English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
ხსოვნა ნათელი

პროფესორი რამაზ აბესაძე


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტმა მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინსტიტუტის დირექტორი, ჟურნალი „ეკონომიკისა და ბიზესის“ რედკოლეგიის წევრი პროფესორი რამაზ აბესაძე.
რამაზ აბესაძე დაიბადა 1952 წლის 14 მაისს, ტყიბულში, პედაგოგების ოჯახში. თბილისის 54-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ - 1969 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1974 წელს და დამთავრებისთანავე დაიწყო სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტის რანგში. 1985 წელს მან დაიცვა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1986 წელს ბატონი რამაზი გახდა იმავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერთანამშრომელი, რამდენიმე წელიწადში 1989 წელს ის იკავებს- წამყვანი მეცნიერთანამშრომლის, 1991წელს - კი ლაბორატორიის გამგის პოზიციას.
1997 წელს, როგორც კომპეტენტური მეცნიერ-მკვლევარი, ბატონო რამაზი აქვე ინიშნება განყოფილების გამგედ, ხოლო 2002 წელს - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში - დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
1987 წლიდან, სამეცნიერო ნაყოფიერი მოღვაწეობის პარალელურად, ბატონი რამაზი, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ჯერ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტში. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ივანე ჯავახიშვილის სახელობის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ საქმიანობაში, სადაც, 1989 წელს მას მიენიჭა უფროსი მეცნიერთანამშრომლის წოდება.
ბატონი რამაზი 1995 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზეა. 1998 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ, მას მიანიჭა დოცენტის წოდება, 1999 წელს მან მოიპოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსი და 2003 წელს იგი თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორია.
2001-2003 წლებში პროფესორი რამაზ აბესაძე იყო პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 2003-2007 წლებში - თავმჯდომარე.
2008 წლიდან კი - ბატონი რამაზი არჩეულ იქნა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორად.
პროფ. რამაზ აბესაძემ ბევრი საინტერესო მეცნიერული მემკვიდრეობა დაგვტოვა. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათ შორის 6 მონოგრაფია, ხოლო ბოლო მონოგრაფია - „ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური რეგრესის თეორია“, მზად არის გამოსაცემად, რომელსაც სამწუხაროდ იგი ვერ მოესწრო.
პროფ. რამაზ აბესაძის სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მეტად ფართო იყო მისი კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი მეცნიერული სტატიები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა მაღალრეიტინგულ და საერთაშორისო დონის ინდექსირებულ ჟურნალებში. ამავე დროს მონაწილეობას ღებულობდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, სადაც გამოქვეყნებულია ორმოცამდე სტატია და მოხსენება.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობისა, პროფესორი რამაზ აბესაძე წლების განმავლობაში იყო საერთაშორისო-ანალიტიკური ჟურნალ – “ეკონომისტისა” და პერიოდული გამოცემის – “პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული” შექმნის ინიციატორი და მთავარი რედაქტორი. მისი თაოსნობით და ინიციატივით პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში დაარსდა “დიდი ქართული ეკონომიკური ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია”, ინსტიტუტის გამომცემლობა, გაიხსნა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის კაბინეტი, სადისკუსიო დარბაზი, სასწავლო და საკონსულტაციო საექსპერტო ცენტრი. დაწესდა აკადემიკოს პ. გუგუშვილის, აკადემიკოს ა. გუნიას, პროფესორ გ. წერეთლის სამეცნიერო პრემიები, შეიქმნა ახალი სამსახურები, რეკომენდაციების შემმუშავებელი კომისია და სხვ.
პროფესორ რამაზ აბესაძეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის 2001 წელს გამოეცხადა საქართველოს პრეზიდენტის მადლობა, ხოლო 2002 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
წავიდა ჩვენგან ღვაწლმოსილი მეცნიერი და მკვლევარი, კოლეგა, ხელმძღვანელი, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა მისი წინამორბედების, აკადემიკოსების, პაატა გუგუშვილის, ავთანდილ გუნიას, ლადო პაპავას, პროფესორ გიორგი წერეთლის მიერ დაწყებული საქმეები და თავისი ნათელი კვალი დატოვა ინსტიტუტის ცხოვრებაში. გვჯერა, პროფესორი რამაზ აბესაძე ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიაში.

თსუ-ის ეკონომიკა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია