English / ქართული /








Journal number 1 ∘ Nugzar Paichadze
Growth of Labor Productivity as the Most Important Factor for Development of the Country Economy

Labor productivity is the most important economic indicator that assesses the efficiency of the main producer of society - human labor force.  Today, the main factor of the country's economic growth and raising the living standard of the population is growth of labor productivity. It is a decisive factor for the country's economic growth. On contemporary stage of the economical development it has especially great importance in the real sector of economics, as in the conditions of market relationship, there is a "transfer" of labor to   the service sector and this reduces the number of people employed in real sector.

In the article the author made attempt to study by what method the indicator of the level of labor productivity in most countries of the world is calculated and, using this method, tried to calculate the indicator of the level of labor productivity in Georgia today. In almost all the countries of the world, the indicator of the level of labor productivity is compulsorily calculated for the whole country. So, it is calculated by dividing the total national product to the number of employed population. For this purpose, in case with a high level of unemployment in the country, in order not to create a false opinion about the real state of the country's economy, and, accordingly, about the welfare of the population, first should be calculated the volume of the national product per capita during the year, and then divide it to the number of annual working hours of one worker and get an indicator of hourly labor productivity.

The article also considers it purposeful that the National Statistics Service should annually calculate the volume of the national product not only per capita, but  for one employed person, and on this basis, not only hourly productivity should be calculated, but also in relation to one employed person.

Keywords: Labor productivity, level indicator of Labor productivity, hourly labor productivity, analysis of labor productivity levels. 

JEL Codes: J20, J21, J24

Refernces: 

  • Ronald G. Erenberg, Robert S. Smith. (1996). Sovremennaia ekonomika truda. Moskva. [Modern Labor Economics, Moscow]. (jn Russian).
  • Kapustin S. (1970). Metodologicheskie problem proizvoditelnosti truda na promishlennix predpriatiax. Moskva [Methodological Problems of Labor Productivity at Industrial Enterprises. Moscow]. (in Russian).
  • Kostin L., Kostin A. (1986). Kardinalnoe povishenie proizvoditelnosti truda. Moskva. [Drastic Increase in Labor Productivity. Moscow]. (in Russian).
  • Gugushvili P. (1970.) shromis produktiuloba ekonomikuri zrdisa da dagegmvis sapudzvlebis aspekebshi. [Labor Productivity in Aspects of Fundamentals of Economic Growth and Planning. Tbilisi]. (in Georgian).
  • Khurtsidze N. (1975). Problemi proizvoditelnosti truda. Tbilisi. [Labor Productivity Problems. Tbilisi]. (jn Russian).
  • Papava V., Mikiashvili N. (1999.) Kapitalisa da shromis mtsarmoebluroba [Capital and Labor Productivity, Tbilisi].  (in Georgian).
  • Paichadze N. (1984.) Shromis naqopierebis teoriis zogierti sakitkhi [Some Questions of Labor Productivity Theory. Tbilisi]. (in Georgian).
  • Paichadze N. (1988). Proizvoditelnost truda I problem ee povishenia v usloviax intensifikacii proizvodstva. Tbilisi. [Labor productivity and problems of its Increase in the Conditions of Intensification of Production. Tbilisi]. (in Russian).
  • Top 10 stran c visokoi proizvoditelnostiu truda [Top 10 Countries with High Labor Poductivity.
  • https://neohr.ru/issledovaniya/article_post/top-10-stran-s-samoy-vysokoy-proizvoditelnostyu-truda
  • www.geostat.ge.

შრომის მწარმოებლურობის ზრდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი

შრომის მწარმოებლურობას, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფაქტორს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, რამდენადაც მისი ამაღლება როგორც ეკონომიკის ზრდის მთავარი წყარო,  ასევე ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველია.

სტატიაში განხილულია შრომის მწარმოებლურობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა: ეკონომიკის განვითარების დღევანდელ ეტაპზე შრომის მწარმოებლურობის ზრდის მნიშვნელობა, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებლის გაანგარიშების დღეისათვის მოქმედი მეთოდის მოკლე დახასიათება, რიგ ქვეყნებში 2018 წლის მონაცემებით გაანგარიშებული შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებლების მოკლე ანალიზი, მათი ფორმირების ტენდენციები სხვადასხვა გეოგრაფიული ზონისა თუ სახელმწიფოთა ჯგუფების მიხედვით,  მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ მიერ 2015-2019 წლებისათვის საქართველოს ეკონომიკაში  შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებლების გაანგარიშება, როგორც საათობრივის, ასევე ერთ მუშაკზე მიმართებით და მათი ანალიზი.

დასასრულ, ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე, შემოთავაზებულია, ავტორის აზრით, საქართველოში შრომის მწარმოებლურობის ზრდის მაღალი ტემპების მიღწევისა და მათი შენარჩუნების ხელშემწყობი ღონისძიებები.

საკვანძო სიტყვები:  შრომის მწარმოებლურობა, შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებელი, შრომის საათობრივი მწარმოებლურობა, შრომის მწარმოებლურობის დონის ანალიზი.

JEL Codes: J20J21J24 

შესავალი

შრომის მწარმოებლურობა, როგორც ეკონომიკის ზრდის ძირითადი წყარო, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლითაც ფასდება საზოგადოების მთავარი მწარმოებლური ძალის – ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობა.           

მოცემულ პრობლემაზე როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ეკონომისტების  მიერ, მრავალი მნიშვნელოვანი მეცნიერული შრომაა შესრულებული. მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული სამეცნიერო შრომების გამოქვეყნებიდან საკმაოდ დიდი დრო   გავიდა, მათ დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა და მათ მიერ მოცემულ, ჩვენი აზრით, რიგ სწორ დასკვნასა და დებულებას ვიზიარებთ და ვიყენებთ წინამდებარე   სტატიაში. ბოლო წლებში, სამწუხაროდ, ამ პრობლემისადმი ყურადღება შესუსტდა როგორც შესაბამისი სახელისუფლებო  ორგანოებიდან, ასევე, სამეცნიერო საზოგადოებისგან და, უპირველეს, ყოვლისა, მკვლევარ-ეკონომისტებისგან, რაზეც მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ბოლო ხანს „საქსტატის“ მიერ არ ხდება ამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მაჩვენებლის გაანგარიშება და, ცხადია, ვერ მოხდება მისი გაანალიზება და შესაბამის ღონისძიებათა შემუშავება მის გასაუმჯობესებლად. ამასთან ერთად,  უკანასკნელ წლებში ამ პრობლემაზე შესრულებულმა კვლევებმა და გამოქვეყნებულმა შრომებმა კატასტროფულად იკლო.  ამ ხარვეზის ნაწილობრივი გამოსწორების ერთგვარი ცდაა წინამდებარე  სტატია.              

მოკლედ შრომის მწარმოებლურობის არსის, ზრდის მნიშვნელობისა  და  დონის გაანგარიშების შესახებ 

შრომის მწარმოებლურობა, როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლითაც ფასდება საზოგადოების მთავარი მწარმოებლური ძალის, ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობა.  მისი საშუალებით დასაქმებულთა შრომა შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა დონეზე - ცალკეული მომუშავის, მომუშავეთა ჯგუფების, მთელი ორგანიზაციის, ეკონომიკის ცალკეული სფეროებისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით. შრომის მწარმოებლურობის ზრდა მიიღწევა ერთეული პროდუქციის (მომსახურების) წარმოებაზე ცოცხალი და განივთებული შრომის ეკონომიით, რამდენადაც მცირდება დანახარჯები ერთეული პროდუქციის შექმნაზე და დროის ერთეულში იქმნება მეტი პროდუქცია. შრომის მაღალი მწარმოებლურობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების საფუძველია.                 

შრომის მწარმოებლურობის ზრდის საშუალებით მიიღწევა   ქვეყნისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანების გადაწყვეტა, როგორიცაა: ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ძლიერების განმტკიცება, ქვეყნის მთლიანი სამამულო პროდუქტის (მსპ) ზრდა, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლება, შრომითი დანახარჯების შემცირება პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე,  პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, მოხმარებისა და დაგროვების ფონდის გაზრდა და გაფართოებული კვლავწარმოებისათვის პირობების შექმნა, სოციალური სფეროსა და სოციალური პროგრამების დაფინანსებისათვის პირობების შექმნა და ა. შ. ამიტომაა,რომ მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შრომის მწარმოებლურობის ამაღლების პროგრამების დაფინანსებასა და მათ განხორციელებას.

არსებობს შრომის მწარმოებლურობის შემდეგი სახეობები:

  1. შრომის ინდივიდუალური მწარმოებლურობა (კონკრეტული მომუშავის მწარმოებლურობა);
  2. შრომის მწარმოებლურობა საწარმოს მთლიანობაში ან ცალკეულ უბანზე;
  3. შრომის უწყებრივი მწარმოებლურობა;
  4. შრომის რეგიონული მწარმოებლურობა;                                                      
  5. შრომის ეროვნული მწარმოებლურობა, ანუ შრომის მწარმოებლურობა ქვეყნის მასშტაბით.

როგორც ცნობილია, შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებელი განისაზღვრება წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაყოფით მის წარმოებაზე გაწეულ შრომით დანახარჯებზე. ამ დროს წარმოებული პროდუქციის რაოდენობა შეიძლება გამოიხატოს ნატურალურ, შრომით და ღირებულებით მაჩვენებლებში. თითოელ მათგანს აქვს თავისი უპირატესობანი და ნაკლოვანებები. პრაქტიკაში ყველაზე უნივერსალურია და, შესაბამისად, ყველაზე გავრცელებულია შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებლის გაზომვის ღირებულებითი მეთოდი.

საქართველოში, როგორც უკვე აღინიშნა, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში „საქსტატის“ მიერ არ ხდება ამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მაჩვენებლის გაანგარიშება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცადეთ შეგვესწავლა, თუ როგორ ხდება აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და მათ მიერ გამოყენებული მეთოდით,  ბოლო წლების მონაცემების საფუძველზე (2015-2019წ.წ.) განგვესაზღვრა და გაგვეანალიზებინა  ანალოგიური მაჩვენებლები საქართველოში.

როგორც ირკვევა, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს, როგორც წესი, ანგარიშობენ  მთელი ქვეყნის მასშტაბით. ის გაიანგარიშება ქვეყნის მსპ–ს გაყოფით დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობაზე. ამასთან, იმ მიზნით, რომ უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალმა დონემ მცდარი შეხედულება  არ შექმნას ქვეყნის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობაზე (ცხადია, დიდი უმუშევრობისას, როცა ქვეყანაში მცირეა დასაქმებულთა  რაოდენობა, რაც, ბუნებრივია, ზრდის ერთ მომუშავეზე გაანგარიშებულ შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს), ჯერ სამამულო პროდუქტის მოცულობას ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე ანგარიშობენ და შემდეგ მისი გაყოფით ერთი მომუშავის წლიური სამუშაო საათების რაოდენობაზე,  ღებულობენ ქვეყნის მასშტაბით შრომის საათობრივი მწარმოებლურობის მაჩვენებელს. დასახელებული ორივე მაჩვენებელი (სამამულო პროდუქტის მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე   და შრომის საათობრივი მწარმოებლურობა) იზომება ყოველწლიურად, შესადარისობის მიზნით, ერთი ვალუტით – აშშ-ს დოლარით.

მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შრომის მწარმოებლურობის არსებული დონის მიმოხილვა

იმის გამო, რომ ზემოხსენებული მეთოდით გაანგარიშებული შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი უშუალოდაა დამოკიდებული ქვეყნის მსპ–ს მოცულობასა და მოსახლეობის ერთ სულზე  მისი წარმოების სიდიდეზე, საინტერესოა გავეცნოთ ამ  მხრივ მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყის შესაბამის მაჩვენებლებს, რომელიც მოცემულია ცხრილში (1).

სახელმწიფოთა რეიტინგი სამამულო პროდუქტის მოცულობისა და მოსახლეობის ერთ სულზე მისი რაოდენობის მიხედვით (2018 წლის მონაცემებით)                 

ცხრილი 1

როგორც ცხრილიდან ჩანს, ქვეყანაში დიდი მოცულობით სამამულო პროდუქციის წარმოება, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის მოსახლეობის ერთ სულზე ან კიდევ შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი იქნება ასევე, მაღალი. მაგალითად, ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა სამამულო პროდუქტის მოცულობის მიხედვით. ის აწარმოებს ყველაზე დიდი მოცულობის საქონელსა და მომსახურებას, მაგრამ ის არც მისი (სამამულო პროდუქტის) ერთ სულზე წარმოების და არც შრომის მწარმოებლურობის დონით არ შედის ამ მაჩვენებელთა მიხედვით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიგებში, იკავებს, შესაბამისად, 61-ე და 78-ე ადგილს და იმყოფება ბრაზილიის დონეზე, რომელიც, ასევე, სამამულო პროდუქტის მოცულობის მიხედვით შედის მსოფლიო სახელმწიფოების პირველ ათეულში (მე-8 ადგილზეა).

ბუნებრივად ისმის კითხვა - რატომაა ასეთი განსხვავება? პასუხი ასეთია: პირველი, ჩინეთი მსოფლიოში მოსახლეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი სახელმწიფოა (1.4 მლრდ). 25 ტრლნ დოლარის 1.4 მლრდ ადამიანზე გაყოფით  მსპ–ს მოცულობა მოსახლეობის 1 სულზე გაანგარიშებით გამოდის მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე სახელმწიფოთა დიდი ნაწილისა; მეორე, ბევრია დასაქმებული (2018 წლის მონაცემებით, 57,7%), რაც, ცხადია, გავლენას ახდენს შრომის მწამოებლურობის დონეზე და მესამე, ჩინეთში დიდია  იაფი და დაბალტექნოლოგიური პროდუქციის წილი.

ზოგადად, კონკრეტულ ქვეყანაში შრომის მწარმოებლურობის მაღალი დონის განმაპირობებელი ფაქტორებია:

1) სამამულო პროდუქტის წარმოებაზე დაბალი დანახარჯები, წარმოების მაღალი და დასაქმების დაბალი დონე.  ასეთ მდგომარეობას ადგილი აქვს არაბული სამყაროს პირობებში, სადაც აწარმოებენ იაფ ნავთობს და მასზე არ ხარჯავენ დიდ  სამუშაო დროს. ამის საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ არაბული სახელმწიფო - ყატარი, რომელსაც დასახელებული მიზეზების წყალობით, პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე  სამამულო პროდუქტის წარმოებისა და შრომის მწარმოებლურობის დონის მიხედვით;

 2) მოსახლეობის ერთ სულზე სამამულო პროდუქტი და დასაქმებულთა მაღალი პროცენტი, რაც დამახასიათებელია აშშ-სა და დასავლეთ ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის. ამ ქვეყნებში შრომისუნარიანი მოსახლეობის უმეტესობა მუშაობს და აწარმოებს მაღალი ღირებულების პროდუქტებსა და მომსახურებას ბაზრისათვის.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნებში შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებლებლებზე საინტერესო კვლევა ჩაატარა ინგლისურმა კომპანია Expert Marketm-მა. კვლევას სულ დაექვემდებარა 36 ქვეყანა, ექსპერტებმა გაიანგარიშეს შრომის საათობრივი მწარმოებლურობა. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებლების მიხედვით, კვლევას დაქვემდებარებული ქვეყნების რეიტინგის პირველი ათეულის სათანადო  ინფორმაცია მოცემულია მე–2 ცხრილში.

შრომის საათობრივი  მწარმოებლურობის დონის მიხედვით    ეკონომიკური  თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სახელმწიფოთა რეიტინგის პირველი ათეული  (2018 წლის მონაცემებით )

 ცხრილი 2

როგორც ცხრილიდან ჩანს,  ერთი დასაქმებულის წლიური სამუშაო საათების რაოდენობა, მართალია, მოქმედებს შრომის საათობრივ მწარმოებლურობაზე, მაგრამ ის ამ მაჩვენებლით (საათობრივი მწარმოებლურობით) ქვეყნების შედარებისას, გადამწყვეტი არაა, რამდენადაც სხვადასხვა ქვეყანაში დროის საათობრივი ერთეულში სხვადასხვა მოცულობის პროდუქტი იქმნება. მაგალითად, მოცემული ცხრილის მიხედვით, ლუქსემბურგში მისი ოდენობა უფრო დიდია (რასაც შრომის საათობრივი მწარმოებლურობა უნდა შეემცირებინა), ვიდრე ამ ათეულში შემავალ 6 სახელმწიფოშია. თუმცა, ის შრომის საათობრივი მწარმოებლურობით, მოცემულ ათეულში შემავალ სახელმწიფოებში პირველ ადგილზეა.  რაც შეეხემა ზემოხსენებულ კვლევას დაქვემდებარებულ სხვა სახელმწიფოებს, მათ შესახებ სათანადო მონაცემები მოცემულია მე-3 ცხრილში.

მე-2 და მე-3 ცხრილებიდან ჩანს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში შრომის საათობრივი მწარმოებლურობის დონეთა შორის საკმაოდ დიდი უთანაბრობაა. მაგალითად, მოცემული ჯგუფის ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზე მდგომი ქვეყანა კოსტა-რიკა  8.6-ჯერ ჩამორჩება ანალოგიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფ სახელმწიფოს  - ლუქსემბურგს.

სამამულო პროდუქტის წარმოებისა და შრომის მწარმოებლურობის დონის მიხედვით სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონის სახელმწიფოების დამახასიათებელი ტენდენციებია:

აფრიკაში, მოსახლეობასთან შეფარდებით, სამამულო პროდუქტისა და შრომის მწარმოებლურობის საშუალო მაჩვენებელი შესაბამის მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე 4-ჯერ ნაკლებია.  შრომის მწარმოებლურობის შედარებით მაღალი დონეა ალჟირსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. აზიაში, სამამულო პროდუქციის წარმოების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგია ინდოეთი, იაპონია და ინდოეზია. სწორედ აზიის ამ ქვეყნებში, გარდა იაპონიისა, არსებობს ყველაზე დიდი შეუსაბამობა სამამულო პროდუქტსა და შრომის მწარმოებლურობას შორის, ანუ ეკონომიკის მოცულობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონეს შორის. სინგაპური, ჰონკონგი და ტაივანი მოსახლეობის ერთ სულზე სამამულო პროდუქტის წარმოებისა და შრომის მწარმოებლურობის დონით რეგიონში ლიდერობენ. იაპონიისა და სამხრეთ კორეის შესაბამისი მაჩვენებლები დაბალანსებულია.

შრომის საათობრივი მწარმოებლურობის დონის მიხედვით ეკონომიკურითანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის იმ   სახელმწიფოთა რეიტინგი, რომლებიც იმყოფებიან ამ მაჩვენებლით პირველი ათეულის მიღმა

ცხრილი 3

 წყარო:https://neohr.ru/issledovaniya/article_post/top-10-stran-s-samoy-vysokoyproizvoditelnostyu-truda

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკმაოდ დიდი ნაწილი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები და სოციალისტური ბანაკის ყოფილი სახელმწიფოებია, რომლებიც ხასიათდებიან სამამულო პროდუქტის დაბალი წარმოების მაჩვენებლით. 2018 წელს, ამ ჯგუფის 28 სახელმწიფოდან მხოლოდ 3-ში (რუსეთი, თურქეთი და პოლონეთი)  წლიურად იწარმოებოდა 1 ტრლნ დოლარზე მეტი მსპ, ხოლო 10 ქვეყნის შესაბამისი მაჩვენებელი იყო 100 მილიარდ დოლარზე ნაკლები. რაც შეეხება შრომის მწარმოებლურობას, აქ ლიდერობენ სახელმწიფოები, რომლებიც შედიან ევროკავშირში –  სლოვენია, სლოვაკეთი და ჩეხეთი.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მიუხედავად, მთლიანობაში ცხოვრების მაღალი დონისა, შეიმჩნევა გარკვეული   დისბალანსი. მაგალითად, სამამულო პროდუქტის მწარმოებელ ლიდერ ქვეყნებში – გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთსა და იტალიაში შრომის მწარმოებლურობა 30-40 %-ით დაბალია, ვიდრე ირლანდიაში, ნორვეგიასა და ლუქსემბურგში.

აშშ-სა და კანადაში სამამულო პროდუქტი და შრომის მწარმოებლურობა სტაბილურად იზრდება და შენარჩუნებულია მათ შორის ნორმალური ბალანსი. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, აქ, შედარებით დაბალია როგორც მოსახლეობის ერთ სულზე მსპ–ის წარმოება, ასევე, შრომის მწარმოებლურობის დონე.

საქართველოში 2015-2019 წლებში  შრომის მწარმოებლურობის   არსებული დონის  ანალიზი და მისი ზრდის ღონისძიებები 

ბოლო წლებში, როგორც უკვე აღინიშნა, რაოდენ გასაკვირიც არ უდა იყოს, შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელს ოფიციალურად არ ანგარიშობენ (ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დონეზეც კი) და, ცხადია, ვერ მოხდება მისი ანალიზი და მისგან გამომდინარე შესაბამისი ქმედებები. რაც შეეხება ქვეყნის დონეზე შრომის მწარმოებლურობის გასაანგარიშებლად საჭირო ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა: სამამულო პროდუქტის მოცულობა და მისი წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე, დასაქმებული მოსახლეობის რაოდენობა და ერთი დასაქმებულის მუშაობის წლიური საათების რაოდენობა, ისინი ოფიციალურად აღირიცხება „საქსტატის“ მიერ, რომელთა დახმარებითაც, დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიანგარიშოს ქვეყნის მასშტაბით შრომის მწარმოებლურობის დონის მაჩვენებელი. ჩვენ,  ამ ინფორმაციის საფუძველზე შევეცადეთ   განგვესაზღვრა ის, როგორც საათობრივი ჭრილით, ასევე, ერთ დასაქმებულზე (მუშაკზე) გაანგარიშებით და მისი ანალიზიდან გამომდინარე, შემოგვეთავაზებინა, ჩვენი აზრით, შრომის მწარმოებლურობის დონის ამაღლების ხელშემწყობი წინადადებები.

2015-2019 წლებში საქართველოში მსპ–ის და მოსახლეობის  ერთ სულზე  მისი ოდენობის შესახებ მონაცემები მოცემულია მე-4 ცხრილში.

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015-2019 წლებში, საქართველოს, მსპ–ის მოცულობა და მისი ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე    სტაბილურად იზრდებოდა. მაგალითად, 2019 წელს ეროვნულ ვალუტაში გამოხატული მისი მოცულობა,  2015 წელთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა. დოლარში გამოხატულმა იმავე მაჩვენებელმა 19% შეადგინა, რაც 2-ჯერ და მეტად ნაკლებია, ვიდრე ლარში გამოხატული. ცხადია, ასეთი დიდი განსხვავების მიზეზია მოცემულ წლებში ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით, სამწუხაროდ, იგივე ტენდენცია გრძელდება მომდევნო წლებშიც.

რაც შეეხება მოსახლეობის ერთ სულზე სამამულო პროდუქტის მოცულობას, ის 2019 წელს, 2015 წელთან შედარებით, გაიზარდა: ლარში გამოხატული–47%-ით ხოლო დოლარში – 18.7%-ით. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2019 წელს ლარში გამოხატული მოსახლეობის ერთ სულზე მსპ–ის ზრდის ტემპი 2015 წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით აღემატება ამ წლებში ქვეყნის მსპ–ის ზრდის ტემპს, რაც ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ოდნავი შემცირებით.

საქართველოს მსპ–ს მოცულობა და მისი ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე 2015-2019 წწ.

ცხრილი 4

ამავე ცხრილიდანს ჩანს, რომ საქართველო მოსახლეობის ერთ სულზე მსპ–ის მოცულობის მიხედვით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიოს სახელმწიფოთა დიდ ნაწილს. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფი სახელმწიფო (ლუქსემბურგი)მოსახლეობის ერთ სულზე 18.7-ჯერ მეტ სამამულო პროდუქტს აწარმოებდა, ვიდრე საქართველო. რაც შეეხება ამ ორგანიზაციაში შემავალ სახელმწიფოთა შორის ამ მაჩვენებლით ბოლო 36-ე ადგილზე მყოფ სახელმწიფოს (კოსტა-რიკა), ის ამავე წელს მოსახლეობის ერთ  სულზე  აწარმოებდა 2.8-ჯერ მეტ სამამულო პროდუქტს, ვიდრე საქართველო.

2015-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკაში შრომის საათობრივი მწარმოებლურობის შესახებ მონაცემები მოცემულია მე-5 ცხრილში.

შრომის საათობრივი მწარმოებლურობა საქართველოს ეკონომიკაში 2015-2019 წლებში

 ცხრილი5

როგორც მე-5 ცხრილიდან ჩანს, ზემოაღნიშნული მეთოდიკით (მოსახლეობის ერთ სულზე სამამულო პროდუქტის გაყოფით ერთი დასაქმებულის წლიური სამუშაო საათების რაოდენობაზე) გაანგარიშებული შრომის საათობრივი მწარმოებლურობა საქართველოში 2015-2019 წლებში განუხრელად იზრდებოდა. ასე, მაგალითად, წინა წელთან შედარებით ის გაიზარდა: ლარში გამოხატული–2016 წელს–4%-ით, 2019 წელს კი–12.36 %-ით. რაც შეეხება დოლარში გამოთვლილ შრომის საათობრივ მწარმოებლურობას,  მისი წინა წელთან შედარებით მატება უმნიშვნელოა, რაც მოცემულ წლებში დოლარის მიმართ ლარის კურსის დაცემითაა გამოწვეული.

მე-5-ე ცხრილიდან ჩანს, აგრეთვე, რომ საქართველო შრომის საათობრივი მწარმოებლურობის დონითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მსოფლიო ქვეყნების დიდ ნაწილს.მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში შრომის საათობრივი მწარმოებლურობა 17- ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე ლუქსემბურგში და 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სახელმწიფოთა შორის ამ მაჩვენებლით 36-ე ადგილზე მყოფ კოსტა-რიკაში.

ზემოხსენებული მეთოდიკით გაანგარიშებული შრომის მწარმოებლურობის მაჩვენებელი გვიჩვენებს ეკონომიკაში საშუალოდ ერთი დასაქმებულის მიერ, ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე ერთ საათში შექმნილი სამამულო პროდუქტის ოდენობას. აღნიშნული მაჩვენებელი მეტ-ნაკლებად ასახავს ქვეყნის მასშტაბით  დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობას. მაგრამ, ვფიქრობთ, სასურველია აღნიშნულ მაჩვენებელთან ერთად, გაანგარიშდეს მსპ–ის მოცულობა ერთ დასაქმებულზე და მის საფუძველზე შრომის საათობრივი მწარმოებლურობა. ვფიქრობთ, ის უკეთ ასახავს დასაქმებულთა შრომის ეფექტიანობას.

აღნიშნულის გათვალიწინებით, 2015-2019 წლებში საქართველოს ეკონომიკაში შრომის მწარმოებლურობიბის შესახებ მონაცემები მოცემულია მე – 6 ცხრილში.

შრომის საათობრივი წარმოებლურობა  საქართველოს ეკონომიკაში 2015-2019 წლებში                                                   

ცხრილი 6

მე-6 ცხრილიდან ჩანს, რომ მოცემული მეთოდით გაანგარიშებული მაჩვენებლების (ერთ დასაქმებულზე სამამულო პროდუქციის მოცულობისა და მის საფუძველზე  გაანგარიშებული შრომის საათობრივი მწარმოებლურობის) ცვლილების დინამიკა უფრო მეტადაა დამოკიდებული ეკონომიკაში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებაზე, ვიდრე ამას ადგილი აქვს მოსახლეობის ერთ სულზე  სამამულო პროდუქტის მოცულობის საფუძველზე გამოთვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში შრომის მწარმოებლურობა განუხრელად იზრდება, ჯერ კიდევ მრავალია ნაკლოვანება, რაც მოცემული პროცესისათვის ხელის შემშლელია, მათ შორისაა:

  • ბოლო წლებში ქვეყანაში შრომის მწარმოებლურობის ზრდის პრობლემას ნაკლები ყურადღება ექცევა, როგორც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან, ასევე, სამეცნიერო წრეებიდან და, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-ეკონომისტებისგან. ამის დადასტურებაა თუნდაც ის, რომ მისი მაჩვენებლის ოფიციალურ დონეზე გაანგარიშება არ ხდება „საქსატის“ მიერ და ამ პრობლემაზე შესრულებულმა კვლევებმა და გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა კატასტროფულად იკლო;
  • ქვეყანაში ჯერ კიდევ ნაკლები ყურადღება ექცევა სახელმწიფოს მხრიდან წარმოების სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსებას;
  • პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამები სრულად ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
  • მომუშავეთა მნიშვნელოვანი ნაწილის კვალიფიკაცია ვერ პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს, რაც, ცხადია, ამცირებს შრომის მწარმოებლურობას;
  • ნაკლები ყურადღება ექცევა წარმოების მოწინავე ტექნოლოგიების კომერციალიზაციის დაჩქარებას, ანუ ახალი ტექნოლოგიის შემუშავებასა და მისი საშუალებით მზა პროდუქციის გამოშვებას შორის დროის შემცირებას;
  • დაბალ დონეზეა  სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესს შორის კავშირი და ა. შ.

საქართველოში შრომის მწარმოებლურობის ზრდის მაღალი ტემპების მიღწევისა და მისი შენარჩუნების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია:

  1. მეტი ყურადღება დაეთმოს შრომის მწარმოებლურობის ზრდის პრობლემას, როგორც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან, ასევე, შესაბამის მკვლევართა და, უპირველეს ყოვლისა, მეცნიერ-ეკონომისტებისგან. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევას;
  2.  საქსტატმა ყოველწლიურად გაიანგარიშოს მსპ–ის არამარტო მოსახლეობის ერთ სულზე, არამედ ერთ დასაქმებულზეც და ამ ორი მაჩვენებლის საფუძველზე გამოთვალოს ქვეყანაში შრომის  მწარმოებლურობის დონე;
  3. გაიზარდოს სახელმწიფოს მხრიდან წარმოების სფეროში სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება;
  4. მეტი ყურადღება დაეთმოს განათლებას,  რადგან ისაა ინოვაციისა და შრომის ეფექტიანობის ზრდის საფუძველი. განათლების პოლიტიკის შემუშავებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული შრომის ბაზრის მოთხოვნები;
  5. განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭოს ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას შემდეგ სფეროებში: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა და ა. შ., რამდენადაც მას ეფუძნება საინფორმაციო, საკომუნიფიკაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები;
  6. ყურადღება გამახვილდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებაზე, რამდენადაც ინოვაციები და კვლევის საფუძველზე ცოდნის გამოყენება უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებასა და შრომის ეფექტიანობის ამაღლებას;
  7. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს წარმოების მოწინავე ტექნოლოგიების კომერციალიზაციის დაჩქარებას;
  8. გაძლიერდეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით, სასწავლო-სამეცნიერო და ბიზნესის ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა და ა.შ.

ოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბოლო წლებში საქართველოში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და მეცნიერ-მკვლევართაგან ნაკლები ყურადღება ექცევა შრომის მწარმოებლურობის ამაღლების პრობლემების, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული საკითხების შესწავლას.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ არ ხდება მისი ქვენის მასშტაბით გაანგარიშებაც კი. მოცემულ პრობლემაზე იშვიათად ტარდება მეცნიერული გამოკვლევები და, ასევე, იშვიათად გამოიცემა შესაბამისი ნაშრომები და სამეცნიერო სტატიები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველო ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა მსპ–ის მოსახლეობის ერთ სულზე და ერთ დასაქმებულზე, აგრეთვე, შრომის მწარმოებლურობის დონე, როგორც საათობრივი, ასევე, ერთ დასაქმებულზე გაანგარიშებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება არამარტო ამ მაჩვენებლებით მოწინავე პოზიციაზე მდგომ სახელმწიფოებს, არამედ მათ დიდ ნაწილსაც, რომლებიც ამ მხრივ რამდენჯერმე ჩამორჩებიან მოწინავე პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიაში შემოთავაზებულია, ავტორის აზრით, საქართველოში შრომის მწარმოებლურობის მაღალი ტემპების მიღწევისა და მათი შენარჩუნების ხელშემწყობი წინადადებები.

ლიტერატურა:

  • გუგუშვილი პ. (1970.) შრომის მწარმოებლურობა ეკონომიკური ზრდისა და დაგეგმვის საფუძვლების ასპექტში, თბილისი.
  • პაპავა ვლ.,  მიქიაშვილი ნ. (1999.) კაპიტალისა და შრომის მწარმოებლურობა, თბილისი
  • პაიჭაძე ნ. (1984.) შრომის ნაყოფიერების თეორიის ზოგიერთი საკითხი, თბ.,
  • Рональд Дж., Эренберг.,  Роберт С., Смит. (1996.) Современная экономика труда. Перевод с английского., Москва.  
  • Капустин С. (1970.) Методологическше проблемы производительности труда на промышленных предприатях. Москва. 
  • Костин Л., Костин А. (1986.) Кардиналное повышение производителности труда. Москва. 
  • Хурцидзе Н. (1975.) Проблемы пронзводительности труда. Тбилси. (in Russian)
  • Пайчадзе Н. (1988.) Производителность труда и проблемы ее повышия в условях интенсификации производства. Тбилси.
  • Топ 10 стран с высокой производителностью труда,  https://neohr.ru/issledovaniya/article_post/top-10-stran-s-samoy-vysokoy-proizvoditelnostyu-truda;
  • ,,საქსტატის“ მასალები  www.geostat.ge.