English / ქართული /








Journal number 4 ∘ Zaur PutkaradzeJambul Abuladze
Family Farms and their Development Prospects in Adjara

In the article, redistribution of arable land and perennial planting plots among households of Ajara Autonomous Republic is discussed. Also, based on data analysis, potential of primarily agricultural production in the condition of land scarcity and high level of land fragmentation is considered. In particular, based on database of Agriculture and Rural Development Agency’s program ‘’To promote spring work 2016 of small farmers’’, in Autonomous Republic of Ajara, 31 202 households own 8 406 ha arable land (average 0.27 ha per household). At the same time 54 701 households own 14 839 ha perennial plantings (average 0.27 ha per household). Accordingly, small households (with exception of citrus plantations and relatively big household farms) face the situation when they are not in the position to market their agricultural produce because of small volume of production, low level of competitiveness and lack of logistical support.

According to arable land ownership households are differentiated: a) from annual crop farming 31 202 households only 2 682 (8.4%) have chance to be oriented on marketing of their produce; while, 10 802 households (34.6%) could be oriented on sale of surplus produce; b) from 54 701 perennial crop farming households, 23 531 (43%) have capacity to market their produce, while 16 606 households (30.4%) to sell surplus produce;

Optimization of household farming is depended on arable land reform (privatization) conclusion, which provides opportunity for land market development. 

 Household farming development perspectives are depended on introduction: of modern farming technologies; production standards; distribution of high yielding annual and perennial crops; access and availability of agricultural machinery and finances. Those are factors determining development perspectives of household farming development. At the same time, it should be noted that households themselves are not in position to solve above mentioned problems, therefore result oriented technical and financial assistance from the Government and Donor organizations is required. Such assistance will improve socio economic situation of households and population in general.

Keywords: Land fragmentation, household farming, perennial plantings, one-year plantings.

JEL Codes: D10, D13, H31

საოჯახო მეურნეობები და მათი განვითარების პერსპექტივები აჭარაში

სტატიაში განხილულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საოჯახო მეურნეობების სარგებლობაში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგაობებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადანაწილების საკითხები,ასევე მცირემიწიანობისა და სავარგულების ფრაგმენტაციის მაღალი დონის პირობებში საოჯახო მეურნეობების პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესაძლებლობები. აღნიშნულია, რომ  31 202 საოჯახო მეურნეობაზე გადანაწილებულია 8 406 ჰა სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგული (საშუალო მაჩვენებელი ერთ საოჯახო მეურნეობაზე გადაანგარიშებით 0.27 ჰა-ს შეადგენს), ხოლო 54 701 საოჯახო მეურნეობაზე - 14 839 ჰა მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგული (საშუალო მაჩვენებელი ერთ საოჯახო მეურნეობაზე გადაანგარიშებით 0.27 ჰა-ს შეადგენს). შესაბამისად, სახეზე გვაქვს წვრილი საოჯახო მეურნეობები, რომელთა ძირითადი ნაწილის საქმიანობა (გარდა ციტრუსის მწარმოებელი და შედარებით დიდი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით მოსარგებლე საოჯახო მეურნეობებისა) წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაზე არ არის და ვერც იქნება ორიენტირებული - ბაზარზე შეღწევადობისათვის საჭირო რაოდენობაზე გაცილებით მცირე წარმოების,  დაბალი კონკურენტუნარიანობისა და ლოჯისტიკური სისტემის არ არსებობის გამო.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობების შესაბამისად საოჯახო მეურნეობების დიფერენცირება შემდეგნაირია: ა) ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებელი 31 202 საოჯახო მეურნეობიდან 2682 საოჯახო მეურნეობას (8.4%) აქვს შესაძლებლობა ორიენტირებული იყოს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაზე, ხოლო  10802 საოჯახო მეურნეობას (34,6%) - ნამეტი პროდუქციის რეალიზაციაზე; ბ) მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებელი 54 701 საოჯახო მეურნეობიდან 23531 საოჯახო მეურნეობას (43%) აქვს შესაძლებლობა ორიენტირებული იყოს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციაზე, ხოლო  16 606 საოჯახო მეურნეობას (30.4%) - ნამეტი პროდუქციის რეალიზაციაზე.

საოჯახო მეურნეობების ოპტიმიზაციის საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რაც ეფექტიანობის აუცილებელი პირობაა. საოჯახო მეურნეობების ოპტიმიზაციას, თავის მხრივ, განაპირობებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის (პრივატიზების) დასრულება, რაც მიწის ბაზრის განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

საოჯახო მეურნეობებში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და  წარმოების სტანდარტების დანერგვა, ბაზარზე მოთხოვნადი ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალპროდუქტიული ჯიშების გავრცელება, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის ის  ფაქტორები, რომლებიც საოჯახო მეურნეობების განვითარების პერსპექტივას ქმნის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა საოჯახო მეურნეობებს დამოუკიდებლად არ შეუძლიათ და საჭიროა შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.  

საკვანძო   სიტყვები:    სავარგულების        ფრაგმენტაცია, საოჯახო მეურნეობები, კონკურენტუნარიანობა, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

შესავალი

სოფლის მეურნეობა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის დასაქმების ერთადერთ სფეროს წარმოადგენს, მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის  უსაფრთხო სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფა, ასევე ერთ-ერთი მთვარი გამოწვევაა. სახელმწიფოს მხრიდან აგროსექტორი აღიარებული პრიორიტეტულ დარგად, საერთაშორისო ორგანიზაციები ქმედით მხარდაჭერას გამოხატავენ აგროსექტორის განვითარებისათვის, ხოლო ზოგადად ქვეყანაში შესაძლებელია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, რისთვისაც გატარებულია არა ერთი ღონისძიება. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, მსხვილი ინვესტორებისათვის სასოფლო-სამეურნეო დარგი დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ერთ-ერთი არარენტაბელური, დაბალ კონკურენტუნარიანი  და  ნაკლებად საინტერესო მიმართულებაა.

აგროსექტორი კვლავ წარმოდგენილია წვრილი ფერმერული მეურნეობების სახით, სადაც ვერ ხერხდება ბუნებრივი რესურსებისა და წარმოების სხვა საშუალებების კონსოლიდაცია და შესაბამისად, მეურნეობების კომერციალიზაცია, რაც  დარგის განვითარებისათვის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია. უფრო მეტიც, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და დასაქმების შესაძლებლობის დაბალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ფერმერულ მეურნეობებში თვითდასაქმებულ პირთა შრომითი დანახარჯი, ამავე მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრაში, როგორც წესი, არ მონაწილეობს და ხშირ შემთხვევაში, პირველადი მწარმოებელი პროდუქციის რეალიზაციასა ახდენს რეალურ თვითღირებულებაზე გაცილებით დაბალი ფასით გაწეული შრომის დისპროპორციულად.

ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, ევროპის კომისიის დაფინანსებით, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიის (FAO) მიერ განხორციელებული „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში - საქართველო“, კვლევის თანახმად „სოფლის მეურნეობის წილი მსპ-ში მნიშვნელოვნად მცირდება (25%-დან 1999 წელს, 9.3%-მდე 2011 წელს). სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის კლება რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული: მიწების დანაწევრება, ცოდნისა და ტექნოლოგიების გადაცემის ნაკლებობა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მაღალი ღირებულება და ძვირი ფინანსური რესურსები, თანამედროვე მექანიზაციის მომსახურების უქონლობა, ბაზრებზე ცუდი ხელმისაწვდომობა და რუსეთის სავაჭრო ემბარგო, და  ზოგადად დეგრადირებული სასოფლო ინფრასტრუქტურა“ ( გვ.12). ამავე კვლევაში (გვ. 15) აღნიშნულია, რომ „2005 წელს ჩატარებული სოფლის მეურნეობის აღწერის შესაბამისად, საქართველოში 700 000 სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთია. მათი 99% საოჯახო ფერმერებადაა კლასიფიცირებული. ფერმერულ სექტორში მცირე კერძო ფერმერები დომინირებს. 93%-ს 2 ჰა-ზე ნაკლები მიწა აქვს. ერთი ფერმის საშუალო ფართობია 2.3 ჰა. ნაკვეთების 82% არსებობის საშუალების კატეგორიას მიეკუთვნება, 18% არსებობის ნაწილობრივი საშუალების ან კომერციული ნაკვეთის კატეგორიას“.

ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას, ხოლო ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო არახელსაყრელი მდგომარეობაა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

          საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორც წესი, ორიენტირებულია:

  1. პირადი მოხმარებისათვის (თვითგამოკვების);
  2. პირადი მოხმარებისა და ნამეტი პროდუქციის რეალიზაციაზე და
  3. კომერციული მიზნებისათვის

ჩამოთვლილთაგან თუ რომელ მიმართულებას განავითარებს ცალკეული საოჯახო მეურნეობა, დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოფაქტორებზე. მათ შორის მნიშვნელოვანია:

  1. შრომითი რესურსები;
  2. წარმოების  საშუალებები;
  3. ტექნოლოგიები;
  4. მოთხოვნა-მიწოდება და სხვ.

წინამდებარე სტატიის მიზანია აჭარის რეგიონში არსებული მემცენარეობის მიმართულების საოჯახო მეურნეობების პოტენციალის ზოგადი ანალიზი, რომელიც განხილულია საოჯახო მეურნეობების მიერ სახნავი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით სარგებლობის ჭრილით.

ანალიზი ეფუძნება საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის - „მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო  სამუშაოების ხელშეწყობა“, ფარგლებში ფორმირებულ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ფართობები) მონაცემთა ბაზას.

სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაცია და

მათი გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების დონეზე, სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაციის მაჩვენებლის ანალიზის მიზნით, ფართობების მიხედვით, საოჯახო მეურნეობები პირობითად გაერთიანდა 4 ჯგუფში. მონაცემები წარმოდგენილია ცხრილი 1 სახით:

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირადი საჭიროებების  მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ორიენტირებულ საოჯახო მეურნეობებს (თვითკმარ მეურნეობებს) მიეკუთვნება ისეთი მეურნეობები, რომელთა სარგებლობაში არსებული სახნავი მიწის ფართობი შეადგენს 0.01 ჰა-დან 0.26 ჰა-მდე.  ასეთი ტიპის მეურნეობების აბსოლუტური უმრავლესობა აწარმოებს  არა რომელიმე მონოკულტურის  პროდუქციას მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით (იშვიათი გამონაკლისის გარდა), არამედ შერეული სახის ერთწლოვან სასოფლო - სამეურნეო კულტურების პროდუქციას, რაც მცირე რაოდენობის სხვადასხვა დასახელების პროდუქციის წარმოებით შემოიფარგლება.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირადი საჭიროებების მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და  ნამეტი პროდუქციის რეალიზაციაზე ორიენტირებული მეურნეობების ჯგუფს, მათ სარგებლობაში არსებული სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მიხედვით, რეგიონში მიეკუთვნება საოჯახო მეურნეობები, რომელთა სარგებლობაშია 0.26 ჰა-დან 0,51 ჰა-ს  ჩათვლით სახნავი მიწის ფართობები.

აღნიშნული საოჯახო მეურნეობების საქმიანობა შედარებით ნაკლებადაა ორიენტირებული კომერციული მიზნებისაკენ, რადგან   წარმოების       არსებული მეთოდების პირობებში (დაბალპროდუქტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, ლოჯისტიკური სისტემების არარსებობა, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და სხვ.), ნაკლებად სავარაუდოა მათი, როგორც ბაზრის სუბიექტებად  ფუნქციონირება, ვინაიდან არასტაბილურად და სეზონურად აწოდებენ ნამეტ პროდუქციას ბაზარს. თუმცა, ეს ის პოტენციალია, რომელიც წარმოების კონსოლიდირების, მაღალპროდუქტიული და მაღალრენტაბელური სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოების განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პირობებში, შესაძლებელია მათი  კომერციული მიმართულების საოჯახო მეურნეობებად ფორმირება.

III ჯგუფს მიკუთვნებული საოჯახო მეურნეობები, რომელთა სარგებლობაში არსებული სახნავი ფართობი შეადგენს შესაბამისად - 0.51 – 1.0 ჰა-ს, განიხილება კომერციულ მიმართულების საოჯახო მეურნეობებად, თუმცა, ამ დანიშნულებით მათ სრულყოფილ ფუნქციონირებას სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორები ახლავს თან.

 მიუხედავად იმისა, რომ III და IV ჯგუფს მიკუთვნებული საოჯახო მეურნეობები ერთი კონტექსტით განიხილება, როგორც საქმიანობის კომერციული მიმართულება, IV ჯგუფი ანალიზისათვის ცალკე გამოიყო, რითაც მეტი სიცხადით წარმოჩინდა რეგიონში როგორც მცირე მიწიანობის, ასევე ფრაგმენტაციის არსებული მდგომარეობა, ე.ი. სახნავი მიწის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარგებლობის მიხედვით, მხოლოდ 114 საოჯახო მეურნეობაა (0.4%) წარმოდგენილი -  თითოეულს სარგებლობაში გააჩნია  1.0 ჰა-ზე მეტი, ხოლო ჯამში, სულ - 136 ჰა სახნავი, აღნიშნული სავარგულების მხოლოდ 1.6%-ს შეადგენს.

ამდენად, მონაცემების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ სახნავი სავარგულების სარგებლობის მიხედვით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში 31 202 საოჯახო მეურნეობიდან, რომელთა სარგებლობაშია სულ 8 406 ჰა სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგული:

  1. 17708 საოჯახო მეურნეობას (57%) შესაძლებლობა აქვს ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოებით უზრუნველყოს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის საკმარისი პროდუქცია, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 2 536 ჰა სახნავი.
  2. 10802 საოჯახო მეურნეობას (34,6%) შესაძლებლობა აქვს ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებით მიღებული პროდუქციიდან მოახდინოს საკუთარი საჭიროებისათვის წარმოებულზე ნამეტი პროდუქციის რეალიზაცია, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 3 943 ჰა სახნავი  სავარგული;
  3. 2682 საოჯახო მეურნეობას (8.4%) შესაძლებლობა აქვს განავითაროს ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოება პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 1927 ჰა სახნავი.

მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგულების ფრაგმენტაცია და

მათი გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების დონეზე, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგულების ფრაგმენტაციის მაჩვენებლის ანალიზის მიზნით, ფართობების მიხედვით, საოჯახო მეურნეობები სახნავი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც პირობითად გაერთიანდა 4 ჯგუფში. მონაცემები წარმოდგენილია ცხრილი 2 სახით:

 მრავალწლიანი კულტურების მიწის ფართობების ჯგუფს მიკუთვნებული  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირადი საჭიროებების მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და კომერციულ მიზნებზე ორიენტირებული საოჯახო მეურნეობების გამიჯვნის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ ქობულეთის, ხელვაჩაურისა და  ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიან კულტურას ძირითადად ციტრუსი და ნაწილობრივ კაკლოვანი (თხილი) წარმოადგენს, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა კომერციული მიზნებისათვის იწარმოება. შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში 0.11 და მეტ ჰა მიწის ფართობზე  გაშენებული მრავალწლიანი ნარგაობებით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსარგებლე საოჯახო მეურნეობების საქმიანობა განიხილება, როგორც ბაზარზე სარეალიზაციო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი მეურნეობები.

ანალოგიური მიდგომით უნდა ვიხელმძღვანელოთ ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც შედარებით განვითარებულია მევენახეობა და კაკლოვანი კულტურების წარმოება (თხილი, კაკალი)[1]. რაც შეეხება ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობებზე საოჯახო მეურნეობები შერეული სახის სასოფლო-სამეურნეო წარმოებას ეწევიან. შესაბამისად, როგორც სახნავი სავარგულების შემთხვევაში, 0.26 ჰა-მდე სავარგულების მოსარგებლე საოჯახო მეურნეობები  განხილული უნდა იქნეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო წარმოება პირადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.  0.26 ჰა-ზე მეტი მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგულით მოსარგებლე საოჯახო მეურნეობები განიხილება, როგორც სარეალიზაციო პროდუქციის მწარმოებელი სუბიექტები. შესაბამისად, ფართობის აღნიშნული ზღვრული ნორმების მიხედვით ანალიზისათვის, რეგიონი პირობითად ორ ზონად იყოფა: 1) ხულო-შუახევის მუნიციპალიტეტები და          2) ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები. შესაბამისი მონაცემები წარმოდგენილია ცხრილების სახით. ამასთან, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფრაგმენტაციის დონის თვალსაჩინოებისათვის, ცხრილებში მონაცემები დაჯგუფებულია საოჯახო მეურნეობების სარგებლობაში არსებული მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგულების ფართობების გადანაწილების მიხედვით.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული  სავარგულების

ფარაგმენტაცია და გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე

 ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული სავარგულების ფრაგმენტაცია და მათი გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე წარმოდგენილია ცხრილი 3-ის სახით.

 

 ცხრილის თანახმად, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებით დაკავებული 433 ჰა  სავარგულით სარგებლობს სულ 7 677 საოჯახო მეურნეობა. მათ შორის:

  1. 7065 საოჯახო მეურნეობას (92%) შესაძლებლობა აქვს მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოებით უზრუნველყოს საკუთარი საჭიროებისათვის საკმარისი პროდუქცია, რომელთა სარგებლობაშია სულ - 273 ჰა სავარგული.
  2. 442 საოჯახო მეურნეობას (5.8%) შესაძლებლობა აქვს მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციიდან მოახდინოს საკუთარი საჭიროებისათვის წარმოებულზე ნამეტი პროდუქციის რეალიზაცია, რომელთა სარგებლობაშია სულ - 77 ჰა სახნავი.
  3. 170 საოჯახო მეურნეობას (2,2%) შესაძლებლობა აქვს აწარმოოს  მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქცია რეალიზაციის მიზნით, რომელთა სარგებლობაშია სულ - 83 ჰა სახნავი.

როგორც ანალიზით დგინდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში (ხულო და შუახევი) მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოება უმნიშვნელოა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნარგაობები ამავე მუნიციპალიტეტებში სულ 7 600-ზე მეტ საოჯახო მეურნეობას გააჩნია, მრავალწლიანი ნარგაობებით დაკავებული ფართობები ჯამში მხოლოდ 433 ჰა-ს შეადგენს. ამასთან საყურადღებოა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში  აღნიშნული პროდუქცია რეალიზაციის მიზნით, ერთეული შემთხვევის გარდა, ფაქტობრივად არ იწარმოება.

ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში  მრავალწლიანი  კულტურებით დაკავებული სავარგულების ფარაგმენტაცია და მათი გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი კულტურებით დაკავებული სავარგულების ფარაგმენტაცია და მათი გადანაწილება საოჯახო მეურნეობებზე წარმოდგენილია ცხრილი 4-ის სახით:

 

ცხრილის მონაცემებით, ქედის, ხელვაჩაურის, ბათუმისა და ქობულეთის მრავალწლიანი  კულტურებით დაკავებული 14405 ჰა სავარგულით სარგებლობს სულ 47024 საოჯახო მეურნეობა, მათ შორის:

  1. 7499 საოჯახო მეურნეობას (16%) შესაძლებლობა აქვს მრავალწლიანი კულტურების პროდუქციით უზრუნველყოს საკუთარი საჭიროებისათვის საკმარისი პროდუქცია, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 503 ჰა მრავალწლიანი  კულტურებით დაკავებული  სავარგული;
  2. 16164 საოჯახო მეურნეობას (34%) შესაძლებლობა აქვს მრავალწლიანი  კულტურების პროდუქციიდან მოახდინოს საკუთარი საჭიროებისათვის წარმოებულზე ნამეტი პროდუქციის რეალიზაცია, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 3325 ჰა;
  3. 23361 საოჯახო მეურნეობას (50%) შესაძლებლობა აქვს აწარმოოს მრავალწლიანი კულტურების  პროდუქცია რეალიზაციის მიზნით, რომელთა სარგებლობაშია, სულ - 10577 ჰა.

როგორც ანალიზით დგინდება, ქედის და დაბალი ზონის ხელვაჩაურის, ბათუმის, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი კულტურების პროდუქციის წარმოება დასაქმებულთა ძირითადი საქმიანობაა როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ასევე   პროდუქციის რეალიზაციის მიზნით.

თვითკმარი, პოტენციურად კომერციული და კომერციული შესაძლებლობების საოჯახო მეურნეობები  აჭარაში სულ 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით მოსარგებლე საოჯახო მეურნეობების დიფერენცირება თვითკმარი, კომერციალიზაციის პოტენციური და კომერციული შესაძლებლობების მიხედვით, წარმოდგენილია გრაფიკში:

 

სულ რეგიონში როგორც ერთწლიანი,  ასევე მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის წარმოების მიმართულებით  85 893 საოჯახო მეურნეობაა თვითკმარი, კომერციალიზაციის პოტენციური და კომერციული შესაძლებლობების მიხედვით, რომელთა სარგებლობაშია  23 244 ჰა სახნავი და მრავალწლიანი ნარგავების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მეურნეობები ჯგუფდება შემდეგი მაჩვენებლებით:

  1. 32 272 საოჯახო მეურნეობას (37,6%) შესაძლებლობა აქვს აწარმოოს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის საკმარისი პროდუქცია, რომელთა სარგებლობაშია სულ - 3 312 (14,2%) ჰა;
  2. 27 408 საოჯახო მეურნეობას (31,9%) შესაძლებლობა აქვს მოახდინოს საკუთარი საჭირობისათვის წარმოებულზე ნამეტი პროდუქციის რეალიზაცია, რომელთა სარგებლობაშია სულ - 7345 (31.6 %) ჰა;
  3. 26 213 საოჯახო მეურნეობას (30,5%) შესაძლებლობა აქვს მეურნეობა განავითაროს პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, რომელთა სარგებლობაშია სულ - 12 587 ჰ(54,2%) ჰა.

დასკვნა

როგორც წინამდებარე ანალიზი ცხადყოფს:

  1. რეგიონში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ფრაგმენტაციის მაღალი დონე,  რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობასა და, შესაბამისად, კონკურენტუნარიანობაზე;
  2. დაუმუშავებელი და დაქუცმაცებული მიწების, შესაბამისად - გამოუყენებელი ან არაეფექტიანად გამოყენებული რესურსების საკითხს, სამწუხაროდ, საკმარისი ყურადღება არ ეთმობა;
  3. რეგისტრაციის გარეშე მიწათსარგებლობა, სარგებლობაში არსებული სავარგულების საკმაოდაა გაურკვეველი საკუთრების უფლება, რაც აფერხებს მიწის ბაზრის განვითარებას და კონსოლიდაციას.
  4. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რაციონალურ გამოყენებასა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ალტერნატიული კულტურების  დანერგვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც ბუნებრივი რესურსების, წარმოების საშუალებების, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა - მიწოდებისა და ცალკეული კულტურის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სათანადო შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე უნდა იქნეს რეკომენდებული ფერმერებისა და აგრომეწარმეებისათვის.

ლიტერატურა:

  • სილაგაძე ა., პაპავა ვ. (2019) ერთი საკვანძო ეკონომიკური ტერმინის “Gross Domestic Product”- ის ქართული სახელწოდების  შესახებ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, ტ.XII, #2. გვ.180-181.
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა 2018. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp (ბოლო ნახვა 07.12.2019)
  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო http://www.fao.org/3/aq673ka/aq673ka.pdf  (გვ.12) (ბოლო ნახვა 07.12. 2019 )
  • სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სექტორების შეფასება აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო http://www.fao.org/3/aq673ka/aq673ka.pdf  (გვ.15) (ბოლო ნახვა 07.12. 2019 );
  • სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ http://eugeorgia.info/ka/article/632/sasoflo-sameurneo-miwebis-konsolidaciis--saxelmwifo-strategiis-aucileblobis-shesaxeb/ (ბოლო ნახვა 07.12. 2019 )

References


[1] 0.05 ჰა და მეტი ფართობის სავარგულზე გაშენებული კენკროვანი კულტურების შემთხვევაში მეურნეობები ასევე სარეალიზაციო მიზნებისათვის მწარმოებელ საოჯახო მეურნეობებად უნდა იქნეს განხილული, თუმცა, ამ ეტაპზე წარმოება უმნიშვნელოა და ზოგად ანალიზზე არსებით გავლენას არ ახდენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიმართებით, ბოლო წლებში, რეგიონში გარკვეული პროგრესი შეინიშნება, რაც შემდგომში ცალკე დაკვირვებისა და ანალიზის საგანი უნდა გახდეს