English / ქართული /








ჟურნალის შესახებ

რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“ გამოდის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე. თბილისის უნივერსიტეტი, რომელიც 1918 წელს დაარსდა, ისტორიულად პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო კავკასიის რეგიონში.

ამჟამად თსუ-ში 7 ფაკულტეტი ფუნქციონირებს (ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინის, სოციალურ და  პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამართლის, ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა). უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს 218 აკრედიტებულ აკადემიურ პროგრამას (67 - საბაკალავრო, 96 - სამაგისტრო, 3 - ერთსაფეხურიანი (single-level), 50 - სადოქტორო). აგრეთვე 12 ერთობლივ საერთაშორისო პროგრამას და 130 გაცვლით პროგრამას.  სტუდენტთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, პერსონალისა - 5400-ზე მეტი. უნივერსიტეტი ქართულენოვან პროგრამებთან ერთად სტუდენტებს სთავაზობს ორენოვან პროგრამებს ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

კვლევითი უნივერსიტეტის მისიის შესაბამისად, თსუ-სათვის კვლევა და ინოვაციური საქმიანობა პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებაა, რომელსაც იგი ახორციელებს თავისი ფაკულტეტებითა და 16 დამოუკიდებელი სამეცნიერო ერთეულით.

საუნივერსიტეტო კვლევითი საქმიანობის ორგანიზაციის ნაწილია სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ჟურნალების გამოცემა. მათ შორის წამყვანი ადგილი უკავია ჟურნალს „ეკონომიკა და ბიზნესი“.

ჟურნალის მთავარი ამოცანა (მისია) მდგომარეობს ქვეყნის მასშტაბით აკადემიურ ეკონომიკურ წრეებში და ბიზნესის სფეროში შექმნილი ცოდნისა და დაგროვებული  მოწინავე პრაქტიკული გამოცდილების ფართო საზოგადოებისათვის და ეკონომიკის მართვის სახელმწიფო სტრუქტურებისთვის მიწოდების გზით ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

ჟურნალის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს დოქტორანტების მიერ სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობის პროცესში მიღებული შედეგების ფართო სამეცნიერო აუდიტორიის სამსჯავროზე გამოტანა.

ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო პროდუქტების შეთავაზება სასწავლო პროგრამების შექმნა-განახლების, სოციალური ინოვაციებისა და ბიზნესის წარმოების, საზოგადოებაში ეკონომისტების პროფესიული სტნდარტების დანერგვის პროცესში.

ზემოაღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, ჟურნალში ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორების სტატიები თეორიული ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის, ეკონომიკური პოლიტიკის, მაკრო და მიკრო ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის და ა.შ. აქტუალურ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე, ასევე რეცენზიები ახალგამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებზე.

მიმდინარე ეტაპზე ჟურნალის რედკოლეგიისა და პერსონალის ძალისხმევით ეტაპობრივად ხორციელდება ჟურნალის ინტერნაციონალიზაცია, კერძოდ - ჟურნალი უკვე ჩართულია საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო საინფორმაციო ბაზებში, როგორებიცაა Google Scholar, ERIHPLUS, EBSCO. განზრახულია ჟურნალში უცხო ენებზე დაწერილი სტატიების ხვედრითი წილის გაზრდა და უცხოელი ავტორების უფრო ინტენსიურად ჩართვა.

                                       გიწვევთ თანამშრომლობისთვის! 


2018-10-22