English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ ბექა ბაიაშვილი
წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში (ღვინის წარმოების მაგალითზე)

doi.org/10.52340/eab.2025.17.01.03

ჟურნალი N 1. 2025

თანამედროვე მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა ეკონომიკური და ეკოლოგიური გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია. წრიული ეკონომიკა, რომელიც ფოკუსირებულია რესურსების ხელახალ გამოყენებასა და ნარჩენების მინიმიზაციაზე, სოფლის მეურნეობის სექტორში ეფექტიანი ინსტრუმენტია ამ მიზნების მისაღწევად. წრიული ეკონომიკა არის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ემყარება რესურსების ხელახალ გამოყენებას და ნარჩენების მინიმიზაციას. იგი ხელს უწყობს გარემოს დაცვას, რესურსების მდგრად გამოყენებას და ეკონომიკურ ინოვაციებს ახალი ბიზნეს მოდელების, პროდუქტების დიზაინისა და მასალების გადამუშავების ტექნოლოგიების შექმნის მეშვეობით.
აღნიშნული ნაშრომი განიხილავს წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვის პოტენციალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, განსაკუთრებით ღვინის წარმოებაში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კვლევის ფარგლებში შესწავლილია წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის შესაძლებლობები. ნაშრომი აერთიანებს ლიტერატურის ანალიზს, დოკუმენტურ კვლევას, ადგილობრივი მწარმოებლების დაკვირვებასა და მონაცემთა ანალიზს.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელების დანერგვა სოფლის მეურნეობაში და, ამ შემთხვევაში, ღვინის წარმოებაში მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე გავლენას გაზრდის რესურსების გამოყენების ეფექტიანობას და შექმნის დამატებით ეკონომიკურ ღირებულებას თანაპროდუქტებად ნარჩენების გარდაქმნით. ნაშრომი წარმოადგენს რეკომენდაციებს ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის, კერძოდ, ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვას, პერსონალის ტრენინგს და მწვანე ინიციატივების პოპულარიზაციას.
კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მდგრად განვითარებას, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციას და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

საკვანძო სიტყვები: წრიული ეკონომიკა, ნარჩენების გადამუშავება, ღვინის წარმოება, მდგრადი განვითარება, რესურსების ეფექტიანი გამოყენება, საქართველო.
JEL Codes: Q01, Q13, Q18, Q53, Q57

შესავალი
თანამედროვე ეკონომიკური მეინსტრიმის განვითარება უფრო და უფრო დამოკიდებულია მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვაზე, რაც მოითხოვს რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ნარჩენების მინიმიზაციას და ეკოლოგიურ დაბალანსებას . წრიული ეკონომიკა, რომელიც ფოკუსირებულია რესურსების ხელახალ გამოყენებასა და ნარჩენების თავიდან აცილებაზე, ერთ-ერთი წამყვანი მიდგომაა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად (Esposito et al., 2023; Gagnidze, 2024a; 2024b; Salazar et al., 2023).
საქართველო, როგორც ღვინის წარმოების ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა, დგას გამოწვევისა და შესაძლებლობის ზღვარზე. ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი და, კონკრეტულად, ღვინის წარმოება არამხოლოდ ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, არამედ კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილიცაა (UNESCO, 2013). ამავე დროს, ეს სექტორი ქმნის დიდი რაოდენობის ნარჩენებს, რაც, არაეფექტიანი მართვის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი პრობლემების წყაროდ იქცევა.
ნარჩენების გადამუშავების და წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა სოფლის მეურნეობაში, დიდ როლს შეასრულებს როგორც გარემოსდაცვითი, ასევე ეკონომიკური შედეგების გაუმჯობესებაში. ამ მიდგომის დანერგვა არამხოლოდ შეამცირებს გარემოზე ზეწოლას, არამედ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებს – ნარჩენების რესურსებად გადაქცევის გზით დამატებული ღირებულების შექმნაში.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური პოლიტიკის კონტექსტით (Gagnidze, 2024c). მისი შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვის მეთოდების შეფასება ხელს შეუწყობს საქართველოს ღვინის სექტორის მდგრადი განვითარების პრიორიტეტების მიღწევას.
კვლევა ფოკუსირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და, კონკრეტულად, ღვინის წარმოების სექტორში წრიული ეკონომიკისა და უნარჩენო წარმოების პრინციპების დანერგვაზე.
კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი, ღვინის წარმოების პროცესი და მასში გამოყენებული რესურსები, ასევე წარმოების შედეგად მიღებული ნარჩენების მართვის პრაქტიკა.

 1 ეკოლოგიური ბალანსი - ბალანსი ცოცხალ ორგანიზმებს და მათ გარემოს შორის, როგორიცაა ადამიანი, მცენარეები და ცხოველები. 


კვლევის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში და, კერძოდ, ღვინის წარმოების სექტორში წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის პოტენციალის შეფასება და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლის ოპტიმიზაციას.
კვლევაში გამოყენებულია შერეული მეთოდოლოგიური მიდგომა, რაც მოიცავს:
• ლიტერატურის კვლევას - წრიული ეკონომიკის კონცეფციის, საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში მისი დანერგვის შესაძლებლობების შეფასება;
• დაკვირვებას - ღვინის მწარმოებლების პრაქტიკისა და შეხედულებების შესწავლა;
• კვლევის შედეგების ანალიზს - მონაცემების დამუშავება, შედეგების ინტერპრეტაცია და დასკვნების გამოტანა;
• პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება – კვლევის საფუძველზე შესაძლო სტრატეგიების და პოლიტიკის ფორმირება.

სოფლის მეურნეობის სექტორში წრიული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობების მიმოხილვა

2022 წლის ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზჭერის სექტორში (სიმარტივისთვის, ნაშრომში მოვიხსენიებთ როგორც „‡”․‚‘‡ მეურნეობასნ) ნარჩენების რაოდენობამ 22,3 მლნ ტ შეადგინა (Eurostat, 2023). სხვა სექტორებთან შედარებით, სწორედ სოფლის მეურნეობაში 2002-იდან 2022 წლამდე ყველაზე დიდი მასშტაბით, 64,3%-ით შემცირდა ნარჩენების მოცულობა (Eurostat, 2023). ერთი მხრივ, თითქოს ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სექტორში მდგომარეობა კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, მოცემული ინფორმაცია იმის აღნიშვნის საშუალებასაც გვაძლევს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელშიც წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა საუკეთესოდ იმუშავებს.
ევროპული სოფლის მეურნეობის პროდუქცია უკვე გლობალური სტანდარტია უსაფრთხო, უხვი, ნოყიერი და მაღალი ხარისხის საკვებისათვის. ეს არის ევროკავშირის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი, რომელიც იცავს ადამიანის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობას. ეს მიიღწევა, აგრეთვე, ფერმერების, მეთევზეებისა და აკვაკულტურის მწარმოებლების ძალისხმევის შედეგად. ახლა კი ევროკავშირი მიზნად ისახავს, ევროპული სურსათი იქცეს გლობალურ სტანდარტად მდგრადობის მიმართულებითაც. ამ სტრატეგიის მიზანია დააჯილდოვოს ის ფერმერები, მეთევზეები და სურსათის ჯაჭვში ჩართული სხვა ოპერატორები, რომლებმაც უკვე გადადგეს მდგრადი, წრიული პრაქტიკისკენ ნაბიჯები. გარდა ამისა, დაეხმაროს დანარჩენებს ამ გარდაქმნაში და შექმნას დამატებითი შესაძლებლობები მათი ბიზნესისთვის. ევროკავშირის სოფლის მეურნეობა არის მსოფლიოში ერთადერთი სისტემა, რომელმაც სათბურის აირების (GHG) ემისიები 1990 წლიდან 20%-ით შეამცირა. თუმცა, ევროკავშირის შიგნითაც კი ეს პროცესი არ ყოფილა ერთგვაროვანი წევრ ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, სურსათის წარმოებას, დამუშავებას, საცალო გაყიდვას, შეფუთვასა და ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი „წვლილი“ აქვს ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებასა და სათბური აირების ემისიაში, რასაც ბიომრავალფეროვნებაზე საგრძნობი გავლენა აქვს. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მდგრადი სურსათის წარმოების მოდელზე გადასვლა ბევრ სფეროში დაწყებულია, სოფლის მეურნეობის სისტემები კვლავ რჩება კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვითი დეგრადაციის ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად. არსებობს გადაუდებელი საჭიროება პესტიციდების, სხვა შხამქიმიკატების და ზედმეტი სასუქის გამოყენების შემცირების, ორგანული მეურნეობის გაზრდის, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერებისთვის (EC, 2020).
ითვალისწინებს რა მსოფლიოში შექმნილ ამ სიტუაციას, ევროკავშირმა დაისახა მიზნად, შეამციროს სოფლის მეურნეობის გარემოსდაცვითი და კლიმატური ზეგავლენა და გააძლიეროს მისი მდგრადობა, უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების შემცირების პირობებში და გლობალური მასშტაბით გაუწიოს ხელშეწყობა - „ფერმიდან ჩანგლამდე “, კონკურენტუნარიანი მდგრადობისკენ გადასვლას ახალი შესაძლებლობების გამოყენებით (EC, 2020). ეს გულისხმობს:
• სოფლის მეურნეობაში სურსათის ჯაჭვის უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს სურსათის წარმოებას, ტრანსპორტირებას, განაწილებას, მარკეტინგსა და მოხმარებას, ასევე, რომ მისი ზეგავლენა გარემოზე იყოს ნეიტრალური ან დადებითი; ამასთანავე, მიწისა, მტკნარი წყლებისა და ზღვის რესურსების შენარჩუნებასა და აღდგენას, რომელზეც სურსათის სისტემა არის დამოკიდებული; კლიმატის ცვლილების შემსუბუქებას და მის გავლენებთან ადაპტაციას; მიწის, ნიადაგის, წყლის, ჰაერის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვას და ბიომრავალფეროვნების განადგურების შეჩერებას (EC, 2020);
• სურსათის უსაფრთხოების, კვების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფას, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა საკმარის, ნოყიერ, მდგრად საკვებზე, რომელიც ინარჩუნებს უსაფრთხოების, ხარისხის, მცენარეთა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაღალ სტანდარტებს (EC, 2020);
• სურსათის ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას, ამავე დროს მიწოდების ჯაჭვში სამართლიანი ეკონომიკური შემოსავლების უზრუნველყოფას. ამის მიზანია, საბოლოოდ ყველაზე მდგრადი საკვები გახდეს ყველაზე ხელმისაწვდომი, ხელი შეუწყოს ევროკავშირის მიწოდების სექტორის კონკურენტუნარიანობას, სამართლიანი ვაჭრობის გაძლიერებას, ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას და უზრუნველყოს შიდა ბაზრისა და შრომითი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრინციპების დაცვა (EC, 2020).

 2 „ფერმიდან ჩანგლამდე“ (ინგლ. „Farm to Fork“) - საკვების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და მოხმარების პროცესის მთლიანი ჯაჭვი.


იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ცდილობს ფეხი აუბას ევროპული განვითარების ტემპს, ევროკავშირის მსგავსი გამოცდილება და მიდგომები ქართული სოფლის მეურნეობის სექტორის საფუძვლადაც უნდა იქცეს.
2050 წლისთვის, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის ერთი მესამედით მატება (UN DESA, 2024), და არსებული მონაცემებით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობა დაახლოებით ორი მესამედით უნდა გაიზარდოს, დამატებით 2 მლრდ ადამიანის საკვებით უზრუნველყოფის მიზნით (FAO, 2009). ამ მოთხოვნას დამატებით ართულებს კლიმატის ცვლილების გავლენა აგრარულ სისტემებზე: ტემპერატურის მატება და ნალექების გლობალური განაწილების ცვლილებები ზრდის სავარგულებზე მოსავლიანობის შემცირების, აგრეთვე, სარეველებისა და მავნებლების გავრცელების რისკს.
აღნიშნული გამოწვევები დიდ შესაძლებლობას ქმნის წრიული ეკონომიკის განვითარებისთვის, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მომგებიანი ბიზნეს-პრაქტიკის გამოყენებით, სოფლის მეურნეობის ნარჩენების, თანმდევი და დამატებითი პროდუქტების გამოყენებას ისახავს მიზნად. წრიული ეკონომიკის განვითარება მოითხოვს დახურული ციკლის (წრიული) სისტემების მიღებას, რაც ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მდგრადობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული (Winkler, 2011). ასეთი სისტემების განვითარება ტრადიციული, სწორხაზოვანი ეკონომიკის მოდელებისგან განსხვავებულ მიდგომას წარმოადგენს - ბუნებრივი რესურსები გადამუშავდება პროდუქტებად, ხოლო შემდეგ ნარჩენებად გადაიქცევა (ბაიაშვილი, 2023). წრიული ეკონომიკა მიზნად ისახავს მოდელის განვითარებას, რომელიც არ შექმნის ნეგატიურ გავლენას გარემოზე, უზრუნველყოფს ბუნებრივი რესურსების გამოყენების და ნარჩენების წარმოების შემცირებას და ეფექტიანად ამცირებს გადამუშავების შემდეგ წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობას და მათ ძვირფას თანაპროდუქტებად გარდაქმნის.
ისევე როგორც ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში, სოფლის მეურნეობაშიც, წრიული ეკონომიკის მოდელის ფორმირება მოითხოვს მთლიანი საწარმოო ციკლის საფუძვლიან შესწავლას და ამ პროცესის ყველა ეტაპზე წრიული ბიზნესმოდელების მახასიათებლების დანერგვას.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების პროცესში წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვის მოდელი

სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოების პროცესში წრიული ეკონომიკის პრინციპების დასანერგად, აუცილებელია თითოეული საწარმოო კომპონენტის გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების მინიმიზაციას, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და პროდუქტიულობის ზრდას. ქვემოთ მოცემულია მოდელის დამახასიათებელი ძირითადი კომპონენტები:

 3 ამა თუ იმ წარმოების პროცესის თანმდევი, მეორეული პროდუქტი


1. ნედლეულის მდგრადი გამოყენება
• ორგანული ნედლეული: ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების მინიმალური გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის (ბიოპროდუქტების) წარმოებას;
• წყლის დაზოგვა: წყლის გადამუშავება და მიკროირიგაციის ტექნოლოგიები, რომელიც ამცირებს წყლის ხარჯვას და ზრდის ეფექტიანობას (Rossi, 2019); პერმაკულტურისა და აკვაკულტურის მეთოდების გამოყენება.

2. წარმოების პროცესის ოპტიმიზაცია
• ენერგოეფექტურობა: განახლებადი ენერგიის წყაროების (მაგ., მზის პანელების, ბიომასის) გამოყენება წარმოებაში.
• წარმოების თითოეული ეტაპის ოპტიმიზაცია, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნარჩენები და რესურსები ეფექტიანად დაიხარჯოს.
3. ნარჩენების მართვა და გადამუშავება
• ორგანული ნარჩენების კომპოსტირება: ორგანული ნარჩენების გადამუშავება კომპოსტად, რომელიც ნატურალურ სასუქად გამოიყენება.
• პროდუქტის ნარჩენი ნაწილების გამოყენება: გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტების გარდაქმნა სხვა თანაპროდუქტებად, მაგალითად, ზეთებად, საკვებად ან ენერგიის წყაროდ.
4. შეფუთვა და დისტრიბუცია
• ბიოდეგრადირებადი შეფუთვა: მრავალჯერადი და გადამუშავებადი მასალების გამოყენება შეფუთვაში, რათა შემცირდეს პლასტიკური ნარჩენების რაოდენობა.
• ადგილობრივი დისტრიბუცია: ადგილობრივ ბაზრებზე პროდუქტის გაყიდვა, რაც შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და გარემოზე ზემოქმედებას.

5. ტექნოლოგიური ინოვაციები და მონიტორინგი
• ნარჩენების მონიტორინგის სისტემები: ნარჩენების მართვის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი, რათა გამოირიცხოს რესურსების არაეფექტიანი გამოყენება.
• ბიოგადამუშავების ტექნოლოგიები: ნარჩენების სრული გადამუშავების და მათი სასარგებლო პროდუქციად გარდაქმნისთვის საჭირო ტექნოლოგიების კვლევა და ათვისება (ბაიაშვილი, 2021).
6. ნარჩენების გამოყენება სხვა სექტორებში
• განახლებული რესურსების მულტისექტორული გამოყენება: სოფლის მეურნეობის ნარჩენების გამოყენება სხვა სექტორებში, მაგალითად, ენერგეტიკაში ან სამკურნალო პროდუქტების წარმოებაში.
• პარტნიორული ურთიერთობები: თანამშრომლობა ადგილობრივ ფერმერებთან, მეწარმეებსა და სამრეწველო ორგანიზაციებთან, რათა ნარჩენები ეფექტიანად იქნეს გამოყენებული სხვა საწარმოო პროცესებში.
7. პერსონალის სწავლება და ცნობიერების ამაღლება
• თანამშრომლების სწავლება ნარჩენების მართვის და წრიული ეკონომიკის მნიშვნელობაზე.
• საწარმოო პროცესში მონაწილეთა ჩართულობის გაზრდა, რაც დაეხმარება ნარჩენების სწორად მართვას და შემცირებას.
8. წარმოებული პროდუქციის მოხმარების სტიმულირება და მომხმარებლის ჩართულობა
• ინფორმაციულობის ზრდა: მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის ეკოლოგიური სარგებლის შესახებ.
• პროდუქციის მოხმარების წრიული მოდელები: მომხმარებელს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, დააბრუნოს პროდუქტის შეფუთვა ან ნარჩენი.
წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ეს მოდელი წარმოადგენს ზოგად გზამკვლევს, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და მოიცავს წარმოების პროცესში რესურსების ეფექტიან გამოყენებას, ნარჩენების მინიმიზაციას და ეკოლოგიურ მდგრადობას. თუმცა, სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი ბუნება და მისგან გამომდინარე სპეციფიკური გამოწვევები, თითოეული მიმართულებისთვის ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
ეს ინდივიდუალური პრაქტიკები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:
• კულტურათა სახეობებზე: სხვადასხვა კულტურას განსხვავებული მოთხოვნები აქვს ნიადაგის, წყლისა და საკვები ნივთიერებების მიმართ. ეს კი განსაზღვრავს მათი წარმოების პროცესში პრიორიტეტებს.
• კლიმატურ პირობებზე: რეგიონების კლიმატური თავისებურებები, როგორიცაა ტემპერატურა, ნალექი და მზის ინტენსივობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმოების სტრატეგიებსა და წრიული ეკონომიკის მოდელის განხორციელებაზე.
• ადგილობრივი რესურსების ხელმისაწვდომობაზე: წყლის, ენერგიის, ნედლეულის და მუშახელის ხარჯი და ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს წარმოების ოპტიმიზაციის გზებს.
• ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე: ინოვაციური ტექნოლოგიების დონე და ხელმისაწვდომობა წარმოების პროცესში განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად შეიძლება წრიული ეკონომიკის პრინციპების გამოყენება.
ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია თითოეული მეწარმისთვის მომზადდეს ინდივიდუალური სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება კონკრეტული გარემო პირობების, საწარმოო რესურსების და ეკონომიკური საჭიროებების ანალიზს. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს არამხოლოდ გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას, არამედ კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
გარდა ამისა, მოდელის ადაპტაციის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ცოდნის გავრცელებას და თანამშრომლობის გაღრმავებას. ნარჩენების მართვის და მდგრადი წარმოების თანამედროვე მეთოდების სწავლება, ინოვაციური მიდგომების დანერგვა და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება ხელს შეუწყობს როგორც მწარმოებლებს, ასევე მომხმარებლებს შორის ეკოლოგიური და ეკონომიკური სარგებლის გაცნობიერებას.
ცხადია, ეს მოდელი არ არის უნივერსალური გადაწყვეტილება; მისი წარმატება დამოკიდებულია კონკრეტული საწარმოო პროცესების საჭიროებების ღრმა ანალიზსა და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ, მდგრად გადაწყვეტილებებზე. ასეთი ინდივიდუალური მიდგომა არამხოლოდ ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას ზრდის, არამედ, ხელს უწყობს გლობალურ ტრანსფორმაციას ეკოლოგიურად პასუხისმგებელ სოფლის მეურნეობაზე გადასვლისკენ.

წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელის დანერგვა ღვინის წარმოების მაგალითზე

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სექტორში, და განსაკუთრებით ღვინის წარმოებაში, წრიული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა, რადგან ეს სექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს. ღვინის წარმოების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ამავდროულად, დიდი პოტენციალი აქვს მსოფლიო ბაზარზე საქართველოს ცნობადობისა და იმიჯის გაძლიერებაში (გელაშვილი და სხვ., 2022). თუმცა, ღვინის წარმოების პროცესში გამომუშავებული ნარჩენების არაეფექტიანი მართვა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს და ამცირებს წარმოების მდგრადობას (Genisheva et al., 2023).
ღვინის წარმოების სექტორში, წრიული ეკონომიკის პრინციპების დახმარებით, შესაძლებელია უნარჩენო წარმოების მიღწევა, რაც მიზნად ისახავს ნარჩენების და რესურსების მაქსიმალურად ხელახალ გამოყენებას. ამ მოდელში ნაბიჯები მოიცავს რესურსების, წარმოების, ნარჩენების მართვის და პროდუქტის საბოლოო გამოყენების პროცესების ინტეგრირებას, რათა შეიქმნას რესურსების დახურული ციკლი. (იხ.სქემა).

უნარჩენო წარმოების მოდელი ღვინის საწარმოსთვის

 

მოცემული სქემა ასახავს ღვინის სექტორში აღნიშნული ინტეგრაციის ყველაზე მარტივ მოდელს. თუმცა, ამ მოდელის უკეთესი ანალიზისთვის, დეტალურად განვიხილოთ მოდელის თითოეული შემადგენელი კომპონენტი:
1. ახლოს მდებარე, მდგრადი პრაქტიკით მოვლილი ვენახები: მოყვანილი ყურძენი უნდა იყოს მაქსიმალურად ახლო ლოკაციიდან, რათა შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯები და ნარჩენების რაოდენობა.
2. ორგანული და ბიო-აგროტექნიკა: პესტიციდების და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირება ხელს შეუწყობს გარემოს ეკოსისტემის დაცვას.
3. ნარჩენების შემცირება წარმოების პროცესში
• ყურძნის წიპწის გამოყენება: ღვინის წარმოების დროს წარმოქმნილი ყურძნის ნარჩენები (მაგ. წიპწა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზეთების, ბიოლოგიური სასუქების ან კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაში (ბაიაშვილი, 2023).
• ყურძნის კანის და თესლის გადამუშავება: ეს ნარჩენები შეიძლება გარდაიქმნას ბიოქიმიურ ინგრედიენტებად, რომლებიც გამოიყენება საკვებში, დიეტურ დანამატებში ან კოსმეტიკაში (ბაიაშვილი, 2023).
4. მდგრადი ენერგიის გამოყენება და მისი მოხმარების შემცირება: წარმოებისთვის საჭირო ენერგია შეიძლება ბიზნესმა მზის პანელების ან ბიომასის გამოყენებით მიიღოს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ენერგიის სხვა, არამდგრადი წყაროების გამოყენებას (Naaven, 2023).
5. მდგრადი შეფუთვა: შეფუთვისას მრავალჯერადი, ბიოდეგრადირებადი ან გადამუშავებადი მასალების გამოყენება ამცირებს ნარჩენების მოცულობას (Mudgal, 2024).
6. პროდუქტის და ნარჩენების გადამუშავება ან წარმოებაში დაბრუნება
• ღვინის ბოთლების დაბრუნების სისტემა: მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უკან დააბრუნონ ბოთლები, რომლებიც განახლდება და ხელახლა გამოიყენება.
• ნარჩენების მართვის პროგრამები: კომპოსტირების სისტემის გამოყენება, რათა წარმოებული ორგანული ნარჩენები ვენახებისთვის სასუქად იქცეს. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს მიწის ნაყოფიერების გაუმჯობესებას.
7. მომავლის ხედვა და ინოვაციები
• ტექნოლოგიური ინოვაციები: ახალი ტექნოლოგიები, როგორიცაა ბიოგადამუშავების მოწყობილობები, ხელს უწყობს ნარჩენების სრულად გადამუშავებას.
• წრიული ეკონომიკის კულტურის გაძლიერება: სწავლებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ნარჩენების სწორად მართვასა და გარემოს დაცვაზე.
ამ მოდელის გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას ეკოლოგიურად მდგრადი, ეფექტიანი და უნარჩენო წარმოების სისტემა ღვინის სექტორში, რაც ხელს უწყობს ნარჩენების შემცირებას და რესურსების მდგრად გამოყენებას.
საქართველოში წრიული ეკონომიკის მოდელის ღვინის წარმოებაში დანერგვის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ „შატო ზეგაანი“. ტრადიციული მეთოდების დაცვითა და თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, კომპანია ბიოღვინოს აწარმოებს. მას 2018 წლიდან „კავკასსერტის“ მინიჭებული ბიოსერტიფიკატი აქვს მევენახეობის მიმართულებით (ბაიაშვილი, 2023).
აღნიშნულ ფირმაში, ვენახის მოვლა-პატრონობის პროცესში, ორგანული მასალები მაქსიმალურად გამოიყენება. მაგალითად, ვენახების საყრდენებად გამოყენებულია ბიოდეგრადირებადი აკაციის მასალა. ვაზის გასხვლა, ფოთლების გამეჩხრება და მოსავლის კრეფა მხოლოდ ხელით მიმდინარეობს. ვაზის მისამაგრებლად (დასაკავებლად) სიმინდის ფოთლის ბოჭკოები გამოიყენება. მიწის განაყოფიერებისთვის მხოლოდ ორგანული სასუქია გამოყენებული. ვენახის გასხვლის შემდეგ დაგროვილი ნარჩენი კომპოსტირების პროცესს გადის და წარმოებაში სასუქად ბრუნდება.
უშუალოდ ღვინის წარმოების პროცესში კი დაცულია ბიოწარმოების ყველა სტანდარტი, ტრადიციული, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიის დაცვით. გარდა ამისა, „შატო ზეგაანი“ ყურძნის ნარჩენი წიპწის დაწნეხით ზეთს ამზადებს. ასეთი ზეთი გამოიყენება კოსმეტიკური და ბავშვთა დერმატოლოგიური საშუალებების დამზადების პროცესში. დაპრესილი წიპწის ნარჩენებისგან კი ფქვილი მზადდება. გარდა ამისა, საფერავის კანისგან ჩაი იწარმოება (ბაიაშვილი, 2023).
შესაბამისად, „შატო ზეგაანი“ ერთგვარ ჩაკეტილ სისტემას ქმნის, რომელიც საკუთარ თავს უზრუნველყოფს და ითვალისწინებს როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ორგანიზაცია, ამ ეტაპზე არ მოიხმარს განახლებადი რესურსებისგან წარმოებულ ენერგიას, თუმცა, ამ პრაქტიკის დანერგვაც იგეგმება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „შატო ზეგაანი“ პერმაკულტურის მოდელს ნერგავს და წრიული ეკონომიკის არაერთ პრინციპს იცავს.
„შატო ზეგაანის“ გარდა, საქართველოში ბიოღვინოს კიდევ ოცამდე კომპანია ამზადებს (კავკასსერტი, 2024). მათ შორისაა შპს „ლოპოტა“, შპს „სევსამორა ვაინერი“, შპს „ახმეტის ღვინის სახლი“ და მისთ. გარდა ამისა, „კავკასსერტის“ ბიოსერტიფიკატს ასევე ფლობს ათობით მევენახეობის მეურნეობა, რომლებიც ბიოღვინოს უშუალოდ არ აწარმოებენ. საჯაროდ ცნობილი არ არის, იყენებენ თუ არა ისინიც „შატო ზეგაანის“ მსგავს ბიზნესმოდელს. ჩამოთვლილი ფირმები საუკეთესო საბაზისო საწარმოებს წარმოადგენს, რომლებშიც წრიული ეკონომიკის დანერგვა შეიძლება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულია 3031 ღვინის კომპანია და მარანი (ღვინის ეროვნული სააგენტო, 2024). შესაბამისად, სექტორში ბიომწარმოებლების რაოდენობაც კი ძალიან მცირეა (დაახლოებით 3%).
ამ საწარმოს გარდა, კახეთში ფუნქციონირებს ყურძნის წიპწის გადამამუშავებელი საწარმო „ეკოჯეო“ (BM, 2018). ეს ორგანიზაცია აწარმოებს რქაწითელის ყურძნის წიპწის პროდუქტებს. ცივი დაჭერის ტექნოლოგია და ერთი ჯიშის ყურძნის გამოყენება უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს, უნიკალურ გემოს და მინიმალურ დაჟანგვას (ეკოჯეო, 2024).
ყურძნის წიპწის ზეთი მდიდარია ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებით და ცხიმოვანი მჟავებით, რაც მას იდეალურს ხდის როგორც ჯანსაღი კვებისთვის, ასევე კანის მოვლისთვის. მისი ნარჩენი - ფუზი, გამოიყენება კოსმეტიკურ სკრაბად (ლოსიონად), რომელიც კანს ვიტამინებით ამდიდრებს (ეკოჯეო, 2024).
წიპწის დაფქვით მიღებული ფქვილი შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ხასიათდება მაღალი კვებითი ღირებულებით. ის არ შეიცავს გლუტენს და ფართოდ გამოიყენება ჯანსაღ კვებაში. „ეკოჯეოს“ პროდუქცია ხელს უწყობს კვებისა და კოსმეტიკური საშუალებების ეფექტიანობას და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას (ეკოჯეო, 2024). „ეკოჯეო“ კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ცალკე ორგანიზაცია, რომელიც ღვინის წარმოების პროცესში მხოლოდ ერთ რგოლს წარმოადგენს და მისი მთავარი მისია ამ სექტორის თანაპროდუქტის შექმნაა.
სქემაში მოცემული პროცესის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია კომპოსტირება და ორგანული სასუქების წარმოება. რეალურად, არაა აუცილებელი ღვინის საწარმოს საკუთარი კომპოსტირების პროცესი გააჩნდეს. ეს, რა თქმა უნდა, სასურველია, თუმცა არსებობს ისეთი ფირმები, რომლებიც უშუალოდ კომპოსტირებაზე არიან ორიენტირებული. მაგალითისათვის, საქართველოში ფუნქციონირებს კომპანია „ბიუ ტერა“, რომელიც ორგანულ სასუქს ამზადებს კომპოსტირების გზით.
ზემოთ განხილული ეს პრაქტიკული მაგალითები გვიჩვენებს, რომ ღვინის წარმოების პროცესში წრიული ეკონომიკის მოდელის დანერგვა სავსებით შესაძლებელია და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ თანაპროდუქტებისა და კომპოსტის წარმოებით მნიშვნელოვანი რესურსების დაზოგვა და დამატებითი შემოსავლების მიღებაცაა შესაძლებელი. შესაბამისად, მაგალითად მოყვანილი ასეთი ერთეული საწარმოების გამოცდილების კვლევა და მათზე ინფორმაციის გავრცელება ძლიერი ბერკეტია ამ სექტორის მდგრადი განვითარებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მწარმოებლების დიდი უმრავლესობა ჯერ არ იყენებს წრიული ეკონომიკის მოდელს, სექტორში ცვლილებების უდიდესი საჭიროება და პოტენციალი იკვეთება.

დასკვნა

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში წრიული ეკონომიკისა და უნარჩენო წარმოების პრინციპების დანერგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ეკოლოგიური მდგრადობის მიღწევას, ასევე ეკონომიკური სარგებლის გაზრდას. კვლევამ ღვინის წარმოების მაგალითზე აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული პრაქტიკები მოიცავს ნარჩენების მართვის ეფექტიან სტრატეგიებს, თუმცა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რესურსების მდგრადი გამოყენების კომპლექსური მიდგომის განხორციელება.
კვლევის ფარგლებში გამოვლენილი იყო ღვინის წარმოების სექტორის კონკრეტული მიმართულებები, სადაც საჭირო იქნება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გაზიარების მექანიზმების გაუმჯობესება და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მაგალითისთვის, ღვინის წალმის, ყურძნის ნარჩენების და წარმოების პროცესში მიღებული ბიომასის რესურსად გამოყენება მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რაც მოითხოვს შესაბამის ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ინვესტიციებს.
წრიული ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული მოდელების დანერგვა ხელს შეუწყობს:
• ნარჩენების შემცირებას და მათი სრულფასოვან რესურსად გარდაქმნას;
• საწარმოო პროცესის ხარჯების შემცირებას და ეკონომიკური სარგებლის ზრდას;
• გარემოზე დატვირთვის შემცირებას და ეკოსისტემების დაცვის გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, კონკრეტულად ღვინის წარმოების სექტორში გამოვლინდა შემდეგი ძირითადი ასპექტები:
• ნარჩენების მართვის პრაქტიკის ოპტიმიზაცია: ღვინის წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს ნარჩენების თანაპროდუქტებად გარდაქმნას, რაც შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
• ეკონომიკური სარგებლის შექმნა: ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქტების (ზეთები, სასუქები და კოსმეტიკური საშუალებები), ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენას.
• მდგრადი ენერგიისა და ტექნოლოგიების გამოყენება: განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია და წარმოების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვა უზრუნველყოფს მწარმოებლებისთვის ხარჯების შემცირებას და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.
• სოციალური და კულტურული სარგებელი: საქართველოსთვის ღვინის წარმოების მდგრადი პრაქტიკების დანერგვა ხელს შეუწყობს ეროვნული მემკვიდრეობის დაცვას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
აღნიშნულ მიდგომათა ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს მმართველი ორგანოების მიერ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას, რაც მოიცავს საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, ფინანსური სტიმულების უზრუნველყოფასა და მეწარმეთა ცნობიერების ამაღლებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ღვინის სექტორში წრიული ეკონომიკის ინტეგრაცია უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე და ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.

ლიტერატურა:
• ბაიაშვილი ბ. (2020). მდგრადი განვითარების პლატფორმა, ბიომეურნეობა — აგროწარმოების მომავალი. https://web.archive.org/web/20240615200217/https://sustainability.ge/organic-farming/ ბოლო ნახვა 13.03.2025.
• ბაიაშვილი ბ. (2021). მდგრადი განვითარების პლატფორმა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია და წრიული ეკონომიკა. ბოლო ნახვა 13.03.2025. https://web.archive.org/web/20230528055438/https://sustainability.ge/4ir-ce/
• ბაიაშვილი, ბ. (2023). წრიული ეკონომიკის ბიზნესმოდელების ფორმირების თავისებურებები საქართველოში. სამაგისტრო ნაშრომი. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
• გელაშვილი, ს., დეისაძე, ს., & სეთურიძე, ე. (2022). საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვა. მოძიების თარიღი: 19.11.2024. https://iset-pi.ge/storage/media/other/2023-01-10/c9f913a0-90fd-11ed-9f04-95031afa439c.pdf
• ეკოჯეო (2024). ორგანიზაციის პროდუქცია. ბოლო ნახვა 13.03.2025. https://web.archive.org/web/20241212111156/http://ecogeo.ge/ge-product-oil
• კავკასსერტი (2024). მეწარმეთა სია. მოძიების თარიღი: 19.11.2024. http://caucascert.ge/ge/operators/metsarmeta-sia
• ღვინის ეროვნული სააგენტო (2024). ღვინის კომპანიები და მარნები. მოძიების თარიღი: 19.11.2024. https://wine.gov.ge/Ge/WineCompaniesAndWineries?page=379&pageSize=8
• BM (2018). ბიზნეს მედია საქართველო. წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო. მოძიების თარიღი: 19.11.2024. https://bm.ge/news/wipwis-zetis-gadamamushavebeli-sawarmo/10110
• EC (2020). Farm to Fork Strategy. Accessed 22 November 2024. Retrieved from https://food.ec.europa.eu/system/files/2020-05/f2f_action-plan_2020_strategy-info_en.pdf
• Esposito, B., Raimo, N., Malandrino, O. & Filippo, V. (2023) ‘Circular economy disclosure and integrated reporting: The role of corporate governance mechanisms’, Business Strategy and the Enviroment, pp.1-17, Accessed 22 November 2024, https://doi.org/10.1002/bse.3427.

• Eurostat. (2023). Waste statistics. Accessed 22 November 2024. Retrieved from ec.europa.eu: https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Waste_statistics#Total_waste_generation
• FAO. (2009). How to Feed the World in 2050. Accessed 22 November 2024. Retrieved from https://www.fao.org/fileadmin/templates/wsfs/docs/expert_paper/How_to_Feed_the_World_in_2050.pdf
• Gagnidze I. (2024a). Circular Economy business models: a brief literature review. 7th International Scientific Conference “Strategic Imperatives of Modern Management” (pp. 30-33). Kyiv: KNEU. doi.org/10.35668/978-966-926-500-5
• Gagnidze I. (2024b) A Circular Economy Business Model to Balance the Pillars of Sustainability. The World Organization for Systems and Cybernetics (WOSC) 19th Congress, “Shaping collaborative ecosystems for tomorrow” Lady Margaret Hall, Oxford, UK, 11-13 September. Accessed 22 November 2024. https://www.dropbox.com/scl/fi/dm6ml6neeajr2qflldlqq/Ineza-Gagnidze-abstract-W.pdf?rlkey=w1rwdemq55x0r294g8lxklmqm&e=1&dl=0
• Gagnidze, I. (2024c) ‘Do clusters matter for a circular economy?’, Int. J. Markets and Business Systems, Vol. 5, No. 2, pp.128–145. DOI: 10.1504/IJMABS.2024.144446
• Genisheva, Z., Soares, M., Oliveira , J., & Carvalho, J. (2023). Wine Production Wastes, Valorization, and Perspectives. doi:10.5772/intechopen.1003184
• Mudgal, D. (2024). Selecting sustainable packaging materials and strategies: A holistic approach considering whole life cycle and customer preferences. Journal of Cleaner Production, 2-4.
• Naaven, S. (2023). A review on solar energy intensified biomass valorization and value-added products production: Practicability, challenges, techno economic and lifecycle assessment. Journal of Cleaner Production, 1-3.
• Rossi, R. (2019). Irrigation in EU agriculture. European Parlament. Accessed 22 November 2024. Retrieved from https://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/BRIE/2019/644216/EPRS_BRI(2019)644216_EN.pdf
• Salazar, C.M.I., Kiefer, C.P. and Carrillo-Hermosilla, J., (2023) Consumer Behavior and Circular Economy-Bibliometric and Content Analysis. SERIE Documento de Trabajo nº1/2023, 75 p., ISSN: 2530-1292, Accessed 22 November 2024, available at:
•https://www.researchgate.net/profile/Javier-Carrillo-Hermosilla/publication/374978104_Consumer_Behavior_and_Circular_Economy_Bibliometric_and_Content_Analysis/links/653a37715d51a8012b70646a/Consumer-Behavior-and-Circular-Economy-Bibliometric-and-Content-Analysis.pdf
• UN DESA. (2024). World population projected to reach 9.7 billion by 2050. Accessed 22 November 2024. Retrieved from https://www.un.org/development/desa/pd/world-population-prospects-2024
• UNESCO. (2013). Ancient Georgian traditional Qvevri wine-making method . Accessed 22 November 2024. Retrieved from unesco.org: https://ich.unesco.org/en/RL/ancient-georgian-traditional-qvevri-wine-making-method-00870
• Winkler, H. (2011). Closed-loop production systems—A sustainable supply chain approach. CIRP Journal of Manufacturing Science and Technology, 243-246