English / ქართული /








Journal number 2 ∘ Merab KakuliaNodar Kapanadze
Impact of Anti-Pandemic Restrictions on Economic Growth: Visible and Invisible Loss

The article is an attempt to estimate the economic loss caused by the restrictions introduced in 2020 against the Covid-19 pandemic. 

The article discusses preliminary estimates of economic growth in European countries in 2020. Four of the top five European economies severely affected by the Covid-19 crisis are the flagships of the global tourism industry (Spain, Italy, Greece and France). Against this background, the question of whether it is appropriate for the government to choose the development of tourism as the main strategic priority is gaining more legitimacy.The originality of the approach used in the article for estimating economic losses is reflected in the assessment of visible and invisible losses. 

Real GDP in 2020 decreased by 6.2 percent compared to 2019, amounting to GEL 2.482 billion in 2015 in monetary terms. In other equal conditions, based on trend of 2017-2019, GDP in 2020 calculated at 2015 prices, could have increase by 4.4 percent compared to 2019 and its total volume would reach 42.1 billion 2015 GEL. The volume of  unattainable growth is GEL 1.758 billion in 2015 monetary terms. In total, the overall loss of the Georgian economy due to anti-pandemic restrictions in 2020 was 4.240 billion GEL of 2015, which at the average exchange rate of the same period is 1.868 billion US dollars. GEL 2.482 billion or  59 percent of total losses comes from the real decline, while GEL 1.758 billion or 41 percent is the share of an unattainable growth. 46 percent of the overall losses fall on the three sectors, namely the Hotels and Restaurants, Transport and Trade.

In relative terms, the overall downturn rate of the Georgian economy caused by the Covid-19 pandemic is 10.6 percent, of which 6.2 percentage points is the visible decline and 4.4 percentage points is the unattainable growth.

Keywords:  Covid-19 pandemic, anti-pandemic restrictions, real GDP, anti-crisis measures, economic growth, total loss, visible loss, invisible loss, unattainable growth.

JEL Codes: O40, O47, O49

 References:  

  • Kakulia M.,  Kapanadze N. (2020). antipandemiuri shezghudvebisa da mtavrobis antikrizisuli ghonisdziebebis gavlena dasakmebaze, shemosavlebsa da sigharibis doneze sakartveloshi. [Impact of Anti-Pandemic Restrictions and Government Anti-Crisis Measures on Employment, Income and Poverty levels in Georgia.] Tbilisi, Rondell Foundation and Friedrich Ebert Foundation. In Georgian. https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian-2901.pdf
  • Papava V. (2020). On the Atypical Economic Crisis Under the COVID-19 Pandemic. "Economics and Business”, Vol. XII, No. 4, pp. 9–16.
  • Papava V., Chkuaseli M. (2021). Economic Consequences of the COVID-19 Pandemic and the Economic Ability of a Government as a Factor of Production. "International Business & Economics Studies”, Vol. 3, No. 2, pp. 67-71. http://www.scholink.org/ojs/index.php/ibes/article/view/3881/4106
  • Papava V. (2018). Georgia’s Economy in a “Tourist Trap”. Rondeli Blog, July 25. https://www.gfsis.org/blog/view/854

ანტიპანდემიური შეზღუდვების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზეხილული და უხილავი  დანაკარგი

სტატიაში  მოცემულია კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საქართველოში 2020 წელს შემოღებული შეზღუდვების შედეგად მიღებული ეკონომიკური დანაკარგების შეფასება. მთლიანი დანაკარგი მოიცავს არამხოლოდ ფაქტობრივ დანაკარგს (ხილული დანაკარგი), არამედ ზრდის იმ დანაკარგსაც, რომელიც ბოლო წლების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში იქნებოდა მიღწეული (უხილავი დანაკარგი). ეს ტენდენციები გაანალიზებულია ეკონომიკის თითოეული სექტორისათვის. 

2017-2019 წლების ტენდენციების უცვლელობის პირობებში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით მუდმივი, 2015 წლის ფასებით გაანგარიშებული მშპ-ი 4.4%-ით გაიზრდებოდა და მისი მთლიანი მოცულობა 42.1 მლრდ ლარს მიაღწევდა. მიუღწეველი ზრდის მოცულობა 1.758 მლრდ 2015 წლის ლარია.ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული მთლიანი დანაკარგის აბსოლუტური მოცულობა 4.240 მლრდ 2015 წლის ლარია, საიდანაც 2.482 მლრდ ლარი ანუ მთლიანი დანაკარგის 59% მშპ-ის ფაქტობრივ - 6.2%-იან ვარდნაზე მოდის, ხოლო 1.758 მლრდი ლარი, ანუ მთლიანი დანაკარგის 41%  მიუღწეველი ზრდის წილია.

მთლიანი დანაკარგების 46% სამი სექტორის წილად მოდის. ესენია: სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის და ვაჭრობის სექტორები.

რაც შეეხება მთლიანი დანაკარგის ფარდობით მნიშვნელობას, 4.4%-იანი ზრდის ნაცვლად მიღებული 6.2% -იანი კლებიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა 2019 წლის მშპ-ის 10.6 %-ია.

საკვანძო სიტყვები: კოვიდ-19-ის პანდემია, ანტიპანდემიური შეზღუდვები, რეალური მშპ, ანტიკრიზისული ღონისძიებები, მთლიანი დანაკარგი, სექტორული დანაკარგი, ფაქტობრივი ვარდნა, მიუღწეველი ზრდა,ხილული დანაკარგი, უხილავი დანაკარგი.

JEL Codes: O40, O47, O49

შესავალი

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ 2020 წელს შემოღებული  შეზღუდვები, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური  ეკონომიკური კრიზისის  მთავარი მიზეზი გახდა. ეკონომიკური ვარდნა პრაქტიკულად ყველა ქვეყანას შეეხო. ეკონომიკაზე შეზღუდვების ნეგატიური გავლენის საბოლოო შეფასება ჯერ ნაადრევია, თუმცა  წინასწარი შეფასებებიდანაც უკვე ნათლად ჩანს, რომ მსოფლიო ეკონომიკის მიერ მიღებული  ზარალი კოლოსალურია. აქ ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება ამ ზარალის მასშტაბი საფრთხის შემცველ მასშტაბს, რომლის საფუძველზეც ანტიპანდემიური შეზღუდვები იქნა შემოღებული. ამ კითხვაზე დასაბუთებული პასუხის გაცემა მომავლის საქმეა, ამჯერად მხოლოდ მიღებული ზარალის აბსოლუტურ და ფარდობით განზომილებებში შეფასებას შევეცდებით.

ევროპული კონტექსტი

ევროსტატის მონაცემებით ანტიპანდემიური შეზღუდვების შედეგად 2020 წელს ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა აღინიშნა.  გამოქვეყნებული მონაცემები ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინასწარ შეფასებებს ეყრდნობა, თუმცა  დაზუსტებული მონაცემები, როგორც წესი, მათგან არსებითად განსხვავებული არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზუსტებამ ცვლილების მიმართულება შეცვალოს.

ეკონომიკური ვარდნა ევროპაში ყველაზე მასშტაბური ესპანეთში იყო, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 11 % შეადგინა.

კრიზისის სიღრმით მეორე ადგილზე იტალია აღმოჩნდა, სადაც რეალური მსპ თითქმის 9 პროცენტით შემცირდა. ვარდნის მასშტაბით მესამე ადგილზე ხორვატია გავიდა (8.4%),  ხოლო მეოთხეზე - საბერძნეთი (8.2%). ყველაზე უფრო დაზარალებული ევროპული  ქვეყნების ხუთეულს საფრანგეთი ასრულებს, რეალური მსპ-ს 8.1% კლებით .

საყურადღებოა, რომ კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული ევროპული ეკონომიკების პირველი ხუთეულიდან  ოთხი ქვეყანა (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და საფრანგეთი) გლობალური ტურისტული ინდუსტრიის ფლაგმანია, ხოლო ერთი - ხორვატია, ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი ხვედრითი წონით გამოირჩევა. აქედან კარგად ჩანს, რომ ანტიპანდემიურმა შეზღუდვებმა ყველაზე მტკივნეულად სწორედ ტურისტულ ინდუსტრიას დაარტყა. ამ ფონზე მეტ ლეგიტიმურობას იძენს კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად მიზანშეწონილია მთავრობის მიერ ლამის მთავარ სტრატეგიულ ეკონომიკურ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარების არჩევა  (Papava V. 2018; კაკულია მ. 2020). პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ტურიზმი ორივე დონის, როგორც ენდოგენური, ასევე ეგზოგენური, კრიზისის პირველი მსხვერპლია.

წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე ევროპული ქვეყნებიდან (იხილეთ დიაგრამა#1), მხოლოდ ორ ქვეყანაში - ირლანდიასა და თურქეთში აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ცნობილია თავისი ტურისტული ინდუსტრიით.  საინტერესო იქნებოდა ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის სექტორული ანალიზი, იმის გასარკვევად, თუ რომელმა სექტორებმა განაპირობა  ეკონომიკის დადებითი დინამიკის შენარჩუნება, თუმცა  ეს ცალკე კვლევის  თემაა.

ქვემოთ მოყვანილი  მონაცემებიდან საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: შვედეთმა, როგორც ცნობილია, უარი თქვა ანტიპანდემიური  შეზღუდვების შემოღებაზე და პროცესი ,,თვითდინებაზე“ მიუშვა. მიუხედავად ამისა, ეს ქვეყანა  როგორც გავრცელების, ისე  სიკვდილიანობის მიხედვით არსებითად არ განსხვავდება იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ანტიპანდემიური შეზღუდვებით პრაქტიკულად ყველაფერი გააჩერეს. ამავე დროს, შვედეთში, წინასწარი შეფასებით, რეალური მსპ 2020 წელს მხოლოდ 2.8% შემცირდა, რაც ბევრად  უკეთესი მაჩვენებელია იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ლიდერობენ ეკონომიკური ვარდნის მიხედვით.

საქართველოს კონტექსტი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი სამამულო პროდუქტი მუდმივ ფასებში 37.8 მლრდ ლარი იყო, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 2.5 მლრდ ლარით ნაკლებია. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით რეალური მსპ 6.2% შემცირდა. კლების ერთადერთი ხილული მიზეზი ანტიპანდემიური შეზღუდვებია, რომლის პირველი ტალღა 1 აპრილიდან დაიწყო, ხოლო მეორე - 1 ნოემბრიდან. რეალური ეკონომიკური ვარდნა უფრო მასშტაბური იქნებოდა მთავრობას რომ საკმაოდ ენერგიული ანტიკრიზისული ღონისძიებები არ გაეტარებინა, რომელთაც მნიშვნელოვნად შეარბილეს ანტიპანდემიური შეზღუდვების უარყოფითი ეფექტები (იხ. კაკულია მ.,  კაპანაძე ნ. 2020), თუმცა ეკონომიკურ ზრდაზე მათი უშუალო გავლენის შეფასება სცილდება წინამდებარე სტატიის ფორმატს.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ მსპ-ს ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული დანაკლისი სწორედ ზემოაღნიშნული 2.5 მლრდ ლარით შემოიფარგლება, მაგრამ ეს ძალზე ემპირიული  დასკვნა იქნებოდა. შეზღუდვებით გამოწვეული მთლიანი დანაკარგი გაცილებით მეტია, ვიდრე ის 6.2%, რითაც  უცვლელი ფასებით გაანგარიშებული მთლიანი პროდუქტი შემცირდა. ამ საკითხს ქვემოთ უფრო ვრცლად და  დეტალურად განვიხილავთ. მანამდე კი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე (1965-2020) საქართველოს ეკონომიკური დინამიკის რამდენიმე ნიუანსზე შევჩერდებით, რომლებიც მსოფლიო ბანკის უაღრესად საინტერესო მონაცემებს ეყრდნობა (იხილეთ დიაგრამა N2).

დავიწყოთ იმით, რომ პანდემიის  წინა 2019 წელს, 2015 წლის ფასებით გაანგარიშებული მსპ-ს მოცულობა ყველაზე მაღალი იყო 1989 წელს იგივე ფასებით დათვლილი  ანალოგიური მაჩვენებლის შემდეგ და საბჭოთა პერიოდის პიკური მაჩვენებლის დონის (1985) 81 შეადგენდა. 

2020 წლის მსპ-ს რეალური ზრდის ტემპი ევროპის ქვეყნებში (წინასწარი შეფასება)

დიაგრამა 1

წყარო: Eurostat

კრიზისისამდელ პერიოდში, კერძოდ 2017-2019 წლებში, საქართველოს ეკონომიკური დინამიკა არსებითად გაუმჯობესდა: რეალური მსპ-ს ზრდის საშუალო ტემპმა ამ პერიოდში თითქმის 5%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც წინა 4 წლის მანძილზე (2013-2016) ეს მაჩვენებელი 3.5% იყო.

მსპ-ს რეალური ზრდის ტემპი საქართველოში

დიაგრამა 2

 

წყარო: World Bank

კოვიდ-19-ის პანდემიამ 2020 წელს მკვეთრად შეცვალა წინა წლებში ჩამოყალიბებული ერთობ პოზიტიური ტენდენცია: ანტიპანდემიური ღონისძიებების შედეგად, პირველად 2009 წლის კრიზისის შემდეგ, მშპ-მ მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, რომლის სიღრმე  1.7-ჯერ აღემატებოდა ეკონომიკის 11 წლის წინანდელი დაღმასვლის მასშტაბს. და ეს მაშინ, როდესაც 2009 წლის კრიზისში ერთმანეთს გადაეხლართა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის და 2007-2009 წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის (დიდი რეცესიის) შედეგები.

უფრო მეტიც, 2020 წლის ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი მაქსიმალურია ბოლო 26 წლის მანძილზე (1994 წლის შემდეგ), თუმცა 2020 წელს განვითარებული მოვლენები ისეთი კატასტროფული არ იყო, როგორც 90-იანების დასაწყისის სისტემური  ეკონომიკური კრიზისი.

მთლიანი სამამულო პროდუქტი მუდმივ, 2015 წლის ფასებში

დიაგრამა 3

 

წყარო: World Bank

ძირითადი მიდგომა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტიპანდემიური შეზღუდვების ეკონომიკური შედეგის  შეფასება მსპ-ს მოცულობაში მათ მიერ გამოწვეული დანაკარგით, ერთი შეხედვით, რთული არ არის,  მაგრამ ასეთი მიდგომა, ჩვენი აზრით, ზედაპირულია.

ქვეყნის  ეკონომიკურ დინამიკაში  2020 წლამდე გარკვეული ტენდენციები ჩამოყალიბდა, რაც 2020 წლის 1 აპრილს გამოცხადებულმა ანტიპანდემიურმა შეზღუდვებმა შეაჩერა. მართალია, ზაფხულში მათი სიმძიმე   რამდენადმე შემსუბუქდა, მაგრამ 2020 წლის ოქტომბრიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარების  მკვეთრი გაუარესების გამო, შეზღუდვების ახალი  ტალღა დაიწყო. ამდენად 2020 წელს, სხვა თანაბარ პირობებში ანუ ანტიპანდემიური შეზღუდვების გარეშე, ეკონომიკური ზრდის რაღაც პოზიტიური შედეგი უნდა მიღწეულიყო, თუმცა  შეზღუდვებმა ეკონომიკური დინამიკის ვექტორი საპირისპირო მიმართულებით შეცვალა და ზრდის ნაცვლად  კლება მივიღეთ. აქედან გამომდინარე,  კოვიდ-19-თან დაკავშირებული მთლიანი ეკონომიკური დანაკარგების შეფასებისას ფაქტობრივ კლებასთან ერთად მიუღწეველი ზრდაც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ მთლიანი დანაკარგი უნდა მოიცავდეს არამხოლოდ ფაქტობრივ  დანაკარგს, არამედ ზრდის იმ დანაკარგსაც,  რომელიც ბოლო წლების ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში  იქნებოდა მიღწეული.

ტენდენციების ანალიზი შესაძლებელია მსპ-ს ნაერთი მაჩვენებელისათვის, მაგრამ ეს ძალიან განზოგადებულ სურათს მოგვცემს, ვინაიდან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში განვითარებული ტენდენციები განსხვავებული იყო. ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტენდენციები გაანალიზდეს არა მთლიანად ეკონომიკისათვის, არამედ მისი თითოეული სექტორისათვის, რომელიც მოცემულია  ეკონომიკური საქმიანობების სახეობათა კლასიფიკატორ NACE-ის მე-2 გადასინჯვის მიხედვით. სწორედ მათ  შესაბამისად აქვეყნებს რეგულარულად სტატისტიკის ეროვნული სამსახური   მაკროეკონომიკურ  მაჩვენებლებს.

ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანია უცვლელი, 2015 წლის ფასებით გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ზემოთ აღნიშნული სექტორების მიხედვით. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ 2010 წლიდან მოყოლებული რეალური მსპ განუხრელად იზრდებოდა. ზრდის ტემპი მუდმივი არ იყო, თუმცა, დინამიკა ყოველ წელს დადებითი იყო. 2010-2019 წლებში მეტნაკლები არასტაბილურიბის გათვალისწინებით,  სანალიზოდ ავიღეთ 2017-2019 წლების პერიოდი, როდესაც ზრდის ტემპი სტაბილური იყო, ხოლო საერთო სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება შედარებით ერთგვაროვანი.

წინამდებარე ანალიზის ძირითადი მიდგომა ითვალისწინებს პაასუხის გაცემას შემდეგ კითხვებზე:

  1. როგორი იყო რეალური ვარდნა? ანუ როგორ შეიცვალა რეალური მსპ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით;  
  2.  როგორი იყო ცვლილება ეკონომიკის თითოეულ სექტორში და რა  წვლილი შეიტანა თითოეულმა მათგანმა 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%-ით კლებაში?
  3. როგორი შეიძლება ყოფილიყო რეალური ეკონომიკური ზრდა? ანუ, რა მოხდებოდა 2017-2019 წლებში ეკონომიკური დინამიკის ტენდენციის უცვლელობის პირობებში?
  4. როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში ცვლილება ეკონომიკის თითოეულ სექტორში და რა წვლილს შეიტანდა თითოეული მათგანი ეკონომიკის შესაძლო  ზრდაში?
  5. რას შეადგენს მთლიანი დანაკარგის მოცულობა? ანუ, რამდენი იყო ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული მთლიანი ზარალი ფაქტობრივი  ვარდნის და მიუღწეველი ზრდის გათვალისწინებით?
  6. როგორ იყო მთლიანი დანაკარგი ეკონომიკის თითოეული სექტორის მიხედვით  და რა წვლილი შეიტანა თითოეულმა სექტორულმა დანაკარგმა ეკონომკის მთლიანი დანაკარგის ფორმირებაში.

ხილული (რეალური) დანაკარგი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეალური მსპ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 6.2%-ით შემცირდა, რაც ფულად განზომილებაში 2.482 მლრდ 2015 წლის ლარს შეადგენს. ეკონომიკის თითოეული სექტორისათვის[1] ფაქტობრივი ცვლილება და მთლიან ცვლილებაში წვლილის მიხედვით სექტორები ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდებოდა.

სექტორი A, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: 2019 წლის რეალურ მსპ-ში მისი წილი 6.8% იყო.  2020 წელს ამ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება  3.6% გაიზარდა. აღნიშნულმა სექტორმა ეკონომიკური ვარდნის პროცესი 4.0 %-ით შეაფერხა, რაც მისი  საკმაოდ მაღალი წონით იყო განპირობებული.

სექტორი B, სამთომოპოვებითი მრეწველობა:  მისი წილი ეკონომიკაში 2019 წელს 1.1% იყო. 2020 წელს სექტორის 1.5%-ით ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეკონომიკური ვარდნის შენელებაში ამ მოვლენის წილი მხოლოდ 0.3% იყო, რაც სექტორის დაბალი ხვედრითი წონით არის გამოწვეული.

სექტორი C, დამამუშავებელი მრეწველობა: მისი წილი 2019 წლის მსპ-ში 8.3 % იყო. 2020 წელს ამ სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება მხოლოდ 0.04 %-ით შემცირდა, რამაც მთლიანი ეკონომიკური ვარდნა 0.1%-ით გააღრმავა, რაც ამ სექტორის მაღალი ხვედრითი წონით არის განპირობებული.

სექტორი D, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება: მისი  წილი მსპ-ში 2019 წელს 1.8% იყო. 2020 წელს სექტორი 7.4%-ით შემცირდა, რამაც მთლიანი ეკონომიკური ვარდნა 2.2 პროცენტით ააჩქარა. სექტორის წონა განსაკუთრებით მაღალი არ არის, ამიტომაც მისი გავლენა საერთო სურათზე შედარებით დაბალია.

სექტორი E, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები: 2019 წელს მისი  წილი მსპ-ში მხოლოდ 0.9% იყო. 2020 წელს სექტორი არსებითად - 11.1%-ით შემცირდა, თუმცა მისი დაბალი წონის გამო საერთო ვარდნაში შეტანილი  წვლილი მხოლოდ 1.6% იყო.

სექტორი F, მშენებლობა: მისი წილი 2019 წლის მსპ-ში საკმაოდ მაღალი - 6.3% იყო. ამის გამო სექტორის 4.7%-ით ვარდნამ 4.7%-ით გააღრმავა 2020 წლის მთლიანი ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი G, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი: ეკონომიკის ამ უმსხვილესი სექტორის წილი მსპ-ში 2019 წელს 12.3% იყო,  აქედან გამომდინარე, მისმა 5.6%-ით შემცირებამ მთლიან ვარდნაში 11.2%-ანი წვლილი შეიტანა.

სექტორი H, ტრანსპორტი და დასაწყობება: მის წილად 2019 წელს მსპ-ს 5.4% მოდიოდა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. 2020 წელს სექტორის ვარდნის დონე ძალიან მაღალი -  22.3% იყო, რამაც მთლიან ვარდნაში 11.2%-იანი  წვლილი შეიტანა.

სექტორი I, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები: მისი  წილი 2019  წელს საკმაოდ მაღალი, 4.2% იყო, ხოლო ვარდნა 2020 წელს კატასტროფული - 37.9%. სწორედ ამ სექტორის კოლაფსმა 26.0%-ით განაპირობა 2020 წლის ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი J, ინფორმაცია და კომუნიკაცია: მისი  წილი 2019 წლის მსპ-ში 3.0% იყო, ხოლო ვარდნა უმნიშვნელო, 0.7%-ით. შესაბამისად, ამ სექტორმა ეკონომიკის საერთო ვარდნაში უმნიშვნელო წვლილი შეიტანა -  0.3%.

სექტორი K, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: მისი  წილი 2019 წლის მსპ-ში საკმაოდ დიდი - 5.6% იყო, 2020 წელს შემცირების დონე კი - 5.0%. ამ სექტორმა ეკონომიკურ ვარდნაში საკმაოდ მნიშვნელოვანი - 4.6%-ანი წვლილი შეიტანა.

სექტორი L, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: ეკონომიკის ამ ერთერთ უმსხვილეს სექტორში, მსპ-ში 10.8%-იანი წვლილით, 2020 წელს ვარდნა უმნიშვნელო - 0.1% იყო. შესაბამისად, უმნიშვნელო 0.1%, იყო მისი  ნეგატიური წვლილიც.

სექტორი M, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები: მისი ხვედრითი წონა მსპ-ში 2019 წელს განსაკუთრებით მაღალი არ ყოფილა, თუმცა ვერც უმნიშვნელოს ვუწოდებთ -  2.5%. ეკონომიკური ვარდნა ამ სექტორში ძალიან დიდი -  18.4 პროცენტი იყო, ხოლო  ნეგატიური წვლილი საკმაოდ მაღალი (7.4%).

სექტორი N, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები: ამ სექტორის წონა მსპ-ში მცირეა (1.%), თუმცა 2020 წელს ვარდნის ტემპი კატასტროფული (37.9%) იყო. სექტორის მცირე წონიდან გამომდინარე, საერთო ნეგატივში მისი წვლილი საკმაოდ დიდი, თუმცა ვარდნის მასშტაბთან შედარებით გაცილებით ნაკლები (7.7%) აღმოჩნდა.

სექტორი O, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება: 2019 წელს მისი  წილი მსპ-ს 6.8 პროცენტს შეადგენდა, რაც საკმაოდ დიდია, ხოლო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ამ სექტორში 1.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 2.0%-ით შეაფერხა მთლიანი ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი P, განათლება: მას  მსპ-ში საგრძნობი, 4.2%ხვედრითი წონა აქვს.  2020 წელს ამ სექტორში 3.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რამაც 2.1%-ით შეარბილა საერთო ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი Q, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: მის  წილად 2019 წელს მსპ-ს 4.0% მოდიოდა. 2020 წელს ამ სექტორში 7.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სრულიად გასაგებია, ვინაიდან ანტიპანდემიური შეზღუდვების პირობებში ყველაზე მოთხოვნადი სექტორი სწორედ ჯანდაცვა იყო. აღნიშნულმა ზრდამ 5.1%-ით შეაფერხა მთლიანი ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი R, ხელოვნება, გართობა და დასვენება: მისი წილი განსაკუთრებით დიდი არ ყოფილა (3.%), მაგრამ სექტორის  კატასტროფულმა, 18.9%-ით კლებამ 9.9%-ით გააღრმავა საერთო ეკონომიკური ვარდნა.

სექტორი S, სხვა სახის მომსახურება: ამ სექტორის წილი ეკონომიკაში უმნიშვნელო - 0.7% იყო. ამიტომაც მისი 7.1%-ით ზრდამ მხოლოდ 0.8%-ით შეარბილა ანტიპანდემიური შეზღუდვების დარტყმა.

სექტორი T, შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის: კიდევ უფრო უმნიშვნელო, სულ რაღაც 0.1% იყო ამ სექტორის წილი 2019 წლის მსპ-ში. სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე, სექტორის მთელი 11.6%-ით ზრდის პოზიტიური ზეგავლენა მხოლო 0.2% იყო.

ფაქტობრივი  ვარდნის მაჩვენებლებით ანტიპანდემიური შეზღუდვებით ყველაზე მეტად ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების, სასტუმროებისა და რესტორნების, ტრანსპორტის, ხელოვნება, გართობა დასვენების და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობების სექტორები დაზარალდნენ. ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობების სექტორებში მიღწეულმა ზრდამ მცირედ შეაფერხა ეკონომიკური ვარდნის პროცესი, მაგრამ მთლიანობაში ეს სექტორები ვარდნის შეჩერებას ვერ შეძლებდნენ.

პანდემიის ფონზე ჯანდაცვის სექტორის  ზრდა სრულიად გასაგებია, მაგრამ საინტერესოა რამ განაპირობა ეკონომიკური ზრდა სოფლის მეურნეობის სექტორსა  და ე.წ. სექტორ T-ში. ეს რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული:

  1. ანტიპანდემიური შეზღუდვები ეკონომიკის ყველა სექტორს შეეხო და სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდი ნაწილი გაანადგურა ან შეაჩერა, რამაც გამოიწვია სამუშაო ძალის გარკვეული ნაწილის სოფლის მერნეობაში თვითდასაქმებულების კატეგორიაში  გადასვლა. ეს ტენდენცია აისახა კიდეც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ძალის გამოკვლევის მონაცემებში. ანუ დასაქმების ფონის საერთო გაუარესების შედეგად გაიზარდა ყველაზე დაბალეფექტიანი  და ყველაზე ნაკლებად კაპიტალტევადი სასოფლო თვითდასაქმება. შესაბამისად სოფლის მეურნეობის სექტორში ადგილი ჰქონდა მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდას;
  2. რაც შეეხება სექტორს T-ს, ამ სექტორში შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის საქმიანობის გარდა ასევე შედის არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის, რაც ჩვეულებრივ ენაზე საკუთარი წარმოების ან ნაყიდი ხილის ბოსტნეულისა და ხორცის გადამუშავებას და ზამთრისათვის კომპოტების, ჯემების, საწებლების და სხვა სახის კონსერვების წარმოებას ნიშნავს. ანტიპანდემიურმა შეზღუდვებმა სწორედ ამ ტიპის საქმიანობის პროვოცირება მოახდინა შინამეურნეობებში. თუმცა სექტორის წონა ეკონომიკაში იმდენად მცირეა, რომ მისმა 11 პროცენტიანმა ზრდამ მხოლოდ 0.2 პროცენტით შეაფერხა ეკონომიკური ვარდნა.

რეალური მსპ-ს 6.2%-ით შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი სასტუმროების და რესტორნების სექტორის ვარდნამ შეიტანა ასევე მნივნელოვანი იყო ტრანსპორტის და ვაჭრობის სექტორებში ვარდნის წვლილიც. მთლიანობაში  ამ სამ სექტორზე საერთო ეკონომიკური ვარდნის თითქმის 60% მოდის.

მსპ-ს სექტორული სტრუქტურა 2019 წელს და პროცენტული ცვლილება 2020 წელს 

დიაგრამა 4

 

 წყარო: საქსტატი

უხილავი დანაკარგი

2017-2019 წლების ტენდენციების უცვლელობის პირობებში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით უცვლელი, 2015 წლის ფასებით გადაანგარიშებული მსპ 4.4%-ით გაიზრდებოდა და მისი მთლიანი მოცულობა 42.1 მლრდ 2015 წლის ლარს მიაღწევდა. მიუღწეველი ზრდის მოცულობა 1.758 მლრდ 2015 წლის ლარია. აღნიშნული მოცულობა და წვლილი მთლიან მოსალოდნელ ზრდაში ეკონომიკის სექტორებში არათანაბრადაა გადანაწილებული.

სექტორი A, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: 2020 წელს 2017-2019 წლების ტენდენციის შენარჩუნების პირობებში მოსალოდნელი იყო სექტორის 2.4%-იანი ზრდა, რისი წვლილი საერთრო ეკონომიკურ ზრდაში 3.7% იქნებოდა.

სექტორი B, სამთომოპოვებითი მრეწველობა: იგივე  პირობებში სექტორი 2020 წელს 2.8%-ით გაიზრდებოდა, რაც მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 0.7%-იან  წვლილს შეიტანდა.

სექტორი C, დამამუშავებელი მრეწველობა: ამ სექტორში 2017-2019 წლების ტენდენციის მიხედვით, 2020 წელს მოსალოდნელი იყო 2.8%-ით ზრდა, რაც მთლიანი ეკონომიკურ ზრდის 5.3% იქნებოდა.

სექტორი D, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება: იგივე პირობებში 2020 წელს სექტორი 2.6 პროცენტით გაიზრდებოდა, რაც მთლიანი ზრდის 2.6 პროცენტი იქნებოდა.

სექტორი E, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში ეს სექტორი 2020 წელს 1.6%-ით მოიმატებდა, რაც მთლიანი ზრდის 0.3% იქნებოდა.

სექტორი F, მშენებლობა: ეს ერთადერთი სექტორია, სადაც იგივე პირობებში 2020 წელს 0.9%-ით შემცირება იყო მოსალოდნელი,რაც მთლიან ზრდა 1.3%-ით შეაფერხებდა.

სექტორი G, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში ამ სექტორში 2020 წელს 4.2%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც მთლიან ზრდაში 11.9%-იან წვლილს შეიტანდა.

სექტორი H, ტრანსპორტი და დასაწყობება: იგივე პირობებში 2020 წელს ეს სექტორი 6.6%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც მთლიან ზრდაში 8.1%-იან წვლილს შეიტანდა.

სექტორი I, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები: ეკონომიკის ამ სექტორში 2020 წელს ძლიერი, 10.6%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც მთლიანი ეკონომიკური ზრდის 10.3% იქნებოდა.

სექტორი J, ინფორმაცია და კომუნიკაცია: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში სექტორი 2020 წელს 4.7%-ით გაიზრდებოდა, რაც მთლიან ეკონომიკურ ზრდაში 3.3%-იან წვლილს შეიტანდა.

სექტორი K, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: იგივე პირობებში ამ სექტორში 12.1%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც მთლიანი ზრდის  15.3% იქნებოდა.

სექტორი L, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში ეს სექტორი 2020 წელს 3.0%-ით გაიზრდებოდა, რაც მთლიანი ზრდის 7.4 %.

სექტორი M, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები: იგივე პირობებში ამ სექტორში მოსალოდნელი იყო 3.8%-იანი ზრდა, რომელიც საერთო ზრდაში 2.2% წვლილს შეიტანდა.

სექტორი N, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში ეკონომიკის ეს სექტორი 7.9%-ით გაიზრდებოდა, რაც საერთო ეკონომიკურ ზრდას 2.3%-ით დააჩქარებდა.

სექტორი O, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება: იგივე პირობებში ამ სექტორში 2.0%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, რისი წვლილიც საერთო ზრდაში 3.2% იქნებოდა.

სექტორი P, განათლება: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში სექტორი 4.8%-ით გაიზრდებოდა და ეს საერთო ზრდაში 4.6% წვლილს შეიტანდა.

სექტორი Q, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: იგივე პირობებში სექტორში 4.6%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი, რაც საერთო ზრდას 4.2%-ით ააჩქარებდა.

სექტორი R, ხელოვნება, გართობა და დასვენება: 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელობის პირობებში სექტორში მოსალოდნელი იყო 5.0%-იანი ზრდა, რაც საერთო ზრდაში 3.7%-იანი წვლილით აისახებოდა.

სექტორი S, სხვა სახის მომსახურება: იგივე პირობებში ამ სექტორშიც ზრდა იყო მოსალოდნელი, 2.9%-თ, რაც საერთო ზრდაში მცირე - 0.4%-იან წვლილს შეიტანდა.

სექტორი T, შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის: სხვა თანაბარ პირობებშიც ეს სექტორიც 2.0%-ით გაიზრდებოდა, მაგრამ   დაბალი წონიდან გამომდინარე,  მისი წვლილი მთლიან ზრდაში ძალზედ მცირე - სულ რაღაც 0.04% იქნებოდა.

2017-2019 წლებში ჩამოყალიბებული თითქმის წრფივი ტრენდის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა საქართველოში 4.4% იქნებოდა.

ჩამოყალიბებული ტენდენციების მიხედვით ეკონომიკური ზრდის ყველაზე უფრო მაღალი ტემპი საფინანსო და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში იყო მოსალოდნელი. ზრდის ასევე მაღალი ტემპი იყო მოსალოდნელი ადმინისტრაციული და დამხმარე მოსახურებისა და ტრანსპორტის სექტორებში.

ამრიგად, ეკონომიკური ზრდის ძირითადი ლოკომოტივები 2017-2019 წლების ტენდენციის მიხედვით საფინანსო, ვაჭრობის და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი უნდა ყოფილიყო. ამ სამ სექტორზე ჯამურად მთლიანი ეკონომიკური ზრდის 38% მოვიდოდა.

მსპ-ს მოსალოდნელი ცვლილება 2020 წელს, 2017-2019 წლების ტენდენციის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში

დიაგრამა 5

 

წყარო: საქსტატი და ავტორთა გაანგარიშება

მთლიანი დანაკარგი

ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული მთლიანი დანაკარგის აბსოლუტური მოცულობა 4.240 მლრდ 2015 წლის ლარია, საიდანაც 2.482 მლრდ ლარი, ანუ მთლიანი დანაკარგის 59% ფაქტობრივ ვარდნაზე მოდის, ხოლო 1.758 მლრდ ლარი, ანუ მთლიანი ზარალის 41% მიუღწეველი ზრდის წილია.

რაც შეეხება მთლიანი დანაკარგის ფარდობით მნიშვნელობას, 4.36%-იანი ზრდის ნაცვლად მიღებული 6.16%-ანი კლებიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა 2019 წლის მსპ-ს 10.52%.

ფაქტობრივი და 2017-2019 წლების ტენდენციების უცვლელობის შემთხვევაში 2020 წელს მოსალოდნელი მთლიანი სამამულო პროდუქტი მუდმივ, 2015 წ;ის ფასებში (მლრდ ლარი)

დიაგრამა 6

 წყარო: საქსტატი და ავტორთა გაანგარიშება

ზემოაღნიშნული 10.5%-იანი მთლიანი დანაკარგი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს განსხვავებულად შეეხო.

სექტორი A, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: ამ სექტორში ფაქტობრივი ზრდა მოსალოდნელზე 1.8%-ული პუნქტით მაღალი მაღალი აღმოჩნდა, რის გამოც სექტორმა მთლიანი ვარდნა 0.8%-ით შეანელა.

სექტორი B, სამთომოპოვებითი მრეწველობა: ამ სექტორში მთლიანმა ცვლილებამ მიუღწეველი ზრდის და ფაქტობრივი ცვლილების გათვალისწინებით  1.2%-ით კლება  შეადგინა, რამაც მთლიანი შემცირება მხოლოდ 0.1%-ით ააჩქარა.

სექტორი C, დამამუშავებელი მრეწველობა: სექტორის მთლიანი დანაკარგი მიუღწეველი ზრდის გათვალისწინებით 2.8%-ით ვარდნას შეადგენს, რაც მთლიან კლებას 2.2%-ით აღრმავებს.

სექტორი D, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება: ამ სექტორში მთლიანი კლება, მიუღწეველი ზრდის გათვალისწინებით, 13.6%-ია, რამაც მთლიანი ვარდნა 2.4%-ით გააძლიერა.

სექტორი E, წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები: სექტორში მთლიანმა კლებამ 12.8% შეადგინა, რამაც ვარდნა 1.1%-ით ააჩქარა.

სექტორი F, მშენებლობა: ამ სექტორში მთლიანი კლება 3.7% იყო, რამაც მსპ-ს შემცირების ტემპი 2.2%-ით ააჩქარა.

სექტორი G, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი: ამ სექტორში ფაქტობრივი კლების და მიუღწეველი ზრდის გათალისწინებით მსპ 9.9%-ით შემცირდა, რამაც მსპ-ს მთლიანი ვარდნა 11.5%-ით დააჩქარა.

სექტორი H, ტრანსპორტი და დასაწყობება: ეს კრიზისისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, სადაც მიუღწეველი ზრდის და ფაქტობრივი კლების გათვალისწინებით, მთლიანი ვარდნა 28.9%-ია, რის გამოც ეკონომიკური ვარდნა 14.9%-ით აჩქარდა.

სექტორი I, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები: კრიზისმა ყველაზე მეტად ეს სექტორი დააზარალა. სწორედ აქ იყო მიუღწეველი ზრდა ყველაზე მაღალი. ფაქტობრივი ვარდნაც ყველაზე ძლიერად ამ სექტორს შეეხო. შედეგად  მთლიანი ვარდნა ყველაზე მასშტაბური 48.% ამ სექტორში აღინიშნა, რამაც მსპ-ში სექტორის საკმაოდ მაღალი ხვედრითი წონიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო მეტად, 19.5%-ით განსაზღვრა 10.5%-ით მსპ-ს მთლიანი ვარდნის მაჩვენებელი.

სექტორი J, ინფორმაცია და კომუნიკაცია: ამ სექტორში მთლიანი ვარდნა 5.4% იყო, რამაც მსპ-ს მთლიანი ვარდნის საერთო მაჩვენებელში 1.1%-იანი ნეგატიური წვლილი შეიტანა.

სექტორი K, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: ამ სექტორში  ფაქტობრივი ვარდნის და მიუღწეველი ზრდის ჯამური მაჩვენებელი 17.1%-იან ნიშნულზეა, ხოლო მთლიან ვარდნაში სექტორის ნეგატიური წვლილი 9.1%-ია.

სექტორი L, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: მთლიანი ვარდნა ამ სექტორში 3.1%-ია და ასევე 3.1%-ია სექტორის ნეგატიური წვლილი ეკონომიკის მთლიან ვარდნაში.

სექტორი M, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები: ამ სექტორში მთლიანი კლება 22.2% იყო, თუმცა სექტორის შედარებით დაბალი წონის გამო ამ ვარდნის წვლილი ეკონომიკის მთლიან ვარდნაში 5.3% იყო.

სექტორი N, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები: ეს კრიზისისგან ერთერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორია, სადაც მთლიანმა კლებამ 48.5% შეადგინა, თუმცა სექტორის შედარებით დაბალი წონის გამო, ეკონომიკის მთლიან ვარდნაში მისი წვლილი შედარებით დაბალი, 5.5%-ა. ეს თავისთავად მციორე  არ არის, მაგრამ სექტორის ვარდნის მასშტაბთან შედარებით მცირედ გამოიყურება.

სექტორი O, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება: ამ სექტორში მთლიანი ვარდნა უმნიშვნელო, 0.2%-ია და ეკონომიკის  მთლიან ვარდნაში სექტორის წვლილიც ასევე უმნიშვნელო - 0.1%-ა.

სექტორი P, განათლება: მიუღწეველი ზრდისა და ფაქტობრივი კლების გათვალისწინებით მთლიანი ვარდნა ამ სექტორსში სხვა სექტორებთან შედარებით დაბალი, 1.6%-ია. შესაბამისად დაბალია ეკონომიკის მთლიან ვარდნაში სექტორის ნეგატიური წვლილიც - 0.7%.

სექტორი Q, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები: სოფლის მეურნეობასთან ერთად ეს სექტორი ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ფაქტობრივი ცვლილება მოსალოდნელ ზრდაზე მაღალი აღმოჩნდა. მთლიანი ზრდის 3.2%-იანმა მაჩვენებელმა 1.2%-ით შეაფერხა ეკონომიკის მთლიანი ვარდნა.

სექტორი R, ხელოვნება, გართობა და დასვენება: აღნიშნული სექტორი ერთ-ერთია, რომელიც კრიზისმა ყველაზე მეტად დააზარალა. მთლიანი კლების მაჩვენებელი სექტორში 23.8%-ია, თუმცა მისი  შედარებით დაბალი წონიდან გამომდინარე, ეკონომიკის მთლიან ვარდნაში მისი ნეგატიური წვლილი შედარებით დაბალი, 7.3%-ია.

სექტორი S, სხვა სახის მომსახურება: ეს ის იშვიათი სექტორია, სადაც ფაქტობრივი ზრდა მოსალოდნელზე  4.2%-ით მეტია, თუმცა სექტორის დაბალი წონის გამო მიზი პოზიტიური ზეგავლენა მხოლოდ 0.3%-ია.

სექტორი T, შინამეურნეობების, როგორც დამქირავებლის, საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის: ეს ის სექტორია, სადაც ფაქტობრივმა  ზრდამ მოსალოდნელს მთელი 9.6%-ით გადააჭარბა, თუმცა მთლიან მსპ-ში მისი უმნიშვნელო წილის გამო მისი პოზიტიური ზეგავლენა მხოლოდ 0.1%-ია.

საერთო ჯამში ანტიპანდემიური შეზღუდვებით მეტნაკლებად ყველა სექტორი დაზარლდა, მაგრამ მათ შორის არის რამდენიმე სექტორი, რომელიც, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად განადგურდა. ესენია: 

  • სექტორი H, სასტუმროები და რესტორნები, სადაც მთლიანი დანაკარგი 50%-ზე ცოტა ნაკლებია და  სექტორი N, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სადაც მთლიანი დანაკარგი 45%-ს აღემატება.
  • მნიშვნელოვნად დაზარალდა ტრანსპორტის; პროფესიული და სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ხელოვნება, გართობა-დასვენების სექტორები, სადაც მთლიანი დანაკარგები 20%-ს აღემატება.
  • საგრძნობლად დაზარალდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდების, წყალმომარაგება, კანალიზაცია დასუფთავებისა და საფინანსო სექტორები, სადაც მთლიანი დანაკარგები 10%-ზე მეტია.

მოსალოდნელზე მაღალი ზრდა მხოლოდ ორ მნიშვნელოვან სექტორშია, ესენია:  ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სექტორები. სხვა სახის მომსახურებისა და შინამეურნეობების (როგორც დამქირავებლის) საქმიანობები და შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოების სექტორებშიც ზრდა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, მაგრამ ამ სექტორების ხვედრითი წონა ძალიან დაბალია და საერთო მდგომარეობაზე  გავლენას ვერ ახდენს.

მთლიანი დანაკარგების 46% სამი სექტორის წილად მოდის და ესენია სასტუმროები და რესტორნების, ტრანსპორტის და ვაჭრობის სექტორები.

მსპ-ს მთლიანი ცვლილება 2020 წელს მიუღწეველი ზრდის გათვალისწინებით

დიაგრამა 7

წყარო: საქსტატი და ავტორთა გაანგარიშება

დასკვნა

ამრიგად, ანტიპანდემიური შეზღუდვებით გამოწვეული საქართველოს ეკონომიკის მთლიანი დანაკარგი 2020 წელს 4.240 მლრდ 2015 წლის ლარი იყო, რაც იმავე პერიოდის საშუალო გაცვლითი კურსით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, 1.868 მლრდ აშშ დოლარია. მთლიანი დანაკარგებიდან 2.482 მლრდ ლარი, ანუ 59% ფაქტობრივ ვარდნაზე მოდის, ხოლო 1.758 მლრდ ლარი, ანუ 41% მიუღწეველი ზრდის წილია. ფარდობით განზომილებაში ეს 10.52%-ია, საიდანაც 6.16%-ული პუნქტი ფაქტობრივი ვარდნაა, ხოლო 4.36%-ული პუნქტი - მიუღწეველი ზრდა.

ლიტერატურა:

  • კაკულია მ. (2020). კორონომიკური კრიზისის გაკვეთილები საქართველოსთვის. "ეკონომიკა და ბიზნესი”, 2020, N2,

           http://eb.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=963&title

  • კაკულია მ., კაპანაძე ნ. (2020). ანტიპანდემიური შეზღუდვებისა და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე, შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში. თბილისი: რონდელის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი, https://www.gfsis.org/files/library/pdf/Georgian-2901.pdf
  • Papava V. (2020). On the Atypical Economic Crisis Under the COVID-19 Pandemic. "Economics and Business”, Vol. XII, No. 4, pp. 9–16.
  • Papava V., Chkuaseli M. (2021). Economic Consequences of the COVID-19 Pandemic and the Economic Ability of a Government as a Factor of Production. "International Business & Economics Studies”, Vol. 3, No. 2, pp. 67-71, http://www.scholink.org/ojs/index.php/ibes/article/view/3881/4106
  • Papava V. (2018). Georgia’s Economy in a “Tourist Trap”. Rondeli Blog, July 25, https://www.gfsis.org/blog/view/854
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ, 2015 წლის ფასებში, https://www.geostat.ge/ka
  • Euristat. Real GDP growth rate - volume (online data code: TEC00115),

           https://ec.europa.eu/eurostat/databrowser/view/tec00115/default/table?lang=en

  •  World Bank. GDP growth rate, in constant LCU (Local Currency Unit),

             https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KD.ZG

           https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.KN


[1]  დიაგრამებზე სექტორების დასახელება მოცემულია შემოკლებული ფორმით, ვინაიდან დიაგრამის ფორმატი სრული დასახელების განთავსების საშუალებას არ იძლევა. ტექსტში მოცემულია სექტორების სრული დასახელებ