრინციპებიdoi.org/10.52340/eab.2025.17.01.09
ჟურნალი N 1. 2025
ნაშრომში წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები საქართველოში 2021-2024 წლებში ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობების შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები მუდმივად განსჯის საგანია, როგორც მომხმარებლების მხრიდან, ასევე, რეგულირებული საწარმოების მხრიდან. ერთი მხრივ, მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ ტარიფების ზრდის გამო, ხოლო მეორე მხრივ, რეგულირებული საწარმოები - არასაკმარისi შემოსავლების გამო, რომლითაც უნდა განახორციელონ შემდგომში მომხმარებლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა. ამ კონტექსტით ავტორთა აზრით მნიშვნელოვანია, რომ სატარიფო მეთოდოლოგია და სატარიფო დანახარჯების განსაზღვრის წესი ითვალისწინებდეს რეგულირებული საწარმოს მიერ გასაწევი მომსახურების ადეკვატური სატარიფო განაკვეთების ფორმირების პრინციპებს. აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებითაა წარმოდგენილი ნაშრომის ძირითადი შინაარსი.
საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩო; ენერგეტიკული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია; ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობა; ელექტროენერგიის მიწოდება გადაცემა და განაწილება; საჯარო მომსახურების ვალდებულება; სატარიფო რეგულირება; დანახარჯების ამსახველი ტარიფები; ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები.
შესავალი
საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს ენერგეტიკის მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება და ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგეტიკული დარგის მარეგულირებელი ორგანოს მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში. ამ კონტექსტით, ელექტროენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის ცვლილება ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ხოლო მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის სატარიფო რეგულირებისაგან გათავისუფლება და ბაზარზე თავისუფალი მიმწოდებლების გამოჩენისთვის წამახალისებელი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრა კი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები და ამოცანები სრულფასოვნად შესრულდება, აუცილებელია ყველა მომხმარებელი უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიით. აღნიშნული მიზნით, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების მქონე საწარმოები, რომლებიც უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საწარმოო მომსახურების სახით მიწოდებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების მომსახურებების განხორციელების გზით, უზრუნველყოფენ ქვეყნის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული/რეგულირებული ტარიფით.
კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის პროცესში გამოყენებულია საქართველოში არსებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული/დამტკიცებული წესები და ელექტროენერგეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირების პრინციპების ამსახველი მეთოდოლოგიები, ასევე, ინფორმაცია და მონაცემები მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშგებიდან. განხილულ იქნა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკანონმდებლო აქტები, რაც დაკავშირებულია ენერგეტიკული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრასთან. ამასთან, გამოყენებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმები საწარმოების კატეგორიზაციასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, კვლევის ფარგლებში განხორციელდა ინფორმაციის შეფასება, ანალიზი და ზოგიერთი არსებითი ფაქტორის შედარება კვლევის თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით.
ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩო
2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და ენერგეტიკის სექტორების მიმართულებით, ფაქტობრივად დაიწყო ფუნდამენტური რეფორმა. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში კომისიამ დაამტკიცა და შესაბამისი ცვლილებები შეიტანა ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც ითვალისწინებს ამ მიმართულებით ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება, ხოლო 2016 წელს კი ხელი მოეწერა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმს, რომლითაც საქართველომ აიღო ვალდებულება (შესაბამის ვადაში და პირობებით), განეხორციელებინა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში.
ზემოხსენებული კანონის საფუძველზე, 2020 წლის 16 აპრილს №246 დადგენილებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის ახალი კონცეფცია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული და გამჭვირვალე ვაჭრობის ხელშეწყობასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას როგორც საბითუმო, ასევე საცალო დონეზე.
საერთო ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, მიწოდების უსაფრთხოების, უწყვეტობის, სათანადო ხარისხითა და ფასით ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, კონცეფციამ განსაზღვრა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, რომელიც დაეკისრება, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელსა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს. ამასთან, კონცეფციით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდის ძირითადი ღონისძიებების განხორციელების ვადები, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების შესაბამის წყაროებზე საჯარო ვალდებულებების დაკისრების პერიოდები და ბაზრის ლიბერალიზაციის, ანუ ბაზრის გახსნის (მომხმარებლების ნაწილში) ეტაპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებით, ერთი მხრივ, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ (სს „თელასის“ განაწილების სალიცენზიო არეალში), ხოლო მეორე მხრივ, სს ,,ეპ ჯორჯია მიწოდებას“ (სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განაწილების სალიცენზიო არეალში) დაეკისრათ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება. შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ განისაზღვრნენ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლებად (შესაბამის სალიცენზიო არეალებში).
ამასთან, მთავრობის ზემოხსენებული დადგენილების მიხედვით, საჯარო მომსახურების სახით განსაზღვრული მიმწოდებლის ვალდებულების შესრულებისთვის, ტარიფების დადგენის საკითხი რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ტარიფი საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულებისთვის.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2021 წლის პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება (საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვა) ცალკე საქმიანობად განისაზღვრა და ის აღარ წარმოადგენს განაწილების საქმიანობის შემადგენელს. შესაბამისად, კომისიის მხრიდან განაწილებისა და მიწოდების ტარიფების დადგენა ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და საჯარო მომსახურების მიმწოდებელი საწარმოებისთვის ხორციელდება ცალ-ცალკე.
ბაზრის ახალი მოდელის კონცეფცია, ელექტროენერგიის მიწოდებას მოიაზრებს საჯარო და უნივერსალური მიმწოდებლების მეშვეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის), მცირე საწარმოებისა და აგრეთვე გარკვეული მსხვილი საწარმოებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ მიმწოდებელი, ხოლო ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით, ამარაგებს იმ მომხმარებლებს, რომლებმაც დაკარგეს მიმწოდებელი დაგეგმილი ან დაუგეგმავი შეზღუდვების ან მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. კანონით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების ვალდებულებას, სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის, საწარმოს აკისრებს საქართველოს მთავრობა, ხოლო კომისია კი - უფლებამოსილია მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დაადგინოს ელექტროენერგიის ტარიფები იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ემსახურება საჯარო მომსახურების გამწევი მიმწოდებელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შევიდა „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში და კომისიამ დაამტკიცა „უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“, „ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“ და „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია“.
ზემოთ ჩამოთვლილი სატარიფო მეთოდოლოგიები და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები უზრუნველყოფს მომხმარებლების დაცვას ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპებზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრას, ასევე, საჯარო მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობასა და გამჭვირვალე/სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.
ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობის სატარიფო რეგულირების პრინციპები
აღსანიშნავია, რომ კომისია ელექტროენერგიის უნივერსალური და საჯარო მომსახურების სახით, მიმწოდებელი საწარმოების სატარიფო რეგულირებას ახორციელებს ყოველწლიურად და შესაბამისი ტარიფები შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: მისაწოდებელი ელექტროენერგიის ფასი, გარანტირებული სიმძლავრის კომპონენტი, მომსახურების ხარისხის კომპონენტი, ამოღების რისკთან დაკავშირებული დანახარჯი და უნივერსალური/საჯარო მომსახურების კომპონენტი. ეს უკანასკნელი კომპონენტი კი უზრუნველყოფს ამავე მიმწოდებლისთვის ისეთი დანახარჯების ანაზღაურებას, როგორიცაა: რეგულირებადი აქტივების ცვეთის ხარჯი, საოპერაციო დანახარჯები, უბალანსობის ხარჯი, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსების საპროცენტო ხარჯი და გონივრული მოგება, რომელიც საანგარიშსწორებო ფასზე პროცენტის სახით განსაზღვრულია 1.5%-ის ოდენობით.
ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების გათვალისწინებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ-ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდებისა და საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ პირველად დადგინდა 2021 წლის 1 ივლისიდან მოქმედების პერიოდზე. აღნიშნული თარიღიდან სატარიფო მეთოდოლოგიით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, პერიოდულად ხორციელდება ორივე მიმწოდებელი საწარმოს სატარიფო რეგულირება, რომლის ფარგლებშიც კანონმდებლობით დადგენილი ძაბვის საფეხურების მიხედვით ელექტროენერგიის მიწოდების კონკრეტულ საქმიანობაზე სატარიფო განაკვეთები მტკიცდება შესაბამისი კატეგორიის მომხმარებლებისთვის, კერძოდ:
ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები დგინდება:
• 3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის საფეხურის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის;
• 220/380 ვოლტი ძაბვის საფეხურის მცირე საწარმოებისთვის.
თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილების მიხედვით, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში „მცირე საწარმოდ“, თუ ის წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირველი ან მეორე კატეგორიის საწარმოს, არ არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, არ არის ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური და ამავე დროს მიერთებულია მხოლოდ:
• 0.4 კვ ძაბვის ქსელზე 2026 წლის 1 იანვრამდე;
• 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 500 კვტ-ს 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე;
• 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 200 კვტ-ს 2027 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე;
• 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 80 კვტ-ს 2028 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე;
• 0.4 კვ ძაბვის ქსელზე და მისი მისაერთებელი სიმძლავრე ჯამურად არ აღემატება 50 კვტ-ს 2029 წლის 1 იანვრიდან 2030 წლის 1 იანვრამდე.
ამასთან, მოსახლეობის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის და ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ აბონენტებისათვის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისათვის) 220/380 ვოლტ ძაბვაზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები (30 კალენდარულ დღეში) დგინდება შემდეგი დაჯგუფებით:
• 101 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია;
• 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგია;
• 301 კვტსთ-დან და მეტი რაოდენობით მოხმარებული ელექტროენერგია.
ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფები დგინდება:
• 220/380 ვოლტი ძაბვის საფეხურის მომხმარებლებისთვის;
• 3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის საფეხურის მომხმარებლებისთვის;
• 35-110 კილოვოლტი ძაბვის საფეხურის მომხმარებლებისთვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ელექტროენერგიის მიწოდების კონკრეტული საქმიანობის, ძაბვის საფეხურის, მომხმარებელთა კატეგორიისა და მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით, 2021-2024 წლებზე დამტკიცებული სატარიფო განაკვეთების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამა 1-სა და 2-ზე:


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, ელექტროენერგიის საჯარო სახით მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი - კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით, ამასთან, საცალო ბაზრის ახალი სტრუქტურის შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობა თავისუფალ, დერეგულირებულ ფასად, რომელმაც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც „თავისუფალი მიმწოდებელი“, უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია სისტემის ოპერატორთან.
რაც შეეხება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის სატარიფო რეგულირებას, კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით დამტკიცებული „‑”‚” ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიისნ შესაბამისად, ამ მიმართულებითაც კომისიის მიერ ტარიფები დგინდება ყოველწლიურად. ზემოხსენებული სატარიფო მეთოდოლოგია უზრუნველყოფს, მის საფუძველზე დადგენილი ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფები იყოს დასაბუთებული, გონივრული, გადამოწმებადი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული, ასევე, იცავდეს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისგან. თუმცა, ამავდროულად, ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი უნდა იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მომხმარებელთა იმავე კატეგორიისთვის ჩვეულებრივ პირობებში მიწოდებული ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი, ვინაიდან ბოლო ალტერნატივის მიწოდება საჯარო მომსახურების გაწევის სახით, კონკრეტული საწარმოს მიერ ხორციელდება შეზღუდული ვადითა (3 თვით) და რეგულირებული პირობებით, მხოლოდ იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებმაც, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ აირჩიეს ან დაკარგეს ელექტროენერგიის მიმწოდებელი. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო, საბოლოო მომხმარებელი კარგავს ელექტროენერგიის მიღების საშუალებას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ასეთი საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას მომხმარებლის მიერ სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე. ამასთან, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება შეიძლება განახორციელოს არაუმეტეს 3 კალენდარული თვის განმავლობაში. თუ საბოლოო მომხმარებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დადებს მიწოდების ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მის ელექტროენერგიით მომარაგებას.
თავის მხრივ, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მიწოდების ფასისა და მაქსიმალური ვადის შესახებ ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დადასტურებიდან 8 დღის განმავლობაში.
სატარიფო მეთოდოლოგიის მიხედვით კომისიის მიერ ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფის გაანგარიშებაში გამოიყენება ბაზარი პლუს მარჟა და კონკურენტული მარჟა, რომლებიც მოიცავს ბოლო ალტერნატივის მიწოდების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა დანახარჯისა და გონივრული მოგებების ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2021-2024 წლებზე დამტკიცებული ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამა 3-სა და 4-ზე:

ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობის სატარიფო რეგულირების პრინციპები
იმის გათვალისწინებით, რომ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 2021 წლის პირველი ივლისიდან ელექტროენერგიის მიწოდება (საბოლოო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვა) ცალკე საქმიანობად განისაზღვრა და ის არ წარმოადგენს განაწილების საქმიანობის შემადგენელს, გაჩნდა ელექტროენერგიის განაწილების სისტემის ოპერატორისთვის (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი) შესაბამისი განაწილების ტარიფების განცალკევებულად დადგენის საჭიროება.
აღსანიშნავია, რომ კომისიის ლიცენზიის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას შესაბამის სალიცენზიო არეალებში ახორციელებს ორი რეგულირებული საწარმო, კერძოდ, სს „თელასი“ ოპერირებს ქ. თბილისში, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ - დანარჩენ საქართველოში. ამასთან, კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, ელექტროენერგიის გადაცემის საქმიანობას საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების სისტემის ოპერატორების სატარიფო რეგულირებას, აღსანიშნავია, რომ კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ მიხედვით, ელექტროენერგიის გადაცემისა განაწილების ტარიფები დგინდება ხუთწლიან სატარიფო რეგულირების პერიოდზე, რომლის ფარგლებშიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ელექტროენერგიის გადაცემის, ხოლო სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები) ელექტროენერგიის განაწილების დღეს მოქმედი ტარიფები დადგენილია 2021-2025 სატარიფო წლებზე. თავის მხრივ, ზემოხსენებული სატარიფო მეთოდოლოგია და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფები:
• იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;
• სტიმულს აძლევს რეგულირებულ საწარმოს გაზარდოს ეფექტიანობა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ არ მოხდეს რეგულირებული საწარმოს მომსახურების ხარისხისა და ტექნიკური მდგომარეობის გაუარესება;
• ხელს უწყობს რეგულირებული საწარმოს ფინანსური ამონაგების ზრდას ექსპლუატაციისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდის გზით;
• ხელს უწყობს რეგულირებული საწარმოს სტაბილურ და საიმედო ფუნქციონირებას;
• უზრუნველყოფს რეგულირებული საწარმოსათვის გამჭვირვალე, სტაბილური და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.
ელექტროენერგიის განაწილების ტარიფები ელექტროენერგიის ძაბვის საფეხურებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით დგინდება შემდეგი სახით:
220/380 ვოლტი ძაბვის საფეხურზე:
• მცირე საწარმოებისთვის;
• საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 101 კვტსთ-ის ჩათვლით;
• საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით;
• საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 301 კვტსთ-დან და მეტი;
• არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, გარდა მცირე საწარმოებისა.
3,3-6-10 კილოვოლტი ძაბვის საფეხურზე:
• საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის;
• არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის;
3. 35-110 კილოვოლტი ძაბვის საფეხურზე:
• არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დგინდება ერთი ტარიფის სახით ყოველ გადაცემულ კილოვატ/საათზე.
ზემოთ ჩამოთვლილი ძაბვის საფეხურებისა და მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით 2021-2024 წლებზე დამტკიცებული სატარიფო განაკვეთების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამა 5-სა და 6-ზე:


ამასთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგიის გადაცემის დღეს მოქმედი ტარიფები განსაზღვრულია 2021-2025 სატარიფო წლებზე, რომელიც წარმოდგენილია დიაგრამა 7-ზე:

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების 102 და 113 მუხლების გათვალისწინებით, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფები შედგება კომისიის მიერ ამავე საწარმოებისთვის დადგენილი მიწოდების (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების, ბოლო ალტერნატივის მიწოდების) და განაწილების ტარიფების, აგრეთვე გადაცემის ტარიფის ჯამისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფების დინამიკა 2021-2024 წლებზე წარმოდგენილია დიაგრამაზე 8-სა და 9-ზე:

კვლევის შედეგები
ელექტროენერგიის მიწოდების, გადაცემისა და განაწილების საქმიანობების ზემოთ ჩამოთვლილი რეგულირების საფუძვლებისა და სატარიფო მეთოდოლოგიური პრინციპების შეჯამების შედეგად, საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით, დიაგრამა 10-ზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები.

აღსანიშნავია, რომ „ელექტროენერგიის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 30 სექტემბრის №42/5 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ელექტროენერგიის ქვითრის ფორმა, რომელიც მათ შორის, მოიცავს მომხმარებლისთვის მისაწოდებელ ქვითარზე ისეთი ინფორმაციის მითითებას როგორიცაა:
1. მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური (1)
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურება (2)
3. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მომსახურება (3)
4. აღრიცხვის კვანძის მონტაჟი/შემოწმება
5. მიწოდების აღდგენა
6. სუბსიდია/შეღავათი (4)
7. გადასახადები (5)
8. სხვა გადასახდელები
9. ხანდაზმული დავალიანება (6)
10. სულ გადასახდელი
11. გადახდის ბოლო ვადა
იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ჩამონათვალის მე-7 პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლისთვის მისაწოდებელ ქვითარზე მიუთითოს მომხმარებლის მიერ გადასახდელი გადასახადები, კერძოდ - ელექტროენერგიის მომსახურებაზე დამატებული ღირებულების გადასახადის ხარჯი (დღგ), დიაგრამებზე 11-სა და 12-ზე მოცემულია შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ („თელმიკო“) და სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ საბოლოო მოხმარების ტარიფების დინამიკა 2021-2024 წლებში დღგ-ის ჩათვლით:

ყველასათვის ცნობილია, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები მუდმივად განსჯისა და უკმაყოფილების საგანია, როგორც მომხმარებლების, ასევე, რეგულირებული საწარმოების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სატარიფო მეთოდოლოგიითა და სატარიფო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით (დამტკიცებული სემეკის №27 27.06.2023 დადგენილებით) განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, რეგულირებული საწარმოებისთვის დგინდება დანახარჯების ამსახველი ტარიფები, ანუ იმ მომსახურების შესაბამისი/ამსახველი, რასაც მომხმარებელი იღებს რეგულირებული საწარმოებისაგან. თუმცა, მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ XXI საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის პირობებში, იზრდება და მკაცრდება მოთხოვნები რეგულირებული საწარმოების მიმართ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების უწყვეტად და უფრო მაღალი ხარისხით/სტანდარტით მიწოდებისთვის. ამასთან, გასათვალისწინებელია რეგულირებულ საწარმოებში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების სათანადოდ ზრდის დინამიკაც, რაც თავის მხრივ, ზრდის რეგულირებული საწარმოს სატარიფო დანახარჯებს და შესაბამისად, ამავე რეგულირებული საწარმოსთვის დასადგენ სატარიფო განაკვეთს.
ამ კონტექსტით საინტერესოა სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ელექტროენერგიის სატარიფო განაკვეთების შესწავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიაგრამა 13-ზე წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფისა და სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფების შესახებ ინფორმაცია:

როგორც დიაგრამაზე ჩანს 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით საქართველოში არსებული ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო საბოლოო მოხმარების ტარიფი ერთ-ერთ დაბალ ნიშნულზეა აზერბაიჯანის შემდეგ, რაც თავის მხრივ, აჩენს განცდას, რომ მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული სატარიფო განაკვეთები არის დანახარჯების ამსახველი (ასახავს მომხმარებლებისათვის გაწეულ მომსახურების შესაბამის მინიმალურ სტანდარტს), რაც მუდმივად საჭიროებს განვითარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორის ბაზრის რეფორმა სრულად ჰარმონიზებულია ევროპის მე-3 ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებთან, ასევე ენერგეტიკულ გაერთიანებასთან ხელმოწერილ შეთანხმების ოქმთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია 2021 წელს დაწყებული რეფორმის გაგრძელება, ახალი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას, ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული და გამჭვირვალე ვაჭრობის ხელშეწყობასა და მომხმარებლისათვის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას როგორც საცალო, ასევე საბითუმო დონეზე.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ სიახლეების დანერგვა და მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა დაკავშირებულია სატარიფო დანახარჯების ზრდასთან. განვლილი პერიოდის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მიუხედავად პოზიტიური ხასიათის ცვლილებებისა, რაც გულისხმოს მომხმარებლისათვის უწყვეტ ელექტრომომარაგებას, მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას, რეგულირებული საწარმოს თანამშრომელთათვის ადეკვატური სახელფასო ანაზღაურების დაწესებას და სხვა, მომხმარებელი ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილოა ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ზრდით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ზემოხსენებული ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ჩამოყალიბებისთვის გადადგმული ნაბიჯები იყოს თანმიმდევრული, დანახარჯების ეტაპობრივად წარმოშობისა და შესაბამისი ტარიფის ეტაპობრივი (და არა მყისიერი) ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ხოლო სათანადო დანახარჯების ტარიფში ასახვის მექანიზმები კი - სამართლიანი და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას დაფუძნებული.
ამ კონტექსტით კი შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდებისა და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების პრინციპები თანხვედრაშია ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ მიზნებთან, რაც საბოლოო ანგარიშით უზრუნველყოფს მომხმარებლებისათვის, მიღებული მომსახურების შესაბამისი, დანახარჯების ამსახველი სატარიფო განაკვეთების დაწესებას.
Keywords: Energy regulatory framework; Harmonization of energy legislation; Energy Community legislation; Electricity supply, transmission and distribution; Public service obligation; Tariff regulation; Cost-reflective tariffs; Electricity consumption tariffs.
JEL Codes: Q41, Q48, L94, K23
ლიტერატურა:
• „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, (2019 წელი, 27 დეკემბერი);
• „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილება;
• „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილება;
• „ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოს მაჩვენებლების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 მაისის №246 დადგენილება;
• „ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილება;
• „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილება;
• „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის დამტკიცების შესახებ“ სემეკის 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილება;
• „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში“ 2021 წელი, თბილისი
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2020%20GEO%20(1).pdf
• „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში“ 2022 წელი, თბილისი
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2021%20GEO.pdf
• „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში“ 2023 წელი, თბილისი
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2022%20GEO.pdf
• „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში“ 2024 წელი, თბილისი
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/Annual%20Report%202023%20GEO.pdf
References:
• Law of Georgia “On Energy and Water Supply”, (2019, December 27);
• Resolution of the Government of Georgia No. 246 of April 16, 2020 “On Approval of the Concept of the Electricity Market Model”;
• Resolution of the Government of Georgia No. 236 of May 25, 2021 “On Imposing the Obligation of Tbilisi Electricity Supply Company LLC and EP Georgia Supply JSC to Provide Electricity as a Public Service in the Electricity Sector”;
• Resolution of the Government of Georgia No. 246 of May 31, 2021 “On Determining the Indicators of Small Enterprises in the Electricity Sector”;
• Resolution No. 68 of the State Electricity Commission of Georgia dated December 15, 2020 “On Approval of Methodologies for Calculating Tariffs and Fees in the Electricity Sector”;
• Resolution No. 33 of the State Electricity Commission of Georgia dated December 4, 2008 “On Electricity Tariffs”;
• Resolution No. 27 of the State Electricity Commission of Georgia dated June 27, 2023 “On Approval of the Rules for Regulatory Audit of Expenditures”;
• “2020 Activity Report of the National Energy and Water Regulatory Commission of Georgia” 2021, Tbilisi
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2020%20GEO%20(1).pdf
• “2021 Activity Report of the National Energy and Water Regulatory Commission of Georgia” 2022, Tbilisi
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2021%20GEO.pdf
• “2022 Activity Report of the National Energy and Water Regulatory Commission of Georgia” 2023, Tbilisi
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/2022%20GEO.pdf
• “2023 Activity Report of the National Energy and Water Regulatory Commission of Georgia” Annual Activity Report 2024, Tbilisi
https://gnerc.org/files/Annual%20Reports/Annual%20Report%202023%20GEO.pdf