English / ქართული /








Journal number 2 ∘ Giorgi Sanadze
The Main Directions of Overcoming Retroeconomics in Georgian Industry

The article describes some of the specifications of different types of opportunities in order to better eliminate retroeconomics in Georgia. The term “Retroeconomics” is produced through the combining of the following two words: "retro", which in Latin means "back to the past" and "economy". Consequently, this concept refers an economy based on backward technology.

The relevant conditions that contribute to the strengthening of the retro-economy are quite firmly represented in the industrial sector of Georgia. The list of countries with weak economy have widely used or consuming outdated technological means in their industrial sector.

Although, the use of backward technology at the initial stage can cause an illusion of development of the business environment. But when it has met international competition there is no chance to get success in this order for such kind of production.

Based on all of above mentioned, the elimination of retroeconomicsis a very difficult but in same time n important necessity for Georgian industry.

In order to minimize the negative effects of retroeconomics in the country, it is necessary to:

  • Relevant decision-makers should be clearly analyze the circumstances under which it is inconceivable to take significant effective steps without the active intervention of the country's government.
  • The policy of innovative enterprenership and other relevant institutional measures in Georgia should be aimed at overcoming technological backwardness.
  • The most important direction in tackling retroeconomics is to promote and strengthen the educational system in the country, including system of higher education.
  • Minimize the market from non-viable enterprises, identify insolvent enterprises and assess their viability.

Today, there are many companies and / or enterprises in Georgia that create products for which the demand is either very low or they can not compete in the world market due to the fact that the production process is carried out with outdated technology.

Keywords:Industry, Retroeconomics, Technological backward, Modern technologies, Technology trap, Homo Soveticus, Homo Transformaticus.

JEL Codes: O14, O30, O32, O33, Q5

References:   

  • Papava V. (2018). damtsevi da chamorchenili zrda – evrokavshiris postkomunisturi kveknebis gamocdileba da saqartvelo [Catching up abd Falling Behind: the Experience of the Post-Communist Countries of the European Union and Georgia.] Expert Opinion, № 99. Tbilisi, GFSIS. in Georgian.

<https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/99-expert-opinion-geo.pdf>.

რეტროეკონომიკის დაძლევის ძირითადი მიმართულებები საქართველოს მრეწველობაში

სტატიაში განხილულია რეტროეკონომიკის გარკვეული თვისება –მახასიათებლები და საქართველოში რეტროეკონომიკის დაძლევის შესაძლო ძირითადი მიმართულებები და პერსპექტივები. სტატიაში ასევე შეფასებულია საქართველოს მრეწველობის ზოგადი მდგომარეობა, ოფიციალურ სტატიატიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა,  გამოკვეთილია ღონისძიებები, რომელთა განხორიცელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში რეტროეკონომიკის შედეგების მინიმიზაციისა და ქართული  სამრეწველო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე უკეთ წარმოჩენისთვის. საქართველოს სამრეწველო სექტორი წარმოდგენილია ისეთი ფირმებითა და საწარმოებით, რომელთა პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან დაბალია და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე სავსებით უუნარო. ცხადია, რომ დღეს საქართველოს მრეწველობის სექტორში არსებული მკვეთრად გამოხატული რეტროეკონომიკური სიტუაცია არსებითად განპირობებულია მოძველებული ტექნოლოგიის დომინირებით წარმოების პროცესში. გამოსავალი ერთადერთია – კარგად ჩამოყალიბებული ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკის გატარება, რაც თავის მხრივ, მიმართული იქნება ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაძლევისკენ. სხვანაირად რომ ვთქვათ,   საქართველოს სამრეწველო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების მოზიდვა და მისი გამოყენება კონკურენტუნარიანი, არსებული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქციის შექმნის უმთავრესი წინაპირობაა.

საკვანძო სიტყვები: მრეწველობა,რეტროეკონომიკა, ტექნოლოგიური ჩამორჩენა, თანამედროვე ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური ხაფანგი, Homo Soveticus, Homo Transformaticus.

JEL Codes: O14, O30, O32, O33, Q5

შესავალი

ტერმინი – „რეტროეკონომიკა“, წარმოებულია ორი სიტყვის შერწყმით –„რეტრო“, რაც ლათინურად „უკან, წარსულიკენ მიპყრობილს“ ნიშნავს და „ეკონომიკა“. შესაბამისად, აღნიშნული ცნების ქვეშ იგულისხმება სხვა არაფერი, თუ არა  ჩამორჩენილ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ხოლო იმ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც ორიეტირებულია ეკონომიკის ტექნოლოგიური ჩამორჩენის ასახვაზე, თავისუფლად შეიძლება ეწოდოს რეტროეკონომიკსი (Papava, 2017a, 455-462; Papava 2017b).

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მრეწველობაში საკმაოდაა წარმოდგენილი ისეთი გარემო –პირობები, რაც ხელს უწყობს რეტროეკონომიკის განმტკიცებას. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია წარმოების პროცესის განხორციელების მოძველებული ტექნოლოგიებით. იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს მსოფლიო ბაზარზე,  საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს რეტროეკონომიკის შედეგების მინიმიზაციას და აქედან გამომდინარე, ეკონომიკის განვითარებას. როდესაც მსჯელობაა რეტროეკონომიკის წარმოქმნაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებობს გარკვეული განსხვავებები დაგროვებულ ცოდნასა და მისი პრაქტიკაში გამოყენების მხრივ. შესაბამისად, განსხვავებულია ცოდნა და მისი გამოყენება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორისაც. ეს თავის მხრივ განაპირობებს მწარმოებლურობის დიფრენეცირებასაც (მაგალითად, Parente, Prescott, 2000). ამრიგად, რეტროეკონომიკის შენარჩუნება შესაძლოა განვიხილოთ როგორც ტექნოლოგიურად სხვის კმაყოფაზე ყოფნა, ან სხვა სიტყვებით - „ტექნოლოგიურ ხაფანგში“ მოხვედრა (მაგალითად, Дементьев 2006, 17-32). ამრიგად, იმ უწინარეს საშუალებებს შორის, რომლებიც შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს ხსენებული ტექნოლოგიური ხაფანგიდან თავის დაღწევაში,  განათლების სისტემის განვითარება უნდა დასახელდეს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძლიერი განათლება შედარებით უფრო მარტივად უზრუნველყოფს ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარების განვითარებას  (Дементьев 2006, 17-32).

რეტროეკონომიკის გამომწვევი ფაქტორების ზოგადი მიმოხილვა

ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ სუსტი ეკონომიკა, თავიანთ სამრეწველო სექტორში ფართოდ მოიხმარდნენ და მოიხმარენ სხვადასხვა მოძველებულ ტექნოლოგიურ საშუალებებს. შესაბამისად, ამ ტიპის ქვეყნები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, გაუჩნდეთ რეალური შანსი დროის გრძელვადიან პერიოდში, მიაღწიონ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ მოძველებული ტექნიკის მეშვეობით პროდუქციის წარმოებამ, საწყის ეტაპზე, შეიძლება შექმნას ილუზია, ქვეყანაში ბიზნესსექტორის განვითარების შესახებ. თუმცა, საერთაშორისო კონკურეციის ასპექტით, აშკარა ხდება, რომ ამ ტიპის სამრეწველო პროდუქციას საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზზე წარმატების მცირეოდენი შანსიც კი არ გააჩნია. ამგვარად, დამკვიდრებული რეტროეკონომიკა განაპირობებს ეკონომიკის „ბუტაფორიულ“ ზრდას. სწორედ, ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ უშუალოდ სახელმწიფოს როლი რეტროეკონომიკის დაძლევაში ფასდაუდებელია (Papava 2017a; Papava 2017b).

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე რეტროეკონომიკა უზრუნველყოფს ეკონომიკის „ბუტაფორიულ“ ზრდას (შექმნილი მეტი დამატებული ღირებულების ხარჯზე),  გრძელვადიან პერიოდში ის უკვე ვეღარ ახერხებს წარმოების საერთო დონის შენარჩუნებას, რადგანაც ასეთ პროდუქციასა თუ მომსახურებაზე საზოგადოებაში  მოთხოვნა სულ უფრო მცირდება  დაბალი ხარისხის გამო. (Howitt, 2000, 829-846).

რეტროეკონომიკის წარმატებით დაძლევისათვის, აუცილებელია ტექნოლოგიური ჩამორჩენის მინიმიზაცია, ასევე საზოგადოებასა და შესაბამისად - ქვეყანაში ეკონომიკური ოპტიმიზმის განცდის გაძლიერება, რაზეც უნდა იზრუნოს თავად სახელმწიფომ (Балацкий 2010, 3-20). ეკონომიკური ოპტიმიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყნებში, სადაც შეინიშნება პოლიტიკური, სამართლებრივი და მაკროეკონომიკური არასტაბილურობა (Балацкий 2012, 48-63).

მიუხედავად ყოველივე აღნიშნულისა, მეცნიერთა გარკვეული ნაწილი რეტროეკონომიკაზე მსჯელობისას ხაზგასმით მიუთითებს ისეთ მოვლენაზე, რომელსაც „ტექნოლოგიურ ხაფანგს“ უწოდებენ (მაგალითად, Балацкий 2003). ამ ტერმინით  იგულისხმება  მდგომარეობა, როცა  ფირმა ან/და საწარმო უპირატესობას ანიჭებს უფრო ნაკლებეფექტიან ტექნოლოგიურ საშუალებას, ვიდრე მაღალი ღირებულების თანამედროვე ტექნოლოგიებს, შედეგად, იქმნება ადეკვატური ხარისხის (ანუ, დაბალი ხარისხის) პროდუქცია, რომელიც ცხადია, შესაბამისი ბაზრისთვის არის განკუთვნილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რეტროეკონომიკის მინიმიზაციისათვის, დიდი ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ იდეებზე, რომლებიც დაკავშირებული იქნება მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროდუქტის მომსახურების წარმოებაზე. საჭიროა ასეთი პროექტების განხორციელების წახალისებაში აქტიურად მონაწილეობდეს ისევ და ისევ სახელმწიფო.

საგულისხმოა, რომ განსაკუთრებით COVID-19 კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიურმა კრიზისმა მნიშვნელოვანი დაღი დაასვა ტრადიციულ ეკონომიკურ მიდგომებს (Frankel 2020). აქედან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდში მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული გარკვეული ინოვაციური (ნოვატორული) იდეების ღირებულება საგრძნობლად უნდა გაიზარდოს როგორც მსოფლიოში, ასევე - საქართველოში.

საქართველოს სამრეწველო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების მოზიდვა და გამოყენება არის იმის უმთავრესი წინაპირობა, რომ ქვეყანაში შეიქმნას კონკურენტუნარიანი, საზოგადოებაში არსებული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქცია. ნიშანდობლივია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვა განაპირობებს ქვეყნის რეტროეკონომიკისაგან თავის დაღწევას. ეს კი, თავის მხრივ, საბოლოოდ დადებითად უნდა აისახოს  მოსახლეობის კეთილდღეობაზეც.

ინოვაციური პროექტების განხორციელებისას უმთავრესი აქცენტი უნდა გაკეთდეს მაღალტექნოლოგიური და საშუალო მაღალტექნოლოგიური მრეწველობის განვითარებაზე. თუმცა, მართალია, ღვინისა და მინერალური სასმელების წარმოება და მათი ექსპორტი ნამდვილად კარგია, თუმცა, მხოლოდ ამ მიმართულებით სვლა ქვეყნის ეკონომიკას ნამდვილად ვერ განავითარებს.

საქართველოს მრეწველობის განვითარებისთვის, საჭიროა უწინარესად ეკონომიკის ამ დარგებში გაიზარდოს ცოდნაზე დაფუძნებული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროდუქციის წილი, რაც შეუძლებელია ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისი ნებისა და მხარდაჭერის გარეშე. ამასთან, კარგი იქნება, თუ შესაბამისი გადაწყევტილების მიმღები პირები გაატარებენ ყველა ადეკვატურ ღონისძიებას იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ინოვაციური მაღალი ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში.

რეტროეკონომიკა საქართველოს მრეწველობაში

თანამედროვე საქართველოს მრეწველობის სექტორისთვის გარკვეულწილად დამახასიათებელია ე.წ. უკიდურესად ჩამორჩენილი ზრდის მოდელი (Папава 2020, 34-43). ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომლის მიხედვითაც (რაც არ უნდა ეს სამწუხაროდ ჟღერდეს) ეროვნული ინოვაციური სისტემა პრაქტიკულად ჩანასახოვან სტადიაშია. აქედან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში არათუ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაზე, არამედ იმიტაციური, ანუ უკვე შექმნილი ტექნოლოგიების გადმოღება-გამოყენებაზეც კი ზედმეტია მსჯელობა. ჩამორჩენილი ზრდის მოდელი განაპირობებს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ერთმანეთთან დაშორებას. ამ ტიპის მოდელის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომატევადი და რესურსტევადი პროდუქციის წარმოებას (პაპავა 2018, 10-16). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ევროკავშირის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად შემოდიოდა და შემოდის არა მარტო და არა იმდენად უახლესი, არამედ შედარებით მოძველებული (არც თუ იშვიათად - უკვე გამოყენებული) ტექნოლოგიები, რაც განაპირობებს ამ ქვეყნებში ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის შენარჩუნებას, ამგვარად ყალიბდება და უფრო ღრმად იდგამს ფესვებს რეტროეკონომიკა (Papava 2017a,  Papava 2017b).

სანამ უშუალოდ შევუდგებით საქართველოში რეტროეკონომიკის დაძლევის შესაძლო მექანიზმებზე მსჯელობას, საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია ქვეყანაში არსებული მრეწველობის სექტორის ტენდენციებთან დაკავშირებული სტატისტიკური მაჩვენებლების ზოგადი მიმოხილვა. აქ კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ დამამუშავებელი მრეწველობის წილი მთლიანი სამამულო პროდუქტის სტრუქტურაში, 2019 წლის მონაცემებთ, შეადგენს 10,4 %  (სსეს 2019ა).

საქართველოს ბიზნესსექტორში საკმაოდ მცირეა იმ საწარმოთა რაოდენობა, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მრეწველობასთან. საქსტატის ბიზნეს რეგისტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, იმ აქტიურ საწარმოთა რაოდენობა, რომელთა ძირითად ეკონომიკური საქმიანობა დაკავშირებული იყო დამამუშავებელ მრეწველობასთან, 14,1 ათასით არის განსაზღვრული, რაც, თავის მხრივ, შეადგენს მთლიანი ეკონომიკურად აქტიური საწარმოების რაოდენობის (185,7 ათასი)  მხოლოდ 7,6 %–ს (სსეს, 2020ა).

ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე ნათლადაა წარმოდგენილი საქართველოს სამრეწველო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ძირითად ტენდენციები 2015-2019 წლებში (სსეს, 2019ბ)[1]: (იხ. დიაგრამა 1)

საქართველოს მრეწველობის პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ძირითადი ტენდენციები 2015-2019 წლებში (მლრდ ლარი)

როგორც   დიაგრამიდან  ჩანს, 2019 წელს საქართველოს სამრეწველო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 11,0 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 8,1 მლრდ დოლარი იმპორტის, ხოლო 2,9 მლრდ  დოლარი კი - ექსპორტის წილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, 2019 წელს სამრეწველო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის სალდო უარყოფითი ნიშნით ხასიათდება და ის შეადგენს  5,2 მლრდ  დოლარს.  უნდა აღნიშნოს,  რომ 2019 წელს განხორციელებული სამრეწველო პროდუქციის იმპორტის თანხობრივი მოცულობა 2018 წლის ანალოგიური მაჩვენებლის იდენტურია, ხოლო ექსპორტი 2019 წელს 2018 წელთან შედარებით,      7,4 %–თაა  გაზრდილი. სწორედ ამის ხარჯზე მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 2019 წელს  2,7 %–ით აღემატება 2018 წელს დაფიქსირებულ სამრეწველო პროდუქციის მთლიან სავაჭრო ბრუნვას.

საინტერესოა, თუ როგორია საქართველოს სამრეწველო პროდუქციით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები სამრეწველო პროდუქციის ჯგუფების მიხედვით. ამ მიზნით დავამუშავეთ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის ის მონაცემები, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობათა სახეობების პროდუქციის კლასიფიკატორის (CPA 2008) თანახმად, განეკუთვნებოდა მრეწველობის დარგს (სსეს, 2020ბ). ამისათვის, საგარეო ვაჭრობაში გამოყენებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (HS 2012) შესაბამისი კოდები (სსეს, 2012) გადაყვანილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობათა სახეების პროდუქციის კლასიფიკატორის (CPA 2008) კოდებში, სპეციალურად მომზადებული გადამყვანის მეშვეობით. ყოველივე ამის შემდეგ განხორციელდა იმ სამრეწველო პროდუქციის იდენტიფიცირება თანხობრივ  გამოსახულებაში (აშშ დოლარი), რაც დაფიქსირდა 2019 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის ფარგლებში (იხ. ცხრილი 1).

საქართველოს მრეწველობის პროდუქციით საგარეო ვაჭრობა სამრეწველო    პროდუქციის ჯგუფების მიხედვით, 2019 წელს (მლნ აშშ დოლარი)

როგორც ცხრილიდან ჩანს, დადებითი სალდო, 2019 წელს განხორციელებულ მრეწველობის პროდუქციით საგარეო ვაჭრობაში, მხოლოდ და მხოლოდ ორ პროდუქტთან მიმართებით ფიქსირდება. სასმელები (436,0 მლნ აშშ დოლარი) და ძირითადი ლითონები (132,9 მლნ აშშ დოლარი).

ყოველივე აღნიშნული მეტყველებს საქართველოში ამჟამად არსებული მრეწველობის სექტორის სუსტ განვითარებაზე. იმისათვის, რომ გაიზარდოს სამრეწველო პროდუქციით საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი, საჭიროა შესაბამისი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება წარმოების თანამედროვე ძირითადი საშუალებების დანერგვის, ინოვაციური პროდუქტების შექმნისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზით.

საქართველოში   რეტორეკონომიკის დაძლევისათვის აუცილებელია  რიგი კომპლექსური ღონისძიების გატარება. რაც იმას ნიშნავს, რომ რეტროეკონომიკა, როგორც პრობლემური საკითხი, სერიოზულ მიდგომებს საჭიროებს. ამ მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შორის უმთავრესია: (პაპავა 2020, 356-357):

  • განათლების მთლიანი სისტემის ხელშეწყობა და გაძლიერება
  • საუნივერსიტეტო განათლების სრულყოფა
  • კომერციული ცოდნის ტრანსფერტის არხის განვითარება
  • შეღავათიანი საბანკო კრედიტის აღების ხელშეწყობა
  • ბაზრის არასიცოცხლისუნარიანი ფირმებისგან გათავისუფლება
  • გადახდისუუნარო ფირმების სიცოცხლისუნარიანობის შეფასება
  • ჯანსაღი სამართლებრივი სივრცის შექმნა.

ბუნებრივია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ღონისძიებების რეალიზაცია შეუძებელია თვით სახელმწიფოს ჩარევისა და მისი შესაბამისი ნების გარეშე. სწორედ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს როგორც განათლების მთლიანი სისტემის, ასევე საუნივერსიტეტო განათლების ხარისხის ამაღლება და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. საუნივერსიტეტო განათლების გაუმჯობესების ფარგლებში ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობაზე, რაც თავის მხრივ,  განაპირობებს კვლევითი პროექტების შექმნას და მათ შემდგომ განვითარებას. გარდა ამისა, სახელმწიფომ შესაბამისი დაინტერესების მქონე ფირმების ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე,  უნდა განახორციელოს ახალი ტექნოლოგიების პატენტების შეძენა და შემდგომში მათი ამ ფირმებისთვის მიწოდება. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ აღნიშნულმა ფირმებმა მოახერხონ თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და წარმოების განსავითარებლად აიღონ შესაბამისი შეღავათიანი კრედიტი. ამასთან, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და ჯანსაღი სამართლებრივი სივრცის შექმნა, რომლის ფაგლებშიც მოხდება ბაზრის გათავისუფლება არასოცოცხლისუნარიანი ფირმებისგან. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა გამახვილდეს  კრედიტორის ინტერესებისა და არასიცოცხლისუნარიანი ფირმების დროული ლიკვიდაციას შორის ბალანსის დაცვაზე (Papava 2017a, Papava 2017b).

მიგვაჩნია, რომ სწორედ ყოველივე ამითაა განპირობებული ის, რომ მიუხედავად საქართველოს მრეწველობის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მზრდადი ტენდენციისა, მისი ეფექტი საგარეო ვაჭრობის კუთხით ძალიან დაბალია, რაც გამოიხატება კიდეც ექსპორტსა და იმპორტს შორის მაღალი უარყოფით სალდოში. ის პროდუქციაც კი, სადაც დადებითი სალდო ფიქსირდება (მეტწილად - სასმელი), შეიცავს დაბალ დამატებულ ღირებულებას და შესაბამისად, ვერ შექმნის ამინდს საქართველოს ეკონომიკაში.

რეტროეკონომიკისგან თავის დაცვის ერთ-ერთ უწინარეს წინაპირობად, კრედიტორთა ინტერესების დაცვასა და იმავდროულად არასიცოხლისუნარიანი საწარმოების დროულ ლიკვიდაციას შორის ბალანსი შეიძლება ჩაითვალოს. რიგი მეცნიერის აზრით მსგავსი მიდგომა, თავის მხრივ, გააუმჯობესებს როგორც კონკურენტულ გარემოს ქვეყანაში, ასევე განაპირობებს შესაბამისი მოთხოვნილებების ზრდას ინოვაციურ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე (პაპავა 2020, 355). ეს მიდგომა აგრეთვე იძლევა საშუალებას, ბაზარი გათავისუფლდეს ე.წ. არასიცოცხლისუნარიანი ფირმებისგან. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ კონკურენცია არამხოლოდ უზრუნველყოფს ფირმების მიერ ინოვაციური პროდუქციის  მომსახურების შექმნაზე  ყურადღების გამახვილებას, არამედ ქმნის ისეთ გარემოებას, რომლის ფარგლებშიც თვით პოლიტიკოსები და შესაბამისი სახელმწიფო მოხელეები, თავიანთი პოლიტიკით მხარს დაუჭერენ მეწარეების ინტერესებს (Anderson 2004, 176-178).

ამასთან, როდესაც ცმსჯელობთ საქართველოში რეტროეკონომიკის დაძლევის საკითხებზე, არ უნდა გამოგვრჩეს ისეთი სპეციფიკური ადამიანისეული ფაქტორი, რომელსაც Homo Soveticus-ის („საბჭოთა ადამიანი“) სახელითაც მოიხსენებენ. ამრიგად, Homo Soveticus-ი სხვა არაფერია, თუ არა საბჭოური ტიპის მბრძანებლური ეკონომიკის პირმშო. Homo Soveticus-ი შესაძლოა დახასიათდეს როგორც სახელმწიფოს მიერ ჩაგრული და მთლიანად მასზე დამოკიდებული ადამიანისეული მოდელი. Homo Soveticus-ი მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული და აგრეთვე იმაზე, თუ რაოდენ მოწყალე იქნება ამა თუ იმ სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატში მომუშავე შესაბამისი მოხელე და რაოდენ დაუკმაყოფილებს მას არსებულ მოთხოვნებს (Papava, Khaduri 1997, 15-34).

რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საბაზრო ეკონომიკის რეალობის წინაშე Homo Soveticus-მა იცვალა თავისი ვიზუალური მხარე და გარდაიქმნა, ერთი შეხედვით, სულ სხვა ადამიანისეულ ფაქტორად, რომელსაც Homo Transformaticus-ის შეიძლება ეწოდოს (Papava 1996, 262). თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ Homo Soveticus-ის მოდელის ფესვები მაინც ღრმად არის გამჯდარი მბრძანებლური ეკონომიკის წიაღში გავლილი საზოგადოებისთვის. ამისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთული ამოცანაა. აქედან გამომდინარე, ის მსოფლმხედველობა, რომელიც აუცილებელია საბაზრო ეკონომიკისთვის, ინოვაციური ეკონომიკის საწარმოებლად, ჯერ კიდევ არ არის საზოგადოებაში საფუძვლიანად გააზრებული  (მაგალითად, Papava, Khaduri 1997, 15-34).

ჩვენი აზრით, საბჭოურ მბრძანებლურ ეკონომიკასთან ასოცირებული ადამიანისეული მოდელის - Homo Soveticus-ის ბაზისის ზედნაშენი - Homo Transformaticus-ი მიჩნეულ უნდა იქნას იმ ბალასტად, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში სრულიად ახალი სახეობის ადამიანსეული ფაქტორის - Homo High-Techicus-ის დროულად წარმოქმნასა და გაძილერებას (სანაძე, 2020, 109-117).

დასკვნა

ამრიგად, წინამდებარე სტატიაში ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, რეტროეკონომიკის დაძლევა მეტად საფრთხილო და იმავდროულად - მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს მრეწველობისთვის.

ქვეყანაში რეტროეკონომიკის ნეგატიური ეფექტის მინიმიზაციის უზრუნველსაყოფად, ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საჭიროა:

  • შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა  მკაფიოდ უნდა გაანალიზონ ის გარემოება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავრობის აქტიური ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა;
  • საქართველოში ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა და შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებები უნდა იყოს მიმართული ტექნოლოგიური ჩამორჩენების დაძლევისაკენ;
  • რეტროეკონომიკის დაძლევის უმნიშვნელოვანეს მიმართულებაა ქვეყანაში განათლების სისტემის ხელშეწყობა და გაძლიერება, მათ შორის, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო განათლების;
  • მოქნილი პოლიტიკა საბანკო კრედიტების აღებისას;
  • ბაზრის გათავისუფლება არასიცოცხლისუნარიანი საწარმოებისგან, გადახდისუუნარო საწარმოების იდენტიფიცირება და მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასება.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოთ აღნიშნული ტიპის ცვლილებები ეფექტს იძლევა არა მოკლევადიან, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ საქართველოში ინოვაციური სამეწარმეო პოლიტიკა და შესაბამისი ინსტიტუციური ღონისძიებები უნდა იყოს მიმართული ტექნოლოგიური ჩამორჩენების დაძლევისაკენ. დღეს საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი ფირმა ან/და საწარმო, რომელიც აწარმოებს პროდუქციას, რომელზე მოთხოვნა ან ძალიან დაბალია ან ვერ უძლებს კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე იმის გამო, რომ წარმოების პროცესს ახორციელებენ მოძველებული ტექნოლოგიით. იმ შემთხვევაში, თუ რეტროეკონომიკის დაძლევის პროცესი წარმატებით განვითარდება, ეს ცალსახად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.

ლიტერატურა:

  • პაპავა ვ. (2018). დამწევი და ჩამორჩენილი ზრდა - ევროკავშირის პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება და საქართველო. ექსპერტის აზრი, № 99. თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, <https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/99-expert-opinion-geo.pdf>.
  • პაპავა ვ. (2020). არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, ივანე ჯავახიშვილის სახელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
  • სანაძე გ. (2020). „მაღალტექნოლოგიური ადამიანი“ როგორც ინოვაციური ეკონომიკის უნივერსალური ადამიანისეული ფაქტორი. ეკონომისტი. № 4, გვ. 109-117, <https://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=561>.
  • სსეს, (2012). საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (HS 2012). თბილისი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/media/13418/12-HS-2012_GEO.pdf>.
  • სსეს, (2019ა). ეროვნული ანგარიშები. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/23/mtliani-shida-produkti-mshp>.
  • სსეს (2019ბ). საგარეო ვაჭრობა. დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
  • სსეს (2020ა). ბიზნეს რეგისტრი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/ka/modules/categories/64/biznes-registri>.
  • სსეს (2020ბ). პროდუქციის კლასიფიკაცია საქმიანობის სახეების მიხედვით (CPA 2008). თბილისი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, <https://www.geostat.ge/media/30987/CPA-2008_Geo.pdf>.
  • Anderson R. E. (2004). Get Out of the Way: How Government Can Help Business in Poor Countries. Washington, D.C., CATO Institute.
  • Frankel J. (2020). “The Pandemic Pain of Emerging Markets.” Project Syndicate – The World’s Opinion Page, July 31, <https://www.project-syndicate.org/commentary/covid19-will-hit-emerging-and-developing-economies-hardest-by-jeffrey-frankel-2020-07?a_la=english&a_d=5f240c4df2873622d0eb736b&a_m=&a_a=click&a_s=&a_p=%2Farchive&a_li=covid19-will-hit-emerging-and-developing-economies-hardest-by-jeffrey-frankel-2020-07&a_pa=archive-results&a_ps=&a_ms=&a_r=&barrier=accesspaylog>.
  • Howitt P. (2000). “Endogenous Growth and Cross-Country Income Differences.” The American Economic Review, Vol. 90, No. 4, pp. 829-846, <https://fadep.org/wp-content/uploads/2016/10/D-27_ENDOGENOUS_GROWTH_AND_CROSS-COUNTRY_INCOME_DIFFERENCES.pdf>.
  • Papava V. (1996). “The Georgian Economy: From “Shock Therapy” to “Social Promo­tion”.” Communist Economies & Economic Transformation, Vol. 8, No. 2, pp. 251-267.
  • Papava V. 2017a. “Retroeconomics – Moving from Dying to Brisk Economy.” Journal of Reviews on Global Economics, Vol. 6, pp. 455-462, <www.lifescienceglobal.com/independentjournals/journal-of-reviews-on-global-economics/volume-6/85-abstract/jrge/2929-abstract-retroeconomics-moving-from-dying-to-brisk-economy>.
  • Papava V. (2017b). “Retroeconomics – Global Challenge for Economic Development.” The Market Oracle, February 9. <http://www.marketoracle.co.uk/Article58104.html>.
  • Papava V., Khaduri N. (1997). “On the Shadow Political Economy of the Post-Communist Transformation. An Institutional Analysis.” Problems of Economic Transition, Vol. 40, No. 6, pp. 15-34.
  • Parente S., Prescott E. (2000). Barriers to Riches. Cambridge, MIT Press.
  • Балацкий E. (2003). «Экономический рост и технологические ловушки». Обшество и економика, № 11.
  • Балацкий Е. В. (2010). «Роль оптимизма в инновационном развитии экономики». Общество и экономика, № 1, cc. 3-20.
  • Балацкий E. (2012). «Институциональные и технологические ловушки». Журнал экономической теории, № 2, cc. 48-63.  
  • Дементьев В. (2006). «Ловушка технологических заимствований и условия ее преодоления в двухсекторной модели экономики». Экономика и математические методы, Том 42, Вып. 4, сс. 17-32.
  • Папава В. (2020). «Об экономическом росте в посткоммунистических странах Восточной Европы». Экономика и Математические Методы. Том 56. №1, сс. 34-43.

[1] საქსტატის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების დეარტამენტის მონაცემები.

[2] კლასიფიკატორის სტრუქტურის შესაბამისად, კლასიფიკატორის სექციის შემდეგ ყველაზე მსხვილი სტრუქტურული გაერთიანება.