English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი 70

თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი-ეკონომისტი და პედაგოგი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაიბადა 1956 წლის 26 მაისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში პედაგოგების ოჯახში. 1973 წელს ლანჩხუთის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1978 წელს დაამთავრა წარჩინების დიპლომით, 1978-1982 წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1983 წელს, აკადემიკოს ავთანდილ გუნიას ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.
1983-1988 წწ. ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტში წარმატებული მუშაობის პერიოდში ე. მექვაბიშვილს ეკავა უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა, ასევე იყო ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ინსტიტუტში ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა არაერთი რესპუბლიკური თუ საკავშირო სამეცნიერო კონფერენცია, გამოიცა კონფერენციების მასალების კრებულები.
1997 წელს ელგუჯა მექვაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა საქართველოში“ და მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
1988 წლიდან დღემდე ბატონი ელგუჯა მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. ფაკულტეტზე მოღვაწეობის მანძილზე მან გაიარა სხვადასხვა სამეცნიერო, პედაგოგიური თუ ადმინისტრაციული საფეხური უნივერსიტეტის იერარქიულ კიბეზე. იყო ეკონომიკის ფაკულტეტის პოლიტიკური ეკონომიის (ეკონომიკური თეორიის, თეორიული ეკონომიკის) კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. 1998 წელს იგი აირჩიეს პროფესორად. 1990 წელს პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაინიშნა ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1992 – 2005წწ. ხელმძღვანელობდა ფაკულტეტს დეკანის რანგში. პარალელურად, 1999 წელს ბატონი ელგუჯა არჩეული იქნა ეკონომიკური თეორიის კათედრის გამგედ, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი დეკანად მუშაობა ქვეყნისთვის და კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მეტად რთულ და გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა. სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს მთელი კოლექტივის გვერდში დგომით, მან წარმატებით გაართვა თავი ამ სირთულეებს. მძიმე საყოფაცხოვრებო თუ ფინანსურ პირობებში გაგრძელდა სასწავლო პროცესი და ფაქტობრივად შენარჩუნდა აკადემიური გარემო, რამაც საფუძველი დაუდო ფაკულტეტის შემდგომ წინსვლას და წარმატებებს. მოკლე დროში მოხერხდა გადაწყობა ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის სასწავლო პროცესიდან საბაზრო ეკონომიკისთვის ადეკვატური და ნიშანდობლივი ეკონომიკური მეცნიერებების კვლევის და სწავლების პრაქტიკაზე. ამას თან დაერთო საერთაშორისო, ევროკავშირის „ტემპუს-ტასის“ საგანმანათლებლო პროექტებში ეკონომიკის ფაკულტეტის ჩართვა. ამ პროექტებში კონკურსებში არაერთხელ გამარჯვება სწორედ, რომ ბატონ ელგუჯას თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო. 1996-2002 წლებში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა სამი საერთაშორისო პროექტი (სოლიდური ფულადი გრანტებით), რის ფარგლებში მთელ საუნივერსიტეტო სივრცეში ბევრ კარგ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ,:
ფაკულტეტის მრავალმა პროფესორ-მასწავლებელმა და სტუდენტმა სხვადასხვა ვადიანი სტაჟირება გაიარა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ირლანდიის, საბერძნეთის, პორტუგალიის წამყვან უნივერსიტეტებში. იქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გამოყენებული იქნა საინტერესო აკადემიურ, სამეცნიერო თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში. პროექტის დაფინანსებით თსუ-ში, პირველად, შეიქმნა სტუდენტთა საკარიერო მომსახურებისა და ინდუსტრიასთან კავშირის ოფისი, რაც ორგანიზებას უწევდა სტუდენტთა საწარმოო პრაქტიკას, სტაჟირებას და ეხმარებოდა, როგორც ფაკულტეტის მაღალი კურსების წარჩინებულ სტუდენტებს, ასევე, კურსდამთავრებულებს დასაქმებაში. ეს ის დრო იყო, როდესაც სამსახურის მოძიება და დასაქმება დიდ სირთულეს წარმოადგენდა, მითუმეტეს ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ოფისის მეშვეობით მრავალმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ეკონომისტმა გაიკვლია გზა და შეიქმნა წარმატებული კარიერა. ასევე, პროექტის ფარგლებში აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის უფასოდ განხორციელდა კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის შესწავლა.
ამ პერიოდში, პროექტების ფინანსური მხარდაჭერით, ფაკულტეტზე მომზადდა და ქართულად ითარგმნა არაერთი სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო საბაზრო ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით.
მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში, როდესაც ბატონი ელგუჯას ინიციატივით თსუ-ის მაღლივ კორპუსში დამონტაჟდა ინტერნეტის ხაზი და პირველად შეიქმნა კომპიუტერული ლაბორატორიები.
დიდია ელგუჯა მექვაბიშვილის დამსახურება ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიული დაოსტატების საქმეში, რასაც მან მთელი თავისი საუნივერსიტეტო მოღვაწეობა მიუძღვნა. სტუდენტი მისთვის დღემდე რჩება უნივერსიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად, ვისაც უნდა მოემსახუროს მთელი საუნივერსიტეტო სივრცე. მას ძალიან ახარებს წარმატებული სტუდენტების, მაგისტრანტეების თუ დოქტორანტების რთულ სამეცნიერო გზაზე სვლა. თავისი პროფესიონალიზმით, დამახასიათებელი პრინციპულობით, იგი მათ აძლევს ღრმა ცოდნას და მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ამ გზაზე წინსვლაში. სწორედ ამიტომ, მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადებული და დაცულია ათი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია. ამჟამად კი იგი ოთხი დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია.
უნივერსიტეტში ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე ბატონი ელგუჯა ოთხი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს, ექვსი წელი იყო ეკონომიკის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პროფესორი ე. მექვაბიშვილი, როგორც ფაკულტეტის წარმომადგენელი და აკადემიური პერსონალისგან ნდობით აღჭურვილი პირი, ორჯერ იყო არჩეული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად, ხოლო ათი წლის განმავლობაში კი უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორგანოებში მისმა უანგარო მოღვაწეობამ ფაკულტეტისთვის ბევრი სასარგებლო შედეგი მოიტანა.
პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის მთელი შეგნებული ცხოვრება, პედაგოგიურთან ერთად, განუყრელადაა დაკავშირებული სამეცნიერო მოღვაწეობასთან. იგი არის 200-მდე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, სტატიების ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე. მას, არარერთგზის მიღებული აქვს მაღალი სამეცნიერო აღიარება. კერძოდ, 2008 წელს მიენიჭა პრემია წლის საუკეთესო სამეცნიერი პუბლიცისტური ნაშრომისთვის ეკონომიკის დარგში, ხოლო 2016 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის პრემია წლის საუკეთესო სამეცნიერო მოხსენებისთვის ეკონომიკაში.
პროფესორ ელგუჯა მექვაბიშვილის ნაშრომები ეძღვნება თეორიული ეკონომიკის, პოსტკომუნისტური ეკონომიკური ტრანსფორმაციის, გლობალური ეკონომიკის და მაკროეკონომიკის არაერთი აქტუალური პრობლემის კვლევას.
აღსანიშნავია ბატონ ელგუჯას საზოგადოებრივი აქტიურობაც. იგი 1996-2002 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი, 1998 წელს საქართველოს პარლამენტის და საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საბჭოს წევრად. მას მინიჭებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტის სტატუსი.
ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი დაჯილდოვებულია:
1998 წ. ღირსების ორდენით;
2015 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის;
2017 წ. ივ. ჯავახიშვილის მედლით;
2018 წ. საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დიპლომით, ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის.
2019 წ. აკადემიკოს პ.გუგუშვილის მედლით
2020 წ. ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით
2026 წელს, სულ ახლახან, დაბადების 70 წლისთავთან დაკავშირებით, მიიღო თსუ-ის რექტორის მადლობა „ხანგრძლივი სამეცნიერო, პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.
ბატონი ელგუჯას მეუღლე მაია მშვილდაძე, შესანიშნავი ხელოვანი ქალბატონი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, სამწუხაროდ ნაადრევად წავიდა ამ ცხოვრებიდან, მაგრამ მათი შვილები მარიამ და გიორგი მექვაბიშვილები თავიანთი ოჯახებით წარმატებული ადამიანები არიან: მარიამი ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიაში PR მენეჯერია, გიორგი კი მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე ცნობილი ექიმი ოფთალმოლოგია. ბატონ ელგუჯას ჰყავს სამი შვილიშვილი ალექსანდრე ჩიქობავა, ირაკლი და ნუცა მექვაბიშვილები, რომლებიც ბაბუს გულს უთბობენ და ახარებენ თავიანთი წარმატებებით.
შესანიშნავ პიროვნებას და საუკეთესო ადამიანს, მეგობარს, კოლეგას, მეცნიერეკონომისტს, საზოგადო მოღვაწეს, კარგ მეუღლეს, მამას, ბაბუას პროფ. ელგუჯა მექვაბიშვილს ვულოცავთ 70 წლის იუბილეს. დარწმუნებულები ვართ, მას კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთება აქვს ჩაფიქრებული და ვუსურვოთ ბატონ ელგუჯას ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და ახალი შემოქმედებითი წარმატებები საკუთარი ოჯახის, დედაუნივერსიტეტის და მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ, ბატონო ელგუჯა!

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ რედაქცია
სარედაქციო კოლეგია