English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
პროფესორი იური ანანიშვილი - 75

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, იური ანანიაშვილს 75 წელი შეუსრულდა.
ხანგრძლივი პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში, მან საფუძველი ჩაუყარა თსუ-ში მაკროეკონომიკისა და ეკონომეტრიკის თანამედროვე კურსების სწავლებას, შექმნა არაერთი საინტერესო სამეცნიერო ნაშრომი და გაზარდა ეკონომისტების რამდენიმე თაობა.
იური ანანიაშვილი დაიბადა 1951 წლის 6 მარტს ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში. საშუალო სკოლის წარჩინებით დაამთავრების შემდეგ, 1968 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე. სპეციალობად - კი აირჩია, იმ დროისათვის სრულიად ახალი მიმართულება - „ეკონომიკური კიბერნეტიკა“, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა ეკონომისტ-მათემატიკოსის კვალიფიკაცია.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იური ანანიაშვილი, როგორც წარჩინებული სტუდენტი, წინასადიპლომო პრაქტიკის გასავლელად და სადიპლომო ნაშრომის მოსამზადებლად, მიავლინეს მოსკოვის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკურ ინსტიტუტში (ЦЭМИ), ცნობილმა პროფესორმა და სამეცნიერო ხელმძღვანელმა ე. ბარანოვმა, შესთავაზა, რომ ასპირანტურაში სწავლის იქ გაგრძელება. ეს შეთავაზება სრულად შეესაბამებოდა იური ანანიაშვილის მისწრაფებებს და 1974 -1978 წწ. იგი სწავლობდა მოსკოვის ცენტრალურ ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იური ანანიაშვილი დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრაზე, ჯერ ასისტენტის (1978-81 წლები), შემდეგ კი დოცენტის (1981-1998 წლები) თანამდებობაზე. პარალელურად, 1978-1980 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.
1998 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: “აგრეგირებული დარგთაშორისი კავშირების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება”. 1999 წლიდან მოყოლებული იგი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, ხოლო 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ეკონომეტრიკის კათედრას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე.
ბატონი იურის პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა 48 წელს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა თსუ-ში ეკონომიკის პროფილის ფაკულტეტებზე სწავლება ჯერ კიდევ სოციალისტური მეურნეობის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკური დისციპლინებით მიმდინარეობდა, იური ანანიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო იმ მეცნიერებს შორის, რომლებმაც დაიწყეს საბაზრო ეკონომიკის დისციპლინების სწავლება. შეიძლება ითქვას, რომ თსუ-ში თანამედროვე მაკროეკონომიკისა და ეკონომეტრიკის კურსების სწავლებას მან ჩაუყარა საფუძველი: იყო პირველი მასწავლებელი, რომელმაც ითავა თსუ-ში აღნიშნული კურსების წაყვანა ჯერ ე.წ. „სპეცჯგუფის“ სტუდენტებისთვის, შემდეგ კი სტუდენთა ფართო აუდიტორიისათვის.
პროფ. იური ანანიშვილის მიერ მაღალი პროფესიონალიზმით ჩატარებული ლექცია–სემინარები სტუდენტთა შორის, დღემდე დიდ ინტერესს იწვევს.
პროფ. ი. ანანიაშვილის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა ეკონომიკის მათემატიკური მოდელირება და მაკროეკონომიკის თეორიული და გამოყენებითი პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 95-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობითა და სამეცნიერო რედაქტორობით ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ორი უმნიშვნელოვანესი ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო: ჯ. მ. ვულდრიჯის „შესავალი ეკონომეტრიკაში“ (2016) და ო. ბლანშარის „მაკროეკონომიკა“ (2010).
პროფ. ი. ანანიაშვილის გამოქვეყნებულ შრომებში შეიძლება გამოვყოთ შემდეგი მნიშვნელოვანი სამეცნიერო შედეგები:
ერთერთი მნიშვნელოვანი კვლევა - სექტორული ჭრილის მქონე ზოგადი მაკროეკონომიკური წონასწორობის ორიგინალური მოდელის შექმნა - შესულია ნაშრომთა ციკლში „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები“, რომლისთვისაც პროფ. ი. ანანიაშვილს 2004 წელს, ეკონომისტთა ჯგუფთან ერთად, მიენიჭა სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
2014 წელს ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ფორუმზე წარდგენილი ნაშრომი - “არადაკვირვებადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისა და ანალიზის მოდელები” - გამოცხადდა გამარჯვებულად და მიენიჭა ფულადი ჯილდო;
- პროფესორ ლადო პაპავასთან ერთად გამოქვეყნებულმა მონოგრაფიამ - ლაფერ-კეინზიანური სინთეზის კონცეფციისა და მოდელის შექმნა - თვით პროფესორ ლაფერის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის პროფ. იური ანანიაშვილი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის მედლით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით.
პროფ. იური ანანიაშვილს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ვულოცავთ ბატონ იურის სახელოვან იუბილეს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

თსუ -ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
ჟურნალ „ეკონომკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგია