ჟურნალი ნომერი 2 ∘ პროფესორი რევაზ გოგოხია 90
ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერს, ამაგდარ პედაგოგს, უმაღლესი განათლების თვალსაჩინო ორგანიზატორს, პროფესორ რევაზ გოგოხიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა.
რევაზ აკაკის ძე გოგოხია დაიბადა 1936 წლის 28 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში, მდიდარი ქართული ტრადიციების ოჯახში. სკოლის ვერცხლის მედლით დამთავრების შემდეგ, 1953 წელს ჩაირიცხა და 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.
1959-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელად. 1960 წელს კი იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელია, ხოლო შემდეგ ასპირანტი. რევაზ გოგოხიამ 1965 წელს, პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად და გახდა ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, იქვე დაამთავრა დოქტორანტურაც. იმავე პერიოდში, მთავრობის დავალებით, ინსტიტუტში ჩამოყალიბდა სვანეთის რეგიონის მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია ბატონ რევაზის ხელმძღვანელობით, რომელმაც წარმატებით განახორციელა დასახული ამოცანა, შედეგები გადაეცა მთავრობას, რომელმაც მას მსვლელობა მისცა. ეკონომიკის ინსტიტუტში ბატონმა რევაზმა იმუშავა 1977 წლამდე (იმავდროულად იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკური თეორიის კათედრის დოცენტი).
ბატონი რევაზი 1978 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრაზე ჯერ დოცენტია, 1988 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის დაცვის შემდეგ 1989-2006 წლებში კი პროფესორი.
მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი ობიექტია ეკონომიკური თეორიისა და საბაზრო ეკონომიკის, შერეული ეკონომიკური სისტემის, აგრარული და ბევრი სხვა, ქვეყნის საჭირბოროტო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და დამხმარე სახელმძღვანელოები (თანაავტორობით), სტატიები, პოლემიკური პუბლიკაციები, რეცენზიები.
პროფესორმა რ. გოგოხიამ მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო, შემოქმედებითი თუ ეროვნულ-საზოგადოებრივი ადამიანის ცხოვრება განვლო. იგი 1980-1981 წლებში თსუ-ის ეკონომიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა; 1982-1986 წლებში – საქართველოს მთავრობასთან არსებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1991-1992 წლებში ეროვნული ხელისუფლების დროს – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
აქ მას ძირითად საქმიანობასთან ერთად, დაეკისრა ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანი ღონისძიების – „საქართველოში რადიკალური აგრარული რეფორმის კონცეფციის“ შემმუშავებელი კომისიის ხელმძღვანელობა. კომისიამ დასახული ამოცანა დროულად განახორციელა, თუმცა, მისი საპარლამენტო განხილვა ვერ მოესწრო სამხედრო ხუნტის მიერ ეროვნული ხელისუფლების დამხობის გამო... ბატონმა რევაზმა კი დაუყოვნებლივ დაწერა მწვავე განცხადება სამსახურის დატოვების შესახებ.
1995 წელს, თსუ-ში მოღვაწეობასთან ერთად, პროფ. რ. გოგოხიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა თსუ-ის სოხუმის ფილიალის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრა, რომელსაც იგი უძღვებოდა 1995-2001 წლებში, 2001-2004 წლებში კი, ასევე შეთავსებით, – იყო თსუ-ის ზუგდიდის ფილიალის ზოგად-ეკონომიკურ დისციპლინათა კათედრის გამგე. ასევე, მას გარკვეული წვლილი მიუძღვის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის წარმატებებში.
პროფესორი რ. გოგოხია თსუ-სა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა მსოფლიო ეკონომიკის, ეკონომიკური თეორიის, საბაზრო ეკონომიკის, ეკონომიკსის, შერეული ეკონომიკის, ეკონომიკის პრინციპების და სხვა კურსებს.
წლების განმავლობაში მან მრავალ ახალგაზრდას გაუკვალა გზა მეცნიერებაში. მისი ხელმძღვანელობით 31-მა სამეცნიერო ხარისხის მაძიებელმა და ასპირანტმა (დოქტორანტმა) წარმატებით დაიცვა ხარისხი.
პროფ. რ. გოგოხია ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით. სტუდენტობის წლებში იყო თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ინსტიტუში – ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე და ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1993-2005 წლებში თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს, ასევე, ეკონომიკური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში. იგი არის საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, აგრეთვე, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.
მნიშვნელოვანია პროფ. რ. გოგოხიას წვლილი ქართული ეკონომიკური ჟურნალისტიკის განვითარებაში. იგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, საზოგადოებრივ მდივნად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში
_ „მაცნე“, ხოლო მოგვიანებით, ჟურნალ ,,ეკონომისტის“ განყოფილების გამგედ. ორივე ჟურნალს რედაქტორობდა გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკად. პაატა გუგუშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც მან მიიღო, როგორც ჟურნალისტური, ასევე ნაყოფიერი მეცნიერული წრთობა. ამიტომაც, აღნიშნულ სფეროში თავის წარმატებებს იგი მნიშვნელოვნად უკავშირებს აკად. პ. გუგუშვილთან, როგორც ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორსა და ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და ჟურნალისტიკის ენციკლოპედთან სამეცნიერო მუშაობის პერიოდს, რაც მისი თქმით, დიდი აკადემია იყო, როგორც პირდაპირი, ასევე, გადატანითი მნიშვნელობით. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა რევაზმა თავისი ნაყოფიერი მუშაობით, გარკვეული წვლილი შეიტანა გუგუშვილისეული ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და ეკონომიკური ჟურნალისტიკის დაცვა-განვითარებაში. ბატონი რევაზი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრია.
პროფ. რ. გოგოხიამ 1999 წელს ჩამოაყალიბა და ათი წლის განმავლობაში რედაქტორობდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალს ,,სოციალური ეკონომიკა”. 2008 წლის იანვრიდან იგი ივანე ჯავახიშვილის თსუ-ის რეცენზირებადი და რეფერირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის
„ეკონომიკა და ბიზნესის“ ფუძემდებელი, ასევე, მთავარი რედაქტორი იყო 2018 წლამდე და მაღალპროფესიონალურად ასრულებდა თავის მოვალეობას.
პროფ. რევაზ გოგოხიას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის მიღებული აქვს მრავალი ჯილდო:
,,ღირსების ორდენი”, „ივანე ჯავახიშვილის მედალი”, „პაატა გუგუშვილის მედალი“ და „თსუ-ის ოქროს მედალი“. იგი, როგორც ქვეყნის ღირსეული პიროვნება – ცნობილი მეცნიერი, პედაგოგი, ჟურნალისტი, მრავალმხრივი მოღვაწე, შეყვანილია საქართველოს ახალ დიდ ენციკლოპედიაში (საქართველო, ენციკლოპედია, 2012,
ტ. 2).
ბ-ნი რევაზი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, საიდანაც იღებს სათავეს მისი ყველა ამქვეყნიური სიკეთე. მისი უპირველესი საფიცარი ღვთივკურთხეული საქართველოა და შეძლებისდაგვარად ცდილობს იყოს მსახური დიდი ილიას სენტენციისა ,,მამული, ენა, სარწმუნოება”.
ბუნებრივია, ბატონი რევაზი თავისი აღმზრდელი დედაუნივერსიტეტის მოტრფიალე და თავგამოდებული პატრიოტია. ამიტომაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, სურვილი იმისა, რომ იავარექმნათ ყოველგვარი ქართული, მათ შორის ეროვნულობის, სარწმუნოებისა და მეცნიერების ბაირახტარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იგი ყოველთვის, უყოყმანოდ, მედგრად და აქტიურად იდგა მის დამცველთა რიგებში.
ყოველივე აღნიშნულთან ერთად, ბატონი რევაზი მეგობრობაში გამორჩეული პიროვნებაა, საოცრად ყურადღებიანი და თავმდაბალი. ამასთან, იგი სიტყვისა და საქმის ერთიანობის კაცია. მისი კაცურკაცობის დასტური ისიცაა, რომ იგი ყოველთვის დიდი პატივისცემით მოიხსენიებს თავის მასწავლებლებს, გამოჩენილ მეცნიერებს, აკადემიკოსებს – პ. გუგუშვილს, ვ. ჩანტლაძეს; პროფესორებს _ ნ. იაშვილს, ა. და ლ. გოკიელებს, გ. ჭანუყვაძეს და ა.შ. და თვლის, რომ ოჯახსა და სკოლაში აღზრდის შემდეგ მასში თუ რამ კარგია, ეს არსებითად მათი დამსახურებაა. ამიტომაცაა, რომ მან თავის აღმზრდელ-მასწავლებლებს თუ უფროს კოლეგა-მეგობრებს, სხვადასხვა დროს, შესანიშნავი ნარკვევები, ესსეები თუ მოგონებები მიუძღვნა.
90 წლის ასაკში ბ-ნი რევაზი, ღვთის წყალობით, კვლავ მხნედ გამოიყურება და ახალგაზრდული ენერგიით განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას ჟურნალში “ეკონომიკა და ბიზნესი” მთავარი რედაქტორის მოადგილის რანგში. მისმა პროფესიონალიზმმა, ცოდნამ და გამოცდილებამ, კოლეგებთან ერთად, დიდი როლი შეასრულა ჟურნალის საერთაშორისო აღიარებაში. მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, იგი დღემდე რჩება თავისი საქმის ერთგული, ძალ-ღონეს არ იშურებს და მზადაა თავისი თანადგომით, შრომით, საღი გონებით მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინსვლისა და განვითარების პროცესში. და რაც მთავარია, ურყევია მისი რწმენა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო მალე გამთლიანდება და სრულად გაბრწყინდება.
ბატონი რეზო ჩინებული მეოჯახეა აწ გარდაცვლილი მეუღლე გულნაზ ჯიქია
კარგი მეოჯახე და ექიმი-პედიატრი იყო, ჰყავს ორი შვილი – მაია და მამუკა, რომლებიც მამის კვალს გაჰყვნენ. მათ წარჩინებით დაამთავრეს თსუ, ასპირანტურა, დაიცვეს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი და წარმატებულ საქმიანობას ეწევიან თავიანთი სპეციალობით. იუბილარი ასევე, მდიდარია შვილიშვილებითაც.
ვუსურვებთ ბატონ რევაზს ჯანმრთელობას, წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი უნივერსიტეტისა და სამშობლოს საკეთილდღეოდ.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი,
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია