English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
პროფესორი იოსებ არჩვაძე - 70

ღვაწლმოსილი მეცნიერი და ღირსეული პიროვნება

რამ მიბიძგა ამ წერილის დაწერისკენ? ეს არა მხოლოდ ჩემი უახლოესი მეგობრის, თანამოაზრის, მოკავშირისა და თანამებრძოლის 70-ე დაბადების დღის აღსანიშნავი იუბილეა, მოვალეობის გრძნობაა მის, მისი მშვენიერი ოჯახისა და ახლობლების წინაშე ან მისი დამსახურებაა ქართული საზოგადოების წინაშე არამედ, ეს ჩემი გულის ძახილია! სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხაზი გავუსვა ჩვენი იუბილარის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის განსაკუთრებულ თვისებას! დამეთანხმებით, დღეს ეს, სახელმწიფოსადმი კუთვნილების (სახელმწიფოებრივი ცნობიერება), ნამდვილი და არა წარმოსახვითი პატრიოტიზმი (ცნობილია გამოთქმა, რომ პატრიოტიზმი ნაძირალას უკანასკნელი თავშესაფარია) ძნელი საპოვნელია ადამიანებში, ისევე, როგორც იშვიათია თანაგრძნობისა და ემპათიის გრძნობის პოვნა.
ჩვენი მეგობრობა 1970-იანი წლებიდან იღებს სათავეს. საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტი, იგი თავიდანვე ღრმად გრძნობდა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ყველას და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ცხოვრობს და იცხოვრა მაღლა აწეული თავით, ყველას აძლევდა რჩევებს ჩვენი ცხოვრების საკმაოდ რთულ მოვლენებსა და პრობლემებზე და ეხმარებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
როგორც მეცნიერი, ეკონომისტი და სტატისტიკოსი - მან სახელმწიფო სტატისტიკის სფეროში გაიარა საკმაოდ გრძელი გზა უფროსი ეკონომისტიდან - ორგანიზაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილემდე, მუშაობდა ქვეყნის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წამყვან სპეციალისტად. 2011 წლიდან დღემდე არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციათა კურსს „სახელმწიფო ფინანსებში“, „საქართველოს ეკონომიკაში“, „მიკრო-და მაკროეკონომიკის პრინციპებში“.
პროფესორი იოსებ არჩვაძე ასევე გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტი.
იუბილარი - ბატონი იოსები, გარდა მეცნიერისა, ამავდროულად შესანიშნავი პუბლიცისტია. როგორც ვიცით, პუბლიცისტიკა ემსახურება საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას, შეიცავს ფაქტობრივ მონაცემებს, შეფასებებს და აყალიბებს ადამიანების შეხედულებებს. ნებისმიერი სფეროში, იქნება ეს სტატია, ესე, ინტერვიუ, ჩანაწერი, ბროშურა, მიმოხილვა, გამოსვლა (ორატორული ჟანრი), მას ეს ყველაფერი მშვენივრად ეხერხება (აღვნიშნავთ აქ წიგნს “FACEBOOK-ს ებარებოდეთ“). ასევე, პუბლიცისტური წერილების კრებულები - „თუ დაგივიწყო, აფხაზეთო!“, „როგორ ხალხს იმსახურებს ხელისუფლება?“, „პოლიტეკონომიური საუბრები“ (თანაავტორობით), „ეკონომიკა და დრო: სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიების კრებული“, „რა ფერისაა მილიარდი?“, „კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ცვლილებები (პოლიტეკონომიური ასპექტი)“ და სხვა.
აქვე მინდა გავიხსენო მისი საკმაოდ მოცულობითი წერილი გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“, მიძღვნილი თეატრისა და კინოს დიდი მსახიობის სერგო ზაქარიაძესადმი. გენიალური მსახიობის ასეთი ბრწყინვალე შეფასება ყველა ხელოვნებათმცოდნეს შეშურდებოდა, არაფერი რომ არ ვთქვათ სხვადასხვა გამოჩენილ ადამიანისადმი მიძღვნილ სტატიებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონ იოსების პუბლიცისტური წერილები “აშიშვლებს” საქართველოს რეალიებს „ვარდისფერ“ პერიოდში, მაგალითად - „თანამედროვე საქართველო, როგორც სსრკ: სააკაშვილისეულ საოკუპაციო რეჟიმის კოლონია“, „სახელმწიფო ეს მე ვარ“, „ავტორიტარული დემოკრატია“, და სხვ. ისინი, აგრეთვე, გარკვეულწილად ესადაგება თანამედროვე დროსაც („სახელმწიფო და პოლიტეკონომია“, „მცირე ეთნოსისა და ტერიტორიის სახელმწოფოებრივი დამოუკიდებლობის შესაძლებლობის შესახებ“, „სტატისტიკის როლი თანამედროვე საქართველოში“ და სხვა).
როგორ იზომება მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა? იღებენ სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობას, ციტირების ინდექსს, პატენტების ფლობას (ეს ეხება ძირითადად ტექნიკურ-საინჟინრო სპეციალობების სპეციალისტებს) და საავტორო უფლებას (ეს კი ძირითადად ეხება სამეცნიერო, ხელოვნების, სალიტერატურო და მუსიკალურ ნაწარმოებებს). რაც შეეხება პირველ მაჩვენებელს, აღვნიშნავთ, რომ რაოდენობა ყოველთვის არ ასახავს ხარისხს (თვისებრიობას), მიუხედავად ამისა ხაზგასასმელია, რომ იოსებ არჩვაძეს გამოქვეყნებული აქვს 19 წიგნი, 5 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო, მათ შორის 15 სამეცნიერო პროფილის მიხედვით (ინდივიდუალური ან თანაავტორობით), 200-ზე მეტი სტატია: საქართველოს სტრატეგიული და მაკროეკონომიკური განვითარების შესახებ, ეროვნული სიმდიდრის და რესურსების, ეკონომიკური და სასურსათო უსაფრთხოების, დემოგრაფიის - „საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობისა და შობადობის წამახალისებელ ღონისძიებათა შესახებ“ (თანაავტორობით), „მოსახლეობისა და ქართული სოფლის განვითარებისა და საპენსიო სისტემის ოპტიმიზაციის პრობლემების შესახებ. ასევე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, ინფლაციის, საპენსიო სისტემის შესახებ და სხვა.
რაც შეეხება ციტირების ინდექსს, აქვე აღვნიშნავთ, რომ, არც თუ ისე იშვიათად „მეცნიერები“ თანხმდებიან ურთიერთციტირებაზე, რითაც ხელოვნურად ზრდიან თავიანთ ციტირების ინდექსს. ეს - ბუნებრივია, არ ეხება ბატონ იოსებს. მისი ციტირების ინდექსი შეადგენს - 43, h-ინდექსი – 3, i10-1.
განსაკუთრებით ნიშანდობლივია აფხაზეთისადმი მიძღვნილი რიგი პუბლიცისტური წერილები... უფრო მეტიც... დაბადებული ასურეთში (თეთრიწყაროს რაიონი), ის თავს თვლის სოხუმელად, ვინაიდან იქ გაატარა თავისი შეგნებული ცხოვრება. თავის მოგონებებში - „თუ დაგივიწყო, აფხაზეთო...“ ბატონი იოსები გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სოხუმში დარჩა უძრავი ქონება და მისი მთელი საოჯახო ბიბლიოთეკა, მაგრამ მას ძალიან გული წყდება, არა იმდენად, უძრავ ქონებაზე, არამედ საოჯახო ბიბლიოთეკაზე, სადაც, მისთვის, განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართულ ენციკლოპედიას.
ხოლო, რაც შეეხება დიდ გულისტკივილს აფხაზეთთან დაკავშირებით - მისი გამოთქმული ფრაზა „აფხაზეთში დასაბრუნებლად ჯერ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთობა და თანხმობის გრძნობა“ - ეს სიტყვები, მისი სახელმწიფოებრივი აზროვნების ნათელი მაგალითია და მიუხედავად იმისა, რომ - 20-ზე მეტი წლის წინ არის დაწერილი, დღესაც აქტუალურია. დაბრუნების პირობად კი თვლის „...არ ვიხსნი მასზე (აფხაზეთის დროებით დაკარგვაზე. - თ.ბ.) ჩემ წილ პასუხისმგებლობას, ისევე, როგორც არ მიმაჩნია, რომ აფხაზეთის დაბრუნება მარტო ხელისუფლების საზრუნავი იყოს...“. მგრძნებარედ ჟღერს პროფესორ იოსებ არჩვაძის მოსაზრებები: - „მე, ... ნატოზე მეტად გალში, ოჩამჩირეში, გუდაუთაში და გაგრაში მინდა შესვლა“ („როგორ ხალხს იმსახურებს ხელისუფლება“, გვ.151), ასევე, მისი პუბლიცისტური წერილების კრებულის სათაურიც - „თუ დაგივიწყო, აფხაზეთო...!“, ავტორი აქ პარალელს ავლებს ებრაელთა მიერ გამოთქმულ ცნობილ გამონათქვამთან: „ხელიც გამიხმეს, თუ დაგივიწყო იერუშალაიმ...“, რაც ნათლად და კიდევ უფრო მძაფრად გამოხატავს აფხაზეთის დაკარგვის ტკივილს და დაბრუნების სურვილს.
განსაკუთრებულია ბატონი იოსების მნიშვნელოვანი როლი და შეტანილი წვლილი, დამოუკიდებელ საქართველოში, პირველად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მომზადებასა და ჩატარებაში (2002 წელი, აღიწერა 4,45 მლნ. ადამიანი), რის შედეგადაც ის დამსახურებულად დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ეს მოკრძალებული წერილი მინდა დავასრულო ცნობილი გამონათქვამით - ასაკი მხოლოდ ციფრებია...

თეიმურაზ ბერიძე
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ სარედაქციო კოლეგიის წევრი