English / ქართული /








Journal number 4 ∘ Zhana Tolordava
Methods of Making Managerial Decisions

Management decision-making is an essential component of the activities of a body with any level of management hierarchy, so far as development and implementation of correct decisions is an indispensable prerequisite for the economic development. In present times governance procedures are becoming more complex, which, naturally, requires advance of the methods of their solution.

Correct approach to the problem-solving ensures selection of the most efficient solution from all the available choices. According to the opinion of a number of scientists this should include at least the following steps:

Identifying and defining the problem. At the initial stage it is necessary to pose “right” questions for delimiting the problem in order to rule out spontaneous decision without its proper detailed definition.

Analyzing the factors causing the problem. Frequently problem solving comes down to elimination of its causes.

Identifying possible strategies and solutions. It is always desirable to identify as many solution options as possible in order to have more alternatives to choose from.

Choosing the best solution. It is always advisable to analyze cost-effectiveness and advantages of each option before taking a final decision.

Setting out an action plan. Application of each solution should be mapped out in order to verify its effectiveness and take action in case of failure.

Implementation of the solution. Implementation of the action plan requires all the involved entities to carry out the planned actions in accordance with the agreed upon framework.

Follow-up verification. Verification of the results of each decision allows for taking any preventive measures against failure or repeating the entire decision-making cycle until the right approach is found.

Based on this approach, the choice of the method for validation of decisions becomes most essential part of the process. And this depends on the rationale under the decision models itself. There are many types of decision-making practices, such as: the methods of cognitive science, the methods of qualitative and quantitative analysis, cause-and-effect among them, and others.

Keywords: Operations research, heuristic and graphic methods, modelling, business games, synthetics, brainstorming.

JEL Codes: C44, C50, C70, C71

References:

  • https://www.humanwareonline.com/project-management/center...
  • Izambard Brunel  (2017) –  величайший британец [velishaishi britanez.]. in Russian.
  • .https://diletant.media/articles/.
  • Project Management Center (2020). Processo decisionale e soluzione problemi.
  • Tolordava J.  (2009)  biznesi. swavlebis imitaciuri  modelebi da tanamedrove teqnologiebi. [Business. Imitation Teaching Models and Modern Technologies. Tb. TSU Publishing.] in Georgian
  • Tolordava J. (2009). konsaltingi saertashoriso biznesshi. [Consulting in International Business. Tb. TSU Publishing.] in Georgian.
  • Tolordava J., G.Panizzi , D.de Tombe,  D.Kavtaradze, E.Leigh, P. Rizzi (2013). International Experience in Simulation Modeling: Economics and Business, Ecology. vol. II.
  • Бондаренко А. (2015). Shto takoe diagramma Ganta i kak  eu pravilno polzovatsia. [What is a Gantt Chart and How to Use it Correctly] in Russian. https://worksection.com/blog/what-is-gantt-chart.html .
  • Викентьев И. (2019). Metod morfologisheskogo analiza Friza Zvikki   [Freeze Zwicky's morphological analysis method ] https://vikent.ru/author/960/ in Russian.
  •  Гордон Уильям (2000). «Creativ, sinektika , tvorshestvo»  jurn.  Marketolog.  №9. ["Creative, Synectics, Creativity“].  in Russian.
  •  Нейлор Т. (1975) Mashinnie imitacionnie eqsperimenti  s modelami ekonomisheskix sistem. Izd. Mir. [Machine simulation experiments with models of economic systems]  in Russian.
  •  Тымченко Е., Скотников И.. (2015). Modeli kompiuternoi delovoi igri kak instrument obuchenia [Computer business game models as a teaching tool. International Electronic Scientific Journal: Prospects for Science and Education]. in Russian.     https://psejournal.files.wordpress.com/2015/02/pdf_150112.pdf.
  • Юха Лехто (2002). Upravlenie po resultatam sherez processnoe konsultirovanie I interaktivnoe obuchenie [Results-based Management through Process Consulting and Interactive Learning. Journal. Enterprise management, N1]. in Russian.        

მმართველობითი  გადაწყვეტილებების  მიღების  მეთოდები

მმართველობითი  გადაწყვეტილებების მიღება  მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი დონის მართვის იერარქიის ორგანოს საქმიანობაში, ვინაიდან  სწორი გადაწყვეტილებების მოზადებისა და რეალიაციის  გარეშე შეუძლებელია ეკონომიკური განვითარების მიღწევა. თანამედროვე ეტაპზე  გართულდა მმარ­თვე­­ლობითი პროცესები, რაც, ბუნებრივია, მოითხოვს მათი გადაჭრის მეთო­დების სრულყოფას. ეს კი  დამოკიდებულია თვით გადაწყვეტილებების დასაბუ­თების მოდელებზე.

სწორი მიდგომა გადაწყვეტილებების მიღების პროცესისადმი უზრუნველყოფს არსებული ვარიანტებისაგან ყველაზე ეფექტიანის შერჩევას.  რიგ მეცნიერთა აზრით, ეს პროცესი უნდა მოიცავდეს, როგორც მინიმუმი შემდეგ ეტაპებს: [Project Management Center, 2020] :

  • პრობლემის დადგენა და მისი აღწერა;
  • პრობლემის გამომწვევი ფაქტორების ანალიზი;
  • შესაძლო სტრატეგიებისა და გადაწყვეტილებების დადგენა;      
  • საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება;
  • შედეგების შემოწმება. 

თითოეული გადაწყვეტილების შედეგების შემოწმება ყოველი წარუმატებელი ვარიანტის მიმართ ნებისმიერი ზომების მიღებისა და მიღებული გადაწყვეტილებების   გადასინჯვის საშუალებას იძლევა, რაც სწორი გადაწყვეტილების პოვნის საუკეთესო პირობაა.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესისადმი   მოყვანილი მიდგომიდან გამომდინარე, დიდ მნიშვნელობას იძენს და აუცილებელი ხდება  გადაწყვეტილებების დასაბუთების მეთოდები.

არსებობს გადაწყვეტილების მიღების მრავალი სახეობა, როგორიცაა: შემეცნების მეცნიერული მეთო­დები, ხარისხობრივი და რაოდენობრივი ანალიზის მეთოდები, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი და სხვ. სტატიაში, ამ მეთოდების ანალიტიკური განხილვის შედეგად გაკეთებულიასათანადო დასკვნები მათი გამოყენების შესახებ. 

 საკვანძო სიტყვები: ოპერაციათა გამოკვლევა, ევრისტიკული და გრაფიკული მეთოდები, იმიტაცია, საქმიანი თამაშები, სინექტიკა, გონებრივი იერიში (breinstorming).

JEL Codes: C44, C50, C70, C71

        შესავალი

საზოგადოებრივი წარმოების ეფექტიანობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისაღები გადაწყვეტილებების მაღალი ხარისხი, რომლის გარეშე ორგანიზაციები ვერ აღწევენ  წარმატებას ბაზარზე და მათი ბიზნესი შეიძლება კატასტროფიულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თანამედროვე ბაზრის პირობები ხისტი და მაღალკონკურენტიანია, აქედან გამომდინარე, მოქმედების სტრატეგიის არჩევა  ამ სიტუაციაში დამოკიდებულია იმაზე,  თუ რამდენად ფლობენ ორგანიზაციების, კომპანიების,  მათი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და მენეჯერები გადაწყვეტილების მიღების უნარებს, რაზედაც დამოკიდებულია ამ სტრუქტურების მეურნეობრივი და  პროფესიული შედეგები. აქ ადეკვატურ და დროულ მმართველობით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია  ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირება.

ნებისმიერი  გადაწყვეტილების მიღება არის სხვადასხვა მრავალი ალტერნატივიდან ყველაზე მისაღების, რაციონალურის  შერჩევა.

როგორც წესი, არსებული გადასაწყვეტი პრობლემების  მიხედვით შესაძლებელია მმართველობითი გადაწყვეტილებების დასაბუთების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, როგორიცაა:

  • მათემატიკური მეთოდებისა და ფორმალური  ლოგიკის საფუძველზე შემუშავებული გადაწყვეტილებების დასაბუთების თეორია, რომელმაც ფართო გავრცელება ჰპოვა ეკონომიკაში და გამოიყენება პრაქტიკაში;
  •  არაფორმალური მეთოდები, სადაც ადგილი ეთმობა ადამიანის ანალიტიკურ ჩვევებს, გამოცდილებასა და ინტუიციას;
  • კომპიუტერული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის  შესაძლებლობებიდან გამომდინარე ფართოდ  გამოყენებადი იმიტაციური მოდელირების მეთოდი, ანუ  მიმართულება,  აგებული იმ მოდელების გამოყენებაზე, რომელიც რეალური ეკონომიკური სიტუაციის იმიტირებას ახდენს. 

შესარჩევი  გადაწყვეტილებების დასაბუთება

კომპლექსურობითა და სირთულით, გამორჩეულ თანამედროვე ეკონომიკური პრობლემების უმრავლესობის, გადაწყვეტის სწორი ვარიანტის შესარჩევად იყენებენ მოყვანილ მეთოდებს:

(იხ.სქემა 1). 

გადაწყველებების   დასაბუთების    მეები

სქემა 1.

                                                         

  მათემატიკური მოდელები

გადაწყვეტილებების დასაბუთების შორის უმნიშვნელოვანესია მატემატიკური მეთოდები.  მეთოდთა ეს ჯგუფი საშუ­ალებას იძლე­ვა, ერთი მხრივ, გამოყენებულ იქნეს მაჩვენებელთა მათე­მა­­ტიკური დამო­კი­დებულებანი და, მეორე მხრივ, შესაძლო გადაწყვეტილებათა რიცხვიდან  შეირჩეს საუკეთესო.

მათემატიკური მეთოდების განვითარება–სრულ­ყო­ფას ახორციე­ლებს მეცნიერება _ "ოპერაციათა გამოკვლევა". მისი არსია:

-    ოპერაციის მიზნის მათემატიკური ფორმულირება;

-    ოპტიმალური მათემატიკური მოდელის დამუშავება;

-    ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევა;

-    რეალური ოპერაციის მათემატიკურ მოდელთან შესა­ბამი­სობის შემოწ­მება (კორექტირება).

ოპერაციათა გამოკვლევის ძირითადი მომენტია რეალური პროცე­სის მოდელის დამუშავება, რომელსაც დაეყრდნობა მა­თე­მა­ტიკური პროგრამი­რე­ბის საშუალებით მიღებული ოპტიმა­ლური გადაწყვეტილება.

მათემატიკური პროგრამირების მეთოდებს მიეკუთვნება წრფივი და დინამიკური პროგრამირება, რიგთა თეორია, მარა­გების მართვა და სხვ.

ხელმძღვანელ მუშაკს, ეროვნული ეკონომიკის სპეცია­ლისტს, რომელმაც იცის მათემატიკური მეთოდების შესაძ­ლებლობები, შეუძლია კომპეტენ­ტურად ჩამოაყალიბოს ამოცანა და დაავალოს შესაბამის სპეციალისტებს მისი გადაჭრა ოპერა­ციათა გამოკვლევის მეთოდების საშუალებით.

 მათემა­ტიკური მოდელირების საშუალებით მიღებული გადაწყვეტილების ვარიან­ტი საჭიროებს ხარისხობრივი ფაქტორების დაზუს­ტებას, რაც ვერ აისახა ამოცანის მათემატიკურ ალგო­რითმში. ამისათვის გამოიყე­ნება სტატისტიკური მეთოდები (ანუ - ეკონომიკურ-სტატისტიკური). ეს მე­თოდ­თა ჯგუფია, რაც გამოიყენება გადაწყვეტილების დასაბუთები­სათ­ვის არა­ს­რული ინფორმაციის, რისკისა და განუსაზღვრელობის პირო­ბებში.

ეკონომიკურ-სტატისტიკური მოდელი ეკონომიკურ-მათე­მა­ტი­კური მოდე­ლების ერთ-ერთი ფორმაა. ტრადიციულად, ამ სახის მოდელი კვლევით, პროგნოსტულ სახეს ატარებს და გამო­იყენება ეკონომი­კური პროცესების აღწერისათვის. ეკონომიკურ-სტატისტიკური მიდგომის საშუალებით მმარ­თვე­­ლობითი ამოცანების გადაწყვეტაში შეიძლება გათვალის­წინებულ იქნეს ეკონომიკური მოვლენების მობილურობა, მათი ალბათური, შემთხვევითი ხასიათი, რაც მეტად დამახასი­ათე­ბელია მათთვის. ამ ჯგუფის მეთოდებს მიეკუთ­ვნება კორელაციური ანალიზი და სხვ.

ევრისტიკული მეთოდები

ევრისტიკა (ბერძნ. ვპოულობ, აღმოვაჩენ), ითვალის­წინებს გამოკვლევის, სწავლების მეთოდებს. ის პირ­ველად ბერძენმა ფილოსო­ფოსმა სოკრატემ გამოიყენა, ამიტომ ევრის­ტიკული მსჯელობები ზოგჯერ სოკრა­ტულ საუბრებს  უწოდებენ. ევრისტიკულ საუბარში ერთ-ერთ მოსაუბრეს, კითხვე­ბისა და მაგა­ლითების სისტემის დახმარებით მიჰყავს საუბრის სხვა მო­ნა­­წილეები მათთვის სრულიად ახალ დასკვნამდე. ევრის­ტი­კული მიდგომა გულისხმობს არაფორმალურ, ობიექტის სიტყვიერ აღ­წერას თავის ხარის­ხობრივი მახასი­ათებლებისა და ნიშნების მიხედვით.

ამოცანების გადაწყვეტის ევრისტიკული მეთოდები, რო­გორც წესი, უპირისპირდება ფორმალურ მეთოდებს, რაც   ეყრდნო­ბა ზუსტ მათემატიკურ მოდელებს. ევრის­ტი­კული მეთოდები აგებულია ადამიანის ცოდნაზე, გამოც­დი­ლებაზე, ანალოგიასა და ინტუიციაზე, რასაც იგი იყენებს გადა­წყვეტილების მიღების დროს. პრობლემის გა­დაწყვეტისას სწორედ ადამიანის ამ აღნიშ­ნული თვისებების საშუალებით ხდება არაპერ­სპექტიული ვარი­ანტების უარყოფა და საპირისპირო მაგალითების მეშვეობით ამა თუ იმ ვარი­ან­ტის მიღება. ევრისტიკული მეთოდების გამოყენება ამცირებს დროს ყველა შესაძლო ალტერნატივის ქაოსური გადასინჯვის მეთო­დთან შედარებით.

მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, არ არის საუკეთესო, ისინი წარმოადგენს მხოლოდ მათ შესაძლო ვარიანტებს. ევრისტიკულ მეთოდებს მიეკუთვნება ჯგუფური და ინდივიდუალური ექსპერტული შეფა­სებანი, "გონებრივი იერიში" (ბრეინ-სტორმინგი) და სინექტიკის მეთოდები.

ალტერნატივების პროგნოზირების ეტაპზე და მათი შეფა­სების კრიტე­რიუმების შემუშავების დროს იყენებენ ექსპერტულ შეფასებებს, რასაც ექსპერტი ატარებს მისი ინდივი­დუალური ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის საფუძ­ველ­ზე. ცნობილია ექსპერ­ტული შეფასებების ორი სახეობა: ინდი­ვი­დუალური და ჯგუფური.

ინდივიდუალური ექსპერტული შეფასებების მეთოდის გა­მო­ყენება გულისხმობს გადაწყვეტილებების, ვარიანტების, ჰი­პო­თეზების შესაფა­სებ­ლად ერთი ან რამდენიმე ექსპერტის ერთმანეთისაგან იზოლირებულად მუ­შა­ობას. ამ სახის შეფა­სებებში შედის, აგრეთვე, "ინტერ­ვიუ" აღწერითი ან ანალი­ტიკური, ანუ მორფოლოგიური ანალიზი.

მორფოლოგიური ანალიზი შემუშავებული იქნა უნიჭიერესი ამერიკელი ასტროფიზიკოსის ფრიც ცვიკის მიერ 1942 წელს. მან დეტალურად შეის­წავლა ყველანაირი რეაქ­ტიული ძრავების სრული სპექტრი, რაც მუშაობს ქიმიურ საწვავზე და მიიღო უამრავი  შესაძლო ვარიანტი (ალტერნატივა), შემდეგ მოახდინა მათი სის­ტემატიზაცია, რამაც საშუალება მისცა გამოევლინა ახალი პრობ­ლემები და გაეკეთებინა ამ ტიპის ძრავების შექნის პროგ­ნოზირება მომავალში. საბოლოო ანგარიშით ფ. ცვიკმა გამოიგონა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეაქტიული ძრავა, რომელიც აგებული იყო სრულიად ახალი კონცეფციების გამოყენებაზე [Викентьев И. 2019].

მორფოლოგიური ანალიზის ჩატარებისათვის ექსპერტს ეძლევა დეტალური ინფორმაცია მოვლენის ან პროცესის ყველა ცნობილ თვისებაზე. ანალიტიკური მუშაობა ტარდება რამდენიმე ეტაპად: პრობლემის ფორმუ­ლირება; პრობლემის ანალიზი და ყველა ძირი­თადი პარამეტრის შესწავ­ლა, რაც გამოიყენება გადაწყვე­ტილების მიღებისას; გადაწყვე­ტილებათა ერთობლიობის გენერაცია; გადაწყვეტილებების შე­და­რება გარ­კვე­ული კრიტერიუმების მიხედვით და მათ შორისს საუკეთესოს მიღება. მიზანშეწონილია ამ დროს მორფოლო­გიური ცხრილის (2 სვეტი) ან მორფო­ლოგიური ყუთის (3 სვე­ტი) აგება. მოცემული ხერხის მიზანია იმ პარამეტ­რების კომბინაციების შესაძლებელი რაოდენობის მიღება, რომლებიც ახასი­ა­­თებს მოცემულ პრობლემას და ამის საფუძველზე  შესაძ­ლო გადაწყვე­ტილებების მთლიანი "სქემის" განსაზღვრა.

ჯგუფურ ექსპერტულ შეფასებებში შედის თავისუფალი ასოციაციური აზროვნების მეთოდები ("გონებრივი იერიში", "სინექ­ტიკა") და მეთოდები, რომ­ლე­ბიც აგებულია გადაწყვე­ტილებების შესაძ­ლებელი ალტერნატივების  მოძიებაზე.

მეთოდი, რომელიც ეფუძნება შესაძლო ალტერ­ნა­ტივების მოპოვებას, გულისხმობს სხვა ობიექტის გამოყენებას, რო­მე­­ლიც მისი გარკვეული თვისებების გამო, ექსპერტებს ასოციაციურად აგონდებათ და ამ გზით ისინი აგრძელებენ  ალ­ტერნატიული გადაწყვეტილებების ძებნას. ამ მეთოდის საფუძ­ველზე შეიძლება გადაწყვეტილების მიღება თითოეული კონ­კრეტული შემთხვევისათვის, ადრე არსე­ბული ანალოგიური პრე­ცედენ­ტიდან გამომდინარე (მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს კრიზისიდან ფირმა მეორე ფირმის გამოც­დილების გამოყენებით, რომელიც ადრე იყო ანალოგიურ სიტუაციაში).

ექსპერტული მეთოდის უპირატესობაა ექსპერ­ტიზის საგნის არა­­ფორმალიზებული მახასიათებლების გათ­ვალისწინების შესაძლებლო­ბა ექსპერტების პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამოყე­ნების საფუძველზე. მეთოდის ნაკლოვანებებია: საწყისი მონაცემების, დასკვნების ლოგიკისა და სიზუსტის შემოწმების შეუძლებლობა, ექსპერ­ტის დასკვნებზე სხვადასხვა პიროვნული, ემოციური ხასიათის თვისებების გავლენა.

"გონებრივი იერიში"  (brainstorming) შემუშავებულია ალექს ოსბორნის მიერ. მისი ჩატარების ძირითადი წესებია:

-გენერაციის ეტაპზე ნებისმიერი ფორმით იდეების კრი­ტიკის აბსო­ლუტური აკრძალვა;

-    ორიგინალური, ზოგჯერ ფანტასტიკური იდეების, ასევე იდე­ების კომ­ბინაციების და მათი განზოგადოების წახა­ლი­სება;

-    ყველა გამოთქმის დაფიქსირება და ობიექტური შეფა­სება;

-    შებოჭილობის მოხსნის მიზნით მონაწილეთა მხარდა­ჭერა და წახა­ლისება;

-    სპეციალური ჯგუფის მიერ კონ­სტრუქციული ფორმით იდე­­ების  სინთეზის კრიტიკისა და სინთეზის ჩატარება;

-    იდეების სელექცია მხოლოდ "ბრეინ-სტორმინგის" დამთავ­რების შემდეგ და ექსპერტთა  იმ ჯგუფის დახ­მა­რებით, რომელიც არ მონაწილეობს მეცადინეობის ჩატარებაში.

ეს მეთოდი გულისხმობს წამყვანის მაღალ კვალიფიკა­ციას და გამორ­ჩეულ დახელოვნებას შეკითხვების დასმაში, რამაც უნდა წაახალისოს მონა­წილეთა ყუ­რადღებისა და აზ­როვ­ნების აქტიურობა. ჯერ კიდევ სოკრატე თვლიდა, რომ გაწაფული შეკითხვები იწვევს თანამოსაუბრის ცოდნის აღდგენას და ააქტიურებს მის ფარულ შესაძლებლობებს [Tolordava J., G.Panizzi და სხვ. 2013 ].

"ბრეინსტორმინგი" გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილია, რო­მელსაც წინ უძღვის ფაქტების შერჩევის სტადია და ამოცანის განსა­ზღვრა, რის შედეგადაც ხდება მნიშვნე­ლოვანი იდეების შემდგომი განვითარება.

გონებრივი იერიშის კლასიკურ მეთოდს აქვს მრავალი სა­ხეობა, რასაც  შეუძლია ამოცანების გადაწყვეტაში დახ­მა­რების გაწევა.

სხვადასხვა ავტორი გონებრივ იერიშს განიხილავს გან­სხვა­ვებულად. ამ მეთოდის არსია პრობლემის გადაწყვეტის პროცესის დროის  მიხედვით რამ­დენიმე ეტაპად დაყოფა, - იდეების გენე­რაცია, კრიტიკა და კლასიკურ ფორმაში მათი კონსტრუქციული დამუშავება.

დ. ჯონსონის მონაცე­მებით, 6 კაცისგან შემდგარ კვლევით ჯგუფს შეუძლია ნა­ხევარ საათში წამოაყენოს 150 იდეა  [თოლორდავა ჟ. 2009 ].  გონებ­რივი შეტევის ყველა მონაწი­ლე იყოფა 3 ძირითად ჯგუფად: მართვის, გენერატორების და ანალიტი­კო­სე­ბის, რომლებიც ასრულებენ ხარისხობრივად სხვადასხვა ამოცანას.  მარ­თვის ჯგუფი  ექვემდებარება  უშუალოდ ხელმძღვანელს - წამყვანს და ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

-    გონებრივი შეტევის ჩატარების პირობების ორგანიზა­ცია;

-    გენერატორების და ანალიტიკოსების ჯგუფის შერჩევა;

-    დასკვნების გაკეთება და მონაწილეთა თამაშის შე­დეგების გარჩევაში მონაწილეობა.

იდეების გენერატორების ჯგუფმა უნდა წამოა­ყენოს რაც შეიძ­­ლება  მეტი ორიგინალური იდეა, გამოი­ყენოს არასტანდარტული ანალოგიები. გენე­რატო­რები უნდა იყვნენ ოპტიმისტურად განწყობილნი, მათ უნდა ჰქონდეთ განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება.

მოცემული ჯგუფი უნდა შედგებოდეს 6-30 კაცისაგან და მათ კარგად უნდა ხედავდეს ხელმძღვანელი. გენერატორების ჯგუფში ყველა თანაბარია - არ არის ფუნქციონალური დაყოფა. შესაძლე­ბელია მოცემული გუნდის თითოეულ მონაწილეს მიენიჭოს გარკვეული ნომერი.

ანალიტიკოსების ჯგუფი შეიძლება შედგებოდეს 2 ქვეჯგუფისგან: სინთეტიკოსებისა და კრიტიკოსე­ბი­საგან. ანა­ლიტიკოსების ძირითადი ფუნქციებია გენერატორების მიერ წამოყენებულ იდეებში  გამო­ავ­ლინონ რაციონალური "მარ­ცვალი", ჩაატარონ მათი ანალიზი და სინთეზი, შესაძლო შედეგების პროგნოზირება, მათი კონსტრუქციული დამუშავება და ა. შ. ანალიზის დროს მთავარი პირობაა - განვითარებული ლოგიკური აზროვ­ნება. ჯგუფში შეიძლება იყოს 5-15 ადამიანი.

გენერაციის ეტაპის ჩატარება

ჯგუფის მონაწილეები სხდებიან მაგიდებთან, მეცადი­ნეობის ხელმძღვა­ნელ­თან ახლოს ისე, რომ დაინახონ ერთმა­ნეთი. თამაშის ხელმძღვანელის მოადგილე დაფაზე აფიქსირებს ყველა მოწოდებულ იდეას. ხელმძღვანელი ფსიქოლოგიურად მხარს უჭერს პირველ იდეას,  აკონტროლებს წესების დაცვას. ამავე დროს, ხორციელდება ყველაზე თვალსაჩინო  იდეების თავდაპირველი დაგროვება.

კასკადური გენერაციის ეტაპზე ხელმძღვანელს შეუძლია შეცვალოს პრობლემა, დაჰყოს ის რამდენიმე ქვეპრობლემად, რაც იწვევს ახალ მოულოდნელი და ორიგინალური იდეების გენერაციას. დადებითად ფასდება ასევე საწინააღმდეგო იდეები. გენერაციის ეტაპის ხანგრძლივობა არანაკ­ლები 15-20 წუთია.   

იდეების სინთეზისა და კრიტიკის ეტა­­­­პების ჩატარება. სინთეზის ეტაპზე სინთე­ტიკოსთა ჯგუ­ფი ახდენს გამოთქმული იდეების კლასიფიკაციას, შეფასებასა და განზოგადებას, გამოყოფს ყველაზე პერსპექტიულ იდეებს, რომლებიც შეესაბამება ამოცანის მოთხოვნების ყველაზე სრულყოფილ ამოხსნას. შემდეგ აყენებს გამოთქმული იდეების პრაქ­ტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების და ინოვაცი­ების დანერ­გვის პროგნოზს.

სინთეტიკოსების ქვეჯგუფის მუშაობის დამთავრების შემ­დეგ ჩაერთვება კრიტიკოსების ქვეჯგუფები. მათი მიზანია სხვადასხვა პოზიციიდან გააკ­რიტიკონ მოწოდებული იდეები, ამავე დროს, უნდა დაიცვან იდეების და არა პიროვნების კონსტრუქციული კრიტიკის წესები. კრიტიკა არ უნდა გახდეს თვით­მიზანი, ის უნდა იყოს არგუმენტირებული. ამ ეტაპის ხანგრძლივობა 30-40 წუთია.

დამამთავრებელი ეტაპის ჩატარება.  გონებ­რივი შეტევის დამასრულებელ ეტაპზე ისევ მუშაობს მართვის ჯგუფი. იდეების ექსპერტიზის და განზოგადების საფუძველზე იგი ღებულობს გადაწყვეტილე­ბებს ყველაზე მნიშვნელოვან, საკვანძო იდეებზე და საბოლოოდ აფორმებს გადაწყვე­ტი­ლებებს მათი ეფექტიანობის შეფასებით.

    სინექტიკის ფუძემდებელია უილიამ გორდონი. ტერმინი "სი­ნექტიკა" შემოღე­ბულია ძველ ბერძნულიდან და ნიშნავს "სხვ­ადასხვაგვარი ელემენტების  გაერთიანებას". ძირითადი მო­თხოვნა, რომელიც წაეყენება სინექტორების შემოქმედებით ჯგუფს (სინექ­ტიკური სესიების მონაწილეებს) არის ის, რომ მათ უნდა წარმოადგინონ სხვადასხვა პროფესია ან მეც­ნიე­რული დისციპ­ლი­ნა. სინექტიკური სესიები იძლევა საუ­კეთესო შედეგებს, როცა ჯგუფი შედგება  5-7 სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისაგან [Гордон Уильям, 2000].

თავისი ფორმის მიხედვით, სინექტიკური პროცესი წააგავს სადისკუსიო ჯგუფს, რომელიც ტექნიკური და მმართველობითი ამოცანების გადაწყვეტაში იყენებს ზოგი­ერთ ანალოგებს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ "ჩვეულებრივი არაჩვე­ულებრივში" გარდაიქმნას. ასეთ გარდაქმნას, მოცემული პრობლე­მის გადა­წყვეტისას, როგორც წარსული სიტუაციების გამოცდილებიდან ჩანს, მოაქვს უფრო მეტი პრაქტიკული სარგებლობა მმარ­თველობითი  გადაწყვე­ტილებების მიღების ან მეცნიერული და ტექნიკური ამოცანების გადაჭრისას.

სინექტიკურ ჯგუფებში ჩვეულებრივ ემზადებიან 8-12 თვე. თითოეულ სინექტორს უნდა გააჩნდეს შემდეგი თვისებები:

1) ჩვეულებრივი კონტექსტიდან განრიდების, აბ­სტრაჰირების, დავალე­ბიდან არსის გამოყოფის, რუტი­ნულ, ჩვეულებრივ აზროვნებასთან ბრძოლის უნარი;

2) ინფორმაციის დეფიციტის პირობებში ფანტა­ზი­რების უნარი, უწყვეტი "ასოციაციათა გირლანდის" შექ­მნის დახმარებით, დასმული ამოცანის წარმა­ტებით გადა­წყვეტა;

3) მიაჩვიოს საკუთარი თავი იმის აუცილებლობას, რომ უარყოს ნაუცბადევად მოსული იდეები (რადგან ეს იდეები შეიძლება მოუვიდეს თავში ნე­ბისმიერ ადამიანს და, ე.ი. ისინი ზერელეა);

4) მაღალი შემწყნარებლობა გამოთქმული იდეების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ არამ­კვეთრად არის ფორმალი­ზებული; მზადყოფნა იმი­სათ­ვის, რომ გამოჰყოს ისინი, როგორც დაფიქრების ცალ­კე­ული ობი­ექტები;

5) მიზანმიმართულება დასმული ამოცანების გა­დაწყვეტაში, თავისი შესაძ­ლებლობების რწმენა;

6) ჩვეულებრივ საგნებსა და მოვლენებში განსა­კუთ­რებულის დანახვის უნარი და ამ განსაკუთ­რე­ბულის, როგორც შემოქმედებითი წარმოსახვის, საწყის პუნქტად  გამოყენება.

სინექტორისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია დაეუფ­ლოს ე.წ. ოპერა­ციულ მექანიზმებს, სინექტიკა-სისტემის ანა­ლოგიის ოთხ სახეს (პერსონა­ლური, პირდაპირი, სიმბო­ლუ­რი და ფანტასტიკური), რომლე­ბიც მჭიდრო კავშირშია ერთმა­ნეთ­თან.

მსოფლიო პრაქტიკა დამაჯერებლად მოწმობს იმას, რომ ანა­ლო­გიების სწორი ოპერირება საშუალებას იძლევა მოიცვას ობიექ­ტების უდიდესი დიაპა­ზონი, რომლის შედარება განხილვის ობი­ექტთან, როგორც წესი, სახავს გზას შედეგების მიღწევისაკენ.

პირადი და პერსონალური ანალოგიების აგება ხორცი­ელ­დება შემ­ქმნელის და მის მიერ შექმნილი ობიექტის გაიგივების საფუძ­ველზე. მაგა­ლითად, გამომგონებელი ცდილობს წარმო­ად­გინოს თუ რას იგრძნობდა იგი, თუკი შეასრულებდა მის მიერ შექმნილი კონსტრუქციის ფუნქციებს.

პირდაპირი ანალოგია არის მაშინ, როდესაც პრობ­ლე­მე­ბის გადა­წყვეტაში დახმ არებას უწევენ ანალოგიური სიტუ­აციები. მაგა­ლითად, ცნო­ბილმა ფირმამ თავის აყვა­ვე­ბას მიაღწია ასეთი გზებით და ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ეს გამოცდილება. ასეთივე ანალოგები არსებობს ტექნიკაშიც. ამტკიცებენ, რომ როცა  ბრიტანელი ინჟინერი, სამრეწველო რევოლუციის ისტორიაში ერთერთი უმსხვილესი ფიგურა იზამბარდ ბრიუნელი ატარებდა თავის დაკვირვებებს ხის ლაფონჭამიებზე, რომელიც ქმნის მილი­სებურ არხს, ამან მიიყვანა იგი კესონის მეთოდის იდეამდე წყალ­ქვეშა ნაგებობების მშენებლობის დროს  [Изaмбард  Брюнель, 2017 ].

სიმბოლური ანალოგია იყენებს შედარებებს, რომლებშიც ერთი საგნის დახასიათება იგივდება მეორის დახასია­თებასთან. 

ფანტასტიკური ანალოგია დაკავშირებულია სურვილთან, რომ მოხდეს ის, რაც გვინდა. ფანტაზიის გამოყენება ახალი იდეების სტიმულირებისათვის მდგომარეობს ფან­ტას­ტიკური გადაწყვეტილე­ბების  ფიქრში.

როცა მიიღება ყველაზე მნიშვნელოვანი ანალოგია, ჯგუ­ფი ცდილობს განავითაროს ის წარმოდგენილი ობიექტების თვისებე­ბისა და შესაძლებ­ლობების აღწერით. ამ ეტაპზე პრობ­ლემის ფორმირება ხდება ზოგადი სახით. შემდეგ ექსპერტი ხსნის პრობ­ლემურ სიტუაციას. მისი ძირითადი ამოცანაა ყვე­ლა გამოთქმული  წინადადებების ოპერატიული ანალიზის გზით  გამოავ­ლინოს ყველა სასარგებლო და კონსტრუქციული იდეა.

უილიამ გორდონის აზრით, სინექტიკა იძლევა კარგ შედეგებს მაშინ, როცა სინექტიკურ ჯგუფს, რომელიც წარმოდგენილია შერეული კოლექტივით, ანუ სხვადასხვა სპეციალობისა და კვალიფიკაციის ადამიანებით, ძლიერი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც წესი, ასეთი კოლექტივი გამოავლენს ძალიან დიდ მოქნი­ლო­ბასა და ვარიან­ტულობას იდეების გენერაციაში, ქმნის ცოდ­ნის გამოყენების სხვადასხვაგვარ ფორმას, იძლევა პრობ­ლემის გადაწყვეტის შესაძ­ლებლობას ალტერნატიული ხერხით. შეიძლება მრავალი მაგალითის მოტანა საზღვარგარეთის  პრაქტიკიდან, როდესაც სინექტიკური ჯგუფის მიერ, რომელიც შედგებოდა ზოოლოგის, ფიზიკოსის, ქიმიკოსის, ელექტრი­კოსისა და ინჟინრისაგან, დამუშავებულ იქნა ორგანული საღე­ბავი ისეთი პრიმიტიული მცენარეების თესლისაგან, როგო­რიცაა ლიქენი, ზღვის წყალმცენარე და ხავსი.

ამგვარად, სინექტიკური ჯგუფი მიუხედავად იმისა, რომ შედგება ცალკე­ული ინდივიდებისაგან, წარმოადგენს შემოქმე­დებით კოლექტივს. ალტერნატივების პროგნოზირების ეტაპზე მათი შეფასების კრიტერიუმის ფორმირებასა და გადაწყვე­ტი­ლებათა მიღებაზე არაფორ­მალიზებული ფაქ­ტო­რების გათვა­ლის­წინებით, ჩაირთვება ექსპერტული შეფასებები, რასაც ატარებენ ექსპერტები თავისი ინდივიდუალური ცოდნის, ინტუ­იციისა და გამოცდილების საფუძ­ველზე.

იმიტაციური მეთოდები

გადაწყვეტილების დასაბუთების მეთოდთა სხვა ჯგუფს განეკუთვნება სისტემათა იმიტაციის მეთოდი, რომელიც გუ­ლის­ხმობს კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით დაპროგრა­მებულ მათემატიკური მოდელების გამოყენებას. იმიტაციური მოდელი რომელიმე სისტემის  ანალოგიაა მისი ყველა თავისებურებების გათვა­ლის­წინებით, რომელიც რეალი­ზებულია განტოლებებისა და ფორ­მალი­ზებული წესების საშუა­ლებით. თუ მოდელის ასეთი ფორ­მალიზებული აღწერა ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში, მოდელი­რება შეიძლება განხორციელდეს დროის უმოკლეს ვადაში, ე.ი. რომელიმე მოვლენის ხანგრძლივი პერიოდი, სისტემის ფუნ­ქციონირება "გათამაშდეს" საათის, დღის და ა.შ. განმავ­ლო­ბაში.

ამრიგად, იმიტაციური მოდელირების მეთოდი უზრუნ­ველყოფს შედეგების სწრაფ მიღებას, რეალისტურ მიდგომასა და მრავალ­რიცხოვანი ცვლილე­ბების აღრიცხვის შესაძლებ­ლობას, რაც არ არის დამახასიათებელი სხვა მეთოდები­სათ­ვის. სისწრაფეს განაპი­რობებს კომპიუტერის გამოყენება. იმიტაციის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტიანია იმ პრობლემების გამოკ­ვლევისათვის, რომლებიც შეიცავს ცვლილებათა ისეთ რიცხვს, რაცშეუძლებელს ხდის პროცესის სრული აღწერისათვის შედგენილ იქნეს აუცილებელი განტოლებები, ხოლო თუ ასეთი აღწერა შესაძლებელია, მოდე­ლირება უზრუნ­ველყოფს მათ გაერთიანებას ერთ კომპლექსში. ჯერ კიდევ 1962 წელს ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი ე.პ. ჰოლანდი წერდა: "ეკონომისტებს არ შეუძლიათ ჩაატარონ ექსპერიმენტები ეკონომიკურ სისტემებზე. ეგმ-ზე მოდელირების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ რაღაც მსგავსი მოდელირების მიზნები შესაძლოა მოიცავდნენ: ეკონომიკური განვითარების  შეთანხმებულ და ტექნიკურად შესრულებად გეგმის შედგენას; გეგმაში შეტანილი ცვლილებებით განპირობებული ეფექტების გამოკვლევას სხვა­დასხვა ალტერნატივების შერჩევით; იმ ფაქტორთა გამოვლენას, რომლებიც ასახავენ გეგმის  ნორმა­ლური თუ  გაძნელებული რეალიზაციის პროცესს" [ Тымченко Е., Скотников, 2015].

იმიტაციური მოდელირების მეტნაკლებად უბრალო მაგა­ლითს წარმო­ადგენს ამერიკელი მეცნიერის მ.ნ. გრინევსკის მოდელი, რომელიც სქემა­ტურად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი სახით [Нейлор Т. 1975]

 

საწარმო (ან მთელი დარგი), რომელიც წარმოადგენს მო­ცემული ეროვ­ნული ეკონომიკის  ნაწილს, შეიძლება განხი­ლულ იქნეს როგორც სისტემა. წარმოების ფაქტორები  განი­ხილება როგორც შესასვლელი პარამეტრები,  პროდუქცია კი წარმოადგენს შედეგს. ასეთი მოდელი უაღრესად პრიმიტი­ულია, მაგრამ ის საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გარკვეული რეზულტატები. უმარტივესი ტექნოლოგიის გამოყენებისას, სადაც  წარმოების ყველა ფაქტორი წარმოების თითოეულ ციკლში მარტო ერთხელ იქნება გამოყენებული, ტექნოლოგიური პროცესები შეიძ­ლება წარმოდგენილ იქნეს როგორც n დადებითი რიცხვების (ტექნოლო­გიური კოეფი­ციენტების) თანმიმდევრობა: C1, C2, C3,..., Cn, წარმოების გამოყენე­ბული ფაქტორების რაოდენობა - როგორც თანმიმ­დევრობა X1, X2, X3,..., Xn. თუ Y არის პროდუქციის რაოდენობა,  მაშინ მიიღება დამოკიდებულება In = min(C1X1, C2X2, ..., CnXn). თუ ერთი  ფაქტორი ერთსა და იმავე საწარმოო ციკლში თუნ­დაც ორჯერ გამოიყენება, ტექნოლოგიური პროცესი შეიძლება წარმოვიდგინოთ არა როგორც დადებით რიცხვთა თანმიმ­დევრობა,  არამედ როგორც დადებით რიცხვთა მატრიცა.

ასეთი მატრიცის თითოეული სვეტი წარმოადგენს წარ­მოების ერთ-ერთ ფაქ­ტორს, ხოლო თითოეული სტრიქონი - საწარმოო ციკლის დროით ელემენტს.

მოტანილი მაგალითი ძალიან მარტივია, ვინაიდან განე­კუთვნება ეკონო­მიკის საწარმოო სისტემების მოდელირების დასაწყის ეტაპს.

ზემოთ აღნიშნულ მეთოდებზე დაყრდნობით საქმიან თამა­შებში ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ხშირ შემთხვე­ვაში იყენებენ ერთდროულად რამდენიმე მეთოდს, მაგრამ საქმიანი თამაშების მეთოდი ყველაზე ეფექტიანია გადაწყვე­ტილების  მიღების დროს.

სათამაშო იმიტაციური მოდელები  (საქმიანი  თამაშები)

საქმიანი თამაშები შეიძლება ჩაითვალოს წარმოებისა და მასში დასაქ­მებული მუშა­კების საქმიანობის შენაცვლების პროცესად. როგორც წესი, საქმიანი თამაშების მონაწილეებს  ეძლევათ რომელიმე წარმოების მოდელი და "მოთამაშეები" სთავაზობენ თამაშში დასმული პრობ­ლემის გადაწყვეტის ამა თუ იმ ჰიპოთეზას.

საქმიანი თამაშები მათემატიკური მოდელირების მკვლე­ვართა გამოცდი­ლებასა და ინტუიციასთან ერთად, მანქანური იმიტაციის და ადამიანის მონაწილეობის საფუძველზე წყვეტს რიგ პრობლემას, რომელთა მიღწევა შეუძლებელია მათე­მატი­კური მოდელების გამოყე­ნების ტრადიციული გზით და ექსპე­რიმენტული მეთოდით.

ფინეთის Transacta Consulting კომპანიის დირექტორის იუხა ლეხტოს აზრით, მენეჯერების მიერ დაშვებული შეცდომების გამო ზარალი ბიზნესში შეიძლება აუნაზღაურებელი გახდეს, ამიტომ საჭიროა საწარმოო სიტუაციების იმიტაცია საქმიანი თამაშების სახით: "სჯობს შეცდომების დაშვება სიმულაციურ მოდელებში (თამაშში), ვიდრე რეალურ ბიზნესში"[ Юха Лехто. 2002].

ადამიანის ჩართვა მოდელში მოდელირებული სისტემის არაფორ­­­­მა­ლი­ზებული ასპექტების გათვალისწინების საშუალე­ბას იძლევა.

იმიტაციური საქმიანი თამაშები ზემოთ ჩამოთვლილი კომ­პონენ­ტების გამო­ყენებით მრავალგვარი ფაქტორების ანალიზის და მათი გავლენის დადგენის საფუძ­ველია. ამიტომაც მას იყე­ნებენ წარმოების დიაგნოსტიკაში, წინასაპროექტო და საპროგ­ნოზო დასაბუთებებში. იმიტაციურ საქმიან თამაშებს გააჩნია შემდეგი ღირსებები:

1) იმიტაცია რთული სისტემების შესწავლისა და ექსპე­რიმენტირების საშუალებას იძლევა;

2) იმიტაცია დამატებითი ინფორმაციის მიღების, დეტა­ლური გამოკ­ვლევისა და სისტემაში ახალი კომპონენტების შეყვანის დროს წარმოქ­მნილი პრობლემების გავლენის  გან­საზღვრის შესაძლებლობას იძლევა.

გრაფიკული, გადაწყვეტილებების ხის, ქსე­ლური ანალი­ზის მეთოდები

გრაფიკული მეთოდები წარმოების მართვაში პირველად გამო­იყენეს ამერიკელმა ინჟინრებმა ფ.უ. ტეილორმა და გ.ლ. განტმა XX საუკუნის დასაწყისში [Бондаренко А, 2015 ]. 

გრაფიკული მეთოდის არსია წარმოების რო­მე­ლიმე ორგა­ნი­ზაციული ან მმართველობითი მოვლენის პირო­ბითად (გრაფიკული მეთო­დე­ბით) ასახვა. აღნიშნული მე­თოდის მაგალითია  წარ­მო­ების გეგმის შეს­რუ­ლე­ბის კონტროლის საბა­ლანსო გრაფიკი; მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების  ინფორ­მაციული ნაკადის სქემა, ნომოგრამები და სხვა. გრაფიკული მეთოდები ფართოდ გამოიყენება პრაქ­ტიკაში, ვინაიდან ისინი თვალსაჩინოდ ასახავს სისტემასა და შესაძლო გადაწყვეტილებების ვარიანტებში არსებულ ძირითად კავშირებსა და დამოკიდებულებებს. მათ შორის აღსანიშნავია: გადაწყვეტილებების ხეები, გადაწყვეტი­ლებების ქსელუ­რი მატ­რიცები, სტრუქტურულ-ინფორმაციული სქემები და სხვა. მაგა­ლითად, გადაწყვეტილებების ჰორიზონტალური და ვერტიკა­ლური მატრიცები საშუალებას იძლევა კომპაქტური, აღქმისა­თვის მისაღები ფორმით გამოი­სახოს გადაწყვეტილების შესაძ­ლო შედეგები მოცემული პარამეტ­რების (დრო, რესურ­სები და ა.შ.) შესაბამისი  მნიშვნელობებისათვის.

გადაწყვეტილებების ხეებს იყენებენ ობიექტის საგეგმო მაჩვენებლების მიღე­ბის პროცესში. გადაწყვეტილებათა შესაძლო ვარიანტების პოვნის მიზნით ხდება  ძირითადი ამოცანის და მისი შესაძლო ვარიანტების დეკომპოზიცია რამდენიმე დონის ქვეამოცანად და მათი შესაბამისი ამოცანის შუალედურ ვარი­ანტებად.

მაგალითად, მრეწველობის რომელიმე დარგის განვითა­რების ამოცა­ნების ჩა­მოყალიბებისას აკონკრეტებენ წარმოების საერთო სამრეწველო მიზნებს. ეს კონკრე­ტიზაცია ქმნის "გადა­წყვეტი­ლებების ხის" ვერტიკალურ ჭრილს . ამასთან, მიზნის რეალიზაციის პროგრამის დამუშავებისას ითვა­ლისწინებენ არამარტო მასშტაბურ მიზნებს, არამედ იკვლევენ შესაძლო  ცვლილე­ბებს დარგის მატერიალურ-ტექ­ნიკურ ბაზასა და წარმოების, შრომისა და მართვის ორგა­ნიზაციაში. აგრეთვე იხილავენ წარმოების მიზნის მიღწევის  უზრუნველყოფას რესურსებით და სხვა საკითხებს. ამ ფაქტორის გათვალისწინება აყალიბებს "გადაწყვე­ტილებების ხის" ჰორიზონტალურ ჭრილს . გადაწყვე­ტი­ლებების ცხრილები  გამოიყენება მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების პრო­ცესში, როდესაც კონკრე­ტული პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვეტი­ლების ვარიან­ტის შერჩევა შესაბამისი  წესებით  განისაზღვრება.

უმარტივესი გადაწყვეტილებების ცხრილის შედგენა ითვა­ლისწინებს პირობებისა და მოქმედებების ნუსხის შემუშა­ვებას.

გადაწყვეტილებათა ცხრილების გამოყენება საშუალე­ბას იძლევა:

-    ამოცანა ჩამოყალიბდეს  ლაკონური ფორმით;

-    ფორმალიზებული სახით აღიწეროს მიღებული გადა­წყვე­ტი­ლებების შედეგები;

-    დადგენილ იქნეს გადაწყვეტილებების მიღების პროცე­სის იერარქია;

-    გაანალიზდეს და სრულყოფილი გახდეს გადაწყვე­ტილებათა მიღების პროცესი.

გადაწყვეტილებათა ქსელური მატრიცა გრაფიკულად აღწერს ოპერა­ციების ტექნოლოგიურ კავშირებს, ის შესაძ­ლებლობას იძლე­ვა ექსპერიმენ­ტულად "გათამაშდეს" ესა თუ ის ვარიანტი,  გაკეთდეს შუალე­დური და საბოლოო  შედეგების პროგნოზი, ასევე შესაძ­ლებელს ხდის ყოველი ცალკეული ოპერაციის რეალიზაციის გზების დაგეგმვას ამ ოპერაციათა ადგილისა და მნიშვნელობის გაანა­ლიზების საფუძველზე.

ამგვარად, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სასარ­გებ­ლოა ერთ­დრო­ულად გამოყენებულ იქნეს გრაფიკული მეთო­დების სხვადასხვა სახე, რაც სისტემის ფუნქციონალური ბლო­კებისა და მათ შორის არსებული კავშირების გამოვლენის საშუალე­ბას იძლევა.

დასკვნა

სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერი ორგანიზაციის, ფირმის საქმიანობაში, ვინაიდან ის  მათ ეკონომიკური აღმავლობისა და მდგრადი განვითარების საუკეთესო ვარიანტის შერჩევის საშუალებას იძლევა. ამ კონტექსტით, მმართველობითი გადაწყვეტილებების დასაბუთების პროცესი წინ უძღვის უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების ეტაპს. თავისი მთავარი ფუნქციით, რომელიც  დაკავშირებულია სხვადასხვა ალტერნატივის შეფასებასთან, მათ გადასინჯვასა და არსებული ალტერნატივებიდან საუკეთესოს შერჩევასთან, მმართველობითი გადაწყვეტილებების დასაბუთება  წარმატებული საქმიანობის წარმართვის რეალური პირობაა.

გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე თეორიასა და პრაქტიკაში ერთერთი წამყვანი  ადგილი უკავია მრავალკრიტერიულ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა კრიტერიუმს და ამით კომპლექსურად აფასებს მისაღებ გადაწყვეტილებას, უფრო რეალურს ხდის მას. შესაბამისად, წინამდებარე სტატიაში განხილულია გადაწყვეტილების დასაბუთების მეთოდებისა და მოდელების ფართო სპექტრი.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ლიტერატურაში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა გადაწყვეტილებების დასაბუთებისა და მიღების მეთოდებსა და საშუალებებს   ბიზნესში. არსებობს მრავალი მაგალითი ბიზნესმენებისთვის, სადაც, ბიზნესის სპეციფიკიდან და გარემოს თავისებურებებიდან გამომდინარე, მისაღებ გადაწყვეტილებაში განსაზღვრულია მიზნები და ამოცანები, მათი მიღწევის საშუალებები და მოსალოდნელი შედეგები, რაც მაქსიმალურ ეფექტიანობას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ პროცესს ენიჭება კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვის, ვინაიდან თვით რთული პირობებიდან გამომდინარე, რომელიც თან ახლავს კრიზისს, ძნელია  სწორი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, მმართველობითი გადაწყვეტილებების დასაბუთების მეთოდების  შესწავლა, გაანალიზება და მათი გამოყენება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ვინაიდან    აღნიშნული  მეთოდების გამოყენება შეცდომების მინიმიზაციის  ქმედითი პირობაა.  ეს კი ნებისმიერი ორგანიზაციის საკუთარი მატერიალური, ფინანსური, შრომითი რესურსების რაციონალურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

გადაწყვეტილებების დროული და სწორი არჩევა სხვადასხვა დონის მიზნების  წარმატებული მიღწევის გარანტიაა. ამით ქვეყანაში შესაძლებელი ხდება არამარტო ცალკეული ორგანიზაციებისა და მათი პერსონალის კეთილდღეობის ზრდა, არამედ ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.                                 

ლიტერატურა:

  •  https://www.humanwareonline.com/project-management/center...
  • Project Management Center (2020.) Processo decisionale e soluzione problemi.
  • Tolordava J., G.Panizzi , D.de Tombe,  D.Kavtaradze, E.Leigh, P. Rizzi. (2013). International Experience in Simulation Modeling: Economics and Business, Ecology, Sociology. vol. II.
  • Бондаренко А. (2015). Что такое диаграмма Ганта и как ею правильно пользоваться. https://worksection.com/blog/what-is-gantt-chart.html .
  • Викентьев И. (2019). Метод морфологического анализа Фрица Цвикки https://vikent.ru/author/960/ 
  •  Гордон Уильям (2000). «Креатив, синектика, творчество»  журн. "Маркетолог" №9
  • Изaмбард  Брюнель (2017). – величайший британец. https://diletant.media/articles/.
  • Нейлор Т. (1975) Машинные имитационные эксперименты с моделями экономических систем.  М.  Изд. Мир.
  • Тымченко Е., Скотников И. (2015) Модели компьютерной деловой игры как инструмент обучения. Международный электронный научный журнал: Перспективы науки и образования .  https://psejournal.files.wordpress.com/2015/02/pdf_150112.pdf.
  • Юха Лехто (2002.) Управление по результатам через процессное консультирование и интерактивное   обучение. Журн. Управление предприятием. №1
  • თოლორდავა ჟ.  (2009) ბიზნესი. სწავლების იმიტაციური მოდელები და თანამედროვე ტექნოლოგიები. თბ. თსუ-ს გამომცემლობა.
  • თოლორდავა ჟ. (2009) კონსალტინგი საერთაშორისო ბიზნესში. თბ. თსუ-ს  გამომცემლობა.