English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ სიმონ გელაშვილიმარინე მინდორაშვილინინო აბესაძელია ძებისაური
საქართველოში სტუდენტთა მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა

doi.org/10.52340/eab.2026.18.01.09.

ჟურნალი N 1. 2026


ნაშრომში განხილულია თანამედროვეობის ერთ-ერთი გლობალური პრობლემის - ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მდგომარეობა ახალგაზრდებში. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ამიტომ, ნაშრომის თემის აქტუალურობა ეჭვს არ იწვევს. მისი მიზანია სტუდენტთა მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარებისა და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის კომპლექსური ეკონომიკურ-სტატისტიკური შესწავლა. ამ მიზნის მისაღწევად შემუშავდა დეტალური კვლევითი კითხვარი, მოხდა მონაცემების შეგროვება და საჭირო საინფორმაციო ბაზის შექმნა, შეგროვებული მონაცემების ცალკეულ ბლოკებად ორგანიზება სხვადასხვა სტატისტიკური მახასიათებლის მიხედვით, სტუდენტების მიერ ალკოჰოლის მოხმარებაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი გავლენის შეფასება, შესაბამისი რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების გამოთვლა.
კვლევის მეთოდოლოგიაში გამოყენებული იყო როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მიდგომები, თუმცა, უპირატესად - სტატისტიკური მეთოდები: შერჩევითი დაკვირვება, შეფარდებითი და საშუალო სიდიდეები, საინდექსო მეთოდი, ასევე, ვარიაციული და კორელაციული ანალიზის სპეციფიკური ტექნიკა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სტუდენტებში ალკოჰოლის მოხმარება ძლიერ განსხვავებულია დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური ნიშნების მიხედვით, კერძოდ: გამოკითხულთა შორის 50 %-ზე მეტი გოგონები არიან, თუმცა, 18-წლიანთა ჯგუფში ვაჟები სჭარბობენ; ამასთან, სწორედ 18-წლიანები შეადგენენ გამოკითხულთა ყველაზე მეტ ნაწილს, ანუ 32%-ს. ყველა ასაკობრივ ჯგუფში ალკოჰოლის რეგულარულად და ნაკლები ინტენსივობით მიღების მაჩვენებლები დიფერენცირებულია. ყველაზე მეტ ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარენ 18, 21 და 25 წლის რესპონდენტები. უნდა აღვნიშნოთ, რომ დაბალი შემოსავლების მქონე შინამეურნეობებიდან არცერთ სტუდენტ გოგონას ბოლო 1 წლის განმავლობაში ალკოჰოლი არ გამოუყენებია, ხოლო მიუხედავად მცირე შემოსავლებისა, ვაჟი რესპონდენტები მაინც ახერხებენ ალკოჰოლის გამოყენებას. როგორც კვლევამ აჩვენა, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი სტუდენტების მშობლებს უპირატესად უმაღლესი განათლება აქვთ. ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა შორის ჭარბობს დაბალი GPI-ის მქონე სტუდენტთა წილი, თუმცა, დიფერენცირებულია სქესობრივი ნიშნის მიხედვით: ყველაზე მაღალი - GPI 4-ის მქონე რესპონდენტ ვაჟებში ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები თითქმის ნულია, მაშინ, როდესაც, იგივე GPI-ის მქონე სტუდენტ გოგონებში ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა წილი 15%-ს შეადგენს. როგორც კვლევამ აჩვენა, გამოკითხული რესპონდენტების ნახევარმა ვერ დაასახელა ალკოჰოლის მოხმარების მიზეზი.

საკვანძო სიტყვები: სტუდენტი, ალკოჰოლური სასმელების მოხმარება, შეფარდებითი მაჩვენებლები, საშუალო მაჩვენებლები, ვარიაცია და კორელაცია.

შესავალი


საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ალკოჰოლის მოხმარება ერთ-ერთ მწვავე და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში 3 მლნ ადამიანი იღუპება ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარებისგან. ქვეყნის ეროვნული თავისებურებების გათვალისწინებით, საკმაოდ ინტენსიურია მოსახლეობის მიერ ალკოჰოლური სასმელების მიღება. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემური ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებულება, რაც არაერთი სოციალური, ფსიქოლოგიური თუ ბიოლოგიური პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხდება. ფაქტია, რომ ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ხშირად მისი გაუარესების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორსაც წარმოადგენს. ალკოჰოლზე დამოკიდებულება გავლენას ახდენს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზეც, მათი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე და სხვ. ცნობილია, რომ ალკოჰოლის რეგულარულ მოხმარებასა და მასზე დამოკიდებულებას დიდად განსაზღვრავს სოციუმი, აგრეთვე მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი, ბიოლოგიური ფაქტორები.
ხშირად ალკოჰოლის მოხმარება ასოცირდება ძალადობასთან, განქორწინებასთან, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებთან, სუიციდთან და ა. შ. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს ოჯახის ჯანსაღი ცხოვრების ხარისხს, ცვლის წყვილების ქცევის ხასიათს, აყალიბებს პიროვნების სოციალური იზოლაციის წინაპირობას, გავლენას ახდენს მისი ოჯახის წევრების ქცევაზე და ა. შ. არადა, ისტორიულად, საუკუნეების მანძილზე არსებობდა ალკოჰოლის უსაფრთხო რაოდენობის მიღების წესი და განსხვავება ე. წ. ალკოჰოლის ,,მძიმე“ და ,,მსუბუქ“ მოხმარებას შორის. ალკოჰოლის „მძიმე“ მოხმარების კრიტერიუმად მიჩნეულია დღეში მინიმუმ 3 ჭიქა ალკოჰოლის მიღება (Klatsky, A. L. (2004). მაგრამ ის განსხვავებულია ქალებისა და მამაკაცებისთვის: ალკოჰოლის მძიმე მოხმარება ქალებისთვის განისაზღვრება 4 ან მეტი ჭიქით დღეში, მამაკაცებისთვის კი - 5 ან მეტი ჭიქით, რაც ქმნის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად: ღვიძლის დაავადებები, გულის დაავადებები, ძილის დარღვევა, დეპრესია, ინსულტი და სიმსივნეის ზოგიერთი სახეობა. ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება ასევე უკავშირდება იმუნური სისტემის დაქვეითებას და მისგან გამოწვეულ ქრონიკულ დაავადებებს, ასევე პოტენციის დაქვეითებას (Robson, S., & Salcedo, N. (2014).
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მოხმარების სტატისტიკური ტენდენციების გამოვლენა საქართველოში და შესაბამისი ანალიზი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკის ადამიანებში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ამის აუცილებლობას ისიც განაპირობებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, საქართველო ხშირად ხვდება ,,მსმელი ქვეყნების“ ტოპ ათეულში.

ძირითადი შინაარსი


ცნობილია, რომ ევროპის რეგიონი ალკოჰოლის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. რეგიონში ყველაზე მაღალია როგორც მოხმარებული ალკოჰოლის მოცულობა, ასევე ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელთა წილი მთელ მოსახლეობაში. ქვემოთ დიაგრამაზე წარმოდგენილია ალკოჰოლის მაღალი მოხმარებით გამორჩეული ტოპ 10 ევროპული ქვეყანა (საქართველოს ჩათვლით):

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული 2019 წლის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 15 წელს ზემოთ მყოფი ერთი მოქალაქე წელიწადში საშუალოდ 14.3 ლიტრ ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს. საქართველოს მოქალაქეზე 3.2 ლიტრით მეტს სვამს რუმინეთის მოქალაქე. აქ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი 17.0 ლიტრია. ალკოჰოლის მოხმარებით მცირედით ჩამოგვრჩება ლატვია, რომლის ერთი მოქალაქე (15 წელს ზემოთ) დაახლოებით 13.3 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს. 15 წელს გადაცილებული მოსახლეობის ერთ სულზე ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში 65-ე, ხოლო ევროპაში მე-2 პოზიციას იკავებს.
ჯანმო-ს კვლევის თანახმად, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7,7 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა, 33% - სპირტიანი სასმელი, ხოლო 17% ლუდზე მოდის (https://www.ambebi.ge).
საინტერესოა, რომ ევროპის რეგიონში, სადაც ჯანმო-ს ანგარიშის მიხედვით 53 ქვეყანა შედის, 2000-დან 2019 წლამდე ალკოჰოლის მოხმარება 2.5 ლიტრით, ანუ 21%-ით შემცირდა, თუმცა, რეგიონში ალკოჰოლის მიღების მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ეს განსაკუთრებით შეეხება დასავლეთ ევროპას. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროკავშირში 15 წელზე უფრო ასაკის მოსახლეობის 8.4% ალკოჰოლს ყოველდღიურად, 28.8% - ყოველკვირეულად და 22.8% - ყოველთვიურად მოიხმარდა, 26.2%-ს კი ბოლო 12 თვის განმავლობაში ალკოჰოლი არ მიუღია. 2020 წლამდე ევროპაში მოსახლეობის ერთ სულზე ალკოჰოლის მიღებით ლიდერობდა ჩეხეთი (14.3 ლიტრი), მას მოსდევდა ლატვია (13.2 ლიტრი), მოლდოვა (12.9 ლიტრი), გერმანია (12.8 ლიტრი), ლიეტუვა (12.8 ლიტრი), ირლანდია (12.7 ლიტრი), ესპანეთი (12.7 ლიტრი), ბულგარეთი (12.5 ლიტრი), ლუქსემბურგი (12.4 ლიტრი) და რუმინეთი (12.3 ლიტრი).
ქვეყნებს შორის ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი დიფერენცირებულია, მაგრამ ცალსახაა, რომ კაცები ქალებზე მეტს სვამენ. ყოველდღიურად მამაკაცების 13% იღებს ალკოჰოლს, ქალებში კი ეს მაჩვენებელი 4.1%-ია. გენდერული ნიშნით სხვაობა ყველაზე დიდია პორტუგალიაში, სადაც კაცების 33.4% და ქალების 9.7% სვამს ყოველდღე ალკოჰოლს. ქვეყნების ათეულში, სადაც ყველაზე ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ, შედის: ტაჯიკეთი (0.9 ლიტრი), აზერბაიჯანი (1 ლიტრი), თურქეთი (1.8 ლიტრი), უზბეკეთი (2.6 ლიტრი), თურქმენეთი (3.1 ლიტრი), ისრაელი (4.4 ლიტრი), სომხეთი (4.7 ლიტრი), ყაზახეთი (5 ლიტრი), ალბანეთი (6.8 ლიტრი) და ჩრდილოეთ მაკედონია (6.4 ლიტრი).
როგორც ჩანს, ალკოჰოლის მოხმარებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რელიგიაცაა, რადგან ამ 10 ქვეყნიდან 8 მუსულმანური რელიგიის მიმდევარია. მაშასადამე, ასეთ ქვეყნებში ალკოჰოლური სასმელების მოხმარება მნიშვნელოვნად დაბალია ქრისტიანული რელიგიის მიმდევარ ქვეყნებთან შედარებით.
მსოფლიოში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, საინტერესოა როგორია ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები საქარველოში.
აღნიშნული კვლევის ფარგლებში შევაგროვეთ ახალგაზრდების მიერ ალკოჰოლური სასმელების მოხმარების შესახებ მონაცემები – ორივე სქესის რესპონდენტების ალკოჰოლის მიღების მაჩვენებლების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა ასაკობრივ ჯგუფში ალკოჰოლის რეგულარულად და ნაკლები ინტენსივობით მიღება დიფერენცირებულია და განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდება. ყველაზე მეტ ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარენ 25 წლის, 18 წლის და 21 წლის ასაკის რესპონდენტი ახალგაზრდები (მათი წილი შესაბამისად, 100, 35 და 29%-ს შეადგენს). ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გამოვლინდა 22 და 20 წლის ასაკის რესპონდენტებისთვის (შესაბამისად 11 და 14%), მაგრამ ალკოჰოლი ერთხელ მაინც გაუსინჯავს ყველა ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტს, ცხადია, განსხვავებული ინტენსივობით. ასაკის მატებასთან ერთად გამოვლინდა ერთხელ მაინც გასინჯვის მაღალი მაჩვენებლები. ალკოჰოლი საერთოდ არ გაუსინჯავს 20 წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების 41 და 22 წლის რესპონდენტების 33%-ს.
მამაკაცების მსგავსად, ქალების შემთხვევაშიც ეროვნული ნიშნის მიხედვით, უპირატესად იკვეთება ქართველი და სომეხი ახალგაზრდა ქალების ალკოჰოლის გამოყენების მაჩვენებლები. თუ ალკოჰოლის ინტენსიურად მომხმარებელი რესპონდენტი ქალების 32% აღმოჩნდა ქართველი, 7% იყო სომეხი, სხვა ეროვნებებში, მამაკაცების მსგავსად, ალკოჰოლის ინტენსიური მომხმარებლები (ძალები) არ გამოვლენილა. ალკოჰოლის ინტენსიურად მომხმარებელთა 24% აღმოჩნდა მორწმუნე და რესპონდენტი ქალების 30% - არამორწმუნე. თუ მორწმუნეთა 79%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა ალკოჰოლური სასმელი გასინჯული, ეს მაჩვენებელი არამორწმუნეთა შორის 61%-ია.
ყველა რესპონდენტიდან ალკოჰოლის ინტენსიურად მომხმარებლების 25% აღმოჩნდა დაუქორწინებელი, 11% – დაქორწინებული, დანიშნული იყო 50% და განქორწინებული - 50%, ანუ ნახევარი.

ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ალკოჰოლი გამოიყენა განქორწინებული ახალგაზრდების ნახევარმა, დაუქორწინებლების 7-მა და დაქორწინებლების 11%-მა პროცენტმა. დაუქორწინებელი ქალების 74%-ს ალკოჰოლი საერთოდ არ გაუსინჯავს, თუმცა, განქორწინებული რესპონდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც აქვს გასინჯული, დაქორწინებული ქალების 11%-ს საერთოდ არ გაუსინჯავს, ხოლო 89%-ს ერთელ მაინც აქვს გასინჯული.
ალკოჰოლის ინტენსიურად მომხმარებელი ორივე სქესის რესპონდენტების 25% იყო დასაქმებული, ხოლო 24% - დაუსაქმებელი. ბოლო 1 თვის განმავლობაში ალკოჰოლი მოიხმარა დასაქმებულების 8 და არადასაქმებულების 7%-მა. როგორც აღმოჩნდა, ალკოჰოლის ინტენსიურად მოხმარებაში დასაქმების ფაქტორის გავლენა უმნიშვნელოა. საპირისპირო მდგომარეობაა არამსმელ ახალგაზრდებში: ალკოჰოლს საერთოდ არ სვამს დასაქმებული რესპონდენტების 10 და არადასაქმებულების 32%. ალკოჰოლი ერთხელ მაინც გასინჯა დასაქმებულების 90-მა, ხოლო არადასაქმებულების 68%-მა

ალკოჰოლისადმი მიდრეკილება საქართველოს ახალგაზრდებში, შეიძლება ითქვას, ზომიერებითა და არარეგულარულობით გამოირჩევა. რესპოდენტების მხოლოდ 15% აღმოჩნდა ინტენსიურად სპორტით დაკავებული, მაგრამ იმავდროულად, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელიც. იმავე კატეგორიის რესპონდენტების 81%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული ალკოჰოლი. 19%-ს საერთოდ არ გაუსინჯავს ალკოჰოლი. მართლია, 54% არ სვამს, მაგრამ ალკოჰოლი გასინჯული აქვს. სპორტით დაკავებული ახალგაზრდების მხოლოდ 4% მოიხმარდა ალკოჰოლს ბოლო 1 წლის განმავლობაში. ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები უფრო მაღალია ზომიერად სპორტით დაკავებული ახალგაზრდებისა და იმ ახალგაზრდების შემთხვევებში, ვინც სპორტით არ არის დაკავებული. თუ სპორტით ზომიერად დაკავებული ახალგაზრდების 24% მოიხმარს რეგულარულად ალკოჰოლს და 74%-ს ერთხელ მაინც გაუსინჯავს, იმ ახალგაზრდებისათვის, ვინც სპორტს არ მისდევს, ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 29 და 76%-ია. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები თითქმის თანაბარია ორივე კატეგორიის ახალგაზრდებისთვის და იგი 7-8%-ის ფარგლებში მერყეობს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტი ქალები, ვინც სპორტით არ არის დაკავებული, ალკოჰოლს უფრო მეტად ეტანებიან. ასე, მაგალითად, ამ კატეგორიის ქალების 29% ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარს, ხოლო სპორტით ინტენსიურად და ზომიერად დაკავებულებს შორის - მხოლოდ 15 და 24%. ბოლო 1 თვის განმავლობაში ამ ორივე კატეგორიის ქალების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის თანაბარია და 8%-ს შეადგენს. სპორტით ინტენსიურად და ზომიერად დაკავების შემთხვევაში, რესპონდენტების 19 და 26% არ არის ალკოჰოლური სასმელების მომხმარებელი და არც გაუსინჯავს ის თავისი ცხოვრების მანძილზე. რესპონდენტთა შორის, ვინც სპორტით არ არის დაკავებული, 35% არ სვამს, მაგრამ გასინჯული აქვს ალკოჰოლი, 24%-ს საერთოდ არ გაუსინჯავს და 76%-ს ერთხელ მაინც აქვს ის გასინჯული.
ზოგადად, ალკოჰოლის ინტენსიური მომხმარებელი აღმოჩნდა სტუდენტი გოგონების 11%. მათ შორის 15% აღმოჩნდა მორწმუნე, ხოლო 31% იყო არარელიგიური.
სქესობრივი ნიშნის მიხედვით, ალკოჰოლის გამოყენების ანალიზმა აჩვენა, რომ გოგონებთან შედარებით, სტუდენტ ვაჟებში საკმაოდ მაღალია, როგორც რეგულარულად, ასევე, არარეგულარულად ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები, მნიშვნელობა არა აქვს იგი სპორტით არის დაკავებული თუ არა. ასე, მაგალითად, სპორტით დაკავებული ვაჟი რესპონდენტების 21% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, ხოლო 84%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. სპორტით ზომიერად დაკავებული რესპონდენტი ახალგაზრდების შემთხვევაში კი 32% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, 91%-ს ერთხელ მაინც გაუსინჯავს და მხოლოდ 9% არ სვამს და არც გაუსინჯავს. ბოლო 30 დღის განმავლობაში ზომიერად, წინა კატეგორიასთან შედარებით, სპორტით დაკავებული ახალგაზრდა რესპონდენტების ორჯერ მეტმა (9%) მოიხმარა რეგულარულად ალკოჰოლი. რაც შეეხება სტუდენტ ვაჟებს, ვინც სპორტით არ არის დაკავებული, რესპონდენტის 55%-მა მიუთითა, რომ რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს და ბოლო 30 დღის განმავლობაში - 18%-მა მოიხმარა ალკოჰოლი, თუმცა, 9% არც სვამს და არც გაუსინჯავს.
ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები ეროვნული ნიშნის მიხედვით ადათ-წესებსა და ტრადიციებთან შესაბამისობაშია. კერძოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების მაჩვენებლები გამოვლინდა ქართველი და სომეხი ეროვნების ახალგაზრდა რესპონდენტებში. ქართველი ვაჟი რესპონდენტების 96%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული, 44% არ სვამს, მაგრამ გასინჯული აქვს, ხოლო 38% რეგულარულად მოიხმარს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 30 დღისა და 12 თვის განმავლობაში ქართველი სტუდენტი რესპონდენტების, შესაბამისად, 8 და 6 %-მა მოიხმარა ალკოჰოლი. განსხვავებით ამისა, სომეხი ეროვნების ახალგაზრდების მიერ რეგულარულად მოხმარების მაჩვენებელი 18%-ია, მაგრამ ბოლო 30 დღის განმავლობაში კი - ქართველებზე მეტად სომეხი რესპონდენტების 18%-მა მოიხმარა ალკოჰოლი, თუმცა, მათ 36%-ს საერთოდ არ გაუსინჯავს. სხვა ეროვნებების მიხედვით მდგომარეობა ასეთია: აზერბაიჯანელი, ასირიელი, იეზიდი და ა. შ. რესპონდენტებისთვის ფაქტობრივად ნულოვანი მაჩვენებლები დაფიქსირდა. ამასთან, ასირიელი რესპონდენტების 100%-მა დააფიქსირა, რომ არ სვამს ალკოჰოლს, თუმცა, გასინჯული აქვს და აზერბაიჯანელების 100%-მა დააფიქსირა, რომ არც სვამს და არც გასინჯული აქვს.
ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები გოგონებს შორის ასევე განსხვავებულია ეროვნებების მიხედვით. კერძოდ, არ სვამს და არც გაუსინჯავს ქართველი რესპონდენტი სტუდენტების 15%-ს. ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალია დანარჩენი ეროვნების სტუდენტი გოგონებისთვის (აზერბაიჯანელები 90%, ასირიელები 80%, სომეხი 74%, იეზიდი 57% და ა. შ). საპირისპირო სურათი გამოიკვეთა ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების მაჩვენებლებში. ამ კატეგორიაში ყოველი მეოთხე ქართველი გოგონა მოიხმარს ალკოჰოლს, ხოლო, ყოველი 50-ეა სტუდენტი სომეხი გოგონა, ამ მხრივ - ფაქტობრივად ნულოვანი მაჩვენებელია აზერბაიჯანელი, ასირიელი და იეზიდი ეროვნების სტუდენტ გოგონებში. აღმოჩნდა, რომ ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი ქართველი სტუდენტი გოგონების 85%-ს, მაშინ როდესაც, ეს მაჩვენებელი იეზიდ გოგონებში 30%, სომხებში 26% და აზერბაიჯანელებში მხოლოდ 6% - ია.
დასაქმების სტატუსის მიხედვით ანალიზმა გამოავლინა, რომ თითქმის თანაბარია ალკოჰოლის გამოყენების მაჩვენებელი დასაქმებულ სტუდენტებში. ასე, მაგალითად: დასაქმებული სტუდენტი ვაჟების 33% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს და დაახლოებით იგივე მაჩვენებელია დაუსაქმებელი ახალგაზრდა რესპონდენტების მიხედვითაც (32%). დასაქმებული რესპონდენტი სტუდენტი ვაჟების 93%-ს ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი, ხოლო დაუსაქმებლისთვის ეს მაჩვენებელი 85%-ია.
განსხვავებულია სპორტულად აქტიური და არააქტიური სტუდენტების დამოკიდებულების ხარისხი ალკოჰოლისადმი. თუ სპორტით ინტენსიურად დაკავებული და ზომიერად დაკავებული რესპონდენტების მიერ ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების წილი, შესაბამისად, 21 და 32%-ია, სპორტულად არააქტიურ ახალგაზრდებში ეს მაჩვენებელი 55%-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 30 დღის განმავლობაში ასეთი რესპონდენტების 18%-მა მოიხმარა ალკოჰოლი, მაშინ როდესაც ინტენსიურად სპორტით დაკავებული რესპონდენტებისათვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ია. როგორც სპორტით დაკავებული, ისე არასპორტული რესპონდენტების 91%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ალკოჰოლი.

ასაკობრივი ჭრილით ჩაშლილი მონაცემების ანალიზით დადგინდა, რომ რეგულარულად ალკოჰოლის მომხმარებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გამოვლინდა 25 წლის ასაკობრივი ჯგუფის ვაჟ-რესპონდენტებში. ამ ასაკის რესპონდენტთა 70%-მა დააფიქსირა, რომ რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს. შემდეგ მოდის 23 წლის ასაკობრივი ჯგუფი, რომელთა 67% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს და 33%-ს -არც გაუსინჯავს ალკოჰოლი. შემდეგ აღსანიშნავია 21 წლის ასაკობრივი ჯგუფის მაჩვენებლები, სადაც 71%-მა მიუთითა, რომ ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი,თუმცა 43% რეგულარულად მოიხმარს მას. საყურადღებოა 18 წლის ახალგაზრდების ალკოჰოლთან დამოკიდებულება, რამდენადაც, კვლევის მიხედვით, ამ ასაკის 41% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, 11%-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში მოიხმარა ის რეგულარულად და ერთხელ მაინც გასინჯული აქვს თითქმის ყველა რესპონდენტს, ანუ 95%-ს.
განსხვავებულია რესპონდენტი სტუდენტი გოგონების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები ასაკობრივი ნიშნის მიხედვით. მართალია, ყველა ასაკობრივ ჯგუფში შედარებით მცირეა ალკოჰოლის მოხმარება, მაგრამ მაინც საყურადღებოა შემდეგი მდგომარეობა, კერძოდ: 18 წლის რესპონდენტი გოგონების 26%, ანუ ყოველი მე-4, რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს; ამ ასაკის გოგონების 84%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული და მხოლოდ 16%-ს არ გაუსინჯავს ალკოჰოლი საერთოდ. ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 24 წლის სტუდენტი გოგონების ასაკობრივი ჯგუფისთვის, სადაც ამ ასაკის აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ალკოჰოლი, ხოლო რესპონდენტების 33% ინტენსიურად მოიხმარს მას, მაშინ, როდესაც, 25 წელზე უფროსი ასაკის რესპონდენტების მხოლოდ 13%-ია ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი. ჩვენი აზრით, უფროსი ასაკის სტუდენტებში ალკოჰოლის მოხმარების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არა ეკონომიკური, არამედ ფსიქოლოგიური, კერძოდ ის, რომ ასაკის ზრდასთან ერთად მოხდა ცნობიერების ამაღლება და ამან შეამცირა ალკოჰოლის მოხმარება.
ეროვნების მიხედვით მაჩვენებლების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველა კატეგორიაში დაფიქსირდა მხოლოდ ქართველი ეროვნების გოგონების მიერ ალკოჰოლის მოხმარება. მაგალითად, ქართველი რესპონდენტების 26% აფიქსირებს ალკოჰოლის რეგულარულ მოხმარებას, ბოლო 30 დღის განმავლობაში 7% და ბოლო 1 წლის განმავლობაში - 4%. ქართველი რესპონდენტების 85%-ს ერთხელ მაინც აქვს ალკოჰოლი გასინჯული, ხოლო გოგონების 15%-ს არასოდეს არ გაუსინჯავს. სხვა ეროვნების შემთხვევაში ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების გამოვლენის მაჩვენებლები არ ფიქსირდება. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ალკოჰოლის ერთხელ გასინჯვის შემთხვევაში გოგონა-რესპონდენტების 68% იყო მორწმუნე, ხოლო 56% - არამორწმუნე. ამასთან, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა 15% იყო მორწმუნე, ხოლო 31% - არა. მათ შორის, ვინც ბოლო 30 დღის განმავლობაში გამოიყენა ალკოჰოლი, თანაბრად, 6-6% დაფიქსირდა მორწმუნე და არამორწმუნე რესპონდენტებს შორის.
მეტად საინტერესო შედეგები გამოვლინდა ალკოჰოლის მოხმარების ანალიზისას ქორწინების სტატუსის მიხედვით, გენდერული ნიშნით. დაქორწინებული და დანიშნული სტუდენტი გოგონების მაჩვენებლები რეგულარულ მოხმარებაში, ბოლო 30 დღის და ბოლო 1 წლის განმავლობაში, ნულოვან დონეზეა, თუმცა, დაქორწინებულების 81%-მა მიუთითა, რომ ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული, მაგრამ განქორწინებული გოგონების 50% ალკოჰოლს მოიხმარს ინტენსიურად. დაუქორწინებელი რესპონდენტების 19% ალკოჰოლის ინტენსიური მომხმარებელია და ერთხელ მაინც გასინჯა ალკოჰოლი ამ კატეგორიის 63%-მა.
კვლევამ აჩვენა, რომ დასაქმებული სტუდენტი რესპონდენტები უფრო ნაკლებად მოიხმარენ ალკოჰოლს, ვიდრე დაუსაქმებლები. თუ დასაქმებული რესპონდენტების 14% ალკოჰოლს მოიხმარს რეგულარულად, 86%-მა ერთხელ მაინც გასინჯა ალკოჰოლი და 14%-ს საერთოდ არ გაუსინჯავს. დაუსაქმებელი რესპონდენტი გოგონების 20% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, 59%-მა კი ერთხელ მაინც გასინჯა.

კვლევამ აჩვენა, რომ სპორტით ინტენსიურად დაკავებული სტუდენტი გოგონები, ვაჟებისგან განსხვავებით, საერთოდ არ მოიხმარენ ალკოჰოლს რეგულარულად. სპორტით ინტენსიურად და ზომიერად დაკავებული რესპონდენტი გოგონების, შესაბამისად, 29 და 50%-მა მიუთითა, რომ არც კი გაუსინჯავს ალკოჰოლი. მაგრამ სპორტით არდაკავებელი რესპონდენტი გოგონებიდან 24% აღმოჩნდა ალკოჰოლის ინტენსიურად მომხმარებელი, თუმცა, ამ კატეგორიის რესპონდენტების 27%-ს საერთოდ არა აქვს გასინჯული და 73%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული.
საინტერესო შედეგები მივიღეთ ალკოჰოლის მოხმარების სტატისტიკური მაჩვენებლების ანალიზისას ისეთი ეკონომიკური ფაქტორების მიხედვით, როგორიცაა ოჯახის შემოსავლები და ყოველდღიური სახარჯო ფულის სიდიდე. შემოსავლის სიდიდის მიხედვით ოჯახების ანალიზისას გამოვლინდა ძლიერ განსხვავებული მდგომარეობა, კერძოდ: როგორც აღმოჩნდა, ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა მაღალშემოსავლიანი (3000 ლარი და მეტი) ოჯახების შემთხვევაში. მაღალი შემოსავლების მქონე რესპონდენტების 35% ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელია. 14% საერთოდ არ სვამს, ხოლო 86%-მა ერთხელ მაინც გასინჯა ალკოჰოლი. ამ მაჩვენებლებზე დაბალია საშუალო შემოსავლის (1500-3000 ლარი) მქონე რესპონდენტების ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები. ამ კატეგორიის 25% რგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს და მათ 82%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. ყველაზე ცოტას - 12%-ს მოიხმარს ალკოჰოლს რეგულარულად დაბალშემოსავლიანი (1500 ლარამდე) ოჯახის წევრი რესპონდენტები, მაგრამ მათ 52%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ალკოჰოლი, ხოლო 48%-ს საერთოდ არც გაუსინჯავს და არც სვამს ალკოჰოლს. მაშასადამე, სტუდენტთა მიერ ალკოჰოლის მოხმარებაზე ძლიერ გავლენას ახდენს მათი ოჯახების შემოსავლების სიდიდე.

იმ რესპონდენტების წილი, რომლებსაც ყოველდღიურად სახარჯი ფული მხოლოდ 5 ლარამდე აქვთ, ალკოჰოლს, ცხადია, ინტენსიურად არ მოიხმარენ და ვერც მოიხმარენ (მათი წილი 0 %-ია). ყველაზე მეტ ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარენ 10-20 ლარამდე ყოველდღიური სახარჯი ფულის მქონე რესპონტენტები (38%). საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამაზე მეტი ყოველდღიური სახარჯი ფულის მქონე რესპონდენტების 23% აღმოჩნდა ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი. როგორც დაბალი (5-10), ასევე საშუალო (10- 20) და შედარებით მაღალი (20 ლარი და მეტი) შემთხვევაში, რესპონდენტების შესაბამისად 60, 74 და 81%-ს ერთხელ მაინც ჰქონდა გასინჯული ალკოჰოლი. ყოველდღიური სახარჯი ფულის გაზრდასთან ერთად მცირდებოდა იმ რესპონდენტების რიცხვი, რომლებიც არც სვამენ და არც გაუსინჯავთ ალკოჰოლი. აქედან გამომდინარე, ალკოჰოლის მიმართ დამოკიდებულება ყოველდღიურ სახარჯ ფულთან მნიშვნელოვან უკუპროპორციულ კავშირში იმყოფება (ირიბი კორელაცია).
რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლებს ოჯახის შემოსავლებისა და ყოველდღიური სახარჯი ფულის სიდიდის მიხედვით გენდერული ჭრილით, ის მკვეთრად დიფერენცირებულია. შემოსავლების მიხედვით, როგორც რეგულარულად, ასევე, ბოლო 30 დღის და 1 წლის განმავლობაში ალკოჰოლის მოხმარებაში, სტუდენტ გოგონებთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია სტუდენტი ვაჟების მაჩვენებლები. ასე, მაგალითად, თუ დაბალი (1500 ლარამდე) შემოსავლების მქონე რესპონდენტი გოგონების მხოლოდ 10% მოიხმარს ალკოჰოლს რეგულარულად, მათი წილი ვაჟებში 15%-ია, 1500-3000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში გოგონების წილი 18, ვაჟების კი თითქმის 2-ჯერ მეტი, ანუ 34%-ია. 3000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარს გოგონების 38 და რესპონდენტი ვაჟების 42%. აშკარად იკვეთება ოჯახის შემოსავლების ზრდასთან ერთად ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები. მაშასადამე, მათ შორის ადგილი აქვს პირდაპირ კორელაციურ კავშირს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ოჯახის დაბალი შემოსავლების შემთხვევაში არცერთ რესპონდენტ სტუდენტ გოგონას არც ბოლო 30 დღის და არც ბოლო 1 წლის განმავლობაში ალკოჰოლი არ გამოუყენებია. რესპონდენტი ვაჟების 8%-მა კი ბოლო 30 დღის განმავლობაში, ხოლო 23%-მა ბოლო 1 წლის განმავლობაში მოიხმარა ალკოჰოლი. მაშასადამე, მიუხედავად მცირე შემოსავლებისა, ვაჟები მაინც ახერხებენ ალკოჰოლის გამოყენებას. ოჯახის შემოსავლების მატებასთან ერთად მოხმარების ცალკეული ინტენსივობის მიხედვით მაჩვენებლები გაზრდილია, თუმცა, ვაჟებში უფრო მეტად და 1500-3000 ლარამდე ოჯახის შემოსავლის შემთხვევაში ბოლო 30 დღის განმავლობაში გოგონების მხოლოდ 2-მა, ხოლო ვაჟების 9%-მა მოიხმარა ალკოჰოლი. 3000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში კი უკვე შედარებით მეტმა სტუდენტმა გოგონამ, ანუ 22%-მა მოიხმარა ალკოჰოლი ბოლო 30 დღის განმავლობაში, მაშინ, როდესაც, ეს მაჩვენებელი ვაჟებში მხოლოდ 11%, ანუ 2-ჯერ ნაკლები იყო.
სტუდენტი გოგონები, რომლებსაც ყოველდღიური ხარჯი 5 ლარამდე აქვთ, სიფრთხილით ეკიდებიან ალკოჰოლის მოხმარებას. იგივე ტენდენცია გამოვლინდა ვაჟებშიც. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ალკოჰოლს რეგულარულად არ მოიხმარს. დღიური ხარჯის გაზრდასთან ერთად იზრდება ალკოჰოლის ინტენსიურ მომხმარებელთა რაოდენობა და მათი პროცენტული წილის მაჩვენებელიც. 5-დან 10 ლარამდე დღიური ხარჯის შემთხვევაში, ალკოჰოლს ინტენსიურად მოიხმარს რესპონდენტი გოგონების 13 და ვაჟების 36%; 10-დან 20 ლარამდე - რესპონდენტი გოგონების 24 და ვაჟების 48%; 20 ლარზე მეტი ყოველდღიური ხარჯის შემთხვევაში კი უფრო აქტიური ხდებიან სტუდენტი გოგონები. ამ კატეგორიის რესპონდენტ გოგონათა 27% რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს, მაშინ, როდესაც, ვაჟებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 18%-ია.
როგორც მონაცემების ანალიზმმა აჩვენა, საცხოვრისის ტიპიდან გამომდინარე, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი სტუდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, ანუ 80%, ცხოვრობს დედასთან, 33% - ბებია-ბაბუასთან, 40% - მარტო, 33% - ნაქირავებ ბინაში დედმამიშვილებთან ერთად, 5% - ნაქირავებ ბინაში სტუდენტებთან ერთად და 20% - მშობლებთან ერთად. მაშასადამე, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, მაღალი მაჩვენებლები ვლინდება დედასთან ერთად ცხოვრების შემთხვევაში. მაგრამ ბოლო 30 დღის განმავლობაში ალკოჰოლი ყველაზე მეტმა, 33%-მა მოიხმარა, ვინც ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან ერთად, თუმცა, მათ შორის, ვინც არ სვამს და არც გაუსინჯავს ალკოჰოლი, საცხოვრისის ტიპის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა იმ რესპონდენტებში, რომლებიც ცხოვრობენ სტუდენტებთან და მეგობრებთან ერთად.
ყველაზე მეტი რესპონდენტი გოგონა (67%) რეგულარულად გამოიყენებს ალკოჰოლს დედასთან ცხოვრების პირობებში და შემდეგ უკვე ის გოგონები, რომლებიც ცხოვრობენ
საერთო საცხოვრებელში სხვა სტუდენტებთან ერთად. იმავდროულად, ყველა გამოკითხულ გოგონას, ანუ 100%-ს, ვინც ცხოვრობს დედასთან და საერთო საცხოვრებელში სხვა სტუდენტებთან ერთად, ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი.
საცხოვრისის ტიპის მიხედვით, ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები სტუდენტ ვაჟებში უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ახალგაზრდა რესპონდენტი ყველა ვაჟი (100%) ალკოჰოლს რეგულარულად იყენებს დედასთან ერთად ცხოვრებისას; 50% ბებია-ბაბუასთან ცხოვრების პირობებში, 38% მარტო ცხოვრების პირობებში, 44% ნაქირავებ ბინაში დედ-მამიშვილებთან ერთად. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მშობლებთან/ ოჯახთან ერთად ცხოვრების პირობებში და იგი 27%-ს შეადგენს.
სტუდენტების მიერ ალკოჰოლის მოხმარების სტატისტიკური ანალიზით საინტერესო შედეგები დაფიქსირდა ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა: საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპი, სწავლების საფეხური, საგანმანათლებლო პროგრამა და აკადემიური მოსწრების დონე. როგორც აღმოჩნდა, რეგულარულად ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის სჭარბობენ კერძო სასწავლებლის რესპონდენტი ახალგაზრდები და მათი წილი რესპონდენტების 43%-ს შეადგენს. ბოლო 30 დღის განმავლობაში კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტი რესპონდენტების 29%-მა მოიხმარა ალკოჰოლი, მაშინ, როდესაც, ეს მაჩვენებელი სახელმწიფო დაწესებულებების სტუდენტების მიხედვით მხოლოდ 6%, ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლებია.

კერძო სასწავლებლების ყველა გამოკითხულ სტუდენტს, ანუ 100%-ს, ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი. ეს მაჩვენებელი სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვისაც  მაღალია და 75%-ს შეადგინა. ალკოჰოლს უფრო ხშირად მოიხმარენ ბაკალავრიატის სტუდენტები, რამდენადაც მათი 25%, ანუ ყოველი მე-4,  ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელია, 77%-ს ერთხელ მაინც გაუსინჯავს, 23% არ სვამს და არც გაუსინჯავს, 39% არ სვამს, მაგრამ გაუსინჯავს.

რესპონდენტების 4%-ს ბოლო 1 წლის განმავლობაში ჰქონდა ალკოჰოლი გასინჯული. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტ რესპონდენტებს შორის ალკოჰოლის რეგულარული მოხმარების მაჩვენებლები ბოლო 30 დღისა და 1 წლის განმავლობაში დაბალია, თუმცა, მათ უმრავლესობას ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული (შესაბამისად, 57 და 80%).
რა თქმა უნდა, საინტერესოა სტუდენტების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მდგომარეობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლს რეგულარულად უფრო მეტად მოიხმარენ სამართლის (50), ტურიზმის (50), განათლების მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის (40), სოფლის მეურნეობის (80) საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები. ალკოჰოლის ყველაზე ნაკლები რეგულარული მომხმარებლები აღმოჩნდნენ საინჟინრო, დამამუშავებელი და სამშენებლო დარგების პროგრამების სტუდენტები.

GPI-ის მიხედვით ანალიზმა აჩვენა, რომ მკვეთრად გამოხატული ტენდენცია არ გამოვლენილა, რამდენადაც მის მომატებას არ ახლდა ალკოჰოლის ინტენსიურად მოხმარების არც შემცირება და არც მომატება. ასე, მაგალითად, დაბალი GPI -ის შემთხვევაში ამ კატეგორიის რესპონდენტების 25% აღმოჩნდა ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი, ოდნავ მაღალი GPI შემთხვევაში (1) თითქმის გაორმაგდა ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი (47%). მაგრამ 2.0 GPI მქონე რესპონდენტებში 20%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტების წილი, ვინც რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს. მაღალი GPI-ის შემთხვევაში, მაგალითად, 3-ის დროს, გაიზარდა ამ შეფასების მქონე რესპონდენტებში  იმ ახალგაზრდების წილი, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალკოჰოლს და 28% შეადგინა. მაგრამ ყველაზე მაღალი GPI-ის  შემთხვევაში ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებლების წილი შემცირდა და 13% შეადგინა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ  თანაბარია როგორც სტიპენდიანტ, ისე არასტიპენდიანტ სტუდენტებს შორის ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებელი და ის, როგორც კვლევამ აჩვენა, 25%-ის დონეზეა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ GPI-ის მატებასთან ერთად დაფიქსირდა იმ რესპონდენტების წილის კლების ტენდენცია, რომლებსაც ერთხელ მაინც გასინჯული ჰქონდათ ალკოჰოლი.

ტატისტიკური ანალიზით გამოვლინდა, რომ რეგულარულად ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტ რესპონდენტებს შორის 33% ვაჟია, ხოლო 16% - გოგონა. მაგრამ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რესპონდენტების 67% არიან ისინი, ვინც ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარენ. კერძო სასწავლებლების როგორც გოგონების, ასევე ვაჟების აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც აქვს გასინჯული ალკოჰოლი.
კვლევამ მოიცვა ასევე სტუდენთა მიერ ალკოჰოლის მოხმარების მდგომარეობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. გამოკითხული სტუდენტების გენდერული ჭრილით ანალიზმმა გამოავლინა, რომ ორივე სქესის სტუდენტთა მიერ ალკოჰოლის რეგულარულად გამოყენებაში უპირატესად ლიდერობენ სოფლის მეურნეობისა (100%) და ტურიზმის (50%) პროგრამების სტუდენტები. მაგრამ განსხვავებული სურათია სტუდენტი გოგონებისა და ვაჟების მიხედვით: ვაჟებში ყველაზე მეტი აღმოჩნდა განათლების მეცნიერებისა და ფსიქოლოგიის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროგრამების სტუდენტები, რომელთა წილი თანაბარია და 100% შეადგინა. გოგონებშიც ყველაზე მაღალი წილი ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარებაში უკავია ასევე განათლების მეცნიერებების და ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს (25%).
სტუდენტ რესპონდენტებში ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა შორის სჭარბობს დაბალი GPI-ის მქონე ახალგაზრდების წილი, თუმცა, დიფერენცირებულია სქესობრივი ნიშნის მიხედვით. ასე, მაგალითად, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა შორის GPI (0,5)-ის მქონე რესპონდენტების 50% ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელია, ხოლო 1-ის მქონე სტუდენტ გოგონებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ალკოჰოლის რეგულარულ მოხმარებაში (67%). აღსანიშნავია, რომ GPI (1 და 3)-ის მქონე რესპონდენტებში ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელ სტუდენტთა წილის მაჩვენებლები თანაბარია და 43 %-ს შეადგენს, რაც მიუთითებს როგორც დაბალი, ასევე მაღალი GPI-ის მქონე სტუდენტებში ალკოჰოლის მოხმარების ინტენსივობის მაღალ დონეზე. თუმცა, გოგონებში ეს ტენდენცია განხვავებულია და GPI-ის ზრდასთან ერთად რესპონდენტების წილის მაჩვენებლის მატება არ ფიქსირდება. მაგრამ, საინტერესო ფაქტია, რომ ყველაზე მაღალი - GPI 4-ის მქონე რესპონდენტ ვაჟებში ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები 0-ია, მაშინ, როდესაც, იგივე GPI-ის მქონე სტუდენტ გოგონებში ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელთა წილი 15%-ს შეადგენს.
რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია გავაანალიზოთ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები საგანმანათლებლო საფეხურების მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). კვლევამ აჩვენა, რომ სამივე საფეხურის ვაჟების 33% ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელია. მათგან ყველაზე მეტი, ანუ 43%, ბაკალავრიატის სტუდენტია. შედარებით მცირეა მაგისტრატურის და დოქტორანტურის ვაჟი სტუდენტების მიერ ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებლები (შესაბამისად, 30 და 27 %). საინტერესო მაჩვენებლები დაფიქსირდა იმ ვაჟი სტუდენტების მიხედვით, რომლებიც არამსმელი არიან, მაგრამ ერთხელ მაინც გაუსინჯავთ ალკოჰოლი. ბაკალავრიატში 42%, მაგისტრატურაში 32% და დოქტორანტურაში 27%. მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ალკოჰოლს მოიხმარდა ბაკალავრიატის გამოკითხულ ვაჟ სტუდენტთა 26%, მაგისტრატურის 40% და დოქტორანტურის 34%.
განსხვავებული მდგომარეობა აღმოჩნდა სხვადასხვა საფეხურის სტუდენტი გოგონების მიერ ალკოჰოლის მოხმარებაში. ეს მაჩვენებელი, ვაჟ სტუდენტებთან შედარებით, განსაკუთრებით დაბალია და შეადგენს: ბაკალავრიატში 19%-ს, მაგისტრატურაში 4%-ს და დოქტორანტურაში მხოლოდ 2%-ს, რაც მეტად სასურველი მდგომარეობაა. ისევე, როგორც ვაჟი სტუდენტების შემთხვევაში, აქაც, სხვა საფეხურის სტუდენტებისგან განსხვავებით, ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების მაჩვენებელი მაღალია ბაკალავრიატში. შემდეგი დიაგრამა ნათლად აჩვენებს მაჩვენებლების უფრო ფართო სპექტრს.

სტუდენტთა მშობლების განათლების დონის მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარს იმ რესპონდენტების 28%, რომელთა მამებს უმაღლესი განათლება აქვთ და 21% - რომელთა მამებს საშუალო განათლება აქვთ. თუმცა, ამავე კატეგორიის რესპონდენტების 27%-ის დედაც უმაღლესი განათლებითაა და 20%-ის დედა - საშუალო განათლებით. ფაქტობრივად, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი სტუდენტების მშობლებს უპირატესად უმაღლესი განათლება აქვთ. გენდერული ნიშნის მიხედვით დეტალური ანალიზით დადგინდა, რომ ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი რესპონდენტი ვაჟების მშობლების განათლების დონე საშუალოა (მამის 36% და დედის 41%) და თანაბრად - რესპონდენტების 30-31%-თვის დედა უმაღლესი განათლებითაა. გოგონების შემთხვევაში იმ რესპონდენტების წილი, რომელთა მშობლების განათლების დონე დაბალია უმაღლესი განათლების დონესთან შედარებით, შესაბამისად, 11-9%-ის ფარგლებში მერყეობს. სტუდენტი გოგონებისთვის, რომლებსაც ერთხელ მაინც გაუსინჯავთ ალკოჰოლი, როგორც დედის, ასევე მამის უმაღლესი განათლების დონე 82%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო განათლების მაჩვენებელს.
რეგულარულად ალკოჰოლის მომხმარებელი რესპონდენტი ვაჟების 50%-ის მამა ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს და მხოლოდ 36%-ის დედა - იშვიათად. 33%-ის დედა საერთოდ არ მოიხმარს ალკოჰოლს, თუმცა, რესპონდენტების მშობელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთხელ მაინც გაუსინჯავს ალკოჰოლი. რეგულარულად ალკოჰოლის მომხმარებელი რესპონდენტების 42%-ის მამა ალკოჰოლის ხშირად მომხმარებელია. ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი რესპონდენტი გოგონების 42%-ის მამა ალკოჰოლს ხშირად მოიხმარს და 20%-ის დედა ასევე ხშირად, თუმცა, აღნიშნული კატეგორიის რესპონდეტნების 15%-ის მამა, ხოლო 45%-ის დედა ალკოჰოლის იშვიათი მომხმარებელია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რესპონდენტების 18%-ის მამა და 35%-ის დედა საერთოდ არ მოიხმარს ალკოჰოლს.
საინტერესოა, თუ რა არის ალკოჰოლის მოხმარების მიზეზი სტუდენტებში – როგორც კვლევამ აჩვენა, რესპონდენტების 50%-მა ვერ დაასახელა ალკოჰოლის მოხმარების მიზეზი. 32%-ის აზრით, მათი კომუნიკაცია უფრო ინტენსიური ხდება არსებულ გარემოში. ამ საკითხის მიმართ უფრო მეტად თავდაჯერებულები აღმოჩნდნენ ვაჟები, რომელთა 33% თვლის, რომ ალკოჰოლი ეხმარებათ კომუნიკაციაში და გოგონების 31% მიიჩნევს, რომ ალკოჰოლის გამოყენებით უფრო კომუნიკაბელური ხდებიან. ალკოჰოლის გამოყენებით უფრო მეტად თავდაჯერებულობას ხსნის ვაჟების 21%, მაგრამ გოგონებისათვის ეს მიზეზი მეტად უმნიშვნელოა: ისინი მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლის მიღების შედეგად არც თავდაჯერებულები (6%) და არც მიმზიდველები (4%) არ არიან.
კვლევის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუდენტთა მიერ ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმის საკითხის შესწავლასაც. აღმოჩნდა, რომ იმ რესპონდენტების 34%, რომლებსაც ოდესმე გაუსინჯავთ ალკოჰოლი, არ აპირებენ ალკოჰოლზე უარის თქმას. ახლობლების რჩევით, მხოლოდ 2% აპირებს ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმას და 5% კი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. აღსანიშნავია, რომ ვაჟი სტუდენტების 39 და გოგონების 30% ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმას არ აპირებს, ხოლო ვაჟების 44 და ქალების 61%-ს არა აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რესპონდენტების 26%-მა ალკოჰოლი პირველად გამოიყენა 15 წლამდე ასაკში, 29%-მა კი- 16-17 წლის ასაკში, 13%-მა - 18-19 წლის ასაკში და 3%-მა - 20 წელზე ზევით ასაკში. ზოგადად, მოდალური ასაკი 16-17 წელი აღმოჩნდა.

დასკვნა


ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ზოგადად, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება საქართველოს სტუდენტ-ახალგაზრდებში შედარებით ნაკლებ ზომიერებასა და არარეგულარულობაში ვლინდება; მრავალი ნიშნის მიხედვით ის ასიმეტრიულობით ხასიათდება, რასაც ნათლად ადასტურებს შესაბამისი სტატისტიკური მაჩვენებლები.
• ყველა ასაკობრივ ჯგუფში ალკოჰოლის რეგულარულად ან ნაკლები ინტენსივობით მოხმარების მაჩვენებლები დიფერენცირებულია და განსხვავებული ტენდენციებით ხასიათდება, კერძოდ: რეგულარულად ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ 18, 21 და 25 წლის ასაკის სტუდენტები; ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები გამოვლინდა 20 და 22 წლის ასაკის რესპონდენტებში;
• ეროვნული ნიშნის მიხედვით, უპირატესად იკვეთება ქართველი და სომეხი სტუდენტი ვაჟებისა და გოგონების მიერ ალკოჰოლის გამოყენების შედარებით მაღალი მაჩვენებლები;
• ალკოჰოლური სასმელების გამოყენების მაჩვენებლები დასაქმების სტატუსის მიხედვით, უმნიშვნელოდ განსხვავდება: მას თანაბრად მოიხმარენ როგორც დასაქმებული, ასევე, დაუსაქმებელი რესპონდენტები;
• ალკოჰოლური სასმელების რეგულარული მომხმარებლები აღმოჩნდნენ დაუქორწინებელი და განქორწინებული სტუდენტები, ხოლო ნაკლებად მოიხმარენ დაქორწინებული და დანიშნული რესპონდენტები, თუმცა, მათი დიდ ნაწილს ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული;
• სქესობრივი ნიშნის მიხედვით მიღებულ მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ვაჟებში, გოგონებთან შედარებით მაღალია, როგორც სპორტით დაკავებული, ასევე სპორტით არადაკავებული სტუდენტების როგორც რეგულარულად, ასევე არარეგულარულად მოხმარების მაჩვენებლები, ხოლო ალკოჰოლს უფრო მეტად ეტანებიან ის სტუდენტი გოგონები, რომლებიც სპორტით არ არიან დაკავებულები;
• ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი სტუდენტების დიდი ნაწილი არარელიგიურია, თუმცა, ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი ვაჟების 33% და გოგონების 15% აღმოჩნდა მორწმუნე;
• მართალია, არცერთ ასაკობრივ ჯგუფში არ არის ალკოჰოლის მაღალი მოხმარების მაჩვენებლები, მაგრამ მაინც საყურადღებოა 18 წლის რესპონდენტი გოგონების ალკოჰოლის რეგულარულად მოხმარების შედარებით მაღალი მაჩვენებლები. თუმცა, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა 24 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, სადაც ყოველი მესამე აღმოჩნდა ალკოჰოლის რეგულარული მომხმარებელი და 25 წლის ვაჟების ჯგუფი, სადაც მათი უმეტესობა რეგულარულად მოიხმარს ალკოჰოლს.

Keywords: Student, alcohol consumption, relative indicators, average indicators, variation and correlation.

ლიტერატურა:


• თსუ-ს მიზნობრივი საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგობრივი ცხრილები, რომლებიც მიღებული იქნა SPSS-ის გამოყენებით.
• Global Status Report on Alcohol and Health and Treatment of Substance use Disorders. Geneva: World Health Organization; 2024. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. pp.168-170
• რომელ ქვეყნებში სვამენ ყველაზე მეტ ალკოჰოლს? ბიზნეს ფორმულა. იხ. https://businessformula.ge/News/14093
• Klatsky A. L. (2004). Alcohol and Cardiovascular Health. Integrative and Comparative Biology, 324-328.
• Robson S., & Salcedo N. (2014). Behavioral Fitness and Resilience: A Review of Relevant Constructs, Measures, and Links to Well-Being. In: S. Robson, & N. Salcedo, Behavioral Fitness and Resilience (pp. 13-19). RAND Corporation.
• https://www.ambebi.ge/article/146484-rogor-gamoiqureba-qvelaze-msmeli-erebis-reitingi
• https://www.facebook.com/photo.php?fbid=1180181350796367&set=a.1073240278157142&type=3&ref=embed_post
• https://data.who.int/ru/indicators/i/EF38E6A/EE6F72A
• https://www.espad.org/espad-report-2024

 

  1. სტატია მომზადდა საფაკულტეტო საგრანტო პროექტის - ,,საქართველოში სტუდენტთა მიერ თამბაქოს ნაწარმისა და ალკოჰოლური  სასმელების მოხმარების ეკონომიკურ-სტატისტიკური კვლევა“ - შედეგების მიხედვით.