English / ქართული /








Journal number 3 ∘ Paata KoguashviliJoseph Archvadze
Agriculture of Georgia Faces Actual Challenges

Georgia's agriculture is gradually emerging from the severe, protracted economic crisis that has plagued it since the 1990s. It is true that the volume of output and value added in this sector has increased in recent years and the volume of the latter amounted to 3112.2 million GEL in 2019 (7.2% of GDP), however, if we compare it with other sectors and fields of the economy, the situation is not so good.

In recent years, financial support from the state has clearly affected the agricultural sector, although the economic growth of the sector is still quite weakly correlated with the growth of state subsidies. During this period, the whole economy grew 2.6 times faster and grew by 33.2% compared to 2012. Agriculture - according to the increase in the last 7 years (2013-2019) (which was observed only for 2 years (2013 and 2018) - was in the penultimate place, however, there was a decrease in value added in the sector and due to it the volume decreased by 11.2% in 2017. Despite some growth, the concept of "sustainable development" is still the least appropriate for Georgia's agriculture.

Accordingly, the development of agriculture in Georgia requires relatively more state attention and relatively new methods and forms of support, management and organization.

Keywords: Agriculture, agri-food products, self-sufficiency level, export, import.

JEL Codes: Q10, Q12, Q13, Q14

References:

  • Archvadze I. (2017). agraruli sektoris roli da mnishvneloba tanamdrove sakartvelos ekonomikashi.  [The Role and Importance of the Agrarian Sector in the Economy of Modern Georgia. - "Economic Profile", N17.] in Georgian.
  • Archvadze I. (2020). sakartvelos ekonomika SSRK-is dashlis tsina periodshi.  [Georgian Economy in the Period before the Collapse of the USSR. - Georgian Foundation for Strategic and International Studies, Tbilissi.] in Georgian.
  • Kovzanadze I. (2019). sakartvelos soplis meurneobis pinansuri uzrunvelqopis politika tanamedrove etapze. [Georgia's Agricultural Financial Support Policy at the Contemporary Stage. - "Economics and Business", N1.] in Georgian.
  • Koguashvili P. (2019).  sasoplo-sameurneo kooperatsiis ganvitarebis gamotsdileba msoplios skhvadaskhva kveqanashi. [Experience in the Development of Agricultural Cooperation in Different Countries of the World. - "Economics and Business", N2.] in Georgian.
  • Koguashvili P., Chikhladze N. (2019). sasursato damoukidebloba sakhelmtsipoebrivi autsileblobaa.   [Food Independence is a State Necessity. - "Economics and Business", N 4.] in Georgian.
  • Koguashvili P. (2013). soplis gadarchena kooperatsiuli tipis integrirebuli sistemis shekmnashia. [Rural Saving is the Creation of an Integrated System of Cooperative Type. "Social Economy", №4.] in Georgian.
  • Papava Vl. (2015).  sakartvelos ekonomika. repormebi da psevdorepormebi [Economy of Georgia. Reforms and Pseudo-Reforms. Tbilisi "Intellect".]in Georgian.
  • Chitanava N. (2018). sakartvelos ekonomikis gamotsvevebi da strategia. [Challenges and Strategy of the Georgian Economy. - Tbilisi, "Iverion".]in Georgian.
  • sakartvelos soplis meurneoba. statistikuri tselitsdeuli.[Agriculture of Georgia. Statistical Yearbook. - Tbilisi, 2020. p. 89-100.] www.geostat.ge
  • Selskoye khozyaystvo Izrailya: ideologiya plyus innovatsii [Agriculture of Israel: Ideology Plus Innovation. №2, 2013.] in Russian.
  • List of Countries by GDP Sector Composition. http://statisticstimes.com/economy/countries-by-gdp-sector-composition.php

საქართველოს სოფლის მეურნეობა  თანამედროვე გამოწვევების წინაშე

საქართველოს სოფლის მეურნეობა  თანდათან გამოდის იმ მძიმე, გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისიდან, რაც მას 1990-იანი წლებიდან მოყვებოდა. მართალია, ბოლო წლებში გაიზარდა ამ სფეროში გამოშვებული პროდუქციისა და დამატებული ღირებულების მოცულობა და ამ უკანასკნელის მოცულობამ 2019 წელს 3112.2 მლნ ლარი შეადგინა (მშპ-ის 7.2%), თუმცა, თუ ეკონომიკის სხვა სექტორებსა და დარგებს შევადარებთ,  მდგომარეობა ჯერჯერობით არც ისე სახარბიელოა.

 ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა აგრარულ სექტორს აშკარად დაეტყო, თუმცა  დარგის ეკონომიკური ზრდა სახელმწიფო სუბსიდირების ზრდასთან ჯერაც საკმაოდ სუსტ კორელაციაშია.    ამ პერიოდში მთელი ეკონომიკა 2.6-ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა და 2012 წელთან შედარებით 33.2%–ით მოიმატა. სოფლის მეურნეობაკი – ბოლო 7 წელიწადში (2013-2019 წწ.)  მატების მიხედვით, (რაც დაფიქსირდა მხოლოდ 2 წლის მანძილზე (2013წ. და 2018წ.), – ბოლოსწინა ადგილზე იყო. ამასთან, ადგილი ჰქონდა დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების კლებას, რის გამოც მისი მოცულობა 2017 შემცირდა 11.2%–ით. მიუხედავად ერთგვარი ზრდისა, საქართველოს სოფლის მეურნეობისადმი, ჯერჯერობით,  ყველაზე ნაკლებად მისასადაგებელია ცნება – „მდგრადი განვითარება“.

შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობა, მისი განვითარება საჭიროებს შედარებით მეტ სახელმწიფოებრივ ყურადღებას და მხარდაჭერის, მართვისა და ორგანიზაციის შედარებით ახალ მეთოდებსა და ფორმებს.

საკვანძო სიტყვები: სოფლის მეურნეობა, აგროსასურსათო პროდუქცია, თვითუზრუნველყოფის დონე, ექსპორტი, იმპორტი.

JEL Codes:Q10, Q12, Q13, Q14

შესავალი

საქართველოს აგრარული სექტორი შრომის მწარმოებლურობით, კაპიტალტევადობით, ინვესტიციებითა და რიგი სხვა ეკონომიკური ინდიკატორით ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ჩამორჩენილი დარგია. ამ დარგზე, ბოლო მონაცემებით, მოდის ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა 38.9% და ქვეყნის მშპ-ს 7.2%, ანუ ამ სფეროში შრომის მწარმოებლურობა ეროვნულ მეურნეობაში შრომის საშუალო მწარმოებლურობის მხოლოდ 18.2%–ია და აღნიშნული მაჩვენებლით ეკონომიკის დანარჩენი დარგების საშუალო დონეს 8.2-ჯერ ჩამორჩება. 

ეკონომიკაში(მშპ-ში)აგრარული სექტორის წილით   საქართველო მსოფლიო სახელმწიფოთა შორის 93-ე ადგილზეა - ბელიზსა და ფილიპინებს შორის [12].  რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, როგორც წესი, მით უფრო დაბალი წილი უკავია ამ ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობას. ამიტომ, აგრარული სექტორის წილის შემცირება ეკონომიკაში ორ უკანასკნელ ათწლეულში 4.7-ჯერ (1996 წლის 34.1%-დან 2019 წლის 7.2%-მდე), ფორმალურად მაინც, არ უნდა ჩაითვალოს ნეგატიურ მოვლენად, თუმცა უდავოდ ნეგატიურია მოწინავე ქვეყნებთან შედარებით აგრარული სექტორის ჯერაც მაღალი წილი და შრომის დაბალი მწარმოებლურობა ეკონომიკის აღნიშნულ სექტორში. მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე მოდის აშშ-ის მშპ-ის მხოლოდ 0.9%. ევროკავშირის ყველაზე სუსტ ქვეყნებში - რუმინეთსა და ბულგარეთში, შესაბამისად, 4.2 და 4.3%, პოლონეთში - 2.4%, ხოლო ევროპის ისეთ უძლიერეს ქვეყნებში  გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში - 0.6-0.6% თითოეულში. მიუხედავად საქართველოსთან შედარებით ეროვნულ ეკონომიკაში (მშპ-ში) 8-ჯერ დაბალი წილისა, მოსახლეობის ერთ სულზე, აშშ  მაინც „ახერხებს“ საქართველოსთან შედარებით თითქმის 1.5-ჯერ მეტი აგრარული პროდუქციის წარმოებას.

დღეისათვის, აგრარულ სექტორში დასაქმებული ყოველთვიურად ქმნის პროდუქციას (დაახლოებით 350 ლარი), რომელიც ორი  შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი, ანუ იმ მინიმალური რაოდენობის მხოლოდ  2/3-ია, რაც საკმარისია სოფლის მეურნეობის არსებული დონის მხოლოდ მარტივი კვლავწარმოებისათვის.  მარტო ეს მონაცემებია საკმარისი საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის არასახარბიელო ვერდიქტის გამოსატანად:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობას საკმაოდ სუსტი საბაზრო ხასიათი აქვს და

ბ) იმპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციის გარეშე,  საქართველოს სოფლის მეურნეობა ელემენტარულ, მინიმალურ დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის მოსახლეობას აგროსასურსათო პროდუქციით.

 ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა სოფლად მოქმედი შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დასაქონლიანების დონე - გაყიდული პროდუქციის წილმა მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაში 2019 წელს ნახევარს გადააჭარბა (შეადარე: 2012 წ. – 37.3%, 2019 წ. – 50.2%). მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ზრდისა, მას ჯერაც არ მიუღწევია 1980-იანი წლების დონისათვის (1985 წ. -  57%).

საქართველოს აგრარული სექტორის ჩამორჩენის მიზეზები

საქართველოს აგრარული სექტორის ჩამორჩენის მიზეზი მრავალასპექტიანია.  დიდი ხნის მანძილზე მას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა განსაკუთრებით დაფინანსების მხრივ. საბჭოთა კავშირის დროინდელი ერთგვარი პრივილეგირებული მდგომარეობა, როდესაც სოფლის მეურნეობაში დასაქმება და პირად დამხმარე მეურნეობებში მოწეული პროდუქციის ქვეყნის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში მაღალი ფასებით რეალიზაცია საშუალებას აძლევდა სოფლად მცხოვრებლებს საკმაოდ შეძლებულად ეცხოვრათ,[1] რაც პოსტსაბჭოთა პერიოდში აღარ არსებობდა, რამეთუ ასეთი „პრეფერენციები“, სსრკ-ის დაშლისთანავე, მყისიერად დასრულდა, რასაც მოყვა  დარგის სისტემური კრიზისი, სტაგნაცია და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის მკვეთრი დაცემა.

თითქმის სამი ათეული წელია, სოფლის მეურნეობაში კოლექტიურ მეურნეობებზე მასობრივი უარის შემდეგ, ფეხი ვეღარ მოიკიდა კოოპერატიულმა საქმიანობამ. ამის გამო ძნელდება მსხვილი ტექნიკისა და ტექნოლოგიების ხარჯზე მწარმოებლურობის ამაღლება და სინერგიის ეფექტის მიღწევა. ფაქტობრივად, არ მიმდინარეობდა აგრარული მეცნიერების განვითარება, ტექნოლოგიური განახლება და კვლევები, მსოფლიო გამოცდილების გადმოღება-დანერგვა. ჩვენ მყარად ვდგავართ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც თანამედროვე საქართველოს სოფლის მეურნეობა მოწინავე ქვეყნებისას დაახლოებით ერთი ტექნოლოგიური ეპოქით ჩამორჩება [არჩვაძე ი. 2017].

ის, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის სუსტი რგოლია, იქიდანაც ჩანს, რომ მაღალია - საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც - სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციის ის პროფილი, რომელიც ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა ხანებში ჩამოყალიბდა და რომელიც მთლიანად მორგებული იყო სსრკ-ს ერთიანი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. ამის გამოა, რომ საქართველოში შედარებით მაღალი წილი უკავია სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების (ხილი, ციტრუსები, ყურძენი...) წარმოებას, მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება თვითუზრუნველყოფის შედარებით მაღალი დონე მარცვლეულისა და ხორცის წარმოების  მიხედვით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის ამგვარი მდგომარეობა ვლინდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით თვითუზრუნველყოფის დაბალ დონეში.  100-პროცენტიანი უზრუნველყოფის დონე  საქართველოს, თუ ყურძენსა და ციტრუსებს  მხედველობაში არ მივიღებთ, არც ერთი ძირითადი  დასახელების პროდუქტის მიხედვით არა აქვს. აღნიშნულზე მკაფიო წარმოდგენას  დიაგრამა 1 იძლევა. თანაც, აუტსაიდერული პოზიცია ხორცსა და ხორბალს უკავია.

 დიაგრამა 1

 

წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობა. სტატისტიკური წელიწდეული. თბილისი, 2020. გვ. 89-100.

მაგრამ ეს ყველაფერი არაა: გრაფიკი აჩვენებს ფაქტობრივად მოხმარებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში სამამულო წარმოების წილს, მაგრამ არაფერს ამბობს, თუ რამდენადაა შესაბამისობაში იგი მოხმარების რეკომენდებულ (რაციონალურ) ნორმებთან. ასე მაგალითად, საქართველოში მოხმარებული ხორცი მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 40 კგ-ია (39.7 კგ), რომელიც ხორცისა და ხორცპროდუქტების (რაციონალური ნორმის (63 კგ) დაახლოებით 63.0%–ია. შესაბამისად, სამამულო წარმოების პროდუქციის თანაფარდობა რეკომენდებულ ნორმებთან კიდევ უფრო ნაკლებია (იხ.დიაგრამა 2).

დიაგრამა 2

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ადგილობრივი წარმოება ფარავს მოხმარების რაციონალურ მოცულობას ხორცზე - 30%–ით, მარცვლეულზე (ხორბალი და სიმინდი ერთად) - მხოლოდ 26% – ით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხმარება რაციონალურ დონეზე ავიდეს, საჭიროა მარცვლეულის ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს თითქმის  სამჯერ, ხოლო ხორცისა და ხორცის პროდუქტების წარმოება, შესაბამისად, დაახლოებით 2.7-ჯერ.

ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა აგრარულ სექტორს აშკარად დაეტყო. თუმცა, სახელმწიფო სუბსიდირების ზრდასთან დარგის ეკონომიკური ზრდა ჯერაც საკმაოდ სუსტ კორელაციაშია.  მაგალითად, 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობის დაფინანსება გაიზარდა 1.5-ჯერ და მეტად (50.9%-ით – 204.5 მლნ. ლარიდან  308.6 მლნ. ლარამდე) მაშინ, როდესაც დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება 2019 წელს 2013 წლის დონეს არც კი აღემატება. ერთი საგრძნობი პოზიტიური მომენტია  ის, რომ აგრარული სექტორის ფაქტობრივი სტაგნაციის ფონზე, იზრდებოდა ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი (რაც, რა თქმა უნდა, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის დამსახურება უფროა, ვიდრე საკუთრივ სოფლის მეურნეობისა), რაზეც დიაგრამა 3 იძლევა წარმოდგენას.

დიაგრამა 3

თუ აგროსასურსათო საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს შევადარებთ აგრარული სექტორის მთლიან პროდუქციასთან, დავინახავთ, რომ ბოლო წლებში სწრაფად იზრდება როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის თანაფარდობა აღნიშნულ გამოშვებასთან. ამასთან, აშკარად შეიმჩნევა ექსპორტის წინმსწრები ზრდა იმპორტთან შედარებით: 2012 წლიდან 2019 წლამდე აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თანაფარდობა იმპორტთან გაიზარდა 40.2%–იდან 71.5%–ამდე, ხოლო აღნიშნული ინდიკატორების (აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი)  ქვეყნის აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებასთან თანაფარდობათა სხვაობა შემცირდა 36.7 პუნქტიდან 19.9 პუნქტამდე (იხ.დიაგრამა 4).

დიაგრამა 4

ამავე დროს, მიუხედავად აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდისა, ის საკმაოდ დაბალ კორელაციაშია სამამულო წარმოებით ადგილობრივი მოსახლეობის დაკმაყოფილების პროცესთან, რის გამოც იმპორტის თანფარდობა აგრარული სექტორის მთლიან გამოშვებასთან შედარებით, სტაბილურად მაღალია და 70%–ს აღემატება, ხოლო იმპორტის თანაფარდობა საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის გამოყენების რესურსთან საკმაოდ მაღალია და ბოლო მონაცემებით (2019 წ.) 85.6%–ია. ღირებულებითი ფორმით საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციით თვითუზრუნველყოფის დონე საკმაოდ დაბალია (46.9%) მაშინროდესაც საქართველსთან შედარებით გაცილებით უარეს კლიმატურ პირობებში მყოფ ისრაელში ანალოგიური მაჩვენებელი 92%– ია.  ამასთან, ქვეყანაში წარმოებული აგრარული პროდუქციის ექსპორტის ზრდის გამო, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო რესურსში კიდევ უფრო მკვეთრად იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი, რომელმაც ბოლო წლებში უკვე მთელი სამომხმარებლო რესურსის ნახევარსაც კი გადააჭარბა (იხ.დიაგრამა 5).

დიაგრამა 5

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაცილებით დაჩქარებული ზრდის გამო მცირდება უარყოფითი სავაჭრო სალდო ამგვარი პროდუქციის ექსპორტსა და იმპორტს შორის – 2012 წლიდან 2019 წლისთვის აღნიშნული სალდო შემცირდა       758.8 მლნ აშშ დოლარიდან 356.2 მლნ აშშ დოლარამდე, ანუ ორჯერ და მეტად (53.1%-ით). ამასთან, ბოლო 7 წლის მანძილზე (2013-2019 წწ.) უარყოფითი სალდოს ჯამურმა სიდიდემ    3036 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა შვიდწლიან პერიოდის ანალოგიური მაჩვენებლის (4217.8 მლნ აშშ დოლარი) მხოლოდ 72.0% – ია.  

სოფლის მეურნეობის პროდუქციაში, ღირებულებითი ფორმით, მეცხოველების პროდუქციაზე მოდის ნახევარი (50%); მემცენარეობის წილად 43 პროცენტია, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მომსახურების წილად - მხოლოდ 7% [კოვზანაძე ი. 2019, 18]. ის, რომ მთლიანობაში ადგილობრივი აგრარული პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნილებებს, იქიდანაც ჩანს, რომ აგრარული პროდუქციის ექსპორტში მემცენარეობის პროდუქციის წილი თითქმის 92%–ია, მეცხოველეობისა კი - მხოლოდ 8.4%. იმპორტში აღნიშნული დარგების თანაფარდობა კი დაახლოებით 80:20-ზეა (იხ.დიაგრამა 6)

დიაგრამა 6

 

იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტში მეცხოველეობის პროდუქციის წილი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მემცენარეობის პროდუქციის წილს, ეს მხოლოდ მოსახლეობის დაბალი მყიდველობითი უნარიანობითაა განპირობებული. - მოხმარების რაციონალური ნორმების დონეზე უზრუნველსაყოფად, ამჟამინდელთან შედარებით რომ ექსკლუზიურად მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციით გვეცადა მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 730 მლნ აშშ დოლარის მეცხოველეობის პროდუქციის იმპორტის განხორციელება, რაც მოსახლეობის ამჟამინდელი გადახდისუნარიანი მოთხოვნილების პირობებში, აბსოლუტურად არარეალურია. 

ექსპორტ-იმპორტის დისპროპორცია  მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის მიხედვით პირველის სასარგებლოდ გამოწვეულია იმით, რომ  საქართველოს სოფლის მეურნეობას საბჭოური პერიოდის განმავლობაში თავსმოხვეული ცალმხრივი განვითარების და სამხრეთული და სუბტროპიკული კულტურების სპეციალიზაციის მემკვიდრეობისაგან თავი ჯერაც ვერ დაუღწევია. საქართველოს არასაკმარისი რაოდენობით აქვს საკუთარი წარმოების მარცვლეული, დიდწილად იგი იმპორტზეა დამოკიდებული.[2] სამაგიეროდ, საექსპორტო დატვირთვა აშკარად ეტყობა ყურძნისა და ციტრუსების, ნაწილობრივ აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის წარმოებას. ამის გამოა, რომ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაში მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციას თითქმის თანაბარი წილი უკავია, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტში მემცენარეობის პროდუქცია (ან იმ პროდუქციას, რომლის სანედლეულო რესურსი მემცენარეობის პროდუქციაა, მაგალითად, შაქარი - იმპორტში და ღვინო - ექსპორტში) სრულად დომინირებს. საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში მის წილად მოდის  9/10-ზე მეტი, ხოლო იმპორტში – 4/5-ზე მეტი. სხვაგვარად რომ ვთქვათ,  2019 წელს მეცენარეობის  პროდუქციამ  მეცხოველეობის პროდუქციას გადააჭარბა:  ექსპორტში -  10.9-ჯერ, ხოლო იმპორტში - 4.0-ჯერ.

საქართველოს აგრარულ სექტორის ეფექტიანობის ამაღლების

ზოგიერთი მიმართულება 

საქართველოს აგრარულ სექტორში  არსებული სერიოზული პრობლემების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია ფიქრი საქმიანობის ამ სფეროში ეფექტიანობის არსებით ამაღლებაზე. მათ შორის მთავარია დარგის დაფინანსების გაძლიერება. საქმე ისაა, რომ აგრარული სექტორის წილი სახელმწიფო ასიგნებებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობაში საგრძნობლად ჩამორჩება დარგის წილს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში, რაზეც  ცხრილი 1 გვაძლევს წარმოდგენას.

სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში, სახელმწიფო ასიგნებებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2010-2018 წლებში (%)

ცხრილი 1

წლები

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

მთლიანი გამოშვება

8.2

     8.8

    8.6

     7.8

     7.1

     6.4

     6.9

6.3

სახელმწიფო ასიგნებები

    3.0

     2.7

    3.0

     2.5

     2.6

     1.8

     1.5

     2.5

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

    1.58

     1.27

    0.68

     1.12

     0.53

     0.65

     1.11

     1.08

ცხრილიდან ჩანს უცხოური ინვესტიციების ასიმეტრიული განაწილება საქართველოს ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების მიხედვითაც. მაგალითად, 2013-2019 წლებში პუი–ების ჯამური მოცულობა აგრარულ სექტორში დაახლოებით 74.5 მლნ აშშ დოლარია, მაშინ, როდესაც საბანკო სექტორში, რომლის წვლილი ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობისას საგრძნობლად ჩამორჩება (წილი ეკონომიკაში: აგრარული სექტორი - 7.2%, საფინანსო-სადაზღვევო სექტორი - 5.4%)  19.7-ჯერ მეტია - თითქმის 1.5 მლრდ აშშ დოლარი (1466.6 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ  ასევე ჯერადად  (ცალკეული წლების მიხედვით, 3.5-15-ჯერ)  მეტია უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოს  უძრავ ქონებაში სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ საზღვარგარეთელი სუბიექტების მხრიდან ეს ქართული მიწისადმი, როგორც საკუთრების ობიექტისადმი, უფრო მაღალი ინტერესის (არამხოლოდ ეკონომიკური!) გამოხატულებაა,  ვიდრე მისდამი, როგორც  მეურნეობის ობიექტისადმი.(არჩვაძე ი. 2017).

მთლიანობაში იკვეთება ტენდენცია, რომლითაც სოფლის მეურნეობა თანდათან უფრო მეტ ყურადღებას იქცევს არამარტო სახელმწიფოსაგან, არამედ უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტორებისაგან, თვით ამ სფეროში დასაქმებული მეწარმენი, ფერმერები, გლეხური მეურნეობები უფრო ხშირად მიმართავენ საკრედიტო დაწესებულებებსაც თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მარტო კომბანკებისაგან აგროდანიშნულებით გაცემული სესხების წლიური მაჩვენებელი 2013  წლის იანვრის  59.2 მლნ ლარიდან 2020 წლის 1 იანვრისათვის 482.2 მლნ  ლარამდე გაიზარდა (8.1-ჯერ, მაშინ როდესაც მთლიანად ეროვნულ მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა იმავე პერიოდში გაიზარდა მხოლოდ 3.2-ჯერ). მთლიანობაში ამ დარგში აკუმულირებული ფინანსური რესურსები (სახელმწიფო სუბსიდირება, პუი–ები და კომერციული ბანკებისაგან აღებული კრედიტები) ჯამში 880.12 მლნ. ლარს შეადგენს, რაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო სამი წლის (2010-2012 წწ.) ანალოგიურ მაჩვენებელს 4,8-ჯერ აღემატება.

ბოლო წლებში (2017-2019 წწ.) აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის  საშუალოწლიური ტემპი (აშშ დოლარებში) შეადგენდა 8.9%–ს, მაშინ, როდესაც იმპორტისა და მშპ-ს ზრდის ტემპები მას საგრძნობლად ჩამორჩებოდა                       (5.4-5.4% თითოეული მათგანის მიხედვით). 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია 2016 წელთან შედარებით, 202.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. ეს იმ დროს, როდესაც თავად ამ სახის პროდუქციის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში შემცირდა 32.8%–დან 23.8% –ით. იმავე პერიოდში მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტით შესაბამისი იმპორტის გადაფარვა გაიზარდა 64.9%–დან  71.5% –ით.  (შედარებისათვის: დანარჩენი პროდუქციის მიხედვით ექსპორტით იმპორტის გადაფარვა დაახლოებით ორჯერ უფრო დაბალია - მხოლოდ 36.7%), რაზეც უფრო მკაფიო წარმოდგენას              ცხრილი 2 იძლევა. 

საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის  პოტენციალი 2016-2019 წლებში (%%)

ცხრილი 2

წლები

2016

2017

2018

2019

ექსპორტის თანაფარდობა იმპორტთან

 

 

 

 

-          სულ

       29.0

       34.4

       36.7

       41.2

-          აგროსასურსათო პროდუქციის მიხედვით

       64.9

       66.0

       70.6

       71.5

აგროსასურსათო პროდუქციის წილი

 

 

 

 

-          მთლიან ექსპორტში

      32.8

       28.4

28.6

       23.8

-          მთლიან იმპორტში

      11.4

       11.0

10.9

         9.7

ამასთან ერთად, მიუხედავად გამოკვეთილი შემცირების ტენდენციისა, სტაბილურად მაღალი რჩება აგროასურსათო პროდუქციის საგარეო სავაჭრო დეფიციტის მოცულობა. ის ბოლო წლებში დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარის ფარგლებშია. მარტო ბოლო 4 წლის მანძილზე (2016-2019 წწ.) აღნიშნული დეფიციტის ჯამურმა სიდიდემ 1532.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის საქართველოს 2010 წლის მთლიანი ექსპორტის ეკვივალენტურია. აღნიშნული დეფიციტის თანაფარდობამ, აგროსასურსათო პროდუქციის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობასთან, საშუალოდ 18.7%, მათ შორის მხოლოდ 2019 წელს - 16.6% შეადგინა.  ქვეყნის შიდა მოხმარების მაღალი დამოკიდებულება ვლინდება იქიდანაც, რომ აგროსასურსათო პროდუქციის წილი იმპორტის მთლიან მოცულობაში არასდროს ჩამოსულა ორნიშნაზე დაბლა და მხოლოდ ბოლო წლებში ჩამოსცდა 15-პროცენტიან ნიშნულს. 

საქართველოს აგრარული სექტორის ჩამორჩენილობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ბოლო წლებში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის ღირებულება ან უტოლდება,  ან აღემატება ქვეყანაში აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, ხოლო, თუ  მხედველობაში მხოლოდ საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის გამოყენების რესურსთან იმპორტის თანაფარდობას მივიღებთ, საქართველოს აგრარული სექტორის ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება: აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის ღირებულება უკვე მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის აგრარულ სექტორში შექმნილ დამატებულ ღირებულებას, ხოლო ქვეყნის შიგნით გამოყენებულ აგროსასურსათო რესურსში იმპორტირებულის წილი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ანომალიურად მაღალ დონეზეა (იხ.დიაგრამა 7). 

დიაგრამა 7

 

ერთი პრობლემა ისაა, რომ სუსტი აგრარული სექტორის გამო ქვეყანას დიდი რაოდენობით სასურსათო პროდუქციის იმპორტი უწევს. მეორე, არანაკლები პრობლემაა ის, რომ ამგვარი იმპორტის დიდი ნაწილი ერთ ქვეყანაზე - რუსეთზეა დამოკიდებული. მაგალითად, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რუსეთიდან იმპორტირებულ იქნა ხორბლის 100%, სიმინდის 80.9%, ზეთის 90.6%. გაცილებით დივერსიფიცირებულია ენერგომატარებლების იმპორტი: რუსეთის წილად მოდის ნავთობპროდუქტების მხოლოდ 27.7% და ბუნებრივი აირის იმპორტის 12.4%.

დასკვნა

ფაქტია, რომ ბოლო წლებში აგრარულ სექტორისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სპეციალური სამთავრობო პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“ ემსახურება  ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებასა და მხარდაჭერას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას. ის, რომ ბოლო წლებში ამ სექტორში წარმოებული პროდუქცია უფრო მეტად გახდა სასაქონლო, ხოლო მასში საგრძნობლად გაიზარდა საექსპორტო პროდუქციის წილი, დიდწილად სწორედ ამ პროგრამის რეალიზაციის დამსახურებაა.

ამასთან, აგრარული სექქტორის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანები ჯერაც გადაუჭრელია: ამ დარგში შრომის მწარმოებლურობა დაბალია, ხოლო ფინანსური ინექციებისა და ინვესტიციების  მასშტაბები საგრძნობლად ჩამორჩება როგორც ეკონომიკის სხვა სფეროებში არსებულ მდგომარეობას, ასევე დარგის განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი რესურსების ოდენობას. თანაც, აგრარულ სექტორში  სახელმწიფო ინექციების ეფექტიანობა საკმაოდ დაბალია.

არადამაკმაყოფლილებლად დაბალ დონეზეა დარგის წვლილი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფაში, რის გამოც ყოველწლიურად რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის დასაფინანსებლად. განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის სასურსათო თვითუზრუნველყოფის დონე სურსათის პირველადი სახეობების (ხორბალი, ხორცი) მიხედვით. აღნიშნული ვითარება განსაკუთრებით მოუთმენელია კორონავირუსის გლობალური პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყნების უმრავლესობამ გეზი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მკვეთრი ზრდის სტრატეგიაზე აიღო.

ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს და გაზარდოს მხარდაჭერა აგრარული სექტორისადმი, ხელი შეუწყოს, სამართლებრივად მოაგვაროს, დააჩქაროს და გაამარტივოს მიწის მოსახლეობის საკუთრებაში გადაცემისა და აღნიშნული აქტის იურიდიულად გაფორმების პროცედურა. გაატაროს ზომები, პირველ რიგში, ეკონომიკური წახალისებისა და მხარდაჭერის მხრივ, მიწების პარცელიზაციის პრობლემის დასაძლევად, რომელიც აშკარად ხელს უშლის მსხვილი ინვესტიციების და მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას სოფლის მეურნეობაში, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას. აღნიშნული პროცესის მედლის მეორე მხარეა აგრარულ სექტორში კოოპერატივების განვითარება, რაც მნიშვნელოვან სინერგიულ ეფექტს მოუტანს ამ სფეროს.  

საქართველოს აგრარულ სექტორს განვითარებისათვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თუ უფრო რაციონალურად და ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური, ისტორიულ-კულტურული და თავდაცვითი ფუნქციებიდან გამომდინარე, მეტი ყურადღება დაეთმობა ქვეყნის მთიანეთის პოტენციალის სრულ გამოყენებას. ფაქტობრივად, საქართველოს მთიანეთი, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკავია, ამ მხრივ უზარმაზარი პოტენციალის მატარებელია და შესაბამისად, მისი აგრარული კუთხით (პირველ რიგში) „რეკონკისტა“ წაადგებოდა ქვეყნის დაჩქარებულ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

მთლიანობაში, ჩამოყალიბებული ღონისძიებები ერთობლივად არამარტო გაზრდიდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობას, მის მოცულობას, არამედგააფართოებდა მსუბუქი და კვების მრეწველობისათვის სანედლეულო ბაზასაც, ხელს შეუწყობდა აგროსასურსათო პროდუქციის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსის თანდათანობით შემცირებას და გაქრობას, რაც გაზრდიდა ეკონომიკის მდგრადობას და პოზიტიურად იმოქმედებდა ეროვნული ვალუტის კურსსა და ინფლაციაზე, საბოლო ანგარიშით კი - საქართველოს ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მის საერთაშორისო წონისა და ავტორიტეტის ამაღლებაზე.   

ლიტერატურა:

  • არჩვაძე ი. (2017). აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამდროვე საქართველოს ეკონომიკაში. – „ეკონომიკური პროფილი“, N17.
  • არჩვაძე ი. (2020).   საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ის დაშლის წინა პერიოდში. - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, თბილისი.
  • კოვზანაძე ი. (2019). საქართველოს სოფლის მეურნეობის ფინანსური უზრუნველყოფის პოლიტიკა თანამედროვე ეტაპზე. – „ეკონომიკა და ბიზნესი", N1.
  • კოღუაშვილი პ. (2019). სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. – „ეკონომიკა და ბიზნესი“ N2.
  • კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ. (2019). სასურსათო დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა. – „ეკონომიკა და ბიზნესი“, N 4.
  • კოღუაშვილი პ.  (2013). სოფლის გადარჩენა კოოპერაციული  ტიპის ინტეგრირებული სისტემის შექმნაშია.  „სოციალური ეკონომიკა“,   №4.
  • პაპავა ვლ.  (2015).  საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები.  თბილისი „ინტელექტი“.
  • ჭითანავა ნ. (2018). საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. - თბილისი, „ივერიონი“.
  •  საქართველოს სოფლის მეურნეობა.   სტატისტიკური წელიწდეული. - თბილისი, 2020. გვ. 89-100.   www.geostat.ge.
  • Сельское хозяйство Израиля: идеология плюс инновации. №2, 2013.
  • List of Countries by GDP Sector Composition. http://statisticstimes.com/economy/countries-by-gdp-sector-composition.php

[1] საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედი (დაახლოებით 1300 ათასი კაცი) დაკავშირებული იყო ჩაისა და ციტრუსებზე ერთიანი საკავშირო მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან,  საიდანაც მოსახლეობის შემოსავლები ჩაის წარმოება-დამზადებიდან შეადგენდა 200 მლნ საბჭოთა მანეთს, ხოლო ციტრუსების წარმოებიდან - არანაკლებ 270-300 მლნ. მანეთს [2; 9].